ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა [NCDC] ტენდერი 400 000 ლარით გამოაცხადა. NCDC-ს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 43 ათასი ლარით, 2022 წელს თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურების შესყიდვაზე.
თამბაქოს მონიტორინგზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მინიმუმ 4 ათასი დაწესებულება გადამოწმდება[სადაც კანონით აკრძალულია მოწევა]. მათ შორის:
- სამასპინძლო ბიზნესი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები [კაფე-ბარები, რესტორნები]), სასტუმროები; კინო-თეატრები, სილამაზის სალონები, მედია ორგანიზაციები – სულ 2 700 დაწესებულება;
- სამედიცინო დაწესებულებები – 700;
- საგანმანათლებლო დაწესებულებები [უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, და პროფესიული სასწავლებლები] – 350;
- საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებები – 250.
მონიტორინგის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებლის ვალდებულებაა 112-ისთვის შეტყობინების გაგზავნა; შენობის შიგნით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დაფიქსირება [ფოტო ან ვიდეო, სადაც შესაძლებელია]); ასევე მეორადი კვამლის გაზომვა, სულ მცირე 100 დაწესებულებაში.
ტენდერში გამარჯვებულს ასევე ევალება დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისთვის [კომუნიკაციების ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები და ა.შ.] და NCDC-თვის მიწოდება.
ქალაქები, სადაც განხორციელდება მონიტორინგი: ბათუმი, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა და მიმდებარე ტერიტორიები, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, თელავი, სიღნაღი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ზესტაფონი, ლანჩხუთი [ან ოზურგეთი], ონი [ან ამბროლაური].
ჩატარდება ასევე:
- „თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი [მინიმუმ 3 000 სავაჭრო ობიექტში, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის ხილვადობა/განთავსება; არასრულწლოვანთათვის მიყიდვა, გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება; რეკლამისა და პოპულარიზაციის წესების და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ნორმების აღსრულების მონიტორინგი].
- მინიმუმ 1500 საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების [საქალაქო, საქალაქთაშორისო და რკინიგზის] მონიტორინგი. მათ შორის საქალაქო მარშრუტი – 90%, საქალაქთაშორისო – 5%; რკინიგზა – 5%.
- რეკლამის მონიტორინგი [ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი] და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში.
- თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხარდაჭერის მიზნით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში კანონის ადმინისტრირების პროცედურების, შედეგებისა და აღსრულების შესახებ არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით.“
რაც შეეხება 2022 წელს თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურების შესყიდვას. გამარჯვებულს ევალება თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის პროფესიული სერვისის – სატელეფონო კონსულტაციის გაწევა [ყოველდღიურად 2 ოპერატორი; სამუშაო გრაფიკი: ყოველ დღე,
უქმეების ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 10:00 სთ-იდან 18 სთ-მდე].
ამ შემთხვევაში NCDC ასევე უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ოპერატორთა გადამზადებას – კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგის წარმოებასა და კანონმდებლობაში სიახლეებთან დაკავშირებით.
—
NCDC-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, „რუტინულ რეჟიმში ფუნქციონირებს თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელი ხაზი – 116001. ცხელი ხაზის მეშვეობით 2020 წელს, სულ 2 860 კონსულტაცია განხორციელდა.
NCDC-ს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს 2021 წლის ანგარიში.
წინა ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა მოწევის აკრძალვის მონიტორინგი 6 839 დაწესებულებაში [აქედან 2 192 თბილისში და 4 647 რეგიონებში]. სხვადასხვა ტიპის დარღვევები კი დაფიქსირდა შემოწმებული დაწესებულებების 3,2%-ში [220 დაწესებულება].
ანგარიშის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში [11,2%]; შემდეგ მოდის სამასპინძლო [1,6%], სამედიცინო [5,4%] და საგანმანათლებლო [2,1%] დაწესებულებები.
ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მონიტორინგი ჩატარდა 2 990 სატრანსპორტო საშუალებაში. მოწევის ფაქტები კი, დაფიქსირდა გადამოწმებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 პროცენტში.
2022 წლის იანვრიდან, სიგარეტის მოწევა აკრძალულია მსუბუქ ავტომანქანაშიც, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება.
თამბაქოს მოწევა აკრძალულია ტქსიშიც.
ამ თემაზე: