მთავარი,სიახლეები

ვის აქვს და ვის უნდა საკუთარი პლაჟი ბულვარში 

03.04.2021 •
ვის აქვს და ვის უნდა საკუთარი პლაჟი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გრძელვადიანი იჯარით მიღების მსურველები ისევ რიგში დგანან. პლაჟს ითხოვენ კომპანიები, რომლებსაც ბათუმის სანაპირო ზოლში მოქმედი სასტუმროები აქვთ ან აშენებენ. პლაჟის ათვისება სურთ მათაც, ვინც სარესტორნო და სხვა ტიპის კომერციულ ობიექტებს ფლობს ზღვასთან ახლოს.

„ჩემი შენობის წინ პლაჟი ჩემს განკარგულებაში უნდა იყოს, რომ სტუმარს კომფორტი შევთავაზო, ან მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პლაჟის გამართულობა“, – უმეტესად ასეთია კომერციული ობიექტების მფლობელების არგუმენტი, როცა ისინი პლაჟებს გრძელვადიანი იჯარით ითხოვენ.

სტუმრისთვის კომფორტის შექმნის სურვილი მეტი ფულის გასაკეთებლად, ხშირად საჯარო სივრცის შეზღუდვით სრულდება – ასეთია პლაჟის გასხვისების მოწინააღმდეგეების არგუმენტი.

რა მონაკვეთებია ბათუმის პლაჟებზე უკვე გასხვისებული და რომელ მონაკვეთებს ითხოვენ ახლა ბათუმის მერიისგან, რომ ისინი გრძელვადიანი იჯარით გაასხვისონ – ამის გარკვევას ბათუმელები რამდენიმე გზით შეეცადა.

„რედისონის“ პლაჟი 

ბათუმის პლაჟს იახტკლუბიდან ძველი ბულვარის გასწვრივ თუ გავყვებით, დასაწყისშივე მივადგებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ ტერიტორის, სადაც ზაფხულობით კლუბი „ივერია ბიჩი“ ფუნქციონირებს.

ნაკვეთი პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩს“ აჭარის მთავრობამ 2037 წლამდე იჯარით გადასცა. შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 2020 წლის ნოემბერშია გაფორმებული.

„რივიერა ბიჩი“ „სილქროუდის“ შვილობილი კომპანიაა. პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ მფლობელი კომპანია ბიუჯეტში წელს 18 720 ლარს, ხოლო 2021 – 2037 წლებში, ყოველწლიურად 24 960 ლარს  გადაიხდის.

 

პლაჟის ამ მონაკვეთს ზაფხულობით შეზლონგებით სრულად ითვისებენ, მაშინაც კი, როცა ეს შეზლონგები არ არის დაკავებული, რიგით მომხმარებელს დაცვა აფრთხილებს, რომ იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდეს, თუ შეზლონგს იქირავებს ან თავისუფალ ადგილს იპოვის ნაპირზე. მომხმარებელს მხოლოდ ეს ორი არჩევანი აქვს – ტერიტორიის დატოვება ან შეზლონგის დაქირავება. თავისუფალი ადგილი აქ ერთი მიზეზით არ არის – კომპანიას ყველგან თავისი შეზლონგები აქვს დალაგებული.

„კემპინსკის“ პლაჟი 

ოდნავ გვერდით სასტუმრო „კემპინსკისია“ – საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, ეს სასტუმრო პლაჟზე მოზრდილი მონაკვეთს 13 671 კვ.მეტრ ტერიტორიას განკარგვს.

„კემპინსკის“ წინ 13 671 კვ.მეტრი პლაჟი იჯარით ამ სასტუმროს მფლობელ შპს”GIMG’ – ს აქვს აღებული. სასტუმრო კემპინსკი ჯერ არ ფუნქციონირებს.

რა სურს „ლე მერიდიანს“ – პლაჟი ბულვარში

„კემპინსკის“ ნაკვეთის გვერდით მდებარე თავისუფალ ადგილს კი სასტუმრო „ლე მერიდიანი“ ითხოვს. რეესტრის მონაცემებით, ამ სასტუმროს წინ თავისუფალია 6000 – კვ.მეტრი პლაჟი. აქედან სასტუმროს მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ 3380 კვ.მეტრს ითხოვს. ბათუმის მერია თანახმაა კომპანიას პლაჟზის ეს ნაწილი გადასცეს.

ცოტა ადრე, 2020 წლის მარტში კომპანიას ამ ტერიტორიის ათვისება სრულად სურდა, თუმცა მოგვიანებით გადაწვეტილება შეცვალა. შესაძლოა დარჩენილი ნაწილი შპს „ამბასადორი ბათუმმა“ მოითხოვოს. ის ბათუმის ბულვარში 16-სართულს აშენებს.

„ბათუმი თაუერი“ – სასტუმრო „ლე მერიდიანი“

შერატონის პლაჟი

ამის შემდეგ სასტუმრო „შერატონამდე“ რამდენიმე  ნაკვეთი პლაჟზე იჯარით არის გაცემული ერთმანეთის მიყოლებით. მათი ფართობები 600-1200 კვ.მეტრამდე მერყეობს.

სასტუმრო  „შერატონის“ მფლობელ კომპანიას კი იჯარით აქვს აღებული 5000 კვ.მ პლაჟის ტერიტორია 49-წლიანი ვადით.

მწვანედ მონიშნულია იჯარით გასვისებული ნაკვეთები პლაჟზე

რა სურს „ჰილტონს“ – პლაჟი ბულვარში 

შემდეგ კი 600 -1500კვ.მ-მდე ნაკვეთები მოკლევადიანი იჯარით კერძო პირებს ათვისებული აქვთ „ჰილტონამდე“. თავისი სასტუმროს წინ პლაჟის ათვისება კი „ჰილტონის“ მფლობელ კომპანიას გრძელვადიანი იჯარის წესით სურს. ამის შესახებ თავად კომპანიაში დაუდასტურეს „ბათუმელებს“.

სასტუმრო „ჰილტონი“

რა სურს „ალიანსს“ – პლაჟი ბულვარში

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „ალიანსი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც დაჟინებით თხოვს ხელისუფლებას პლაჟზე მოზრდილ ტერიტორიებს, თავისი მშენებარე სასტუმროების გასწვრივ. კომპანია ზღვასთან ახლოს ორ სასტუმროს აშენებს: 54-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს „ალიანს ფრივილიჯის“ რუსთაველის ქუჩაზე [რომელიც სავარაუდოდ მალე დასრულდება] და ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას „ალიანს მეტროპოლისს“, პროექტი 3  ცათამბჯენს აერთიანებს.

რენდერი – მარჯვნიდან მარცხნივ: „ალიანსი მეტროპოლისი“ და „ალიანსი ფრივილიჯი“, ასევე „ჰილტონი“, „შერატონი“

რა სურს „ორბი ჯგუფს“ – პლაჟი ბულვარში

ამ კომპანიას საკუთარი სასტუმროს წინ არსებული პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით ოფიციალურად ჯერ არ მოუთხოვია: „განაცხადი არ შეგვიტანიაო“. თუმცა, სამომავლოდ განიხილება, რომ პლაჟზე კომფორტი „ორბი ჯგუფის“ სტუმრებსაც დასჭირდებათ.

„ორბი ჯგუფი“ შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ მესამე ცათამბჯენს აშენებს. საერთო ჯამში კი პროექტი 4 ბლოკისგან შედგება, აქედან სამი 50-სართულიანი, ხოლო 1 სამსართულიანი იქნება – ის სამ ცათამბჯენს ერთმანეთთან დააკავშირებს.

კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, რომ ააშენოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი „მშენებარე კომპლექსსა და არდაგანის ტბას შორის. აქედან კი უკვე პლაჟი ერთ ნაბიჯზეა.

მთავარი ფოტო: პროექტი ORBI CITY /რენდერი [სამი ცათამბჯენი ბათუმის სასპორტო სკოლასთან, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე] / ფოტო: „ორბი ჯგუფი“.

რა სურს „გრანდ გლორიას“ – პლაჟი ბულვარში

თავისი შენობის მიმდებარედ პლაჟის გრძელვადიანი იჯარით ათვისების სურვილი გაცხადებული აქვს შპს „გრანდ გლორიასაც“. ამ კომპანიას ბათუმში იცნობენ, როგორც „სემირამიდას ბაღებს“.

ფოტო: სასტუმრო „გრანდ გლორიას“ ფეისბუქის გვერდიდან

სასტუმრო „გრანდ გლორია“ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს.

როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო და კერძო ინტერესი პლაჟზეt

პლაჟების გასხვისებასთან დაკავშირებული დავა და საზოგადოების წინააღმდეგობა ზღვისპირა ზოლში მდებარე სასტუმროების მენეჯერებისთვის, ახლა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია.

ყველა მათგანი თანხმდება, რომ სტუმრისთვის სასურველი, მოწესრიგებული პლაჟი, თავისი გამართული იფრასტრუქტურით ზღვისპირა ზოლში მდებარე სასტუმროს მუშაობას განსაზღვრავს.

მათ ინტერესებშია იჯარის წესით მიღებული ტერიტორიის სრული დატვირთვით ათვისებაც. მიიჩნევენ, რომ სხვაგვარად ინვესტიციის განხორციელება ამ მიმართულებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მათ არც მოკლე ვადიანი [1-2 წლამდე] კონტრაქტები აკმაყოფილებთ. თანხმდებიან იმაზეც, რომ შესამუშავებელია ერთიანი სტანდარტი, რაც გასხვისებულ პლაჟზე საჯარო და კერო ინტერესებს დააბალანსებს.

„ორბი ჯგუფის“ დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის იჯარის შემთხვევაში პლაჟით სარგებლობა უნდა შეეძლოთ რიგით ბათუმელებს თუ ჩამოსულ სტუმრებს.

ის განმარტავს, რომ კომპანიებს, რომლებიც იხდიან საიჯარო გადასახადებს, ასევე დებენ ინვესტიციას პლაჟების მოსაწესრიგებლად, ელიან საპლაჟე ინფრასტრუქტურიდან შემოსავალს. ამ შემოსავალმა კი უნდა დაფაროს, როგორც საიჯარო, ასევე საოპერაციო ხარჯები და გარკვეული სარგებლის მიღებაც.

„უდავოა, რომ პლაჟები არ არის იმგვარად მოწესრიგებული, რაც საჭიროა სტანდარტით, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი დამსვენებლისთვის. ამ შემთხვევაში არის ორი გზა, ან მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს პლაჟის მოვლა-პატრონობას, ან გაიცემა კომპანიებზე, რომლებიც ამ ვალდებულებას აიღებენ. ის, რომ იქ ვინმემ ტერიტორია გადაკეტოს და არ შეუშვას მოქალაქე, ეს არ იქნება მართებული და არც კანონმდებლობა ითვალისწინებს.“

ისარგებლებენ თუ ვერა რიგითი მოქალაქეები პლაჟებით, თუ სახელმწიფო გადასცემს მათ მოთხოვნილ ტერიტორიას?  როგორ ესმით ამ პრობლემის გადაჭრის გზები შპს „ალიანსში“?. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წერილობით კომენტარზე დაგვთანხმდა, ორდღიანი ლოდინის შემდეგ საკუთარ ხედვებზე არაფერი გვითხრეს.

საკუთარი შენობის გასწვრივ პლაჟზე ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით აღებას გეგმავს სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელი კომპანიაც.

„პლაჟის ტერიტორია ჩვენი სასტუმროს მიმდებარედ ერთწლიანი იჯარით გვქონდა ათვისებული 2019 წელს. გრძელვადიანი შეთანხმება კი იმისათვის გვჭირდება, რომ პლაჟი საჭიროებს მოწესრიგებას, მოვლას და საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამართვას. ეს ხარჯებს მოითხოვს. სხვადასხვა ინტერესის მომხმარებელი გვყავს, მაგალითად ისეთი, ვისაც სჭირდება მაღალი დონის მომსახურება, შესაბამისი ნომერი, ასევე მოწესრიგებული პლაჟი. არ სურს ქვიშაზე წამოწოლა, ცხელ ქვებზე გადაადგილება და შეზლონგი ურჩევნია. არის ისეთიც, რომელსაც ქვიშა მოსწონს, შეიძლება ამ ინტერესების შესაბამისად ზონებად დავყოთ ტერიტორია და ყველანაირი მომსახურება შევთავაზოთ დამსვენებელს. არც იმას შევუშალოთ ხელი, ვისაც ჩვენი მომსახურება არ დასჭირდება“, – ამბობს გიორგი აბაშიძე, „ჰილტონის“ მფლობელი კომპანია „ტურინვესტის“ დირექტორი.

გიორგი აბაშიძე დარწმუნებულია, რომ კეთილსინდისიერი კომპანია შეძლებს იჯარის წესით გადაცემულ პლაჟზე საჯარო სივრცე არ შეზღუდოს. ის საუბრობს დეტალურ ხელშეკრულებაზე და მისი შესრულების კონტროლის შესაძლებლობაზე, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:

„კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რეპუტაცია, ამ წესებს აუცილებლად დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში პლაჟის მოვლა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ისე, რომ სტუმარი, რომელიც მაღალი დონის მომსახურებას ირჩევს, არ დარჩეს უკმაყოფილო.“

მერიისა და საკრებულოს პოზიცია

არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია და საკრებულო მუნიციპალური ქონების გასხვისებაზე, როგორც საკუთრებაში, ასევე საიჯარო წესით უარს თითქმის არასდროს ამბობენ. მით უმეტეს, თუ შუამავალი აჭარის მთავრობაა.

გამონაკლისი მხოლოდ „ბათუმი თაუერისთვის“ პლაჟის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება იყო, მოქალაქეების ზეწოლის შემდეგ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განმარტა ისიც დროებით, „ბულვარის გენგეგმის მომზადებამდე“.

ბათუმის პლაჟის რა მონაკვეთი არ გადაეცემა კერძო კომპანიებს? რა მოხდება, თუ მერია და საკრებულო ყველა მომთხოვნის ინტერესებს დააკმაყოფილებს? – არაფერი დარჩება. პლაჟი შეეზღუდებათ იმ მოქალაქეებს, ვისაც ზღვასთან, ქვიშაზე უნდა წამოწოლა და არა 15-25 ლარიან შეზლონგზე. ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, 30 მარტს სწორედ ამ შინაარსის ემოციური გამოსვლა ჰქონდა საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც პლაჟის ერთ-ერთი მონაკვეთის გასხვისების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.

ბოლო დროს ბულვარში მშენებლობის წინააღმდეგ გააქტიურებული პროტესტის ფონზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საჯარო მოხელის მოსაზრება სხდომაზე მისული მოქალაქეების, ბულვარის დამცველების მოთხოვნებს დაემთხვა.

საკითხი ეხებოდა „ბათუმი თაუერისთვის“ სასტუმრო „ლე მერიდიანის “ წინ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 3380 კვ.მ – პლაჟის 15 წლიანი იჯარით გადაცემას.

კიდევ ვის უნდა ადგილი ბულვარში? – ამ თემაზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს მედიასთან საუბარი აღარ სურს სურს. ამიტომ ამის გარკვევა ჩვენ საჯარო რეესტრის მონაცემებით და რამდენიმე უწყების წარმომადგენელთან არაოფიციალური საუბრით ვცადეთ.

 

რუკაზე მწვანედ მონიშნულია შპს „ბათუმი თაუერის“ მიერ მოთხოვნილი ტერიტორია პირსის გვერდით. მის მიმდებარედ კი მწვანედ მონიშნულია ნაკვეთები, რომლებიც საიჯარო წესით უკვე გაცემულია

რა აწუხებთ პლაჟის გასხვისების მოწინააღმდეგეებს 

ბათუმში არსებული პრაქტიკა ასეთია: საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას კომპანიები ქონების მიღებიდან მალევე ივიწყებენ. ბათუმში არაერთი შემთხვევა იყო, როცა პლაჟიდან გამოაძევეს დამსვენებელი, რომელმაც მოიჯარე კომპანიის სერვისზე უარი თქვა. ამ მოქალაქეებს არათუ პლაჟზე წამოწოლის უფლება არ მისცეს, არამედ შეურაცხყეს კიდეც.

იყო შემთხვევა, როცა მსგავსი პრობლემის გამო პლაჟზე პოლიცია გამოიძახეს. ბათუმში ახსოვთ იჯარით გაცემული პლაჟიდან პარლამენტის წევრის გაძევების ხმაურიანი სკანდალიც. ეს ფაქტი იმ დროს მოქმედმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ შეაფასა, როგორც „ღირსების შემლახავი მოპყრობა“

„ჰილტონის“ მფლობელი კომპანიის – ტურინვესტის დირექტორი გიორგი აბაშიძე დარწმუნებულია, რომ იჯარის წესით გასხვისებულ პლაჟზე კეთილსინდისიერი კომპანია ბალანსის დაცვას შეძლებს.

ამ ეტაპზე ბულვარში მორატორიუმია გამოცხადებული, ბულვარის გენგეგმის მომზადებამდე. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გასხვისდება.

____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

___

ამავე თემაზე:

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: