მთავარი,სიახლეები

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

18.08.2020 • 2484
ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

„გაგიგიათ გამოთქმა სხვის სუფრასთან რა გინდოდაო? – ჰოდა, სხვის სუფრასთან რომ არ მოვხვდე, პირდაპირ ქუჩაში მანქანების სავალზე გადავდივარ. აბა, რა ვქნა, ბილიკზე გაივლი, ველოსიპედი გისიგნალებს, ჩაგივლის აგრესიული საყვედურით, სად დადის ეს ხალხიო; აქეთ კაფეა, იქითაც კაფეა, ნაბიჯს გადადგამ მანქანა დგას, არაა საშველი, ახლაც სულ ტყუილად ვლაპარაკობთ, აღარ უნდა მაგას ლაპარაკი, აგერ მერიაა, მაგრამ მაგათაც არ იციან, კითხვას არ აქვს აზრი“, – გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც ქალაქში ტროტუარების ათვისების თაობაზე ვკითხეთ.

მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში ძირითადად ქვეითად გადაადგილდებიან, ამ თემაზე საუბარი აღიზიანებთ. ბევრი ამბობს, რომ საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაუძლებს, ვიდრე კაფეებს მომხმარებელი შემოაკლდება: „შემდეგ ტროტუარებსაც გაათავისუფლებენ, მაგრამ იმ ჩაბეტონებულებს რა ეშველება არ ვიცი, იმას ალბათ არავინ მოშლის“, – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა გურამ ბერიძემ.

ფარნავაზ მეფის ქუჩა. ტროტუარის დიდი ნაწილი კაფეს აქვს დაკავებული. ტროტუარის დანარჩენ ნაწილზე კი ავტომანქანა დგას

ბათუმში კაფეებს ყველაზე მეტი მომხმარებელი აგვისტოს მიწურულს ჰყავთ, როგორც მიმტანები ამბობენ, საღამოობით განსაკუთრებული მოთხოვნაა კაფეების შესასვლელებთან, ტროტუარზე განთავსებულ მაგიდებზე, ამიტომაც საღამოს ცხრა საათის შემდეგ მათი უმეტესობა დაკავებული ან დაჯავშნილია.

„ცოცხალი რიგი მაქვს, ყველას გარეთ უნდა დაჯდომა“ – გვითხრა ერთ-ერთი კაფეს მიმტანმა ევროპის მოედანზე. ცოცხალი რიგები, როცა მომხმარებელი მაგიდის გათავისუფლებას ელოდება, ბათუმში კიდევ რამდენიმე კაფესთან ვნახეთ.

კონკრეტულ პერიოდში მოთხოვნის გაზრდა კი უმეტესწილად განაპირობებს იმას, რომ კაფეების მეპატრონეები ადგილზე გაფართოების გადაწყვეტილებას იღებენ, რაც ძირითადად ტროტუარებზე მაგიდების დამატებით, შესაბამისად, ქვეითებისთვის დატოვებული ადგილების კიდევ უფრო მეტად დავიწროებით სრულდება.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა

ლუკა ასათიანის ქუჩა

 

ბევრ ადგილზე კაფეს გვერდით იმდენად ვიწრო ადგილია დატოვებული, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანი ერთმანეთს თავისუფლად გვერდს ვერ აუვლის. ბათუმში შეხვდებით უფრო პრობლემურ შემთხვევებიც, როცა ნახევრად ათვისებული ტროტუარის შესასვლელთან ადგილი ავტომანქანებს აქვთ დაკავებული და ისეთებსაც, როცა კაფეს მეპატრონეებმა კაფეს ინვენტარი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკებზე დაალაგეს, ასე მათ გადაადგილების მინიმალური შანსიც კი წაართვეს.

ეს არის ადგილი, რომელიც კაფეს მეპატრონემ გამვლელებისთვის დატოვა, მას უსინათლოების ბილიკიც აქვს დაკავებული – ლუკა ასათიანის ქუჩა

არის კაფეები, რომლებმაც ტროტუარი სრულად აითვისეს და ქვეითად მოსიარულეებისთვის მხოლოდ ველობილიკი დატოვეს. არის ისეთებიც, რომლებსაც მაგიდა და სკამები ისე აქვთ განთავსებული, რომ მომხმარებელი მაგიდას ვერ მიუჯდება, ნაწილობრივ მაინც ველობილიკი თუ არ დაიკავა.

ბათუმი დემეტრე თავდადებულის ქუჩა

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა

ე.წ. ჩაბეტონებულ კაფეებს ბათუმში იმ ადგილებს ეძახიან, სადაც მესაკუთრეებმა ტროტუარებზე მაგიდებისა და სკამების ნაცვლად ტროტუარები არცთუ ისე მსუბუქი კონსტრუქციით შემოღობეს, ბევრგან ბეტონით ამოაშენეს კიდეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტროტუარები არასაკურორტო სეზონზეც ასე დარჩება. ამას კეფეების მენეჯერებიც ადასტურებენ, ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი ნებართვები მერიისგან აქვთ მიღებული.

გორგილაძის ქუჩა

 

 

გამსახურდიას ქუჩა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: