კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ფიჭვნარისთვის სტატუსის მოხსნის მოწინააღმდეგე არქეოლოგი სხდომის ოქმში მომხრედ ჩაწერეს

29.04.2021 • 6603
ფიჭვნარისთვის სტატუსის მოხსნის მოწინააღმდეგე არქეოლოგი სხდომის ოქმში მომხრედ ჩაწერეს

ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიიდან 10 ჰექტარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე გადაწყვეტილება 5 სპეციალისტის თანხმობით მიიღეს – ეს წერია 2021 წლის 28 იანვრით დათარიღებულ სხდომის ოქმში. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის სხდომის მონაწილე 5 სპეციალისტიდან ერთმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ სხდომას არ დასწრებია. მეტიც, ის ანტიკური ხანის ნაქალაქარისთვის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგია. სხდომაში მონაწილეობის გახსენება გაუჭირდა თავად სხდომის თავმჯდომარესაც.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის წევრი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი, რომელმაც ამავე კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიის 10 ჰექტარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას მხარი დაუჭირა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არათუ მხარი არ დაუჭერია ამ საკითხისთვის, არამედ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგია და ამ სხდომას საერთოდაც არ დასწრებია.

„მე არ ვესწრებოდი ასეთ სხდომას. ფიჭვნარის ნაქალაქარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა. მე კულტურას ვემსახურები და ყოველთვის დავუჭერ მხარს მსგავს ტერიტორიებს – მაქსიმალურად უნდა იყოს  დაცული. ეს შესასწავლი ტერიტორიაა. მე ყველანაირად ვიზიარებ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან კონკრეტულად ფიჭვნარის ნაქალაქარის შესახებ“.

ოქმის მიხედვით კი, ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი სხდომას ესწრებოდა, მოისმინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსის ლაშა ასლანიშვილის მიმოხილვა ამ საკითხზე და კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ჯაფარიძის დადებით შეფასებას მხარი დაუჭირა.

სხდომის ოქმი

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა გვითხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ რატომ გადაწყვიტა ძეგლის ტერიტორიის 10 ჰექტარით შემცირება.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ფიჭვნარის ნაქალაქარის იმ ტერიტორიის საზღვრები შეცვალა, რომელსაც 2020 წლის მარტში თავადვე მიანიჭა ძეგლის სტატუსი, სააგენტომ გასული წლის იანვრის გადაწყვეტილებით ძეგლის ტერიტორიას  ნაკვეთები, არანაკლებ 10 ჰექტარი გამოაკლო.

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა „ბათუმელებისგან“ გაიგო, რომ არსებობს სააგენტოს კომისიის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც ის სხდომას ესწრებოდა და ნაქალაქარის ტერიტორიის საზღვრების ცვლილებას დაეთანხმა კიდეც. ის დაინტერესდა და ოქმის ასლის გადაგზავნა გვთხოვა. მისი გაცნობის შემდეგ კი ისევ დაგვიკავშირდა და დაგვიდასტურა, რომ მსგავს სხდომაზე არ ყოფილა და არც საკითხის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

„ლაშა ასლანიშვილი თვალითაც არ მინახავს და არც ვიცი ვინ არის. რატომ დაწერეს ეს და ვინ დაწერა მე არ ვიცი და სხვას ჰკითხეთ. გმადლობთ, რომ  ჩამაყენეთ საქმის კურსში“, – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ დავუკავშირდით არქეოლოგიური საბჭოს [სექცია] კომისიის თავმჯდომარესაც. სხდომის შესახებ თავდაპირველად ვერც ვახტანგ ჯაფარიძემ გაიხსენა. მისი თქმით, ახსოვს მხოლოდ ის, რომ დაურეკეს და ამ საკითხზე მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ. მან განგვიმარტა, რომ ფიჭვნარის ნაქალაქართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არქიტექტორთა საბჭომ მიიღო, მას კი მხოლოდ მოსაზრება ჰკითხეს ტელეფონით.

„… ჩვენ ვართ არქეოლოგიის საბჭო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს არ გვეკითხებიან. კოლეგებმა, მეგობრებმა ტელეფონით, ასევე ბათუმიდანაც მკითხეს ამ საკითხზე და ტექსტიც ვნახე. შესაძლოა არქეოლოგები დიდ ფართობს ინებებდნენ და ვეტო დაადეს, რომ არ იყოს რაიმე საქმიანობა იმ დიდ ფართობზე. მათ უფრო მეტი იციან და ეს აკრძალვა მოდის ბათუმის უწყებებიდან. გიმეორებთ, რომ საკითხი განიხილება არქიტექტორთა საბჭოზე, მე დავუდასტურე ჩემს კოლეგებს მოსაზრება და მათ  მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ახლა, როგორც ჩანს, ეს ვიღაცას არ მოეწონა. გიმეორებთ,  მე მხოლოდ იმიტომ გავეცანი ამას, რომ გამოვიჩინე კოლეგიალობა არქიტექტორთა საბჭოსადმი, რომელიც ჩააფიქრა ამ საკითხმა… არა რას ბრძანებთ, რა სხდომას ვხელმძღვანელობდი, მე სახლში ვიყავი და ტელეფონით დამელაპარაკა კოლეგა. მე როგორ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, მე იმ საბჭოს წევრი არა ვარ.“

ვახტანგ ჯაფარიძემ გვითხრა ისიც, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მეტი კომპეტენცია ამირან კახიძეს აქვს და როგორც გამოცდილი არქეოლოგი ნდობასაც იმსახურებს, ამიტომაც სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ მას დაეყრდნო.

ამის შემდეგ ვახტანგ ჯაფარიძე ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გაიხსენა სხდომის ჩატარება – რომ სხდომა ონლაინ ჩატარდა და კომისიის წევრები მის მოსაზრებას დაეთანხმნენ.

თუმცა სხდომის ოქმში არანაირი მინიშნება არ არის იმაზე, რომ სხდომა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

არქეოლოგი ამირან კახიძე სსიპ „ბათუმის მუზეუმის“ დირექტორის მრჩეველია, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ მისი დასკვნის საფუძველზე მიანიჭა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი. შემდეგ კი, როგორც სააგენტო ირწმუნება, ასევე მისი დასკვნის საფუძველზე შეცვალა ძეგლის საზღვრები და ის 10 ჰექტარით შეამცირა.

ფიჭვნარის ნაქალაქართან დაკავშირებით ვკითხეთ ასევე საბჭოს კიდევ ერთ წევრს ნიკო მურღულიას. ოქმის მიხედვით ის სხდომას არ ესწრებოდა. მან გვითხრა, რომ  მასალები შესწავლილი არ აქვს და  შესაბამისად ამ საკითხზე ვერაფერს გვეტყვის.

„… ბატონ ამირანს მიმართეთ, ადამიანი მთელი ცხოვრება არქეოლოგია და ამ მიმართულებით მოღვაწეობს, ეს არ იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არაფერი დაძალებით არ მომხდარა. ასე შეიძლება მიანიჭო სტატუსი და შემდეგ შეცვალო კიდეც, ალბათ ჩაატარა დაზვერვითი სამუშაო და აქვს ინფორმაცია. არქეოლოგიური ტერიტორია არ არის უსასრულოდ გადაჭიმული. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან არ უნდა იყოს, უნდა მიმართოთ ბატონ ამირანს“, – გვითხრა კოტე ფიცხელაურმა.

ამ თემაზე დეტალურად:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: