ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს კიდევ ერთი თაუერი აშენდება. 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აქ შპს „დე გრუპმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა. „დე გრუპი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.
ბიზნესმენმა შესყიდულ ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, ამ ადგილზე მოაზრებული პროექტის რენდერთან ერთად გუშინ, 18 მაისს, ფესიბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 18 მაისს დღის 5 საათზე დასრულდა ელექტრონული აუქციონიც.
ამ რენდერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენობის სიმაღლე მიმდებარედ არსებულ თაუერებზე ნაკლები არ იქნება. თუმცა კომპანიაში მოაზრებული შენობის პარამეტრებს ჯერ არ ამხელენ: „მგონი ჯობია ჯერ არ გითხრათო“.
„დე გრუპმა“ ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე შეისყიდა. ქონების საწყისი ფასი 11 მილიონ 448 000 ლარი იყო და კომპანიამ კონკურენციის პირობებში ის 30 მილიონ ლარად იყიდა. ეს თანხა ქონების თავდაპირველ ფასზე თითქმის 20 მილიონი ლარით მეტია. კომპანიამ ერთ კვადრატულ მეტრში 4 271 ლარი გადაიხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ ქონების საფასური 45 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ამ ნაკვეთზე კომპანიამ 4 წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმრო. პირობების ჩამონათვალშია ასევე საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმება 2 წლის განმავლობაში.
ახალგაყიდულ მიწის ნაკვეთზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს, როგორც „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორმა რაულ კახაძემ გვითხრა, ამ დროისთვის სამშენებლო ადგილზე მოსწორების სამუშაოებს ატარებენ.
ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანია ბათუმის მერიას უახლოეს მომავალში მიმართავს, თუმცა ადგილზე უკვე გამოფენილია შენობის სავარაუდო რენდერი. „ ეს პროექტი არ არის. სავარაუდოა, როგორიც კომპანიას აქვს მოაზრებული“, – გვითხრა რაულ კახაძემ.
კომპანიას ტერიტორიის განაშენიანების გეგმის მომზადებაც მოუწევს, რადგან მისი ფართობი 5 000 კვ.მ- ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში კი კანონი ნაკვეთის გრგ-ს მომზადებას ითხოვს.
გაყიდული ნაკვეთი იუსტიციის სახლთან ერთი მხრივ ბათუმის უნივერსიტეტის შენობას [გეპეი], მეორე მხრივ კი საავტომობილო გზას ესაზღვრება, რომელზეც შპს „დარ ბილდინგის“ მაღლივი შენობა დგას.
ახალი სასტუმროს მშენებლობის შემდეგ, როგორც ამ შენობების, ასევე აქ არსებული სხვა შენობების, მათ შორის „ალიანსის“ გარემო შეიცვლება.