ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რეგიონების განახლება „ძველი ფულით“ – როგორ აპირებს 500 მილიონის შეგროვებას მთავრობა

27.04.2021 • 2220
რეგიონების განახლება „ძველი ფულით“ – როგორ აპირებს 500 მილიონის შეგროვებას მთავრობა

მთავრობამ პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა, რომლის განხორციელებას „ძველი ფულით“ აპირებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ახალი პროგრამისთვის ფულს მთავრობა ძირითადად, უკვე დამტკიცებული პროგრამებიდან, ასევე დონორთა მიერ უკვე გამოყოფილი თანხებიდან გამოათავისუფლებს. ამ ეტაპზე ნახევარი მილიარდი ლარი უნდა შეგროვდეს. პროგრამა კი 2024 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს როგორც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის, ისე კერძო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციის პროექტი.

„ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია მოიცავდეს ურბანული განახლების დოკუმენტების შემუშავებასაც“ – აღნიშნულია პროგრამაში.

პროგრამის განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა, მუნიციპალიტეტებს კი ეთხოვათ, რომ „საჭიროებისამებრ, პროექტის შინაარსის გათვალისწინებით“, პროგრამაში განმახორციელებლის სტატუსით ჩაერთონ.

„განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით“ კი შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სპეციალურად შექმნილ კომისიაშიც იქნებიან. კომისია მუნიციპალური განვითარების ფონდში უნდა შეიქმნას.

ამა თუ იმ პროექტის თავისებურებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტი უნდა დაეხმაროს ფონდს  მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის ნაწილში.

„პირველ ეტაპზე პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 მილიონი ლარის ფარგლებში, მათ შორის, შესაბამისი დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, საორიენტაციოდ, 150 მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – საორიენტაციოდ, 350 მილიონი ლარი“, – აღნიშნულია პროგრამაში.

„უკვე დამტკიცებულია ეს ხელშეკრულებები [დონორებთან]. უბრალოდ, მოხდება რეპროგრამირება და ამ მიმართულებით მიმართვა. ანუ აქ არანაირად საუბარი არ არის დონორების ნაწილში დამატებით ვალის აღებაზე, მეორე მხრივ, საბიუჯეტო ნაწილში არანაირად საუბარი არ არის საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობის დადგენილებით, პროგრამისთვის თანხა შემდეგნაირად შეგროვდება:

[checklist]

  • მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2021 წელს, მისთვის უკვე დამტკიცებული ქვეპროგრამ(ებ)ით განსაზღვრული ასიგნებებიდან ან/და საკუთარი სახსრებიდან, არაუმეტეს 130 მილიონი ლარი უნდა გამოყოს;
  • ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს წინადადებები, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების [სსიპ] ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, ახალი პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს საჭირო თანხების გამოსაყოფად;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, უნდა გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

[/checklist]

„განახლებული რეგიონები“ – ამ სახელმწიფო პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 26 აპრილის დილით განაცხადა, პროგრამა კი მთავრობამ ამავე დღეს დაამტკიცა.

ხომ არ არის ეს პროგრამა თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველზე შესაძლო ზემოქმედება; რამდენად შეესაბამება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი პროექტის განხორციელება თვითმმართველობის პრინციპებს და ხომ არ არის ეს ცენტრის ჩარევა თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაში? – ამ საკითხებზე ვრცლად წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ მასალაში:

https://netgazeti.ge/news/538160/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: