4 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდკლინიკა 6-მა პაციენტმა დატოვა. ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 217 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.
„უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.
ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს.
ამავდროულად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც გამოძიების მიერ დაყადაღებულია.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის – ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც“ – აღნიშნულია პრესრელიზში.
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.ჰ., 1997 წელს დაბადებული კ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1994 წელს დაბადებული გ.ლ., 1996 წელს დაბადებული ვ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.გ., 1986 წელს დაბადებული ქ.ი. და 1997 წელს დაბადებული გ.ბ.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 4 აპრილს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი პირი, ირაკლი კუკანია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულები, მათ შორის გენრი დოლიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.
გენრი დოლიძე სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი იყო ონლაინ გამოცემა “ასეას” დამფუძნებელი და გენრი დოლიძის ცოლი თამარ თედიაშვილი.
“გენრისთან ერთად მესამე განყოფილებაში არის კიდევ ერთი ბიჭი გეგა ნაკაშიძე. საფუძველი არ ვიცი. იმ წუთას იყო ასეთი სიტუაცია – მე შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი. ლაივი მქონდა. პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს. ეს რომ დაინახა გენრიმ გაბრაზდა. ეგრევე გადაუგრიხეს ხელები. გარედან ვნახე განყოფილებაში – ტანსაცმელი შემოხეული აქვს და დაზიანებები აქვს სხეულზე. არ ვიცი უშვებენ თუ არა,” – უთხრა “ბათუმელებს” თამარ თედიაშვილმა.
“ბათუმელები” ასევე ესაუბრა ხელწერილით გათავისუფლებულ ირაკლი კუკანიას, რომელმაც მომხდარის დეტალები გაიხსენა:
“მეგობრები ვიყავით შეკრებილი ოფისში. ეს არ იყო კომერციული ხასიათის ღონისძიება, რომ ოფისში შემოსვლის რაიმე მიზეზი ჰქონოდათ. როდესაც მოვიდნენ პოლიციელები, შემოსვლის მომენტში მათ ვთხოვეთ წარმოედგინათ რაიმე საბუთი, რომ მათ ამ ოფისში შემოსვლის უფლება ჰქონდათ. მათ რა თქმა უნდა არაფერი არ წარმოადგინეს და ხულიგნურად შემოვიდნენ. კარებში მე ვიდექი. რომ არ ვუშვებდი, შემომახიეს ტანსაცმელი, ტელეფონი დამიმტვრიეს, დაკავების დროს, როდესაც წამაქციეს (არ მახსოვს, რაღაცას ჩავეჭიდე), ფეხებს მირტყამდნენ სახეში და ხელებზე რომ ხელი გამეშვა.
მაკავებდნენ და რისი გულისთვის მაკავებდნენ, არც განუმარტავთ. დაზიანებები მაქვს სხეულზე. თავიდან აპირებდნენ ჩემს ე.წ. კაპეზეზე გადაყვანას, სავარაუდოდ იმიტომ, რომ დაზიანებები აღმენიშნება, მერე გადაიფიქრეს და ხელწერილით გამომიშვეს. დაკავების ოქმზე ხელი არ მოვაწერე, რადგან იქ ეწერა რომ თითქოს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი, მაგრამ მე არაფერს არ ვარღვევდი, ამიტომ არ მოვაწერე,” – უთხრა “ბათუმელებს” ირაკლი კუკანიამ.
“ბათუმელებს” ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია შსს-სგან თუ რამდენი პირია დაკავებული და რის საფუძველზე.
ბათუმში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ.
აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. შემთხვევა დღეს, 4 აპრილს მოხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების დროს არეულობა იყო. მათ დაინახეს სამი ადამიანის დაკავება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მეტი პირი იყოს დაკავებული.
დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გენრი დოლიძე.
აქტივისტები “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათის არსებობას აპროტესტებდნენ და დაგეგმილი ჰქონდათ დილის ხუთ საათამდე გაეგრძელებინათ საპროტესტო წვეულება.
„ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, დანარჩენზე ვიმსჯელებთ სასამართლოში,“ – ეს ერთ-ერთი სამართალდამცავის განმარტებაა „სირცხვილიას“ აქტივისტების კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს საპროტესტო ღონისძიების მონაწილეები.
“ბათუმელები” ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, დაკავებულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას.
„არა კომენდანტს“, „გახსენით ქვეყანა“, – სკანდირებენ ბათუმის ქუჩებში აქციის მონაწილეები. დღეს, 3 აპრილს, საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ბათუმშიც იმართება. აქციის მონაწილეები ქუჩაში 21:00 საათის შემდეგ გამოვიდნენ და ამ წუთებში დემონსტრაციულად არღვევენ ეგრეთ წოდებულ კომენდანტის საათს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მოაწყო საპროტესტო მსვლელობაც. ისინი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იგივე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით. მათ ხელს უშლიდა პოლიცია.
აქციის დღეს თბილისშიც იმართება – რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს გალიები, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენელთა ფოტოებია მიმაგრებული.
კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ეს შეზღუდვა დაწესებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმი. 3 აპრილი
მთავარი ფოტო: სტიკერები „ქართული ოცნების“ ოფისზე. აქციის მონაწილეები დეპუტატ გია ვოლსკის უცენზურო ჟესტს ასე გამოეხმაურნენ
ბათუმის სანაპიროზე პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გრძელვადიანი იჯარით მიღების მსურველები ისევ რიგში დგანან. პლაჟს ითხოვენ კომპანიები, რომლებსაც ბათუმის სანაპირო ზოლში მოქმედი სასტუმროები აქვთ ან აშენებენ. პლაჟის ათვისება სურთ მათაც, ვინც სარესტორნო და სხვა ტიპის კომერციულ ობიექტებს ფლობს ზღვასთან ახლოს.
„ჩემი შენობის წინ პლაჟი ჩემს განკარგულებაში უნდა იყოს, რომ სტუმარს კომფორტი შევთავაზო, ან მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პლაჟის გამართულობა“, – უმეტესად ასეთია კომერციული ობიექტების მფლობელების არგუმენტი, როცა ისინი პლაჟებს გრძელვადიანი იჯარით ითხოვენ.
სტუმრისთვის კომფორტის შექმნის სურვილი მეტი ფულის გასაკეთებლად, ხშირად საჯარო სივრცის შეზღუდვით სრულდება – ასეთია პლაჟის გასხვისების მოწინააღმდეგეების არგუმენტი.
რა მონაკვეთებია ბათუმის პლაჟებზე უკვე გასხვისებული და რომელ მონაკვეთებს ითხოვენ ახლა ბათუმის მერიისგან, რომ ისინი გრძელვადიანი იჯარით გაასხვისონ – ამის გარკვევას ბათუმელები რამდენიმე გზით შეეცადა.
„რედისონის“ პლაჟი
ბათუმის პლაჟს იახტკლუბიდან ძველი ბულვარის გასწვრივ თუ გავყვებით, დასაწყისშივე მივადგებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ ტერიტორის, სადაც ზაფხულობით კლუბი „ივერია ბიჩი“ ფუნქციონირებს.
ნაკვეთი პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩს“ აჭარის მთავრობამ 2037 წლამდე იჯარით გადასცა. შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 2020 წლის ნოემბერშია გაფორმებული.
„რივიერა ბიჩი“ „სილქროუდის“ შვილობილი კომპანიაა. პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ მფლობელი კომპანია ბიუჯეტში წელს 18 720 ლარს, ხოლო 2021 – 2037 წლებში, ყოველწლიურად 24 960 ლარს გადაიხდის.
პლაჟის ამ მონაკვეთს ზაფხულობით შეზლონგებით სრულად ითვისებენ, მაშინაც კი, როცა ეს შეზლონგები არ არის დაკავებული, რიგით მომხმარებელს დაცვა აფრთხილებს, რომ იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდეს, თუ შეზლონგს იქირავებს ან თავისუფალ ადგილს იპოვის ნაპირზე. მომხმარებელს მხოლოდ ეს ორი არჩევანი აქვს – ტერიტორიის დატოვება ან შეზლონგის დაქირავება. თავისუფალი ადგილი აქ ერთი მიზეზით არ არის – კომპანიას ყველგან თავისი შეზლონგები აქვს დალაგებული.
„კემპინსკის“ პლაჟი
ოდნავ გვერდით სასტუმრო „კემპინსკისია“ – საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, ეს სასტუმრო პლაჟზე მოზრდილი მონაკვეთს 13 671 კვ.მეტრ ტერიტორიას განკარგვს.
„კემპინსკის“ წინ 13 671 კვ.მეტრი პლაჟი იჯარით ამ სასტუმროს მფლობელ შპს”GIMG’ – ს აქვს აღებული. სასტუმრო კემპინსკი ჯერ არ ფუნქციონირებს.
რა სურს „ლე მერიდიანს“ – პლაჟი ბულვარში
„კემპინსკის“ ნაკვეთის გვერდით მდებარე თავისუფალ ადგილს კი სასტუმრო „ლე მერიდიანი“ ითხოვს. რეესტრის მონაცემებით, ამ სასტუმროს წინ თავისუფალია 6000 – კვ.მეტრი პლაჟი. აქედან სასტუმროს მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ 3380 კვ.მეტრს ითხოვს. ბათუმის მერია თანახმაა კომპანიას პლაჟზის ეს ნაწილი გადასცეს.
ცოტა ადრე, 2020 წლის მარტში კომპანიას ამ ტერიტორიის ათვისება სრულად სურდა, თუმცა მოგვიანებით გადაწვეტილება შეცვალა. შესაძლოა დარჩენილი ნაწილი შპს „ამბასადორი ბათუმმა“ მოითხოვოს. ის ბათუმის ბულვარში 16-სართულს აშენებს.
„ბათუმი თაუერი“ – სასტუმრო „ლე მერიდიანი“
შერატონის პლაჟი
ამის შემდეგ სასტუმრო „შერატონამდე“ რამდენიმე ნაკვეთი პლაჟზე იჯარით არის გაცემული ერთმანეთის მიყოლებით. მათი ფართობები 600-1200 კვ.მეტრამდე მერყეობს.
სასტუმრო „შერატონის“ მფლობელ კომპანიას კი იჯარით აქვს აღებული 5000 კვ.მ პლაჟის ტერიტორია 49-წლიანი ვადით.
შემდეგ კი 600 -1500კვ.მ-მდე ნაკვეთები მოკლევადიანი იჯარით კერძო პირებს ათვისებული აქვთ „ჰილტონამდე“. თავისი სასტუმროს წინ პლაჟის ათვისება კი „ჰილტონის“ მფლობელ კომპანიას გრძელვადიანი იჯარის წესით სურს. ამის შესახებ თავად კომპანიაში დაუდასტურეს „ბათუმელებს“.
სასტუმრო „ჰილტონი“
რა სურს „ალიანსს“ – პლაჟი ბულვარში
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „ალიანსი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც დაჟინებით თხოვს ხელისუფლებას პლაჟზე მოზრდილ ტერიტორიებს, თავისი მშენებარე სასტუმროების გასწვრივ. კომპანია ზღვასთან ახლოს ორ სასტუმროს აშენებს: 54-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს „ალიანს ფრივილიჯის“ რუსთაველის ქუჩაზე [რომელიც სავარაუდოდ მალე დასრულდება] და ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას „ალიანს მეტროპოლისს“, პროექტი 3 ცათამბჯენს აერთიანებს.
რენდერი – მარჯვნიდან მარცხნივ: „ალიანსი მეტროპოლისი“ და „ალიანსი ფრივილიჯი“, ასევე „ჰილტონი“, „შერატონი“
რა სურს „ორბი ჯგუფს“ – პლაჟი ბულვარში
ამ კომპანიას საკუთარი სასტუმროს წინ არსებული პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით ოფიციალურად ჯერ არ მოუთხოვია: „განაცხადი არ შეგვიტანიაო“. თუმცა, სამომავლოდ განიხილება, რომ პლაჟზე კომფორტი „ორბი ჯგუფის“ სტუმრებსაც დასჭირდებათ.
„ორბი ჯგუფი“ შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ მესამე ცათამბჯენს აშენებს. საერთო ჯამში კი პროექტი 4 ბლოკისგან შედგება, აქედან სამი 50-სართულიანი, ხოლო 1 სამსართულიანი იქნება – ის სამ ცათამბჯენს ერთმანეთთან დააკავშირებს.
კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, რომ ააშენოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი „მშენებარე კომპლექსსა და არდაგანის ტბას შორის. აქედან კი უკვე პლაჟი ერთ ნაბიჯზეა.
მთავარი ფოტო: პროექტი ORBI CITY /რენდერი [სამი ცათამბჯენი ბათუმის სასპორტო სკოლასთან, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე] / ფოტო: „ორბი ჯგუფი“.
რა სურს „გრანდ გლორიას“ – პლაჟი ბულვარში
თავისი შენობის მიმდებარედ პლაჟის გრძელვადიანი იჯარით ათვისების სურვილი გაცხადებული აქვს შპს „გრანდ გლორიასაც“. ამ კომპანიას ბათუმში იცნობენ, როგორც „სემირამიდას ბაღებს“.
ფოტო: სასტუმრო „გრანდ გლორიას“ ფეისბუქის გვერდიდან
სასტუმრო „გრანდ გლორია“ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს.
როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო და კერძო ინტერესი პლაჟზეt
პლაჟების გასხვისებასთან დაკავშირებული დავა და საზოგადოების წინააღმდეგობა ზღვისპირა ზოლში მდებარე სასტუმროების მენეჯერებისთვის, ახლა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია.
ყველა მათგანი თანხმდება, რომ სტუმრისთვის სასურველი, მოწესრიგებული პლაჟი, თავისი გამართული იფრასტრუქტურით ზღვისპირა ზოლში მდებარე სასტუმროს მუშაობას განსაზღვრავს.
მათ ინტერესებშია იჯარის წესით მიღებული ტერიტორიის სრული დატვირთვით ათვისებაც. მიიჩნევენ, რომ სხვაგვარად ინვესტიციის განხორციელება ამ მიმართულებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მათ არც მოკლე ვადიანი [1-2 წლამდე] კონტრაქტები აკმაყოფილებთ. თანხმდებიან იმაზეც, რომ შესამუშავებელია ერთიანი სტანდარტი, რაც გასხვისებულ პლაჟზე საჯარო და კერო ინტერესებს დააბალანსებს.
„ორბი ჯგუფის“ დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის იჯარის შემთხვევაში პლაჟით სარგებლობა უნდა შეეძლოთ რიგით ბათუმელებს თუ ჩამოსულ სტუმრებს.
ის განმარტავს, რომ კომპანიებს, რომლებიც იხდიან საიჯარო გადასახადებს, ასევე დებენ ინვესტიციას პლაჟების მოსაწესრიგებლად, ელიან საპლაჟე ინფრასტრუქტურიდან შემოსავალს. ამ შემოსავალმა კი უნდა დაფაროს, როგორც საიჯარო, ასევე საოპერაციო ხარჯები და გარკვეული სარგებლის მიღებაც.
„უდავოა, რომ პლაჟები არ არის იმგვარად მოწესრიგებული, რაც საჭიროა სტანდარტით, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი დამსვენებლისთვის. ამ შემთხვევაში არის ორი გზა, ან მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს პლაჟის მოვლა-პატრონობას, ან გაიცემა კომპანიებზე, რომლებიც ამ ვალდებულებას აიღებენ. ის, რომ იქ ვინმემ ტერიტორია გადაკეტოს და არ შეუშვას მოქალაქე, ეს არ იქნება მართებული და არც კანონმდებლობა ითვალისწინებს.“
ისარგებლებენ თუ ვერა რიგითი მოქალაქეები პლაჟებით, თუ სახელმწიფო გადასცემს მათ მოთხოვნილ ტერიტორიას? როგორ ესმით ამ პრობლემის გადაჭრის გზები შპს „ალიანსში“?. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წერილობით კომენტარზე დაგვთანხმდა, ორდღიანი ლოდინის შემდეგ საკუთარ ხედვებზე არაფერი გვითხრეს.
საკუთარი შენობის გასწვრივ პლაჟზე ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით აღებას გეგმავს სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელი კომპანიაც.
„პლაჟის ტერიტორია ჩვენი სასტუმროს მიმდებარედ ერთწლიანი იჯარით გვქონდა ათვისებული 2019 წელს. გრძელვადიანი შეთანხმება კი იმისათვის გვჭირდება, რომ პლაჟი საჭიროებს მოწესრიგებას, მოვლას და საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამართვას. ეს ხარჯებს მოითხოვს. სხვადასხვა ინტერესის მომხმარებელი გვყავს, მაგალითად ისეთი, ვისაც სჭირდება მაღალი დონის მომსახურება, შესაბამისი ნომერი, ასევე მოწესრიგებული პლაჟი. არ სურს ქვიშაზე წამოწოლა, ცხელ ქვებზე გადაადგილება და შეზლონგი ურჩევნია. არის ისეთიც, რომელსაც ქვიშა მოსწონს, შეიძლება ამ ინტერესების შესაბამისად ზონებად დავყოთ ტერიტორია და ყველანაირი მომსახურება შევთავაზოთ დამსვენებელს. არც იმას შევუშალოთ ხელი, ვისაც ჩვენი მომსახურება არ დასჭირდება“, – ამბობს გიორგი აბაშიძე, „ჰილტონის“ მფლობელი კომპანია „ტურინვესტის“ დირექტორი.
გიორგი აბაშიძე დარწმუნებულია, რომ კეთილსინდისიერი კომპანია შეძლებს იჯარის წესით გადაცემულ პლაჟზე საჯარო სივრცე არ შეზღუდოს. ის საუბრობს დეტალურ ხელშეკრულებაზე და მისი შესრულების კონტროლის შესაძლებლობაზე, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
„კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რეპუტაცია, ამ წესებს აუცილებლად დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში პლაჟის მოვლა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ისე, რომ სტუმარი, რომელიც მაღალი დონის მომსახურებას ირჩევს, არ დარჩეს უკმაყოფილო.“
მერიისა და საკრებულოს პოზიცია
არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია და საკრებულო მუნიციპალური ქონების გასხვისებაზე, როგორც საკუთრებაში, ასევე საიჯარო წესით უარს თითქმის არასდროს ამბობენ. მით უმეტეს, თუ შუამავალი აჭარის მთავრობაა.
გამონაკლისი მხოლოდ „ბათუმი თაუერისთვის“ პლაჟის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება იყო, მოქალაქეების ზეწოლის შემდეგ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განმარტა ისიც დროებით, „ბულვარის გენგეგმის მომზადებამდე“.
ბათუმის პლაჟის რა მონაკვეთი არ გადაეცემა კერძო კომპანიებს? რა მოხდება, თუ მერია და საკრებულო ყველა მომთხოვნის ინტერესებს დააკმაყოფილებს? – არაფერი დარჩება. პლაჟი შეეზღუდებათ იმ მოქალაქეებს, ვისაც ზღვასთან, ქვიშაზე უნდა წამოწოლა და არა 15-25 ლარიან შეზლონგზე. ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, 30 მარტს სწორედ ამ შინაარსის ემოციური გამოსვლა ჰქონდა საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც პლაჟის ერთ-ერთი მონაკვეთის გასხვისების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.
ბოლო დროს ბულვარში მშენებლობის წინააღმდეგ გააქტიურებული პროტესტის ფონზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საჯარო მოხელის მოსაზრება სხდომაზე მისული მოქალაქეების, ბულვარის დამცველების მოთხოვნებს დაემთხვა.
საკითხი ეხებოდა „ბათუმი თაუერისთვის“ სასტუმრო „ლე მერიდიანის “ წინ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 3380 კვ.მ – პლაჟის 15 წლიანი იჯარით გადაცემას.
კიდევ ვის უნდა ადგილი ბულვარში? – ამ თემაზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს მედიასთან საუბარი აღარ სურს სურს. ამიტომ ამის გარკვევა ჩვენ საჯარო რეესტრის მონაცემებით და რამდენიმე უწყების წარმომადგენელთან არაოფიციალური საუბრით ვცადეთ.
რუკაზე მწვანედ მონიშნულია შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ მოთხოვნილი ტერიტორია პირსის გვერდით. მის მიმდებარედ კი მწვანედ მონიშნულია ნაკვეთები, რომლებიც საიჯარო წესით უკვე გაცემულია
რა აწუხებთ პლაჟის გასხვისების მოწინააღმდეგეებს
ბათუმში არსებული პრაქტიკა ასეთია: საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას კომპანიები ქონების მიღებიდან მალევე ივიწყებენ. ბათუმში არაერთი შემთხვევა იყო, როცა პლაჟიდან გამოაძევეს დამსვენებელი, რომელმაც მოიჯარე კომპანიის სერვისზე უარი თქვა. ამ მოქალაქეებს არათუ პლაჟზე წამოწოლის უფლება არ მისცეს, არამედ შეურაცხყეს კიდეც.
იყო შემთხვევა, როცა მსგავსი პრობლემის გამო პლაჟზე პოლიცია გამოიძახეს. ბათუმში ახსოვთ იჯარით გაცემული პლაჟიდან პარლამენტის წევრის გაძევების ხმაურიანი სკანდალიც. ეს ფაქტი იმ დროს მოქმედმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ შეაფასა, როგორც „ღირსების შემლახავი მოპყრობა“
„ჰილტონის“ მფლობელი კომპანიის – ტურინვესტის დირექტორი გიორგი აბაშიძე დარწმუნებულია, რომ იჯარის წესით გასხვისებულ პლაჟზე კეთილსინდისიერი კომპანია ბალანსის დაცვას შეძლებს.
ამ ეტაპზე ბულვარში მორატორიუმია გამოცხადებული, ბულვარის გენგეგმის მომზადებამდე. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გასხვისდება.
____
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.
5 აპრილიდან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური ფორმით გაგრძელდება. სამინისტრომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ სწავლება დისტანციურად გაგრძელდეს.
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის ინფორმაციით, სპეციალისტები შენობაში არსებულ ვითარებას სწავლობენ და დასკვნას უახლოეს პერიოდში მოამზადებენ. ამის შემდეგ კი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს ალტერნატიული შენობის მოძებნა სკოლისთვის, თუ გამაგრებითი სამუშაოები.
სკოლის დირექტორის, ცირა ქობულაძის ინფორმაციით, სკოლას გამაგრებითი სამუშაოები ადრეც ჩაუტარდა, თუმცა ბზარები მაინც გაჩნდა, ამიტომაც სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხო არ იყო.
—
მე-16 სკოლა ერთერთია იმ 13 სკოლიდან, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა მზის მიკროელექტროსისტემები დაამონტაჟა.
მზის მიკროელექტროსისტემა ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ეზოში / 3.04.2021
გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ სკოლის შენობა უნდა დაინგრეს და მის ადგილზე სკოლის ახალი შენობა აშენდება; მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი, დროებით, სავარაუდოდ გოროდოკის დასახლებაში გადავლენ, სადაც კომაროვის სკოლა აშენდა.
ეს ინფორმაცია აჭარის განათლების სამინისტროში არ დაგვიდასტურეს. „ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.
ბათუმის ავტოსადგურის გვერდით, მაიაკოვსკის ქუჩაზე იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც მე-16 საშუალო სკოლის შენობა დგას, 6 259 კვ/მ-ია და მისი მესაკუთრე სახელმწიფოა. თავად ოთხსართულიანი შენობის საერთო ფართობი კი, არის 3 065.8 კვ/მ.
ბათუმის მე-16 სკოლაბათუმის მე-16 სკოლა / 3.04.2021
ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე #21-23-ში, ერთი ისტორიული ბელეტაჟისა და ერთი სამსართულიანი სახლის ნგრევის ხარჯზე ხუთსართულიანი [ერთი მანსარდი], მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ. შესაბამისი პროექტით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართეს. სამშენებლო ტერიტორია 280 კვ.მეტრია და ძეგლის დაცვის ზონაშია.
მაზნიაშვილის #21
პროექტი ითვალისწინებს, ასევე მაზნიაშვილის #23-ში მდებარე სამსართულიანი სახლის და ამ სახლებს შორის მცირე ეზოს ათვისებას.
მაზნიაშვილის ქუჩა #23
კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ ეს პროექტი დაამტკიცა და განმცხადებელს მოსთხოვა, პროექტის შეთანხმების მეორე ეტაპზე უფრო დახვეწილი არქიტექტურა წარადგინოს.
რა არის და რა იქნება- რენდერი
საბჭოს წევრების უმრავლესობამ პროექტის პირველი ეტაპის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ასევე მიუთითეს, რომ პროექტის არქიტექტურა დასახვეწია, ხოლო მისი მასშტაბები უნდა შემცირდეს ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩაწერეს ისიც, რომ გასათვალისწინებელია პარკირების საკითხი. როგორც ჩანს, ეს პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ოქმში არსად ჩანს, განიხილა თუ არა საბჭომ, რამდენად მიზანშეწონილია ისტორიულ ზონაში ისტორიული სახლის დანგრევა.
საბჭოს ერთ წევრს, ოლეგ ბოლქვაძეს მითითებული აქვს, რომ პროექტს სასამართლოს გადაწყვეტილებით ითანხმებს.
რა არის და რა იქნება – რენდერი
არსებული ისტორიული ბელეტაჟის ათვისების ხარჯზე მშენებლობას გეგმავენ მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზეც [#7-19]. მესაკუთრეები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერენ, რომ შენობას არ აქვს კულტურული ღირებულება და ამ ადგილზე სამსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ.
ამ ადგილზე 3-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ [მაზნიაშვილი-მელაშვილის ქუჩების კვეთა]სააგენტოს ზონალურმა საბჭომ პროექტი შეითანხმა იმ პირობით, რომ შეთანხმების მეორე ეტაპზე განმცხადებელი უფრო დახვეწილ არქიტექტურას წარადგენს.
მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში დაგეგმილი პროექტი
სააგენტომ ახალი პროექტი შეითანხმა ასევე კომახიძის #15-ში, აქ ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ.
ბათუმში ევროპის მოედანზე „ლელოს“ აქტივისტები შეიკრიბენ, პარტია იწყებს კამპანიას ,,მოითხოვე ვადამდელი არჩევნები”. პარტიის წევრების ინფორმაციით ამ მოთხოვნით კამპანიის ფარგლებში „ლელოს“ აქტივისტები ხელმოწერებს შეაგროვებენ.
„ ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. “
ხელმოწერების შეგროვების მიზნოთ „ლელო“ კარვების გაშლას გეგმავს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე [პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე[ და ხიმშიაშვილის დასახლებაში – ინასარიძის ქუჩაზე. გარდა ამისა პარტია ხელმოწერების შესაგროვებლად ონლაინ პლატფორმის გამოყენებასაც გეგმავს.
„როდესაც ქართულ ოცნებას არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.“ – განმარტავენ კამპანიის ორგანიზატორები.
როგორც პარტიის წევრები განმარტავენ „ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, „ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა.“
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით დღეს, 3 აპრილს აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 16 პაციენტი.
კლინიკა დატოვა -10-მა პაციენტმა, ხოლო კრიტიკულად, მართვით სუნთქვიაზე, იმყოფება – 4 პაციენტი.
დღეს, 3 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარებული იყო 29 729 ტესტი, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გამოჯანმრთელდა 215 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 1.95 % – ია.
საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 274 145-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 56, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც:
1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 824, აჭარაში – 239, იმერეთში – 292. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, მათ შორის, თბილისში – 142, აჭარაში – 36, იმერეთში -81.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 5. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 75 – აჭარაში. 3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 11.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 950 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 907 პირი, აჭარაში – 1 190, იმერეთში – 935.
ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმი „ლოტო” ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაზე წარდგება.
სრულმეტრაჟიანი ფილმი რეჟისორმა ,,ნამეს“ შემდეგ გადაიღო. ფილმი საქართველო-ლიეტუვის კოპროდუქციაა.
„ლოტო“ 2019 წელსაა გადაღებული. რეჟისორისთვის ინსპირაციის წყარო ბათუმურ ეზოში გატარებული ცხოვრება იყო.
სიუჟეტი ბათუმურ ეზოში ვითარდება, ფილმში ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი თამაშობს, თამაშობენ ასევე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებიც.
ფილმში ნაჩვენები ამბები მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ბათუმურ ცხოვრებას გაახსენებს მაყურებელს.
რეჟისორი ზაზა ხალვაში გასული წლის თებერვალში გარდაიცვალა.
ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რასიზმის წინააღმდეგ სტენსილი განთავსდა. კედელზეგიორგი გაგოშიძემ იმუშავა. ნახატი განსხვავებული ადამიანების მიღებასა და მიუღებლობაზეა.
“ამ ნახატზე ყველა თავის ფერის გავრცელებას ცდილობს. ადამიანები ერთმანეთს ღებავენ და ცდილობენ მიიმსგავსონ. რასიზმიც ხომ ეგაა – ფიქრობ, რომ რაღაც “ფერი” აღმატებულია სხვაზე,” – ამბობს გიორგი გაგოშიძე, ქუჩის არტისტი.
გიორგი გაგოშიძე, ფოტო: ბათუმელები
გაგოშასთან ერთად კედელი ბათუმელმა ახალგაზრდებმა მოხატეს.
ჰურიე და თამარი, სტენსილი რასიზმის წინააღმდეგ. ფოტო: ბათუმელები
კედელი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოიხატა. პროექტის თანაავტორი ეკა ჭითანავა “ბათუმელებთან” ამბობს, რომ რასიზმი საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა:
“რასიზმი გულისხმობს არა მხოლოდ კანის ფერის ნიშნით, არამედ ეროვნული, ეთნიკური, წარმოშობის საფუძველზე ადამიანის დისკრიმინაციას, გამორჩევას, მისი უფლებების შეზღუდვას და ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია.”
მისივე სიტყვებით, ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია, თუმცა აქ და სხვა ქალაქებში მაინც არის შიში, რომ ,,ჩვენს” იდენტობას დავკარგავთ განსხვავებულთან ურთიერთობისას.
“ამ ნახატში ერთი მხრივ მრავალფეროვნებაა, განსხვავებული სახეები, მაგრამ თუ უკეთ დავაკვირდებით, ადამიანები ამ მრავალფეროვნებას ებრძვიან,“ – ამბობს ეკა ჭითანავა.
პროექტი – “ხელოვნება ადამიანის უფლებებისთვის” ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში ხატავენ კედლებს, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებსა და ადამიანის უფლებების თემაზე. ასევე ტარდება სალექციო კურსები ადამიანის უფლებებსა და აქტივიზმზე.
„არ მეგონა, თუ ასე დავეცემოდი ოდესმე, მაგრამ დავეცი. მთავარია, წამოდგომა შეძლო… ამას მაშინ აკეთებ, როცა ხვდები, რომ ყველაფერს კარგავ და დაკარგულის დაბრუნება რთულია,“ – ამბობს ზურაბ ხარაზიშვილი, რომელიც უკვე ორი თვეა ბათუმში, ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობს. ცენტრი, სადაც ადამიანები 6 თვის განმავლობაში ამარცხებენ ალკოჰოლის სურვილს, მხოლოდ ბათუმშია და მას საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ აფინანასებს. სარეაბილიტაციო ცენტრში ამ დროისთვის 8 კაცი ცხოვრობს.
„მსურველს ექიმთან და ფსიქოლოგთან ერთად ვესაუბრებით და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მივიღოთ თუ არა ცენტრში. თუ ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება არ აქვს მოხსნილი, მაშინ რთულია ცენტრში მისი დატოვება. სულ 12 ადამიანის მიღება შეგვიძლია ერთდროულად“, – გვიყვება ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი თამაზ მღებრიშვილი. ის კახაბრის დასახლებაში მოწყობილი ცენტრის ეზოში დაგხვდა. ცენტრი სამსართულიან სახლშია გახსნილი.
თამაზ მღებრიშვილი გვაჩვენებს ბაღსაც, სადაც ცენტრის ბენეფიციარებს ბოსტნეული მოჰყავთ, ასევე უვლიან ფრინველებს. ცენტრის ტერიტორიაზე გარეშე პირის შესვლა აკრძალულია. გამონაკლისი ალკოჰოლდამოკიდებულის ოჯახის წევრია, რომელმაც ვიზიტი წინასწარ უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას.
სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორს თავდაპირველად სარდაფში შევყავართ, სადაც მინი საამქროა მოწყობილი. აქ ცენტრის სამი ბენეფიციარი მაგიდის ირგვლივ შემომსხდარა და ხის კვეთაზე მუშაობს. სამივეს თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი. ტენდენცია საერთოა: მათ აქვთ განცდა, რომ რაღაც ძვირფასი დაკარგეს, რომლის დაბრუნებაც უკვე რთულია. აქვთ სინანული და ბრაზი იმ ილუზიაზე, სასმელი რომ თითქოს ცხოვრების ტკივილებს ავიწყებდათ.
როგორ აღმოვჩნდი რეაბილიტაციის ცენტრში?
„ხან რას მოვიტყუებდი, ხან – რას. ვამბობდი, რომ თითქოს ვერ ვუკავშირდებოდი ოჯახს მოსკოვში, გადმომირიცხავენ ფულს და დაგიბრუნებთ-მეთქი… მერე უკვე ვხედავდი, რომ ალალი ძმა და დაც, როცა ვურეკავდი, აღარ მენდობოდნენ, არ მეუბნებდნენ, მაგრამ ვხედავდი, როგორ ვკარგავდი ნდობას. ნდობის დაკარგვა ყველაზე რთულია. მე ვკარგავდი ყველაფერს…“ – იხსენებს ზურაბ ხარაზიშვილი. ამბობს, რომ ცენტრი კარგი გამოსავალია და ზაფხულისთვის უკვე საკუთარი ოჯახის წევრებთან შეხვედრისთვისაც ემზადება.
„ადამიანები უკვე ზურგს მაქცევდნენ, ყურადღებას აღარ მაქცევდნენ… ვიგრძენი, რომ ყველაფერი დავკარგე,“ – საუბარში ერთვება სერგეი გოგრაჭაძე. მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ყოველდღიურ რეჟიმში ალკოჰოლის მიღება მას შემდეგ დაიწყო, როცა ნაქირავებში ცხოვრობდა, შემდეგ – ღია ცის ქვეშ.
„იცით, როგორი შეგრძნებაა? როცა სვამ, ყველა პრობლემა თითქოს გვარდება და აღარ არსებობს… იღვიძებ დილით და ხვდები, რომ ძალიან გინდა დალევა, გული ცუდადააა, კანკალებ… დალევ 100 გრამს და ყველაფერი გავიწყდება.
9 კლასი დავამთავრე, მეტი არა… მშენებლობებზე მუშის დამხმარედ ვმუშაობდი, ხან არმატურას ვქსოვდი, ბოლოს მუშაობა აღარ შემეძლო, ისე დავსუსტდი…
ქირის ფული როცა ვეღარ გადავიხადეთ, გამოგვიშვეს სახლიდან. მამაჩემს სხვა ოჯახი აქვს. იქ დაბრუნება აღარ მინდოდა… ჩემი ცოლი თავის ძმასთან დაბრუნდა. მე ქუჩაში დავრჩი.
აქ მას მერე წამოვედი, როცა გავიაზრე, რომ ყველაფერი დავკარგე.
მხოლოდ ცოლი და შვილია ჩემს გვერდით… მოჰყავს ჩემი შვილიც ცოლს აქ. ჩემს შვილს ანრი ჰქვია. უკვე წლის და 9 თვისაა. აქ რომ მოდის, მეხუტება, წამოდი მამიკოო, ამბობს, მაგრამ ჯერ ვერ წავალ, აქ უნდა ვიყო 6 თვე და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდე ოჯახს. მერე ყველაფერი გამოვა,“ – ასრულებს სერგეი, თუმცა ვგრძნობ, რომ სათქმელი ისევ აქვს.
სერგეი გოგრაჭაძე
„მე ქუთაისის მერიის თანამშრომელმა დამაკავშირა ამ ცენტრს, მეც ქუჩაში ვიყავი, ღია ცის ქვეშ…“, – გვიყვება ტარიელ რუსაძე. ის წყალტუბოში, სოფელ ვულკანეთში ცხოვრობდა, ხოლო დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ სახლი დაშალა და გაყიდა.
„თურქეთში ვაპირებდი წასვლას, ვეღარ წავედი, არ გამიშვეს საზღვარზე, მანამდე ციხე მოვიარე… ჩემი ერთი და ანტალიაშია, მეორე – თბილისში. თავიანთი ოჯახები აქვთ, არ ვურეკავ, არ ვაწუხებ არავის… მინდა ჯანსაღი გავხდე და დავოჯახდე, როცა აქედან გავალ, იმედია, ამას შევძლებ,“ – მუშაობის შეუჩერებლად გვიყვება ტარიელი.
ტარიელი სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრების პირობებზეც გვიყვება.
„ხან აქ ჩამოვდივართ და ხეს ვკვეთავთ, ხან ფსიქოლოგი მოდის და გვესაუბრება, ხან მამაო მოდის… მერე ფილმებს ვუყურებთ ზემოთ, დარბაზში, ტელევიზორსაც ვუყურებთ…. ჩვენს ნივთებს თავად ვაწესრიგებთ, სარეცხი მანქანაა და ყველაფერი… სადილ-ვახშამს ოპერატორი გვიმზადებს, ჩვენც ვეხმარებით მომზადებაში, მორიგეობაა ბაღში მუშაობაზეც, ხან ერთი უყურებს ფრინველებს და ბოსტნეულს, ხან – მეორე… ერთად ვუვლით ყველაფერს,“ – გვითხრა ტარიელ რუსაძემ.
ტარიელ რუსაძე
„თავს ვიმართლებდი, არ ვარ დამოკიდებული-მეთქი“ – რა შეცვალა ცენტრში ცხოვრებამ
„ჩემთვისაც უთქვამთ, ალკოჰოლიკი ხარო. მეთქი რა დამოკიდებული, რის დამოკიდებული… არადა, დამოკიდებული ვიყავი, უბრალოდ, თავს ვიმართლებდი,“ – განაგრძობს ზურაბ ხარაზიშვილი და ირონიულად ეცინება, ისევ ხეზე ამოჭრილ ნაკეთობებს დასტრიალებს: – „ზოგჯერ, როცა სარკის წინ ვდგებოდი და ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, ვხედავდი, უკვე რა ვიყავი და რას ვაკეთებდი. ერთ დღესაც ვუთხარი საკუთარ თავს, რომ დასრულდა…“
სერგეი გოგრაჭაძე: „ვგრძნობ, რომ დასრულდა რაღაც, მაგრამ ვიცი, ძირითადად ახლა მედიკამენტების გავლენაა ეს… ყველაზე ცუდი და რთული მარტო დარჩენაა… მახსოვს, ადრე როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ზოგჯერ ვეკითხებოდი ჩემს თავს: რატომ ვაკეთებ ამას? ბოლოს ვხდებოდი, რომ პასუხი არ მქონდა.
აქ როგორ ვძლებ? არ ვუძლებ, მშვენივრად ვარ… არა, ჰო, ალბათ უფრო ვუძლებ, ასე ვიტყვი, მაგრამ მე გამაძლებინა იმან, რომ მე მინდა ვიყო ჩემ ცოლ-შვილთან ისე, როგორც ადრე ვიყავი,“ – ასრულებს სერგეი და ისევ საჭრეთელს იღებს ხელში.
„მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთო, მაგრამ არაფერი…“ – რატომ არ აქცევს სახელმწიფო ყურადღებას სარეაბილიტაციო ცენტრს
სარეაბილიტაციო ცენტრს და მის ბენეფიციარებს სახელმწიფოსგან ამ ეტაპზე არავითარი მხარდაჭერა არ აქვს.
„სამი წლის წინ, როცა ეს პროექტი შევიმუშავეთ, პრეზენტაციას დაესწრო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც, ერთ-ორი ბენეფიციარი გამოგვიგზავნეს კიდეც, მეტი არაფერი,“ – გვიყვება ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი თამაზ მღებრიშვილი. მისი თქმით, ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რაც ფასიანია.
„თავიდან გვითხრეს, რომ ბიუჯეტი უკვე შედგენილია და მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთო, მაგრამ არაფერი. აქ ვინც არის ბენეფიციარი, თითქმის ყველას სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს ჯანმრთელობის კუთხით, ზოგს დიაგნოსტიკა სჭირდება, ოპერაცია, მკურნალობა, მედიკამენტები… ის მაინც შეიძლება, რომ აქ როცა არის ბენეფიციარი, დაუფინანსდეს მკურნალობა. ბოლოს, ერთ ადამიანს ხერხემლის მალაზე დასჭირდა ოპერაცია, რაღაც ნაწილი დააფინანსეს, მაგრამ 1000 ლარამდე ჩვენ გადავიხადეთ.
კომუნალურ გადასახადებშიც კომერციულ ფასს ვიხდით. აჭარის მთავრობას მივმართეთ და ვერ ჩავერევით, სოკარს მიმართეთო. სოკარსაც მივწერეთ და შედეგი არ არის… ჩვენ ვუთხარით აჭარის მთავრობასაც, რომ ვართ საქველმოქმედო ორგანიზაცია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამაზ მღებრიშვილმა.
პრობლემაა ინფორმირების და კლინიკებთან კოორდინაციის კუთხითაც. ამას აჩვენებს ის, რომ ცენტრში, სადაც 12 ადამიანის მიღება ახლაც შეუძლიათ, სულ 8 ბენეფიციარია.
„უფრო მეტის მიღებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი გუნდიც ახლა იღებს გამოცდილებას, აქამდე მსგავს პროექტზე არ ვმუშაობდით, გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს,“ – დასძინა თამაზ მღებრიშვილმა.
თამაზ მღებრიშვილი
„ალბათ მოვა გიტარაზე დაკვრის დროც…“
სარდაფის საუბრების შემდეგ მასპინძელი სახლს გვათვალიერებინებს: ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი 3-სართულიანი სახლშია გახსნილი. აქ ნორმალური ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: სადილის ოთახი, სამზარეულო, მოსასვენებელი სივრცე, სპორტული დარბაზი, კინოჩვენების დარბაზი….
სპორტული დარბაზი სარეაბილიტაციო ცენტრშისარეაბილიტაციო ცენტრის სასადილო ოთახი
სასადილო ოთახშიც შევდივართ. დღის მორიგე ბენეფიციარებს თევზის შეწვა გადაუწყვეტიათ. მორიგეა ალბერტ აბრამიძეც.
„აქ როცა მომიყვანეს, ორი-სამი დღე ძალიან გამიჭირდა, ვკარგავდი თავს, პიკზე ვიყავი მისული, ვფიქრობდი, ხომ არ წავსულიყავი იმქვეყნად… მერე ვიფიქრე, ან იქეთ, ან აქეთ-მეთქი,“ – გვიყვება ალბერტი და ფანჯრიდან ეზოში, ტირიფებისკენ აპარებს თვალს.
ალბერტი ქუთაისიდანაა. ამბობს, რომ სამი წელი მუდმივად სვამდა ალკოჰოლს და ალკოჰოლდამოკიდებული მაშინ გახდა, როცა შვილი დაეღუპა.
„ის 6 წლის იყო, მარიამი ერქვა, ფილტვების ანთება ჰქონდა…“, – ალბერტი ისევ ოთახის შემოსასვლელისკენ გამოდის და პაუზის შემდეგ აგრძელებს.
„მაშინ მეგონა, ალკოჰოლი დამავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ ასე არ მოხდა, ცოლსაც გავშორდი… მე სამი წელი არ გამოვფხიზლებულვარ, მუდმივად ვსვამდი. ვერ გეტყვი, სიტყვიერად რას ვგრძნობდი,“ – ასრულებს ის და ვიდრე მაგიდას შემოუსხდებიან ადამიანები, რომლებმაც ალკოჰოლზე უარი თქვეს, ვკითხულობ, ვინმე ხომ არ უკრავს წითელ გიტარაზე, შემოსასვლელთან რომ ჩამოუკიდიათ.
„არა, არავინ უკრავს, მაგრამ მოვა დაკვრის დროც,“ – თავდაჯერებულია ალბერტი და მერე იმასაც გვიყვება, როგორ იყო წლების წინ როკით გატაცებული.
„ჩემით ვისწავლე აკორდები და ვუკრავდი, ახლა არ ვარ მზად, მაგრამ ვიცი, მოვა ის ეტაპიც…“, – ასრულებს ის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.
2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.
სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა რისკის ჯგუფში მყოფი პედაგოგების რაოდენობაც და ამ დროისთვის დისტანციურად ქვეყნის მასშტაბი 91 პედაგოგი ასწავლის.
ყველაზე მცირე 48 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად. ინფორმაციას სააგენტო BBC-ი და REUTERS-ი ავრცელებენ ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. ბოლო 40 წლის განმავლობაში კუნძულის ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა – ასე აფასებენ დღეს, რამდენიმე საათის წინ მომხდარ ამ სატრანსპორტო შემთხვევას ტაივანში.
მაშველები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ გვირაბში ჩარჩენილ, ავარიაში მოყოლილ 4 ვაგონამდე. სულ გვირაბში 8 ვაგონი მოძრაობდა.
გადარჩენილი მგზავრების ნაწილი რკინიგზის რელსებს გაჰყვა ფეხით, საკუთარი ბარგით და სამშვიდობოზე გავიდა.
მგზავრები დედაქალაქ ტაიბეადან მეგაპოლის ტაიდუნამდე მიდიოდნენ. ექსპრესი გადავსებული იყო მგზავრებით, ვაგონებით დაახლოებით 350 ადამიანი მგზავრობდა.
შემთხვევის ადგილიდან გადარჩენილი მგზავრების მიერ გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალის მიხედვით, რელსებიდან გადავარდნილმა ვაგონებმა გვირაბში გზა ჩახერგა. შესაბამისად, მაშველებს გაურთულდათ დაშავებულებამდე დროულად მიღწევა.
— CCTV Asia Pacific (@CCTVAsiaPacific) April 2, 2021
დაახლოებით 100 ადამიანია ევაკუირებული შემთხვევის ადგილიდან, რვიდან ხუთი ვაგონი დეფორმირებულია ავარიის შედეგად. სახანძრო-სამაშველო ბრიგადების ცნობით, ყველა წერტილამდე მისვლა რთულია.
ტაივანის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბში სარემონტო-საინჟინრო ტექნიკა მუშაობდა და არასწორად იყო პარკირებული, რის შედეგადაც ექსპრესის ვაგონები რელსებიდან გადავიდა.
ტაივანის აღმოსავლეთი სანაპირო, სადაც კატასტროფა მოხდა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, სარკინიგზო ხაზი კი ტაიბეადან აღმოსავლეთ სანაპირომდე უამრავ გვირაბს გადის.
დღეს, 2 აპრილს, დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 55 წელს გადაცილებული პირების რეგისტრაცია. აცრისთვის ვიზიტის შესაძლებლობა კლინიკებში ქვეყნის მასშტაბით 5 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას კითხვები დაუსვეს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ამ ვაქცინის მიმართ, რადგან ვაქცინას ჯერ კიდევ არ აქვს ჯანმოს ავტორიზაცია. გაბუნიას თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და შემდეგ, რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის. „დღემდე „მოდერნასაც“ ბევრი ქვეყანა იყენებს, თუმცა არც მას აქვს ჯანმოს ავტორიზაცია“, – თქვა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზას საქართველოში ხვალ ჩამოიტანენ. „ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებში უნგრეთი იყენებს ძალიან ფართოდ და მისი შენახვის პირობა არის +2+ 8 გრადუსი, იგივეა, რაც „ასტრაზენეკასთვის“. გუშინ განახლდა ჯანმოს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „მოდერნასთვის“. ეს არის სამი დაწინაურებული ვაქცინა“, – ამბობს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილის თქმით, იმ დათქმით შეიძინეს „სინოფარმი“, რომ აპრილში ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. თანხა ამჯერად 130 645 პირს ჩაერიცხება, ჯამში – 26 129 00 ლარი.
სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით თებერვლის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა 139 618 პირს, იანვრის თვეში კი – 106 362 პირს.
კომპენსაციას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამსახური. კომპენსაციები 2021 წლის ივნისის თვის ჩათვლით გაიცემა.
200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. განაცხადს წარადგენს დამსაქმებელი და არა ის პირი, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა ან დაკარგა სამსახური.
ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.
ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტრის კვლევებისთვის 515 000 ლარს გადაიხდის. სააგენტო გეგმავს გელათის მონასტრის საკონსერვაციო სტაბილიზაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებებისათვის საჭირო კვლევები მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუციების ჩართულობით ჩაატაროს.
„ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს ასევე გადაუდებელი ჩარევების მეთოდოლოგიური და ტექნიკის განსასაზღვრად შესაბამისი კვლევების განხორციელებას, გრძელვადიანი, კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამისა და გეგმის შედგენას, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მრავალწლიან და კომპლექსურ ფიზიკურ საკონსერვაციო [არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, მოზაიკის, არქეოლოგიის, ქვის და სხვა] სამუშაოებს. საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გადაუდებელი ღონისძიებების ფარგლებში აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს როგორც მოკლევადიან პერიოდში გადაუდებელი ქმედებების მეთოდლოგიასა და ტექნიკას, ასევე მომავალ წლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხას, მათ სავარაუდო ღირებულებას და შესრულებისთვის საჭირო დროის პერიოდებს“.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ღონისძიენების ჩამოთვლა, რაც შემდგომში დაზუსტდება უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. კერძოდ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმებით და მათი რეკომენდაციების შესაბამისად:
გადახურვების მდგომარეობის კვლევა, მათ შორის ლაბორატორიული-საექსპერტო კვლევების განხორციელება;
გამოსასწორებელი ქმედებების დაგეგმვა და შესაბამისი გადაუდებელი ჩარევებისა პროექტის/ების შემუშავება;
კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობის გაფართოებული მონიტორინგი-კვლევა;
კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის მოსამზადებლად კვლევების განხორციელება.
„სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მსგავსი პრობლემების გამომწვევი მიზეზების კვლევისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ხარისხიანად შესრულების მიზნით, აღნიშნული ქმედებების განსახორციელებლად გადამწყვეტი და აუციელებლია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სამუშაო პროცესში წამყვანი ინსტიტუციებისა და ექსპერტების ჩართულობა.
ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით, შეუძლებელი გახდება საერთაშორისო ექსპერტების/ინსტიტუციების მიერ ეტაპობრივად განსაზღვრული და დაგეგმილი ქმედებების დროული შესრულება, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ძეგლის რთულ საკონსერვაციო მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნის მის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მთლიანობასა და ავთენტურობას.
გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს და კონკრეტულად გელათის კლიმატური პირობების – უხვნალექიანობის გათვალისწინებით, ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით კვლევითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო ვადებმა შეიძლება საგრძნობლად შეაყოვნოს სამუშაო პროცესი [რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს] და შესაძლოა შეუქცევადი და უმძიმესი ზიანი მიაყენოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს,“ – აცხადებენ სააგენტოში.
[toggle title=”რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ნახეთ აქ:“]
სააგენტოს ინფორმაციით:
„გელათის მონასტერი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული საგანძური, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. თუმცა, სახელმწიფოს მიერ, 2008 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ბაგრატის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შედეგად, 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით (34 COM 7B.88) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში გადაიტანა, საბოლოოდ კი 2017 წელს კომიტეტის 41-ე სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (41 COM 8B.31) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რის შედეგადაც გელათის მონასტერი iv კრიტერიუმის საფუძველზე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დამოუკიდებლად იქნა დაბრუნებული.
კომიტეტის ამავე სესიაზე სახელმწიფოს განესაზღვრა რეკომენდაციები (41 COM 7A.20), მათ შორის მონასტრის შესაბამისი საკონსერვაციო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად საჭირო გრძელვადიანი სარესტავრაციო პროგრამის შედგენის შესახებ.
iv კრიტერიუმი: „გელათის მონასტერი არის საქართველოს “ოქროს ხანის” არქიტექტურის შედევრი და მისი არქიტექტურული სტილის საუკეთესო ნიმუში, რომელიც ხასიათდება კარგად დამუშავებული დიდი ზომის კვადრებით, დაბალანსებული პროპორციებით და თაღოვანი საფასადე დეკორით. მონასტრის მთავარი ტაძარი არის მნიშვნელოვანი ნიმუში ჩაწერილი ჯვრის ტიპის ნაგებობისა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკავა აღმოსავლეთ ქრისტიანული საეკლესიო არქიტექტურაში მე-7 საუკუნიდან მოყოლებული. გელათი ერთ-ერთი უმსხვილესი შუასაუკუნეების მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც გამოირჩევა თავისი ჰარმონიული ურთიერთობით მის ბუნებრივ გარემოსთან და კარგად გააზრებული გეგმარებითი კონცეფციით. გელათის მონასტრის მთავარი ეკლესია ერთადერთია, მცირე აზიისა და კავკასიის ისტორიული რეგიონის მასშტაბით, სადაც ჯერ კიდევ არის კარგად შემონახული ბიზანტიური მოზაიკების მსგავსი მოზაიკა და კედლის მხატვრობა, რომელიც აერთიანებს შუა ბიზანტიურ, გვიან და პოსტ ბიზანტიურ პერიოდებს საქართველოში. აღბეჭდილია მეფეების, დედოფლებისა და დიდგვაროვნების 40-ზე მეტი პორტრეტი და შვიდი საეკლესიო კრების უძველესი გამოსახულება“.
ამასთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით, ჯერ კიდევ 2008 წელს მულტიდისციპლინარული კვლევების საფუძველზე შემუშავდა გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის განხირციელებაც ეტაპობრივად, სახელმწიფო რესურსებისა და სხვადასხვა დონორის დახმარებით 2010 წლიდან დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სხვა კომპლექსურ სამუშაოებთან ერთად განხორციელდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია და წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გადახურვების რეაბილიტაცია.
წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვებზე გამოვლინდა სხვადასხვა სახის დაზიანება, რამაც მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავში გამოიწვია წყლის ინფილტრაცია, რის შედეგადაც კედლის მხატვრობა ფრაგმენტულად დაზიანდა.
გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წელს ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დროებითი ღონისძიებების შედეგად, წყლის ინფილტრაცია ამ ეტაპისთვის შეჩერებულია და დაწყებულია გაშრობის პროცესი, რაც დადასტურებულია ერვნული სააგენტოს მიერ და მისი ძალებით, 2020 წლის მარტიდან მიმდინარე კედლის მხატვრობის გეგმიური მონიტორინგის ანგარიშებით. რამაც, შესაბამისი კვლევებისა და დროული ჩარევების განუხორციელებლობის შემთხვევაში, თავის მხრივ, სხვა ტიპის და მძიმე დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ახლო მომავალში. შესაბამისად, გადახურვებთან დაკავშირებული კვლევებისა და საკონსერვაციო ჩარევების პარალელურად, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მასშტაბების გაფართოება და დაზიანებების გამომწვევი მიზეზების მეცნიერულად კვლევის დაწყება უცხოელი სპეციალისტების მეთოდოლოგიური მითითებებით.
მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების დაცვის კონვენციის აღსრულების სახელმძღვანელო პრონციპების შესაბამისად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს და მის მრჩეველ ორგანოებს (ICOMOS, ICRROM) მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძეგლზე მარტიდან გამოვლენილ ხარვეზებთან, ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობასთან, განხორციელებულ და დაგეგმილ გამოსასწორებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით და მიმართა რეკომენდაციებისა და შეფასებების თხოვნით. პასუხად, სახელმწიფომ მსოფლიო მემკვიდროების ცენტრისაგან მიიღო იკომოსის ტექნიკური მიმოხილვა საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც წარმოდგენილია სახელმწიფოს მიერ გასათვალისიწნებელი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეთავაზებები, როგორც გადახურვებთან ასევე, კედლის მხატვრობასთან მიმართებით, მათ შორის საკონსერვაციო მდგომარეობის სტაბილიზაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების მიზნით საჭირო კვლევებისა და ქმედებების განხორციელებისა და კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამისა და გეგმის შედგენის საჭიროების შესახებ.
ამასთან, 2021 წლის 15 იანვარს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ქუთაისში გამართული გასვლითი სესიის შედეგად, რომელიც მიეძღვნა გელათის კომპლექსზე შექმნილი ვითარების განხილვას, 18 იანვარს გამოსცა რეკომენდაციები, რომლის აღსრულებაც/კოორდინაცია დაევალა ეროვნულ სააგენტოს, მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაციით მოთხოვნილია, რომ “2021 წლის 31 დეკემბრამდე, სააგენტომ, UNESCO-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოს გელათის სამონასტრო კომპლექსის შეფასებითი სრულფასოვანი კვლევა ყველა მიმართულებით. კვლევის შედეგებმა განსაზღვროს რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტი და მისი გონივრულ ვადებში ეტაპობრივი განხორციელება.”
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არქიტექტურულ სტრუქტურებში წყლის მიგრაციისა და ინფილტრაციის მიზეზების კვლევა-შეფასებისა, ისევე როგორც არ არსებობენ შუასაუკუნეების პერიოდის მოზაიკის კონსერვაციის სპეციალისტები, აუციელებელია, კვლევითი თუ გამოსასწორებელი ინტერვენციების პროცესში, უკვე კვლევითი ქმედებების დაგეგმვის ეტაპიდანვე ჩაერთოს საერთაშორისო ექსპერტების მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელთა მეთოდოლოგიური მითითებებით განისაზღვრება საკვლევი მიმართულებები, განხორციელებდა საკვლევი ნიმუშების აღება, შეფასდება და გაანალიზდება წყლის ინფილტრაციის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, განისაზღვრება ინტერვენციის მეთოდოლოგია და ტექნიკა ჩარევების მეთოდოლოგიისა და ტექნიკის განსასაზღვრად, რათა გელათის კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დასტაბილურდეს. აღნიშნული აუცილებლობა განსაზღვრულია როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის რეკომენაციებით, ასევე მოთხოვნილია ფართო პროფესიული საზოგადოების მიერ როგორც მასმედიით, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაცულობის უზრუნველსაყოფად და მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ღირსეული ადგილის შენარჩუნების მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუციების ჩართულობით განხორციელდეს შესაბამისი კვლევები და დაიგეგმოს გამოსასწორებელი მოკლევადიანი ქმედებები, რის საფუძველზეც შემუშავდება კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამა. აღნიშნული აქტივობა, თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციებთან, და მისი შესრულება უზრუნველყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მდგრად და გრძელვადიან დაცულობას.“ [/toggle]
—
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის გარკვევაცაა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის მოსთხოვენ პასუხს მსოფლიო მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გამო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება. დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 5-10გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო;
მთაში ღამით 1-3 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა: კარგი, ტალღის
სიმაღლე: 7-12 დმ. ზღვის წყლის ტემპერატურა: +11 გრადუსი.
მომდევნო ორ დღეს, 3 და 4 აპრილს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია უმეტესედ უნალექო ამინდი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსით ჯამში 3 798 პირი გარდაიცვალა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 PCR ტესტით.
პირველი აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 930-მდე.
2 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარაში – 45, იმერეთში – 34, ქვემო ქართლში – 21, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, მათგან: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 820, აჭარაში – 241, იმერეთში – 287.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338, მათ შორის, თბილისში – 139, აჭარაში – 37, იმერეთში -79.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 43, აჭარაში – 4, იმერეთში – 4.
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 155 – თბილისში, 72 – აჭარაში.
3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი აპრილის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 942 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 813, აჭარაში – 1 122, იმერეთში – 928.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი, რის შედეგადაც ორი კომპანიის ხელმძღვანელი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 426 711 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281 123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 168 009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111 667 ლარი“-აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
„ვერ გვეუბნებიან პასუხს, ვერც იმას, რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ,“ – ამბობს ბათუმელი ლადო ხაბეიშვილი. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც 19 თებერვალს ჭავჭავაძის ქუჩაზე წყლის მოულოდნელი ამოხეთქვის დროს დაზარალდა. 19 თებერვლის შემდეგ ლადოს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ვერ გაჰყავს და ვერც კომპენსაციას იღებს. წყლის ამოხეთქვის დროს ქუჩაში სულ 8 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
ლადო ხაბეიშვილის თქმით, დაზარალებულები რამდენჯერმე შეხვდნენ „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ.
„ბოლოს ორი კვირის წინ გვქონდა საუბარი. გვითხრეს, საპატრულო პოლიცია შეაფასებს ზარალსო… მოვიდნენ და ჩემს მანქანასაც გადაუღეს ფოტოები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. დაგვპირდნენ, რომ საპატრულო პოლიციის დასკვნების საფუძველზე გაიცემა კომპენსაცია. ჩემი მანქანა ყველაზე მეტად დაზიანდა… კიდევ ერთი მანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს იმავე დღეს. ჩემს მანქანაში კი, სხვადასხვა დაზიანების გარდა, მთლიანად მოშლილია ელექტროობა და გადაადგილება შეუძლებელია,“ – გვიყვება ლადო ხაბეიშვილი.
„ბათუმის წყალში“ ადასტურებენ, რომ მოქალაქეების კომპენსირების საკითხზე მუშაობენ, თუმცა დაზარალებული მოქალაქეებისგან განსხვავებით აქ განმარტეს, რომ მოქალაქეებმა თავად უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა საპატრულო პოლიციიდან, რაც ამ დრომდე არ წარუდგენიათ.
როგორ უნდა შეაფასოს საპატრულო პოლიციამ რამდენად დაზიანდა ავტომანქანა და რაკომპენსაციის ოდენობა? – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დოკუმენტის მომზადება საპატრულო პოლიციას შეუძლია.
დაზარალებული მოქალაქეების თქმით კი, მათ საპატრულო პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან არ იცოდნენ, რომ ეს მათი საქმე იყო.
„ამ შეფასებას სჭირდება სპეციალური ცოდნა, ანუ ექსპერტი… რა ზარალი მიადგათ ამ ადამიანებს და კომპენსაციის ოდენობა ექსპერტიზამ უნდა დათვალოს,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. დამოუკიდებელი იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია მხოლოდ ცნობას გასცემს იმის შესახებ, რომ ინციდენტი მოხდა და რომელი ავტომანქანები დაზიანდა ამ ინციდენტის დროს.
„მოქალაქემ უნდა შეაგროვოს ეს დოკუმენტაცია და ზარალი შეაფასებინოს ექსპერტს. ეს შეიძლება იყოს სამხარაულის ექსპერტიზა ან სხვა ექსპერტი… როგორც წესი, ამ დოკუმენტაციას აგროვებს მხარე, ვისაც ზიანი მიადგა, თუმცა შემდეგ, კომპენსაციის დროს, ეს ხარჯიც უნდა ანაზღაურდეს,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
19 თებერვალს ბათუმში წყლის ამოხეთქვის დროს დაზიანებული ავტომანქანა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „რივიერა ბიჩს“, რომელიც „სილქროუდის“ შვილობილია, იახტკლუბთან ახლოს პლაჟის ნაწილი 2037 წლამდე იჯარით გადასცა. პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩი“ კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, რომელიც ასევე 2037 წლამდე იჯარით აქვს გადაცემული. ამ ნაკვეთზე კლუბი „ივერია ბიჩია“ განთავსებული. ჯამში ამ კომპანიაზე ზღვის პირას 5 093 კვ/მ ტერიტორიაა გადაცემული.
უშუალოდ პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონის“ მფლობელი კომპანია ბიუჯეტში წელს 18 720 ლარს გადაიხდის, ხოლო 2021 წლის 12 ივლისიდან 2037 წლის 12 ივლისამდე – ყოველწლიურად 24 960 ლარს.
შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 2020 წლის ნოემბერშია გაფორმებული [2020 წლის ივლისამდე პლაჟის ეს მონაკვეთი [1560 კვ/მ] კომპანიას სამწლიანი იჯარით ადრეც ჰქონდა გადაცემული, წლიური ქირა 13 400 ლარი იყო].
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს, პლაჟზე:
„არსებული ნორმების დაცვით დაამონტაჟოს ყველა აუცილებელი ტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობა, რაც მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული;
გასცეს ქვეიჯარით [მეიჯარის, ანუ სამინისტროს თანხმობით];
იჯარით გასცეს ასევე პლაჟზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები [სამომავლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში]“.
„რივიერა ბიჩზე“ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი და პლაჟი [მონიშნულია ყვითელი ფერით]იჯარით აღებული პლაჟის მიმდებარედ, „რივიერა ბიჩი“ 3 533 კვ/მ ნაკვეთსაც სარგებლობს, სადაც კლუბი „ივერია ბიჩი“ მდებარეობს.
ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის კომპანიას ყოველწლიურად 72 660 ლარი უნდა გადაეხადა 2020 წლამდე. შემდეგ კი საიჯარო ქირა ცალკე ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო. თუმცა რეესტრის მიხედვით ასეთი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. ის „ბათუმელებისთვის“ არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებია.
„რივიერა ბიჩი“ სილქროუდის შვილობილი კომპანიაა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ კომპანიის 100% წილის მფლობელია შპს „ესარჯი რიალ ისთეით“, რომლის 95% წილს „სილქ როუდ გრუპი“ ფლობს, 5%-ს კი – „ამფიდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ ჰოლდინგი“.
—
ორი დღის წინ, 30 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბულვარი დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს:
„ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის სამართავად გადაცემა“.
იმავე დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატულ მეტრი პლაჟის გადაცემას აპირებდა, თუმცა მოქალაქეების პროტესტის გამო საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.
ბულვარი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მართავს. თუ ბულვარი სამართავად ბათუმს გადაეცემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქს პლაჟი სრულად გადაეცემა. მაგალითად, ის ნაკვეთი და პლაჟი, რომელიც ამ შემთხვევაში „რივიერა ბიჩს“ აქვს იჯარით, ბულვარის ტერიტორია [კადასტრით] არ არის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
ე.წ. რივიერაზე ანუ იახტკლუბის მიმდებარედ აჭარის საკუთრებაში სხვა ნაკვეთებიცაა, აქედან უმეტესობა იჯარითაა გაცემული და თანხაც აჭარის ბიუჯეტში შედის და არა ქალაქის ბიუჯეტში:
ყვითელი ფერით აღნიშნულია ტერიტორია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია
დღეს, 1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოსული ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან ფაიზერი და ასტრაზენეკა კოვაქსის პროექტის ფარგლებში, არასაბაზრო ფასით არის შეძენილი.
ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვაა ჩვეულებრივ საბაზრო ფასთან მიმართებაში, ვიყიდეთ სადღაც 4-5 დოლარის ფარგლებში. ფაიზერიც ასევე კოვაქსის საშუალებით შემოვიდა არასაბაზრო ფასში და 11-12 დოლარის ფარგლებში. ჩინური ვაქცინა სინოფარმი, რომელსაც ვყიდულობთ უფრო ძვირია, სადღაც 19-20 დოლარის ფარგლებშია. მაგრამ, ამავე დროს, არის მერე დონაცია სხვა ჩინური ვაქცინის, რომელიც უფასოდ ეძლევა ქვეყანას და ასევე თუ იქნა მეორედ და მესამედ მოწოდება, იქ გათვალისწინებული იქნება ეს ფასები. დარწმუნებული ვარ, ჩინური ვაქცინის საბოლოო ფასი არ იქნება დიდად განსხვავებული, სხვა ჩვენს მიერ შეძენილი ვაქცინებისგან”.
„კოვაქს“ პლატფორმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ვაქცინების გლობალური ალიანსის, მთავრობების, მეცნიერების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივაა, რომლის მიზანია ვაქცინებზე წვდომა უზრუნველჰყონ ღარიბი ქვეყნებსთვისაც.
საქართველოში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა. დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ დღეისთვის საქართველოში რეინფექციაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შრის 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და მათგან 3 შემთხვევაა დადასტურებული, “როდესაც ეს არის ნამდვილად რეინფექცია”.
ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტად ინფიცირდება ორჯერ თანმიმდევრულად ისე, რომ ერთ-ერთი შემთხვევა სრულად გამოჯანსაღდა და შემდეგ მეორედ დაინფიცირდა.
“ასეთი ადამიანების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მატულობს. როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ იმ იმედით განწყობა, რომ მას ცოტა ან თითქმის არ ექნებოდა რეინფექციის შემთხვევები, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი. ბოლო კვლევების მიხედვით მიჩნეულია, რომ სულ ცოტა უკვე გადატანილი შემთხვევების 0.68%-ის ხელმეორე ინფიცირება მოხდა და ასევე, დღეისთვის ცნობილია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც თანმიმდევრული და მიზანმიმართული კვლევები მიმდინარეობს, ამ რეინფიცირების შემთხვევების რიცხვი შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ფაქტია, რომ ამ ვირუსით შეიძლება ადამიანი რამდენჯერმე დაავადდეს. შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ”, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.
მარტვილის ცენტრში ხალხი კანტი-კუნტად მიდი-მოდის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ უშლის ხელს ქალაქს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აქ ყველაფერი ხელისგულივით პატარა მოედანზეა თავმოყრილი: მერია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი, მომცრო ღია კაფე, ძელსკამებიანი ბაღი და ბაზრობა.
გაზაფხულის შუადღე დგას. მზის გულზე ბიჭი დგას და ცეკვავს. იქვე დიდი დინამიკია ჩართული. თურქული, ქართული და ინგლისური სიმღერები ენაცვლება ერთმანეთს. ბიჭი არ ჩერდება. რაც უფრო დიდხანს იცეკვებს, მით უფრო მეტ ხურდას ჩაუყრიან პლასტმასის უკვე დაჭმუჭნილ და ფორმადაკარგულ, მომცრო კონტეინერში.
წელიწადზე მეტია უკვე ასეა. მამუკა ფოცხორაია დილის 5 საათზე იღვიძებს, სოფლიდან მარტვილში 6 საათზე ჩამოდის, გათენებას ელოდება და ცეკვას იწყებს, ცეკვას დედისთვის, რომელსაც გულის სარქვლის ოპერაცია სჭირდება. ცეკვას სახლისთვის, რომელიც არ აქვს.
ოპერაცია სასწრაფოა. მამუკას დედა, ნატო ფოცხორაია ვეღარ სუნთქავს, უჭირს ლაპარაკი და გადაადგილება, რადგან გულის აორტა არ იხურება, სისხლი ფილტვში გროვდება და მდგომარეობა თანდათან მძიმდება.
გულის სარქვლის 12- ათასლარიანი ოპერაცია 8500 ლარით ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით, მარტვილის მერია მზადაა გამოყოს 1000 ლარი ამ თანხაზე დასამატებლად, დარჩენილი 2500 ლარი მამუკამ ქუჩაში ცეკვით უნდა შეაგროვოს დედისთვის.
დღის ბოლოს შეგროვებული ხურდები მამუკას ბანკში მიაქვს და საკუთარ ანგარიშზე ინახავს, რომ არ დაეხარჯოს. ნაწილი დედასთან მიაქვს, ყოველდღიური წამლის საყიდლად.
ცეკვავს ყველგან, სადაც ხალხმრავლობაა: კვირა-პარასკევს მარტვილის დიდ ბაზრობაზე, სხვა დღეებში ქალაქის ცენტრში, ბანკის წინ, ბაღში ან ტრასაზე, სადაც ავტომანქანები მიდი-მოდიან.
28 წლის მამუკა ფოცხორაია გათენებიდან ცეკვავს მარტვილის ცენტრში, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში. მისი ოცნება დედის ოპერაციისთვის ფულის შეგროვება და სახლის ყიდვაა.
„სადმე ხომ უნდა არსებობდეს კარი, რომელიც სულ ღია იქნება ჩემთვის”
28 წლის მამუკა ფოცხორაია ორჯერ იწვა ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ბოლოს გამოიქცა.
„ვჩხუბობდი, ვჩხუბობდი სულ – ხან ვისთან, ხან ვისთან და ფსიქიატრიულში დამაწვინეს. როცა დამტოვეს და წავიდნენ, ტირილი დავიწყე. დამიწყეს ნემსების კეთება. ისეთ წამლებს მასმევდნენ, მთელი დღე მეძინებოდა. კარი ჩამოვიღე და გამოვიქეცი. მერე დამსაჯეს მაგრად. ჩაკეტილი ვიყავი“, – იხსენებს მამუკა.
მას არც შშმ პირის სტატუსი და, შესაბამისად, არც პენსია აქვს დანიშნული. დედა და მამუკა ბოლო რამდენიმე წელია ბიძასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახი თავს მოხუცის პენსიით და მამუკას ცეკვით გამომუშავებული თანხით ირჩენს.
მამუკას მშობლები ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდნენ. მამის სახლიდან წამოვიდნენ. სახლი, სადაც მამუკა გაიზარდა, რამდენიმე წლის წინ დაიწვა. მშობლების დაშორების შემდეგ ის დედასთან და და-ძმასთან ერთად ახლობლების სახლებში ცხოვრობდა. მამუკა დედასთან ერთად ახლა ბებიის და ბიძის სახლს აფარებს თავს.
მისი ოცნება საკუთარი სახლია. სახლი მარტვილში.
„დაიწვა მამაჩემის სახლი, სადაც გავიზარდე და საიდანაც გამოგვაგდეს. სახლი არ მაქვს. ბიძასთან ვცხოვრობთ, ზოგჯერ მთვრალი მხვდება და თავს ვარიდებ, მოვდივარ სახლიდან.
მინდა სახლი მქონდეს და ოჯახი შევქმნა. რომ დაღამდება, მეცოდინება მაინც, რომ ჩემს სახლში ვიქნები. ხან ვისთან ვართ მე და დედა, ხან ვისთან. ერთგან გვეჩხუბებიან, სხვაგან მივდივართ, მერე კიდე სხვაგან და გრძელდება ასე.
ბევრჯერ მშიერს დამიძინია, მაგრამ არასდროს მომიპარავს. ხშირად ჭკუას მარიგებენ, არ მოიპარო მამუკა, რაც არ უნდა გაგიჭირდესო. მწყინს. ვიცი რა არის კარგი და ცუდი, მოპარვა რომ მინდოდეს, ქუჩაში ცეკვას კი არ დავიწყებდი.
ცოტა რთულია ცხოვრება, მაგრამ ღმერთი გადმომხედავს, არ გამწირავს, ჩემი ოცნებაა სახლი და მერე დაოჯახება. სადმე ხომ უნდა არსებობდეს კარი, რომელიც სულ ღია იქნება ჩემთვის.
ხალხი მშიერია და შენ რა გაცეკვებსო, მეუბნებიან. რომ არ მომეპარა, ცეკვა გადავწყვიტე. თუ არ გსიამოვნებს ნუ შემომხედავ, თუ გინდა დამიგდე ხურდა და გაიარე, გზა ფართოა. არ მოვიპარავ, არ მინდა ციხე და ჟეჟვა, მირჩევნია ცეკვამ მომკლას და გამამწაროს.
ხანდახან შურიანები არიან ადამიანები. მეუბნებიან, ამოიღე საფულე და აჩვენე ყველას, რამდენი გაქვსო, არავის ვაჩვენებ. სხვა მაბარებს ანგარიშს ვინ რას შვრება? შემიგროვდება ამ კაპიკებით ყველაფრისთვის, რაზეც ვოცნებობ“, – ამბობს მამუკა.
„მთელმა მარტვილმა იცის მამუკას ამბავი – დედის ოპერაციისა და სახლისთვის რომ აგროვებს ფულს. წელიწადზე მეტია, რაც ბაზრობაზე გამოჩნდა. ვხედავდი, დინამიკით რომ დადიოდა და ვუთხარი. დადექი აქ მამუკა, იცეკვე მუსიკაზე, ხალხი გაამხიარულე და რაღაცას ყველა მოგცემს-მეთქი. ვეხმარებით რითაც შეგვიძლია, მაგრამ რამდენი უნდა დაეხმარო 2500 ლარი რომ შეგროვდეს ასე უცებ? მარტში უკვე უნდა გაეკეთებინა დედამისს ოპერაცია“, – გვეუბნება პროდუქტების გამყიდველი რევაზ სულავა მარტვილის ბაზრობაზე, სადაც მამუკა ცეკვავს ხშირად.
პროდუქტების გამყიდველი, რევაზ სულავა და მამუკა ფოცხორაია მარტვილის ბაზრობაზე.
„არავინ მინდობს, მაგრამ მთავარია მე არ დავუშავო არავის არაფერი”
მამუკა ამბობს, რომ რასაც დღის განმავლობაში აგროვებს, ძირითადად ინახავს და საჭმელში ფული არ ეხარჯება – ხილის, ბოსტნეულის, პურის გამყიდველები ბაზრობაზე, ყველა აგროვებს დღის განმავლობაში რაც აქვს, ხან ვაშლს, ხან პურს და ყველს და მამუკას უმასპინძლდებიან.
„გული გვიკვდება, წვიმაში რომ ცეკვავს, სულ სველია ხოლმე. მეცოდება და ამ დიდ ქოლგას ვუდგამ ხოლმე, შეეფარე და ისე მაინც იცეკვე-მეთქი, ვეუბნები. ყველა ვამბობთ დავეხმაროთო, მაგრამ ლარით და 50 თეთრით ყოველდღე რას უშველი ამ გაჭირვებას. დედა სასწრაფოდ საოპერაციო ჰყავს, ბიძასთან არიან, იმ ბიძას თავისთვის არაფერი აქვს, ამათ რა აჭამოს. ცეკვავს ასე და კაპიკ-კაპიკ აგროვებს ფულს“, – ამბობს მარტვილის ბაზრობაზე მზის ქოლგის ქვეშ მდგარი ყვავილების გამყიდველი.
გამთენიიდან დაწყებულ ცეკვას 16:00 საათზე ამთავრებს მამუკა და 5 საათისთვის მარტვილიდან ინჩხურში ბრუნდება. სოფელში საქმე ელოდება: ძროხა უნდა დააბას, თივა ჩაუყაროს, შეშა უნდა დააპოს და შეიტანოს სახლში, ფეხსაცმელი და სამოსი უნდა მოამზადოს მეორე დღისთვის.
„ნერვები უნდა დავიწყნარო, სახლში ერთს სიგარეტი უნდა, მეორეს კიდე რაღაცა… არავინ მინდობს, მაგრამ მთავარია მე არ დავუშავო არავის არაფერი, აქეთ ნუ დამინდობენ, არაუშავს.
სახლში ერთადერთი შემომტანი მე ვარ. ბაზარში რომ მხედავენ მთელი დღე ვცეკვავ, ხან ხილს მაძლევენ, ხან პურს, დაღლილი იქნები და უნდა ჭამოო, მეუბნებიან. ზოგჯერ რაღაცებს სპეციალურად ჩემთვის ყიდულობენ და მაძლევენ. მოცემულ პურსაც შუაში ვყოფ, ნახევარს ვჭამ, ნახევარი სახლში მიმაქვს.
დღის ბოლოს შეგროვებულ ფულს მამუკა ფოცხორაია ინახავს, ყოველდღე მიდის ბანკში და საკუთარ ანგარიშზე თითო ლარს ლარზე ამატებს.
„დედაჩემის პენსია და მამუკას ცეკვა – ესაა ჩვენი შემოსავალი”
მამუკას დედა, ნატო ფოცხორაია გულის სარქვლის დაავადების მძიმე დიაგნოზის დასმამდე თურქეთში მუშაობდა. ნათესავებთან მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ მან გადაწყვიტა ასე გამოემუშავებინა სახლის საყიდლად ფული.
„ქმარს რომ დავშორდი, შვილებთან ერთად ხან სად ვიყავით და ხან სად. მერე ერთმა ნათესავმა, სუფთა ქალი ხარ შენ და ჩემს ბინაში იყავი, თან მიმიხედავო, თვითონ საბერძნეთში წავიდა. ასე ვიცხოვრეთ 15 წელი მის ბინაში, მერე დაბრუნდა ეს ღვთისნიერი ადამიანი თავის ქვეყანაში და დავცალეთ სახლი. ვიცხოვრეთ ხან სად, ხან სად. ამასობაში მამუკას და-ძმა დაქორწინდა. მამუკა მრჩებოდა უსახლკაროდ. ისე კარგად ვიყავი, ვფიქრობდი მთებს დავძრავ და შვილს სახლს როგორ ვერ მივუჩენ-მეთქი, მაგრამ 4 თვეში ძალიან ცუდად გავხდი თურქეთში, ქართველები ძალიან დამეხმარნენ, ჩავიტარე გამოკვლევები და დადგინდა, რომ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. ჩამოვედი და მას მერე აქ ვარ. აღარ შემეძლო მუშაობა. დედაჩემის პენსია და მამუკას ცეკვა – ესაა ახლა ჩვენი ოჯახის შემოსავალი“, – გვიყვება ნატო ფოცხორაია.
„სახელმწიფო არაფრით მეხმარება, მდიდარი ხარო. ჩემთვის არანაირი პენსია არაა, არაფერი მჭირს”
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ჩვენს და არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში მარგინალიზებულები არიან. ,,გიჟი“, ,,შეშლილი“, ,,ვერ არის კარგად“, ,,სულელი“, ,,აფრენს“. უამრავი დამამცირებელი სიტყვით მოიხსენიებენ მწვავე და მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონეებს. შესაბამისად, მათაც ხშირად აქვთ საკუთარი დაავადების მიუღებლობა, არ აღიარებენ პრობლემას, უარს ამბობენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და სტაციონარში განთავსებაზე – მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში თანდათან უარესდება.
მიუხედავად იმისა, რომ მამუკა 2-ჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ვერ მიიღო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სრული სერვისი, რადგან გაიქცა. ის არც ახლა იღებს საჭირო მედიკამენტებს. ზუსტად რა ტიპის ფსიქიკური აშლილობა აქვს, ჩვენთვის უცნობია, ეს ინფორმაცია ბათუმის კლინიკურ საავადმყოფოში ინახება და კონფიდენციალურია.
მამუკა ფოცხორაიას არ აქვს შშმ პირის სტატუსი და, შესაბამისად, არც პენსიას იღებს სახელმწიფოსგან. ამას გვიდასტურებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურიც. მეტიც: რომ დაენიშნოს მამუკას პენსია, ის არც ერთ მისამართზე არ არის რეგისტრირებული. პირველ რიგში საჭიროა ჰქონდეს მისამართი.
მისამართი არ ჰქონდა არსად არც მამუკას დედას, ნატო ფოცხორაიას. ის მამუკას ახლობელმა, ბაზარში მომუშავე რევაზ სულავამ ჩაწერა საკუთარ სახლში, რომ ქალს სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში გათვალისწინებული ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი მიეღო. ნატო ფოცხორაიამ ვერ შეძლო ჩაწერილიყო ძმის სახლში – იქ, სადაც ახლა რეალურად ცხოვრობს შვილთან ერთად. ძმას სახლი საკუთარ სახლზე გაფორმებული არ აქვს.
იმისთვის, რომ მარტვილის სოციალურმა სამსახურმა მისი, როგორც შშმ პირის სტატუსი განიხილოს და გადაწყვიტოს დაენიშნება თუ არა პენსია, საჭიროა ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მისი ექიმის ოფიციალური მიმართვა და დოკუმენტების მარტვილში ჩატანა, ასევე რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართის არსებობა.
პენსია საქართველოში მხოლოდ პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს ენიშნება, პირველი ჯგუფი, ანუ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები პენსიის სახით ყოველთვიურად 250 ლარს იღებენ. მეორე, მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს 140 ლარი აქვთ ყოველთვიურად. მესამე ჯგუფის შშმ პირებს პენსია არ აქვთ. მამუკას სტატუსი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმებმა უნდა განსაზღვრონ.
ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებს. ოდესღაც, როცა მამუკა და მისი და-ძმები პატარები იყვნენ, ოჯახი შემწეობას იღებდა – თვეში 35 ლარს თითო წევრზე.
„ეს დიდი ხნის წინ იყო. როცა შვილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მერე ეს დახმარება ერთად გამოვიტანე ბანკიდან, ბევრი არ იყო, სულ 180 ლარი – მამუკას მკურნალობისთვის, ერთხანს ვიხდიდი, მერე ვეღარ, ალბათ გაიზარდა, გაიზარდა ვალი და მერე რა მოხდა არ ვიცი“, – ამბობს ნატო ფოცხორაია.
„სახელწიფო ჩემთვის არ არის, არაფრით მეხმარება, მდიდარი ხარო. მაცეკვებს ეს მთავრობა. არც პენსიაა ჩემთვის, რა მჭირს? კარგად ვარ, ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვაზროვნებ“, – ამბობს მამუკა.
სიღარიბის ზღვარზე მყოფი მამუკა ფოცხორაიას ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. მამუკას არც შშმ პირის სტატუსი აქვს, შესაბამისად – არც პენსია.
სახელმწიფო ვალდებულია…
მარტვილში ან ამ მუნიციპალიტეტთან ახლოს არც ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო არ არის. მამუკას მომსახურების მისაღებად სჭირდებოდა ბათუმში წასვლა. როგორც თავად აღწერს, ,,ტიროდა, როცა ტოვებდნენ კლინიკაში და მიდიოდნენ“. შემდეგ კი ამ განცდის გამო გაიქცა კიდეც საავადმყოფოდან. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, შინ წამლების მიღების ან მარტვილთან ახლოს, სადაც მას ,,შორს“ ყოფნის განცდა არ ექნებოდა, შესაძლოა მას არ ეთქვა უარი მკურნალობაზე. მეტიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს შემუშავებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოს ვალდებულება.
სხვა ვალდებულებებს შორის ნახსენებია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ან შინ მიიღოს მომსახურება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ნაკლებად შემზღუდველ გარემოში.
ამავე კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულია „მაქსიმალურად იქნეს დაცული პირის უფლებები და ღირსება, უზრუნველყოფილ იქნეს მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის, EMC-ის კვლევაში, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოს კონტექსტს ეხება, აღნიშნულია, რომ ფსიქიატრიული საწოლები საერთოდ არ არის არამხოლოდ სამეგრელოში, არ არის ასევე არც მცხეთა-თიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გორში, კახეთსა და გურიაში.
ამავე კვლევის მიხედვით, ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობა საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. მულტიპროფილური კლინიკებისთვის ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა ფინანსურად არამიმზიდველია. კვლევის რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს პროვაიდერების დაინტერესება, უნდა უზრუნველყოს ფსიქიატრიული საწოლების რეგიონალური განაწილება და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
„უსახლკარობამ დამანგრია”
„ხან ვინ გამოგვყრიდა სახლიდან და ხან – ვინ. ამდენმა წოწიალმა გადამრია, სულ ვჩხუბობდი. კი ვიყავით სხვის სახლში სულ და მორიდებით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სულ მოითმენ დამცირებას და შეურაცყოფას როცა გაყენებენ, ვერ მოითმენ. უსახლკარობამ დამანგრია. დაოჯახებული მაინც ვიყო, დედაჩემს ჩემთან წავიყვანდი, მაგრამ ცოლი როგორ მოვიყვანო უსახლოდ?“ – ამბობს მამუკა.
უსახლკარობა მის მსგავსად ფსიქიკური აშლილობის მქონე არაერთ ადამიანს აწუხებს. სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში სტაციონარში 6 თვეზე მეტხანს ჰოსპიტალიზების 1067 შემთხვევა იყო აღწერილი. პაციენტები ვერ ეწერებოდნენ სტაციონარიდან, რადგან არ ჰქონდათ საცხოვრებელი ან ხელი არ მიუწვდებათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო სერვისებზე.
ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ზემოთხსენებული სახელმწიფო კონცეფცია ვერაფრით დაეხმარა მამუკა ფოცხორაის. უსახლკაროდ და უმძიმესი შრომით შელახულია მისი პატივი და ღირსება, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მსურველები ხშირად აძლევენ ხურდებს და გულშემატკივრობენ, არაერთხელ ხდება დაცინვის, აბუჩად აგდების სამიზნე. ამას ის გრძნობს და მუდმივად დაძაბულია, შეშინებული და აღელვებული.
მისი უფლება დიდი ხანია დარღვეულია სხვა მხრივაც. 28 წლისას არასდროს მიუღია პენსია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შშმ პირის სტატუსიც კი არ აქვს. მართალია, თავად არ აღიარებს საკუთარ პრობლემას, მაგრამ მისთვის არავის აუხსნია, რომ თუ მიიღებს რეალობას, ექიმის დასკვნას ჩამოიტანს ბათუმიდან და წარადგენს მარტვილის სოციალურ სამსახურში, თუ ვინმესთან ჩაწერასა და რეგისტრაციას მოახერხებს მისამართზე, არსებFობს შესაძლებლობა, რომ მან შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსია მიიღოს, რაც მამუკასთვის დიდი შეღავათი იქნებოდა.
– მარტვილში მითხრეს, აქამდე ჩამოიტანე მამუკას დიაგნოზი ბათუმის ფსიქიატრიულიდან და დაენიშნება პენსიაო. ავად ვარ, ვერ გადავაადგილდები, ბათუმში ვერ ჩავაღწევ – ამბობს მამუკას დედა.
– ჩამოგვიტანოს დიაგნოზი, ექიმის მომართვა, აქ უნდა ჩაეწეროს სადმე და განვიხილავთ საკითხს. ჩვენით ხომ ვერ ჩამოვიტანთ საბუთს, ვინმე ,,მისიანი“ უნდა დაეხმაროს – ამბობენ მარტვილის სოციალურ სამსახურში.
– შშმ პირის პენსია? ეგ რა არის? – ვუხსნით რაც არის. თავს ხრის, თვალს გვარიდებს.
ავად კი არ ვარ – ამბობს მამუკა.
საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები მარგინალიზებულები არიან. ხშირად ისინი თავადაც არ აღიარებენ პრობლემას და უარს ამბობენ მედიკამენტოზურ, სტაციონარულ მკურნალობაზე.
სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე რამდენიმე მკითხველმა მამუკას დახმარების სურვილი გამოთქვა და გვთხოვეს გამოგვექვეყნებინა მისი ანგარიშის ნომერი, სადაც ყოველდღიურად ცეკვით გამომუშავებულ ფულს აგროვებს.
ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სრულწლოვანი [18 წლის და მეტი] მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს თემის მობილიზატორის პოზიციაზე.
დასაქმების პერიოდი: 20.04.2021 -30.08.2021
ანაზღაურება: თვეში 630 ლარი
ვაკანსიის რაოდენობა: 15 მობილიზატორი
[checklist]
მოვალეობები:
[/checklist]
მობილიზატორი ვალდებულია, ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, ყოველკვირეულად, 4 დღის განმავლობაში, დაბა ქედასა და 64 სოფელში, მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს ქედის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ, კარდაკარის კამპანიის ფარგლებში;
ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში აწარმოოს კონსულტაციები და გაუწიოს დახმარება მოქალაქეებს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინრეგისტრაციის პროცესში;
მონაწილეობა მიიღოს მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში ჩასატარებელი კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში და შეასრულოს დამკვირვებლის როლი სამი დღის განმავლობაში;
ყოველკვირეულად შეადგინოს წერილობითი ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
[checklist]
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
[/checklist]
ქართული ენის (წერითი და ზეპირი) სრულყოფილი ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა;
ელექტრონული ფოსტით სარგებლობის გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს.
შერჩეულ კონკურსანტებს უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ჩაუტარდებათ ტრენინგების კურსი, თემებზე:
ადილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები;
სამოქალაქო ბიუჯეტირება;
თემში მუშაობა;
პრობლემის ანალიზი;
საპროექტო განაცხადის შედგენა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოს რეზიუმე (CV) და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: ijhbatumi2001@gmail.com
შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:
წარმოდგენილი რეზიუმეს (cv) ანალიზი;
გასაუბრება – კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით. შესაძლოა, კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კოვიდზე ვაქცინირებული პირებიდან საქართველოში გვერდითი მოვლენები და რეაქციები 4 ადამიანს გამოუვლინდა.
„ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დასჭირდათ ინტენსიური თერაპია და ჰოსპიტალიზაცია და ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები. ისეთი პირები, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ჰქონოდათ ამ ტიპის გამოვლინებები, სულ 27 პირი იყო რეგისტრირებული“, – ამბობს ზახაშვილი.
ეს განცხადება ზახაშვილმა ფეისბუქლაივის დროს გააკეთა.
ამავე ეთერში ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, „კოვიდვაქცინირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ხშირია 1-2 დღის განმავლობაში, ვიდრე იმ კალენდარულ ვაქცინებზე, რასაც ჩვენ ვიყენებთ ბავშვთა ასაკში და ასეთ დროს გვერდითი მოვლენები მერყეობს 5-დან 60 პროცენტის ფარგლებში.
ეს არის ტემპერატურის მომატება, კუნთების, სახსრების და თავის ტკივილი, დაღლილობა, ადგილობრივი სიწითლე ინექციის ადგილზე და არის კიდევ იშვიათი რეაქციები, რომელიც აღინუსხება სპეციალურ შეტყობინებებში და ამაზე ისაუბრა უკვე ხათუნა ზახაშვილმა“, – თქვა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის სარგებელი იმდენად დიდია, რომ ყველანაირად წონის იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც შეიძლება ვაქცინაციის შემდგომ გამოვლინდეს. „რადგან ვაქცინაცია ადამიანს იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და დაავადების დამძიმებისგან“.
დღეს, პირველ აპრილს, ფეისბუქლაივის დროს გამყრელიძემ და ზახაშვილმა ასევე ისაუბრეს მკვეთრად გამოხატულ ალერგიაზე.
„ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდგომ, მკვეთრად გამოხატული ალერგიის შემთხვევაში, ამ ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ მეორე დოზა იგივე ვაქცინით არ გაუკეთდეს. ასევე, კოვიდვაქცინა არ უკეთდება იმ ადამიანს, რომელსაც მოცემული მომენტისთვის აქვს მწვავე დაავადება.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი აპრილის 16:00 საათის მდგომარეობით, კოვიდზე 8 536 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ არც ერთ ვაქცინაზე, რომლებიც გამოიყენება კოვიდის საწინააღმდეგოდ, არ არის ჩატარებული კვლევები ორსულებში მათი გამოყენების შესახებ.
„თუმცა არის ცდები ჩატარებული ცხოველებზე და აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არც ერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს. თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის. შესაბამისად, ორსული ადამიანების აცრაზე პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.
მისი თქმით, „თუ მაინც აიცრება ქალი, როცა ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის ჩვენებას“.
ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზეც. „რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს, ეს ადამიანები ითვლებიან იმ კატეგორიად, რომლებსაც აქვთ კოვიდის მიმდინარეობის ძალიან მძიმე რისკი, ამიტომ თავიანთ ექიმებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ამ პირების დროული ვაქცინაცია, რომ შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა მოხდება სრულფასოვნად“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
___
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდზე ამ დროისთვის სულ 8 536 ადამიანი აიცრა.
„შეთანხმების გარეშე კრიზისი ვერ დასრულდება,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ კრიზისის დაუსრულებლად, უკუსვლით სცადოს ქვეყნის მიყვანა 2024 წლის არჩევნებამდე.
კრიზისის განმუხტვის რა რესურსი დარჩა და როგორ შეიძლება მართოს ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტიდან „ქართულმა ოცნებამ“, თუკი სტატუს-კვო შენარჩუნდება? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD აღმასრულებელი დირექტორია.
ბატონო ლევან, სად ვართ ახლა პოლიტიკურად? თქვენ რა შთაბეჭდილება შეგიქმნათ მოლაპარაკების მეორე რაუნდმა?
ჩვენ ვართ ისევ ჩიხურ ვითარებაში, მგონი კარგი გამოსავალი აღარ გვაქვს. ოპოზიცია ამ მოცემულობით აგრძელებს ბოიკოტს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, მეორე მხრივ კი, გვექნება საპარლამენტო მმართველობა, რომელიც არ კონტროლდება პარლამენტის შიგნით ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც მოქცეულია საპარლამენტო, საკანონმდებლო სივრცეში. დიდი იმედი მქონდა, რომ მეორე რაუნდზე მოხერხდებოდა რაღაცის მიღწევა… ახლა გვაქვს ცუდი და უარესი გამოსავალი, ეს უკვე დამოკიდებული იქნება ალბათ პოლიტიკოსებზე და უფრო და უფრო ხმამაღლა, ორგანიზებულად უნდა იმოქმედოს სამოქალქო სექტორმა. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური კლასი ამ ვითარებაში ვერ ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას, რაც მას აკისრია.
რა შეიძლება იყოს ეს ცუდი და უარესი გამოსავალი?
ყველაზე ცუდი გამოსავალი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება. ყველა მხრიდან ისმის ეს რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კრიზისს… მოლაპარაკებიდან ახალგამოსული ხალხი პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ვიღაცები კრიმინალები არიან. ჩვენ გვაქვს არა პოლიტიკური, არამედ ძალაუფლების ჭიდილი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება უფრო ცუდი შედეგებითაც დამთავრდეს. ნუ გვეგონება, რომ წარსული არ არის მომავლის პროლოგი.
გამორიცხავთ, რომ ევროკავშირმა ისევ შეასრულოს მედიატორის როლი და შედგეს შეთანხმება?
წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი, იქნება თუ არა მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი. არც ის გამიკვირდება, რომ თქვას ევროკავშირმა, ჩვენ დაგეხმარეთ და თუ გინდათ ევროპული მომავალი, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, საკითხები, რომლებიც დღეს საქართველოს აღელვებს: პოლიტიზებული მართლმსაჯულება, საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლოები, საპარლამენტო ძალაუფლების განაწილება, პატიმრების საკითხი, ესენი გადაწყვიტეთ და მერე გველაპარაკეთ დანარჩენზეო. იმედია, განაგრძობს ევროკავშირი მედიაციას.
თქვენი აზრით, რატომ არ იყო ვადამდელი არჩევნების საკითხი დანიელსონის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტში? „ოცნება“ ამაზე აპელირებს, რომ რეალურად დასავლელ პარტნიორებს არ აქვთ კითხვები არჩევნების ლეგიტიმურობაზე, ხოლო ოპოზიციისთვის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტის ჩატარება ერთგვარი „წითელი ხაზია“.
ვფიქრობ, წითელი ხაზების ასე გავლება არის არასწორი. წითელი ხაზები ყველა მხარემ თავიდანვე უნდა გაავლოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
საბოლოო დოკუმენტში მეც ვერ ამოვიკითხე საკითხი არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ნათელი და გასაგები იყო, რომ ამაზე კომპრომისი არ იქნებოდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკების ეტაპზე იყო ამაზე მსჯელობა. სამწუხარო რეალობაა, რომ სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას და ინტერპრეტაციას ვისმენთ, როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის მხრიდან. გეგონება, რომ ერთსა და იმავე შეხვედრაზე არ იყო ეს ხალხი.
ესეც დამატებით აჩენს უნდობლობას, სკეპტიციზმს. ჩემი აზრით, საზოგადოების დაკვეთა არის შეთანხმება. ყველაზე მეტად ეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას, რომელიც უზომოდ დაღლილია ამ პოლიტიკური ბატალიებით.
ამას ემატება კოვიდი, მზარდი სიღარიბე, უთანასწორობა, გაჭირვება, დაძაბულობა ქვეყანაში. რეალურად ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველო იქცეს არშემდგარ სახელმწიფოდ, რომელიც ვეღარ ახერხებს თავისი მთავარი ფუნქციების შესრულებას. დაუსრულებელი კრიზისი იწვევს პოლიტიკური ინსტიტუტების ლპობას, მით უმეტეს კრიზისი, რომელიც არის ფოკუსირებული ოპონენტების ლანძღვაზე. ამას ვერც ერთი სახელმწიფო დიდი ხანი ვერ გაუძლებს.
თუ ეს სტატუს-კვო შენარჩუნდება, როგორ შეძლებს „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას?
„ოცნება“ კი ამბობს ხშირად, რომ კრიზისი ხელოვნურიაო, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს კრიზისი. როდესაც გაქვს კრიზისი, ბუნებრივია, გიჭირს სახელმწიფოს მართვა და ეს მოულოდნელი გადადგომები, ხალხის წასვლა… ფაქტობრივად, წესიერი მართვა ვერ ხერხდება. წარმოიდგინეთ, ვაქცინაციის პროცესში ექიმები არ იკეთებენ ვაქცინას, იმდენად მოუმზადებელი შეხვდა ჩვენი სახელმწიფო ვაქცინაციის დაწყებას. ამაზე მეტი უუნარობა ქვეყნის მართვაში რა უნდა იყოს? საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს აქვს ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დაავადების, სიღარიბის გამო.
თქვენი დაკვირვებით, რა გზით აპირებს „ოცნება“ ამ კრიზისიდან გამოსვლას ერთპარტიული პარლამენტის პირობებში?
კრიზისის განმუხტვას აუცილებლად სჭირდება შეთანხმება, სხვაგვარად კრიზისი ვერ განიმუხტება.
არა მგონია, რომ მოხერხდეს 2024 წლამდე ასე მშვიდად, უპრობლემოდ მისვლა. ხშირად ჩნდება ამ ქვეყანაში განცდა, რომ აი, მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, როგორმე შემდეგ არჩევნებამდე მიათრიოს ქვეყანა. ასე შესაძლოა მოხდეს ახლაც: მიტინგების, გამოსვლების, უკმაყოფილების ფონზე და წუმპეში, სადაც ახლა არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ზოგადად ქვეყანა. არ გამოვრიცხავ, რომ ასე მოხდეს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოების ერთიანობა მინიმალურ დონემდე მაინც შევინარჩუნოთ, სახელმწიფოს ამბიციური მმართველობის მიზნები დავისახოთ, ამბიციურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს მივაღწიოთ, ეკონომიკური გაჯანსაღება დავიწყოთ, სიღარიბე დავძლიოთ რაღაც მნიშვნელოვანი პროცენტით მაინც, ამას ვერ მივაღწევთ, ეს ხომ ნათელია? ვინ უნდა დახარჯოს ფული ქვეყანაში, სადაც მუდმივი კრიზისია?
რატომ არის „ოცნებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელი ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი?
მე, პირადად, პლებისციტი მიმაჩნია ყველაზე გონივრულ ნაბიჯად არათუ ასეთი გახანგრძლივებული კრიზისის დროს, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება… პლებისციტის და პირდაპირი დემოკრატიის სხვადასხვა ფორმის უფრო ხშირად გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობა დავაბრუნოთ.
ნების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია შეთანხმება დემოკრატიული, გამოცდილი ფორმების გამოყენებით. პრობლემა არის ის, რომ იმდენად რადიკალურად არიან პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მიმართ განწყობილი, იმდენად დარწმუნებულები საკუთარ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში, რომ ნებისმიერი კომპრომისი ყველას ჰგონია ღალატი. ჩვენი კულტურის გამოვლინებაც არის: არ დაუთმო, ბიჭო!
ოპოზიციას რა შეიძლება დაეთმო, რა კომპრომისზე უნდა წასულიყო?
მაგალითად, ოპოზიცია ითხოვდა ნაადრევ არჩევნებს, პლებისციტი უკვე კომპრომისია. კიდევ სხვა ფორმებიც შესაძლოა მონახულიყო და პლებისციტი არ დარქმეოდა ამას. მე არ ვიცი, იქ რა ხდებოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან, რის დათმობაზე და რის არდათმობაზე იყო საუბარი. ვინ ამბობს მართალს და ვინ ტყუილს, ეს ახლა რთული შესაფასებელია.
მრავალპარტიული ფონის შესაქმნელად რამდენად შესაძლებელია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე შექმნან სატელიტი პარტიები?
სატელიტი პარტიების შექმნა ძალიან გამოცდილი მეთოდია ქართულ პოლიტიკაში და ეს ახალი სიტყვა არ იქნება, მაგრამ ახლა ამით ვინ უნდა მოატყუო? თუმცა, მეორეცაა: სატელიტური პარტიების არსებობის ამოცანაა ისიც, რომ ოპოზიციის ელექტორარული ბაზა შევიწროვდეს და გაჯერება სხვა, უფრო კონსტრუქციული ოპოზიციით, როგორც უწოდებენ ამას.
რა ელით ოპოზიციურ პარტიებს ამ მოცემულობაში?
ძალიან რთული ამოცანა აქვთ. ოპოზიციამ ამ ვითარებაში უნდა შეძლოს და სამომავლო მოქმედების ნათელი, ეფექტური, დემოკრატიული სტრატეგია წარმოადგინოს: როგორ ხედავს არა ამხოლოდ „ოცნებასთან“ პაექრობას, არამედ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს. როგორ შეუძლია არ იყოს პარლამენტში, დელეგაციებში, მაგრამ მაინც ღირებული როლი შეასრულოს და ამავდროულად შეინარჩუნოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ეს ძალიან რთულია დღეს, რადგან, აი, რეიტინგებსაც თუ შევხედავთ, დაბალი მხარდაჭერა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. მხარდაჭერის გაზრდა არის ძალიან რთული ამოცანა და ეს საჭიროებს ინოვაციურ, ახლებურ გააზრებას.
ყოფილი პრემიერი – გიორგი გახარია ცდილობს ამჯერად ე.წ. შუაშისტების მიმხრობას. თქვენი აზრით, ჩაანაცვლებს გახარია ოპოზიციას?
არა მგონია, რომ დღევანდელი ოპოზიციის ასე ჩანაცვლება შეძლოს. გიორგი გახარიას უფრო ვხედავ „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ამომრჩევლის ახალ იმედად. ამ რადიკალიზაციის დანერგვაში გახარიას ძალიან დიდი როლი აქვს და ახლა საუბრობს, რომ თურმე რადიკალიზმი ცუდი ყოფილა. არაფერს ვამბობ მისი საუბრის ტონზე, როცა პრემიერი იყო, საუბრები ოპოზიციის დასრულებაზე, გაქრობაზე, ასევე გადაჭარბებით ძალის გამოყენებაზე. ასეთი სიტყვები როცა ქვეყნის პრემიერისგან გესმის, მეტი რადიკალიზაცია რა გინდა? მოკლე მეხსიერების იმედი თუ აქვს, შესაძლოა, ზოგს აქვს ეს მოკლე მეხსიერება, ზოგს – არა, მაგრამ ასე უცბად გახარია აღმოჩნდეს დამოუკიდებელი, მიუმხრობეელი ამომრჩეველის იმედი, არა მგონია.
სად რჩება ამჯერად შეთანხმების რესურსი და რა როლი ეკისრება ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის სიძლიერესაც გაუსვა ხაზი ანდერსონმა?
სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ისაუბროს და შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც ამ კრიზისმა შექმნა პოლიტიკურ ველზე. ეს ხშირად ყოფილა საქართველოში, როცა ოპოზიციის როლს სამოქალაქო საზოგადოება ითავსებდა.
საუბარია სამოქალაქო ზეწოლაზე, რომ შედგეს შეთანხმება. სამოქალაქო საზოგადოებამ ამ დროს საინტერესო იდეები უნდა შესთავაზოს მხარეებს კომპრომისისთვის, მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციების მოწყობის მოდელზე ინიციატივა, რაც ბევრისთვის აღმოჩნდა საინტერესო. დღეს ამის მოგვარების რესურსს ვერ ვხედავ, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ვხედავთ მისი გამოყენების რესურსს.
სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია გარკვეული ხიდის როლის შესრულება, რადგან რადიკალები არიან არა მხოლოდ პარტიები, არამედ მათი მხარდამჭერები. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რომ შემცირდეს ეს დაუნდობლობა და ურთიერთსიძულვილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საქმე და ამაში თანამეგობრობის იმედიც უნდა გვქონდეს. სამოქალაქო საზოგადოებამ ახლა უნდა წამოწიოს უამრავი საკითხი, რაზეც პოლიტიკოსები აღარ საუბრობენ ერთმანეთთან, რადგან დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ყველა საუბრობს საკუთარი ხმის ექოს რეჟიმში საკუთარი ტელევიზიებიდან.
მე ვსაუბრობ არა კლასიკური გაგებით NGO-ების გააქტიურებაზე, არამედ ნებისმიერი სათემო ორგანიზაციის აქტიურობაზე, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ მოვადუნოთ ყურადღება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
ბათუმის საკრებულომ 30 მარტს ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
ახალი წესით, მერიას კვლავ რჩება უფლება გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა ისე, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
დამტკიცდა ასევე ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრებიც.
გარევაჭრობის ადგილებს მერია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს.
გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს: „ქალაქის განვითარების ინტერესები; მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; საგზაო მოძრაობის წესები; ეკოლოგიური მდგომარეობა; საზოგადოების სხვა ინტერესები.“
თუ ტროტუარის სიგანე არის 2,5 მეტრის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში გარევაჭრობა არ დაიშვება. 3 მეტრი და მეტი სიგანის ტროტუარის შემთხვევაში კი განსაზღვრულია, თუ რა პერიმეტრზე დაიშვება გარევაჭრობა და ტროტუარის რა ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი:
წყარო: საკრებულოს დადგენილება
საკრებულოს დადგენილებით:
[checklist]
გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარევაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, ასევე დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარევაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს არა უმეტეს 2 წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის. თუ გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარევაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარევაჭრობის ადგილად.
მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
[/checklist]
გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემა ხდება სასყიდლით. გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცე სარგებლობის უფლებით შეიძლება გაიცეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „მომსახურების გაწევა ხდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში/ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან და ეს მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს“.
გარევაჭრობის ახალი წესი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე
გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის ქირის საფასურის ოდენობა და გარევაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დაახლოებით 2 კვირის წინ ბათუმში გარემოვაჭრეები 500-500 ლარით დააჯარიმეს:
გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ ამავე წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაავადა.
„მარშუტკები“ რომ არ დადიოდა, ორი კილომეტრი ფეხით ჩამოვდიოდი გზამდე და მერე ველოდებოდი რამე ტრანსპორტს, ქობულეთამდე რომ გამოვყოლოდი. პანდემია ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის,“ – ეს ვარდო ბეჟანიძის ისტორიაა.
ვარდო ქობულეთში, სოფელ ზედა ხუცუბანში ცხოვრობს. მარტოხელაა და თავს თვითონ ირჩენს. სოფლიდან ქობულეთის ბაზარში დადის და სახლში მოყვანილ პროდუქტს ყიდის. პანდემიამ გავლენა იქონია ყველაფერზე – ფასებზე, მყიდველებსა და მათ ყიდვისუნარიანობაზე.
„ადრე უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა, ვიდრე ახლა. შიშის გამო ხალხი არ გამოდის გარეთ. მაგრამ მე იძულებული ვარ გამოვიდე სახლიდან. მარტოხელა ქალი ვარ და თავი ხომ უნდა ვირჩინო. წამალი მჭირდება, რამე მჭირდება. ეს რომ არა, არ გამოვიდოდი გარეთ არაფრით.
ძალიან რთული წელი იყო, ძალიან. რაც ეს პანდემია დაიწყო, არაფერი კარგი არ ყოფილა. ბევრი ადამიანი დაიღუპა,“ – ამბობს ვარდო.
ვარდო ბეჟანიძე
ნინო სეფერთელაძე ქობულეთის ბაზარში თევზს ყიდის. ამბობს, რომ ყველაზე მეტად პანდემია პროდუქტის ფასებსა და სამუშაოზე აისახა.
„მძიმე იყო ეს ერთი წელი. სახლში ვიჯექით. მუშაობა არ იყო. ახლა ცოტა გაუმჯობესდა. სად ის, ჩაკეტილი რომ ვიყავით და გარეთ ვერ გამოვდიოდით. ახლა ცოტას მაინც ვვაჭრობთ,“ – ამბობს ნინო სეფერთელაძე.
ნინო სეფერთელაძე
„ცუდი, ცუდი, ძალიან ცუდი,“ – ეს ბაზარში მოვაჭრეთა საერთო განწყობაა, როდესაც კითხულობ, როგორი იყო განვლილი ერთი წელი. პანდემია აისახა ყველაზე და ყველაფერზე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტებზე.
„ხალხში ფული აღარაა. გაჭირვებულია ხალხი. ვეღარც კარტოფილს ყიდულობს და ვერც სხვა პროდუქტს. გაძვირებულია პროდუქცია. კატასტროფაა,“ – ამბობს ნოდარ სურმანიძე, რომელიც ქობულეთის ბაზარში კარტოფილს ყიდის.
ქობულეთში ზოგიერთს ტურისტული სეზონის იმედი აქვს, ზოგიერთი კი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ მათი მდგომარეობა უიმედოა.
„კარგს არაფერს არ ველოდებით. თუ ტურისტი არ ჩამოვიდა, უფრო გაჭირვება იქნება,“ – ამბობს ტაქსის მძღოლი თამაზ ქათამაძე.
„სეზონის იმედი აქვს ქობულეთელ ხალხს. ინფორმაციები როგორც მოდის, მესამე ტალღა თუ იქნება, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხალხი. პანდემიამდე სამუშაო იყო. საზღვრები გახსნილი იყო და ევროპაში დადიოდა ხალხი სამუშაოდ. ახლა ყველაფერი ჩაკეტილია. ადამიანები ვეღარსად დადიან და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ,“ – ამბობს ტარიელ ცენტერაძე.
მიუხედავად რთული ერთი წლისა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ ეს რთული პერიოდიც გადალახვადია.
„ყველაზე მეტად გამიჭირდა ის, რომ ხალხის შეშინებულ სახეს ვხედავდი. როგორც მიდიოდა ცხოვრება, ისე წავიდა. ცოტა გაძვირდა, ცოტა ცხოვრების პირობები შეიცვალა, მაგრამ ახალ ეტაპზე გადავდივართ. დინებას უნდა მიყვე. თუ არ მიყვები, უნდა დანებდე და დანებებას არ ვაპირებ,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ მაღაზიაში მომუშავე მაია ბოლქვაძე.