მთავარი,სიახლეები

რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

29.04.2021 • 4098
რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

ბათუმის ახალ ბულვარში მოქანდაკე გელა წულაძის „ყირამალა“ 2009 წელს განათავსეს. მიწაზე ცალი ხელით მდგარ ადამიანს მეორე ხელში გული უჭირავს.

რკინის კონსტრუქციები გულით, რომელიც სხვადასხვა შინაარსს ატარებს, ქანდაკებების სერიაა და როგორც ახალ, ასევე ძველ ბულვარში, სანაპიროზეა განთავსებული.

რატომ აიღეს „ყირამალა“ ახალი ბულვარიდან? – ვკითხეთ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას, სადაც თავდაპირველად გვითხრეს, რომ ქანდაკება დაზიანებული იყო და რესტავრაციისთვის ავტორმა, გელა წულაძემ წაიღო.

„ბათუმელები“ ქანდაკების ავტორს, გელა წულაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად აიღო თუ არა „ყირამალა“ რესტავრაციისთვის.

„მე როგორ წავიღებდი. არსად არ წამიღია. ერთი წლის წინ მითხრეს, რომ ვანდალიზმი იყო და გატყდაო. დაუჭრიათ და ახლა აწყვია საწყობში. ისეა დაჭრილი, მისი აღდგენა შეუძლებელია. გატეხილი თუ იყო, ერთ ადგილზე იქნებოდა და რომ ეჩვენებინათ თავის დროზე, რესტავრაცია შეიძლებოდა. დაეზარათ ალბათ ამწეს მოყვანა, ისე ამოწევა და დაჭრეს“, – ამბობს გელა წულაძე.

სხვა ქანდაკებები, რომლებიც წულაძემ ერთი სერიის ფარგლებში გააკეთა, ისევ დგას ზღვისპირა ბულვარში, თუმცა მათ განახლება სჭირდება. მაგალითად, ერთ-ერთ ქანდაკებას, რომელსაც სიყვარულის ახსნას ეძახიან, გული აკლია, რომლის რესტავრაციაც ერთი წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა დღემდე დაზიანებულია.

გელა წულაძის კიდევ ერთი ნამუშევარი ბათუმის ბულვარში. ქანდაკება ამჟამად დაზიანებულია და გული აკლია. ფოტო: „ბათუმელები“

გელა წულაძე ამბობს, რომ „ყირამალას“ თავიდან გაკეთება დაახლოებით 25 ათასი ლარი დაჯდება, რომლის ხარჯთაღრიცხვა „ბათუმის ბულვარს“ შარშან მისცა.

ბათუმის ბულვარმა მასალის მომზადების პროცესში კიდევ ერთხელ დააზუსტა ინფორმაცია:

„ირაკლი ჯინჭარაძეს (ბულვარის ყოფილ დირექტორს) ჰქონდა მასთან მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ „ყირამალა“ იმდენად დაზიანებული იყო, დაჟანგული და ჩამოვარდნილი, რომ ფაქტობრივად დემონტაჟს საჭიროებდა. საწყობში აწყვია ახლა. ავტორთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ ზუსტ ანალოგს დაამზადებს.

ახალი კონსტრუქციისთვის თანხები გასული წლის ბიუჯეტში იდო, თუმცა პანდემიის გამო ბიუჯეტში რაღაცები შეიცვალა. სავარაუდოდ, 2022 წლის ბიუჯეტში იქნება თანხები და ავტორი გააკეთებს ახალ ქანდაკებას“, – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილემ, სოფო გუჯაბიძემ.

რაც შეეხება მეორე ქანდაკებაზე გულის აღდგენას, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ის „მიმდინარე სამუშაოების“ ხარჯებში იქნება გათვალისწინებული.

„ტენდერი გაიწელა რაღაც პერიოდი და ახლა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია. ამ სამუშაოებს ზაფხულამდე მოვასწრებთ, მათ შორის იქნება ეს გული“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: