მთავარი,სიახლეები

ვინ გადაიხდის დაზიანებული ავტომანქანების ხარჯს – წყლის ამოხეთქვა ჭავჭავაძის ქუჩაზე

01.04.2021 • 6657
ვინ გადაიხდის დაზიანებული ავტომანქანების ხარჯს – წყლის ამოხეთქვა ჭავჭავაძის ქუჩაზე

„ვერ გვეუბნებიან პასუხს, ვერც იმას, რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ,“ – ამბობს ბათუმელი ლადო ხაბეიშვილი. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც 19 თებერვალს ჭავჭავაძის ქუჩაზე წყლის მოულოდნელი ამოხეთქვის დროს დაზარალდა. 19 თებერვლის შემდეგ ლადოს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ვერ გაჰყავს და ვერც კომპენსაციას იღებს. წყლის ამოხეთქვის დროს ქუჩაში სულ 8 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.

ლადო ხაბეიშვილის თქმით, დაზარალებულები რამდენჯერმე შეხვდნენ „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლებს, თუმცა  უშედეგოდ.

„ბოლოს ორი კვირის წინ გვქონდა საუბარი. გვითხრეს, საპატრულო პოლიცია შეაფასებს ზარალსო… მოვიდნენ და ჩემს მანქანასაც გადაუღეს ფოტოები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. დაგვპირდნენ, რომ საპატრულო პოლიციის დასკვნების საფუძველზე გაიცემა კომპენსაცია. ჩემი მანქანა ყველაზე მეტად დაზიანდა… კიდევ ერთი მანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს იმავე დღეს. ჩემს მანქანაში კი, სხვადასხვა დაზიანების გარდა, მთლიანად მოშლილია ელექტროობა და გადაადგილება შეუძლებელია,“ – გვიყვება ლადო ხაბეიშვილი.

„ბათუმის წყალში“ ადასტურებენ, რომ მოქალაქეების კომპენსირების საკითხზე მუშაობენ, თუმცა დაზარალებული მოქალაქეებისგან განსხვავებით აქ განმარტეს, რომ მოქალაქეებმა თავად უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა საპატრულო პოლიციიდან, რაც ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

როგორ უნდა შეაფასოს საპატრულო პოლიციამ რამდენად დაზიანდა ავტომანქანა და რაკომპენსაციის ოდენობა? – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დოკუმენტის მომზადება საპატრულო პოლიციას შეუძლია.

დაზარალებული მოქალაქეების თქმით კი, მათ საპატრულო პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან არ იცოდნენ, რომ ეს მათი საქმე იყო.

„ამ შეფასებას სჭირდება სპეციალური ცოდნა, ანუ ექსპერტი… რა ზარალი მიადგათ ამ ადამიანებს და კომპენსაციის ოდენობა ექსპერტიზამ უნდა დათვალოს,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. დამოუკიდებელი იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია მხოლოდ ცნობას გასცემს იმის შესახებ, რომ ინციდენტი მოხდა და რომელი ავტომანქანები დაზიანდა ამ ინციდენტის დროს.

„მოქალაქემ უნდა შეაგროვოს ეს დოკუმენტაცია და ზარალი შეაფასებინოს ექსპერტს. ეს შეიძლება იყოს სამხარაულის ექსპერტიზა ან სხვა ექსპერტი… როგორც წესი, ამ დოკუმენტაციას აგროვებს მხარე, ვისაც ზიანი მიადგა, თუმცა შემდეგ, კომპენსაციის დროს, ეს ხარჯიც უნდა ანაზღაურდეს,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

19 თებერვალს ბათუმში წყლის ამოხეთქვის დროს დაზიანებული ავტომანქანა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: