მთავარი,სიახლეები

როგორი ტურისტული სეზონი იქნება წელს აჭარაში

24.05.2021 •
როგორი ტურისტული სეზონი იქნება წელს აჭარაში

„არასწორი გადაწყვეტილებები ახლაც აზიანებს ტურიზმს,“ – მიიჩნევს ტურისტულ სექტორში დასაქმებული მანანა ცირამუა. ის ერთ-ერთია იმ ტუროპერატორებს შორის, ვისაც დღეს, 24 მაისს „ბათუმელები“ ესაუბრა იმაზე, რომ რამდენიმე დღეში, და ისევ პანდემიის პირობებში, ზაფხულის მეორე სეზონი იწყება.

ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები მთავარ პრობლემად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებლებს ასახელებენ – როცა მთავრობის განაცხადს „უსაფრთხო ქვეყანაზე“ ციფრები ვერ ამყარებს, ხოლო მენეჯმენტი, მათი დაკვირვებით, არაეფექტურია, არასწორი, ან დაგვიანებული.

რა შეიცვალა საზღვრების გახსნის და ფრენების დაშვების შემდეგ? 

„დაგვიანდა“ – ტურიზმის პრობლემებზე საუბრის დროს ყველაზე ხშირად ეს სიტყვა ახსენა ქეთი დოჭვირმა, ის ტურისტული კომპანია „Wonderland“-ის განვითარების მენეჯერია. მისი თუ სხვა ტუროპერატორების შეფასებით, ხელისუფლების მიდგომები პანდემიის პირობებში იმდენად არაეფექტური იყო, რომ ტუროპერატორებს ხელახლა მოუწევთ გაჩერებული ბორბლის აწყობა და დატრიალება – კომპანიების გამოცდილი თანამშრომლები სხვა სექტორში გადავიდნენ, ინგლისურის მასწავლებლობა დაიწყეს, ან ხაჭაპურის გამოცხობა, ტურისტული კომპანიების ნაწილი კი, უბრალოდ დაიხურა.

„სიტუაცია ახლა, რა თქმა უნდა, შეიცვალა, საზღვარი უფრო ღიაა და ავიარეისების რაოდენობაც გაიზარდა, თანდათან იწყება ჯავშნები… დასაწყისი არის, მაგრამ უკვე დაგვიანებულია,“ – გვიყვება ქეთი დოჭვირი. ის თვლის, რომ ტურიზმის სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების დროულად მიღება, რომ ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება მოესწროს.

„მარკეტინგი და პიარაქტივობები უცხოელ ტურისტებთან გვიან დავიწყეთ წელს, ვგულისხმობ ოფიციალურ სტრუქტურებს. ახლა რაც ხდება, ეგ სიტუაცია რომ გვქონოდა გაზაფხულის დადგომის დროს, ბევრად მეტი ტურისტი შემოვიდოდა… რადიკალური და ეფექტური ზომები მიღებული არ არის. ეფექტური კომუნიკაცია იქნებოდა ის, რომ თავიდანვე გვცოდნოდა ეტაპობრივი გახსნის კონკრეტული თარიღები, მაგალითად, საზღვრის გახსნაზე, კომენდანტის საათის გაუქმებაზე.

ტურისტების უმრავლესობისთვის ამ საკითხების ზუსტი ცოდნა გადამწყვეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები ტურიზმის სექტორმა იცოდეს ცოტათი უფრო ადრე, ვიდრე ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ მოვემზადოთ და შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდეს პარტნიორებთან. ამ მოცემულობაში იკარგება დრო და შედეგიც გვიან დგება,“ – ამბობს ქეთი დოჭვირი „ბათუმელებთან“.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ზაფხულში 20-25 პროცენტი გვექნება იმისა, რაც გვქონდა პანდემიის დაწყებამდე, ანუ 2019 წელს. მაქსიმუმ შესაძლებელია ეს 30 პროცენტამდე ავიდეს,“ – ამ გათვლებით ხვდება ზაფხულის სეზონს ირაკლი თავართქილაძე, კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი. საზღვრების გახსნის შემდეგ მან უკვე უმასპინძლა ტურისტებს ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ბალტიისპირეთიდან, ყაზახეთიდან.

ირაკლი თავართქილაძის დაკვირვებით, პანდემიის პირობებში შეცვლილია ტურისტებიც ქცევაც – თუკი წინა წლებში 3-6 თვით ადრე იჯავშნებოდა ადგილები, ახლა ამას ორი კვირით ადრე აკეთებენ.

„გასულ წელს ჩვენი შემოსავალი იყო – 0, ახლა იქნება სავარაუდოდ – 1. ფრენები დაიწყო, მაგრამ მუდმივი შიშია: რომელი ქვეყანა დაიკეტება? როდის დაიკეტება? იმედი მაინც გაჩნდა ახლა, რადგან ჩვენთან თუ არა, სხვა ქვეყნებში აცრილი ადამიანების რაოდენობა იმატებს. აცრილი ადამიანი კი, უფრო იოლად იღებს გადაწყვეტილებას მოგზაურობაზე,“ – ასეთია „Georgian Holiday“-ის ხელმძღვანელის, მანანა ცირამუას მოლოდინი ზაფხულის სეზონზე.

მანანა ცირამუა ტურიზმის სტატისტიკას იხსენებს, რომლის მიხედვითაც უცხოელი ტურისტების რაოდენობა მზარდი იყო და ახლა ყველაფერი განულდა.

„წელს 2015 წლის მაჩვენებელზე თუ გავედით, ვიტყვი, რომ კარგი ზაფხული იყო,“ – ასე ფიქრობს მანანა ცირამუა.

პანდემიას მოვერგეთო, გვითხრა, მაგალითად, ინგა მალაყმაძემ. იგი კომპანიის „კალიფსო თრეველის“ მენეჯერია. ეს კომპანია უცხოელ ტურისტებზე მუშაობს და უკრაინელებიც მიუღია ფრენების აღდგენის შემდეგ, თუმცა ახლა ძირითადად სამედიცინო სექტორს კონფერენციების მოწყობას სთავაზობს.

„რამდენი ჯავშანი გვაქვს კორპორატიულიც, რომელიც იყო დაგეგმილი მაისში და გადაიდო ივლისში. ჩვენ აქამდე ძირითადად ვმუშაობდით კორპორატიულ ტურიზმზე… ამ ტიპის შეხვედრები გადადებულია 2022 წლისთვის. ვფიქრობ, იმუშავებს ეს მიმართულება, რადგან მიუხედავად ახალი პლატფორმებისა, Zoom და ასე შემდეგ, პირისპირ შეხვედრებს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ამას მოწყურებულია ხალხი,“ – მიიჩნევს ინგა მალაყმაძე.

როგორ იმუშავა ტურისტული სექტორისთვის დაწესებულმა შეღავათებმა? 

„21 თანამშრომელი ვიყავით, ახლა გვყავს 5 თანამშრომელი და დისტანციურად ვმუშაობთ… ბევრი გადაეწყო და სხვა საქმის კეთება დაიწყო, ინგლისური ვინც კარგად იცოდა, მასწავლებელი გახდა, ზოგი ხაჭაპურს აცხობს და ასე შემდეგ, ბევრი სააგენტო უბრალოდ დაიკეტა. შეღავათები კარგია, ამასაც დანახვა უნდა, მაგრამ შედეგი ესაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცირამუა, კომპანია „Georgian Holiday“-ის ხელმძღვანელი. მან ჩვენთან საუბრის დროს ხელისუფლების მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რაც, მისი აზრით, ტურიზმის სექტორისთვის საზიანო იყო და თანაც დაუსაბუთებელი.

პანდემიის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ ტურიზმის სექტორი ქონების და საშემოსავლო გადასახადებისგან გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა შეღავათები ამ ზაფხულს.

„მაგალითად, არასწორი იყო ზამთრის კურორტების დახურვა. მითხარით, რა საფრთხეს წარმოადგენს თხილამურებზე ეკიპირებული ადამიანი ნიღაბში მთის წვერზე? ან როგორ დავიჯერო, რომ საფრთხე არაა ავტობუსით, ან „მარშუტკით“ მგზავრობა და საშიშია პრომეთეს მღვიმეში შესვლა, ან მარტვილის კანიონი? იქ უზარმაზარი სივრცეებია. მღვიმეც და კანიონიც ახლახან გაიხსნა, მაგრამ აბსურდად რჩება გადაადგილების შეზღუდვა. ტურისტი უცხო ქვეყანაში დასაძინებლად არ მიდის, მას სჭირდება ღამის კლუბი, ღამით გასეირნება და ასე შემდეგ… ან ის რა იყო, ბათუმში რომ შუა ზამთარსა და ყინვაში კაფეებს ღია სივრცეში მისცეს მუშაობის უფლება და ამ დროს ბაკურიანში არ შეგეძლო თხილამურზე დადგომა?“ – კითხულობს მანანა ცირამუა.

„უნდა იყოს აუცილებლად შეღავათები, რადგან პანდემიის დროს ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა. გაჩერდა ამ სექტორში დასაქმებული ყველა ადამიანი და ყველა რესურსი ამოეწურათ. ეფექტური შეღავათები ამ სექტორისთვის უნდა შეიმუშავოს მთავრობამ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი პოზიტიური ამ მხრივ არ ჩანს… გასული წლის პირველი ნახევარის შეღავათებს არავითარ  მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმდენად ქაოსი იყო და გაურკვევლობა,“ – ამბობს ქეთი დოჭვირი, Wonderland“-ის განვითარების მენეჯერი.

ქეთი დოჭვირი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ მოთხოვნაზე, რაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ – სასესხო ვალდებულებების გადავადება.

„ახალი წლის შემდეგ დაიწყო სესხებთან დაკავშირებული შეღავათები, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი და შედეგი არ მოუტანია. ჩვენი სექტორი რეალურად გაჩერდა,“ – კატეგორიულია ქეთი დოჭვირი.

შეღავათებზე საუბრის დროს, პირიქით, კონკრეტული შეღავათის გაუქმებაზე საუბრობს ინგა მალაყმაძე, კომპანია „კალიფსო თრეველის“ ხელმძღვანელი:

„2021 წლის იანვრამდე დღგ-სგან თავისუფალი იყო ორგანიზებული შემოსვლა ტურისტულ სექტორში, ანუ მე, როგორც იურიდიულ პირს სხვა ქვეყნის კომპანიის დაკვეთით შემომყავდა ჯგუფი… ეს შემოყვანა პანდემიის დაწყებამდე არ იბეგრებოდა. ახლა კი, გადაწყვიტეს, რომ უნდა გადავიხადოთ ეს გადასახადი. მესმის, რომ ბიუჯეტს გაუჭირდა და ბევრი პრობლემაა, მაგრამ, პირველ რიგში, ვინც დაზარალდა, ეს ტურიზმის სექტორია,“ – ამბობს ინგა მალაყმაძე.

კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი, ირაკლი თავართქილაძე კი ამბობს, რომ საშემოსავლო და ქონების გადასახადზე შეღავათებს ჰქონდა გარკვეული ეფექტი და ეს წელსაც უნდა გაგრძელდეს.

„რადგან ეს ისევე მძიმე იქნება, როგორც წინა წელი. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ეს შეღავათები მინიმუმ გადაიწევს,“ – აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ „ბათუმელებთან“.

რას უნდა აკეთებდეს მთავრობა? 

„პირველ რიგში, ვაქცინაცია აქტიურად,“ – ეს ოთხივე ტუროპერატორმა თქვა, როცა მათ ვკითხეთ, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება ახლა.

„ვაქცინაცია ტურიზმის სექტორისთვის გამოცხადდა პრიორიტეტად, მაგრამ ეს იყო ფორმალური,“ – მიიჩნევს მანანა ცირამუა, „Georgian Holiday“-ის მენეჯერი. ის მთავრობის განცხადებებისკენ გვითითებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 17 პროცენტია ტურიზმის სექტორში ჩართული.

„ანუ მინიმუმ 600 ათასი ადამიანი უნდა აცრან ერთ თვეში. მზად არის სახელმწიფო ამდენი აცრა გააკეთონ თუნდაც 3 თვეში? რომ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მოვიდნენ ყველა ერთად და ავცრითო, იცის თუ არა, რომ  მარტო თბილისში 600-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა? როგორ წარმოუდგენია ამდენი ადამიანი ერთად რესპუბლიკურში?

ამ ტემპით თუ გაგრძელდა აცრა, ახლა რასაც ვუყურებთ, ამას 7 წელი დასჭირდება და ამ დროში საერთოდ ისედაც აღარ იქნება პანდემია… სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწორი მენეჯმენტი. მინიმუმ დათვლილი უნდა ჰქონდეთ ეს ციფრები და როცა საუბრობ, უნდა გენდობოდე, ეს რეალისტური უნდა ჩანდეს,“ – ასრულებს მანანა ცირამუა.

კომპანია „კალიფსო თრეველის“ ხელმძღვანელის, ინგა მალაყმაძის აზრით, პანდემიის პერიოდში  სახელმწიფოს შეეძლო მინიმუმ სერტიფიცირებასა და ხარისხის ამაღლებაზე ეზრუნა.

„მაგალითად, ჩვენთან მარტივად შეიძლება ვიღაცამ სასტუმროს მიაკრას ხუთი ვარსკვლავი, რეალურად კი, ეს კონკრეტულ სტანდარტებს გულისხმობს… ამ კუთხით ჩარევა ნამდვილად შეუძლია სახელმწიფოს,“ – თვლის ინგა მალაყმაძე.

„Wonderland“-ის განვითარების მენეჯერი კი, ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის მთავარ გზავნილზე: „საქართველოში დასაქმება უსაფრთხოა.“

„რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამ სლოგანს? მაგალითად ის, რომ მოსახლეობის 50 პროცენტი აცრილია… კარგია, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების აცრას ასახელებ პრიორიტეტად, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო შემოდგომაზე მაინც, რომ სექტორი მზად დახვედროდა სეზონს ვაქცინაციის კუთხით. ჩათვალეთ, რომ ამ პროცესმა მომავალი წლისთვის გადაიწია,“ – მიიჩნევს ქეთი დოჭვირი.

ქეთის არ უკვირს, რომ ქვეყანას ტურიზმის მიმართულებით მარკეტინგული სტრატეგია არ აქვს, მაგრამ მაინც პოზიტიური მოლოდინი აქვს შემდეგი არგუმენტით:

„ამ ქაოსის პირობებში, როცა პოლიტიკური, სოციალური, ეპიდემიოლოგიური პრობლემები არის ერთმანეთს გადაჯაჭვული, რთულია მარკეტინგული სტრატეგია გააკეთო ქვეყანაში, სადაც სხვა არაფერი დალაგებული არ არის… მოლოდინი მაქვს მაინც პოზიტიური, რადგან მექანიკურ რეჟიმში ამოძრავდება ეს სფერო, ეს ისედაც ცოცხალი სფეროა. უბრალოდ, ეს არ იქნება კონკრეტულად ვინმეს დამსახურება,“ – უთხრა ქეთი დოჭვირმა „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: