მთავარი,სიახლეები

ბრძოლა გადარჩენისთვის – რა პრობლემები აქვს ბიზნესს პანდემიაში

29.04.2021 • 1852
ბრძოლა გადარჩენისთვის – რა პრობლემები აქვს ბიზნესს პანდემიაში

კორონავირუსმა მცირე თუ საშუალო ბიზნესი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში სამი ათასზე მეტმა ბიზნესმა შეწყვიტა საქმიანობა. ეს უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს, ბიზნესმენებისთვის კი გადაუხდელ საბანკო ვალებსა და პროდუქციის წარმოების შეჩერებას ნიშნავს.

როგორ უმკლავდება ბიზნესი პანდემიის რთულ პირობებს, რის ფასად უწევს დასაქმებულთა შენარჩუნება და როგორ უნდა გამოინახოს რთულ დროში ოქროს შუალედი ისე, რომ ბიზნესს არ მოუწიოს თანამშრომელთა დათხოვნა, თან ისე, რომ გაკოტრებაც აირიდოს თავიდან. ამ თემებსა და პანდემიაში ბიზნესის სხვა სახის გამოწვევებზე გენო გელაძე საუბრობს, ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ეწევა საქმიანობას. პანდემიამ მასაც, ბევრი სხვა ბიზნესმენის მსგავსად, ბევრი პრობლემა მოუტანა.

გენო გელაძე – მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელი

მისი საქმიანობისთვის პანდემიის პირველი ორი თვე ურთულესი აღმოჩნდა. თუმცა კომპანიამ, რომელიც მენეჯმენტის სერვისს უწევს სხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს, ბრძოლის აქტიური სტრატეგია აირჩია, რაც გადარჩენისთვის ბრძოლის მსგავსია.

გენო გელაძის კომპანიების საქმიანობის ნაწილი ონლაინ სამუშაო ფორმატში გადავიდა.

24/7-ზე რეჟიმში საჭირო გახდა ახალი ბიზნესპროექტების დამუშავება, დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება, ბანკებთან და დონორებთან აქტიური კომუნიკაცია.

კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ბიზნესისთვის შეინარჩუნოს ადამიანური რესურსი, დასაქმებულები და იყოს მათი ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი პანდემიის პირობებში. როგორც გენო გელაძე ამბობს, რთული პერიოდი მისთვის ერთგვარ მოტივატორადაც კი იქცა:

„18 წელია მართვის სფეროში ვმუშაობ და სირთულეებს არასდროს ვნებდები. სადაც სიძნელეები და პრობლემებია, ორმაგი მოტივაციით ვმუშაობ, მაგრამ კოვიდპანდემია სხვა იყო. ურთულესია თანამშრომელს ესაუბრო პროექტებზე, ამოცანებზე, მომავალზე, როცა მის თვალებში შიშს ხედავ.

ჩვენ სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილებები. თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით პროექტები გავაჩერეთ, მენეჯმენტ კომპანიის გუნდი ონლაინ სამუშაო რეჟიმში გადავეწყეთ. თანამშრომლების სოციალური გარანტიები ჩვენს პრიორიტეტად დავისახეთ და გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა თანამშრომლების ხელფასებით უზრუნველყოფა უწყვეტად, სანამდეც მოვახერხებდით. მოვახერხეთ კიდეც.

შევიმუშავეთ თანამშრომლების და მათი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის შიდა, სწრაფი რეაგირების სისტემა, რაც გულისხმობდა კომპანიის ყველა შესაძლებლობის, კავშირების, რესურსების გამოყენებით კოვიდინფიცირებული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას. ეს იყო ერთგვარი სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რამაც კარგად იმუშავა.

თანამშრომლების და კომპანიის სტუმრების განწყობაზეც ვიზრუნეთ. ოფისში სრულფასოვნად სამუშაო პროცესის დაწყების დღესვე, ისეც მწვანე სამუშაო გარემო ზუსტად იმდენი მცენარით „გამოვაცოცხლეთ“, რამდენი დღეც ოფისი კოვიდის გამო დაკეტილი გვქონდა“, – გვიყვება გენო გელაძე.

კომპანია GGM-ის მწვანე სივრცე

მისი ერთ-ერთი საქმიანობა კრიზისში მყოფი ბიზნესებისთვის მართვის სერვისის შეთავაზებას გულისხმობს. შესაბამისად, იცის რა ტიპის პრობლემები შეექმნა მისი პირადი ბიზნესის გარდა სხვა კომპანიებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არაერთ ბიზნესს გაუწია რეკომენდაცია მისმა კომპანიამ და ყველა შემთხვევაში გამოვლინდა, რომ უმოქმედობასა და უიმედობაზე მეტად ბრძოლისუნარიანობა მუშაობს და ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა უფრო აზრიანი მიდგომაა, ვიდრე შეჩერება.

პანდემიაში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს  გაუჭირდა. მათ ხანდახან ნაკლები წვდომა აქვთ ფინანსებზე. დაფინანსების, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო რესურსებზე. ბიზნესმენი რეკომენდაციებს აძლევს სტარტაპერებსა და გზის დასაწყისში მყოფ საქმოსნებს. როგორც გენო გელაძე მათ ურჩევს:

  • ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიების საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და თუ ბიზნესი კარგად და სწორად დაამუშავებს პროექტს, თითქმის ყველა სფეროშია შესაძლებელი სესხის, გრანტის, ან თუნდაც ადგილობრივი ფიზიკური პირებისგან ინვესტიციის მოძიება. რაშიც იგულისხმება ახალი ბიზნესის წამოწყება, სტარტაპები და ბიზნესის გაფართოების მცდელობები.
  • ბევრი შესაძლებლობაა წარმოების სფეროში ბიზნესის წამოწყების ან გაფართოების. ბევრი საინტერესო დაფინანსების შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამას ,,აწარმოე საქართველოში’’, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარაში – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის და ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედ პროგრამებს, ბანკებს.

როგორც გენო გელაძე ამბობს, პანდემიის პირობებში ბიზნესის დაფინანსების მოპოვებაში გამოცდილი მისი კომპანია GGM-ი მსხვილი ბიზნესპროექტებით, ბიზნესის გაფართოებით დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს ეხმარება საჭირო დაფინანსების გზების პოვნაში.

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ დღეს სახელმწიფო იმაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს ბიზნესის მხარდასაჭერად, ვიდრე პოლიტიკური სტაბილურობაა, ლარის კურსის მართვა, გრძელვადიანი მოლოდინების მეტ-ნაკლებად პროგნოზირება, მასობრივი ვაქცინაცია, ბიზნესისთვის ბიუროკრატიის შემცირება, საზღვრების სრულფასოვნად გახსნა და ბიზნესდავებზე სასამართლო პროცესების დაჩქარება.

GGM-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათები, იაფი სესხის აღების შესაძლებლობა, გარკვეულ ზღვრამდე ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი და ა.შ.

„სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესს ამ მძიმე პირობებში მოზომილად უნდა მიუდგნენ, რადგან ახლა ბიზნესის მენეჯერებს ბევრ კრიზისთან უწევთ გამკლავება და უკვე მეორე წელია სტრესულ ვითარებაში მართავენ პროცესებს. ჩვეულებრივ დროს მაკონტროლებლის მარტივი მოთხოვნები და რეაქციები, ასეთ ემოციურ ფონზე მენეჯერებისთვის მძიმე ტვირთია და ეს მიდგომა შესაძლოა ბოლო წნეხი აღმოჩნდეს, რის გამოც დანებდება და შეწყვეტს ბრძოლას“, – ამბობს გენო გელაძე.

მისი დაკვირვებით იკვეთება ბევრი ერთმანეთის მსგავსი შეცდომა, რასაც ბიზნესმენები ხშირად უშვებენ კოვიდპანდემიაში. GGM-ის დამფუძნებელი ამ შეცდომების ჩამონათვალს გვიზიარებს და განმარტავს კიდეც ესა თუ ის მიდგომა რატომაა უშედეგო:

  • მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. ანუ კოვიდის დამარცხებამდე გაჩერება, რადგან რისკები მაღალია: ასეთი მიდგომის გავრცელებული შედეგია ლოდინის პროცესში ყველა ფინანსური რეზერვის ამოწურვა, რის შემდეგაც ბიზნესი ფეხზე წამოდგომას უბრალოდ ვეღარ შეძლებს;
  • გადასახადების გადახდაზე უარის თქმა. ანუ, იმ კატეგორიის ბიზნესი, რომელიც კოვიდამდე ისედაც გადასახადებისგან თავის არიდებაზე იყო ორიენტირებული, ახლა უკვე კოვიდის მიზეზით გადასახადს არ იხდის, იმ იმედით, რომ კოვიდის გამო ეპატიება. ამით კეთილსინდისიერ ბიზნესსაც ელახება რეპუტაცია;
  • ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა კოვიდის მიზეზით ბიზნესის მიერ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება. არგუმენტები: ,,რა ვქნა, კოვიდია’’, ,,მე რა შუაში ვარ, კრიზისი გაივლის და გადავიხდი’’ და ა.შ.

„ყველაფერი ზემოთ თქმულის მიუხედავად, ვფიქრობ, პანდემია, როგორც კრიზისული გარემო, ბიზნესმა შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს. ყველა სფეროში ეს არ გამოვა, მაგრამ ბევრ ბიზნესს აქვს ამის პოტენციალი. ბიზნესი უნდა შეეგუოს, რომ ხშირად სჯობს საკუთარი პროექტი სამართავად სხვა, გამოცდილ მენეჯმენტ კომპანიას გადასცე. მაგალითად, ჩვენ, პანდემიის დროს 11 მსხვილ პროექტზე ვიმუშავეთ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამ პროექტების უდიდესი ნაწილი სხვისი საკუთრებაა, ჩვენ მხოლოდ სწორად ვმართეთ პროცესი და შედეგით კმაყოფილია დამკვეთიც, დამფინანსებელიც და ჩვენც. გარემომ კოვიდის პირობებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – ამბობს მართვის კომპანია GGM-ის დამფუძნებელი, გენო გელაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: