მთავარი,სიახლეები

რამდენია მინიმალური ანაზღაურება საათში, თუ გერმანიაში სეზონურად დასაქმდებით

16.02.2022
რამდენია მინიმალური ანაზღაურება საათში, თუ გერმანიაში სეზონურად დასაქმდებით

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამა წელსაც გრძელდება.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში ამბობენ, ანაზღაურება დამოკიდებულია კონკრეტული დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის პირობებზე, სამუშაო საათებსა და სხვა გარემოებებზე.

„2022 წლის იანვრიდან გერმანიის ფედერაციულ სამუშაოებზე დასაქმებულთა მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა 9.82 ევროს ოდენობით საათში,

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინიმალური ხელფასი არ გულისხმობს ცალსახად გარანტირებულ ხელფასის ოდენობას და პირმა უნდა შეასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ მან მიიღოს კუთვნილი ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით“ – ამბობენ სააგენტოში. 

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, შეთანხმება იძლევა წლის განმავლობაში მაქსიმუმ 5000 პირის დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა გასულ წელს გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მხოლოდ 308 საქართველოს მოქალაქე დასაქმდა. 

წელს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 18 პირი გაემგზავრა.

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები ყველა სეზონზე სოფლის მეურნეობის სფეროში საქმდებიან – იქნება ეს შესაბამისი სასოფლო სამეურნეო კულტურების დარგვა/დათესვა; შეფუთვა, დაფასოება; სარეალიზაციოდ გამზადება, ტრანსპორტირება თუ სხვა. 

ამ დროისთვის გერმანიაში სეზონურ სამუშაოს მსურველთა ბაზაში 98 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. სააგენტოში ამბობენ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გასულ წელს დარეგისტრირდნენ, ხელახალი რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ახალ მსურველებს კი შეუძლიათ დარეგისტრირდნენ პორტალზე – workabroad.moh.gov.ge.

სააგენტოში ამბობენ, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში დასაქმების ძირითადი პირობები არ შეცვლილა. 

„შეთანხმების ფარგლებში დასაქმებულ პირთა მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და მისი ოდენობა დამოკიდებული არის პირის სტატუსზე, მაგალითად, არის დასაქმებული, სტუდენტი, ეწევა კერძო საქმიანობას თუ სხვა“ – მოგვწერეს სააგენტოდან. 

აქვე ამბობენ, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმება არ არის დროში შეზღუდული და დასაქმება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების შესახებ შეთანხმებას ხელი 2020 წლის 6 თებერვალს მოეწერა. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის 500-ადგილიანი კვოტა იყო გამოყოფილი, თუმცა მოგვიანებით, დიდი მოთხოვნის გამო, ეს კვოტა 5 000-მდე გაიზარდა.

საქართველოდან გერმანიაში სამუშაოს წასულმა ზოგიერთმა მოქალაქემ რთული სამუშაო პირობები გააპროტესტა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: