მთავარი,სიახლეები

მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

01.04.2021 • 18814
მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

მარტვილის ცენტრში ხალხი კანტი-კუნტად მიდი-მოდის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ უშლის ხელს ქალაქს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აქ ყველაფერი ხელისგულივით პატარა მოედანზეა თავმოყრილი: მერია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი, მომცრო ღია კაფე, ძელსკამებიანი ბაღი და ბაზრობა.

გაზაფხულის შუადღე დგას. მზის გულზე ბიჭი დგას და ცეკვავს. იქვე დიდი დინამიკია ჩართული. თურქული, ქართული და ინგლისური სიმღერები ენაცვლება ერთმანეთს. ბიჭი არ ჩერდება. რაც უფრო დიდხანს იცეკვებს, მით უფრო მეტ ხურდას ჩაუყრიან პლასტმასის უკვე დაჭმუჭნილ და ფორმადაკარგულ, მომცრო კონტეინერში.

წელიწადზე მეტია უკვე ასეა. მამუკა ფოცხორაია დილის 5 საათზე იღვიძებს, სოფლიდან მარტვილში 6 საათზე ჩამოდის, გათენებას ელოდება და ცეკვას იწყებს, ცეკვას დედისთვის, რომელსაც გულის სარქვლის ოპერაცია სჭირდება. ცეკვას სახლისთვის, რომელიც არ აქვს.

ოპერაცია სასწრაფოა. მამუკას დედა, ნატო ფოცხორაია ვეღარ სუნთქავს, უჭირს ლაპარაკი და გადაადგილება, რადგან გულის აორტა არ იხურება, სისხლი ფილტვში გროვდება და მდგომარეობა თანდათან მძიმდება.

გულის სარქვლის 12- ათასლარიანი ოპერაცია 8500 ლარით ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით, მარტვილის მერია მზადაა გამოყოს 1000 ლარი ამ თანხაზე დასამატებლად, დარჩენილი 2500 ლარი მამუკამ ქუჩაში ცეკვით უნდა შეაგროვოს დედისთვის.

დღის ბოლოს შეგროვებული ხურდები მამუკას ბანკში მიაქვს და საკუთარ ანგარიშზე ინახავს, რომ არ დაეხარჯოს. ნაწილი დედასთან მიაქვს, ყოველდღიური წამლის საყიდლად.

ცეკვავს ყველგან, სადაც ხალხმრავლობაა: კვირა-პარასკევს მარტვილის დიდ ბაზრობაზე, სხვა დღეებში ქალაქის ცენტრში, ბანკის წინ, ბაღში ან ტრასაზე, სადაც ავტომანქანები მიდი-მოდიან.

28 წლის მამუკა ფოცხორაია გათენებიდან ცეკვავს მარტვილის ცენტრში, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში. მისი ოცნება დედის ოპერაციისთვის ფულის შეგროვება და სახლის ყიდვაა.

 

„სადმე ხომ უნდა არსებობდეს კარი, რომელიც სულ ღია იქნება ჩემთვის”

28 წლის მამუკა ფოცხორაია ორჯერ იწვა ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ბოლოს გამოიქცა.

„ვჩხუბობდი, ვჩხუბობდი სულ – ხან ვისთან, ხან ვისთან და ფსიქიატრიულში დამაწვინეს. როცა დამტოვეს და წავიდნენ, ტირილი დავიწყე. დამიწყეს ნემსების კეთება. ისეთ წამლებს მასმევდნენ, მთელი დღე მეძინებოდა. კარი ჩამოვიღე და გამოვიქეცი. მერე დამსაჯეს მაგრად. ჩაკეტილი ვიყავი“, – იხსენებს მამუკა.

მას არც შშმ პირის სტატუსი და, შესაბამისად, არც პენსია აქვს დანიშნული. დედა და მამუკა ბოლო რამდენიმე წელია ბიძასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახი თავს მოხუცის პენსიით და მამუკას ცეკვით გამომუშავებული თანხით ირჩენს.

მამუკას მშობლები ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდნენ. მამის სახლიდან წამოვიდნენ. სახლი, სადაც მამუკა გაიზარდა, რამდენიმე წლის წინ დაიწვა. მშობლების დაშორების შემდეგ ის დედასთან და და-ძმასთან ერთად ახლობლების სახლებში ცხოვრობდა. მამუკა დედასთან ერთად ახლა ბებიის და ბიძის სახლს აფარებს თავს.

მისი ოცნება საკუთარი სახლია. სახლი მარტვილში.

„დაიწვა მამაჩემის სახლი, სადაც გავიზარდე და საიდანაც გამოგვაგდეს. სახლი არ მაქვს. ბიძასთან ვცხოვრობთ, ზოგჯერ მთვრალი მხვდება და თავს ვარიდებ, მოვდივარ სახლიდან.

მინდა სახლი მქონდეს და ოჯახი შევქმნა. რომ დაღამდება, მეცოდინება მაინც, რომ ჩემს სახლში ვიქნები. ხან ვისთან ვართ მე და დედა, ხან ვისთან. ერთგან გვეჩხუბებიან, სხვაგან მივდივართ, მერე კიდე სხვაგან და გრძელდება ასე.

ბევრჯერ მშიერს დამიძინია, მაგრამ არასდროს მომიპარავს. ხშირად ჭკუას მარიგებენ, არ მოიპარო მამუკა, რაც არ უნდა გაგიჭირდესო. მწყინს. ვიცი რა არის კარგი და ცუდი, მოპარვა რომ მინდოდეს, ქუჩაში ცეკვას კი არ დავიწყებდი.

ცოტა რთულია ცხოვრება, მაგრამ ღმერთი გადმომხედავს, არ გამწირავს, ჩემი ოცნებაა სახლი და მერე დაოჯახება. სადმე ხომ უნდა არსებობდეს კარი, რომელიც სულ ღია იქნება ჩემთვის.

ხალხი მშიერია და შენ რა გაცეკვებსო, მეუბნებიან. რომ არ მომეპარა, ცეკვა გადავწყვიტე. თუ არ გსიამოვნებს ნუ შემომხედავ, თუ გინდა დამიგდე ხურდა და გაიარე, გზა ფართოა. არ მოვიპარავ, არ მინდა ციხე და ჟეჟვა, მირჩევნია ცეკვამ მომკლას და გამამწაროს.

ხანდახან შურიანები არიან ადამიანები. მეუბნებიან, ამოიღე საფულე და აჩვენე ყველას, რამდენი გაქვსო, არავის ვაჩვენებ. სხვა მაბარებს ანგარიშს ვინ რას შვრება? შემიგროვდება ამ კაპიკებით ყველაფრისთვის, რაზეც ვოცნებობ“, – ამბობს მამუკა.

„მთელმა მარტვილმა იცის მამუკას ამბავი – დედის ოპერაციისა და სახლისთვის რომ აგროვებს ფულს. წელიწადზე მეტია, რაც ბაზრობაზე გამოჩნდა. ვხედავდი, დინამიკით რომ დადიოდა და ვუთხარი. დადექი აქ მამუკა, იცეკვე მუსიკაზე, ხალხი გაამხიარულე და რაღაცას ყველა მოგცემს-მეთქი. ვეხმარებით რითაც შეგვიძლია, მაგრამ რამდენი უნდა დაეხმარო 2500 ლარი რომ შეგროვდეს ასე უცებ? მარტში უკვე უნდა გაეკეთებინა დედამისს ოპერაცია“, – გვეუბნება პროდუქტების გამყიდველი რევაზ სულავა მარტვილის ბაზრობაზე, სადაც მამუკა ცეკვავს ხშირად.

პროდუქტების გამყიდველი, რევაზ სულავა და მამუკა ფოცხორაია მარტვილის ბაზრობაზე.

„არავინ მინდობს, მაგრამ მთავარია მე არ დავუშავო არავის არაფერი”

მამუკა ამბობს, რომ რასაც დღის განმავლობაში აგროვებს, ძირითადად ინახავს და საჭმელში ფული არ ეხარჯება – ხილის, ბოსტნეულის, პურის გამყიდველები ბაზრობაზე, ყველა აგროვებს დღის განმავლობაში რაც აქვს, ხან ვაშლს, ხან პურს და ყველს და მამუკას უმასპინძლდებიან.

„გული გვიკვდება, წვიმაში რომ ცეკვავს, სულ სველია ხოლმე. მეცოდება და ამ დიდ ქოლგას ვუდგამ ხოლმე, შეეფარე და ისე მაინც იცეკვე-მეთქი, ვეუბნები. ყველა ვამბობთ დავეხმაროთო, მაგრამ ლარით და 50 თეთრით ყოველდღე რას უშველი ამ გაჭირვებას. დედა სასწრაფოდ საოპერაციო ჰყავს, ბიძასთან არიან, იმ ბიძას თავისთვის არაფერი აქვს, ამათ რა აჭამოს. ცეკვავს ასე და კაპიკ-კაპიკ აგროვებს ფულს“, – ამბობს მარტვილის ბაზრობაზე მზის ქოლგის ქვეშ მდგარი ყვავილების გამყიდველი.

გამთენიიდან დაწყებულ  ცეკვას 16:00 საათზე ამთავრებს მამუკა და 5 საათისთვის მარტვილიდან ინჩხურში ბრუნდება. სოფელში საქმე ელოდება: ძროხა უნდა დააბას, თივა ჩაუყაროს, შეშა უნდა დააპოს და შეიტანოს სახლში, ფეხსაცმელი და სამოსი უნდა მოამზადოს მეორე დღისთვის.

„ნერვები უნდა დავიწყნარო, სახლში ერთს სიგარეტი უნდა, მეორეს კიდე რაღაცა…  არავინ მინდობს, მაგრამ მთავარია მე არ დავუშავო არავის არაფერი, აქეთ ნუ დამინდობენ, არაუშავს.

სახლში ერთადერთი შემომტანი მე ვარ. ბაზარში რომ მხედავენ მთელი დღე ვცეკვავ, ხან ხილს მაძლევენ, ხან პურს, დაღლილი იქნები და უნდა ჭამოო, მეუბნებიან. ზოგჯერ რაღაცებს სპეციალურად ჩემთვის ყიდულობენ და მაძლევენ. მოცემულ პურსაც შუაში ვყოფ, ნახევარს ვჭამ, ნახევარი სახლში მიმაქვს.

დღის ბოლოს შეგროვებულ ფულს მამუკა ფოცხორაია ინახავს, ყოველდღე მიდის ბანკში და საკუთარ ანგარიშზე თითო ლარს ლარზე ამატებს.

 

„დედაჩემის პენსია და მამუკას ცეკვა – ესაა ჩვენი შემოსავალი”

მამუკას დედა, ნატო ფოცხორაია გულის სარქვლის დაავადების მძიმე დიაგნოზის დასმამდე თურქეთში მუშაობდა. ნათესავებთან მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ მან გადაწყვიტა ასე გამოემუშავებინა სახლის საყიდლად ფული.

„ქმარს რომ დავშორდი, შვილებთან ერთად ხან სად ვიყავით და ხან სად. მერე ერთმა ნათესავმა, სუფთა ქალი ხარ შენ და ჩემს ბინაში იყავი, თან მიმიხედავო, თვითონ საბერძნეთში წავიდა. ასე ვიცხოვრეთ 15 წელი მის ბინაში, მერე დაბრუნდა ეს ღვთისნიერი ადამიანი თავის ქვეყანაში და დავცალეთ სახლი. ვიცხოვრეთ ხან სად, ხან სად. ამასობაში მამუკას და-ძმა დაქორწინდა. მამუკა მრჩებოდა უსახლკაროდ. ისე კარგად ვიყავი, ვფიქრობდი მთებს დავძრავ და შვილს სახლს როგორ ვერ მივუჩენ-მეთქი, მაგრამ 4 თვეში ძალიან ცუდად გავხდი თურქეთში, ქართველები ძალიან დამეხმარნენ, ჩავიტარე გამოკვლევები და დადგინდა, რომ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. ჩამოვედი და მას მერე აქ ვარ. აღარ შემეძლო მუშაობა. დედაჩემის პენსია და მამუკას ცეკვა – ესაა ახლა ჩვენი ოჯახის შემოსავალი“, – გვიყვება ნატო ფოცხორაია.

 

„სახელმწიფო არაფრით მეხმარება, მდიდარი ხარო. ჩემთვის არანაირი პენსია არაა, არაფერი მჭირს”

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ჩვენს და არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში მარგინალიზებულები არიან. ,,გიჟი“, ,,შეშლილი“, ,,ვერ არის კარგად“, ,,სულელი“, ,,აფრენს“. უამრავი დამამცირებელი სიტყვით მოიხსენიებენ მწვავე და მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონეებს. შესაბამისად, მათაც ხშირად აქვთ საკუთარი დაავადების მიუღებლობა, არ აღიარებენ პრობლემას, უარს ამბობენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და სტაციონარში განთავსებაზე – მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში თანდათან უარესდება.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკა 2-ჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ვერ მიიღო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სრული სერვისი, რადგან გაიქცა. ის არც ახლა იღებს საჭირო მედიკამენტებს. ზუსტად რა ტიპის ფსიქიკური აშლილობა აქვს, ჩვენთვის უცნობია, ეს ინფორმაცია ბათუმის კლინიკურ საავადმყოფოში ინახება და კონფიდენციალურია.

მამუკა ფოცხორაიას არ აქვს შშმ პირის სტატუსი და, შესაბამისად, არც პენსიას იღებს სახელმწიფოსგან. ამას გვიდასტურებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურიც. მეტიც: რომ დაენიშნოს მამუკას პენსია, ის არც ერთ მისამართზე არ არის რეგისტრირებული. პირველ რიგში საჭიროა ჰქონდეს მისამართი.

მისამართი არ ჰქონდა არსად არც მამუკას დედას, ნატო ფოცხორაიას. ის მამუკას ახლობელმა, ბაზარში მომუშავე რევაზ სულავამ ჩაწერა საკუთარ სახლში, რომ ქალს სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში გათვალისწინებული ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი მიეღო. ნატო ფოცხორაიამ ვერ შეძლო ჩაწერილიყო ძმის სახლში – იქ, სადაც ახლა რეალურად ცხოვრობს შვილთან ერთად. ძმას სახლი საკუთარ სახლზე გაფორმებული არ აქვს.

იმისთვის, რომ მარტვილის სოციალურმა სამსახურმა მისი, როგორც შშმ პირის სტატუსი განიხილოს და გადაწყვიტოს დაენიშნება თუ არა პენსია, საჭიროა ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მისი ექიმის ოფიციალური მიმართვა და დოკუმენტების მარტვილში ჩატანა, ასევე რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართის არსებობა.

პენსია საქართველოში მხოლოდ პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს ენიშნება, პირველი ჯგუფი, ანუ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები პენსიის სახით ყოველთვიურად 250 ლარს იღებენ. მეორე, მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს 140 ლარი აქვთ ყოველთვიურად. მესამე ჯგუფის შშმ პირებს პენსია არ აქვთ. მამუკას სტატუსი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმებმა უნდა განსაზღვრონ.

ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებს. ოდესღაც, როცა მამუკა და მისი და-ძმები პატარები იყვნენ, ოჯახი შემწეობას იღებდა – თვეში 35 ლარს თითო წევრზე.

„ეს დიდი ხნის წინ იყო. როცა შვილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მერე ეს დახმარება ერთად გამოვიტანე ბანკიდან, ბევრი არ იყო, სულ 180 ლარი – მამუკას მკურნალობისთვის, ერთხანს ვიხდიდი, მერე ვეღარ, ალბათ გაიზარდა, გაიზარდა ვალი და მერე რა მოხდა არ ვიცი“, – ამბობს ნატო ფოცხორაია.

„სახელწიფო ჩემთვის არ არის, არაფრით მეხმარება, მდიდარი ხარო. მაცეკვებს ეს მთავრობა. არც პენსიაა ჩემთვის, რა მჭირს? კარგად ვარ, ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვაზროვნებ“, – ამბობს მამუკა.

სიღარიბის ზღვარზე მყოფი მამუკა ფოცხორაიას ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. მამუკას არც შშმ პირის სტატუსი აქვს, შესაბამისად – არც პენსია.

 

სახელმწიფო ვალდებულია…

მარტვილში ან ამ მუნიციპალიტეტთან ახლოს არც ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო არ არის. მამუკას მომსახურების მისაღებად სჭირდებოდა ბათუმში წასვლა. როგორც თავად აღწერს, ,,ტიროდა, როცა ტოვებდნენ კლინიკაში და მიდიოდნენ“. შემდეგ კი ამ განცდის გამო გაიქცა კიდეც საავადმყოფოდან. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, შინ წამლების მიღების ან მარტვილთან ახლოს, სადაც მას ,,შორს“ ყოფნის განცდა არ ექნებოდა, შესაძლოა მას არ ეთქვა უარი მკურნალობაზე. მეტიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს შემუშავებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოს ვალდებულება.

სხვა ვალდებულებებს შორის ნახსენებია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ან შინ მიიღოს მომსახურება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ნაკლებად შემზღუდველ გარემოში.

ამავე კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულია „მაქსიმალურად იქნეს დაცული პირის უფლებები და ღირსება, უზრუნველყოფილ იქნეს მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის, EMC-ის კვლევაში, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოს კონტექსტს ეხება, აღნიშნულია, რომ ფსიქიატრიული საწოლები საერთოდ არ არის არამხოლოდ სამეგრელოში, არ არის ასევე არც მცხეთა-თიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გორში, კახეთსა და გურიაში.

ამავე კვლევის მიხედვით, ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობა საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. მულტიპროფილური კლინიკებისთვის ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა ფინანსურად არამიმზიდველია. კვლევის რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს პროვაიდერების დაინტერესება, უნდა უზრუნველყოს ფსიქიატრიული საწოლების რეგიონალური განაწილება და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

 

„უსახლკარობამ დამანგრია”

„ხან ვინ გამოგვყრიდა სახლიდან და ხან – ვინ. ამდენმა წოწიალმა გადამრია, სულ ვჩხუბობდი. კი ვიყავით სხვის სახლში სულ და მორიდებით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სულ მოითმენ დამცირებას და შეურაცყოფას როცა გაყენებენ, ვერ მოითმენ. უსახლკარობამ დამანგრია. დაოჯახებული მაინც ვიყო, დედაჩემს ჩემთან წავიყვანდი, მაგრამ ცოლი როგორ მოვიყვანო უსახლოდ?“ – ამბობს მამუკა.

უსახლკარობა მის მსგავსად ფსიქიკური აშლილობის მქონე არაერთ ადამიანს აწუხებს. სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში სტაციონარში 6 თვეზე მეტხანს ჰოსპიტალიზების 1067 შემთხვევა იყო აღწერილი. პაციენტები ვერ ეწერებოდნენ სტაციონარიდან, რადგან არ ჰქონდათ საცხოვრებელი ან ხელი არ მიუწვდებათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო სერვისებზე.

ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ზემოთხსენებული სახელმწიფო კონცეფცია ვერაფრით დაეხმარა მამუკა ფოცხორაის. უსახლკაროდ და უმძიმესი შრომით შელახულია მისი პატივი და ღირსება, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მსურველები ხშირად აძლევენ ხურდებს და გულშემატკივრობენ, არაერთხელ ხდება დაცინვის, აბუჩად აგდების სამიზნე. ამას ის გრძნობს და მუდმივად დაძაბულია, შეშინებული და აღელვებული.

მისი უფლება დიდი ხანია დარღვეულია სხვა მხრივაც. 28 წლისას არასდროს მიუღია პენსია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შშმ პირის სტატუსიც კი არ აქვს. მართალია, თავად არ აღიარებს საკუთარ პრობლემას, მაგრამ მისთვის არავის აუხსნია, რომ თუ მიიღებს რეალობას, ექიმის დასკვნას ჩამოიტანს ბათუმიდან და წარადგენს მარტვილის სოციალურ სამსახურში, თუ ვინმესთან ჩაწერასა და რეგისტრაციას მოახერხებს მისამართზე, არსებFობს შესაძლებლობა, რომ მან შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსია მიიღოს, რაც მამუკასთვის დიდი შეღავათი იქნებოდა.

– მარტვილში მითხრეს, აქამდე ჩამოიტანე მამუკას დიაგნოზი ბათუმის ფსიქიატრიულიდან და დაენიშნება პენსიაო. ავად ვარ, ვერ გადავაადგილდები, ბათუმში ვერ ჩავაღწევ – ამბობს მამუკას დედა.

– ჩამოგვიტანოს დიაგნოზი, ექიმის მომართვა, აქ უნდა ჩაეწეროს სადმე და განვიხილავთ საკითხს. ჩვენით ხომ ვერ ჩამოვიტანთ საბუთს, ვინმე ,,მისიანი“ უნდა დაეხმაროს – ამბობენ მარტვილის სოციალურ სამსახურში.

– შშმ პირის პენსია? ეგ რა არის? – ვუხსნით რაც არის. თავს ხრის, თვალს გვარიდებს.

ავად კი არ ვარ – ამბობს მამუკა.

საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები მარგინალიზებულები არიან. ხშირად ისინი თავადაც არ აღიარებენ პრობლემას და უარს ამბობენ მედიკამენტოზურ, სტაციონარულ მკურნალობაზე.


სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე რამდენიმე მკითხველმა მამუკას დახმარების სურვილი გამოთქვა და გვთხოვეს გამოგვექვეყნებინა მისი ანგარიშის ნომერი, სადაც ყოველდღიურად ცეკვით გამომუშავებულ ფულს აგროვებს.

ანგარიშის ნომერი, ვალუტა –  GE49CD0360000020880287    GEL; USD

მიმღების სახელი და გვარი – მამუკა ფოცხორაია/MAMUKA FOTSKHORAIA

ბანკის დასახელება –  სს. კრედო ბანკი JSC CREDO BANK

გადაბეჭდვის წესი


ასევე: