კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

02.02.2021 • 1766
შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის წარდგენის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მათ უნდა შეარჩიონ დარგის სპეციალისტი ამ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით.

ეს ის საბჭოა, საიდანაც ცოტა ხნის წინ შოთა გუჯაბიძე დაითხოვეს, მას სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საბჭოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. საზოგადოება „ბათომში“ კი  მიაჩნიათ, რომ მისი დათხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიან პროექტზე თანხმობასთან დაკავშირებული მწვავე კრიტიკა იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი  მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი წესის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში 7 წევრი შევა.

  • აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორი წარმომადგენელი. მათ შორის ერთი სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების უფროსი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ერთი წარმომადგენელი [დარგის სპეციალისტი]
  • ბათუმის მერიის ერთი წარმომადგენელი [დარგის სპეციალისტი]
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი წარმომადგენელი
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ერთი წარმომადგენელი
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი.
სააგენტოს განმარტებით:
„ცვლილების მიხედვით, საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია. საბჭოს წევრი უნდა იყოს არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი ან არქეოლოგი და უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.“
მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ საბჭოს წევრების უფლებამოსილება 2 წლის ვადით განისაზღვრება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შემადგენლობა სააგენტოს დაარსების დღიდან, 2011 წლიდან იცვლებოდა დირექტორის მიერ შერჩეული პირებით, რომლებიც თანხმდებოდა საქართველოს კულტურის მინისტრთან.

საბჭოს დებულებაში ცვლილება შევიდა 2021 წლის პირველ თებერვალს. ეს საბჭო განიხილავს აჭარაში  არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციას. საბჭო სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას ამზადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სააგენტოს დირექტორი იღებს.

ახალი დებულების მიხედვით, საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე, თუ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას, უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მის წინააღმდეგ ძალაში შევიდა სასამართლოს განაჩენი.

ამ დროისთვის ახალი საბჭო დამტკიცებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: