„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა,“ – ამბობს მათე ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 აპრილის ბათუმის შუალედურ არჩევნებში.
ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.
სწორედ ამის შემდეგ დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა.
„ბათუმელებმა“ მათე ფუტკარაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. მას ჯერ კონკრეტული პროგრამა და ხედვები არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ უფრო მთავარი ამ არჩევნებზე ღირსების დაცვაა.
- ბატონო მათე, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი?
ვფიქრობ, ეს ღირსების არჩევნებია არამხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, არამედ ბათუმელებისა და სრულიად საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბრის არჩევნებში მამაჩემმა ღირსეულად დაამარცხა „ოცნების“ კანდიდატი.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე ჩართვა ამ უსამართლო ბრძოლაში და ღირსეული მამის გზის გაგრძელება. ჩემი მიზანია, რომ მამაჩემის დანაპირები, რაც ჰქონდა მას მოსახლეობასთან, შევასრულო პირნათლად.
მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა… მე ვარ პროფესიით სტომატოლოგი, ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობდი წლების წინ კბილის ტექნიკად, ბოლო დროს კი, მეღვინეობის მცირე ბიზნესი მაქვს. ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგრამ ვერ წარმომედგინა ასე აქტიურად პოლიტიკაში ჩართვა.
მამაჩემმა დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ობიექტური და დროული გამოძიების შემთხვევაში შესაძლებელია შედეგის დადება, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს… არ მაქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ, არ ვიცი, რა პროცესი მიდის. ვიცი, რომ დაკითხულები არიან ის ადამიანები, ვინც ჩანაწერში ფიგურირებენ და მამაჩემს ფულს სთავაზობდნენ, მაგრამ არ ვიცი, როგორ წავა გამოძიება.
- თქვენთან ჰქონდა საუბარი ნუგზარ ფუტკარაძეს ამ შეხვედრის შესახებ, სადაც სავარაუდოდ მის მოსყიდვას ცდილობდნენ?
არა. ჩემთან მამას ამ თემაზე არ უსაუბრია. იშვიათად საუბრობდა მამა ოჯახში პოლიტიკაზე.
- რატომ მიიჩნევთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი და ღირსების საკითხია ახლა თქვენი გამარჯვება?
ამ საქმის გამო, რაც მოხდა და ხდება ახლაც, არის ეს მნიშვნელოვანი. მამაჩემის საქმის გამოუძიებლობა არის ღირსების საკითხი და ვიმეორებ, ეს არაა მხოლოდ ჩემი ოჯახის საკითხი.
ბათუმელებმა ერთხელ უკვე უარი უთხრეს „ქართულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივე მოხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია, ამიტომაც მოიგო მამაჩემმა ამ ოლქში. რა თქმა უნდა, ჰქონდა ავტორიტეტი და დიდი სანაცნობო წრე გვყავს.
ბათუმის საკრებულო ახლა გაჩერებულია, რაც უდიდესი პრობლემაა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, საკრებულო იქნება ოპოზიციური და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბათუმისთვის.
- თქვენ რას ჰპირდებით კონკრეტულად ამ ოლქში მცხოვრებ ადამიანებს? მაგალითად, კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის პრობლემის გადაჭრა როგორ წარმოგიდგენიათ, რაც ამ დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ?
დიახ, ეს პრობლემებია ყველაზე აქტუალური, ასევეა ნაგავსაყრელი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ქალაქისთვის. ჩვენ გუნდთან ერთად გავდივართ ამ თემებს და ახლო მომავალში მოგახსენებთ. საჯაროდ გამოქვეყნდება ჩვენი პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.
ხვალიდან ვაპირებ შევხვდეთ მოსახლეობას კარდაკარ და გავიგო, პირველ რიგში, ისინი რას ფიქრობენ, მინდა მათი გასაჭირი მივიტანო გულთან.