მთავარი,სიახლეები

როგორ გავხდეთ მინისტრის მრჩეველი აჭარაში

15.02.2022 • 2730
როგორ გავხდეთ მინისტრის მრჩეველი აჭარაში

როგორ შეიძლება გახდე მინისტრის მრჩეველი? – კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კანონდარღვევებით და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით ცნობილი ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის მრჩეველი გახდა.

„ბათუმელებმა“ აჭარის ოთხივე სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მინისტრის მრჩევლების შესახებ და იმაზეც, თუ რა საქმით არიან დაკავებული ისინი.

აჭარაში მინისტრებს 2 – 2 მრჩეველი ჰყავთ. მრჩევლის ხელფასი თვეში 1980 ლარია.

სამინისტროები ძირითადად განმარტავენ, რომ კონკრეტული მიმართულებით კარგი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები აჰყავთ მრჩევლებად. თუმცა, მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მრჩეველი საერთოდ არ ჰყავს.

„2021 წელს და 2022 წლის მიმდინარე პერიოდში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მრჩეველი არ ჰყოლია,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს, ორი მრჩეველი ჰყავს: დავით დიასამიძე და მამუკა თურმანიძე. მათი გამოცდილების შესახებ სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „ეს პერსონალური ინფორმაციაა“. თუმცა სამინისტროს პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ მრჩევლები ზემოთ ხსენებული პირები არიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი მამუკა თურმანიძე წინა წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მას კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს გამოცდილება.

დავით დიასამიძეს კი, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რომ აქვს ნამუშევარი, ეს მის წინა დამსაქმებელს არც დაუმალავს – 2017 წელს დავით დიასამიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მერაბ კარანაძის სამდივნოს უფროსად დანიშნეს. მაშინ მერაბ კარანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დავით დიასამიძე „აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“.

მანამდე, 2014 წელს, დავით დიასამიძე ბათუმის მერობის კანდიდატიც იყო „რეფორმატორებიდან“.  ის მრჩეველი 2020 წელს გახდა, როცა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა და შეიცვალა სამდივნოს შემადგენლობაც.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, მოცულობითი დოკუმენტი გამოგვიგზავნეს იმის საჩვენებლად, რომ მრჩევლები ნამდვილად აკეთებენ საქმეს.

„მომზადებული იქნა მასალები მეციტრუსეობის დარგში ციტრუსოვანი კულტურების წარმოების მაჩვენებელთან დაკავშირებით და გაკეთდა 2021 წლის ციტრუსის სეზონზე მოსავლის პროგნოზი,“ – ვკითხულობთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებში.

სამინისტროდან გვაცნობეს ასევე, რომ მრჩევლების ჩართულობით მოამზადეს, მაგალითად, დოკუმენტი ეგზოტიკური კულტურების შესახებ, რაც შესაძლოა აჭარაში მოვაშენოთ, მათ შორის, ლიჩის შესახებ.

ამონარიდი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩევლების მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ლიჩის შესახებ:

„ჩინეთში ლიჩი – პატივსაცემი ხილია, იმიტომ, რომ ის ბევრი საუკეთესო თვისებების მატარებელია… ეს ნაყოფი ჩინეთში მოიხსენიება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში. ლიჩი არის მცენარე, რომელიც იზრდება ყველგან. ლიჩის ნაყოფს იყენებენ საკვებში, მისგან აკეთებენ ღვინოს…. ლიჩის შეძენა შესაძლებელია დიდ სუპერმარკეტებში. ნაყოფს აქვს კიდევ ერთი სახელი – „ჩინური ალუბალი“. …მას „დრაკონის თვალსაც“ უწოდებენ. კანი და კურკა საკვებად არ გამოიყენება, რბილობს აქვს ქლიავის და თეთრი ყურძნის გემო.

ლიჩი ხასიათდება სასიამოვნო გემოთი. მდიდარმა ქიმიურმა შემადგენლობამ გახადა ის პოპულარული აზიელ ხალხში. ის ლიმონთან მიმართებაში ერთ საფეხურზე მაღლა დგას C ვიტამინის შემადგენლობით,“ – აღნიშნულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ორი მრჩეველი ჰყავს აჭარის განათლების მინისტრსაც. აქ კულტურის მიმართულებით 2021 წლის მარტიდან ლაშა ჩხარტიშვილი მუშაობს, 25 ნოემბრიდან კი, ჯუმბერ ვარდმანიძე – განათლების სფეროს მიმართულებით.

აჭარის განათლების მინისტრს ამ დრომდე არ განუმარტავს, რა გამოცდილებისთვის შეარჩია მრჩევლად ჯუმბერ ვარდმანიძე – სახელმწიფო აუდიტმა რომ მერობის დროს ათობით დარღვევა დაუდგინა, ესაა საინტერესო გამოცდილება განათლების მინისტრისთვის, თუ ის, როგორ აიშენა ფეშენებელური სახლი უკანონოდ ან როგორ მოახერხა რეგიონში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს შორის გამორჩეულად აგრესიული იყოს ჟურნალისტების მიმართ.

მრჩევლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე აჭარის განათლების სამინისტროდან მხოლოდ ეს მოგვწერეს:

„კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს ხელს უწყობენ მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციული მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროფილის შესაბამისად.

მრჩევლის ანაზღაურება სამინისტროს საშტატო განრიგით, 2022 წლიდან, განისაზღვრა 1980 ლარით“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ორი მრჩეველია, მათ შორისაა ლიზა თედორაძე, რომელსაც ყველა ჟურნალისტი კარგად იცნობს – მას მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება აქვს ჩაბარებული. ამ სამინისტროში ცალკე პრესასთან ურთიერთობის სამსახური არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრს ჰყავს მეორე მრჩეველიც – თათია გორგილაძე. ის მრჩეველია ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში.

მრჩევლების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არც ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვაწოდეს. აქაც მიიჩნიეს, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურია.

მთავარი ფოტო: ჯუმბერ ვარდმანიძე – აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მრჩეველი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: