მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბუასილის მკურნალობა და სიმპტომები – ექიმის რჩევები

29.04.2021 • 22695
ბუასილის მკურნალობა და სიმპტომები – ექიმის რჩევები

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი, რომელიც სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ვენების გაგანიერებას გულისხმობს, ძალიან ხშირი პათოლოგიაა როგორც კაცებში, ისე ქალებში. სხვადასხვა ოფიციალური წყაროს მიხედვით, 50 წლის ასაკში ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს ჰემოროიდული დაავადება.

პრობლემის დელიკატურობიდან გამომდინარე პაციენტები დაავადების გართულებამდე არ მიმართავენ ექიმს, რის შედეგადაც დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს და დამძიმდეს.

რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ ჰემოროიდული დაავადება, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას და როგორია პრევენცია? –  „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-პროქტოლოგი გურანდა თურმანიძე პასუხობს.

  • ქალბატონო გურანდა, რა არის ჰემოროიდული დაავადება და  რა ხდება ამ დროს?

ეს არის ანუსის არეში არსებული კავერნოზული სხეულების გაგანიერება, რაც ვითარდება მუცლის შიდა წნევის, სისხლის წნევის მომატების ფონზე.

  • ჩვეულებრივ რა ხდება ჰემოროიდული დაავადების გამომწვევი მიზეზი?

დაავადება ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების სტილს, ის მიეკუთვნება პროფესიულ დაავადებათა რიცხვს და მის განვითარებას ხელს უწყობს მჯდომარე სამუშაო რეჟიმი, ასევე, დიდხანს უმოძრაოდ ფეხზე დგომა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა. ჰემოროიდული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა ყაბზობამ ან ფაღარათმაც, რაც არასწორი კვების შედეგია. შესაბამისად, არასწორი კვების რაციონიც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია.

  • როგორია ჰემოროიდული დაავადების ნიშნები და რა დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს მტკივნეული დეფეკაცია,  შესაძლოა ახლდეს ქავილი, დისკომფორტი, ტკივილი და სისხლდენაც. პირველი და მეორე ხარისხის ჰემოროიდული დაავადების დროს დროული მიმართვა ექიმთან თავიდან აგვარიდებს დაავადების გართულებას და მესამე-მეოთხე ხარისხის დროს საჭირო ოპერაციულ მკურნალობას.

ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა პირველი-მეორე ხარისხის ჰემოროიდული დაავადების დროს მკურნალობის გარეშეც შეიძლება ალაგდეს სიმპტომები.

ხშირად პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ისინი დაავადებული არიან ჰემოროიდული დაავადებით და არა რაიმე სხვა პრობლემით, რადგან პროქტოლოგიური დაავადებების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შეიძლება ავადმყოფმა მიიჩნიოს, რომ ის დაავადებულია ბუასილით, მაგრამ შეიძლება ეს იყოს სხვა პათოლოგია. არ არის აუცილებელი, რომ საქმე გვქონდეს ონკოლოგიურ დაავადებასთან, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა სხვა დაავადებებიც.

ჰემოროიდული დაავადების დროს ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას ხალხური მედიცინის პრეპარატებით, რომლებიც ოჯახებში მზადდება, ეს არ არის სწორი, ცხადია.

სამკურნალოდ მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებული მალამოების გამოყენებაა ამ დროს რეკომენდებული და რა თქმა უნდა – ექიმის დანიშნულებით.

  • როგორი სისხლდენა ახასიათებს ჰემოროიდულ დაავადებას და რამდენად საყურადღებო შეიძლება იყოს ეს?

ჰემოროიდული დაავადების დროს სისხლდენა არის ალისფერი, ანუ ამ დროს იკარგება ჟანბადით მდიდარი სისხლი. სისხლდენამ შეიძლება მიიღოს სისტემური ხასიათი და გაგრძელდეს წლების მანძილზე გარკვეული პერიოდულობით, თუმცა პაციენტი შესაძლოა მაინც არ მიმართავდეს ექიმს. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს ანემია, რომელიც საკმაოდ სერიოზული და საყურადღებო პათოლოგიაა.

  • ოპერაციული ჩარევა როდის ხდება საჭირო?

ოპერაციული მკურნალობა რეკომენდებულია, როდესაც უკვე ჰემოროიდული კვანძები იწყებენ პროლაბირებას ანუ სანათურიდან გამოსვლას. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ  ჰემოროიდული დაავადება უკვე მესამე ხარისხისაა. არის შემთხვევები მეოთხე ხარისხის დროს, როცა კვანძების დაბრუნება ანუ ჩალაგება სანათურში თავისით ვეღარ ხდება და პაციენტს სჭირდება ხელის დახმარება, რომ ჰემოროიდული კვანძები დააბრუნოს ნაწლავის სანათურში. ამ დროს ტარდება ოპერაცია, რა დროსაც ხდება როგორც შიდა, ისე გარეთა ჰემოროიდული კვანძების მოკვეთა.

ოპერაცია 40 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, დაავადების სიმძიმეს. პოსტოპერაციულ პერიოდში დეფეკაციას ტკივილი ახლავს. რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 20 დღიდან 1 თვემდე.

  • როგორია ჰემოროიდული დაავადების პრევენცია?

მძიმე ფიზიკური შრომისგან თავის არიდება და თუ კი პრობლემა პროფესიით/სამუშაო პირობებით არის განპირობებული, რეკომენდებულია დროულად მიიღოს ზომები და როგორმე მოახერხოს სამუშაოს შემსუბუქება. ძირითადად ეს უკავშირდება მჯდომარე ცხოვრების წესსა და პირობებს, რომლის დროსაც ადამიანს ხანგრძლივად უწევს უმოძრაოდ ფეხზე დგომა.

რაც შეეხება კვებას, პაციენტმა უნდა გამორიცხოს რაციონიდან მწარე და მჟავე საკვები, ასევე ალკოჰოლური სასმელები. ზოგი პაციენტი აღნიშნავს, რომ მას მხოლოდ წითელი ფერის სასმელი უმძაფრებს მდგომარეობას, მაგრამ ეს ასე არ არის,  ნებისმიერი სახის ალკოჰოლი, ლუდიც კი შეიძლება გახდეს დაავადების გამწვავების მაპროვოცირებელი.

ასევე მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება, რომ დეფეკაცია პაციენტისთვის იყოს ყოველდღიური ან დღეგამოშვებით.

MayoClinic-ის რეკომენდაციით ჰემოროიდული დაავადების თავიდან ასარიდებლად ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

  • მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები;
  • მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეული;
  • დალიეთ ბევრი სითხე. ყოველდღე დალიეთ ექვსიდან რვამდე ჭიქა წყალი და სხვა სითხეები (არა ალკოჰოლი);
  • მოერიდეთ დაძაბვას დეფეკაციისას – დაძაბვა და სუნთქვის შეკავება ქმნის უფრო დიდ წნევას ქვედა სწორი ნაწლავის ვენებში;
  • ტუალეტში შედით მაშინვე, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ;
  • ივარჯიშეთ – იყავით აქტიურები, რომ თავიდან აიცილოთ ყაბზობა და შეამციროთ ზეწოლა ვენებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას დიდხანს დგომის ან ჯდომის დროს;
  • მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, განსაკუთრებით საპირფარეშოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: