აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა თანამდებობა დატოვა. იგი ამის შესახებ ფეისბუქზე წერს და აღნიშნავს, რომ მუშაობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.
„თითქმის 3 წელი ვიმუშავე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსად. ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე ჩემს გუნდთან ერთად, ვიღებდით დაუმსახურებელ ბრალდებებს, მაგრამ ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი საქმის პატიოსნად კეთება და ქვეყნისთვის სასიკეთო სამსახური იყო. ბევრი რამ გავაკეთეთ, მრავალი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ პეტრას ციხეს, არც ერთი ძეგლი არ განადგურებულა, გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები.
ცხადია, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, გულითადი მადლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ამჯერად, საქმიანობას ვაგრძელებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ. მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის ბატონ თორნიკეს და ბატონ ჯაბას,“ – წერსზაურ ახვლედიანი ფეისბუქზე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახვლედიანი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორად 2018 წლის აგვისტოში დანიშნეს. ამ პოსტზე მის მუშაობის უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თანხმობა „რივიერას“ განაშენიანების გეგმის დამტკიცებაზე და შპს „ამბასადორისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ზაურ ახვლედიანმა შეცვალაასევე დებულება, სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს დაკომპლექტების წესი, რის შედეგადაც საბჭოში აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წევრები. ამ დროისთვის საბჭოში შედიან მხოლოდ საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.
ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით სურგულაძე თანამდებობიდან გადადგა. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით სურგულაძე გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს: „თავს შევიკავებ“.
„ბათუმელები“ ამ თემაზე დეტალებს აზუსტებს და ინფორმაციას ამის შესახებ მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.
ორი კვირის წინ, 12 აპრილს, თანამდებობა დაატოვებინეს ბულვარის დირექტორს ირაკლი ჯინჭარაძეს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახლეს.
საუბარია ორი წლის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, სადაც აუდიტი ეხება კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებს, ხოლო ეს შესყიდვა განხორციელდა მაშინ, როცა ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე იყო.
ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთის“ პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა.
ჯინჭარაძის განცხადების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტები არ შეჩერებულა.
ცოტა ხნის წინ „ბულვარის ადმინისტრაციამ“ კონკურსით შესყიდული დოკუმენტი ბულვარის განაშენიანების გეგმა ჩაიბარა, ამ გეგმის საჯარო განხილვას უხმაუროდ არ ჩაუვლია.
ერთ-ერთ საჯარო განხილვამდე კი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იყო დაგეგმილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრის ჩაშლას გეგმავდნენ, შეთანხმებულ დროს ეს შეხვედრა მართლაც არ შედგა.
ბულვარის გენგეგმას ეწინააღმდეგებიან აქ მოქმედი კომერციული ობიექტების მეპატრონეები და მოიჯარეები.
აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას, სადაც თვითნებურად აშენებული სახლები დგას, საინვესტიციოდ ამზადებს. ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საერთო ფართობი 140 551 კვ/მ-ია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ-ს] შეისყიდის. ტერიტორიის ერთ-ერთ კვარტალში სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსიც უნდა დაგეგმარდეს, რომელშიც ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს გადასცემენ.
„დამკვეთის მიერ მითითებულ საპროექტო კვარტალზე დაგეგმარდეს სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო საცხოვრებელი კვარტალების განვითარებისათვის გამოყოფილი დარჩენილი კვარტალები დაგეგმარდეს საცხოვრებელი კომპლექსებისათვის, საინვესტიციოდ“ – აღნიშნულია კონკურსის ტექნიკურ დავალებაში.
კონკურსი სამინისტრომ დღეს, 29 აპრილს, გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 844 ათასი ლარი. კონკურსი 31 მაისს დასრულდება.
ტერიტორიის „გდგ-ს შემუშავებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდეს საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსებაზე, ასევე საჯარო სკოლის (საორიენტაციოდ 700 მოსწავლეზე), საბავშვო ბაღისა (საორიენტაციოდ 150 აღსაზრდელზე) და სარეკრეაციო ზონის განთავსებაზე“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
„გდგ აუცილებელია ამჯერად ამ ტერიტორიისთვის, რათა შემდგომში განაშენიანებამ აქ ქაოსური ხასიათი არ მიიღოს“ – გვითხრეს სამინისტროს საკონკურსო კომისიაში.
რაც შეეხება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის ახალ სოციალურ საცხოვრებელ კომპლექსს, ის იმ ტერიტორიის მომიჯნავედ აშენდება, სადაც უკვე მიმდინარეობს 582-ბინიანი კომპლექსის მშენებლობა [რომელშიც ასევე განსახლდება აღნიშნული ჩასახლებიდან ოჯახების ნაწილი]. ანუ, სოციალური კომპლექსი არა ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, არამედ მისგან დაშორებით აშენდება.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორია: 1 – ადგილი, სადაც სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს; 2 – ტერიტორია, სადაც საცხოვრებელი კომპლექსებიც დაგეგმარდება საინვესტიციოდ.
ტექნიკური დავალების მიხედვით, „ახალი კომპლექსის საცხოვრებელი სახლების ბოლო იატაკის ნიშნული არ უნდა აღემატებოდეს 37 მეტრს. საცხოვრებელი ბინების რაოდენობა და ფართობები კონკურსში გამარჯვებულმა დამატებით უნდა შეათანხმოს სამინისტროსთან (საცხოვრებელი ბინების ფართობების მინიმუმი საორიენტაციოდ განისაზღვროს 42 კვ/მ-ით. დამატებით აივნების გათვალისწინებით).
საცხოვრებელი ოთახების მეორადი განათება დაუშვებელია. დაგეგმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას მრავალსულიანი ოჯახების განთავსების საკითხებიც. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მიწისპირა სართული გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი დანიშნულებითა და პარკინგის მოსაწყობად. მოეწყოს ქანობიანი გადახურვა. საორიენტაციო სამშენებლო ფართობი – არანაკლებ 60 000 კვ/მ. საპროექტო მიწის ნაკვეთი დახლოებით შეადგენს 3 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორია უნდა დაზუსტდეს სამინისტროსთან“.
—
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით „მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაწყება,“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 29 აპრილს, კონკურსის გამოცხადებამდე დააანონსა. „ეს სტრატეგიული პროექტია,“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ადამიანებმა არაერთი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ იმ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებსაც ახლა აშენებენ.
„ოცნების ქალაქის“ დასახლება ბათუმში 2012 წელს გაჩნდა. ამ დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მშენებელობის პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა;
იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს:
ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიიდან 10 ჰექტარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე გადაწყვეტილება 5 სპეციალისტის თანხმობით მიიღეს – ეს წერია 2021 წლის 28 იანვრით დათარიღებულ სხდომის ოქმში. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის სხდომის მონაწილე 5 სპეციალისტიდან ერთმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ სხდომას არ დასწრებია. მეტიც, ის ანტიკური ხანის ნაქალაქარისთვის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგია. სხდომაში მონაწილეობის გახსენება გაუჭირდა თავად სხდომის თავმჯდომარესაც.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის წევრი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი, რომელმაც ამავე კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიის 10 ჰექტარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას მხარი დაუჭირა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არათუ მხარი არ დაუჭერია ამ საკითხისთვის, არამედ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგია და ამ სხდომას საერთოდაც არ დასწრებია.
„მე არ ვესწრებოდი ასეთ სხდომას. ფიჭვნარის ნაქალაქარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა. მე კულტურას ვემსახურები და ყოველთვის დავუჭერ მხარს მსგავს ტერიტორიებს – მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ეს შესასწავლი ტერიტორიაა. მე ყველანაირად ვიზიარებ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან კონკრეტულად ფიჭვნარის ნაქალაქარის შესახებ“.
ოქმის მიხედვით კი, ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი სხდომას ესწრებოდა, მოისმინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსის ლაშა ასლანიშვილის მიმოხილვა ამ საკითხზე და კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ჯაფარიძის დადებით შეფასებას მხარი დაუჭირა.
სხდომის ოქმი
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა გვითხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ რატომ გადაწყვიტა ძეგლის ტერიტორიის 10 ჰექტარით შემცირება.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ფიჭვნარის ნაქალაქარის იმ ტერიტორიის საზღვრები შეცვალა, რომელსაც 2020 წლის მარტში თავადვე მიანიჭა ძეგლის სტატუსი, სააგენტომ გასული წლის იანვრის გადაწყვეტილებით ძეგლის ტერიტორიას ნაკვეთები, არანაკლებ 10 ჰექტარი გამოაკლო.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა „ბათუმელებისგან“ გაიგო, რომ არსებობს სააგენტოს კომისიის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც ის სხდომას ესწრებოდა და ნაქალაქარის ტერიტორიის საზღვრების ცვლილებას დაეთანხმა კიდეც. ის დაინტერესდა და ოქმის ასლის გადაგზავნა გვთხოვა. მისი გაცნობის შემდეგ კი ისევ დაგვიკავშირდა და დაგვიდასტურა, რომ მსგავს სხდომაზე არ ყოფილა და არც საკითხის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.
„ლაშა ასლანიშვილი თვალითაც არ მინახავს და არც ვიცი ვინ არის. რატომ დაწერეს ეს და ვინ დაწერა მე არ ვიცი და სხვას ჰკითხეთ. გმადლობთ, რომ ჩამაყენეთ საქმის კურსში“, – გვითხრა მან.
„ბათუმელები“ დავუკავშირდით არქეოლოგიური საბჭოს [სექცია] კომისიის თავმჯდომარესაც. სხდომის შესახებ თავდაპირველად ვერც ვახტანგ ჯაფარიძემ გაიხსენა. მისი თქმით, ახსოვს მხოლოდ ის, რომ დაურეკეს და ამ საკითხზე მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ. მან განგვიმარტა, რომ ფიჭვნარის ნაქალაქართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არქიტექტორთა საბჭომ მიიღო, მას კი მხოლოდ მოსაზრება ჰკითხეს ტელეფონით.
„… ჩვენ ვართ არქეოლოგიის საბჭო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს არ გვეკითხებიან. კოლეგებმა, მეგობრებმა ტელეფონით, ასევე ბათუმიდანაც მკითხეს ამ საკითხზე და ტექსტიც ვნახე. შესაძლოა არქეოლოგები დიდ ფართობს ინებებდნენ და ვეტო დაადეს, რომ არ იყოს რაიმე საქმიანობა იმ დიდ ფართობზე. მათ უფრო მეტი იციან და ეს აკრძალვა მოდის ბათუმის უწყებებიდან. გიმეორებთ, რომ საკითხი განიხილება არქიტექტორთა საბჭოზე, მე დავუდასტურე ჩემს კოლეგებს მოსაზრება და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ახლა, როგორც ჩანს, ეს ვიღაცას არ მოეწონა. გიმეორებთ, მე მხოლოდ იმიტომ გავეცანი ამას, რომ გამოვიჩინე კოლეგიალობა არქიტექტორთა საბჭოსადმი, რომელიც ჩააფიქრა ამ საკითხმა… არა რას ბრძანებთ, რა სხდომას ვხელმძღვანელობდი, მე სახლში ვიყავი და ტელეფონით დამელაპარაკა კოლეგა. მე როგორ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, მე იმ საბჭოს წევრი არა ვარ.“
ვახტანგ ჯაფარიძემ გვითხრა ისიც, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მეტი კომპეტენცია ამირან კახიძეს აქვს და როგორც გამოცდილი არქეოლოგი ნდობასაც იმსახურებს, ამიტომაც სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ მას დაეყრდნო.
ამის შემდეგ ვახტანგ ჯაფარიძე ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გაიხსენა სხდომის ჩატარება – რომ სხდომა ონლაინ ჩატარდა და კომისიის წევრები მის მოსაზრებას დაეთანხმნენ.
თუმცა სხდომის ოქმში არანაირი მინიშნება არ არის იმაზე, რომ სხდომა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
არქეოლოგი ამირან კახიძე სსიპ „ბათუმის მუზეუმის“ დირექტორის მრჩეველია, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ მისი დასკვნის საფუძველზე მიანიჭა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი. შემდეგ კი, როგორც სააგენტო ირწმუნება, ასევე მისი დასკვნის საფუძველზე შეცვალა ძეგლის საზღვრები და ის 10 ჰექტარით შეამცირა.
ფიჭვნარის ნაქალაქართან დაკავშირებით ვკითხეთ ასევე საბჭოს კიდევ ერთ წევრს ნიკო მურღულიას. ოქმის მიხედვით ის სხდომას არ ესწრებოდა. მან გვითხრა, რომ მასალები შესწავლილი არ აქვს და შესაბამისად ამ საკითხზე ვერაფერს გვეტყვის.
„… ბატონ ამირანს მიმართეთ, ადამიანი მთელი ცხოვრება არქეოლოგია და ამ მიმართულებით მოღვაწეობს, ეს არ იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არაფერი დაძალებით არ მომხდარა. ასე შეიძლება მიანიჭო სტატუსი და შემდეგ შეცვალო კიდეც, ალბათ ჩაატარა დაზვერვითი სამუშაო და აქვს ინფორმაცია. არქეოლოგიური ტერიტორია არ არის უსასრულოდ გადაჭიმული. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან არ უნდა იყოს, უნდა მიმართოთ ბატონ ამირანს“, – გვითხრა კოტე ფიცხელაურმა.
„პარლამენტი ზრდის დაკავების ვადას, მაგრამ დაკავების კანონიერების გადამოწმების ვალდებულება არ არსებობს. ასევე მძიმდება პასუხისმგებლობა ორი ყველაზე მძიმე დარღვევისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უფლებების შეზღუდვის ყველაზე გავრცელებული და სამწუხარო მექანიზმია,“ – წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით დღეს, 29 აპრილს მიიღო პარლამენტმა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ქვეყანაში უფლებების დარღვევის რისკებს ზრდის.
ადმინისტრაციული დაკავებების ვადა გახანგრძლივდა, კანონიერებას კი, მოსამართლე ვერ შეამოწმებს
კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა 12 საათიდან 24 საათამდე იზრდება (ეს ვადა დამატებით შეიძლება გახანგრძლივდეს 24 საათით მტკიცებულებების შეგროვების მოტივით). ომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ როცა მოსამართლეს დაკავების კანონიერების შემოწმების ვალდებულება არც ახლა ექნება, დაკავების ვადის გაზრდა კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. გიორგი ბურჯანაძე ყურადღებას ამახვილებს ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაუარესებულ ტენდენციაზე:
„ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, სადაც ბუნდოვანია ადამიანის დაკავების კანონიერების საკითხი. როცა ვადები იზრდება, მით უფრო აქტუალური ხდება დაკავების კანონიერების შემოწმების საკითხი, რადგან ერთია სამართალდარღვევის ჩადენა, მაგრამ მეორეა ის, რომ შესაძლოა ეს დაკავების საფუძველი არ იყოს. მოსამართლეს კი არ აქვს ვალდებულება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებით დაინტერესდეს. ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ ზიანის ანაზღაურება მოითხოვო და ამ გზით შეიძლება შემოწმდეს კანონიერება.
ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია კი ამბობს, რომ ნებისმიერი დაკავების კანონიერება სწრაფად უნდა მოწმდებოდეს, ასევე მისი გადამოწმება უნდა ხდებოდეს,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
სახალხო დამცველის მოადგილე საპარლამენტო განხილვებს ესწრებოდა და ეს მოსაზრება პარლამენტარებსაც გაუზიარა. მას უთხრეს, რომ ამ საკითხზე სამომავლოდ იმსჯელებენ.
„იზრდება რისკი, რომ დაკავება შესაძლოა უკანონოდ მოხდეს, უკანონოდ მოხდეს თავისუფლებაში ჩარევა და 24 საათი უკანონოდ ვიყოთ შეზღუდული,“ – დასძენს გიორგი ბურჯანაძე.
„ბუნდოვანია“ – სახალხო დამცველი მუხლებზე, რომლებზეც დღეს სანქციები გამკაცრდა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს, 29 აპრილს, სანქცია გამკაცრდა ორ მუხლზე – „წვრილმანი ხულიგნობა“ და „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“. თუკი საპროტესტო აქციებს და აქციებზე დაკავებულების საქმეებს თვალს ადევნებთ, ამ მუხლების შესახებ ყველაზე ხშირად გაიგონებდით. ამ მუხლებით აკავებენ და შემდეგ აჯარიმებენ ძირითადად აქციების მონაწილეებს.
ამავე მუხლებით დააკავეს, მაგალითად, ბათუმში „სირცხვილიას“ სამი აქტივისტი, საიდანაც ორი სასამართლომ გაამართლა, ანუ გამოჩნდა, რომ პოლიციელებს ამ პირების დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ. სამართალდამცველებს ამ დრომდე არ განუმარტავთ, რის გამო შევიდნენ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში.
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძეც მიიჩნევს, რომ რისკი შეკრებების და მანიფესტაციების უფლების უკანონოდ შეზღუდვის კუთხით კიდევ უფრო იზრდება და მაშინ, როცა ეს მუხლები ბუნდოვანია, მათი გამკაცრება კი არა, ამაზე საუბარიც კი არალოგიკური იყო.
„ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როცა გაუგებარია, რა იყო წვრილმანი ხულიგნობა, ან პოლიციელის მოთხოვნა რატომ იყო კანონიერი. ბუნდოვანია, როგორც ამ მუხლების შინაარსი, ასევე მისი შეფასება, მაგალითად, ნოდარ რუხაძე „მონის“ დაძახებისთვის დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისთვის… ეს მუხლები არის ბუნდოვანი და არ არის განჭვრეტადი. ჩვენს არაერთ საპარლამენტო ანგარიშში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხშირად უკანონოდ იყენებენ ამ მუხლებს და პრაქტიკა გვაქვს ძალიან ცუდი.
ომბუდსმენის მოადგილე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ „ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევა ამ მუხლების საშუალებით ხდება“, მაგალითად, აქციას ვეღარ გამართავ, რადგან პოლიციელი მიიჩნევს, რომ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინე, თუკი ვინმეს „მონა“ დაუძახე. მსგავსი შემთხვევა ბათუმშიც იყო, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ალტერნატივის“ ლიდერი ხათუნა ბერიძე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „მონებოს“ დაძახებისთვის მოსამართლე როინ კახიძემ 500 ლარით დააჯარიმა.
„ბუნდოვანი ნორმის ძალაში დატოვება და სანქციის გამკაცრება, ბუნებრივია, უფლებების დაცულ სფეროში ჩარევას გაცილებით უფრო ინტენსიურს გახდის, უფრო მეტად იზრდება უფლებების დარღვევის რისკი, რომლის არაერთი მაგალითი ჩვენ გვაქვს ყოველწლიურად მანიფესტაციებზე თუ მის მიღმა,“ – დასძინა გიორგი ბურჯანაძემ.
166-ე მუხლის შემთხვევაში [წვრილმანი ხულიგნობა] სანქცია სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში 1500-დან 2000 ლარამდე იზრდება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით კი, წვრილმანი ხულიგნობისთვის განსაზღვრული მაქსიმალური სანქცია 1000 ლარი იყო.
რაც შეეხება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა [ასკ-ის 173-ე მუხლი], მისი განმეორების შემთხვევაში პირს სანქცია დაეკისრება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე.
ამ მუხლისთვის ამ დრომდე სანქცია იყო განსაზღვრული 1000-დან 4000 ლარამდე. ცვლილების შემდეგ კი, მოსამართლემ, თუკი სამართალდარღვევას დაადასტურებს, მინიმალურ ჯარიმად 2 ათასი ლარი უნდა განსაზღვროს, ზედა ზღვარი კი, 3 ათასი ლარია.
გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც, თუკი ხელმეორედ სამართალდარღვევის ჩადენა დაგიდასტურდათ: წვრილმანი ხულიგნობისთვის მინიმალური ვადა 5 დღეა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის – 7 დღე. ორივე მუხლზე ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეა.
ამ დრომდე მინიმალური ვადა ადმინისტრაციულ პატიმრობაზე განსაზღვრული არ იყო, ანუ, მაგალითად, მოსამართლეს შეეძლო 1 ან 2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინა სამართალდამრღვევისთვის.
კორონავირუსმა მცირე თუ საშუალო ბიზნესი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში სამი ათასზე მეტმა ბიზნესმა შეწყვიტა საქმიანობა. ეს უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს, ბიზნესმენებისთვის კი გადაუხდელ საბანკო ვალებსა და პროდუქციის წარმოების შეჩერებას ნიშნავს.
როგორ უმკლავდება ბიზნესი პანდემიის რთულ პირობებს, რის ფასად უწევს დასაქმებულთა შენარჩუნება და როგორ უნდა გამოინახოს რთულ დროში ოქროს შუალედი ისე, რომ ბიზნესს არ მოუწიოს თანამშრომელთა დათხოვნა, თან ისე, რომ გაკოტრებაც აირიდოს თავიდან. ამ თემებსა და პანდემიაში ბიზნესის სხვა სახის გამოწვევებზე გენო გელაძე საუბრობს, ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ეწევა საქმიანობას. პანდემიამ მასაც, ბევრი სხვა ბიზნესმენის მსგავსად, ბევრი პრობლემა მოუტანა.
გენო გელაძე – მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელი
მისი საქმიანობისთვის პანდემიის პირველი ორი თვე ურთულესი აღმოჩნდა. თუმცა კომპანიამ, რომელიც მენეჯმენტის სერვისს უწევს სხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს, ბრძოლის აქტიური სტრატეგია აირჩია, რაც გადარჩენისთვის ბრძოლის მსგავსია.
გენო გელაძის კომპანიების საქმიანობის ნაწილი ონლაინ სამუშაო ფორმატში გადავიდა.
24/7-ზე რეჟიმში საჭირო გახდა ახალი ბიზნესპროექტების დამუშავება, დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება, ბანკებთან და დონორებთან აქტიური კომუნიკაცია.
კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ბიზნესისთვის შეინარჩუნოს ადამიანური რესურსი, დასაქმებულები და იყოს მათი ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი პანდემიის პირობებში. როგორც გენო გელაძე ამბობს, რთული პერიოდი მისთვის ერთგვარ მოტივატორადაც კი იქცა:
„18 წელია მართვის სფეროში ვმუშაობ და სირთულეებს არასდროს ვნებდები. სადაც სიძნელეები და პრობლემებია, ორმაგი მოტივაციით ვმუშაობ, მაგრამ კოვიდპანდემია სხვა იყო. ურთულესია თანამშრომელს ესაუბრო პროექტებზე, ამოცანებზე, მომავალზე, როცა მის თვალებში შიშს ხედავ.
ჩვენ სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილებები. თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით პროექტები გავაჩერეთ, მენეჯმენტ კომპანიის გუნდი ონლაინ სამუშაო რეჟიმში გადავეწყეთ. თანამშრომლების სოციალური გარანტიები ჩვენს პრიორიტეტად დავისახეთ და გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა თანამშრომლების ხელფასებით უზრუნველყოფა უწყვეტად, სანამდეც მოვახერხებდით. მოვახერხეთ კიდეც.
შევიმუშავეთ თანამშრომლების და მათი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის შიდა, სწრაფი რეაგირების სისტემა, რაც გულისხმობდა კომპანიის ყველა შესაძლებლობის, კავშირების, რესურსების გამოყენებით კოვიდინფიცირებული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას. ეს იყო ერთგვარი სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რამაც კარგად იმუშავა.
თანამშრომლების და კომპანიის სტუმრების განწყობაზეც ვიზრუნეთ. ოფისში სრულფასოვნად სამუშაო პროცესის დაწყების დღესვე, ისეც მწვანე სამუშაო გარემო ზუსტად იმდენი მცენარით „გამოვაცოცხლეთ“, რამდენი დღეც ოფისი კოვიდის გამო დაკეტილი გვქონდა“, – გვიყვება გენო გელაძე.
კომპანია GGM-ის მწვანე სივრცე
მისი ერთ-ერთი საქმიანობა კრიზისში მყოფი ბიზნესებისთვის მართვის სერვისის შეთავაზებას გულისხმობს. შესაბამისად, იცის რა ტიპის პრობლემები შეექმნა მისი პირადი ბიზნესის გარდა სხვა კომპანიებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არაერთ ბიზნესს გაუწია რეკომენდაცია მისმა კომპანიამ და ყველა შემთხვევაში გამოვლინდა, რომ უმოქმედობასა და უიმედობაზე მეტად ბრძოლისუნარიანობა მუშაობს და ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა უფრო აზრიანი მიდგომაა, ვიდრე შეჩერება.
პანდემიაში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჭირდა. მათ ხანდახან ნაკლები წვდომა აქვთ ფინანსებზე. დაფინანსების, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო რესურსებზე. ბიზნესმენი რეკომენდაციებს აძლევს სტარტაპერებსა და გზის დასაწყისში მყოფ საქმოსნებს. როგორც გენო გელაძე მათ ურჩევს:
ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიების საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და თუ ბიზნესი კარგად და სწორად დაამუშავებს პროექტს, თითქმის ყველა სფეროშია შესაძლებელი სესხის, გრანტის, ან თუნდაც ადგილობრივი ფიზიკური პირებისგან ინვესტიციის მოძიება. რაშიც იგულისხმება ახალი ბიზნესის წამოწყება, სტარტაპები და ბიზნესის გაფართოების მცდელობები.
ბევრი შესაძლებლობაა წარმოების სფეროში ბიზნესის წამოწყების ან გაფართოების. ბევრი საინტერესო დაფინანსების შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამას ,,აწარმოე საქართველოში’’, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარაში – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის და ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედ პროგრამებს, ბანკებს.
როგორც გენო გელაძე ამბობს, პანდემიის პირობებში ბიზნესის დაფინანსების მოპოვებაში გამოცდილი მისი კომპანია GGM-ი მსხვილი ბიზნესპროექტებით, ბიზნესის გაფართოებით დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს ეხმარება საჭირო დაფინანსების გზების პოვნაში.
ბიზნესმენს მიაჩნია, რომ დღეს სახელმწიფო იმაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს ბიზნესის მხარდასაჭერად, ვიდრე პოლიტიკური სტაბილურობაა, ლარის კურსის მართვა, გრძელვადიანი მოლოდინების მეტ-ნაკლებად პროგნოზირება, მასობრივი ვაქცინაცია, ბიზნესისთვის ბიუროკრატიის შემცირება, საზღვრების სრულფასოვნად გახსნა და ბიზნესდავებზე სასამართლო პროცესების დაჩქარება.
GGM-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათები, იაფი სესხის აღების შესაძლებლობა, გარკვეულ ზღვრამდე ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი და ა.შ.
„სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესს ამ მძიმე პირობებში მოზომილად უნდა მიუდგნენ, რადგან ახლა ბიზნესის მენეჯერებს ბევრ კრიზისთან უწევთ გამკლავება და უკვე მეორე წელია სტრესულ ვითარებაში მართავენ პროცესებს. ჩვეულებრივ დროს მაკონტროლებლის მარტივი მოთხოვნები და რეაქციები, ასეთ ემოციურ ფონზე მენეჯერებისთვის მძიმე ტვირთია და ეს მიდგომა შესაძლოა ბოლო წნეხი აღმოჩნდეს, რის გამოც დანებდება და შეწყვეტს ბრძოლას“, – ამბობს გენო გელაძე.
მისი დაკვირვებით იკვეთება ბევრი ერთმანეთის მსგავსი შეცდომა, რასაც ბიზნესმენები ხშირად უშვებენ კოვიდპანდემიაში. GGM-ის დამფუძნებელი ამ შეცდომების ჩამონათვალს გვიზიარებს და განმარტავს კიდეც ესა თუ ის მიდგომა რატომაა უშედეგო:
მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. ანუ კოვიდის დამარცხებამდე გაჩერება, რადგან რისკები მაღალია: ასეთი მიდგომის გავრცელებული შედეგია ლოდინის პროცესში ყველა ფინანსური რეზერვის ამოწურვა, რის შემდეგაც ბიზნესი ფეხზე წამოდგომას უბრალოდ ვეღარ შეძლებს;
გადასახადების გადახდაზე უარის თქმა. ანუ, იმ კატეგორიის ბიზნესი, რომელიც კოვიდამდე ისედაც გადასახადებისგან თავის არიდებაზე იყო ორიენტირებული, ახლა უკვე კოვიდის მიზეზით გადასახადს არ იხდის, იმ იმედით, რომ კოვიდის გამო ეპატიება. ამით კეთილსინდისიერ ბიზნესსაც ელახება რეპუტაცია;
ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა კოვიდის მიზეზით ბიზნესის მიერ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება. არგუმენტები: ,,რა ვქნა, კოვიდია’’, ,,მე რა შუაში ვარ, კრიზისი გაივლის და გადავიხდი’’ და ა.შ.
„ყველაფერი ზემოთ თქმულის მიუხედავად, ვფიქრობ, პანდემია, როგორც კრიზისული გარემო, ბიზნესმა შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს. ყველა სფეროში ეს არ გამოვა, მაგრამ ბევრ ბიზნესს აქვს ამის პოტენციალი. ბიზნესი უნდა შეეგუოს, რომ ხშირად სჯობს საკუთარი პროექტი სამართავად სხვა, გამოცდილ მენეჯმენტ კომპანიას გადასცე. მაგალითად, ჩვენ, პანდემიის დროს 11 მსხვილ პროექტზე ვიმუშავეთ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამ პროექტების უდიდესი ნაწილი სხვისი საკუთრებაა, ჩვენ მხოლოდ სწორად ვმართეთ პროცესი და შედეგით კმაყოფილია დამკვეთიც, დამფინანსებელიც და ჩვენც. გარემომ კოვიდის პირობებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – ამბობს მართვის კომპანია GGM-ის დამფუძნებელი, გენო გელაძე.
ბათუმის ახალ ბულვარში მოქანდაკე გელა წულაძის „ყირამალა“ 2009 წელს განათავსეს. მიწაზე ცალი ხელით მდგარ ადამიანს მეორე ხელში გული უჭირავს.
რკინის კონსტრუქციები გულით, რომელიც სხვადასხვა შინაარსს ატარებს, ქანდაკებების სერიაა და როგორც ახალ, ასევე ძველ ბულვარში, სანაპიროზეა განთავსებული.
რატომ აიღეს „ყირამალა“ ახალი ბულვარიდან? – ვკითხეთ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას, სადაც თავდაპირველად გვითხრეს, რომ ქანდაკება დაზიანებული იყო და რესტავრაციისთვის ავტორმა, გელა წულაძემ წაიღო.
„ბათუმელები“ ქანდაკების ავტორს, გელა წულაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად აიღო თუ არა „ყირამალა“ რესტავრაციისთვის.
„მე როგორ წავიღებდი. არსად არ წამიღია. ერთი წლის წინ მითხრეს, რომ ვანდალიზმი იყო და გატყდაო. დაუჭრიათ და ახლა აწყვია საწყობში. ისეა დაჭრილი, მისი აღდგენა შეუძლებელია. გატეხილი თუ იყო, ერთ ადგილზე იქნებოდა და რომ ეჩვენებინათ თავის დროზე, რესტავრაცია შეიძლებოდა. დაეზარათ ალბათ ამწეს მოყვანა, ისე ამოწევა და დაჭრეს“, – ამბობს გელა წულაძე.
სხვა ქანდაკებები, რომლებიც წულაძემ ერთი სერიის ფარგლებში გააკეთა, ისევ დგას ზღვისპირა ბულვარში, თუმცა მათ განახლება სჭირდება. მაგალითად, ერთ-ერთ ქანდაკებას, რომელსაც სიყვარულის ახსნას ეძახიან, გული აკლია, რომლის რესტავრაციაც ერთი წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა დღემდე დაზიანებულია.
გელა წულაძის კიდევ ერთი ნამუშევარი ბათუმის ბულვარში. ქანდაკება ამჟამად დაზიანებულია და გული აკლია. ფოტო: „ბათუმელები“
გელა წულაძე ამბობს, რომ „ყირამალას“ თავიდან გაკეთება დაახლოებით 25 ათასი ლარი დაჯდება, რომლის ხარჯთაღრიცხვა „ბათუმის ბულვარს“ შარშან მისცა.
ბათუმის ბულვარმა მასალის მომზადების პროცესში კიდევ ერთხელ დააზუსტა ინფორმაცია:
„ირაკლი ჯინჭარაძეს (ბულვარის ყოფილ დირექტორს) ჰქონდა მასთან მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ „ყირამალა“ იმდენად დაზიანებული იყო, დაჟანგული და ჩამოვარდნილი, რომ ფაქტობრივად დემონტაჟს საჭიროებდა. საწყობში აწყვია ახლა. ავტორთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ ზუსტ ანალოგს დაამზადებს.
ახალი კონსტრუქციისთვის თანხები გასული წლის ბიუჯეტში იდო, თუმცა პანდემიის გამო ბიუჯეტში რაღაცები შეიცვალა. სავარაუდოდ, 2022 წლის ბიუჯეტში იქნება თანხები და ავტორი გააკეთებს ახალ ქანდაკებას“, – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილემ, სოფო გუჯაბიძემ.
რაც შეეხება მეორე ქანდაკებაზე გულის აღდგენას, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ის „მიმდინარე სამუშაოების“ ხარჯებში იქნება გათვალისწინებული.
„ტენდერი გაიწელა რაღაც პერიოდი და ახლა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია. ამ სამუშაოებს ზაფხულამდე მოვასწრებთ, მათ შორის იქნება ეს გული“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.
ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი, რომელიც სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ვენების გაგანიერებას გულისხმობს, ძალიან ხშირი პათოლოგიაა როგორც კაცებში, ისე ქალებში. სხვადასხვა ოფიციალური წყაროსმიხედვით, 50 წლის ასაკში ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს ჰემოროიდული დაავადება.
პრობლემის დელიკატურობიდან გამომდინარე პაციენტები დაავადების გართულებამდე არ მიმართავენ ექიმს, რის შედეგადაც დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს და დამძიმდეს.
რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ ჰემოროიდული დაავადება, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას და როგორია პრევენცია? – „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-პროქტოლოგი გურანდა თურმანიძე პასუხობს.
ქალბატონო გურანდა, რა არის ჰემოროიდული დაავადება და რა ხდება ამ დროს?
ეს არის ანუსის არეში არსებული კავერნოზული სხეულების გაგანიერება, რაც ვითარდება მუცლის შიდა წნევის, სისხლის წნევის მომატების ფონზე.
ჩვეულებრივ რა ხდება ჰემოროიდული დაავადების გამომწვევი მიზეზი?
დაავადება ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების სტილს, ის მიეკუთვნება პროფესიულ დაავადებათა რიცხვს და მის განვითარებას ხელს უწყობს მჯდომარე სამუშაო რეჟიმი, ასევე, დიდხანს უმოძრაოდ ფეხზე დგომა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა. ჰემოროიდული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა ყაბზობამ ან ფაღარათმაც, რაც არასწორი კვების შედეგია. შესაბამისად, არასწორი კვების რაციონიც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია.
როგორია ჰემოროიდული დაავადების ნიშნები და რა დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს მტკივნეული დეფეკაცია, შესაძლოა ახლდეს ქავილი, დისკომფორტი, ტკივილი და სისხლდენაც. პირველი და მეორე ხარისხის ჰემოროიდული დაავადების დროს დროული მიმართვა ექიმთან თავიდან აგვარიდებს დაავადების გართულებას და მესამე-მეოთხე ხარისხის დროს საჭირო ოპერაციულ მკურნალობას.
ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა პირველი-მეორე ხარისხის ჰემოროიდული დაავადების დროს მკურნალობის გარეშეც შეიძლება ალაგდეს სიმპტომები.
ხშირად პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ისინი დაავადებული არიან ჰემოროიდული დაავადებით და არა რაიმე სხვა პრობლემით, რადგან პროქტოლოგიური დაავადებების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შეიძლება ავადმყოფმა მიიჩნიოს, რომ ის დაავადებულია ბუასილით, მაგრამ შეიძლება ეს იყოს სხვა პათოლოგია. არ არის აუცილებელი, რომ საქმე გვქონდეს ონკოლოგიურ დაავადებასთან, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა სხვა დაავადებებიც.
ჰემოროიდული დაავადების დროს ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას ხალხური მედიცინის პრეპარატებით, რომლებიც ოჯახებში მზადდება, ეს არ არის სწორი, ცხადია.
სამკურნალოდ მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებული მალამოების გამოყენებაა ამ დროს რეკომენდებული და რა თქმა უნდა – ექიმის დანიშნულებით.
როგორი სისხლდენა ახასიათებს ჰემოროიდულ დაავადებას და რამდენად საყურადღებო შეიძლება იყოს ეს?
ჰემოროიდული დაავადების დროს სისხლდენა არის ალისფერი, ანუ ამ დროს იკარგება ჟანბადით მდიდარი სისხლი. სისხლდენამ შეიძლება მიიღოს სისტემური ხასიათი და გაგრძელდეს წლების მანძილზე გარკვეული პერიოდულობით, თუმცა პაციენტი შესაძლოა მაინც არ მიმართავდეს ექიმს. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს ანემია, რომელიც საკმაოდ სერიოზული და საყურადღებო პათოლოგიაა.
ოპერაციული ჩარევა როდის ხდება საჭირო?
ოპერაციული მკურნალობა რეკომენდებულია, როდესაც უკვე ჰემოროიდული კვანძები იწყებენ პროლაბირებას ანუ სანათურიდან გამოსვლას. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჰემოროიდული დაავადება უკვე მესამე ხარისხისაა. არის შემთხვევები მეოთხე ხარისხის დროს, როცა კვანძების დაბრუნება ანუ ჩალაგება სანათურში თავისით ვეღარ ხდება და პაციენტს სჭირდება ხელის დახმარება, რომ ჰემოროიდული კვანძები დააბრუნოს ნაწლავის სანათურში. ამ დროს ტარდება ოპერაცია, რა დროსაც ხდება როგორც შიდა, ისე გარეთა ჰემოროიდული კვანძების მოკვეთა.
ოპერაცია 40 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, დაავადების სიმძიმეს. პოსტოპერაციულ პერიოდში დეფეკაციას ტკივილი ახლავს. რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 20 დღიდან 1 თვემდე.
როგორია ჰემოროიდული დაავადების პრევენცია?
მძიმე ფიზიკური შრომისგან თავის არიდება და თუ კი პრობლემა პროფესიით/სამუშაო პირობებით არის განპირობებული, რეკომენდებულია დროულად მიიღოს ზომები და როგორმე მოახერხოს სამუშაოს შემსუბუქება. ძირითადად ეს უკავშირდება მჯდომარე ცხოვრების წესსა და პირობებს, რომლის დროსაც ადამიანს ხანგრძლივად უწევს უმოძრაოდ ფეხზე დგომა.
რაც შეეხება კვებას, პაციენტმა უნდა გამორიცხოს რაციონიდან მწარე და მჟავე საკვები, ასევე ალკოჰოლური სასმელები. ზოგი პაციენტი აღნიშნავს, რომ მას მხოლოდ წითელი ფერის სასმელი უმძაფრებს მდგომარეობას, მაგრამ ეს ასე არ არის, ნებისმიერი სახის ალკოჰოლი, ლუდიც კი შეიძლება გახდეს დაავადების გამწვავების მაპროვოცირებელი.
ასევე მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება, რომ დეფეკაცია პაციენტისთვის იყოს ყოველდღიური ან დღეგამოშვებით.
MayoClinic-ის რეკომენდაციით ჰემოროიდული დაავადების თავიდან ასარიდებლად ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები;
მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეული;
დალიეთ ბევრი სითხე. ყოველდღე დალიეთ ექვსიდან რვამდე ჭიქა წყალი და სხვა სითხეები (არა ალკოჰოლი);
მოერიდეთ დაძაბვას დეფეკაციისას – დაძაბვა და სუნთქვის შეკავება ქმნის უფრო დიდ წნევას ქვედა სწორი ნაწლავის ვენებში;
ტუალეტში შედით მაშინვე, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ;
ივარჯიშეთ – იყავით აქტიურები, რომ თავიდან აიცილოთ ყაბზობა და შეამციროთ ზეწოლა ვენებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას დიდხანს დგომის ან ჯდომის დროს;
მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, განსაკუთრებით საპირფარეშოში.
2021 წლის 22 აპრილის მონაცემებით, აჭარაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურმა „შუახევიჰესმა“ 350 მლნ კვტს. ელექტროენერგია გამოიმუშავა. კომპანიის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ენგურის გაჩერების ფონზე „შუახევიჰესმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ზრდის და ამავდროულად იმპორტზე დამოკიდებულებისგან შემცირებაში.
ადგილობრივების თქმით, მსხვილმა ენერგეტიკულმა პროექტმა, რომელმაც მაღალმთიანი აჭარის ორი მუნიციპალიტეტი მოიცვა, მათ სარგებელი ნაკლებად, მაგრამ ზიანი კი მოუტანა.
სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ ელგუჯა ხიმშიაშვილს საკუთარ სახლში, სამზარეულოს მაგიდაზე ათობით ბოთლი აქვს წყლით სავსე. ეს მარაგია იმ შემთხვევისთვის, თუკი წყალი მოულოდნელად შეწყდება. წყაროს წყლების ნაწილი სოფელ ნიგაზეულში 2015 წლის შემდეგ დაიკარგა. ელგუჯა ხიმშიაშვილი, ისე როგორც მისი ის თანასოფლელები, ვისაც სასმელი წყალი გაუქრა, ამას „შუახევიჰესს“ უკავშირებენ. სოფელ ნიგაზეულის ქვეშ „შუახევიჰესის“ მთავარი სადაწნეო გვირაბი გადის. ელგუჯა ხიმშიაშვილი იხსენებს, რომ სოფელში წყალი მას შემდეგ გახდა პრობლემა, რაც გვირაბის ასაშენებლად სამშენებლო კომპანიამ აფეთქებითი სამუშაოები ჩაატარა გაბურღვის ნაცვლად.
აჭარის მთის სოფლების უმრავლესობა წყაროს წყლებზეა დამოკიდებული. მთის სოფლებში დღემდე არ არსებობს ცენტრალური წყლის სისტემა. ისტორიულად ორ-სამ ოჯახს ერთი საერთო წყარო აქვს. ოჯახები ამ წყალს იყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სოფლის მეურნეობაში – ბაღჩეულის მოსარწყავად. კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ლობიო, მარწყვი, სიმინდი – ეს ის კულტურებია, რომლებიც მთაში მოჰყავთ, ნაწილს თავად იყენებენ, ნაწილს კი ბათუმის ბაზარში ყიდიან.
„შუახევიჰესის“ მშენებლობის პერიოდში ჰესის გავლენის ზონაში ათამდე სოფელი მოხვდა. ყველა სოფელს საერთო პრობლემა ჰქონდა და აქვს – სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა დაკარგა წვდომა სუფთა წყალზე. წყაროები გაქრა.
სასმელი წყლის გაქრობას ჰესის მშენებლობისთვის საჭირო გვირაბების გაყვანას უკავშირებენ სოფლებში: ღურტაში, წაბლანაში, ნიგაზეულსა და ყინჩაურში მცხოვრებლები.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს ჰესის მშენებლობასა და სასმელი წყლების გაქრობას შორის, სოფლად მცხოვრებთ კომპანიის არ სჯერათ. მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ.
„ნიგაზეულის 70 %-მა დაკარგა წყაროს წყალი. ჩემს მაგალითს გეტყვით, 1968 წელს მოვიყვანე წყალი, 2015 წლამდე არც ზამთარში, არც ზაფხულში მე და ჩემს ოჯახს წყლის პრობლემა არ გვქონია. ისე მოდიოდა, წისქვილს დაატრიალებდა. 2015 წელს, ჩვენს სოფელში შემოვიდა კომპანია და დაიწყო აფეთქება გვირაბის გასაყვანად, მაშინ რომ დაიკარგა წყალი, იმის შემდეგ აღარ მოსულა. ჩამოიარეთ სოფელი – ჩემი ისტორიის მსგავს ამბავს ბევრისგან მოისმენთ“, – გვეუბნება ელგუჯა ხიმშიაშვილი.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილობით კომენტარში კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს წყაროს წყლების დაკარგვასა და გვირაბების მშენებლობას შორის.
„აჭარისწყალი ჯორჯიადან“ მოგვწერეს, რომ ისინი 2014 წლიდან 2016 წლის ბოლომდე ახორციელებდნენ წყაროს წყლების მონიტორინგს. შედეგებს კი ყოველთვიურად შესაბამის სახელმწიფო უწყებებში აგზავნიდნენ. 2014-2016 წლებში მონიტორინგის პროგრამაში კომპანიის სპეციალისტებთან ერთად ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
„შედეგების ინტერპრეტირების მიზნით, მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი ჰიდრო-გეოლოგი, რომელმაც მონიტორინგის შედეგების შეფასებისას დაადგინა, რომ სამშენებლო საქმიანობასა და წყაროს წყლების დებეტის ცვლილებას შორის კავშირი არ არსებობს. წყაროები, რომელთას დებეტიც შემცირდა, უფრო დაბალ ნიშნულზე მდებარეობდნენ გვირაბის ღერძიდან (მერყეობს 400 -1250 მეტრამდე), ვიდრე ის წყაროები, რომელთა დებეტიც არ შემცირებულა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვირაბის ზეგავლენა სრულიად გამოირიცხა.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ დებეტის ცვლილება ძირითადად დაკავშირებული იყო სეზონურ ფლუკტუაციასთან. ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის დებეტი მცირდებოდა, ხოლო ზამთრის პერიოდში კვლავ მატულობდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვირაბის ზეგავლენა სრულიად გამოირიცხა.
2016 წელს გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულებასთან ერთად, კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით, შეწყდა მონიტორინგის პროგრამა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ წყაროს წყლების დებეტის ცვლილებაზე შეუძლებელია ზემოქმედება მოეხდინა გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ან ოპერირების პროცესს,“ – ნათქვამია მათ მიერ გამოგზავნილ კომენტარში.
„აჭარისწყალი ჯორჯიასი“ არ სჯერათ ნიგაზეულში მცხოვრებ ვაჟა ცეცხლაძეს და მის მეზობლებს. ისინი გვირაბის მშენებლობას აბრალებენ წყლის დაკარგვას.
„არ შემიძლია გითხრათ ერთი სიკეთე მაინც, რომელიც ამ ჰესის აშენებამ მე ან ჩემს მეზობლებს მოგვიტანა, მაგრამ დამაზიანა. მთელი სოფელი შენატროდა წყალს, რომელიც ჩვენს ეზოში მოდიოდა. გვირაბი რომ ააშენეს, წყალი გაქრა. კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ და ამინდს დააბრალეს [კლიმატის ცვლილებას] – სიცხეა, გვალვებიაო… სიცხეც იყო, გვალვაც, მაგრამ ამ წყალს არ მოუკლია. მაინცდამაინც მაგენი [აჭარისწყალი ჯორჯია] რომ შემოვიდნენ, მაშინ რატომ გაქრა? პირდაპირ მათი ბრალია, რომ ჩვენი წყალი დაიკარგა,“ – ამბობს ვაჟა ცეცხლაძე.
ვაჟა ცეცხლაძე
კომპანიამ ასევე მიგვითითა, რომ 2020-2021 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტმა წყალსადენი ააშენა და სოფელ ნიგაზეულში წყალმომარაგების მილი შეიყვანა.
„ამდენად, სოფლის მოსახლეობა აღარ არის დამოკიდებული წყაროს წყლებზე. შესაბამისად, ამ საკითხის წამოჭრა დღეს ჩვენთვის გაუგებარია,“ – მოგვწერეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.
შუახევის მუნიციპალიტეტმა სოფელ ნიგაზეულში მართლაც მოაწყო წყალსადენი სისტემა, მაგრამ გამწმენდი ნაგებობის გარეშე. ტალახიანია წყალი, რომელიც ონკანში მოდის – მას ვერ გამოიყენებ სასმელად, საკვების მოსამზადებლად და სარეცხად.
„ონკანში წყალი კი არ მოდის, ტალახი მოდის,“ – ამბობენ ნიგაზეულში მუნიციპალიტეტის მიერ შეყვანილ წყალზე საუბრისას.
„ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ჰკითხა, სარგებლობენ თუ არა სოფელ ნიგაზეულში რაიმე შეღავათით, სოფელში მსხვილი ენერგეტიკული პროექტისთვის საჭირო გვირაბის გავლის შემდეგ.
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიონში ელექტროსადგურის მდებარეობა არ ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას,“ – მოგვწერეს პასუხად კომპანიიდან.
კომპანიას ასევე ვკითხეთ, სოფელ ნიგაზეულში გაიცა თუ არა კომპენსაციები და რამდენმა ოჯახმა მიიღო. პასუხად მოგვწერეს, რომ სოფელში მხოლოდ 36 ოჯახზეა მიწის შესყიდვის კომპენსაცია გაცემული. რაც შეეხება კომპენსაციების ოდენობას, მას კომპანია არ ასაჯაროებს.
„შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. 2017 წელს დასრულდა და ოპერირება დაიწყო. გახსნიდან ზუსტად ორ თვეში, „შუახევი ჰესზე“ ავარია მოხდა. სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი ორ ადგილას ჩამოინგრა, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი – ექვს ადგილას. სპეციალისტების თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი ავარია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში.
„შუახევი ჰესის“ რეაბილიტაცია ორი წელს გაგრძელდა და მასზე 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. გასული წლის აპრილში „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი, რომელზეც რამდენიმე ადგილას წყალი ჟონავდა. მაშინაც, როგორც ახლა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაშხალზე წყლის გამოჟონვა იყო ნორმალური მოვლენა და მის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენლმა თქვა, რომ იმ ადგილების ქიმიური ხსნარებით ცემენტაცია მოხდებოდა, საიდანაც წყალი ჟონავდა.
„ბათუმელებმა“ ერთი წლის შემდეგ აღნიშნული ადგილები გადაამოწმა. კაშხლის ის მონაკვეთები, სადაც გასულ წელს წყალი ჟონავდა, ამოვსებულია. თუმცა ამჟამად წყალი სხვა მონაკვეთებზე ჟონავს.
კომენტარისთვის ისევ მივმართეთ „აჭარისწყალი ჯორჯიას“. კომპანია „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით კომენტარში ამტკიცებს, რომ კაშხალი უსაფრთხოა.
„ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე მცირე ფილტრაციული წყლების არსებობა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ფილტრაციის მცირე რაოდენობით არსებობა არ წარმოადგენს საფრთხეს ნაგებობის მდგრადობისა და უსაფრთხოებისთვის“.
დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომლის მშენებლობაც განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი ინჟინრების ჩართულობით“, – ნათქვამის „შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის მიერ გამოგზავნილ წერილში.
„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ბულვარის დაცვა და კონსერვაცია და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმა, რომელიც დამტკიცდება აუცილებლად, იქნას გათვალისწინებული ყველა იმ მოქმედი მეწარმის ინტერესი, რომელიც იქ თავის საქმიანობას ახორციელებს. მე მათ ვპირდები საჯაროდ და ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, მეწარმეებთან შეხვედრას და ვერავინ შეძლებს მათთან ზედმეტ შეხებას და მათი ინტერესების უგულებელყოფას,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, რომელსაც დღეს, 29 აპრილს მთავრობის სხდომის შემდეგ ბათუმის ბულვარის გენგეგმის შესახებ ვკითხეთ.
კითხვის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ იმ მეიჯარეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც საჯაროდ უკვე დააფიქსირეს პროტესტი ბულვარის ახალი გენგეგმის მიმართ. გენგეგმის მიხედვით, ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვთხოვეთ დაკონკრეტება, რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ „მათთან ზედმეტ შეხებას ვერავინ შეძლებს“. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ე.წ. კომპრომისული ვარიანტის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს მას შემდეგ, როცა მეწარმეებთან გაიმართება შეხვედრა. თორნიკე რიჟვაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს „კომპრომისი“.
„მოგვიანებით გახდება ყველაფერი თქვენთვის ცნობილი,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოხერხდეს კერძო და საჯარო ინტერესების თანაბრად დაცვა.
„ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც სამუდამოდ დაიცავს მას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს სპეკულაციას ამ თემაზე. რა თქმა უნდა, პირველადი პროექტი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის, შესაბამისი უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ჩართულობით…“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
განსხვავებული აზრი აქვს თორნიკე რიჟვაძეს „ამბასადორზე“, რომელიც 16-საერთულიანი კორპუსს აშენებს ბათუმის ბულვარში. გენგეგმის პროექტის მიხედვით, მხოლოდ სამი სართულის აშენებაა დასაშვები და არა 16 სართულის. რიჟვაძემ აქცენტი სასამართლო დავაზე გადაიტანა, თუმცა იმავდროულად ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ხალხი შეწუხებულია“.
„ამბასადორთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს კონკრეტული სამართლებრივი დავა… როცა ეს სამართლებრივი დავა კიდევ უფრო სიღრმისეულად დაექვემდებარება განხილვას, გამოჩნდება კონკრეტული შედეგები. ჩვენ ჩვენს ნაწილში ვფიქრობთ, რომ მათ შორის ამ კონკრეტულ პროექტზე და სხვა პროექტზეც, სადაც ხალხი შეწუხებულია, პირდაპირ მინდა გითხრათ, და მე მგონი საზოგადოებამ ნახა, რომ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც მართლა აქვს გულწრფელი ინტერესი ბულვარის დაცვის და ამას ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქის ინტერესები იქნას დაცული და არ მოხდება ისე, რომ ვინმეს ჰქონდეს კონკრეტული ექსკლუზივი კონკრეტულ გენგეგმაზე,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხა: რატომ უნდა იყოს გენგეგმის მოთხოვნების შესრულება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
„ბათუმის ბულვარს აუცილებლად ექნება გენგეგმა. რაც შეეხება თქვენს დაშვებებს, ეს არის დამოკიდებული სასამართლოზე. ამ ყველაფერს ექნება შედეგი, რომელსაც ჩვენ ერთად გავეცნობით,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.
“დღესვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაწყება,” – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მთავრობის სხდომაზე “ოცნების ქალაქთან” დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ვინც “ოცნების ქალაქში” ცხოვრობს.
“ეს სტრატეგიული პროექტია,” – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ოჯახი მიიღებს ბინას მეორე ეტაპზე და რა დაჯდება ეს.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის განმარტებით, დღეს ტენდერი მეორე ფაზის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აპრილის 21 საათიდან 30 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„როგორც ვიცი, უფორმოდ პოლიციელებს ჩემთან მოსვლის უფლება არ აქვთ და ფორმით როცა დავინახავ, ისევ გავიქცევი,“ – გვითხრა ლაშა ხიმშიაშვილმა. ეს ის მოქალაქეა, რომელსაც ორი დღის წინ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე პირბადის გამო პოლიციელი გაეკიდა.
სანამ პოლიციელი გაეკიდებოდა, ლაშა ხიმშიაშვილმა მას უთხრა, რომ თავადაც არასწორად უკეთია პირბადე. პოლიციელს მართლა არ ჰქონდა პირბადით ცხვირი დაფარული.
ვიდეო, რომელზეც ლაშა ხიმშიაშვილის გაქცევა და პოლიციელის დადევნება იყო ასახული, 26 აპრილს ფეისბუქში ვირუსულად გავრცელდა.
დღეს, 28 აპრილს, ლაშა ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ამ შემთხვევის შემდეგ უშუალოდ დაუკავშირდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე და სთხოვა განყოფილებაში მისვლა, თუმცა ის პოლიციაში მისვლას არ აპირებს.
„მითხრა, რომ დამაჯარიმებენ მხოლოდ 20 ლარით პირბადის არქონის გამო და 1000 ლარით – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ეს ყველაზე მინიმალური ჯარიმააო, ასე მითხრა, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, შესაძლოა, რამდენიმე დღე პატიმრობაშიც დამტოვონ… გავარკვიე იურისტებთან, რომ ორ თვეში ეს ქარწყლდება, ორი თვის შემდეგ ვეღარ მომთხოვენ პასუხს. შესაბამისად, იქ მისვლას არ ვაპირებ,“ – ამბობს ლაშა ხიმშიაშვილი.
ლაშა ხიმშიაშვილის თქმით, ის უმუშევარია და ამ ჯარიმას ვერ გადაიხდის.
მოქალაქე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ხშირად პოლიციელებსაც არ უკეთიათ ქუჩაში პირბადე ან ის არასწორად უკეთიათ.
ლაშა ხიმშიაშვილი 28 წლისაა და ბათუმში ცხოვრობს.
___
მთავარი ფოტო: კადრი „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან
ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მირზა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება და ბრალი 11 მარტს წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე მირზა ბახტაძე თანამდებობის პირი იყო.
„მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში.
მირზა ბახტაძისთვის სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა ბახტაძეს ოჯახში ძალადობას ედავებიან, გუშინ, 27 აპრილს, TV25-მა გაავრცელა.
რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ საღამოს ცხრა საათიდან მოიხსნას კომენდანტის საათი და ადამიანებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ? – ეს კითხვა ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 28 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროს დაუსვეს.
მინისტრის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საუბარი, თუ პირბადის მოხმარება მოსახლეობის მხრიდან 95 პროცენტამდე გაიზრდება.
„თუ ჩვენ შევძლებთ და პირბადის მოხმარებას 95 პროცენტამდე ავიყვანთ, ეს ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში ჩემი ინიციატით საბჭომ დაიწყოს იმაზე საუბარი, რომ კომენდანტის საათი მაქსიმალურად ადრე მოვხსნათ,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში.
პარლამენტარ იაგო ხვიჩიას კითხვას კი, თუ „როდის უნდა გავთავისუფლდეთ უცნაური მონობისგან, რომლის შინაარსია, რომ ცხრა საათიდან 5 საათამდე სახლიდან ვერ გახვალ და რა არის ამაში ჩვენი წვლილი, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს?“, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა: „თუ თქვენ დაგვეხმარებით იმაში, რომ გაიზარდოს ახალგაზრდებში პირბადის მოხმარება, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ თავისუფლების აღდგენაში.“
იაგო ხვიჩიას აზრით კი, 95 პროცენტით პირბადის გამოყენება მოსახლეობის მხრიდან შეუძლებელია. „არ მგონია ეს შესაძლებელი, თუ ჩვენ აქ ტირანიას არ დავამყარებთ“-ამბობს ხვიჩია.
დღეს, 28 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის გამო ის გულდაწყვეტილია:
„აქ შემიძლია გამოვხატო ჩემი გულდაწყვეტა და ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ეს არის პრობლემა და შეიძლება ისიც ვაღიარო, რომ არც კი ვიცი როგორ გადავჭრა ეს პრობლემა.“
მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის არგუმენტი აცრის დაბალ მაჩვენებელზე არის ის, რომ ბევრმა გადაიტანა კოვიდი. „აქედან გამომდინარე, მათ 120 დღე არ აქვთ შესრულებული და ამიტომ არ აქტიურობენ. ეს არგუმენტი მისაღებია, მაინც გვყავს მედპერსონალი, რომელიც არ იყო კოვიდინფიცირებული, თუმცა მაინც პასიურია“.
ტიკარაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა გზასა და ხერხს ეძებს. „გვაქვს მათთან შეხვედრები და საუბრები, თუ რამდენად კარგი გამოსავალი აქვს ვაქცინაციას და იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები გამოიღებს შედეგს.
თუ სამედიცინო პერსონალის სანდოობა არ გაიზარდა ვაქცინაციის პროცესის მიმართ, რთული იქნება მინისტრის ან ნებისმიერი საჯარო მოხელის მხრიდან მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს რის მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ასევე მათი ჯანმრთელობისთვის საჭირო,“-ამბობს ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტიდან მიმართა ექიმებს და სთხოვა, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. „ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ გვქონდეს მაღალი ხარისხის ვაქცინა და არ მოჰყვება ამ პროცესს არანაირი გართულებები.
მაგრამ თუ ჩვენ ვნახავთ, რომ 100 სულ მოსახლეზე კოვიდის ლეტალობა არის 1-დან 2-მდე და ვაქცინაციის შემთხვევაში, მილიონში ერთი შემთხვევა შეიძლება დასრულდეს ლეტალობით, ალბათ საიმედოდ ჟღერს ეს რიცხვები,“-ამბობს ტიკარაძე.
ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ასრულებს სწავლას და იღებს ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომს. როგორია მათი მოლოდინები უნივერსიტეტისგან? პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს უმაღლესმა სასწავლებელმა იმისთვის, რომ სტუდენტის მოლოდინები გაამართლოს?
პროფესიის არჩევა
ერთია ის, თუ რა სპეციალობის დაუფლება გვსურს სწავლის დასაწყისში, სად წარმოგვიდგენია თავი 5-10 წლის შემდეგ; მეორე ის, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩენთ უამრავ მომიჯნავე პროფესიას, უამრავ შესაძლებლობას, სადაც შეიძლება განვითარდეს ჩვენი კარიერა. ეს კი ხშირად იმაზე უკეთესია, ვიდრე ის, თუ რა წარმოგვედგინა თავიდან.
ჩვენი კარიერული განვითარება დამოკიდებულია იმ ცოდნასა და უნარებზე, რასაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას შევიძენთ: აკადემიური წერა, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია, სტრატეგიის შედგენა და მართვა – ეს იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რაც უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მოგვცეს.
კონტაქტები
უნივერსიტეტის პრესტიჟულობას მეტწილად მისი პროფესორ-მასწავლებლები ქმნიან. ვინ ასწავლის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელისა და პრესტიჟისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სტუდენტმა მომავალი საკონტაქტო და სანაცნობო წრე გააფართოვოს; ლექტორები კი გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს ხელს უწყობენ რეკომენდაციებით, სტაჟირების შანსის მიცემით – ეს კი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია კარიერული წინსვლისთვის. პირველი სწორად გაცემული რეკომენდაცია, პირველი სტაჟირება არის ნაბიჯი, რომლითაც კარიერის შენებას ვიწყებთ.
დასაქმება
ხშირად სტუდენტები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დასაქმების შემთხვევაში, რეალური სამუშაოს შესრულების დროს არ არის საკმარისი. ეს სტუდენტს უჩენს კითხვას: „მაშინ რა ვისწავლე მთელი ამ ხნის განმავლობაში?“
იმისათვის, რომ ეს კითხვა რაც შეიძლება იშვიათად დაისვას, უნივერსიტეტები ცდილობენ კავშირები დაამყარონ სხვადასხვა, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან; დანერგონ სწავლებაში უფრო მეტი პრაქტიკული კომპონენტი და ასე შეუწყონ ხელი სტუდენტს სწრაფად დასაქმებაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამივე მნიშნველოვანი კომპონენტი სწავლების პროცესში ინტეგრირდება. CIU-ში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ თითოეულის შექმნას წინ უძღვის დასაქმების ბაზრის კვლევა, რომელიც ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები აქვს დღეს დასაქმების ბაზარს და რომელი პროფესიებია ყველაზე მეტად მოთხოვნადი. გარდა ამისა, არა მხოლოდ შემუშავების, არამედ პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართულნი არიან დამსაქმებლები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომელთა რეკომენდაციებსა და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებთ. სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით, ჩვენი სამსახური იკვლევს მათ აზრს კურსდამთავრებულების შესახებ, შესაბამისად, იზიარებს მათ მოთხოვნებსა და სურვილებს, თუ როგორი პრაქტიკული უნარების მქონე კურსდამთავრებული სჭირდებათ და ვის დაასაქმებდნენ უპრობლემოდ. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტი პროგრამებში აძლიერებს სწორედ იმ კომპონენტს, რომელიც სტუდენტს შედარებით მეტ, დასაქმებისათვის საჭირო უნარს გამოუმუშვებს. სწორედ ამიტომაა, რომ სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), თეორიულ სწავლებასთან ერთად საკმაოდ დიდი მოცულობითაა გათვალისწინებული პრაქტიკული სასწავლო კურსები, ხოლო ბოლო სემესტრებში, აუცილებელ კომპონენტად, პრაქტიკა.
აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ უნივერსიტეტს, პრაქტიკული კომპონენტის ადგილზევე გავლის მიზნით, არაჩვეულებრივი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს ყველა პროგრამისთვის, თუმცა, პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო პრაქტიკის გავლის მიზნით, გაფორმებული აქვს ასეულობით მემორანდუმი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებასთან.
გარდა ამისა, CIU-ში თითოეულ ფაკულტეტს პრაქტიკის დიდი ბაზა და შესაძლებლობები გააჩნია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენება: იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, იურიდიული კლინიკა, რომელიც მომსახურებას უწევს ნებისმიერ მსურველს; კავკასიური გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის ცენტრი, ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი; ბიზნეს-ინკუბატორი, ვირტუალური საფონდო ბირჟა; მულტიმედია ცენტრი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტელე და რადიო სტუდიებს, ე.წ. ნიუსრუმსა და სამონტაჟო კაბინეტებს, გაზეთისა და ჟურნალის რედაქციებს, ხმის ჩამწერ სტუდიებს, საგრიმიოროს და სხვ. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიისა და ბიოქიმიის, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის სასწავლო და კვლევითი კაბინეტ-ლაბორატორიები, 12 სადგურზე გათვლილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი; საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა, საფანტომო სწავლების კაბინეტები; გამორჩეული არქიტექტურით აგებული მარანი, რომელიც მოიცავს საწნახელს, ვინოთეკას, მიკროვინიფიკაციისათვის გათვალისწინებულ თანამედროვე ტექნიკა-ინვენტარს. სათანადო დანადგარებითა და აპარატურით აღჭურვილი ენოქიმიის, ვაზის ბიოლოგიისა და მევენახეობის, ასევე მიკრობიოლოგიის სასწავლო–კვლევითი ლაბორატორიები, მიკროვინიფიკაციის საექსპერიმენტო კაბინეტი, რომლებშიც მზადდება და ღვინოს უტარდება ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა; სტუდენტთა განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით დაკომპლექტებული სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სრულფასოვნად შეისწავლონ ღვინის ორგანოლეპტიკა. ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი და ა.შ.
სტუდენტები თეორიული საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ ეცნობიან სპეციალობას პრაქტიკაშიც, ეს ყველაფერი სტუდენტებს ეხმარება, თავი მაქსიმალურად ბუნებრივ სამუშაო პროცესში იგრძნონ და გამოსცადონ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებას დიდ წილად განაპირობებენ დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, საუკეთესო პროფესიონალები, ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკოსი ლექტორები, რომელთა პრაქტიკული გამოცდილება სწორედაც რომ მინიშვნელოვანია იმ პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის.
გარდა სპეციალობის სასწავლო კურსებისა, ყველა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი სასწავლო კურსებიც, რომლებიც სტუდენტთა ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით აღრმავებს, ხოლო სტუდენტს, დამატებით, სხვა სპეციალობაში დაინტერესების შემთხვევაში, უფლება აქვს თავისუფალი კრედიტის სახით აირჩიოს ნებისმიერი სასწავლო კურსი, უნივერსიტეტში მოქმედი ნებისმიერი სხვა პროგრამიდან.
კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახური ზრუნავს, რომელიც მუდმივად იკვლევს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს ახალ კადრებზე; ამ მიზნით სამსახური აფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან; აწყობს დასაქმების ფორუმებს და შეხვედრებს; მოწვეული ტრენერების ჩართულობით ატარებს ტრენინგებს, რაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეხმარება სამუშაოს მოძიებაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ნაკადი სწავლას 2021 წლის სექტემბერში დაიწყებს. ამიტომაც, აუცილებლად აირჩიე 115 პირველ პრიორიტეტად და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე:
2 სექტემბერი: საქართველო – კოსოვო
9 ოქტომბერი: საქართველო – საბერძნეთი
11 ნოემბერი: საქართველო – შვედეთი
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის მატჩების სრული განრიგი:
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.
„აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
2 მაისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას აღნიშნავენ.
ბათუმისა და სენაკის მიმართულებით აღდგომის დღეებში კი, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.
პირველ მაისს, აღდგომის დღესასწაულის წინა ღამეს, კომენდანტის საათი ამოქმედდება ღამის 9 საათის ნაცვლად ღამის 11 საათზე და დასრულდება 2 მაისს, დილის 4 საათზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.
„1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიციული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.
ამიტომ ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს“, – აცხადებს დეპარტამენტი.
აჭარაში, 28 აპრილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი, რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია 37 656 პაციენტი; კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა.
ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოში მკურნალობს 373 პაციენტი, მძიმე პაციენტია 68, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 8, კოვიდსასტუმროებშია 324 პაციენტი.
აჭარაში დღევანდელი მდგომარეობით დახურულია 14 სკოლა, ონლაინზეა 35 კლასი.
აჭარაში ამ დროისთვის სულ 3596 ადამიანი არის აცრილი, აქედან ფაიზერით – 2244, ხოლო ასტრაზენეკათი – 1352.
28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1551 ახალი შემთხვევა.
—
საქართველოში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
საქართველომ ჩინეთისგან COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა შეიძინა. იმავე რაოდენობის „სინოვაკის“ ვაქცინას კი ჩინეთის მთავრობა საქართველოს ჩუქნის.
stopcov.ge-ის 28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1551 ახალი შემთხვევა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 69, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ არის – 307401, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 288816 [ბოლო 24 საათში – 878], მათ შორის გარდაცვლილი სულ – 4077.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29 487 კვლევა ტესტით მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11878, PCR ტესტით – 17609
დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 28 აპრილისთვია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 4,63%
სულ აცრილია – 41801, დღიურად აცრილია – 1706
კარანტინის რეჟიმშია – 221
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3780
კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 707 პირი.
—
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის:
დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განყოფილების უფროსი USAID საქართველოში, ადამ შმიდტი გასულ კვირას ბათუმში იმყოფებოდა. ბატონ შმიდტს ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ 16-სართულიანი კორპუსის აშენებაზე ვკითხეთ: რა უნდა გააკეთოს ადგილზე სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ბულვარის გადარჩენა შეძლოს?
ადამ შმიდტმა ამ კონტექსტში ისაუბრა „ადგილობრივი დონის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე თავიანთი მოსახლეობის წინაშე“:
„ჩემი გამოცდილება საქართველოში – კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა და არჩეულმა ლიდერებმა ხალხის ხმა უნდა გააჟღერონ, უპასუხონ მოქალაქეებს. ამის გარეშე შეიძლება მიღებული იყოს ცუდი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ამომრჩეველი მტრულად შეხვდება.
როცა ვიზრდებოდი, მყავდა საყვარელი პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ტიპ ო’ნილი, რომელიც ამბობდა: ნუ მაწუხებთ ფედერალურ დონეზე, ყველანაირი პოლიტიკა არის ადგილობრივი.
ადგილობრივი დონის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე – ზუსტად ეს არის დემოკრატია. ვიცი, რომ ადგილობრივ დონეზე ქართველი ამომრჩევლისთვის საინტერესო დრო დადგა – ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. თუ მოქალაქეებს სურთ ახალი მიმართულებით [სვლა], მათ შეუძლიათ ხმა მისცენ პოლიტიკური ლიდერების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ეს უნდა იყოს შესაძლებლობა იდეების გაზიარებისთვის. [საჭიროა] პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებამდე ან მიმართულების არჩევამდე.
პარტიებს აქვთ პასუხისმგებლობა, კავშირში იყვნენ ამომრჩევლებთან. იმედია, ზუსტად ასე იქნება ბათუმში და დანარჩენ საქართველოში“.
პროტესტის მიუხედავად, ამბასადორ ბათუმმა ბათუმის ბულვარში 10 სართული უკვე ააშენა.
დღეს, 28 აპრილს, ბათუმსა და ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაახლოებით დილის 9 საათზე, ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ დილით ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ხალვაშის გამზირიდან მათ გამოძახება არ ჰქონიათ.
ათიათასობით უმუშევარი, 3 ათასზე მეტი დახურული ბიზნესი, 156 მილიონი ლარით შემცირებული საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში იმ ადამიანებისგან, რომლებიც კოვიდრეგულაციების გამო უხელფასოდ დარჩნენ, ლარის გაუფასურება და გაზრდილი სახელმწიფო ვალი – ეს არის ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული ის რამდენიმე უარყოფითი შედეგი, რაც პანდემიამ გამოიწვია საქართველოში.
ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოს მთავრობა მაისის ბოლოსთვის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველად დოკუმენტს გვპირდება, რომლის შესამუშავებლადაც ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შექმნა.
უმუშევრობა
„ბათუმელები“, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შეეცადა დაედგინა, თუ რამდენი ადამიანი დატოვა პანდემიამ უმუშევარი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 282 600 უმუშევარი იყო რეგისტრირებული, ამავე წლის ბოლო კვარტალში კი, ეს მაჩვენებელი 25 200-ით გაიზარდა და 307 800 ადამიანს მიაღწია.
თუმცა, იგივე სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმებული იყო 1 241 800 ადამიანი, წლის ბოლო კვარტალში კი – 1 197 900, ანუ, დასაქმებულთა რაოდენობა 43 900 ადამიანით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წლის ბოლო კვარტალში 42 800-ით შემცირდა უშუალოდ კერძო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა [პანდემიის პერიოდში შემცირებები საჯარო უწყებებს არ შეხებიათ].
წინა, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს კი, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში 54 100 ადამიანით შემცირდა.
2020 წლის ათ თვეში, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 18,3 პროცენტიდან 20,4 პროცენტამდე გაიზარდა.
შემოსავლების გარეშე მიზერული კომპენსაციებით
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ეხება ოფიციალურად დასაქმებულებს, თუმცა, პანდემიამ ის ადამიანებიც გამოავლინა, ვინც თვითდასაქმებით ირჩენდა თავს და რეგულაციების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა.
ამ ადამიანების ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი საზღვარგარეთ მუშაობდა [მათ შორის სეზონურ სამუშაოებზეც]. მათი რაოდენობა კი საკმაოდ სოლიდურია – 248 867. სწორედ ამდენ თვითდასაქმებულზე [ვინც შესაბამისი ცნობები წარადგინა] გაიცა 2020 წელს ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია [სულ გადაირიცხა 74 660 000 ლარი].
თურქეთში თვითდასაქმებული ადამიანებისთვის მთავრობამ სპეციალური დროებითი წესი აამოქმედა, რომლის საშუალებითაც მეზობელ სახელმწიფოში დასაქმების მიზნით გადასვლა შეიძლება, თუმცა, ბოლო 10 თვეში ამ წესით მხოლოდ 17 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
გარდა თვითდასაქმებულებისა, პანდემიის გამო 2020 წელს, სხვადასხვა დროით უმუშევრად დარჩა 162 271 დასაქმებული – დასაქმებულთა ის კატეგორია, რომლებზეც სახელმწიფომ თვეში 200-ლარიანი კომპენსაციები გასცა.
კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა შარშან და წელსაც. თუმცა, დასაქმებული იმდენი თვის კომპენსაციას იღებდა [ანუ იმდენ 200 ლარს], რამდენი თვეც ვერ მუშაობდა პანდემიის გამო.
მაგალითად, 2020 წელს 1 თვის კომპენსაცია, ანუ 200 ლარი გადაერიცხა 27 528 პირს, 6 თვის კომპენსაცია, ანუ ჯამში 1 200 ლარი კი, 78 975 პირს.
მიმდინარე, 2021 წელს კი [20 აპრილის მდგომარეობით], 1 თვის კომპენსაცია 23 672 პირმა მიიღო, 2 თვის კომპენსაცია – 34 253-მა პირმა, ხოლო 3 თვის კომპენსაცია – 94 636-მა [სულ წელს კომპენსაცია სხვადასხვა ოდენობით უკვე მიიღო 152 563-მა პირმა].
ამ მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, 94 636 ადამიანია შემოსავლის გარეშე დარჩენილი, რომელთაგან ზოგმა საერთოდ დაკარგა სამსახური, ზოგი კი, ოფიციალურად დასაქმებულად ითვლება, თუმცა დროებით უმუშევარია.
წყარო: დასაქმების სააგენტო
დღემდე 200-ლარიანი კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან ჯამში 206 455 000 ლარი გადაირიცხა [გარდა ამისა, 2021 წელს ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა ასევე 1 231 პირზე, სულ 369 300 ლარი].
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 200 და 300-ლარიანი დახმარების სახით, 2021 წლის 20 აპრილის მდგომარეობით, ბიუჯეტიდან ჯამში 281 484 300 ლარი გაიცა.
მიუხედავად უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა, უშუალოდ დასაქმების სააგენტოში, ამ დროისთვის 2 683 პირია რეგისტრირებული, როგორც სამუშაოს მაძიებელი.
[toggle title=”რა პროგრამებს ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის კუთხით და რა ინფორმაცია აქვს შრომით მიგრაციაზე სააგენტოს, ნახეთ აქ:“]
სააგენტოს ვკითხეთ, თუ რა პროგრამებს ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ახორციელბს „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამას“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას“ – მოგვწერეს სააგენტოდან.
სააგენტოდან შრომითი მიგრაციის, შრომითი მიგრანტების და საქართველოში შრომითი იმიგრაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაც მოვითხოვეთ, 2020 წლის მარტიდან დღემდე პერიოდისთვის, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, შრომითი მიგრაციის დეპარტამენტი 2021 წლის იანვრიდან დაკომპლექტდა.
„დეპარტამენტის მთავარ ამოცანებს შორისაა ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობის სქემების განხორციელება, რაც საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, მოსავლის აღების სეზონურ სამუშაოებზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ამ დროისთვის, სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირებულია 98 292 აპლიკანტი. ონლაინ რეგისტრაციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კანდიდატების შერჩევა თავდაპირველად დაიწყო აჭარის რეგიონში. შემდეგ განხორციელდა გურიაში, ზემო იმერეთში, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
12 აპრილიდან ამოქმედდა ისრაელში დასაქმების სარეგისტრაციო პორტალი. ისრაელთან დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 1 724-მა პირმა. უახლოეს დღეებში კანდიდატების გადარჩევა და მათთან დაკავშირება დაიწყება“, – მოგვწერეს სააგენტოდან 26 აპრილს.
გერმანიიდან დაახლოებით 300 ვაკანსია შემოვიდა. ისრაელში ლეგალურ დასაქმებას კი, საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს.
[/toggle]
დახურული და შეჩერებული ბიზნესი
2020 წლის პირველი მარტიდან 2021 წლის 22 აპრილამდე, შემოსავლების სამსახურში 3 160-მა გადამხდელმა წარადგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. ანუ, ამ პერიოდში 3 160 ბიზნესი ოფიციალურად დაიხურა.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში 423 782 აქტიური და 459 683 პასიური [რომელიც არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას] გადამხდელია რეგისტრირებული.
ამასთან, აქტიურ გადამხდელად ითვლება ლიკვიდაციის პროცესში, ასევე გაკოტრების რეჟიმში მყოფი გადამხდელებიც. აქვე შედიან ინდმეწარმეები, უცხოური საწარმოები და მათი ფილიალები, სხვა კერძო იურიდიული პირები და საბიუჯეტო ორგანიზაციებიც.
პანდემიის გამო, საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადახდა, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდა 6 545 გადასახადის გადამხდელს.
„2021 წლის 1-ლი იანვრიდან 7 აპრილამდე პერიოდში კი შეტყობინება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე გაეგზავნა 958 გადამხდელს, საიდანაც მიღებული შეტყობინება დაადასტურა და საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 630 გადასახადის გადამხდელს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.
გადამხდელებში, ვისზეც ეს შეღავათები გავრცელდა, შედიან: სასტუმროები, მსგავსი განთავსების [ასევე დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი] საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება.
ნაკლები შემოსავლები ბიუჯეტში
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი 156 მილიონი ლარით შემცირდა. საშემოსავლო გადასახადს იხდის დასაქმებული ადამიანები, ამდენად ამ რიცხვითაც ჩანს, თუ რა მასშტაბით იკლო დასაქმებულთა რაოდენობამ.
შემოსავლების კლება ბიუჯეტში, პირდაპირ უკავშირდება პანდემიის გამო ბიზნესის გაჩერებას.
მაგალითისთვის სათამაშო ბიზნესი რომ ავიღოთ, შემოსავლები ამ ბიზნესიდან 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 6-ჯერ და მეტად შემცირდა.
მარტო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 2019 წლის ბიუჯეტში, ჯამში, 128.4 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი, მხოლოდ 19.2 მილიონი ლარი. შემოსავლების კლება ძირითადად კაზინოების დახურვას უკავშირდება, რომელთა უმეტესობა დღემდე არ გახსნილა.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი / წყარო: სახელმწიფო ხაზინა
მთლიანობაში შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 452 მილიონი ლარით შემცირდა. ნაერთ ბიუჯეტში შედის როგორც სახელმწიფო, ასევე ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები.
ლარის გაუფასურება
2020 წლის პირველ მარტს, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.79 იყო, 2021 წლის 27 აპრილს კი 3.45. ანუ, ერთი დოლარი თითქმის 66 თეთრით გაძვირდა.
რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი? რა კეთდება ეროვნული ვალუტის გადასარჩენად და როგორია პროგნოზი? – ამ კითხვებზე მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის პასუხებით დავინტერესდით. ამ დრომდე პასუხი მხოლოდ ეროვნული ბანკიდან მივიღეთ.
ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კოვიდპანდემიას უკავშირებს. ამასთან აცხადებს, რომ „გაცვლითი კურსის მართვა არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატს“. ეროვნული ბანკი არც გაცვლითი კურსის პროგნოზს აკეთებს.
ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ბაზარს აქტიურად აწვდიდა. 2020 წლიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 1 მილიარდ 129 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
[toggle title=”ეროვნული ბანკის პასუხები სრულად ნახეთ აქ:“]
რა არის ლარის გაუფასურების/დევალვაციის მიზეზი?
COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, განსაკუთრებით, საგარეო მოთხოვნის შემცირების არხით. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ.
გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე პერიოდში ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. COVID-19-ის პანდემიით გამოწველი შოკის უარყოფითი გავლენა, განსაკუთრებით, სწორედ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დანაკლისში აისახა – ეს მაჩვენებევლი პანდემიამდე, 2019 წელს, 3.3 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იყო. ამასთან, ქვეყნის საგარეო შემოდინებები სხვა არხებიდანაც (მაგ. საქონლის ექსპორტი) შემცირდა.
საგარეო მოთხოვნის ასეთმა გაუარესებამ ასახვა ჰპოვა სავალუტო ბაზარზე, ინფლაციასა და, ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობაზე. ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება და პანდემიასთან დაკავშირებული წარმოების ხარჯების ზრდა ინფლაციასაც გადაეცა.
რა პრევენციულ ზომებს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად?
გაცვლითი კურსის მართვა არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატს. ეროვნული ბანკის ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის პროგნოზებსა და მაკროეკონომიკური ვითარების ანალიზზეა დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, სავალუტო ბაზარზე არსებულ განვითარებებსაც მოიცავს.
პანდემიის ფონზე, 2020 წლის აპრილ-აგვისტოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით შემცირების შემდეგ, ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა, ვინაიდან ინფლაციაზე წნეხი პანდემიის შემდგომ ეტაპებზეც შენარჩუნდა. მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე კი, (2021 წლის 17 მარტი) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი 2020 წლის განმავლობაში უცხოურ ვალუტას ბაზარს აქტიურად აწვდიდა, რამაც სავალუტო ბაზარზე წნეხი მნიშვნელოვნად შეარბილა. ინტერვენციების მიზანია ბაზრის გაუმართავი მუშაობის (ინგლ. Disorderly market conditions) შედეგად გამოწვეული მერყეობების შემცირება და პანდემიიდან მიღებული დროებითი დანაკლისის ნაწილობრივ შევსება. თუმცა მსგავსი მასშტაბის შოკის დროს საგარეო სექტორში შემოდინებების დანაკლისის სრულად დაბალანსება შეუძლებელია.
2020 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 916.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციები 2021 წელსაც გაგრძელდა და ეროვნულმა ბანკმა 20 აპრილის მდგომარეობით სავალუტო ბაზარს აუქციონებით დაახლოებით 213 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.
როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე წელს?
მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, როგორც წესი, ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, გაცვლითი კურსის პროგნოზებს არ აკეთებენ.
[/toggle]
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს.
ოფიციალური სარეზერვო აქტივების რაოდენობა კი, დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანობაში 4.1 მილიარდი აშშ დოლარია. აქედან კონვერტირებადი უცხოური ვალუტით – 3.8 მილიარდი აშშ დოლარი.
რატომ არ ხარჯავს ეროვნული ბანკი რეზერვებს კურსის ფიქსირებისთვის? – „საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.
ბანკის და საგარეო ვალები
პანდემიისა და უმუშევრობის პარალელურად, საქართველოში ნახევარმილიონზე მეტი მოქალაქე ვალს დროულად ვერ იხდის. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში].
[ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე გაზარდა. განაკვეთის ზრდის გამო, 124 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზრდება.]
პანდემიის პერიოდში გაიზარდა საგარეო ვალიც. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მილიარდი აშშ დოლარია [66.5 მილიარდი ლარი]. 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით კი, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარი [60.1 მილიარდი ლარი] იყო.
ზუსტად ხუთი თვეა საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხსნია.
კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება შეცვალა. შეცვალა მათი ქცევები, დამოკიდებულებები, ურთიერთობები. უარყოფითად აისახა როგორც ინდივიდების, ისე მთლიანად მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე. განსაკუთრებით მძიმე მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების აკრძალვაა. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კომენდანტის საათს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მთავრობა კი მის არსებობას კორონავირუსის პრევენციით ხსნის.
საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
2020 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი, 3.31 ლარი ღირდა. ხუთი თვის შემდეგ, 27 აპრილის საღამოს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.45 ლარს აღემატება – ბათუმი კომენდანტის საათის დროსკომენდანტის საათის მიუხედავად პორტი არასდროს ისვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში საზღვაო გადაზიდვებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს – ბათუმი კომენდანტის საათის დროსბათუმის ერთ-ერთი ხმაურიანი ქუჩა კომენდანტის საათის დროს. ამ ქუჩაზე უამრავი პატარა კაფე-ბარი თუ პაბია, მაგრამ აკრძალვა ყველას თანაბრად ეხება – ბათუმი კომენდანტის საათის დროსკომენდანტის საათის გადაადგილება მოქალაქეებს მხოლოდ საშვის საშუალებით შეუძლიათ. კურიერები იმ ადამიანთა რიცხვში არიან, ვისზეც საშვები დაშვებულიაკომენდანტის საათის დროს ბათუმი თითქმის ცარიელიაბათუმი კომენდანტის საათის დროსმიტანის სერვისი და კურიერები ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია პანდემიის დროსჭავჭავაძის გამზირი, ბათუმი კომენდანტის საათის დროსწელიწადის ამ დროს ბათუმის ამ ქუჩას [მემედ აბაშიძის გამზირი] იშვიათად ნახავდით ცარიელსქალაქის ქუჩებში პოლიცია პატრულირებს – კომენდანტის საათის დარღვევაზე ჯარიმა 2000 ლარია.ბათუმი 28 აპრილი, 2021 წელი
დღეს, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.
კახი კავსაძის დებიუტი კინოში 50–იანი წლებში შედგა, იგი 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული, 1959 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და ა.შ.
„ბათუმელები“ გთავაზობთ კახი კავსაძის რამდენიმე ფოტოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში, „ივერიელშია“ დაცული.
კახი კავსაძე საგრიმიოროში. გადაღების თარიღი უცნობია. ფოტო: dspace.nplg.gov.geკახი კავსაძე. ფოტო: dspace.nplg.gov.geკახი კავსაძე როლში. ფოტო: dspace.nplg.gov.geკახი კავსაძე დონ კიხოტის როლში. ფოტო: dspace.nplg.gov.geფოტო: dspace.nplg.gov.geფოტო: dspace.nplg.gov.geკადრი ფილმიდან „დანაშაული მოხდა“. ფოტო: dspace.nplg.gov.geფოტო: dspace.nplg.gov.ge
კახი კავსაძე საავადმყოფოში. გადაღების თარიღი უცნობია. ფოტო: dspace.nplg.gov.ge
„ბიძიად ვთვლიდი, ერთად ვცხოვრობდით, იცოდა, რომ საყვარელი მამაკაციც მყავდა…“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სალომემ [სახელები შეცვლილია] გაუპატიურების საქმეზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა.
დაზარალებულისგან განსხვავებით, ბრალდებული კაცი ირწმუნებოდა, რომ მან ქალს მხოლოდ სცემა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ და გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონდა. ამ ორი პირის გარდა ჩვენება სასამართლოს მხოლოდ ბრალდებულის დისშვილმა მისცა, რომელმაც თქვა, რომ კონფლიქტის დროს ადგილზე არ ყოფილა, მაგრამ ხაზი იმას გაუსვა, რომ „ისინი ერთად ცხოვრობდნენ“.
დაზარალებული ქალის თქმით, მან ბრალდებული ვახტანგი ბათუმში 2019 წელს გაიცნო, როგორც ნათესავი და შემდეგ ერთად ცხოვრებაზე შეთანხმდნენ. ისინი რამდენიმე თვე ხელვაჩაურში ცხოვრობდნენ.
„მე მივიჩნევდი ბიძიად, რომელმაც შემიფარა, დედა უცხოეთში იყო და იქედან გვიგზავნიდა ფულს… პერიოდულად ვახტანგიც გადადიოდა თურქეთში სამუშაოდ… ჩვენ ერთმანეთთან ცოლქმრული ურთიერთობა არ გვქონდა, არც ინტიმური კავშირი. ჩვენ ვიყოფდით საცხოვრებელ სახლს, როგორც ნათესავები.
4 დეკემბერს ორივემ ერთად ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ და დასაძინებლად დავწექით… მე ჩვეულებისამებრ მისაღებში დავწექი, ის – თავის ოთახში, მაგრამ ის მალე მობრუნდა უკან, ჩამოჯდა ჩემს საწოლზე და ფერება დამიწყო. მითხრა, რომ ვუყვარდი, რომ მხოლოდ მისი ვიქნებოდი. ავუხსენი, რომ საყვარელი მამაკაცი მყავდა და თვითონაც კარგად იცოდა ამის შესახებ, არაერთხელ იყო ის ჩემთან მოსული, მაგრამ არ მომისმინა, ხელში ამიყვანა უცებ და იატაკზე დამაგდო…“ – უთხრა სალომემ მოსამართლეს.
ქალის თქმით, ის ვახტანგმა ცემის შემდეგ გააუპატიურა და მან სახლი მაშინვე დატოვა, როგორც კი კაცი აბაზანაში გავიდა.
„გზაში დამეწია, მეხვეწებოდა, რომ არ მეთქვა პოლიციისთვის, მე არაფერს ვპასუხობდი. პოლიციის განყოფილებაში მივედი პირდაპირ,“ – დაასრულა ქალმა.
„სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს გაუპატიურება არ ჩაუდენია და მან მხოლოდ სცემა დაზარალებულს, რადგან არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. ბრალდებულს სურს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და უფრო მსუბუქი დანაშაულის ცემის აღიარებით დააჯეროს სასამართლო მის გულწრფელობაში და წარმოაჩინოს ისე თითქოს, რაც ჩაიდინა, აღიარებს და ინანიებს კიდეც.
დაზარალებულის ჩვენება ასევე დადასტურდა მასზე არსებული დაზიანებებით. ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქალის ორგანიზმში აღმოჩენილია ვ——– ვ—-––ის სპერმის ნიმუში. დაზარალებულის დაკითხვისთანავე მისგან ამოღებული დაზიანებული – დახეული საცვალით,“ – წერს განაჩენში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვახტანგს 7 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით მსოფლიოს მასშტაბით ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 42%-ს და ორსული ქალების 40%-ს ანემია აქვთ. ანემიურია მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ქალების ერთი მესამედიც.
ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რომელიც მალნუტრიციის, ანუ არასათანადო კვების შედეგია, შესაბამისად, ეს პრობლემა ძირითადად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც.
ანემიის დროს, სისხლის წითელი უჯრედები ან მათში ჰემოგლობინის კონცენტრაცია ნორმაზე დაბალია. ჰემოგლობინი საჭიროა ჟანგბადის გადასაზიდად და თუ თქვენ გაქვთ ძალიან მცირე ან ანომალიური სისხლის წითელი უჯრედები, ან არ გაქვთ საკმარისი ჰემოგლობინი, სისხლის მიერ ჟანგბადის სხეულის ქსოვილებში გადატანა შეფერხდება.
როგორ ამოვიცნოთ ანემია და როგორი საკვები უნდა მივიღოთ მისი პრევენციისთვის? ამ თემაზე „ბათუმელები“ ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგს, ნინო წულუკიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ნინო, რა არის ანემია?
ანემია ნიშნავს სისხლის ნაკლებობას და მოიცავს სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების ნაკლებობას. მისი ძირითადად მიზეზია სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, თუნდაც ძვლის ტვინის პათოლოგიები, რომლის დროსაც ვერ ხდება სრულყოფილად ჰემოგლობინისა და ერითროციტის წარმოქმნა. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადება და მწვავე სისხლდენა.
განვითარების მექანიზმის მიხედვით ანემია გვხვდება მწვავე და ქრონიკული. მწვავე სისხლდენებსა და ანემიებზე ვსაუბრობთ, როცა გვაქვს ძლიერი სისხლდენები, მაგალითად ტრავმების დროს.
მამაკაცებში ხშირია კუჭნაწლავიდან სისხლდენა, ქალებში – გინეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული სისხლდენა. ეს არის მწვავე პროცესები, რომლის დროსაც უცებ, უმოკლე ვადებში ხდება სისხლის დაკარგვა და ღრმა ანემიის განვითარება.
ქრონიკულია ანემია, როცა თვეების, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესები.
ქრონიკულის შემთხვევაში გვხვდება მიკროციტული, ნორმოციტული და ლასტოციტური ტიპის ანიემიები. თუ კი ეს არის მიკროციტული, პირველ რიგში ეჭვს ბადებს, ხომ არ არის რკინის დეფიციტი, B12-ის დეფიციტი, რაც უკვე არის კვების დეფიციტიდან გამომდინარე პრობლემა. პლუს ამას მიკროციტული ანემია შეიძლება იყოს ქრონიკული სისხლდენების დროს, მაგალითად სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს, ქალებში – გინეკოლოგიური პრობლემის დროს, ციკლის არევის ან ჭარბი სისხლდენისას, მამაკაცებში – თორმეტგოჯადან ფარული სისხლდენის ან სწორი ნაწლავიდან ფარული სისხლდენის დროს.
ნორმოციტული ანემიები უკვე ისეთი ქრონიკული დაავადებების ფონზე გვხვდება, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ასევე – ღვიძლის უკმარისობის, ონკოდაავადებების ან სხვა ქრონიკული დაავადებების დროს.
რაც შეეხება მაკროციტულ ანემიებს, ძირითადი მიზეზია ვიტამინ B12-ის დეფიციტი და შეიძლება იყოს განხილული, როგორც გენეტიკური დაავადება.
ასევე ანემია გვხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში, ან თუ კუჭზე ან სწორ ნაწლავზე აქვს ოპერაცია/რეზექცია გაკეთებული.
რა ტიპის ანემიაა ყველაზე ხშირი?
განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე ხშირი არის რკინადეფიციტური ანემია, იმიტომ, რომ არ ხდება სრულყოფილი კვება. ზოგადად რკინას ადამიანი იღებს მხოლოდ საკვები პროდუქტებიდან და იმ ქვეყნებში, სადაც არის კვების დეფიციტი, ეკონომიკური მდგომარეობა არის ცუდი, ხშირად გვხვდება ამ მიზეზით გამოწვეული ანემია.
როგორ ამოვიცნოთ ანემიის ნიშნები?
ანემიის დროს უნდა გვქონდეს კლინიკური სიმპტომები. თუ მსუბუქია ანემია, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო ნაკლებად გამოხატულია სიმპტომატიკაც.
ეს შეიძლება იყოს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაბალი არტერიული წნევები მაღალი პულსის ფონზე.
თუ შედარებით მსუბუქი ფორმა გვაქვს ანემიის, ეს ჩივილები, რა თქმა უნდა, რჩება ქრონიკულად, მაგრამ რაღაც მომენტში ადამიანის ორგანიზმი ადაპტაციის უნარის ხარჯზე ეგუება ამ ყველაფერს. გარკვეული დროის განმავლობაში რეზერვი აქვს ორგანიზმს ანემია დააკომპენსიროს და არ გამოვლინდეს კლინიკურად, მაგრამ ბოლოს მაინც ვიღებთ იმ ჩივილებს, რის გამოც პაციენტი მიდის ექიმთან.
ფიზიკურად გამოხატული რა ნიშნები ახასიათებს?
კანი არის ფერმკრთალი და მოყვითალო; თვალის კლერები (თეთრი გარსი) არის მოყვითალო ფერის; ლორწოვანი გარსები, მაგალითად ტუჩების ქვეშ, შეიძლება იყოს გაფერმკრთალებული, როცა სხვა დროს არის ვარდისფერი, მოწითალო ელფერის; ენა შეიძლება იყოს შელესილი უფრო წითლად, ეს უფრო ახასიათებს B12-ის დეფიციტს; პაციენტი არის უფრო შენელებული, ადინამიური, ზედმეტად დაღლილი. მაგალითად, იღლება კიბეზე ასვლის შედეგად, არ ჰყოფნის ჟანგბადი…
როგორ მკურნალობენ ანემიას?
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის ანემია გვაქვს, ანუ ჰემოგლობინის რა მაჩვენებელი გვაქვს სისხლში. არის ჰემოგლობინის განსაზღვრული შკალა, რომლის მიხედვითაც ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს 120გ/ლ-დან 40გ/ლ-მდე -ქალებში და ცოტა უფრო მაღალი – მამაკაცებში. ეს არის ნორმა.
თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი არის 90 გ/ლ-დან 120 გ/ლ-მდე, საუბარია მსუბუქ ანემიაზე და ვიკვლევთ მიზეზებს. მაგრამ თუ გვაქვს ჰემოგლობინი 70-75 გ/ლ-ზე დაბალი, პაციენტი არის მძიმე, ითვლება კრიტიკულად და აუცილებლად საჭიროებს ჰემოტრანსფუზიას ანუ სისხლის გადასხმას. ძირითადად ეს მაჩვენებლები გვაქვს ხოლმე მწვავე სისხლდენების დროს, ანუ უცებ დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვისას.
მსუბუქი ფორმებისას არ გვჭირდება სისხლის გადასხმა, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება ძირითადი დაავადების მიხედვით ან რკინის პრეპარატების ინფუზია, ან მედიკამენტოზური ჩარევა, ან/და ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე შესაბამის სპეციალისტთან პაციენტის გადამისამართება.
ზოგადად, ანემიის მკურნალობა მარტივდება, თუ ადამიანი იკვებება სწორად, რაც მოიცავს დღეში მინიმუმ სამჯერ სრულყოფილ კვებას. საკვები უნდა შეიცავდეს მიკროელემენტებს ცხიმის სახით და ასევე – რძის პროდუქტებს. მიჩნეულია, რომ რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში ადამიანმა სასურველია მიიღოს 200 გრ. ხორცი კვირაში რამდენჯერმე.
რკინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში ხორცის გარეშეც ხომ არის შესაძლებელი?
დიახ, საკმაოდ რაოდენობით შეიცავს რკინას წიწიბურა, შვრიის ფაფები, ხილიდან – ვაშლი, რომლის რკინის შემცველობაზეც ყველამ კარგად ვიცით, ასევე ბროწეული, წითელი ფერის ბოსტნეული – ჭარხალი, თუნდაც სტაფილო. საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას ბროკოლიც.
მთელი ხორბლის პური, ბურღულეული, პასტა, ქინოა და შვრიის ფაფა;
ავოკადო;
მოხარშული ისპანახი და სოკო;
გამომცხვარი კარტოფილი;
პარკოსნები, სოიო, ტოფუ და ოსპი.
ასევე მაღალი რკინის საკვების დაწყვილება ინგრედიენტებით, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით, აძლიერებს თქვენი სხეულის რკინის ათვისების უნარს. ეს პროდუქტებია:
ციტრუსის ხილი და ციტრუსის წვენი;
ბროკოლი;
წითელი ან მწვანე ბულგარული წიწაკა;
კივი, მარწყვი, პომიდორი, ნესვი.
და პირიქით, ზოგიერთ საკვებს შეუძლია შეასუსტოს თქვენი სხეულის რკინის ათვისების უნარი, მათ შორისაა:
ყავა, ჩაი (თუნდაც უკოფეინო) და გაზიანი სასმელები;
რძის პროდუქტები და კალციუმის დანამატები;
ასევე ღვინო და ლუდი.
კუჭ-ნაწლავის პრობლემისას რა პროდუქტებს უნდა ერიდოს პაციენტი?
ხშირად ვაწყდები პაციენტებში ამ პრობლემას, როცა ქრონიკული გასტრიტის მქონე ან კუჭ-ნაწლავის პრობლემებისკენ მიდრეკილი პაციენტები, ანემიის ფონზე, ხშირად რთავენ ხოლმე რაციონში ვაშლს, ბროწეულის წვენებს… მაგრამ ასეთი პროდუქტები უნდა შევიზღუდოთ გასტრიტების დროს და შევივსოთ რაციონი უფრო მოხარშული საკვებით, თუნდაც ვაშლის წვენებით ან წითელი ბოსტნეულის სალათებით, იმიტომ, რომ გასტრიტი არის ლორწოვანი გარსის პრობლემა, ვაშლი და თუნდაც ბროწეულის წვენი კი შეიცავს მჟავებს, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემას.
ანემიის რისკჯგუფში არიან
მოხუცები;
პირები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვაზე და მეტაბოლიზმზე მოქმედ პრეპარატებს;
რეკომენდაცია: სასურველია ადამიანი (მით უმეტეს ჩივილების შემთხვევაში) ოჯახის ექიმთან 6 თვეში ერთხელ მაინც მივიდეს სკრინინგული კვლევების მიზნით და გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი.
მთავრობამ პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა, რომლის განხორციელებას „ძველი ფულით“ აპირებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ახალი პროგრამისთვის ფულს მთავრობა ძირითადად, უკვე დამტკიცებული პროგრამებიდან, ასევე დონორთა მიერ უკვე გამოყოფილი თანხებიდან გამოათავისუფლებს. ამ ეტაპზე ნახევარი მილიარდი ლარი უნდა შეგროვდეს. პროგრამა კი 2024 წლის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს როგორც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის, ისე კერძო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციის პროექტი.
„ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია მოიცავდეს ურბანული განახლების დოკუმენტების შემუშავებასაც“ – აღნიშნულია პროგრამაში.
პროგრამის განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა, მუნიციპალიტეტებს კი ეთხოვათ, რომ „საჭიროებისამებრ, პროექტის შინაარსის გათვალისწინებით“, პროგრამაში განმახორციელებლის სტატუსით ჩაერთონ.
„განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით“ კი შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სპეციალურად შექმნილ კომისიაშიც იქნებიან. კომისია მუნიციპალური განვითარების ფონდში უნდა შეიქმნას.
ამა თუ იმ პროექტის თავისებურებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტი უნდა დაეხმაროს ფონდს მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის ნაწილში.
„პირველ ეტაპზე პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 მილიონი ლარის ფარგლებში, მათ შორის, შესაბამისი დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, საორიენტაციოდ, 150 მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – საორიენტაციოდ, 350 მილიონი ლარი“, – აღნიშნულია პროგრამაში.
„უკვე დამტკიცებულია ეს ხელშეკრულებები [დონორებთან]. უბრალოდ, მოხდება რეპროგრამირება და ამ მიმართულებით მიმართვა. ანუ აქ არანაირად საუბარი არ არის დონორების ნაწილში დამატებით ვალის აღებაზე, მეორე მხრივ, საბიუჯეტო ნაწილში არანაირად საუბარი არ არის საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მთავრობის დადგენილებით, პროგრამისთვის თანხა შემდეგნაირად შეგროვდება:
[checklist]
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2021 წელს, მისთვის უკვე დამტკიცებული ქვეპროგრამ(ებ)ით განსაზღვრული ასიგნებებიდან ან/და საკუთარი სახსრებიდან, არაუმეტეს 130 მილიონი ლარი უნდა გამოყოს;
ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს წინადადებები, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების [სსიპ] ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, ახალი პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს საჭირო თანხების გამოსაყოფად;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, უნდა გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
[/checklist]
„განახლებული რეგიონები“ – ამ სახელმწიფო პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 26 აპრილის დილით განაცხადა, პროგრამა კი მთავრობამ ამავე დღეს დაამტკიცა.
ხომ არ არის ეს პროგრამა თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე შესაძლო ზემოქმედება; რამდენად შეესაბამება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი პროექტის განხორციელება თვითმმართველობის პრინციპებს და ხომ არ არის ეს ცენტრის ჩარევა თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში? – ამ საკითხებზე ვრცლად წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ მასალაში:
დღეს, 27 აპრილს, ბათუმში ბულვარის განაშენიანების გეგმას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილავენ.
ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვის დაწყებამდე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ჩოჩქოლია. განხილვაზე მივიდნენ მოიჯარეები, რომლებიც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ბულვარში მოქმედ კომერციულ ობიექტებს ფლობენ.
ისინი ამბობენ, რომ „ბულვარის მათი ობიექტებისგან გაწმენდა იგეგმება.“
მოიჯარეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს. მან განაცხადა, რომ ის აღარ არის ბულვარის დირექტორი და მისთვის გაუგებარია მოიჯარეების პრეტენზიები.
ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.
„ბათუმელებისთვის“ დღეს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის ჩაშლას გეგმავდა. „ბათუმელები“ რამდენიმე დასახელებულ პირს დაუკავშირდა, თუმცა მათ ინფორმაცია უარყვეს.
ბულვარის განაშენიანების გეგმის ავტორი შპს „ბაუ დიზაინია“.
ხვალ, 28 აპრილს, 16 საათზე, ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვა საჯაროდ გაიმართება სასტუმრო „რედისონში“.