მთავარი,სიახლეები

„მონის“ დაძახებისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა, რას ამბობს ომბუდსმენი კანონში ცვლილებებზე

29.04.2021 • 5896
„მონის“ დაძახებისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა, რას ამბობს ომბუდსმენი კანონში ცვლილებებზე

„პარლამენტი ზრდის დაკავების ვადას, მაგრამ დაკავების კანონიერების გადამოწმების ვალდებულება არ არსებობს. ასევე მძიმდება პასუხისმგებლობა ორი ყველაზე მძიმე დარღვევისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უფლებების შეზღუდვის ყველაზე გავრცელებული და სამწუხარო მექანიზმია,“ – წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით დღეს, 29 აპრილს მიიღო პარლამენტმა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ქვეყანაში უფლებების დარღვევის რისკებს ზრდის.

ადმინისტრაციული დაკავებების ვადა გახანგრძლივდა, კანონიერებას კი, მოსამართლე ვერ შეამოწმებს

კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა 12 საათიდან 24 საათამდე იზრდება (ეს ვადა დამატებით შეიძლება გახანგრძლივდეს 24 საათით მტკიცებულებების შეგროვების მოტივით). ომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ როცა მოსამართლეს დაკავების კანონიერების შემოწმების ვალდებულება არც ახლა ექნება, დაკავების ვადის გაზრდა კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. გიორგი ბურჯანაძე ყურადღებას ამახვილებს ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაუარესებულ ტენდენციაზე:

„ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, სადაც ბუნდოვანია ადამიანის დაკავების კანონიერების საკითხი. როცა ვადები იზრდება, მით უფრო აქტუალური ხდება დაკავების კანონიერების შემოწმების საკითხი, რადგან ერთია სამართალდარღვევის ჩადენა, მაგრამ მეორეა ის, რომ შესაძლოა ეს დაკავების საფუძველი არ იყოს. მოსამართლეს კი არ აქვს ვალდებულება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებით დაინტერესდეს. ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ ზიანის ანაზღაურება მოითხოვო და ამ გზით შეიძლება შემოწმდეს კანონიერება.

ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია კი ამბობს, რომ ნებისმიერი დაკავების კანონიერება სწრაფად უნდა მოწმდებოდეს, ასევე მისი გადამოწმება უნდა ხდებოდეს,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე საპარლამენტო განხილვებს ესწრებოდა და ეს მოსაზრება პარლამენტარებსაც გაუზიარა. მას უთხრეს, რომ ამ საკითხზე სამომავლოდ იმსჯელებენ.
„იზრდება რისკი, რომ დაკავება შესაძლოა უკანონოდ მოხდეს, უკანონოდ მოხდეს თავისუფლებაში ჩარევა და 24 საათი უკანონოდ ვიყოთ შეზღუდული,“ – დასძენს გიორგი ბურჯანაძე.
„ბუნდოვანია“ – სახალხო დამცველი მუხლებზე, რომლებზეც დღეს სანქციები გამკაცრდა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს, 29 აპრილს, სანქცია გამკაცრდა ორ მუხლზე – „წვრილმანი ხულიგნობა“ და „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“. თუკი საპროტესტო აქციებს და აქციებზე დაკავებულების საქმეებს თვალს ადევნებთ, ამ მუხლების შესახებ ყველაზე ხშირად გაიგონებდით. ამ მუხლებით აკავებენ და შემდეგ აჯარიმებენ ძირითადად აქციების მონაწილეებს.

ამავე მუხლებით დააკავეს, მაგალითად, ბათუმში „სირცხვილიას“ სამი აქტივისტი, საიდანაც ორი სასამართლომ გაამართლა, ანუ გამოჩნდა, რომ პოლიციელებს ამ პირების დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ. სამართალდამცველებს ამ დრომდე არ განუმარტავთ, რის გამო შევიდნენ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძეც მიიჩნევს, რომ რისკი შეკრებების და მანიფესტაციების უფლების უკანონოდ შეზღუდვის კუთხით კიდევ უფრო იზრდება და მაშინ, როცა ეს მუხლები ბუნდოვანია, მათი გამკაცრება კი არა, ამაზე საუბარიც კი არალოგიკური იყო.

„ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როცა გაუგებარია, რა იყო წვრილმანი ხულიგნობა, ან პოლიციელის მოთხოვნა რატომ იყო კანონიერი. ბუნდოვანია, როგორც ამ მუხლების შინაარსი, ასევე მისი შეფასება, მაგალითად, ნოდარ რუხაძე „მონის“ დაძახებისთვის დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისთვის… ეს მუხლები არის ბუნდოვანი და არ არის განჭვრეტადი. ჩვენს არაერთ საპარლამენტო ანგარიშში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხშირად უკანონოდ იყენებენ ამ მუხლებს და პრაქტიკა გვაქვს ძალიან ცუდი.

ომბუდსმენის მოადგილე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ „ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევა ამ მუხლების საშუალებით ხდება“, მაგალითად, აქციას ვეღარ გამართავ, რადგან პოლიციელი მიიჩნევს, რომ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინე, თუკი ვინმეს „მონა“ დაუძახე. მსგავსი შემთხვევა ბათუმშიც იყო, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ალტერნატივის“ ლიდერი ხათუნა ბერიძე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „მონებოს“ დაძახებისთვის მოსამართლე როინ კახიძემ  500 ლარით დააჯარიმა.

„ბუნდოვანი ნორმის ძალაში დატოვება და სანქციის გამკაცრება, ბუნებრივია, უფლებების დაცულ სფეროში ჩარევას გაცილებით უფრო ინტენსიურს გახდის, უფრო მეტად იზრდება უფლებების დარღვევის რისკი, რომლის არაერთი მაგალითი ჩვენ გვაქვს ყოველწლიურად მანიფესტაციებზე თუ მის მიღმა,“ – დასძინა გიორგი ბურჯანაძემ.

166-ე მუხლის შემთხვევაში [წვრილმანი ხულიგნობა] სანქცია სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში 1500-დან 2000 ლარამდე იზრდება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით კი, წვრილმანი ხულიგნობისთვის განსაზღვრული მაქსიმალური სანქცია 1000 ლარი იყო.

რაც შეეხება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა [ასკ-ის 173-ე მუხლი], მისი განმეორების შემთხვევაში პირს სანქცია დაეკისრება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე.

ამ მუხლისთვის ამ დრომდე სანქცია იყო განსაზღვრული 1000-დან 4000 ლარამდე. ცვლილების შემდეგ კი, მოსამართლემ, თუკი სამართალდარღვევას დაადასტურებს, მინიმალურ ჯარიმად 2 ათასი ლარი უნდა განსაზღვროს, ზედა ზღვარი კი, 3 ათასი ლარია.

გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც, თუკი ხელმეორედ სამართალდარღვევის ჩადენა დაგიდასტურდათ:  წვრილმანი ხულიგნობისთვის მინიმალური ვადა 5 დღეა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის – 7 დღე. ორივე მუხლზე ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეა.

ამ დრომდე მინიმალური ვადა ადმინისტრაციულ პატიმრობაზე განსაზღვრული არ იყო, ანუ, მაგალითად, მოსამართლეს შეეძლო 1 ან 2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინა სამართალდამრღვევისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: