მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

18.10.2020 •
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, რომ ვიცოდეთ, ვის უწევს და როდის საცხოვრებელი ბინა,“ – ამბობენ ე.წ. „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 18 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, თუმცა ჯერ მხოლოდ 582 ოჯახისთვის. აქციაზე გამოსულებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ყველას, ვინც ახლა ამ დასახლებაში ცხოვრობს, ბინა არ მოუწიოს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ იმის მიუხედავად, ვინმე ეკომიგრანტია თუ არა, ყველამ ბინა უნდა მიიღოს.

„ასეთია ჩვენი მოთხოვნა, რადგან ეს ადამიანები გამოექცნენ სიღარიბეს, გაჭირვებას და უარეს გაჭირვებაში ვცხოვრობდით კიდევ 8 წელი… ზოგი ოჯახი გასაყოფი იყო, ზოგი ომის ვეტერანია… ყველას უნდა მისცენ ბინა, ან სადაც ვცხოვრობთ, ის ადგილი დაგვიკანონონ. ახალი კორპუსები არის გათვლილი 582 ოჯახზე. ჩვენ გვაინტერესებს, რა ბედი ელის დანარჩენ 1500 ოჯახს?“ – კითხულობს მარინა ბერიძე, ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს.

საპროტესტო აქციაზე აღნიშნეს, რომ ხვალ უფრო ხალხმრავალი აქცია იქნება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები პერმანენტული აქციის გამართვას გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, წლის ბოლო კი, პირველი სამი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ბიუჯეტში 16 მილიონი ლარი გამოყვეს.

ამ თემაზე:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/343993370163174

გადაბეჭდვის წესი


ასევე: