მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში ერგება ქალს ქონება მემკვიდრეობით? – იურისტის განმარტება სტერეოტიპებსა და კანონზე

23.05.2021 • 72035
რა შემთხვევაში ერგება ქალს ქონება მემკვიდრეობით? – იურისტის განმარტება სტერეოტიპებსა და კანონზე

მშობლების ქონება ერგება თუ არა თანაბრად ბიჭს და გოგოს? – ეს კითხვა 21-ე საუკუნის საქართველოში ისევ აქტუალურია. მშობლების ქონების მემკვიდრე ძირითადად მაინც ვაჟიშვილია. თუ მშობელს ორი ან მეტი ვაჟი ჰყავს, მათ შორის მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება მშობლების ქონება, თუმცა, ტრადიციულად, ეს წესი გოგოზე ნაკლებად ვრცელდება. იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, კანონის თანახმად როგორ ნაწილდება მემკვიდრეებს შორის ქონება და რა უნდა ვიცოდეთ, რომ მემკვიდრეობის მიღებისას პრობლემები არ შეგვექმნას:

__

ძალიან ხშირია საუბარი ტრადიციულ გაგებაზე, რაც საქართველოში არსებობს – ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე და ამ ტრადიციულ გაგებაში შეიძლება თუ არა ქალიშვილი იყოს მემკვიდრე. არაერთხელ უკითხავთ, რომ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით მემკვიდრეობა, ანუ ქალიშვილს მემკვიდრის სტატუსით არ განიხილავენ. საუბარია დაინტერესებულ პირებზე.

თუმცა, მთავარი და მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მემკვიდრე არის ის სუბიექტი, რომელსაც კანონი განსაზღვრავს და კანონით 5 კატეგორიის მემკვიდრეთა წრე გვაქვს. მეხუთე კატეგორიის შემდეგ არის სახელმწიფო – როდესაც არავინ არ არის მემკვიდრე და უმკვიდროდ რჩება ქონება, სახელმწიფო არის ერთადერთი პასუხისმგებელი სუბიექტი, მიიღოს აღნიშნული ქონება.

რაც შეეხება მემკვიდრეების პირველ კატეგორიას, ესენი არიან შვილები, მეუღლეები და მშობლები. მეუღლე არის პირველი რიგის მემკვიდრე – როდესაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მეუღლე, სამკვიდროს მიღების დროს ქონების წილობრივი მონაწილეობა და ქონების მიღების წილობრივი მაჩვენებელი ცოტა განსხვავებულია. კერძოდ, სამკვიდრო ქონებაში არ შევა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½, – ის მეუღლეს კანონით ეკუთვნის. უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, 100 %-იანი ქონებრივი მოცულობიდან 50 % ავტომატურად არის მეუღლის საკუთრება, ხოლო დარჩენილი 50% წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას.

მეუღლის შემდგომ შვილებიც არიან პირველი რიგის მემკვიდრეები. მემკვიდრე შეიძლება იყოს მუცლად მყოფი შვილიც. პირის გარდაცვალებიდან დაახლოებით ათი თვის ვადაში დაბადებულ შვილს გაუჩნდება ლეგიტიმური უფლება, კანონიერმა წარმომადგენელმა მოითხოვოს სამკვიდრო ქონება.

პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მშობლებიც.

მემკვიდრეთა წრეში შედის ასევე ნაშვილები – არის ხშირად კითხვა ნაშვილებ პირს რამდენად აქვს სამკვიდროს მიღების უფლება. კანონის თანახმად, ნაშვილები პირი თავისი უფლებამოსილებით უტოლდება ბიოლოგიურ მემკვიდრეს და ამასთან დაკავშირებით არავითარი განსხვავებული ჩანაწერი კანონში არ გვხვდება.

პირველი რიგის მემკვიდრეთა წრეს ემატება შვილიშვილი, შვილთაშვილები და იმის შვილები.

მეუღლესთან დაკავშირებით კი კანონში გვაქვს ერთი გამონაკლისი, რომელიც დაბრკოლებას უქმნის მემკვიდრეებს – თუ მეუღლე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა გარდაცვლილთან, მაშინ პირველი რიგს მემკვიდრის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნება, ანუ კანონი მას არ ანიჭებს პირდაპირ პირველი რიგის მემკვიდრის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს შვილები. თუ ჰყავდათ მეუღლეებს შვილები, ირიბად იქნება შესაძლებლობა მეუღლემ მიიღოს ზედმეტი წინაღობის გარეშე სამკვიდრო ქონება შვილების სახელით, ანუ შეძლებს იმ აქტივის მართვას, რომელიც გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად შექმნა.

  • რამდენად ხშირია არარეგისტრირებული ქორწინებით გამოწვეული პრობლემა საქართველოში?

ეს პრობლემა საქართველოში ძალიან ხშირია და არის ამასთან დაკავშირებული არაერთი სამართლებრივი დავა.

თუ ქონებასთან დაკავშირებით დავა წარმოიქმნება და გაჩნდებიან დაინტერესებული მხარეები, რომლებიც პრეტენზიას უყენებენ მეუღლეს იმის თაობაზე, რომ ის არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მას არ აქვს უფლება იყოს პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლეს შესაძლებლობა რჩება სხვა სამართლებრივი მექანიზმებით განაცხადოს მოთხოვნა სამკვიდრო ქონებაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საერთო ქონების სამართლებრივი რეგულირება, რაც ზოგ შემთხვევაში ძალიან რთული პროცედურაა. არ არის მარტივი იმის მტკიცება, მეუღლესთან ერთად როდის შექმენი და რა შექმენი, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ – რეგისტრირებული ქორწინება გარკვეულწილად ამარტივებს პროცედურას.

  • გარდაიცვალა ქმარი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიმყოფებოდი, ვერ მივიღებ მემკვიდრეობას?

პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც 30-40 წელი თანაცხოვრება ჰქონდათ მეუღლეებს და ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეუღლეს შეექმნა ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დილემა. ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული რაიმე მექანიზმი, მარტივი პროცედურა იმისთვის, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირდეს დაინტერესებულ მხარეს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღოს.

ძირითადი შესაძლებლობაა სასამართლო და ამ სამართლებრივი დავის პროცესშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გარანტირებულად საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი იმყოფებოდი თანაცხოვრებაში, მეუღლესთან ერთად ქმნიდი რაღაც ქონებას და ამ ქონების სრული საკუთრების უფლების მქონე სუბიექტი რომ გახდე. სამართლებრივი დავის დროს ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მტკიცების სტანდარტზე – რა მტკიცებულებებს მივიტანთ, ვინ გვეყოლება მოწმე, ვინ დაგვიდასტურებს ამ გარემოებებს.

ასეთ დროს ადვოკატები პროცედურულად ხშირად ვიყენებთ „შემოვლით გზებს“: სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული სამკვიდრო ქონების მიღებასთან, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ თანაცხოვრების დროს რაიმე ქონებას ვქმნიდი მეუღლესთან ერთად, კანონის თანახმად ამ ქონებაზე წარმოიქმნება ჩემი საკუთრების უფლება.

  • ვის აქვს მემკვიდრეებს შორის უპირატესობა, როგორ განისაზღვრება რიგითობა?

კანონის თანახმად თითოეულ რიგს აქვს თავისი საფეხური, ეტაპი – პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. მაგრამ ძირითადი მოთხოვნა, რაც კანონში გვხვდება, პირველი რიგის მემკვიდრე თუ არ გვყავს სახეზე, მაშინ ავტომატურად რიგითობა გადადის მეორე რიგის მემკვიდრეებზე და ასე შემდეგ.

მეორე რიგის მემკვიდრეები არიან ძმები, დები და ოჯახის ის წევრები, რომლებიც არიან ბიოლოგიურ ნათესაურ კავშირში გარდაცვლილ პირთან.

  • მამამ თავისი ქონება დაუტოვა მეგობარს და არა ჩვენ – შვილებს. აქვს თუ არა დავას აზრი?

ნოტარიული ან ნებისმიერი ანდერძის არსებობის შემთხვევაში თუ მამკვიდრებელი მთელ თავის ქონებას განკარგავს, ამ შემთხვევაში ის აქტივი/ქონება, რომელიც არსებობს, მიემართება იმ მემკვიდრისკენ, რომელმაც მიიღო ანდერძით ეს ქონება. მაგრამ კანონი ადგენს ერთ დამცავ მექანიზმს – ქმნის ვალდებულებას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩნენ ყოველგვარი ქონების გარეშე.

კანონი ადგენს წესს, რომ ასეთ დროს მათ მიეცემათ სავალდებულო წილის მოცულობა იმ გაანგარიშებით, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, მაგრამ სავალდებულო წილი იქნება თეორიულად მისაღები ქონების ნახევარი. უფრო მარტივად რომ ავხსნათ ეს პროცედურული ღონისძიება: წარმოვიდგინოთ ორი მემკვიდრე, რომლებიც მიიღებდნენ ქონების 100%-ს, მაგრამ სავალდებულო წილის უფლება შემოვიდა, ანუ ეს ქონება განკარგა მამკვიდრებელმა სიცოცხლეში. ამ შემთხვევაში მემკვიდრეები მიიღებენ არა 50-50 % ქონებრივ შესაძლებლობას, არამედ ¼-ს თითოეული.

სავალდებულო წილი არის ქონების მოცულობის იმ წილის ნახევარი, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში. ფაქტობრივად ნახევარი ქონება ისევ ნახევრდება და ეს ნახევარი მიეცემა სავალდებულო წილის სახით მეუღლეს, შვილებს ან მშობლებს, გააჩნია ვინ იქნება სახეზე წარმოდგენილი.

  • რა ვადაში უნდა მივიღოთ მემკვიდრეობა და როდის აღარ აქვს მემკვიდრეობაზე დავას აზრი?

სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რომელმა მემკვიდრემ რომელი ქონება უნდა დაირეგისტრიროს ინდივიდუალურად. ამის თაობაზე ხშირად მიმართავენ ნოტარიუსს და ითხოვენ კონკრეტული ქონების რეგისტრაციას ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამ შემთხვევაში პროცედურულად არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა – პირველი შესაძლებლობაა, როდესაც თავად მემკვიდრეები თანხმდებიან და ეს შეთანხმება ამარტივებს სამკვიდრო ქონების განაწილებას.

თუ მემკვიდრეები განაწილების წესზე ვერ თანხმდებიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ქონება არის მათი ინტერესის საგანი და რეგისტრაცია რომელმა რომელს უნდა დაუთმოს, ამ შემთხვევაში არის საერთო წესი/პროცედურა, როდესაც ყველა მემკვიდრე გაიფორმებს სამკვიდრო ქონებას, თითოეული მემკვიდრე გახდება სრულად მესაკუთრე თითოეული ქონების. თუ მემკვიდრე გვყავს ხუთი, ხუთივე მემკვიდრე იქნება არსებული სრული ქონების მესაკუთრე და ამის შემდეგ მათ უფლება აქვთ დაიწყონ სამკვიდრო ქონების რეალურ გაყოფაზე საუბარი.

სამართლებრივი პროცედურა აჩენს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად ამტკიცონ კონკრეტული ქონების გამოყოფა, რომელიც მათ აინტერესებთ, რატომ არის უპირატესი, რატომ უნდა გაიმიჯნოს კონკრეტული ქონება სხვა ქონებისგან და რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ქონება მათ ინდივიდუალურ საკუთრებად.

ეს არის ცალკე დავის საგანი, რომელიც სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე არ არის ხელის შემშლელი გარემოება. ანუ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ ქონება და შემდგომ გადავწყვიტოთ, როგორ, რა ფორმით, სამართლებრივი პროცედურით გამოვყოთ ეს ქონება საერთო ქონებიდან.

  • მითხრეს, რომ შესაძლოა „უღირს მემკვიდრედ“ ჩამთვალონ და საერთოდ არ შემხვდეს ქონება. რას ნიშნავს ეს?

სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე დღის წესრიგში დგება საკითხი, როდესაც კონკრეტული მემკვიდრე მეორე მემკვიდრის უღირს საქციელზე მიუთითებს – საუბრობს მამკვიდრებლის მიმართ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე თუ ამორალურ ქმედებაზე და მოითხოვს, რომ ამ მემკვიდრეს არ ჰქონდეს უფლებები ქონებასთან მიმართებაში.

პრაქტიკაში ხშირად არის ეს მომენტი და ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა. პირის უღირს მემკვიდრედ გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს. რა გარემოებები შეიძლება დაედოს პირის უღირს მემკვიდრედ გამოცხადებას, გვაქვს რამდენიმე მიმართულება – ეს შეიძლება იყოს მამკვიდრებლის მიმართ ჩადენილი ამორალური საქციელი, დანაშაული, მამკიდრებლის ნება-სურვილის ფორმირებაში ზეგავლენა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ამ ტიპის სამართლებრივი მოცემულობაა – ვინ შეიძლენა იყოს უღირს მემკვიდრედ გამოცხადებული, ეს უფლებამოსილება აქვს სასამართლოს… და არც ერთ შემთხვევაში ნოტარიუსს, პოლიციას თუ მეზობლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: