მთავარი,სიახლეები

კოვიდზე აცრის შემდეგ რამდენ პირს გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია საქართველოში – განმარტება

01.04.2021
კოვიდზე აცრის შემდეგ რამდენ პირს გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია საქართველოში – განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კოვიდზე ვაქცინირებული პირებიდან საქართველოში გვერდითი მოვლენები და რეაქციები 4 ადამიანს გამოუვლინდა.

„ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დასჭირდათ ინტენსიური თერაპია და ჰოსპიტალიზაცია და ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები. ისეთი პირები, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ჰქონოდათ ამ ტიპის გამოვლინებები, სულ 27 პირი იყო რეგისტრირებული“, – ამბობს ზახაშვილი.

ეს განცხადება ზახაშვილმა ფეისბუქლაივის დროს გააკეთა.

ამავე ეთერში ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, „კოვიდვაქცინირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ხშირია 1-2 დღის განმავლობაში, ვიდრე იმ კალენდარულ ვაქცინებზე, რასაც ჩვენ ვიყენებთ ბავშვთა ასაკში და ასეთ დროს გვერდითი მოვლენები მერყეობს 5-დან 60 პროცენტის ფარგლებში.

ეს არის ტემპერატურის მომატება, კუნთების, სახსრების და თავის ტკივილი, დაღლილობა, ადგილობრივი სიწითლე ინექციის ადგილზე და არის კიდევ იშვიათი რეაქციები, რომელიც აღინუსხება სპეციალურ შეტყობინებებში და ამაზე ისაუბრა უკვე ხათუნა ზახაშვილმა“, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის სარგებელი იმდენად დიდია, რომ ყველანაირად წონის იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც შეიძლება ვაქცინაციის შემდგომ გამოვლინდეს. „რადგან ვაქცინაცია ადამიანს იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და დაავადების დამძიმებისგან“.

დღეს, პირველ აპრილს, ფეისბუქლაივის დროს გამყრელიძემ და ზახაშვილმა ასევე ისაუბრეს მკვეთრად გამოხატულ ალერგიაზე.

„ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების  შემდგომ, მკვეთრად გამოხატული ალერგიის შემთხვევაში, ამ ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ მეორე დოზა იგივე ვაქცინით არ გაუკეთდეს. ასევე, კოვიდვაქცინა არ უკეთდება იმ ადამიანს, რომელსაც მოცემული მომენტისთვის აქვს მწვავე დაავადება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი აპრილის 16:00 საათის მდგომარეობით, კოვიდზე 8 536 ადამიანი აიცრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: