მთავარი,სიახლეები

„ხალხი შეწუხებულია“ – რიჟვაძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე, მოიჯარეებსა და გენგეგმაზე

29.04.2021 • 6205
„ხალხი შეწუხებულია“ – რიჟვაძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე, მოიჯარეებსა და გენგეგმაზე

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ბულვარის დაცვა და კონსერვაცია და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმა, რომელიც დამტკიცდება აუცილებლად, იქნას გათვალისწინებული ყველა იმ მოქმედი მეწარმის ინტერესი, რომელიც იქ თავის საქმიანობას ახორციელებს. მე მათ ვპირდები საჯაროდ და ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, მეწარმეებთან შეხვედრას და ვერავინ შეძლებს მათთან ზედმეტ შეხებას და მათი ინტერესების უგულებელყოფას,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, რომელსაც დღეს, 29 აპრილს მთავრობის სხდომის შემდეგ ბათუმის ბულვარის გენგეგმის  შესახებ ვკითხეთ.

კითხვის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ იმ მეიჯარეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც საჯაროდ უკვე დააფიქსირეს პროტესტი ბულვარის ახალი გენგეგმის მიმართ. გენგეგმის მიხედვით, ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვთხოვეთ დაკონკრეტება, რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ „მათთან ზედმეტ შეხებას ვერავინ შეძლებს“. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ  ე.წ. კომპრომისული ვარიანტის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს მას შემდეგ, როცა მეწარმეებთან გაიმართება შეხვედრა. თორნიკე რიჟვაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს „კომპრომისი“.

„მოგვიანებით გახდება ყველაფერი თქვენთვის ცნობილი,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოხერხდეს კერძო და საჯარო ინტერესების თანაბრად დაცვა.

„ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც სამუდამოდ დაიცავს მას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს სპეკულაციას ამ თემაზე. რა თქმა უნდა, პირველადი პროექტი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის, შესაბამისი უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ჩართულობით…“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

განსხვავებული აზრი აქვს თორნიკე რიჟვაძეს „ამბასადორზე“, რომელიც 16-საერთულიანი კორპუსს აშენებს ბათუმის ბულვარში. გენგეგმის პროექტის მიხედვით, მხოლოდ სამი სართულის აშენებაა დასაშვები და არა 16 სართულის. რიჟვაძემ აქცენტი სასამართლო დავაზე გადაიტანა, თუმცა იმავდროულად ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ხალხი შეწუხებულია“.

„ამბასადორთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს კონკრეტული სამართლებრივი დავა… როცა ეს სამართლებრივი დავა კიდევ უფრო სიღრმისეულად დაექვემდებარება განხილვას, გამოჩნდება კონკრეტული შედეგები. ჩვენ ჩვენს ნაწილში ვფიქრობთ, რომ მათ შორის ამ კონკრეტულ პროექტზე და სხვა პროექტზეც, სადაც ხალხი შეწუხებულია, პირდაპირ მინდა გითხრათ, და მე მგონი საზოგადოებამ ნახა, რომ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც მართლა აქვს გულწრფელი ინტერესი ბულვარის დაცვის და ამას ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქის ინტერესები იქნას დაცული და არ მოხდება ისე, რომ ვინმეს ჰქონდეს კონკრეტული ექსკლუზივი კონკრეტულ გენგეგმაზე,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხა: რატომ უნდა იყოს გენგეგმის მოთხოვნების შესრულება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?

„ბათუმის ბულვარს აუცილებლად ექნება გენგეგმა. რაც შეეხება თქვენს დაშვებებს, ეს არის დამოკიდებული სასამართლოზე. ამ ყველაფერს ექნება შედეგი, რომელსაც ჩვენ ერთად გავეცნობით,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: