ბათუმელმა 16 წლის ლუკა ჟღენტმა სამბოში პირველობა მოიპოვა

სამბოში საქართველოს პირველობა კადეტებს შორის ბათუმელმა ლუკა ჟღენტმა მოიპოვა.

აჭარის სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლუკა ჟღენტი 16 წლისაა და წარმატებას ჭაბუკებს შორის მიაღწია. ამ კატეგორიაში 2005 და 2006 წლებში დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ.

„7 წლიდან დავდივარ ძიუდოზე, ბოლო ორი წელია ვვარჯიშობ სამბოზე,“ – გვითხრა ლუკა ჟღენტმა.

ლუკა ჟღენტი 17 დეკემბერს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

წიგნები 11 სოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას – „აჭარის  რეგიონული ჰაბის“ საჩუქარი

„აჭარის  რეგიონული ჰაბი“ და „მოგზაური ბიბლიოთეკა“ დამეგობრდნენ.

„აჭარის რეგიონულმა ჰაბმა“, “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში, 11 სოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. 

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ მენეჯერის, მარი ზაქარაძის თქმით, როცა „მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში წიგნზე წვდომის პრობლემის საპასუხოდ დონაციის კამპანია დაიწყო, გადაწყვიტეს თავადაც შეერთებოდნენ ამ წამოწყებას:

„ჰაბის სურვილია  ხელი შეუწყოს სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკების განახლებას, რათა მოსწავლეებსა და  პედაგოგებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო, ახალი და მრავალფეროვანი როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურის წაკითხვა“. 

მარი ზაქარაძე

ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, წიგნები მიიღეს როგორც მცირეკონტინგენტიანმა, ასევე, შედარებით დიდმა სკოლებმა.

„ამჟამად მხოლოდ 13 მოსწავლე გვყავს. სამწუხაროდ, წელს მე-8 და მე-7 კლასების გაუქმება მოგვიხდა. მაგრამ ჩვენი მოსწავლეები აქტიური მკითხველები არიან და დიდი სიხარულით შეხვდნენ ახალ წიგნებს. 

გარდა ამისა, ჩვენი ბიბლიოთეკით სარგებლობს სოფლის მოსახლეობაც, მათ შორის, უკვე გვაქვს ლიტერატურა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაც, რაც განსაკუთრებით გვახარებს,” – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერ ქათამაძემ. 

სოფელი ინწკირვეთი ზღვის დონიდან 1385 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ის საზოგადოებას თავი მოსწავლეებისა და მასწავლებლის თოვლში ცეკვის ვიდეოთი დაამახსოვრა. 

ჰაბისგან წიგნები მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლამაც. როგორც დირექტორმა, დარეჯან მახარაძემ გვითხრა, სკოლაში 75 მოსწავლე და 24 თანამშრომელია. 

„ხშირად ბავშვებს რომ წიგნი აქვთ გამოწერილი გარკვეული ვადით, გვთხოვენ რამდენიმე დღით გადავუვადოთ, რადგან ახლა უკვე ამ წიგნის წაკითხვა მშობელს ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრს სურს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მდიდარი წიგნადი ფონდის ქონა სოფლისთვის. აქ ყველა სიახლე სკოლიდან იწყება”,- აღნიშნა დარეჯან მახარაძემ. 

ჭახათის ბიბლიოთეკა

თითოეულმა სკოლამ „აჭარის რეგიონული ჰაბისგან“ დაახლოებით 100 წიგნი მიიღო საჩუქრად, რასაც დაემატა „მოგზაური ბიბლიოთეკის“ სხვა მხარდამჭერების მიერ მობილიზებული 150-მდე წიგნი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურიდან. 

„გარდა მხატვრული ლიტერატურისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ილიაუნის გამომცემლობის სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მასწავლებლებს დიდ დახმარებას გაუწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩართულები ვართ „ახალი სკოლის მოდელში“. ვფიქრობ, ეს წიგნები გამოგვადგება კვლევების ნაწილშიც”, – გვითხრა ჭახათის სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მერაბ ტაკიძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი წიგნებით ისარგებლა. 

ჭახათის ბიბლიოთეკა

შედარებით დიდკონტინგენტიანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა, რომელმაც ასევე მიიღო ახალი წიგნები „აჭარის რეგიონული ჰაბისგან“.

აქ 155 მოსწავლეა რეგისტრირებული. სკოლის დირექტორის, ზეინაბ ბერიძის თქმით, ბიბლიოთეკას აკითხავენ ხოლმე კურსდამთავრებულებიც:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს მოსული მკითხველი ხელცარიელი არ გავუშვათ, რადგან თუ რამდენჯერმე მოვიდა და ვერ იპოვა რასაც ეძებდა, მან შეიძლება სულაც დაკარგოს კითხვის ინტერესი. 

სამწუხაროდ, წაკითხულის გააზრებასა და კრიტიკულ კითხვაში ბევრს აქვს პრობლემა, რაც მხოლოდ კითხვით შეიძლება დაიძლიოს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კითხვის პოპულარიზებას“, – გვითხრა დირექტორმა და  ასევე აღნიშნა, რომ მალე კითხვის სასკოლო კლუბის შექმნა, მოგვიანებით კი ბიბლიოთეკის გაფართოება და ინფრასტრუქტურის მოწყობა აქვს გეგმაში:

„ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლიც. ჩვენ მზად ვართ, ყველა საინტერესო აქტივობაში ჩავერთოთ. ახლა ჩემი ძალებით ვცდილობ მოსწავლეების ქართველ მწერალთან შეხვედრის ორგანიზებას, ისეთი მწერალი შევარჩიე, რომელსაც ვიცნობ და შედარებით მარტივია ამის მოხერხება. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეების მოტივაციაზეც კარგად იმოქმედებს“. 

წონიარისის სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა
წონიარისის სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა
ქვედა მახუნცეთის ბიბლიოთეკა

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ მენეჯერის თქმით, ჰაბი აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან და აღნიშნულ 11 სკოლაშიც გაიმართება შეხვედრები, სადაც წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გარდა  განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა  და  მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა.

 ამ და სხვა ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ უზრუნველყოფს. 

„აჭარის რეგიონული ჰაბი“ შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა – მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ჰაბი

ბათუმის „დინამო“ ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა

ბათუმის „დინამო“ ისტორიაში პირველად ჩემპიონია. ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „სამტრედიასთან“ თამაში ფრედ დაასრულა 0:0.

ეს ბოლოსწინა ტური იყო, თუმცა ცნობილია, რომ ჩემპიონს ქულებით ვეღარ გაასწრებენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი თამაშით ადრე, დინამო „ბათუმის“ ჩემპიონობა განსაზღვრულია.

„დინამო“ ბათუმი ისტორიაშიი პირველად  საქართველოს ჩემპიონია

 

„დინამო“ ბათუმი ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონია

დღევანდელი მონაცემებით, დინამო“ ბათუმის 34 თამაში და 71 ქულა აქვს – შესაბამისად, ის სატურნირო ცხრილში ლიდერია. სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ კი, 35 თამაშიდან 67 ქულა აქვს მოგროვებლი. შესაბამისად, თბილისურმა გუნდმა დარჩენილი თამაში, რომც მოიგოს, ის „დინამო“ ბათუმს ქულათა რაოდენობით ვეღარ გადაუსწრებს.

აჭარაში კოვიდით 8 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 116 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 116 ახალი შემთხვევა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემით, 28 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 506 ადამიანი.

დღეს, 28 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 3333 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 56 პაციენტი.

ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს”

„ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს, არავითარი მოთხოვნა ჩემ მიმართ პოლიციას არ ჰქონია,” – ამბობს გია ხალვაში, რომელიც 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს წინ აქციაზე დააკავეს.

აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია, თუმცა იქ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს.

გია ხალვაში ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო ბოლო არჩევნებზე. ის აქციაზე სამ აქტივისტთან: გიორგი ბოლქვაძესთან, ვახტანგ ხუნდაძესთან და დენის ბუკაშვილთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღეს, 28 ნოემბერს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო.

„რეალურად, ბევრი ადამიანი ვიდექით ერთად… ჩემმა ნაცნობმა პოლიციელმა, ჯარჯი მელაძემ, ხელებით სცადა ჩემი  გაწევა და მითხრა, გადადი იქითო, მაგრამ ისეთი ჭყლეტა იყო, ვერსად გადავიდოდი. ტროტუარზე ვიყავი. მას ხუმრობით ვუთხარი, ყველა ჭიდაობს და მოდი, ვიჭიდაოთ მაშინ-მეთქი…

მერე სხვა პოლიციელები მოვიდნენ და დამაკავეს,” – გვიყვება გია ხალვაში, რომელიც დღეს, 28 ნოემბერს, გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური დრო – 48 საათი სრულად ამოიწურა.

„უნდათ გაჩნდეს განცდა, რომ ნებისმიერი შეიძლება დააკავონ. მნიშვნელობა არ აქვს, დაარღვევ რამეს თუ არა,” – ამბობს გია ხალვაში.

გია ხალვაში დაკავების შემდეგ ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, დანარჩენი სამი კი – ოზურგეთში.

„მითხრეს, სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ამიტომ გადამიყვანეს, უადგილობა არ იყო მიზეზი,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ გია ხალვაშმა.

სასამართლო განხილვაზე პოლიციას არ წარმოუდგენია ვიდეომტკიცებულება, რაც ასახავდა აქციაზე მომხდარს. პოლიციამ მხოლოდ მოწმეების სახით პოლიციელების გამოკითხვა ითხოვა.

დაკავებულების ადვოკატმა, მალხაზ ზოიძემ კი სასამართლო პროცესის გადადება ითხოვა იმისთვის, რომ მხარემ მტკიცებულებების წარდგენა შეძლოს.

„ეს ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, მათ ჰქონდათ საკმარისი დრო. ჩვენთვის მისაღებია, თუ დღესვე დასრულდება პროცესი,“ – მიმართა მოსამართლე სალიხ შაინიძეს პოლიციელმა.

„პოლიციის მასალებიც კი არ ჩამბარებია, არასამუშაო დღეებია,“ – პოლიციელებს მიმართა ადვოკატმა, მალხაზ ზოიძემ.

„შაბათს მუშაობს პირველ საათამდე კანცელარია,“ – მიმართა ისევ მოსამართლეს პოლიციელმა.

„ფიზიკური პირები იყვნენ დაკავებული, თქვენ კი, წარმოადგენთ სახელმწიფოს,“ – შსს-ს წარმოამდგენელს მოსამართლემ შეახსენა, რომ ოთხი პირი სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლეს და რეალურად ვერ ექნებოდათ დრო მტკიცებულებების შესაგროვებლად.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ სასამართლო სხდომა 7 დეკემბრამდე გადადო.

სასამართლო განხილვა 7 დეკემბრამდე გადაიდო

“ვითხოვთ ელჩებთან შეხვედრას” – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში

ოპოზიციური ერთობის წევრები ბათუმში ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ.

„უნდა ავუხსნათ, რამდენად დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში,”- განაცხადა დღეს, 28 ნოემბერს, ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში.

ოპოზიცია გეგმავს საელჩოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დროს ქვეყანაში და კონკრეტულად ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბრის მთავარი თემა საკრებულო იქნება, სადაც ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი ბიუჯეტი იმის მიუხედავად, რომ ახალი საკრებულო არჩეულია.

“მივაწვდით ინფორმაციას ნუგზარ ფუტკარაძის შესახებ, რადგან გამოძიებას აწარმოებს პოლიციის განყოფილება, ხოლო ვინც არის “ის ერთი პირი”, რაც აუდიოჩანაწერში ისმის და 100 ათასი დოლარის გადახდას აპირებდა, ის დავით რიჟვაძეა, პოლიციის მაღალჩინოსანი და იმ შენობაში ზის, სადაც ჩვენ გამოგვკითხეს,”- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა ქრთამის მიცემის და ზეგავლენით ვაჭრობის კუთხით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აუდიოჩანაწერი გაავრცელა და რაც საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობას ასახავს.

გამოძიება შსს-მ 18 ნოემბერს დაიწყო “სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობის” მუხლით, როცა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

“გვაინტერესებს, რას გვირჩევენ ისინი, საელჩოები, როგორ მოვიქცეთ, მათ უამრავი რესურსი აქვთ დახარჯული ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის,”- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

56 გარდაცვლილი და კოვიდის 3333 ახალი შემთხვევა – 28 ნოემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3333 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 56 პაციენტი.

აჭარის რეგიონში ამავე პერიოდში დაფიქსირდა კოვიდის 116 ახალი შემთხვევა.

როდემდე გაუძღვება ბათუმის ახალ საკრებულოს ნერიმან ცინცაძე – რას ამბობენ დეპუტატები

რამდენ ხანს მოუწევს საკრებულოს სხდომების ჩატარება ნერიმან ცინცაძეს, რომელიც ასაკით ახალ შემადგენლობაში ყველაზე უფროსია და რამდენად შესაძლებელია, საკრებულოში თანამდებობები თავმჯდომარის აურჩევლობის მიუხედავად გადაინაწილონ? – უხუცესი წევრი, ნერიმან ცინცაძე „ბათუმელებს“ პასუხობს, რომ ამის შესახებ ჯერ კონკრეტულად არავისთან უსაუბრია. ბათუმის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერსაა ჩანიშნული.

„ვიცი, რომ უხუცესი წევრი ვარ. ზოგადად ვიცი, რომ პირველი სხდომის წარმართვა მომიწევს, მაგრამ კონკრეტული საუბარი ჯერ ამ საკითხზე არ მქონია,“ – ამბობს ნერიმან ცინცაძე. მისი თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ჯერ პირველი სხდომის სამზადისი არ დაუწყია და არც კონსულტაციები, რამდენად შეიძლება გადანაწილდეს თანამდებობები ოპოზიციასთან და მოხერხდეს კრიზისის არიდება, ანუ რიგგარეშე არჩევნები.

„რამდენიმე დღეში შემიძლია დაგელაპარაკოთ კონკრეტულად,“ – გვიპასუხა ნერიმან ცინცაძემ. ის მოქმედი საკრებულოს წევრიცაა ასევე „ქართული ოცნებიდან“.

კანონის მიხედვით, საკრებულოს პირველ სხდომას უხუცესი წევრი მართავს, შემდეგ კი, თავმჯდომარე, რომელიც საკრებულოს წევრებმა უნდა აირჩიონ. ბათუმის საკრებულოში, დღევანდელი მოცემულობით, უმრავლესობა არავის აქვს. შესაბამისად, ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, როდის მოხერხდება მისი არჩევა, ან საერთოდ მოხერხდება თუ არა თავმჯდომარის არჩევა – ამ კითხვებზე ბათუმის ახალ საკრებულოში ვერავინ პაუხობს.

თვითმმართველობის კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

კანონის ამ ჩანაწერის მიხედვით, თუკი საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულო ვერ აირჩევს, საკრებულოს სხდომებს უხუცესი წევრი ატარებს. კანონი არ აკონკრეტებს, რამდენ თვეს ან წელს შეიძლება გაგრძელდეს ასე.

„ეს პრობლემური ჩანაწერია,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე და შენიშნავს, რომ არც ერთი სამართლებრივი აქტით არ არის განსაზღვრული შემთხვევა, როცა საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს.

საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში უხუცესი წევრი დროებით მმართველადაც შესაძლოა განვიხილოთ, ვიდრე ახალი თავმჯდომარის არჩევას შეძლებს საკრებულო და მას იმ აქტებზე ხელმოწერის უფლებაც შეიძლება ჰქონდეს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერა სავალდებულოა.

„პრაქტიკაში საინტერესო იქნება, როგორ განიმარტება უხუცესი წევრის ნორმა. საკრებულომ უნდა განმარტოს თავად ნორმის შინაარსი, რადგან ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

ბათუმის საკრებულოში 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა – 19 მანდატი, თუმცა შემდეგ გახარიას პარტიის ერთი წევრი – ირაკლი თავდგირიძე დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. 18 ნოემბერს გარდაიცვალა ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ, თუკი ის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდებოდა და ამით ოპოზიცია უმრავლესობას დაკარგავდა.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ მანდატები ასე ნაწილდები – 17:17.

რამდენად მზადაა ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გადაინაწილოს საკრებულოში არსებული 13 თანამდებობა იმ ფონზე, თუკი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, მაგრამ გადადგან ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ საკრებულო დასათხოვი არ გახდეს? – ოპოზიცია კრიზისის გამოწვევას უფრო უშვებს, ვიდრე იმას, რომ „ოცნებასთან“ ერთად საკრებულოში თანამდებობები გადაინაწილოს.

„გადაწყვეტილი არაფერია, დღესაც გრძელდება კონსულტაციები… რამდენიმე დღეში ჩვენ წარმოვადგენთ ღიად, როგორი იქნება ჩვენი წინადადება, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ გამორიცხულია რამე თანამდებობაზე საუბარი. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენ შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ მივიღოთ კრიზისი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

თუკი ვერ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, აკაკი გვიანიძეს, წარმოუდგენლად მიაჩნია შეთანხმება დანარჩენ თანამდებობებზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ სამართლებრივად შეუძლებელი იქნება იმგვარ ფორმატში მუშაობა, როცა საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე არ ეყოლება, მაგრამ იმუშავებენ კომისიები და ფრაქციები.

„უხუცესი ნიშნავს პირველი სხდომის თავმჯდომარეს და არა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს… პროცედურით პირდაპირ განსაზღვრულია ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ასახელებს მოადგილეებს. ამის შემდეგ ირჩევა უკვე კომისიების შემადგენლობა. საკრებულოს თავმჯდომარის გარეშე ვერ გადანაწილდება სხვა თანამდებობები, ჩემი აზრი ასეთია,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის“.

___

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა, მეორე ტური კი 30 – ოქტომბერს. არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 7 საკრებულოში – ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, რუსთავში, სენაკში  – „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. 

ახალი შტამის გამო რეგულაციები წესდება 8 უცხო ქვეყიდან შემოსული მოქალაქეებისთვის

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი რეგულაციები წესდება 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის – კერძოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში იზოლაცია/კარანტინში მოუწევთ ყოფნა.

„ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში“, – წერია განცხადებაში.

ეს ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოცვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო  მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

„ვინც ფულს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია“- რა ირკვევა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე

„ეფექტური გამოძიება ხელისუფლებას არ სურს და ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ გამოკითხვაზე პოლიციის პირველ განყოფილებაში დაგვხვდა არა საგამოძიებო ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მხოლოდ გიორგი კირთაძე გამოჰკითხეს. ინტერესი რომ იყოს ეფექტური გამოძიება, მარტივად შეიძლებოდა პარალელურ რეჟიმში გამოკითხვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან.

ის ბათუმის საკრებულოს ახალი წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე“ გამოსაკითხად დაიბარეს.

„ამასობაში, ბადრი ბაკურიძე, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძეს დავით რიჟვაძის დავალებით 100 ათას დოლარს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიო ფაილი. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს ითხოვენ.

თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

ენმ-ს მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელებთან შეხვედრა ნუგზარ ფუტკარაძემ თვითონ ჩაიწერა 11 ნოემბერს, მანამდე კი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოსყიდვის და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართა. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

„გამოძიება რომ არ იქნება ეფექტური, აქედანაც ჩანს,“ – გიორგი კირთაძის 5 ნოემბრის ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას მირდატ ქამადაძე, სადაც ნუგზარ ფუტკარაძეც იდგა, – „ბრიფინგზე გიორგი კირთაძე ამბობდა, რომ ხდებოდა ზეწოლა და ამ პროცესში იყო ჩართული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, მაგრამ გამოძიება არც კი დაიწყო. გამოძიება ჯერ კიდევ 5 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, რადგან მათ აქვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების ვალდებულება, როცა იღებენ შეტყობინებას დანაშაულის შესახებ,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 24 ნოემბერს არ განმარტა, რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ საგამოძიებო ორგანოებმა დაეწყოთ გამოძიება. 25 ნოემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, რომ გამოძიება 18 ნოემბერს დაწყებულია „სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობის“ მუხლით და ამ საქმის ფარგლებში გამოკითხავდნენ: ელგუჯა ბაგრატიონს, გიორგი კირთაძეს და მირდატ ქამადაძეს.

მირდატ ქამადაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, არ გამორიცხავს, რომ თეორიულად ამ მუხლის ფარგლებშიც შეძლოს გამოძიებამ სიმართლის დადგენა, თუმცა ამ ვითარებაში ოპოზიციონერს გამოძიების ობიექტურობის აღარ სჯერა.

„გამომძიებელმა უნდა დაადგინოს, ვინაა ის ერთი კაცი, რომელზეც ჩანაწერში ისმის: „ის ერთი კაცი ელოდება შენგან პასუხს“. ის ერთი კაცი დავით რიჟვაძეა,“ – დარწმუნებულია მირდატ ქამადაძე, რომელიც დღეს, 27 ნოემბერს, ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად მისცემს გამოძიებას ჩვენებას.

დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

მირდატ ქამადაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, აუდიო ფაილის გავრცელების შემდეგ, გამოძიება უნდა დაწყებულიყო ზეგავლენით ვაჭრობის და ქრთამის შეთავაზების კუთხით.

„ცალსახად იკვეთება ამ ჩანაწერით ამ ორი დანაშაულის შემადგენლობა. გარდა ამისა, როცა ტიტე აროშიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ ჰქონდათ ამ პირებს, ანუ ზონდერებსო, ჩანაწერში, რომლის ნამდვილობასაც „ოცნება“ არ აყენებს ეჭვქვეშ, ახსენებენ ზაზა დიასამიძის და ისმის, გადავყევით „ოცნების“ შტაბს და ამ კაცის გვერდით ვდგავართო,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

გამოძიებას უკვე გადასცა აუდიო ჩანაწერი გიორგი კირთაძემ, თუმცა უცნობია მისი ნამდვილობის დასადგენად მოითხოვა თუ არა საგამოძიებო ორგანომ ექსპერტიზის ჩატარება.

„ეს საქმეც შემოიდება მალე თაროზე, თუკი რეალობა არ შეიცვალა ქვეყანაში,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

აჭარაში კოვიდით გარდაიცვალა 6 პაციენტი, დადასტურდა 164 ახალი შემთხვევა – 27 ნოემბერი

27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 164 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აჭარაში მკურნალობას გადის 1774 პაციენტი, მათ შორის, კოვიდკლინიკებშია 495 პირი.

დღეს, 27 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

დადასტურდა კოვიდის 4058 ახალი შემთხვევა, 61 პაციენტი გარდაიცვალა

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4058 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 53 440 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 61 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარაში – 164, იმერეთში – 766, ქვემო ქართლში – 225, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 137, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 333, კახეთში – 257, მცხეთა-მთიანეთში – 105, სამცხე-ჯავახეთში – 139, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.03%.

„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას.

უძრავი ქონების გამოფენა SIMA EXPO 26 – 28 ნოემბერს იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამშენებლო კომპანიები საკუთარ პროექტებს წარუდგენენ ვიზიტორებს.

როგორც გამოფენის ესპანური ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს SIMA EXPO-ზე წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები; წლევანდელ გამოფენაზე უპირატესობა მიენიჭა კომპანიებს, რომლებიც ადამიანებს, გარდა საცხოვრებელი სივრცეებისა, სთავაზობენ მომსახურების მრავალფეროვნებას – ცხოვრების, დასვენების და გართობის სერვისების ჩათვლით.

„გუმბათი ჯგუფი" მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე

როგორც „გუმბათი ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ გაბელია განმარტავს, მადრიდის გამოფენაზე კომპანია  წარმოდგენილია ორი მიმდინარე პროექტით. ასევე ესპანურ საზოგადოებას აცნობენ ქართულ საინვესტიციო გარემოს და დაინტერესებულ პირებთან, თუ კომპანიებთან საქმიანი კავშირების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

„გამოფენაზე საქართველოდან მხოლოდ „გუმბათი ჯგუფია“ წარმოდგენილი. ვფიქრობთ, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი და რესურსი, რომ საერთაშორისო ბაზარზე სხვა წამყვან დარგებთან ერთად წარმოდგენილი იყოს სამშენებლო სფეროთიც. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან ძალიან დიდი დაინტერესება გამოხატეს ვიზიტორებმა „გუმბათი ჯგუფის“ მიმართ, არაერთ დაინტერესებულ პირთან გაიმართა შეხვედრა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.“

ამგვარ გამოფენებში მონაწილეობა კომპანიას არამხოლოდ ქართულ, არამედ ესპანურენოვან ბაზარზე ოპერირების პერსპექტივას უჩენს. ეს ერთგვარი საშუალებაა საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების დასამყარებლად, რაც ჩვეულებრივ, სამომავლოდ ახალ საქმიან ურთიერთობებს და ერთობლივ პროექტებს გულისხმობს.

უძრავი ქონების ევროპულ ფესტივალზე „გუმბათი ჯგუფი“ პირველადაა. თუმცა, მსგავს ღონისძიებებში აქამდეც მიუღიათ მონაწილეობა დსთ-ს არაერთ ქვეყანაში.

„ჩვენს კომპანიას კონკრეტულად ამ ფესტივალზე პავილიონში წარმოდგენილი აქვს ბათუმში, გონიოს ზღვისპირა პროექტი „გუმბათი რეზიდენსი“ და მაქაცარიას ქუჩაზე, პორტთან ახლომდებარე პროექტი – „პორტლაინი“. ორივე პროექტი საინვესტიციოა, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ გარანტირებულ შემოსავალსა და აპარტამენტის მართვის სერვისს, სხვა დამატებით შესაძლებლობებით“, – ამბობს თამარ გაბელია.

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ 23 წელია ოპერირებს საქართველოში. არაერთი  პროექტი აქვს ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში.

„გუმბათი ჯგუფს“ თბილისში ორი ოლიმპიური  სტადიონი აქვს აშენებული. დღეისათვის კომპანიას ფლობს  მიმდინარე პროექტებს ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში.

სამომავლოდ გუმბათი ჯგუფი, საზოგადოებას ბათუმსა და თბილისში ახალ სამშენებლო პროექტებს წარუდგენს.

გუმბათი ჯგუფი – ვაშენებთ ყველგან სადაც საქართველოა!

„გუმბათი ჯგუფი" მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე

რატომ „ტეხავს“ ქუჩაში ფურთხება – საქართველოში გავრცელებული საშიში და მავნე ჩვევა

როცა ტომ სოიერმა კბილი ამოიღო და სკოლაში წავიდა, ამხანაგებს მისი ზედა, ცარიელი ყბის შეშურდათ: ტომს ახლა სრულიად ახლებურად, უჩვეულოდ შეეძლო ეფურთხებინა. კი, ტომ სოიერი იფურთხება. იფურთხება კლდიაშვილის როსტომ მანველიძეც – თანაც პირიდან ჩიბუხის გამოუღებლად. იფურთხებიან ,,მექანიკური ფორთოხლის“ გმირებიც, ჯაყოც იფურთხება, როცა ბორგავს და რეზიც „იპურჭყება“ სილაში გურამ გეგეშიძს ,,შურისძიებიდან“. მოკლედ უამრავი კარგი და ცუდი ტიპი იფურთხება წიგნებში, ფილმებში და იქ ამ ამბავს თავისი ფუნქცია აქვს.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი პეპიც იფურთხება. რა დაუშლიდა.

ტომ სოიერის ჩემპიონობა ფურთხებაში წიგნიდან თუ მაცინებდა, ცხოვრებაში ვერ მამშვიდებს, როცა სადარბაზოებში, სკვერებსა და ბაღებში, ქუჩის კუთხეებში, სადაც უბნის მცხოვრებლები იყრიან თავს – ტბები დგას.

ლიტერატურული და კინოს გმირების რომანტიკულსაბურველიანი ფურთხების მიღმა ცხოვრებისეული, რეალური ფურთხების ნაირსახეობა არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში, აი ზოგიერთი მათგანი:

აივნიდან ფურთხება. მიდიხარ შენთვის ტროტუარზე, არც წვიმს, არც თოვს და ტყაპ! მეხუთე სართულიდან პირდაპირ თავში გეცემა ვინმე ჯეელის სანერწყვე ჯირკვლებიდან  გამოყოფილი მარილებით, ცილებით და ფერმენტებით სავსე სითხე. წარმოუდგენელია: ვეგეტატიური ნერვული სისტემა მხოლოდ იმიტომ გახარჯა უცნობმა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრამდე 10 წუთით ადრე შენთვის თავი „ჩამოებანა“.

გამვლელის ცხვირწინ გადაფურთხება. ეს უფრო განაცხადია, ერთგვარი გაუცნობიერებელი აგრესიაც კი და რაღაც ამორფულის მტკიცება, რომ აი, მე ეს შენს თვალწინ ვქენი. მტკიცება იმის, რომ აი, შენს ცხვირწინ ვაფურთხებ, დიახაც. მოვნერწყვავ გზას, რომელიც შენ ახლა უნდა გაიარო. შენ არ არსებობ, გინდ უფერო ნიავს ჩაუქროლია ახლა აქ და გინდ შენ გაგივლია. ვინ ხარ საერთოდ.

მე კი მაგარი ვარ, რადგან ვიფურთხები ისე, რომ ჩემი ნერწყვის ტრაექტორია ახლოდან და კარგად მოხაზო თვალებით. ა ეგრე. მიდი ახლა. გაიარე. ჯანდაბამდე გივლია.

თქვენ რას გრძნობთ ხოლმე გზად გავლისას ცხვირწინ როცა იფურთხებიან?

კოლექტიური ფურთხება სკვერებსა და სადარბაზოებში. ეს ჯგუფური და გარკვეულწილად სავალდებულო ფურთხებაა – როცა ცხარე სჯა-ბაასია გაჩაღებული და უმეტესად ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბიჭები/კაცები ტყვიამფრქვევების სისწრაფით იფურთხებიან ერთმანეთის ჯიბრზე, ერთმანეთზე უფრო შორს და უფრო უხვადაც.

მოგერიდება კიდეც სადარბაზოს შესასვლელთან ფურთხის ტბა გამომეტყველებით მაინც გააპროტესტო. კაცები ცხარედ კამათობენ რაღაცაზე, იძაბებიან და იფურთხებიან, რა არის ამაში უჩვეულო. რა გინდა, რა არ მოგწონს. გაიარე ერთი.

კოვიდპანდემიაში ბევრი რამ, რაც აქამდე უჩვეულოდ წარმოგვედგინა, ყოველდღიურობად იქცა. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ აგვისტოს ხვატში ვინმე გაძლებდა და პირბადით გაატარებდა ზაფხულს. გავატარეთ.

ფურთხებაც ისეთი რამეა, რაზეც კრინტსაც არ დაძრავდა აქამდე წესიერი ადამიანი. რა მოხდა. ადამიანის უფლებაა ისე მოიქცეს, როგორც სურს. ვის რით შეედავები. მაგრამ პანდემიამ მოგვცა შესაძლებლობა ხმამაღლა გვეთქვა იმაზე, რაზეც აქამდე ჩუმად ვბრაზობდით. პანდემიამ და დაინფიცირების შიშმა.

ქუჩაში ფურთხებაც ერთგვარი გამოხატულების თავისუფლებაა, მაგრამ როგორც ოჯახის ექიმი, ნინო კილაძე გვეუბნება, ერთობ საშიშია გამოხატვის თავისუფლების ეს ფორმა გარშემომყოფებისთვის. მიწას ხშირად ბავშვები ეხებიან თამაშისას, წაქცევისას, პატარა სიმაღლის გამო ფეხით მოსეირნე ბავშვები ჩვენზე ახლოს არიან მიწასთან და დიდი საფრთხის წინაშე დგებიან გადაედოთ უამრავი ვირუსი, ინფექცია, ისე, რომ ვერც კი მიხვდნენ მშობლები, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი.

„ნერწყვი უამრავ ბაქტერიას შეიცავს, რესპირატორული დაავადებები, ვირუსები, სწორედ ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ასეთია გრიპი, დიფთერია, წითურა, ლარინგიტი, ტუბერკულოზი და კიდევ უამრავი სხვა. არაერთი სოკოც გადადის ნერწყვით. ახლა უკვე კოვიდიც. ბავშვი გარეთ თამაშისას უამრავჯერ ეხება მიწას. შეუძლებელია ვაკონტროლოთ მერე ამ დაუბანელ ხელს თვალთან, პირთან, ცხვირთან მიიტანს თუ არა. გარდა ამისა, ჩვენც, უფროსებს რაღაც გვივარდება ქუჩაში და მერე ვიღებთ. დავანებოთ თავი იმას, რომ არაესთეტიკურია, ძალიან საშიშიცაა ეს მავნე ჩვევა გარშემომყოფებისთვის“, – ამბობს ნინო კილაძე.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქუჩაში ფურთხება დაავადებული ადამიანების ჩვევაა. სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში წერია, რომ ნერწყვი რამდენიმე შემთხვევაში გამოიყოფა ჭარბად პირის ღრუში:

  • როცა დაზიანებულია ვეგეტატიური ცენტრები – პარკინსონის, სახის დამბლის და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში;
  • ორსულობის საწყის ეტაპზე;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ძლიერი გაღიზიანებისას, როცა ცუდ საკვებს ვჭამთ;
  • ნერწყვი უხვად გამოიყოფა ასევე სტომატიტის დროს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს.

თუმცა საეჭვოა, რომ ვინც ირგვლივ ყოველდღიურად იფურთხება, ყველას ჰქონდეს პარკინსონი, სახის დამბლა, სტომატიტი ან მოშლილი სისხლის მიმოქცევა – მოზარდებს, მოზრდილებსა თუ ზრდასრულებს.

ამქვეყნად თურმე ადამიანებთან ერთად მხოლოდ აქლემები და მათი ახლო ნათესავები: ლამები და ალპაკები იფურთხებიან. რაც ჯერჯერობით ვიცით. სხვა არავინ.

თუმცა ეს ცხოველები იფურთხებიან არა ნერწყვს, არამედ კუჭის შიგთავსს და ძირითადად დისკომფორტის სადემონსტრაციოდ – ასე ამიხსნა ბიოლოგმა ლევან ბუთხუზმა.

რა ვნებაა მავნე ნერწყვის საზოგადოებრივ სივრცეში გამუდმებული ფურთხება, რატომაა ეს ჩვევა წახალისებული განსაკუთრებით მოზარდობის დროს და როგორ რჩება ზრდასრულ ასაკშიც უცვლელად იგივე ჩვევა. ამაზე ალბათ სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. მათ შორის მედიაშიც.

ბათუმში 12 წლის ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა

დღეს, 26 ნოემბერს, საღამოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილი 12 წლის 2 მოზარდს დაეჯახა – ინფორმაციას ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ, სადაც მოზარდები არიან გადაყვანილი.

ჰოსპიტლის ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა საბოლოო პასუხისთვის ორივეს უტარდება გამოკვლევები.

ერთი ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაშია, მეორე კი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, პირველადი დათვალიერებით, მოზარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოზარდები კლინიკაში პოლიციამ გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

_________________

ფოტო: ალექსანდრე ფაცაცია

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა

2021 წლის 25 ნოემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა ონლაინრეჟიმში.

აჭარის რეგიონული ჰაბი ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.

ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

აჭარის რეგიონული ჰაბი მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა პრაქტიკულ საქმიანობას.

აჭარის რეგიონული ჰაბის მთავარი მიზნები სამ კონკრეტულ მიმართულებად იყოფა:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, პოლიტიკური და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, ასევე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კულტურის პოპულარიზაცია;
  2. სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, თანამონაწილეობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება;
  3. ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

ჰაბის მიზანი არამხოლოდ აჭარაში, არამედ მთელი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული აქტორის გაძლიერებაა.

  • რა წვლილს შეიტანს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აჭარის რეგიონული ჰაბის საქმიანობაში?

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აჭარის რეგიონში 2001 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციას საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან თანამშრომლობის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის სამწლიანი მიმდინარეობისას პერმანენტულად უზრუნველყოფს შეხვედრებს მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“იქნება ასევე სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე ორიენტირებული კონფერენციის ორგანიზატორი, მომზადდები სტატიები პროექტის შესახებ ხილვადობის გასაზრდელად, შემუშავდება ადგილობრივი სსო-ების შესახებ საინფორმაციო ცნობარი, სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო შეხვედრები, 11 სოფელში „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ა.შ.

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ პრეზენტაციას დაესწრნენ აჭარის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო  ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის  წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.

მოწვეულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასლან ჭანიძემ,  „თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლის“  ხელმძღვანელმა. პროექტის  მენეჯერმა, მარიკა ზაქარაძემ ისაუბრა რეგიონული ჰაბის მიზნებსა და მომავალი 3 წლის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებზე.

„აჭარის რეგიონული ჰაბი“ შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

  • რა მიზანი აქვს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი,  გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ინდოელი სტუდენტის ცხოვრება ბათუმში 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 589 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. სოჰაილ მოჰამმედი ერთ-ერთი მათგანია. იგი ბსუ-ში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და უკვე ოთხი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობს. 

„თავიდან ძალიან რთული იყო, ვერავინ იგებდა, რა გვინდოდა მე და ჩემ მეგობრებს, რისი ყიდვა გვინდოდა მაღაზიაში შესულებს, რომელ ქუჩას ვეძებდით…

უნივერსიტეტშიც გვიჭირდა კომუნიკაციის დამყარება, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლეთ ქართული ენა და გაგვიმარტივდა კონტაქტის დამყარება ქართველებთან“, – გვიყვება 23 წლის სოჰაილი. 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, საშუალოდ რა უჯდებათ ინდოელ სტუდენტებს ბათუმში ცხოვრება. 

„250 – 300 დოლარი მაინც  გვჭირდება ბათუმში ერთი თვით საცხოვრებლად. მე მაკლერად დავიწყე მუშაობა, რადგან ოთხი ენა ვიცი: არაბული, ჰინდი, ინგლისური და ქართული“, – გვითხრა სოჰაილმა. 

სოჰაილი ახლა ორ ინდოელ მეგობართან ერთად ცხოვრობს ბათუმში, რათა ქირისა და კომუნალური გადასახადების გაყოფით ხარჯები შეამციროს. 

„ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მიყვარს სხვადასხვა ტრადიციის გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან საუბარი. ძალიან მიყვარს სტუმრების მიღება, მათთან საუბარი და ერთად ჭამა“, – ამბობს სოჰაილი. 

სოჰაილი მეგობრებთან ერთად

სოჰაილი მუსლიმია და დღესასწაულებს ქართველ მუსლიმ მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. ამბობს, რომ მოგზაურობაც ძალიან უყვარს:

„ხულოში ვიყავი, რამდენიმე სოფელი ვნახე, ულამაზესია ყველაფერი. ძალიან თბილად დამხვდნენ ყველგან, სადაც მივედი. 

კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, აქ კარგი გულის ადამიანები ცხოვრობენ“, – გვითხრა სოჰაილმა. 

იგი ამბობს, რომ დიდ დროს უთმობს მეცადინეობას, თავისუფალ დროს კი მოგზაურობს და ბათუმის ქუჩებში სეირნობს. მისი საყვარელი ადგილი ბათუმში ქუთაისის ქუჩა. ცდილობს ნახოს ისეთი ადგილები, რომლებიც ჯერ არ უნახავს ქალაქში. 

კვირაში რამდენჯერმე სოჰაილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დადის პრაქტიკული ნაწილის შესასწავლად. როგორც თვითონ ამბობს, ერთი სული აქვს საავადმყოფოში მივიდეს და პაციენტებს შეხვდეს. 

სოჰაილის ჰობი ფოტოების გადაღებაა. სადაც წავა, ცდილობს ყველგან თან  ჰქონდეს ფოტო კამერა, ძირითადად სახლებსა და ყვავილებს იღებს. ასევე, ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და ხშირად თამაშობს ქართველ და ინდოელ მეგობრებთან ერთად. 

სოჰაილი

სოჰაილი ამბობს, რომ მასთან  სტუმრად მისულ ქართველ მეგობრებს ყოველთვის უმზადებს ინდურ კერძებს: ბირიანის [ბრინჯისგან დამზადებული კერძი სხვადასხვა სანელებლით, ხორცით ან ბოსტნეულით], პულაოს [ფლავის მსგავსი კერძი], კორმას [კერძი ხორცითა და ბოსტნეულით] და ა.შ. 

სოჰაილი ამბობს, რომ ქართული სამზარეულოც ძალიან მოსწონს: 

„ძალიან მიყვარს ბორანო, აჩმა, ხაჭაპური. 

ქართული კერძების მოსამზადებლად იუთუბზე ვუყურებთ ვიდეოებს თუ როგორ კეთდება, სახლშიც რომ გავაკეთოთ. თუ მოგვინდება ჩვენი ტრადიციული კერძების მომზადება, არც ეგ არ არის პრობლემა, რადგან ბათუმში რამდენიმე მაღაზიაში შესაძლებელია ინდური სანელებლების ყიდვა“. 

სოჰაილი რამდენჯერმე ყოფილა ქართულ ქორწილშიც. „ყველაზე მეტად საჭმელი მომეწონა, რადგან ეს საჭმელი ყველგან არ აქვთ. ერთად შეკრება მომეწონა, თამაში, ხუმრობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ქართველი მეგობრის ქორწილში წასვლა”, – გვითხრა სოჰაილმა. 

ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ექთნების რაოდენობა საგანგაშოდ დაბალია. თუმცა მიუხედავად ამ კადრებზე არსებული მაღალი მოთხოვნისა, მათი ყოველთვიური ხელფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს.

მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო ექთნები ხშირად ტოვებენ პროფესიას, ახალი კადრები კი არ არის.

პანდემიის პირობებში ექთნების შრომა განსაკუთრებით დამძიმდა, ისინი დღემდე პანდემიასთან ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან, რისთვისაც „მადლიერების ტაში“ მიიღეს, მაგრამ გაუმჯობესებული სამუშაო პირობები და ღირსეული ხელფასი – არა.

დამოუკიდებელი პროფკავშირები – „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომით უფლებებზე მუშაობს. 2021 წელს მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც საქართველოს კერძო კლინიკებში დასაქმებული 307 ექთანი მონაწილეობდა, ვკითხულობთ, რომ პანდემიისას ექთნის თვიური ხელფასი საშუალოდ გაიზარდა 250-508 ლარიდან 283-582 ლარამდე. ექთნები ამბობენ, რომ მათი ხელფასები არ შეესაბამება საჭიროებებს.
სოლიდარობის ქსელი: პანდემიისას შრომის მატებასთან ერთად ექთნების 60%-სთვის შრომის პირობები გაუარესდა. აქედან 23.6%-ზე მეტი ამბობს, რომ საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა; საქართველოში ექთნების სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა კვირაში 54-68 საათიდან 76-92 საათამდე გაიზარდა.

ექთნები და დამოუკიდებელი პროფკავშირები ითხოვენ, რომ ექთნების ხელფასი გახდეს 1590.25 ლარი, რაც ხელზე, დაბეგვრის შემდეგ, 1272 ლარია. „სოლიდარობსი ქსელმა“ პეტიცია მოამზადა და ხელმოწერებს აგროვებს.

ხელფასის ამ ოდენობით განსაზღვრა ემყარება „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ითვალისწინებს ექთნების ისეთ ბაზისურ ხარჯებს, როგორიცაა:  ადეკვატური კვება, ტრანსპორტირება, დასვენება, კულტურა, მომსახურება, ტანსაცმელი და კომუნალური გადასახადები.

„ექთნებისთვის ხელფასის გაზრდის პეტიციასა თუ პროფკავშირის წევრობაზე ხელმოწერის გამო სამსახურიდან ვერავინ გაგიშვებთ – ეს არაა კანონიერი! ამას გეუბნებიან, რომ დაგაშინონ და დაგქსაქსონ, რადგან თქვენი ერთობის ძალიან ეშინიათ! საკმარისი კადრები არ ჰყავთ კლინიკებს და განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, თქვენ ხართ ჩაუნაცვლებელი კადრები.

ძალიან დიდი ტერორი მოდის დამსაქმებლებისგან. მაგალითად, ჩვენ ღუდუშაურის კლინიკასთან ჩავწერეთ ერთ-ერთი ექთანი, ამ ადამიანს სურდა საჯაროდ გამოჩენა და გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე, რის შემდეგაც იმ კლინიკაში ატყდა ერთი ამბავი, როგორ გაბედა ამ ქალბატონმა და თქვა, რომ მისი ხელფასი დაახლოებით 300 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლოც აღარ არის, ყველამ ვიცით რეალურად რა ხელფასები აქვთ ექთნებს.

ეს შიში ერთის მხრივ რაციონალურიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ  დამსაქმებლების და დასაქმებულების 90%-მა კანონები არ იციან. სამსახურში პირობების გაპროტესტების გამო ვერავინ ვერსად სამართლებრივად ვერ მოედავება დასაქმებულებს, სულ ერთია, კერძო კლინიკა იქნება ეს თუ სახელმწიფო”, – ამბობს რევაზ კარანაძე.

ფოტო: სოლიდარობის ქსელი

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, კოვიდპაციენტებთან მომუშავე მედპერსონალისთვის გარკვეული დანამატები დაწესდა, თუმცა, რევაზ კარანაძის განმარტებით, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კერძო კლინიკებში, რაც სამედიცინო დაწესებულებების 96 პროცენტს შეადგენს ქვეყანაში, ეს თანხები რეალურად აღწევს თუ არა ექთნებამდე.

მიმდინარე წლის სექტემბერში, შრომის ინსპექცია 111 კლინიკაში შევიდა. შემოწმებული კლინიკების უმრავლესობაში დარღვევები გამოვლინდა, როგორც ექთნებისთვის გაუცემელი სახელფასო დანამატების, ისე თვეობით გაუცემელი მთლიანი ხელფასების მხრივ.

„სამინისტრომ თქვა, რომ კერძო კლინიკებს დაურიცხავდა დანამატებს იმ ექთნებისთვის, ვინც მუშაობენ უშუალოდ კოვიდპაციენტების მოვლაზე, ვინც აკეთებს აცრებს და ტესტებს, თუმცა ეს არის პრობლემატური, რადგან არ ხდება ამის კარგად აღსრულება… შრომის ინსპექციის ანგარიშებით ირკვევა, რომ კერძო კლინიკების უმრავლესობაში ამ მხრივ კატასტროფული დარღვევებია.

რევაზ კარანაძე

საბოლოო ჯამში კოვიდექთნებისთვის ხელფასები გაიზარდა სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ რამდენად შენარჩუნდება ეს პანდემიის შემდეგ, არავინ იცის.

რამდენად ხდება ამის აღსრულება – ესეც პრობლემურია, კლინიკების უმრავლესობაში ამ თანხებს არ უხდიან ექთნებს – თანხებს ანაწილებენ სხვა ხარჯებზე, მაგალითად, რემონტზე და სხვა საკითხებზე”, – ამბობს რევაზ კარანაძე. 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ექთნების დატვირთვა გაიზარდა. „სოლიდარობის ქსელის“ კვლევის თანახმად იკვეთება შემდეგი ტენდენციები: 

  • ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11/19-დან გაიზარდა 15/24-მდე;
  • ცვლაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 15-21 საათიდან 16-29 საათამდე;
  • ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებას და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს 1 სამუშაო ადგილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, რესპონდენტების 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას;
  • გამოკითხულთა 95.1%-ს დაჭირვებია ვალის აღება; ვალების აღებისთვის 81.4% მიზეზად ასახელებს ხელფასის უკმარისობას, ხოლო 53.4% ვალს იღებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის და 33.8% ვალს იღებს სხვა ვალების გასასტუმრებლად;
  • ვალის თავისუფლად გასტუმრება მხოლოდ 9%-მა შეძლო;

რევაზ კარანაძე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობა ამ კუთხით ძალიან პასიურია.

„ექთნის საშუალო ხელფასი მაინც 300 ლარია – პირველი კვლევა 2013 წელს ჩავატარეთ, მეორე – 2021 წელს და არაფერი შეცვლილა. იცით, სამომხმარებლო და ძირითად პროდუქტებზე ფასები როგორ არის გაზრდილი, წარმოუდგენელია ასეთი ფასებით და ამ ხელფასით ცხოვრება. ეს კრიზისი არის ძალიან ღრმა და სახელმწიფო ამ კუთხით ძალიან პასიურია.

კერძო სექტორს აქვს გადაბარებული მთლიანად ჯანდაცვა და არის გადაქცეული ჩვეულებრივ ბიზნესად, როცა ჯანდაცვა უნდა იყოს საჯარო სიკეთე.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანის უფლება. როცა ექთნების ნაკლებობაა, სამუშაო პირობები მძიმეა, ანაზღაურება – მიზერული, ეს სერვისის ხარისხზე აისახება”, – ამბობს ის.

რევაზ კარანაძის თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება პეტიციისთვის და პროფკავშირებში გაწევრიანებისთვის ექთნების ხელმოწერების შეგროვება.

„პეტიცია არის არა მხოლოდ იმისთვის, რომ მას ჰქონდეს საკანონმდებლო ინიციატივის ძალა, ექთნებს უნდა ჰქონდეთ ერთობის განცდაც, რომ უფრო მეტი ექთანი შემოგვიერთდეს. რაც უფრო მეტი  იქნება ზეწოლა უშუალოდ პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან, უფრო დიდი ძალა გვექნება მოლაპარაკებების დროს“, –  ამბობს რევაზ კარანაძე.

10 დეკემბერს, ექთნებისთვის ღირსეული ხელფასის მოთხოვნით, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან „სოლიდარობის ქსელი“ საპროტესტო აქციას გეგმავს.

____________________________

ამავე თემაზე:

რა ღირს ექთნის შრომა;

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

კოვიდის გამო აჭარაში 3 სკოლა და 93 კლასი დისტანციურად სწავლობს

26 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა იმყოფება. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 93 კლასი ცალკეულ სკოლებში.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურზეა გადასული 2 სკოლა ხელვაჩაურში და 1 სკოლა ხულოში. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებაზე გადასულ კლასებს, სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • ბათუმი- 79
  • ქობულეთი-7
  • ხელვაჩაური- 4
  • ხულო-2
  • ქედა -1

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა სკოლის მოსწავლეების 1.1 პროცენტს და სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 პროცენტს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85.6 პროცენტი.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, კორონავირუსის გამო, ქვეყნის მასშტაბით 137 სკოლა იმყოფება დისტანციურ სწავლებაზე და 358 ცალკეული კლასი.

ბათუმის ბიუჯეტი 49 მილიონი ლარით გაიზარდა

2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკვე ნოემბრის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა – მაგალითად, გასულ, 2020 წელს საკრებულომ ბიუჯეტი 21 დეკემბერს დაამტკიცა, 2019 წელს – 25 დეკემბერს, 2018 წელს – 27 დეკემბერს და ა.შ. 

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 47 ათას 400 ლარია,  რაც 2021 წლის მოქმედ ბიუჯეტზე (204 მილიონ 800 ათას 200 ლარი) მეტია 49 მილიონზე მეტი ლარით.

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა უპრეცედენტო უწოდა ბიუჯეტს.

„ეს არის ბათუმის ისტორიაში უპრეცედენტო ბიუჯეტი, როგორც ხარჯვითი ნაწილით, ასევე აღნიშნული ბიუჯეტი გაზრდილია წინა წლის სასტარტო ბიუჯეტთან 103 მილიონი ლარით, ხოლო კორექტირებულ ბიუჯეტთან – 49 მილიონი ლარით.

ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისათვის, მოქალაქეთა სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის და ქალაქის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო“ – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე: 

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

 

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე

ბათუმის ახალარჩეულ მერს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიმართა საკრებულოს ხელფასების გაზრდის ინიციატივით – ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა ბიუჯეტი, რითაც პირადად არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 5 500 ლარი იქნება. ხელფასები ეზრდებათ ბათუმის მერიის თანამშრომლებს და ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებსაც.

ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანის განმარტებას, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს, გთავაზობთ სტილის დაცვით:

„მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში შეტანილია შესაბამისი დათქმა 10 %-ით სახელფასო ნაწილის ზრდა ყველა რგოლის საჯარო მოხელეზე. აქედან გამომდინარე, ეს ასახულია როგორც საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში, ისე ჩვენც და სხვა მუნიციპალიტეტებიც, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

ბუნებრივია, ეს განცხადებაც [ოპოზიციის] არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ისევე როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხზე და პოლიტიკურ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე“.

დღეს ბათუმის ძველმა საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საპროტესტო აქციაზე დააკავეს 4 პირი.

___

რა ხდება?

ახალი მოწვევის ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში არჩევნების შედეგად მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი, ოპოზიცია – 19 მანდატი.

მას შემდეგ, რაც ენს წევრი მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის ერთმა წევრმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს, რადგან ნაციონალურ მოძრაობასთან არ ითანამშრომლებს და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს, მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, ენმ – 14 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 წევრი, ლელო – 1 წევრი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 წევრი.

ნაციონალურმა მოძრაობამ 24 ნოემბერს აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს პარტიის დატოვებას და „ნეიტრალის“ დაცვას სთხოვენ. პარტიაში აცხადებენ, რომ შანტაჟისა და მოსყიდვის პირობებში საკრებულოს გარდაცვლილ წევრს 100 ათას დოლარს სთავაზობენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ზეწოლა არ ფიქსირდება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ ენმ-ს ამის შესაძლებლობას არ მისცემენ.

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს – შსს

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ზუგდიდში კი 2 პირი – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმსა და ზუგდიდში.

დღეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო.

საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და  ეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნეს, ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე დააკავეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.

შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება – გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს

სილქნეტი მომხმარებლებს სამი დღით: 26,27,28 ნოემბერს თავაზობს განსაკუთრებულ „სილქფესტს“: სხვადასხვა მოცულობის ინტერნეტ პაკეტებს 50%-იანი ფასდაკლებით.

 კოდით *135*2# მომხმარებელი ჩაირთავს:

[checklist]

  • 750 MB – 4 ლარის ნაცვლად – 2 ₾
  • 1.5 GB – 6 ლარის ნაცვლად –  3₾
  • 3 GB – 9 ლარის ნაცვლად –  4.50₾
  • 5 GB – 12 ლარის ნაცვლად –  6₾
  • 8 GB – 15 ლარის ნაცვლად – 7.50₾
  • 20 GB – 30 ლარის ნაცვლად –  15₾

[/checklist]

„სილქფესტის“ დღეებში მსურველი შეძლებს ყველაზე მოთხოვნადი ულიმიტო პაკეტების გააქტიურებას შეუზღუდავად:

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად –  კომბინაციით *019# ან *202*5#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10 ლარად  – კოდით *202*4# 

სილქნეტის ასევე გთავაზობთ:

  • სმარტფონის შეძენისას  საჩუქრად უფასო ინტერნეტს. აარჩიეთ SAMSUNG GALAXY ბრენდის ტელეფონი და მიიღეთ: 2 GB ინტერნეტი – 6 თვე ან 2 GB ინტერნეტი – 12 თვე. მობილურების სანახავად ეწვიე ბმულს
  • ფასდაკლების დღეებში, თუ სილქნეტის სერვის ცენტრს ცინცაძის ქ.#2-ში ესტუმრებით, ყველაზე დაბალ ფასად, სხვადასხვა ბრენდის აქსესუარების შეძენას შეძლებთ. 

ათვლა დაიწყო! – ისარგებლეთ ფასდაკლების დღეებით და აიხდინეთ სურვილები სილქნეტთან ერთად!

28 ნოემბერს ბათუმში 21 ქუჩაზე ღამით წყალი შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, კვირას, 28 ნოემბერს, 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ბათუმში შემდეგ მისამართებზე:

  • შოთა რუსთაველის ქუჩა (1-დან 31-მდე; 28-დან 44-მდე);
  • დავით კლდიაშვილის ქუჩა;
  • მემედ აბაშიძის ქუჩა;
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩა (7-დან 91-მდე; 74-დან 86-მდე),
  • ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა;
  • ფარნავაზ მეფის ქუჩა (64-დან 180-მდე; 69-დან 159-მდე);
  • გორგასლის ქუჩა (54- დან 158-მდე; 47-დან 161-მდე);
  • ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;
  • ზუბალაშვილის ქუჩა (26- დან 40 – მდე; 35- დან 47-მდე);
  • ვახტანგ გორგასლის ჩიხი;
  • ლერმონტოვის ქუჩა (2-დან 32-მდე, 1-დან 47-მდე);
  • თაყაიშვილის ქუჩა (1- დან 43-მდე, 2-დან 50-მდე);
  • სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა (1-დან 35-მდე );
  • ყაზბეგის ქუჩა (2-დან 22-მდე);
  • 26 მაისის ქუჩა (1-დან 49-მდე; 2-დან 58-მდე);
  • ლუკა ასათიანის ქუჩა (2- დან 54 – მდე);
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩა (2-დან 50-მდე);
  • მეტაქსას ქუჩა (1-დან 19-მდე; 2-დან 12-მდე);
  • ჰ. აბაშიძის (1-დან 31-მდე; 2-დან 32-მდე);
  • კლარა ცეტკინის ქუჩა (1-დან 11-მდე; (2 დან 12-მდე);
  • მელიქიშვილის ქუჩა (1-დან 61-მდე; 2-დან 32-მდე).

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია.

რა ხსნარი დაღვარეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ხსნარი პროტესტის ნიშნად დაღვარა.

მირდატ ქამადაძე, თანამოაზრეებთან ერთად, ბათუმის ძველი საკრებულოს მიერ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდა და იგი ასე შეეცადა სხდომის ჩაშლას.

მირდატ ქამადაძემ გვითხრა, რომ ხსნარი, რომელიც მან დღეს საკრებულოს სხდომაზე დაღვარა, ვეტერინარული პრეპარატი АСД-2Ф -ია.

პრეპარატი რუსული და უკრაინული წარმოებისაა და სოფლის მეურნეობაში მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.

ანოტაციაში აღნიშნულია, რომ პრეპარატს არ გააჩნია უკუჩვენება, თუმცა მისი მოხმარებისას საჭიროა უსაფრთხოების ისეთი ზომების დაცვა, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას: ესაა კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანა და ა.შ.

პრეპარატს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს. იყენებენ ადამიანებიც, რუსულ ფორუმებსა და „იუთუბზე“ არაერთ მასალას ნახავთ, სადაც ამ პრეპარატის გამოყენებაზე წერენ.

АСД-2Ф დაღვარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის 12 დეკემბერსაც.

ამავე თემაზე:

პრეპარატი, რომლის სუნის გამოც პარლამენტის სხდომა შეწყდა, ცხოველებისთვის გამოიყენება

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და  ეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნეს. ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე დააკავეს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.

ამავე თემაზე:

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე ბათუმში რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ბათუმის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს აპროტესტებენ საკრებულოს სხდომაზე ძველი საკრებულოს მიერ ქალაქის ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას.

პროტესტმა მწვავე ფორმები მიიღო, პოლიციამ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები არ შეუშვა არც სხდომაზე და არც სამუშაო ოთახში.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 3 პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გია ხალვაში.

ადგილზე იმყოფება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით მაღრაძე. „მილიცია და გაი აკლია ჩვენს ქუჩებს“, „ეს არის სამეფო პოლიცია“, „გილოცავთ საბჭოთა ბათუმში დაბრუნებას“, – ასე აფასებენ საკრებულოში დღეს არსებულ ვითარებას აქციაზე მყოფი დეპუტატები, რომლებიც სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოგვიანებით მოგვაწვდიან დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას.

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში საკრებულო სხდომა იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს უკვე ჰყავს ახალარჩეული საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს ძველი შემადგენლობა აპირებს, რასაც ახალი საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს. ამ საკითხს გუშინ, 25 ნოემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა ძველ და ახალ საკრებულოს წევრებს შორის.

ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულო დღეს ბიუჯეტის განხილვასთან ერთად საკუთარი ხელფასების მომატების საკითხსაც განიხილავს.

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება მერიის თანამშრომლების ხელფასები. თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით – 1000 ლარით ბათუმის არჩეული მერის ხელფასი იზრდება. არჩილ ჩიქოვანი ითხოვს, რომ მისი ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდოს. მისი მაკონტროლებლის, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარამდე იქნება.

მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა – სხდომა შეჩერდა

„ხელთ მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ძალიან ისეთი სუნი, აქ ვეღარ გაჩერდებით… მე ვრჩები აქ“, – განაცხადა დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ და შპრიციდან ხსნარი დაღვარა დარბაზში.

მირდატ ქამადაძე თანამოაზრეებთან ერთად მიიჩნევს, რომ ბათუმის ძველი საკრებულო ქალაქის ახალ ბიუჯეტს არ უნდა ამტკიცებდეს.

საკრებულოს სხდომა დროებით შეჩერდა. დარბაზი ხალხმა დატოვა, გააღეს ფანჯრები, მირდატ ქამადაძე კი დარბაზიდან გაიყვანეს.

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში საკრებულო სხდომა იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს უკვე ჰყავს ახალარჩეული საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს ძველი შემადგენლობა აპირებს, რასაც ახალი საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს. ამ საკითხს გუშინ, 25 ნოემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა ძველ და ახალ საკრებულოს წევრებს შორის.

ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულო დღეს ბიუჯეტის განხილვასთან ერთად საკუთარი ხელფასების მომატების საკითხსაც განიხილავს.

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება მერიის თანამშრომლების ხელფასები. თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით – 1000 ლარით ბათუმის არჩეული მერის ხელფასი იზრდება. არჩილ ჩიქოვანი ითხოვს, რომ მისი ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდოს. მისი მაკონტროლებლის, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარამდე იქნება.

74 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 4534 ახალი შემთხვევა

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4534 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 51 756 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 74 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარაში – 176, იმერეთში – 829, ქვემო ქართლში – 265, შიდა ქართლში – 370, გურიაში – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 356, კახეთში – 267, მცხეთა-მთიანეთში – 140, სამცხე-ჯავახეთში – 138, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 36.

25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

მოქალაქეები სხდომას უადგილობის გამო ვერ დაესწრებიან – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში საკრებულოს სხდომა გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს უკვე ჰყავს ახალარჩეული საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს ძველი შემადგენლობა აპირებს, რასაც ახალი საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს. ამ საკითხს გუშინ, 25 ნოემბერს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა ძველ და ახალ საკრებულოს წევრებს შორის.

საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში. სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

დღეს, საკრებულოს სხდომის დაწყების წინ, განცხადება გაავრცელა ძველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ. მისი თქმით, სხდომას მოქალაქეები ვერ დაესწრებიან.

იგი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების გამო დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება.

„…მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან დაესწრონ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვას. გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოს აპარატის მიერ მოქალაქეებსა და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებზე გაცემული საშვთა რაოდენობა უკვე აღემატება სხდომათა დარბაზში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, ასევე, ვითვალისწინებთ რა სახელმწიფოს მიერ დადგენილ კოვიდრეგულაციებს, დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება, რისთვისაც მოქალაქეებს ვუხდით ბოდიშს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სხდომის მიმდინარეობას თვალყური ადევნონ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური facebook გვერდის ლაივსტრიმინგის საშუალებით, რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მასმედიისა და პრესის წარმომადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულო დღეს ბიუჯეტის განხილვასთან ერთად საკუთარი ხელფასების მომატების საკითხსაც განიხილავს.

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება მერიის თანამშრომლების ხელფასები. თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით – 1000 ლარით ბათუმის ახალარჩეული მერის ხელფასი იზრდება. არჩილ ჩიქოვანი ითხოვს, რომ მისი ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდოს. მისი მაკონტროლებლის, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იქნება.

 

გახარიას გუნდი ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს

დღეს, 26 ნოემბერს, „გახარია საქართველოს“ გუნდის ორი წევრი ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა – დიმიტრი ჭეიშვილმა და ნატალია ძიძიგურმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობას გარს აკრავს პოლიციის კორდონი. დღეს ძველი მოწვევის უმაღლესი საბჭო აპირებს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ „ვადაგასულ საკრებულოს ამის შესაძლებლობას არ მისცემენ. უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია იმართება [ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზს არემონტებენ, ამიტომ საკრებულოს სხდომები უმაღლეს საბჭოში იმართება – ავტ].

საკრებულო დღეს ბიუჯეტის განხილვასთან ერთად საკუთარი ხელფასების მომატების საკითხსაც განიხილავს.

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება მერიის თანამშრომლების ხელფასები. თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით – 1000 ლარით ბათუმის არჩეული მერის ხელფასი იზრდება. არჩილ ჩიქოვანი ითხოვს, რომ მისი ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდოს. მისი მაკონტროლებლის, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი კი 5060 ლარი იქნება.

___

ახალი მოწვევის ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში არჩევნების შედეგად მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი, ოპოზიცია – 19 მანდატი.

მას შემდეგ, რაც ენს წევრი მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის ერთმა წევრმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს, რადგან ნაციონალურ მოძრაობასთან არ ითანამშრომლებს და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს, მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, ენმ – 14 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 წევრი, ლელო – 1 წევრი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 წევრი.

ნაციონალურმა მოძრაობამ 24 ნოემბერს აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს პარტიის დატოვებას და „ნეიტრალის“ დაცვას სთხოვენ. პარტიაში აცხადებენ, რომ შანტაჟისა და მოსყიდვის პირობებში საკრებულოს გარდაცვლილ წევრს 100 ათას დოლარს სთავაზობენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ზეწოლა არ ფიქსირდება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ ენმ-ს ამის შესაძლებლობას არ მისცემენ.

___

ნახეთ აქამდე როდის ამტკიცებდნენ ბათუმის ბიუჯეტს.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

კრედიტის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ექვსი პირი, რომელთაგანაც სამი დაკავებულია.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც, საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან, 58 მოქალაქის მიერ, უკანონოდ მიღებულ იქნა კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ-ნახევარ ლარს აღემატება.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდები“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

ხელფასებს ბათუმის საკრებულოშიც იზრდიან- თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იქნება

ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს თანამდებობის პირები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ, ამაზე ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულო იზრუნებს. შესაბამისი განკარგულების პროექტი ხვალ, 26 ნოემბერს, ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

განკარგულების პროექტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარამდე გაიზრდება, მისი მოადგილის ხელფასი კი 3400 ლარი იქნება.

ცვლილების პროექტის მიხედვით, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს.

ხელფასები გაეზრდებათ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსაც, აპარატის უფროსის ხელფასი 3190 ლარი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი კი 1540 ლარი იქნება. განყოფილებების უფროსებს ანაზღაურების სახით 2200 ლარი ექნებათ.

ხვალვე საკრებულო მერის და მერიაში გასაქმებულების ხელფასების გაზრდაზეც იმსჯელებს.

ჩიქოვანი ითხოვს ხელფასი 5500 ლარამდე გაუზარდონ – საკრებულო საკითხს ხვალ განიხილავს

ჩიქოვანი ითხოვს ხელფასი 5500 ლარამდე გაუზარდონ – საკრებულო საკითხს ხვალ განიხილავს

ბათუმის ახალარჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში ხელფასების გაზრდის ინიციატივით შევიდა. საკრებულომ გადაწყვეტილება ხვალ, 26 ნოემბერს, სხდომაზე უნდა მიიღოს.

დადენილების პროექტის მიხედვით, იზრდება მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, სამსახურების უფროსებისა და ასე შემდეგ – ხელფასები.

ბათუმის ახალარჩეული მერის ხელფასი ზუსტად 1000 ლარით იზრდება, ამ დრომდე მერის ხელფასი 4500 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ კი მისი თანამდებობრივი სარგო 5500 ლარი იქნება.

4400 ლარი იქნება ვიცე-მერის ხელფასი, ხოლო მერის მოადგილის ხელფასი 3850 ლარით განსაზღვრეს.

ამავე დადგენილების პროექტის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 3190 ლარი იქნება.

ხელფასები მერიის სამსახურების, განყოფილებების და სხვა დაბალი რანგის საჯარო მოხელეებსაც გაეზრდებათ.

დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მერიაში ხელფასებს იზრდიან კანონმდებლობის შესაბამისად.

საერთო ჯამში კი ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის მიხედვით, მერიის დაფინანსება შრომის ანაზღაურების ნაწილში 400 000 ლარით იზრდება.

მიმდინარე წელს მერიის ბიუჯეტის მერიის შრომის ანაზღაურების გრაფაში 3 მილიონ 488 100 ლარი იყო, 2022 წელს მერიის ხელფასებისთვის 3 მილიონ 836 900 ლარი დაიხარჯება.

საჯარო სხდომა დამალული საკითხებით – როგორ ამტკიცებენ ბათუმის ბიუჯეტს

პირველად ნამდვილად არ ხდება, როცა ბათუმის საკრებულო მომავალი სხდომის დაანონსებისას აქვეყნებს განსახილველი საკითხების მცირე ჩამონათვალს, სხდომის წინა დღეს კი მათი რიცხვი იზრდება: გამოქვეყნებულ დღის წესრიგს არაერთი ახალი საკითხი ემატება და უმეტესწილად ეს საკითხები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

დღევანდელ შემთხვევაში საკრებულომ არც მეტი არც ნაკლები, განსახილველ საკითხებს მომავალი წლის ბიუჯეტი და არა მხოლოდ ბიუჯეტი დაამატა.

საკრებულოს ეს ქმედება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, რადგან კანონი პირდაპირ ითხოვს დღის წესრიგის გასაჯაროებას. გადაწყვეტილების მიმღები გვეუბნება, რომ საკუთარ რეგლამენტს ეყრდნობა, სადაც ცოტა ხნის წინ 64-ე მუხლში სწორედ ბიუჯეტის განხილვის ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები შეიტანეს, რომ მომავალში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის იმ ფორმით განხილვა გაემართლებინათ, როგორც ამას ხვალ, 26 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე აპირებენ.

26 ნოემბერს დაგეგმილი სხდომის შესახებ ბათუმის საკრებულომ ინფორმაცია 16 ნოემბერს გამოაქვეყნა, შვიდი სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესი თარიღებთან დაკავშირებით დაცულია.

თუმცა, 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ დღის წესრიგში მხოლოდ სამი საკითხი იყო, მათ შორის არც ბიუჯეტი ყოფილა და არც ბევრი სხვა საკითხი, რომლის განხილვასაც საკრებულო ხვალ გეგმავს.

საკრებულომ ბიუჯეტი, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საკითხი, სხდომის წინა დღეს დამატებით საკითხად შეიტანა დღის წესრიგში, რაც საჯაროობის პრინციპის დარღვევაა.

საკრებულოს, როგორც არჩეულ კოლეგიურ ორგანოს თვითმმართველობის კოდექსი საჯაროობის პრინციპის დაცვას ავალებს. დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს დღის წესრიგს და თუ იქ მისთვის საინტერესო საკითხია, დროულად მიიღოს ამის შესახებ ინფორმაცია.

თვითმმართველობის კოდექსი ამბობს, რომ სხდომა, ისევე როგორც საკრებულოს მიერ მიღებული  აქტები, საჯარო უნდა იყოს. კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობის მისაღწევად კონკრეტულ თარიღებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამბობს:

„კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“

ამ შემთხვევაში საკრებულომ ნამდვილად  დაიცვა თარიღებთან დაკავშირებული წესი, მაგრამ სრულ დღის წესრიგზე წვდომა არ გვქონია.

რა ხდება მაშინ, თუ სხდომა რიგგარეშეა, აუცილებლობით არის მისი მოწვევა განპირობებული? – გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება, ანუ საკრებულო უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა კანონით გათვალისწინებული ზემოთ ნახსენები წესების დაუცველად.

„ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“

ხვალ, 26 ნოემბერს, საკრებულო არა რიგგარეშე სხდომას, არამედ „მორიგ სხდომას“ მართავს.

კიდევ ერთი, საკრებულოს რეგლამენტი კანონზე უპირატესი ვერ იქნება და ვერც რეგლამენტში ჩაიწერება ისეთი რამ, რაც კანონს შეეწინააღმდეგება და საჯაროობის პრინციპს უგულებელყოფს.

თუმცა, საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე განმარტავს, რომ ბათუმის საკრებულოსთვის, როგორც თვითმმართველი ორგანისთვის, უპირატესია თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც საკრებულოს საშუალებას აძლევს კონკრეტული თარიღები განსაზღვროს.

  • რა წერია ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში?

რაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში სხდომის დღის წესრიგის საჯაროობასთან დაკავშირებით  წერია, კანონს ნამდვილად არ ეწინააღმდეგება, სხვა საქმეა რამდენად ასრულებს საკრებულო ამ ჩანაწერს.

რეგლამენტი ამბობს:

 სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, სხდომაზე განსახილველი (ინიცირებული) სამართლებრივი აქტების პროექტები ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო გაცნობისთვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას არსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსების ფორმით და საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumicc.ge. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით წინასწარ
განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის შესაბამის ბეჭდვით საშუალებებში.

სულიკო შვენთიძე კი განმარტავს, რომ საკრებულოს უფლებამოსილია დაამტკიცოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი საკითხები, რომლებიც მოგვიანებით შედის დღის წესრიგში, რადგან გასავლელია რიგი პროცედურებისა – კომისიები, ბიურო და ასე შემდეგ. თუმცა რატომღაც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ დამატებითად მიჩნეული საკითხები ძირითად საკითხებზე მნიშვნელოვანია.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ საჯაროობის პრინციპი არ ირღვევა, ასე შეიძლება ვიდავოთ, რომ ვინც ორი დღით ადრე ვერ ნახა გამოქვეყნებული საკითხები, შეიძლებოდა ერთი კვირით ადრეც ვერ ენახა. გარდა ამისა, საჯაროა კომისიების და ბიუროს სხდომები“, – ამბობს სულიკო შვენთიძე.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღეს, 25 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე დასწრების საშუალება საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეს არ მისცეს. ის მოქალაქეებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტის ნაჩქარევად განხილვას აპროტესტებდა.

___

მთავარი ფოტო: ბიუროს წევრი ენმ-დან მირდატ ქამადაძე, საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს მოუწოდებს, ვადაგასულმა საკრებულომ არ დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი

Exit mobile version