კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

გელათის კვლევა-კონსერვაციის პროგრამისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯება

02.04.2021 • 3483
გელათის კვლევა-კონსერვაციის პროგრამისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტრის კვლევებისთვის 515 000 ლარს გადაიხდის. სააგენტო გეგმავს გელათის მონასტრის საკონსერვაციო სტაბილიზაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებებისათვის საჭირო კვლევები მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუციების ჩართულობით ჩაატაროს.

„ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს ასევე გადაუდებელი ჩარევების მეთოდოლოგიური და ტექნიკის განსასაზღვრად შესაბამისი კვლევების განხორციელებას, გრძელვადიანი, კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამისა და გეგმის შედგენას, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მრავალწლიან და კომპლექსურ ფიზიკურ საკონსერვაციო [არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, მოზაიკის, არქეოლოგიის, ქვის და სხვა] სამუშაოებს. საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გადაუდებელი ღონისძიებების ფარგლებში აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.

აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს როგორც მოკლევადიან პერიოდში გადაუდებელი ქმედებების მეთოდლოგიასა და ტექნიკას, ასევე მომავალ წლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხას, მათ სავარაუდო ღირებულებას და შესრულებისთვის საჭირო დროის პერიოდებს“.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ღონისძიენების ჩამოთვლა, რაც შემდგომში დაზუსტდება უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. კერძოდ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმებით და მათი რეკომენდაციების შესაბამისად:

  • გადახურვების მდგომარეობის კვლევა, მათ შორის ლაბორატორიული-საექსპერტო კვლევების განხორციელება;
  • გამოსასწორებელი ქმედებების დაგეგმვა და შესაბამისი გადაუდებელი ჩარევებისა პროექტის/ების შემუშავება;
  • კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობის გაფართოებული მონიტორინგი-კვლევა;
  • კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის მოსამზადებლად კვლევების განხორციელება.

„სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მსგავსი პრობლემების გამომწვევი მიზეზების კვლევისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ხარისხიანად შესრულების მიზნით, აღნიშნული ქმედებების განსახორციელებლად გადამწყვეტი და აუციელებლია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სამუშაო პროცესში წამყვანი ინსტიტუციებისა და ექსპერტების ჩართულობა.

ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით, შეუძლებელი გახდება საერთაშორისო ექსპერტების/ინსტიტუციების მიერ ეტაპობრივად განსაზღვრული და დაგეგმილი ქმედებების დროული შესრულება, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ძეგლის რთულ საკონსერვაციო მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნის მის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მთლიანობასა და ავთენტურობას.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს და კონკრეტულად გელათის კლიმატური პირობების – უხვნალექიანობის გათვალისწინებით, ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით კვლევითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო ვადებმა შეიძლება საგრძნობლად შეაყოვნოს სამუშაო პროცესი [რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს] და შესაძლოა შეუქცევადი და უმძიმესი ზიანი მიაყენოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს,“ – აცხადებენ სააგენტოში.

 

გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის გარკვევაცაა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის მოსთხოვენ პასუხს მსოფლიო მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გამო.

ამ თემაზე ვრცლად:

ვინ იმუშავა გელათის რესტავრაციაზე და რა კავშირები აქვთ მათ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: