ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

10.05.2021 • 7675
სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

მთავრობამ დღეს, 10 მაისს, ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო, რომლის მიხედვითაც, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი წესი თანხვედრაშია ტყის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის.

ახალი წესი სოციალური ჭრის გარდა სხვა ბევრ საკითხს არეგულირებს და მისი ამოქმედების შემდეგ, „ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ. სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი)“.

„მოსახლეობას 2023 წლამდე, შეუძლია ისევე დაამზადოს ან შეიძინოს შეშა, როგორც აქამდე ხდებოდა. 1 კუბ/მ შეშისთვის ბილეთის და მოსაკრებლის ფასი ნარჩუნდება და კვლავ 6 ლარი იქნება. თუმცა, მოსახლეობას შეეძლება როგორც თავად დაამზადოს, ასევე 2023 წლამდეც ექნება შესაძლებლობა, შეშა „საქმიან ეზოშიც“ შეიძინოს“, – გვითხრეს სამინისტროში.

„ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილია სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები – ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება. ამ წესის მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში“, – აცხადებენ სამინისტროში.

2023 წლიდან, ტყეში სამასალე თუ საშეშე მერქნის მოჭრა, ტყის კოდექსით, მხოლოდ ტყის მართვის სამსახურების პრეროგატივა იქნება. თუმცა, „განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე“.

„ტყითსარგებლობის წესი“ საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა.


შენიშვნა: ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/346119/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: