გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო, უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის გარკვევაცაა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის მოსთხოვენ პასუხს მსოფლიო მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გამო.
კანონმდებლობით, ძეგლის დაცვაზე მთავარი პასუხიმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, რომელიც ამ პროექტის დამკვეთი და მთავარი მაკონტროლებელია. ძეგლების მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს სწორედ ამ სტრუქტურისთვის აქვს ჩაბარებული.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში რეაბილიტაცია-კონსერვაცია შვიდი წლის წინ დაიწყო. ზუსტად ერთი წლის წინ კი საზოგადოებას აცნობეს, რომ არასწორად მოწყობილი სახურავიდან ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ეს ფაქტი 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება
2020 წლის 11 მარტს, სააგენტომ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“, მოსთხოვა დაეწყო პროექტის მომზადება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე არსებული პრობლემების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ რამდენიმე თვე, დაახლოებით ოქტომბრამდე, გელათის მთავარი ტაძარი გადახურვის გარეშე იყო და წყალი ისევ ჩადიოდა.
გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტი ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მოამზადა. სამუშაოებს კი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ ასრულებდა. მას, თავის მხრივ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორ – შპს „იკორთა 2007“-თან. 2021 წელს ამ საქმეში კიდევ ერთი კომპანია – „ბაგინეთი +“ გამოჩნდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ორჯერ გაფუჭებული საქმის – გადახურვის გადახურვის მოწყობა“ დაუკვეთა.
მას ამ სამუშაოებისთვის 238 093 ლარს გადაუხდიან.
გელათის რესტავრაციის პროცესში მონაწილე კომპანიები და მათი კავშირები
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში მონაწილე პირების შესწავლა ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობით“ უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვითაც „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ თავის ქვეკონტრაქტორთან ერთად ძეგლის რესტავრაცია დაიწყო.
კომპანიის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა – ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ მან მეგობრებთან ერთად 2007 წელს დააფუძნა. სწორედ ამ წელს დაიწყეს მუშაობა გელათის რესტავრაცია- კონსერვაციის პროექტის მომზადებაზეც.
2003 -2004 წლებში კახა ტრაპაიძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორი, ასევე საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტში.
ააიპ-ში გამგეობის წევრია მაია ხაჩიძე. ის და კახა ტრაპაიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები. მაია ხაჩიძე 2002-2011 წლებში საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა: 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში, 2004-2005 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2005- 2006 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციულ სამსახურში განვითარების მენეჯერად, ხოლო 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების მენეჯერი იყო.
„საქართველოს მემკვიდრეობის“ პროექტის თანაავტორები სააგენტოს თანამშრომლები არიან
სააგენტოს ჯერჯერობით ეჭვქვეშ არ დაუყენებია პროექტი, რომელიც ამ სააგენტოს ძეგლების საბჭომ განიხილა და დაამტკიცა. გელათში სწორედ მის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით იმუშავა „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“. ცენტრის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შესაძლოა პროექტი შეიცვალოს.
თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ შესაძლოა პასუხისმგებლობის გაზიარება, სამუშაოების შემსრულებელთან ერთად მოუწიოს პროექტის ავტორს – „საქართველოს მემკვიდრეობასაც“.
სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის გზით ირკვევა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის თანაავტორები სააგენტოს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები არიან:
„საქართველოს მემკვიდრეობის“ დამფუძნებლებთან ერთად, პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ არქიტექტორ-რესტავრატორი გიორგი სოსანიძე [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი] და ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე [სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი]. გიგლა ჭანუყვაძე კი, რომელმაც პროექტის ტექნიკურ-ვიზუალურ კვლევაზე იმუშავა, 2013-2014 წლებში ნებართვების და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარი კოორდინატორი იყო.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გელათის სარეაბილიტაციო პროექტში 2013 წლიდან ჩაერთო. მას თხოვნით მიმართა ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“ დახმარებოდა საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური სახსრების მოძიებაში.
2013 წელს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან 600 ათასი აშშ დოლარის გრანტი მიიღო პროექტისთვის – „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“. საგრანტო დაფინანსება მოიცავდა გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას.
2014-2015 წლებში ცენტრმა დამატებით 200 000 აშშ დოლარამდე დაფინანსება მოიპოვა. 2017 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 349 075 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერიც „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ მოიგო.
ააიპი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ 2001 წელს არის დაფუძნებული. ცენტრის ხელმძღვანელია მარიამ დვალიშვილი, გამგეობის წევრები კი ნანა კუპრაშვილი და თამარ კიკნაძე არიან. ორგანიზაციის თავდაპირველი სახელწოდება იყო – „ისტორიალი“.
იკორთა 2007
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „გელათის რეაბილიტაციის საქმეზე“ პროექტში ჩართული ორი კომპანია – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „იკორთა 2007“ დააჯარიმეს. თუმცა ჯერჯერობით სასამართლო პროცესი არ გამართულა და უცნობია, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ კომპანიებს ან საერთოდ დაეკისრებათ თუ არა.
გია ხურცილავა, „იკორთა 2007“-ის მენეჯერი ამბობს, რომ უხარვეზო იყო სამუშაოები, რომელიც მან შეასრულა. გულისხმობს ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის წითელი მოჭიქული კრამიტით გადახურვას. ხურცილავა ამტკიცებს, რომ 2016 წლის შემდეგ ის გელათში აღარ მუშაობდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსზე დროებითი გადახურვის ხელახლა მოწყობა სახელმწიფოს 238 093 ლარი დაუჯდა.
გია ხურცილავა „იკორთა 2007“-ის 33,3 % – ის მფლობელი და ხელმძღვანელია. კომპანიის წილებს ფლობენ ასევე ბესიკ ჭკუასელი და ტარიელ კერვალიშვილი.
„იკორთა 2007 “-ს 2011 წლიდან აქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობის გამოცდილება – კომპანიას სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ბევრჯერ აქვს მოგებული. გაცილებით მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტები აქვს კომპანიას გაფორმებული თბილისის განვითარების ფონდთან.
ბაგინეთი +
შპს “ბაგინეთი +” გელათის ამბავში 2021 წლის იანვრიდან, ანუ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გაირკვა, რომ ტაძარში წყალი დროებითი გადახურვის შემდეგაც ისევ ჩავიდა. ამჯერად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე მეორე დროებითი გადახურვის მოსაწყობად კომპანია „ბაგინეთი +“ დაიქირავა.
საინტერესოა, რომ საქმის გამოსასწორებლად, ანუ გადახურვის გადახურვის მოსაწყობად სააგენტომ პროექტის ავტორთან – „ააიპ საქართველოს მემკვიდრეობასთან“ დაკავშირებული კომპანია შეარჩია. „ბაგინეთი +“-ში ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სწორედ კახა ტრაპაიძეა. მასთან ერთად „ბაგინეთი +“ – ის დამფუძნებლები არიან გივი ყიფიანი [ის „საქართველოს მემკვიდრეობაშიც“ ფიგურირებს] და გურამ იაკობაშვილი.
„ბაგინეთი +“ – ი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ავტორები: ცაგო კახაბერიძე, მანანა ქველიაშვილი.