მთავარი,სიახლეები

რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება

21.12.2021 • 4243
რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება

„გამოძიება ყოველთვის იწყება მსგავს შემთხვევებში, მაგრამ არანაირი შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ახალისებს მსგავს საქციელს პოლიციელების მხრიდან,“ – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება შემთხვევებზე, როცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე გამოძიება მხოლოდ იწყება და აღარ სრულდება.

გუშინ, 20 დეკემბერს, უკვე მესამე გამოძიება დაიწყო ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში მომხდარ შემთხვევაზე. ამჯერად პოლიციელები პოლიციის შენობაშივე ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტებმა დაადანაშაულეს.

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

მანამდე „ბათუმელები“ ორი შემთხვევის შესახებ წერდა, სადაც მოქალაქეები ასევე ჰყვებოდნენ, რომ მათზე პოლიციელებმა იძალადეს.

პოლიციის მე-6 განყოფილება ბათუმში რუსთაველის ქუჩაზეა. ამ შენობიდან გამოსულმა მოქალაქემ, ირაკლი ქაჯაიამ ზუსტად 5 წლის წინ – 2016 წელს თქვა, რომ პოლიციელებმა სცემეს – პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს. იმის მიუხედავად, რომ ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებებია იმაზე, რომ მოქალაქეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, პროკურატურა დანაშაულზე არ რეაგირებს.

„გამოძიების ფარგლებში ამოიღეს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, კამერა პოლიციის განყოფილების ფოიეშია განთავსებული და ჩანს, რომ დაკავებული ირაკლი ქაჯაია შედის ჩვეულებრივად, ხოლო იქიდან გამოჰყავთ ფიზიკური დაზიანებებით… შესაძლებელი იყო დადგენა, რის გამო მიადგა დაზიანებები მოქალაქეს პოლიციის განყოფილებაში. საქმეშია ექსპერტიზის დასკვნაც სხეულის დაზიანებებზე,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

პოლიციის განყოფილებიდან მაშინ ირაკლი ქაჯაია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა იქ შეყვანამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის რეფერალურში გადაყვანა გახდა საჭირო. 2016 წელს, „ბათუმელებმა“ მოიპოვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაკავებულს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნი და გახეთქილი ჰქონდა წარბი. გრაფაში „ავადმყოფობის მიმდინარეობა“ კი ჩაწერეს – „მწვავე“.

პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოსული მოქალაქე. 2016 წელს მომხდარი ამ შემთხვევის გამო დღემდე არავინ დასჯილა.

გამოძიების ფარგლებში მაშინ რამდენიმე პოლიციელი გამოჰკითხეს, მათ შორის, თემურ ბერულავა, რომელმაც მოქალაქე ირაკლი ქაჯაია პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა.

„უცებ თავი გაწია და სკამის კუთხეს მიარტყა,“ – უთხრა ამ პოლიციელმა გამომძიებლებს.

„ირაკლი ქაჯაიას საქმეზე“ გამოძიების დაწყებიდან 5 წელზე მეტი დრო გავიდა. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სწორედ დროს ასახელებს არგუმენტად, როცა ამბობს, რომ სახელმწიფო „ახალისებს“ პოლიციელების მხრიდან ძალადობას.

რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?” – ეს შეკითხვა უკვე პოლიციელმა ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს 2017 წელს. ამ სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელები ასევე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესზე კი, სადაც ბერიანიძის და კუსიანის სამართალდარღვევის შემთხვევა განიხილებოდა, შსს-ს პოზიციას ავთანდილ ბერულავა გამოხატავდა.

ავთანდილ ბერულავა

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ადმინისტრაციული წესით 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. დაკავებამდე მათ და სამ ტრანსგენდერ ქალს ბათუმის ბულვარში რამდენიმე პირი თავს დაესხა.

გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე პროკურატურამ ამ შემთხვევაზეც დაიწყო, თუმცა ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს არც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. შესაბამისად, უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

ფაქტი ისაა, რომ ამ დრომდე არც ამ საქმეზე დაუსჯიათ ვინმე.

„ავთანდილ ბერულავა ჩვენთან უკვე აღარ მუშაობს, ვერ გეტყვით, სად მუშაობს,“ – გვიპასუხეს ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების ცხელ ხაზზე.

საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევაა, რაც პოლიციის სხვა განყოფილებებს უკავშირდება, თუმცა გამოძიებას არც სხვა შემთხვევაში დაუდია შედეგი.

„პრაქტიკაში არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში მისცეს,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე და რამდენ შემთხვევაში დასრულდა გამოძიება? – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ამ უწყებას, სადაც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენას იძიებენ, გავახსენეთ კიდევ ერთი კონკრეტული შემთხვევა – 2020 წლის აპრილი, როცა კომენდანტის საათის დროს ბათუმშიო მოქალაქეს პოლიციელებმა სცემეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება ამ საქმეზე დასრულდა, თუმცა პროკურატურას საბოლოო გადაწყვეტილება არც ამ საქმეზე მიუღია.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება… გამოძიების ამოწურვის შემდგომ, კანონმდებლობით შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პროკურატურამ. ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ არ არის მიღებული,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან.

კომენდანტის საათის დროს მოქალაქის ცემაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორს 2021 თებერვალში დაუსრულებია.

რატომ არ რეაგირებს პროკურატურა დანაშაულზე, ანუ როცა პოლიცია ძალადობს? – კითხვები დღეს, 21 დეკემბერს,  მთავარ პროკურატურაში უპასუხოდ დატოვეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბოლო წლებში 18 საქმეზე იცავს ისეთი ადამიანის ინტერესებს, რომელიც პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. არცერთი საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

მთავარი ფოტო: მოქალაქე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ბათუმში პოლიციელებმა სცემეს.

ამ თემაზე:

კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: