ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცების თაობაზე ბათუმის მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიას ისტორიული ზონის საზღვრებიდან იღებენ, ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ეს შემადგენლობა 15 თებერვალს საგანგებოდ ამ საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბა. სხომის ოქმის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ორი წევრი, რომლებიც „რივიერას“ ტერიტორიის ზონიდან ამოღებას მხარს უჭერენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი – ზაურ ახვლედიანი და მისი მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე იყვნენ. ამ უწყების ძირითადი მოვალეობა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა, სწორედ ამიტომ ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რატომ უჭერს მხარს დოკუმენტს, რომლის დამტკიცებასაც ბათუმელი ძეგლების დამცველები ეწინააღმდეგებიან.
- ბატონო ზაურ, თქვენ ეროვნული სააგენტოს საგანგებო სხდომაზე ითხოვდით მერიის მიერ დაკორექტირებული დოკუმენტის დამტკიცებას. მიიჩნევთ, რომ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის ისტორიულ განაშენიანების ნაწილი არ არის?
წინააღმდეგობა ცალსახად არ დამიფიქსირებია. მე ვთვლიდი, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც იყო შენობები, როდის დაინგრა ისინი, რა გამოხმაურება მოჰყვა და რამდენი ისტორიული სახლი იდგა იქ, რაც ჩემი სტუდენტობის დროიდან მახსოვს, ეგ სხვა თემაა. შემდეგ ბიზნესცენტრი რივიერა, რომელიც შენდებოდა ასლან აბაშიძის პერიოდში და დაინგრა, ბურუნთაბიეს გორა, ამას რა გამოხმაურებები ჰქონდა, არ ვიცი – ეს კიდევ ცალკე საკითხია. ის მინდორი, რომელიც იქ წარმოიშვა საუკუნეებია არ წარმოშობილა თავისთავად. დაინგრა რაღაც შენობები და გადაეცა „სილქ როუდს“. იმ ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ზონაში შესვლა-არშესვლის საკითხი ჩემზე უკეთ გადაწყვიტეს ჩემზე უკეთესმა დარგის სპეციალისტებმა.
- ოქმის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებს“ მოიპოვა, ყველა სპეციალისტი ამტკიცებდა – რომ ტერიტორია უნდა დარჩეს ზონაში, მხოლოდ თქვენ და თქვენი მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე იყავით წინააღმდეგი.
მაგრამ ვინც მომხრე იყო, მათი არგუმენტები რამდენად მისაღებია? – ამაზე თუ უმსჯელია ვინმეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ…
- ოქმის მიხედვით, ნამდვილად მსჯელობენ და არგუმენტი არის ის, რომ ეს ტერიტორია ისტორიულად ძველი ბათუმის განაშენიანების ზონაშია.
მაგრამ როცა საუბარი არის იმაზე, რომ კანონის და კონვენციების ენით უნდა ვილაპარაკოთ, ეს შენობა შეიძლება თუ არა დაიდგას კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაშინ ისიც კანონით და კონვენციების დონეზე უნდა ვამტკიცოთ, კონკრეტული ისტორიული ნაწილი უნდა იყოს აქ თუ არა. მაგალითად, იმ საბჭოზე არ ყოფილა მსჯელობა სახაჭაპურე „რეტროს“ ტერიტორია, ხუთსართულიანი და ცხრასართულიანი სახლები უნდა იყოს ამ რუკაში თუ არა. „გეოგრაფიკის“ ნაწილში ის ტერიტორია არის ზონაში, ხუთსართულიანი და ცხრასართულიანი შენობები, კონკრეტულად ნურის ტბის უკანა ნაწილი. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მსჯელობა და მეტი მონდომება მერიის მხრიდან. დარგის სპეციალისტების მოსაზრებები, რაც საბჭოზე გამოითქვა, ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია.
- მაშინ, რატომ არ მოითხოვეთ სხდომის პროცესში მეტი მსჯელობა და რატომ იყავით წინააღმდეგი?
თქვენ წარმოიდგინეთ, მე, როგორც სააგენტოს დირექტორი, ამ საკითხში ვიყავი ჩართული ორი დღით ადრე. მანამდე ამ რუკაზე ტენდერის გამოცხადების, მიმოხილვის, განხილვის და ასე შემდეგ საკითხებში ჩართული არ ვყოფილვარ – ესეც კიდევ სხვა პრობლემაა უწყებებს შორის. სააგენტოს წინა ხელმძღვანელები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პრეზენტაციებზე, დანარჩენ ნაწილში არასდროს არ დაინტერესებულან სააგენტოს პოზიციით, ამიტომ იყო სააგენტო ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში.
- მაინც გამოვიდა, რომ ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომაზე თქვენ სწორედ ბათუმის მერიის პოზიციას იცავდით. თქვენ არ გითქვამთ, რომ ჩამოყალიბებული არ იყავით. თქვენ თქვით, რომ ხართ წინააღმდეგი.
მხოლოდ ჭაჭის კოშკის ტერიტორიასთან დაკავშირებით ვთქვი ეს, არა თუ სანაოსნოს შენობისა და შუქურას ტერიტორიაზე.
- ანუ მიიჩნევთ, რომ ეს ტერიტორია უნდა დარჩეს ზონაში?
რა თქმა უნდა.
აქვე გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომის ოქმის დანართს, სადაც საბჭოს წევრები საკუთარ მოსაზრებები აქვთ ჩამოყალიბებული – თუ რატომ არ ეთანხმებიან რივიერას ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას.