ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა გჭირდებათ აგრობარათის ასაღებად – ინსტრუქცია

24.06.2020 • 5199
რა გჭირდებათ აგრობარათის ასაღებად – ინსტრუქცია

ბოლო მონაცემებით, აგრობარათების მიმღებთა ბაზაში 226 000 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა ბევრმა მათგანმა ამ ბარათებით [დარიცხული ქულებით] სრულად ვერ ისარგებლოს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც რეალურად აქვთ საკუთრებაში. საქმე იმაშია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ნაკვეთების დანაწევრებულია მცირე ფართობებად, იმ ნაკვეთებზე კი, რომლებიც 2500 კვ.მ-ზე ნაკლებია, აგრობარათი არ გაიცემა.

აგრობარათების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყო და შესაძლებელია იმის გადამოწმება, ვის რამდენი ქულა აქვს მინიჭებული.

ამასთან, თითოეულ ნაკვეთს უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს. ბარათის მისაღებად კი „ლიბერთი ბანკში“ ერთდროულად უნდა გამოცხადდეს მიწის ყველა თანამესაკუთრე და წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ თანახმა არიან აგრობარათი ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე გაიცეს.

თუ ბანკში თანამესაკუთრეები ერთდროულად ვერ მიდიან, ვინც ბანკში მიდის, მას თან უნდა ჰქონდეს სხვა თანამესაკუთრეების მინდობილობა, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. ერთი ასეთი მინდობილობის გაკეთება კი, მინიმუმ 12 ლარი ღირს.

მაგალითად, გურიის სოფელ სუფსაში არის ნაკვეთი, რომლის ფართობია 2 800 კვ.მ და ჰყავს 4 თანამესაკუთრე/თანამფლობელი [მშობლები და ორი შვილი]. „ლიბერთი ბანკის“ გვერდზე გადამოწმებით, ამ ნაკვეთზე გაიცემა აგრობარათი, რომელზეც დაირიცხება 56 ქულა [ერთი ქულა 1 ლარია].

ამ 4 მესაკუთრიდან თუ, მაგალითად, შვილები ცხოვრობენ თბილისში, სადაც ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული, აგრობარათის ასაღებად ამ ოჯახს დასჭირდება, სულ ცოტა 40 ლარის ხარჯი [6 ლარი გზა – მშობლების წასვლა ლანჩხუთში, სადაც ბანკი მდებარეობს და 34 ლარი – 2 ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გაკეთება და გაგზავნა მშობლებთან].

ეს ოჯახი ამბობს, რომ აგრობარათის აღება ასეთ შემთხვევაში არ უღირს, ვინაიდან ბარათზე ფაქტობრივად 16 ქულა რჩება და არა 56.

ამასთან, ეს ოჯახი კიდევ სამ მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა, ამ ნაკვეთებზე ქულები არ დაერიცხებათ იმის გამო, რომ თითოეულის ფართობი ნაკლებია 2500 კვ.მ-ზე. ამ ნაკვეთებზეც რომ დარიცხვოდათ ქულები, ოჯახს ბარათზე ჯამში არა 56, არამედ 112 ქულა დაერიცხებოდა.

პროგრამა არ ვრცელდება სათიბებსა და საძოვრებზე.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამას სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

„ყველა თანამესაკუთრის წერილობითი განაცხადია საჭირო, რომ მიიღონ სარგებელი, ვინაიდან პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზოგი თანამესაკუთრე გამოთქვამდა უკმაყოფილებას – სხვამ რატომ მიიღო თავის კუთვნილ მიწაზე სარგებელი და ა.შ.“ – უთხრა „ბათუმელებს“ აღნიშნული პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ.

შესაძლებელია თუ არა თანამესაკუთრეები მივიდნენ „ლიბერთი ბანკის“ სხვადასხვა ფილიალში და იქ განაცხადონ თანხმობა, რომ ერთ-ერთმა მესაკუთრემ აიღოს აგრობარათი?

„ჩვენ „ლიბერთი ბანკმა“ გვთხოვა, რომ ამ თემაში არ ჩავრეულიყავით იმ მიზეზის გამო, რომ ბანკი მოქმედებს ცალკე ეროვნული ბანკის რეგულაციებით. შესაბამისად, არის რაღაც ფორმალური დოკუმენტაცია საჭირო… ალბათ, შეუძლია ბანკთან შეთანხმებით, რომ მსგავსი რაღაცა გააკეთოს თანამესაკუთრემ, მაგრამ აქ არის ის პრობლემაც, რომ ერთი და იმავე განაცხადის ორჯერ დაბეჭდვის საშუალებას პროგრამა არ აძლევს ბანკს. ამიტომ, საჭირო იქნება ასეთი განცხადებების დასკანერება, გადაგზავნა… ანუ, ბანკი რამდენად აიღებს მაგ რისკს თავის თავზე, ეს არ ვიცით“, – გვითხრა ლევან უროტაძემ.

„ბათუმელები“ „ლიბერთი ბანკსაც“ დაუკავშირდა, საიდანაც მოგვწერეს, რომ სხვადასხვა ფილიალში მისვლას თანამესაკუთრეები ბარათის ასაღებად ვერ შეძლებენ: „ერთად უნდა მოვიდნენ ფილიალში. აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს აქტიურად, რომ გაამარტივოს პროცესი“.

„ვიცით, რომ პრობლემურია და ამ საკითხზე ვმუშაობთ, ვცდილობთ, მთავრობამ დადგენილება მიიღოს, რომ თუ ერთ-ერთი თანამესაკუთრე ბანკში მიიტანს წერილობით თანხმობას – არანოტარიულად დამოწმებულს, ეს იყოს საკმარისი. აქაც პატარ-პატარა იურიდიულ პრობლემებს ვაწყდებით, თუმცა ვცდილობთ გადავჭრათ და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალს ვნახავთ“, – ამბობს ლევან უროტაძე.

შეუძლია თუ არა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს ბანკში წარადგინოს მინდობილობის არა დედანი, არამედ მინდობილობის ასლი ელექტრონულად? – ლევან უროტაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე პროგრამის ბენეფიციარმა უშუალოდ ბანკს უნდა მიმართოს: „ბანკს თავისი რეგულაციები აქვს. მაგალითად, ჩვენ ვთხოვეთ და ბანკი წამოვიდა იმ დათმობაზე, რომ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობა არ არის საჭირო, თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად მივა ბანკში. ამას მივაღწიეთ“.

„ლიბერთი ბანკში“ კი გვითხრეს, რომ ელექტრონულ ასლს არ მიიღებენ. „მინდობილობა უნდა წარმოადგინონ ნოტარიულად დამოწმებული, ან მინდობილობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული“, – მოგვწერეს ბანკიდან.

„ლიბერთი ბანკს“ ისიც ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცნენ იმ ნაკვეთის თანამესაკუთრეები, რომელთაგანაც ერთ-ერთი იმყოფება საზღვარგარეთ, საქართველოში მყოფ თანამესაკუთრეს კი აქვს სურვილი აიღოს აგრობარათი? „მინდობილობა უნდა გამოაგზავნოს“, – მოგვწერეს ბანკიდან.

რატომ კარგავენ ქულებს თანამესაკუთრეები, რომლებიც რამდენიმე ნაკვეთს ფლობენ, თუმცა თითოეული არ არის 2500 კვ.მ? 

„ეს პროგრამა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, აგროვადებიდან გამომდინარე ცოტა კი დავაგვიანეთ, მაგრამ მაინც გვინდოდა მაქსიმალურად სწრაფი ტემპით დაგვეწყო. შესაბამისად, არის რაღაც პრობლემები, სუფთა ტექნიკური, რაც ჯერჯერობით ვერ მოვაგვარეთ. ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომ თანამესაკუთრეთა ნაკვეთების კვადრატულობა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი. საჯარო რეესტრს მოუწევდა თითოეული ამონაწერის გახსნა და ნახვა – თუ ვის რამდენი აქვს წილი, ამა თუ იმ ფართობის ნაკვეთში. საჯარო რეესტრი ვერ გვაწვდის ასე იდენტიფიცირებულად მესაკუთრეების მიხედვით მონაცემებს – გვაწვდის მხოლოდ იმ ნაკვეთებს, რომლებიც 2500 კვ.მ-ს აღემატება. ამიტომ, ნაკლები ფართობის ნაკვეთები პროგრამაში ვერ ხვდება. ამასთან, ერთი მიწის მესაკუთრე შესაძლოა მე და შენ ვიყოთ, მაგრამ მეორე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე – მე და კიდევ სხვა ვინმე. ამიტომ, ჩემი პირადი ნომრით სხვადასხვა სარგებელი გამოდის და ამის დიფერენცირება ჯერ ვერ ხდება.

ძალიან რთულია ამ მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერა – უნდა გაკეთდეს პროგრამული უზრუნველყოფა. ჯერჯერობით ვერ მივაგენით იმ გასაღებს, რომ მოხდეს მსგავსი მიწების იდენტიფიცირება თანამესაკუთრეების ჭრილში, მათი საკუთრებების მიხედვით. ჩვენაც გვესმის და ძალიან ლოგიკური უკმაყოფილებაა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კუთხითაც ვმუშაობთ და გვინდა გამოვასწოროთ. არსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გრძელდება, რამდენად მოესწრება ეს, არ ვიცით, მაგრამ, პირობითად, თუ გაგრძელდა ეს პროექტი მომავალში, მაგ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული დეტალები დავხვეწოთ“, – გვითხრა ლევან უროტაძემ.

მისივე თქმით, თუ რამდენიმე ნაკვეთს მხოლოდ ერთი მესაკუთრე ჰყავს, ამ შემთხვევაში მარტივად ჯამდება ყველა ნაკვეთის ფართობი, მიუხედავად იმისა, ის მეტია თუ ნაკლებია 2500 კვ.მ-ზე და დახმარება გაიცემა ყველა ნაკვეთზე.

ლევან უროტაძის თქმით, თუ ნაკვეთი არის 2500 კვ.მ-ზე მეტი ფართობის და მას ჰყავს რამდენიმე მესაკუთრე, აგრობარათი ამ ნაკვეთზე გაიცემა: „ის, რომ თითქოს ერთი ნაკვეთის თითოეულ თანამესაკუთრეს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში 2500 კვ.მ, არ არის სწორი. თუ ნაკვეთი მინიმუმ 2500 კვ.მ-ია, აგრობარათი მაინც გაიცემა, თუნდაც 15 თანამესაკუთრე ჰყავდეს ამ ნაკვეთს“.

„მაგრამ არის ბევრი უზუსტობები ნაკვეთის რეგისტრაციისას, მაგალითად, სახელი ჩაწერა შეცდომით ოპერატორმა თავის დროზე, არის რაღაც სხვა ხარვეზები – არ დგინდება თანამესაკუთრეები და სხვა. ასეთ ბენეფიციარებს ვაძლევთ საშუალებას ხარვეზები გაასწორონ საჯარო რეესტრში. ჩვენ თვეში ერთხელ ვანახლებთ ბაზას და განახლების შემდეგ ეს ნაკვეთიც მოხვდება ბაზაში. ამ ეტაპზე, პირველადი ბაზის მიხედვით, 226 000 ფიზიკური [თანამესაკუთრეები] და 5000-მდე იურიდიული პირია ამ ბაზაში“, – ამბობს ლევან უროტაძე.

რა ხდება ისეთ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2500 კვ.მ-ზე მეტია, არ არის პროგრამაში? – ლევან უროტაძის თქმით, „ასეთი რამ არ არის ჯერ პრაქტიკაში, თუმცა, თუ ასეთი ნაკვეთი გამორჩა, მესაკუთრემ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს, რეესტრი გადმოაგზავნის მონაცემებს, რომელსაც მივაწვდით ბანკს“.

რაც შეეხება ძველ აგრობარათებს, ლევან უროტაძე ამბობს, რომ „ბანკი არიგებს ან ახალ ბარათებს, ან მოქმედ ბარათებზე ურიცხავს ქულებს. ფერმერი მიდის ბანკში და ბანკთან შეთანხმებით გვარდება ეს საკითხი, თუმცა, ძირითადად, ახალ ბარათებს ურიგებს, იქედან გამომდინარე, რომ აღრიცხვიანობა მოახდინოს – ის, ვინც აიღებს აგრობარათს, ფერმერთა რეესტრშიც რეგისტრირდება“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/276599/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: