მთავარი,სიახლეები

ქობულეთი პანდემიის დასაწყისიდან 1 წლის შემდეგ [ფოტო/ვიდეო]

01.04.2021
ქობულეთი პანდემიის დასაწყისიდან 1 წლის შემდეგ [ფოტო/ვიდეო]

„მარშუტკები“ რომ არ დადიოდა, ორი კილომეტრი ფეხით ჩამოვდიოდი გზამდე და მერე ველოდებოდი რამე ტრანსპორტს, ქობულეთამდე რომ გამოვყოლოდი. პანდემია ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის,“ – ეს ვარდო ბეჟანიძის ისტორიაა.

ვარდო ქობულეთში, სოფელ ზედა ხუცუბანში ცხოვრობს. მარტოხელაა და თავს თვითონ ირჩენს. სოფლიდან ქობულეთის ბაზარში დადის და სახლში მოყვანილ პროდუქტს ყიდის. პანდემიამ გავლენა იქონია ყველაფერზე – ფასებზე, მყიდველებსა და მათ ყიდვისუნარიანობაზე.

„ადრე უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა, ვიდრე ახლა. შიშის გამო ხალხი არ გამოდის გარეთ. მაგრამ მე იძულებული ვარ გამოვიდე სახლიდან. მარტოხელა ქალი ვარ და თავი ხომ უნდა ვირჩინო. წამალი მჭირდება, რამე მჭირდება. ეს რომ არა, არ გამოვიდოდი გარეთ არაფრით.

ძალიან რთული წელი იყო, ძალიან. რაც ეს პანდემია დაიწყო, არაფერი კარგი არ ყოფილა. ბევრი ადამიანი დაიღუპა,“ – ამბობს ვარდო.

ვარდო ბეჟანიძე

ნინო სეფერთელაძე ქობულეთის ბაზარში თევზს ყიდის. ამბობს, რომ ყველაზე მეტად პანდემია პროდუქტის ფასებსა და სამუშაოზე აისახა.

„მძიმე იყო ეს ერთი წელი. სახლში ვიჯექით. მუშაობა არ იყო.  ახლა ცოტა გაუმჯობესდა. სად ის, ჩაკეტილი რომ ვიყავით და გარეთ ვერ გამოვდიოდით. ახლა ცოტას მაინც ვვაჭრობთ,“ – ამბობს ნინო სეფერთელაძე.

ნინო სეფერთელაძე

„ცუდი, ცუდი, ძალიან ცუდი,“ – ეს ბაზარში მოვაჭრეთა საერთო განწყობაა, როდესაც კითხულობ, როგორი იყო განვლილი ერთი წელი. პანდემია აისახა ყველაზე და ყველაფერზე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტებზე.

„ხალხში ფული აღარაა. გაჭირვებულია ხალხი. ვეღარც კარტოფილს ყიდულობს და ვერც სხვა პროდუქტს. გაძვირებულია პროდუქცია. კატასტროფაა,“ – ამბობს ნოდარ სურმანიძე, რომელიც ქობულეთის ბაზარში კარტოფილს ყიდის.

ქობულეთში ზოგიერთს ტურისტული სეზონის იმედი აქვს, ზოგიერთი კი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ მათი მდგომარეობა უიმედოა.

„კარგს არაფერს არ ველოდებით. თუ ტურისტი არ ჩამოვიდა, უფრო გაჭირვება იქნება,“ – ამბობს ტაქსის მძღოლი თამაზ ქათამაძე.

„სეზონის იმედი აქვს ქობულეთელ ხალხს. ინფორმაციები როგორც მოდის, მესამე ტალღა თუ იქნება, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხალხი. პანდემიამდე სამუშაო იყო. საზღვრები გახსნილი იყო და ევროპაში დადიოდა ხალხი სამუშაოდ. ახლა ყველაფერი ჩაკეტილია. ადამიანები ვეღარსად დადიან და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ,“ – ამბობს ტარიელ ცენტერაძე.

მიუხედავად რთული ერთი წლისა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ ეს რთული პერიოდიც გადალახვადია.

„ყველაზე მეტად გამიჭირდა ის, რომ ხალხის შეშინებულ სახეს ვხედავდი. როგორც მიდიოდა ცხოვრება, ისე წავიდა. ცოტა გაძვირდა, ცოტა ცხოვრების პირობები შეიცვალა, მაგრამ ახალ ეტაპზე გადავდივართ. დინებას უნდა მიყვე. თუ არ მიყვები, უნდა დანებდე და დანებებას არ ვაპირებ,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ მაღაზიაში მომუშავე მაია ბოლქვაძე.

მაია ბოლქვაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: