მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ ანემია და შევივსოთ რკინის დეფიციტი

27.04.2021 • 14719
როგორ ამოვიცნოთ ანემია და შევივსოთ რკინის დეფიციტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით მსოფლიოს მასშტაბით ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 42%-ს და ორსული ქალების 40%-ს ანემია აქვთ. ანემიურია მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ქალების ერთი მესამედიც.

ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რომელიც მალნუტრიციის, ანუ არასათანადო კვების შედეგია, შესაბამისად, ეს პრობლემა ძირითადად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც.

ანემიის დროს, სისხლის წითელი უჯრედები ან მათში ჰემოგლობინის კონცენტრაცია ნორმაზე დაბალია. ჰემოგლობინი საჭიროა ჟანგბადის გადასაზიდად და თუ თქვენ გაქვთ ძალიან მცირე ან ანომალიური სისხლის წითელი უჯრედები, ან არ გაქვთ საკმარისი ჰემოგლობინი, სისხლის მიერ ჟანგბადის სხეულის ქსოვილებში გადატანა შეფერხდება.

როგორ ამოვიცნოთ ანემია და როგორი საკვები უნდა მივიღოთ მისი პრევენციისთვის? ამ თემაზე „ბათუმელები“ ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგს, ნინო წულუკიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, რა არის ანემია?

ანემია ნიშნავს სისხლის ნაკლებობას და მოიცავს სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების ნაკლებობას. მისი ძირითადად მიზეზია სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, თუნდაც ძვლის ტვინის პათოლოგიები, რომლის დროსაც ვერ ხდება სრულყოფილად ჰემოგლობინისა და ერითროციტის წარმოქმნა. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადება და მწვავე სისხლდენა.

განვითარების მექანიზმის მიხედვით ანემია გვხვდება მწვავე და ქრონიკული. მწვავე სისხლდენებსა და ანემიებზე ვსაუბრობთ, როცა გვაქვს ძლიერი სისხლდენები, მაგალითად ტრავმების დროს.

მამაკაცებში ხშირია კუჭნაწლავიდან სისხლდენა, ქალებში – გინეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული სისხლდენა. ეს არის მწვავე პროცესები, რომლის დროსაც უცებ, უმოკლე  ვადებში ხდება სისხლის დაკარგვა და ღრმა ანემიის განვითარება.

ქრონიკულია ანემია, როცა თვეების, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესები.

ქრონიკულის შემთხვევაში გვხვდება მიკროციტული, ნორმოციტული და ლასტოციტური ტიპის ანიემიები. თუ კი ეს არის მიკროციტული, პირველ რიგში ეჭვს ბადებს, ხომ არ არის რკინის დეფიციტი, B12-ის დეფიციტი, რაც უკვე არის კვების დეფიციტიდან გამომდინარე პრობლემა. პლუს ამას მიკროციტული ანემია შეიძლება იყოს ქრონიკული სისხლდენების დროს, მაგალითად სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს,  ქალებში – გინეკოლოგიური  პრობლემის დროს, ციკლის არევის ან ჭარბი სისხლდენისას, მამაკაცებში – თორმეტგოჯადან ფარული სისხლდენის ან  სწორი ნაწლავიდან ფარული სისხლდენის დროს.

ნორმოციტული ანემიები უკვე ისეთი ქრონიკული დაავადებების ფონზე გვხვდება, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ასევე – ღვიძლის უკმარისობის, ონკოდაავადებების ან სხვა ქრონიკული დაავადებების დროს.

რაც შეეხება მაკროციტულ ანემიებს, ძირითადი მიზეზია ვიტამინ B12-ის დეფიციტი და შეიძლება იყოს განხილული, როგორც გენეტიკური დაავადება.

ასევე ანემია გვხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში, ან თუ კუჭზე ან სწორ ნაწლავზე აქვს ოპერაცია/რეზექცია გაკეთებული.

  • რა ტიპის ანემიაა ყველაზე ხშირი?

განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე ხშირი არის რკინადეფიციტური ანემია, იმიტომ, რომ არ ხდება სრულყოფილი კვება. ზოგადად რკინას ადამიანი იღებს მხოლოდ საკვები პროდუქტებიდან და იმ ქვეყნებში, სადაც არის კვების დეფიციტი, ეკონომიკური  მდგომარეობა არის ცუდი, ხშირად გვხვდება ამ მიზეზით გამოწვეული ანემია.

  • როგორ ამოვიცნოთ ანემიის ნიშნები?

ანემიის დროს უნდა გვქონდეს კლინიკური სიმპტომები.  თუ მსუბუქია ანემია, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო ნაკლებად გამოხატულია სიმპტომატიკაც.

ეს შეიძლება იყოს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება,  დაბალი არტერიული წნევები მაღალი პულსის ფონზე. 

თუ შედარებით მსუბუქი ფორმა გვაქვს ანემიის, ეს ჩივილები, რა თქმა უნდა, რჩება ქრონიკულად, მაგრამ რაღაც მომენტში ადამიანის ორგანიზმი ადაპტაციის უნარის ხარჯზე ეგუება ამ ყველაფერს. გარკვეული დროის განმავლობაში რეზერვი აქვს ორგანიზმს ანემია დააკომპენსიროს და არ გამოვლინდეს კლინიკურად, მაგრამ ბოლოს მაინც ვიღებთ იმ ჩივილებს, რის გამოც პაციენტი მიდის ექიმთან.

  • ფიზიკურად გამოხატული რა ნიშნები ახასიათებს?

კანი არის ფერმკრთალი და მოყვითალო; თვალის კლერები (თეთრი გარსი) არის მოყვითალო ფერის; ლორწოვანი გარსები, მაგალითად ტუჩების ქვეშ, შეიძლება იყოს გაფერმკრთალებული, როცა სხვა დროს არის ვარდისფერი, მოწითალო ელფერის; ენა შეიძლება იყოს შელესილი უფრო წითლად, ეს უფრო ახასიათებს B12-ის დეფიციტს; პაციენტი არის უფრო შენელებული, ადინამიური, ზედმეტად დაღლილი. მაგალითად, იღლება კიბეზე ასვლის შედეგად, არ ჰყოფნის ჟანგბადი…

  • როგორ მკურნალობენ ანემიას? 

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის ანემია გვაქვს, ანუ ჰემოგლობინის რა  მაჩვენებელი გვაქვს სისხლში. არის ჰემოგლობინის განსაზღვრული შკალა, რომლის მიხედვითაც ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებში  უნდა იყოს 120გ/ლ-დან 40გ/ლ-მდე  -ქალებში და ცოტა უფრო მაღალი – მამაკაცებში. ეს არის ნორმა.

თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი არის 90 გ/ლ-დან 120 გ/ლ-მდე, საუბარია მსუბუქ ანემიაზე და ვიკვლევთ მიზეზებს. მაგრამ თუ გვაქვს ჰემოგლობინი 70-75 გ/ლ-ზე დაბალი, პაციენტი  არის მძიმე, ითვლება კრიტიკულად და აუცილებლად საჭიროებს ჰემოტრანსფუზიას ანუ სისხლის გადასხმას. ძირითადად ეს მაჩვენებლები გვაქვს ხოლმე მწვავე  სისხლდენების დროს, ანუ უცებ დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვისას.

მსუბუქი ფორმებისას არ გვჭირდება სისხლის გადასხმა, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება ძირითადი დაავადების მიხედვით ან რკინის პრეპარატების ინფუზია, ან მედიკამენტოზური ჩარევა, ან/და ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე შესაბამის სპეციალისტთან პაციენტის გადამისამართება.

ზოგადად, ანემიის მკურნალობა მარტივდება, თუ ადამიანი იკვებება სწორად, რაც მოიცავს დღეში მინიმუმ სამჯერ სრულყოფილ კვებას. საკვები უნდა შეიცავდეს მიკროელემენტებს ცხიმის სახით და ასევე – რძის პროდუქტებს. მიჩნეულია, რომ რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში ადამიანმა სასურველია მიიღოს 200 გრ. ხორცი კვირაში რამდენჯერმე.

  • რკინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში ხორცის გარეშეც ხომ არის შესაძლებელი? 

დიახ, საკმაოდ რაოდენობით შეიცავს რკინას წიწიბურა, შვრიის ფაფები, ხილიდან – ვაშლი, რომლის რკინის შემცველობაზეც ყველამ კარგად ვიცით, ასევე ბროწეული, წითელი ფერის ბოსტნეული – ჭარხალი, თუნდაც სტაფილო. საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას ბროკოლიც.

სტენფორდის სამედიცინო ცენტრი რეკომენდაციით, შემდეგი პროდუქტების ერთი ულუფაც კი ძალიან მდიდარია რკინით:

  • მთელი ხორბლის პური, ბურღულეული, პასტა, ქინოა და შვრიის ფაფა;
  • ავოკადო;
  • მოხარშული ისპანახი და სოკო;
  • გამომცხვარი კარტოფილი;
  • პარკოსნები, სოიო, ტოფუ და ოსპი.

ასევე მაღალი რკინის საკვების დაწყვილება ინგრედიენტებით, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით, აძლიერებს თქვენი სხეულის რკინის ათვისების უნარს. ეს პროდუქტებია:

  • ციტრუსის ხილი და ციტრუსის წვენი;
  • ბროკოლი;
  • წითელი ან მწვანე ბულგარული წიწაკა;
  • კივი, მარწყვი, პომიდორი, ნესვი.

და პირიქით, ზოგიერთ საკვებს შეუძლია შეასუსტოს თქვენი სხეულის რკინის ათვისების უნარი, მათ შორისაა:

  • ყავა, ჩაი (თუნდაც უკოფეინო) და გაზიანი სასმელები;
  • რძის პროდუქტები და კალციუმის დანამატები;
  • ასევე ღვინო და ლუდი.

 

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემისას რა პროდუქტებს უნდა ერიდოს პაციენტი?

ხშირად ვაწყდები პაციენტებში ამ პრობლემას, როცა ქრონიკული გასტრიტის მქონე ან კუჭ-ნაწლავის პრობლემებისკენ მიდრეკილი პაციენტები, ანემიის ფონზე, ხშირად რთავენ ხოლმე რაციონში ვაშლს, ბროწეულის წვენებს… მაგრამ ასეთი პროდუქტები უნდა შევიზღუდოთ გასტრიტების დროს და შევივსოთ რაციონი უფრო მოხარშული საკვებით, თუნდაც ვაშლის წვენებით ან წითელი ბოსტნეულის სალათებით, იმიტომ, რომ  გასტრიტი არის ლორწოვანი გარსის პრობლემა, ვაშლი და თუნდაც ბროწეულის წვენი კი შეიცავს მჟავებს, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემას.

ანემიის რისკჯგუფში არიან

  • მოხუცები;
  • პირები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვაზე და მეტაბოლიზმზე მოქმედ პრეპარატებს;
  • პირები ქრონიკული გასტროინტესტინური პათოლოგიით (მალაბსორბციის სინდრომი);
  • ორსულები;
  • ქალები ლაქტაციის პერიოდში.

რეკომენდაცია:  სასურველია ადამიანი (მით უმეტეს ჩივილების შემთხვევაში) ოჯახის ექიმთან 6 თვეში ერთხელ მაინც მივიდეს სკრინინგული კვლევების მიზნით და გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: