თურქეთში 29 ნოემბერს ქარიშხლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.
დაღუპულებს შორისაა დედა, რომელმაც 2.5 წლის შვილი გადაარჩინა.
ელიფ შანვერი შვილთან ერთად იმყოფებოდა სტამბოლში, ქუჩაში, როცა ძლიერმა ქარმა მოულოდნელად საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ჩამოაგდო. დედა მაშინვე გადაეფარა შვილის ეტლს.
ქალს სახურავის ნაწილი დაეცა და მძიმედ დაშავდა, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2.5 წლის ბავშვი არ დაშავებულა, დედამ მისი გადარჩენა შეძლო.
თურქული მედია ახალგაზრდა ქალს „გმირ დედას“ უწოდებს.
გუშინ თურქეთში ქარიშხალმა ყველაზე მეტად სტამბოლი დააზიანა, განსაკუთრებით ევროპული ნაწილი. დაზიანდა 141 კორპუსის სახურავი, ამოიძირკვა 297 ხე, დაზიანდა ავტომანქანები, შუქნიშნები და აბრები. წყლის დონის მატებამ გამოიწვია წყალდიდობა სანაპირო გზის გასწვრივ, ქალაქის აზიურ მხარეს.
2017 წლის იანვრიდან საქართველოს აქვს კანონი, რომლის თანახმადაც 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ქორწინება დაუშვებელია. კანონის მიუხედავად, მოზარდებთან საქართველოში ჯერ კიდევ ქორწინდებიან და უმეტეს შემთხვევაში ვერც ერთი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება ამას ადრეულ ეტაპზე „ვერ ხედავს“. ბავშვად მიიჩნევა პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის სააგენტომ 2020 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 131 შემთხვევა შეისწავლა, ხოლო შსს-მ სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ნაადრევი ან ბავშვთა ქორწინების სულ მცირე 261 შემთხვევა დაფიქსირდა. ომბუდსმენი სოციალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2018 წელს ასეთი მხოლოდ 115 შემთხვევა იყო აღრიცხული. თუმცა, ომბუდსმენის ინფორმაციით, 2019 წელს შესწავლის ხარისხი გაუმჯობესდა.
გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ამბობს, რომ 18 წლამდე პირთან ქორწინების აკრძალვამ დადებითი გავლენა იქონია ბავშვთა ქორწინების შემთხვევათა შემცირებაზე. თუმცა ისევ ბევრია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა, რადგან დღემდე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყების შემთხვევები.
ექსპერტი სამ კომპონენტს გამოყოფს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად. პირველი, ეს არის პრევენცია, მეორე – სათანადო რეაგირება, მესამე კი – ბავშვთა მხარდაჭერა და გაძლიერება.
ხატიაშვილის თქმით, პირველი რგოლი, რომელმაც არასრულწლოვანთა ფაქტობრივი თანაცხოვრება უნდა გამოავლინოს ან ხელი შეუშალოს მის დაწყებას, სკოლაა. სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სახელმწიფომ ბავშვთა ქორწინებას ებრძოლოს – ამ ბრძოლაში უდიდესი როლი ეკისრება განათლების სამინისტროს და სკოლას.
„პირველ რიგში, საჭიროა პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კოორდინირებული პოლიტიკა, რომ იზრუნოს საზოგადოების დამოკიდებულებების ცვლილებაზე. საკმაოდ ხშირად, როდესაც ბავშვთა ქორწინების დროს იკვეთება დანაშაულის ნიშნები, საზოგადოება მხარს უჭერს არა ბავშვს, არამედ მოძალადეს. ამას სჭირდება მუშაობა. მეორე მხრივ, სამუშაო არის ბავშვთან და ბავშვების მშობლებთან.
მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება არსებობს, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია წელიწადში მინიმუმ ორჯერ ჩაატაროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებთან, ერთ-ერთი საკითხი არის სწორედ ბავშვთა ქორწინების თემა. ასევე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს მსგავსი კამპანიები ბავშვების კანონიერ წარმომადგენლებთან, მშობლებთან. ანუ სკოლას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ხელი შეუწყოს ბავშვებში ინფორმირებულობის გაზრდას.
არცთუ ისე იშვიათად, ქორწინება ხდება თავად ბავშვის გაუაზრებელი თანხმობით. ბავშვებმა არ იციან არაფერი იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება ასეთ ასაკში ქორწინებას მოჰყვეს,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
რას ამბობს კანონი:
16 წლამდე ასაკის ბავშვთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია ქორწინების ასაკი. ქორწინება დასაშვებია მხოლოდ 18 წლიდან.
თამარ მანუჩარაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ასწავლის ქართულს. თამარი ამბობს, რომ „მასწავლებელი საყრდენი უნდა იყოს ბავშვისთვის. ბავშვმა შენში უნდა დაინახოს, რომ საყრდენი ხარ და შეგიძლია დახმარება“.
ის ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი, რასაც მასწავლებელი ბავშვთან დაკავშირებით გააკეთებს, უნდა მოხდეს ბავშვის თანხმობით.
„ვფიქრობ, მასწავლებელმა იმაზე მეტი არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რაც ევალება, რადგან სიტუაცია არ გააუარესოს. ბავშვი თუ წინააღმდეგია, მართლა ვერაფერს იზამ გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალებით რაღაც სიტუაციამდე შეაჩერებ.
ბევრი ფაქტია, როცა მასწავლებელს ძალა არ ჰყოფნის. არადა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად მიუდგება მასწავლებელი ამ საკითხს: ცივი გონებით უნდა მიუდგეს – არც ბავშვი დააზიანოს და არც თემთან შეექმნას პრობლემა.
ცხადია, სკოლას აუცილებლად უნდა ეცნობოს აღნიშნული პრობლემა, რადგან სკოლაა პასუხისმგებელი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი და ცუდი ფაქტი გვაქვს, რომელიც ფატალური შედეგით დამთავრდა არასრულწლოვნებში, როდესაც სკოლამ რეაგირება არ მოახდინა, მასწავლებელმა რეაგირება არ მოახდინა, ზოგადად, საქმის კურსშიც კი არ არიან ხოლმე მასწავლებლები.
ამიტომ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი გჭირდება მოსწავლესთან – თუმცა პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრა; არ უნდა იფიქროს მოსწავლემ, რომ შენ რაღაცას აიძულებ, რაღაცის მოყოლას სთხოვ. თვითონ უნდა გაუჩნდეს ამის სურვილი“, – ამბობს თამარ მანუჩარაშვილი.
გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში კი ამბობს, რომ პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების გარდა, ნაადრევი ქორწინების გამოვლენის ნაწილში „სერიოზულად მოიკოჭლებენ სახელმწიფო უწყებები“.
„გამოვლენის ნაწილი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა – რიგ შემთხვევებში ქორწინების ისეთი ფაქტები გვაქვს, რომელიც დანაშაულს უკავშირდება, მაგრამ თვეების შემდეგ მიდიან ამ ინფორმაციით სამართალდამცავ უწყებებამდე.
აქაც სკოლას ეკისრება მნიშვნელოვანი როლი. სკოლამ უნდა გამოავლინოს [ნაადრევი ქორწინების] შემთხვევები: მათ აქვთ ვალდებულება, ეს ინფორმაცია გადაამისამართონ, ერთი მხრივ, პოლიციასთან და მეორე მხრივ, სოციალურ მუშაკთან. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევებში პასიურია და სათანადოდ არ რეაგირებს გამოვლენილ შემთხვევებზე. მეორე მხრივ, ასევე უჭირს თავად შეძლოს პროაქტიულად ასეთი შემთხვევების გამოვლენა.
საკმაოდ ხშირად, როდესაც ბავშვი რთულ მდგომარეობაშია, ერთ-ერთი პირველი, ვისაც მიმართავს დასახმარებლად, არის მასწავლებელი. მასწავლებლის მხარდაჭერა, რომ ეს შემთხვევა გადაამისამართოს შესაბამის უწყებასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც ძალიან პრობლემურია,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისივე თქმით, პროცესში მნიშვნელოვანია პოლიციის როლი. თუნდაც უბნის ინსპექტორების დონეზეა შესაძლებელი ნაადრევი ქორწინების გამოვლენა. პოლიცია არ უნდა ელოდოს, როდის მიიღებს შეტყობინებას.
„მაგალითად, როდესაც საუბარია სრულწლოვანი პირის დაქორწინებაზე 15 წლის გოგონასთან, ეს დანაშაულია – 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია. საკმაოდ ხშირად, როდესაც გოგონა ფეხმძიმდება, ცხრა თვე ისე გადის, ამ ბავშვს ვერავინ ამჩნევს: ვერც სკოლა, ვერც მეზობლები და საზოგადოება, ვერც ადგილობრივი პოლიცია. როდესაც გოგონა მშობიარობს, ხშირ შემთხვევაში სწორედ სამედიცინო დაწესებულება აწვდის ინფორმაციას პოლიციას. როდესაც ბევრად ადრე იყო შესაძლებელი ამ შემთხვევის გამოვლენა. ძალიან ხშირად ადამიანები არიან იმ პოზიციაში, რომ ელოდებიან ოფიციალურ შეტყობინებას. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ არის არ შემჩნევის და ვერ შემჩნევის შემთხვევები,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
საჭიროა თუ არა კანონმდებლობის გამკაცრება? – ამ კითხვაზე საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს გამოსავალი არ არის.
„კანონმდებლობის გამკაცრება არ გვაძლევს შედეგს – 14 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირი ყოველთვის იყო სისხლის სამართლის დანაშაული.
მთავარია, დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინება იწვევს ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას, ბავშვთა სიღარიბეს, ოჯახების სიღარიბეს. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, ამიტომ რეალური პრობლემის გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს სასჯელების გამკაცრება.
რეალური პრობლემა არის იქ, სადაც ეკლესია განათლების სისტემას ეუბნება, რომ რაღაც საგნები, მაგალითად, სამოქალაქო განათლება და ა.შ. იმიტომ არ უნდა ისწავლებოდეს, რომ ბავშვებს რყვნის. პირიქით, გარყვნილება არის არასრულწლოვანი ბავშვების ქორწინების ხელშეწყობა. როდესაც ღირებულებები მთლიანად ამოყირავებულია და ცნებებს თავისი არსი აქვს დაკარგული, მაშინ სასჯელის გამკაცრება არაფერს შველის.
როდესაც 18 წლამდე ბიჭს მოჰყავს 16 წლის გოგო და ამ არასრულწლოვნებს ერთმანეთი უყვართ თავიანთი გაგებით, ამ დროს ადამიანის ციხეში ჩასმა არ არის გამოსავალი.
სასჯელს აქვს პრევენციული ხასიათი, თორემ ფაქტი რომ დადგება, მაშინ სოციალური სამსახურის როლი უნდა გაიზარდოს. მინიმუმ სოციალური სამსახურის მხარდაჭერა შეიძლება არსებობდეს. სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა და არასრულწლოვნებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ, სქესობრივი განათლების შესახებ თუნდაც,“ – ამბობს თამარ კორძაია.
გოგა ხატიაშვილის თქმით, ხშირად, როდესაც ბავშვთან ქორწინება უკავშირდება დანაშაულს, რიგ შემთხვევებში პოლიციას აქვს წინასწარი განწყობები – თითქოს ამ ადამიანებმა შექმნეს ოჯახი და საჭირო აღარ არის რაიმე ტიპის ჩარევა.
„განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, როდესაც გოგონებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთენ და ქორწინებას აიძულებენ. პოლიციაც, სოციალური სამსახურიც და განათლების სამინისტროც, უნდა მუშაობდეს კოორდინირებულად. მხოლოდ პოლიციის ტვირთი არ არის ასეთი საქმეების გამოვლენა ან სათანადო რეაგირება.
საჭიროა კოორდინაცია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კოორდინაცია ირღვევა და ძალიან დეფიციტურია. განსაკუთრებით პოლიციას და სოციალურ სამსახურს შორის. ეს ყველაფერი ჯაჭვივითაა ერთმანეთზე მიბმული. როცა ერთი რგოლი სათანადოდ არ მუშაობს, ხშირად კრახს განიცდის მთელი სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვების დაცვაზე,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მასალა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობა უმეტესს მიმართულებებზე დასრულებულია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაო პროცესები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომელიც დეკემბრის თვის ბოლომდე დასრულდება.
[checklist]
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
[/checklist]
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
ზედა ლეღვა-ჯამის დასახლების 1,5 კმ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები და მილები.
ასფალტობეტონის საფარის დაგების შემდეგ მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 40 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ალამბარი-ელიაძეები-მიქელაძეების მიმართულებით 1,2 კმ საავტომობილო გზაზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გაბიონის და ბეტონის დამცავი კედლები, სანიაღვრე არხები,
რეაბილიტირებული გზა უკავშირდება სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულს.
80-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ზედა კვირიკეში 3,85 კმ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა, სანიაღვრე არხები, მილები, კედლები,
დაიგება ასფალტობეტონის საფარი.
ამ ეტაპზე დაწყებულია ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება.
[checklist]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
[/checklist]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენი-სამების მიმართულებით 1300 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი.
რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
[checklist]
ქედის მუნიციპალიტეტი
[/checklist]
ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ბზუბზუს მიმართულებით 1,5 კმ საავტომობილო გზაზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები.
რამდენიმე დღეში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი.
[checklist]
შუახევის მუნიციპალიტეტი
[/checklist]
შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბის თემში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
2800 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდარები, დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი და მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
რეაბილიტირებული გზით 9 სოფლის ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს.
გზა ასევე ტურისტული მნიშვნელობისაა და საკურორტო ზონა ღომას მთას უკავშირდება.
ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,8 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო დამცავი კედლები, გაბიონები, სანიაღვრე არხები, დამცავი ზღუდარები.
რეაბილიტირებული გზით წყალსაყრის თემის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.
[checklist]
ხულოს მუნიციპალიტეტი
[/checklist]
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
მოეწყო სანიაღვრე არხები, ზღუდარები, საყრდენი კედლები, მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგება.
რეაბილიტირებული გზით 150 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.
დიდაჭარა-საციხური-გელაურას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.
ახალი ხიდით საციხურის თემში მცხოვრები მოსახლეობა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.
„შუახევიჰესზე“ სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. თუმცა ეს პირობითი დროა, რადგან ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს ელექტროსისტემას მიაწოდონ უსაფრთხო და სტაბილური ენერგია. ჰესზე დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომელი ბათუმიდან ამოდის, დანარჩენი ადგილობრივი, შუახევის მცხოვრებია.
„შუახევიჰესი“ არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელსაც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა წარმოადგენდე ძალიან მაღალ ხარისხს როგორც მშენებლობის დროს ტექნიკური, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მხრივ, ასევე ოპერირების დროს ამ სტანდარტის შენარცუნება გიწევს და ეს არის მუდმივი, 24-საათიანი მუშაობა სტანდარტის გაუმჯობესებაზე ყველა მიმართულებით.
„შუახევიჰესის“ ოპერირებაში შესვლა ამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ქვეყნის დამოკიდებულებას, ზრდის შიდა წარმოებას და რაც ყველაზე მთავარია, ეხმარება ქვეყანას ენერგოუსაფრთხოებისკენ სვლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ პუტინმა დღეს, საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზანი არ არის ჩემი ხელახალი არჩევა”, – განაცხადა პუტინმა ფორუმის მონაწილის შეკითხვაზე – გეგმავს თუ არა პუტინი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„მე მაქვს ახალი ვადით არჩევის კონსტიტუციური უფლება. გავაკეთებ ამას თუ არა – ეს ჯერ არც მე გადამიწყვეტია“ – დასძინა მან.
პუტინი რუსეთის პრეზიდენტად პირველად 2000 წლის მარტში აირჩიეს.
რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.
2021 წლის 5 აპრილს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც კიდევ ორი ვადით შეეძლება ხელისუფლების სათავეში ყოფნა.
ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან პუტინს აქვს შესაძლებლობა, 2036 წლამდე იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელებასთან ერთად მკაცრდება რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები.
Guardian-ის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
„60 წელზე უფროსი ასაკის ბერძნებმა, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინაცია, 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ შეხვედრა პირველი დოზის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 100 ევროს სახით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ,” – თქვა საბერძნეთის პრემიერმა.
საბერძნეთში ამ თვეში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ყოველდღიური შემთხვევები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ქვეყანამ ნოემბერში არავაქცინირებულ ადამიანებს აუკრძალა დახურულ სივრცეებში შესვლა, მათ შორის, რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოვიდტესტის პასუხი უარყოფითია.
ნორვეგიის პრემიერმა იონას გარ სტორმა დღეს, 30 ნოემბერს, განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდის ფონზე, ნორვეგიაში მოსახლეობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში პირბადე უნდა ატაროს.
Reuters-ი იუწყება, რომ ნორვეგიამ სექტემბერში კოვიდის გამო დაწესებული ყველა შიდა შეზღუდვა გააუქმა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლო დღეებში მოუწოდეს მთავრობას, მიიღოს ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ამით თავიდან აიცილოს მორიგი ლოქდაუნი.
ნორვეგიის მთავრობამ ასევე თქვა, რომ მაქსიმალურად შეეცდება შეზღუდოს ომიკრონის ვარიანტის ნებისმიერი პოტენციური გავრცელება, მათ შორის, უფრო ხანგრძლივი იზოლაციის დაწესებით მათზე, ვინც აღმოჩნდება, რომ ინფიცირებულები არიან კოვიდის ამ ვარიანტით.
კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გამოავლინეს, შემდეგ კი დააფიქსირეს ევროპის არაერთ სახელმწიფოში, ასევე, ისრაელსა და ავსტრალიაში.
დღეს ჰოლანდიის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ომიკრონის ვარიანტი ნიდერლანდებში გამოვლინდა იქამდე, სანამ სამხრეთ აფრიკიდან ორი ავიარეისი შესრულდებოდა.
„ჩვენ ვიპოვეთ Omicron კორონავირუსის ვარიანტი ორ ტესტში, რომლებიც აღებულია 19 და 23 ნოემბერს. ჯერ არ არის ნათელი, იყო თუ არა ეს ხალხი ნამყოფი სამხრეთ აფრიკაში“, – განაცხადა ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (RIVM).
ომიკრონის შემთხვევა დაადასტურა საფრანგეთმაც, კუნძულ რეიუნიონზე. კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს, თუმცა ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთს ეკუთვნის.
ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი ომიკრონი, თუმცა, ექსპერტთა შფოთვის გამო არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა პრევენციის დამატებით ზომებს.
საქართველოში ვირუსის შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად 27 ნოემბრიდან ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს აფრიკის შემდეგ ქვეყნებში [სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი და მალავი] მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი აჭარის მთავრობამ დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მან ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც.
ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
ზაურ ახვლედიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2021 წლის აპრილის ბოლომდე საქმიანობდა. მოგვიანებით ის სამუშაოდ ჯერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, შემდეგ კი განათლების სამინისტროში გადავიდა მოადგილედ, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება კი ოლეგ ბოლქვაძეს დააკისრეს.
გასულ ხუთშაბათს, 25 ნოემბერს, მოულოდნელად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება ისევ ყოფილ ხელმძღვანელს, ზაურ ახვლედიანს დააკისრა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროს სააგენტოში უკვე შესული იყო ბულვარში მშენებარე „ამბასადორის“ ცვლილების პროექტი.
პარასკევს, 26 ნოემბერს, მაშინ, როცა საზოგადოების ყურადღება ბათუმის ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესზე იყო მიპყრობილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ „ამბასადორის“ ცვლილების პროექტი განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა.
სააგენტოს ინფორმაციით:
„საბჭოზე განხილულ იქნა მიმდინარე შპს „ამბასადორი ბათუმის’’ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილება და საბჭოს მიერ გაიცა დადებითი რეკომენდაცია. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს შენობის ნიშნულის საბოლოო ზრდას 2 სართულით, ბოლო სართული წარმოადგენს ტექნიკურ სართულს. ასევე გათვალისწინებულია შიდა ფართის გადაგეგმარება. სართულებზე მოეწყობა ექსპლუატირებადი და არაექსპლუატირებადი მწვანე ტერასა, შესაბამისად შეიცვლება შენობის კონტური“.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ამბასადორმა“ ეს სამუშაოები [2 სართული] ისედაც შესრულებული აქვს – უკანონოდ. შესაბამისად, უკანონობის დაკანონებას ანუ ცვლილებასაც პოსტფაქტუმ ითხოვს.
თავის დროზე ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობების ნებართვა სწორედ ზაურ ახვლედიანმა გასცა.
8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპული 12 წლის დათა შომახიას ნახატი ბათუმის №3 საჯარო სკოლის ფოიეში, ერთ-ერთ ცენტრალურ კედელზე გადაიტანეს.
ნახატზე დედა-შვილია ასახული, რომლებიც ხელჩაკიდებული მიაბიჯებენ, წინ კი მხოლოდ სივრცე მოსჩანს. დათა დედასთან ერთად დაიღუპა 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად.
დათა შომახია ბათუმის №3 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობდა. როგორც სკოლის დირექტორმა იანა ჩადუნელმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს დათას ერთ-ერთი ბოლო ნახატი იყო.
„თითქოს ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო ამ ტრაგიკული ამბის“ – გვითხრა დირექტორმა.
დათას ნახატის კედელზე გადატანის იდეა სკოლის დირექტორს ეკუთვნის.
დათა შომახიას ნახატი
„დათა ჩვენთან სწავლობდა და გვინდოდა რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა, რაც ჩვენს მეხსიერებაში დატოვებდა მას მუდამ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ დიდ კედელზე მისი ბოლო ნახატი გადაგვეტანა. კედელი მხატვარმა ტარიელ ტაბაღუამ მოხატა,“ – ამბობს იანა ჩადუნელი.
მან გვითხრა, რომ დათას ძალიან უყვარდა ხატვა და მისი ნახატებიც ისეთივე ფერადი იყო, როგორც მისი სამყარო. „ამიტომ დავარქვით ამ კედელსაც „დათას ფერადი სამყარო“ – გვეუბნება დირექტორი.
„შეიძლება მოვიდეს ვინმე სტუმარი, დაინტერესდეს ამ ისტორიით, ამიტომ დათას ისტორია ამ კედელზეც დარჩება. ის ყოველთვის ფერად სამყაროში ცხოვრობდა, სულ ანთებული ჰქონდა თვალები. ვინც ამ ნახატს ნახავს, გაიგებს, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობდა ასეთი ფერადი და ნათელი თვალების ბავშვი“ – ამბობს იანა ჩადუნელი.
დირექტორის თქმით, იგეგმება წიგნის გამოცემაც, სადაც დათას ნახატების გარდა წიგნში შევა მისი წერილები და მოგონებები. „ვფიქრობ, საინტერესო გამოგვივა“- ამბობს იანა ჩადუნელი.
8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ნანგრევებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.
________________________
მთავარი ფოტო: დათა შომახიას ნახატი ბათუმის №3 სკოლის კედელზე
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვა.
ოლეგ ბოლქვაძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა. „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა მან.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს, სააგენტოს ყოფილი დირექტორი, რომელიც ამჟამად აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ოლეგ ბოლქვაძის გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში მიმდინარე „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობას უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, სააგენტოს ძეგლების საბჭომ განიხილა პროექტი და დადებითი რეკომენდაცია მისცა. ჩვენივე ინფორმაციით, ცვლილება ითვალისწინებს უნებართვოდ აშენებული 2 სართულის სანებართვო პირობებში მოქცევას და ბოლო სართულზე ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკის მოწყობას.
კომპანია „ამბასადორ ბათუმმა“, რომელიც ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცვლილების პროექტით მიმართა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტი სააგენტოს ძეგლების საბჭომ უკვე განიხილა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილების პროექტით კომპანია უკანონოდ დაშენებული ორი სართულისა და სხვა სართულებზე გაზრდილი მასშტაბების, ასევე ბოლო სართულზე ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკის მოწყობას ითხოვს.
შპს „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვა აქვს, თუმცა კომპანია უკვე მე-18 სართულს აშენებს უკანონოდ.
უკანონო სართულის მშენებლობისა და სხვა სანებართვო პირობების დარღვევის გამო შპს „ამბასადორი ბათუმი“ სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა10 ნოემბერს, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტის პირობებს გადაუხვია, შემდეგ კი პროექტში შესაბამისი ცვლილება მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.
შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.
2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 16 სართულამდე [პლუს 3 მიწისქვეშა სართული] გაზრდა მოითხოვა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომელსაც მაშინ ზაურ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბათუმელი მოსწავლე დავით რუსია 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულია. მან თავის გუნდთან ერთად პირველი ადგილი აიღო.
დავითი ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრები – საბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკელები არიან.
„ჩვენს პროექტს ჰქვია თერმული წყლები, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ტემპერატურათა სხვაობის გამო. ამიტომ სადაც არსებობს თერმული ასევე მდინარეები, ყველგან შეგვიძლია დავნერგოთ ეს ტექნოლოგია.
თერმული წყლებით ელექტროენერგიის მიღებას უზრუნველყოფს პელტეს (PLT) ელემენტები, რომლებიც ტემპერატურის სხვაობის შედეგად წარმოქმნიან ელექტროენერგიას. ჩვენ გავაკეთეთ გარდამქმნელიც, რომელიც შედგება გენერატორისა და ტრანსფორმატორისგან.
რადგან მიღებული ენერგია არის მუდმივი და წარმოქმნის 220 ვოლტ ძაბვას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყოველდღიურობაში,“ – გვეუბნება დავით რუსია.
დავით რუსია ამბობს, რომ სიახლედ ამ გამოგონებაში მიიჩნევა პელტეს ელემენტი, რომელიც აქამდე ელექტროენერგიის მიღების წყაროდ არავის გამოუყენებია.
„ელემენტი გამოიყენებოდა მხოლოდ მაცივრებსა და სხვადასხვა ტექნიკაში. ინოვაციურობაც ზუსტად იმაშია, რომ ელექტროენერგიის მისაღებად არავის გამოუყენებია. ეკოლოგიურად სუფთაა, გარემოს ზიანს არ აყენებს და ეფექტურია, რადგან დიდხანს ძლებს. დანახარჯიც მომგებიანობას არ აღემატება,“ – ამბობს დავით რუსია.
მისი აზრით, ამ გამოგონების დანერგვა ეფექტური იქნება მაღალმთიან სოფლებში, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.
„როგორც ვიცით, მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის დეფიციტია, ხშირად ტურისტები თავს იკავებენ ასეთ ადგილებში ვიზიტისაგან.
ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს ბარიერი მოეხსნებათ და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის დამატებითი შემოსავლის მომტანი გახდება, რაც ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება“ – ამბობს ის.
როგორ მიხვედით ამ აღმოჩენამდე? – ვკითხეთ დავითს. მისი თქმით, ონლაინშეხვედრების დროს, როცა „სტემ აკადემიის“ [მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემია] გაკვეთილები უტარდებოდათ, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ სხვადასხვა კვლევაზე როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.
„ასე შეიკრიბა ჩვენი გუნდიც და თანდათან მივედით ამ აღმოჩენამდე.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ტექნოლოგიები, ორი წლის წინ შევედი კიდეც სტემ აკადემიაში, რომელიც ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ იმუშაო სამეცნიერო მიმართულებით. სკოლაში გვაქვს სტემის ბაზა, სპეციალისტი ჩამოდის და გაკვეთილები გვიტარდება,“ – ამბობს დავით რუსია.
მისი თქმით, თუ სკოლაში არ აქვს მოსწავლეს ტექნოლოგიებთან წვდომა, რთულია წარმატების მიღწევა.
„21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, ამაზეა ჩვენი მომავალი დაფუძნებული. რადგან გამომგონებლობის ერა მოდის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებში დაინერგოს და განვითარდეს სტემ მიმართულება.
პანდემიამ აჩვენა რამდენად დიდი პრობლემაა ამ მხრივ სკოლებში, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ბავშვებს ინტერნეტზეც კი არ მიუწვდებათ ხელი.
თანამედროვე ბავშვებს მეტი უნარი აქვთ განვითარდნენ ტექნოლოგიებით, ბევრ ბავშვს აქვს სურვილი, გამოავლინოს თავისი ნიჭი, თუმცა შესაძლებლობა არ ეძლევა. თუ გვინდა წარმატებული მომავალი, მაშინ ბავშვებისთვის უნდა შევქმნათ კარგი სკოლები,“ – ამბობს დავითი.
დავითის, საბას და ანის გამოგონებამ შესაძლოა მალე პატენტიც მიიღოს. „ეს ნიშნავს, რომ იწყება ჩვენი გამოგონებების ახალი ეტაპი,“ – გვითხრა დავითმა.
მერაბ თებიძე და ლია წულუკიძე ქედის მუნიციპალიტეტის პირველ მაისში ცხოვრობენ. მიმდინარე წლის დასაწყისში მერაბს მოულოდნელად განუვითარდა ღვიძლის უკმარისობა, 29 დღიანი რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ მას ექიმებმა ღვიძლის ტრანსპლანტაცია შესთავაზეს, პაციენტი დათანხმდა, დონორობაზე სურვილი საკუთარმა მეუღლე გამოთქვა.
მერაბ თებიძე და ლია წულუკიძე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს. საწყის ეტაპზე ზღვრული თანხა 10 000 ლარს შეადგენდა. თანხა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ერთი პაციენტისათვის გათვალისწინებულია 80 000-დან 100 000 ლარამდე. დღემდე სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 30 პაციენტის ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
გარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციისა სამინისტრო აფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ყველა ასაკის პაციენტისათვის, როგორც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, ისე უცხოეთში. ვახტანგ თავბერიძე ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელსაც სამინისტრომ 2019 წელს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ბატონი ვახტანგი საკონტროლო კვლევებზე კლინიკას უკვე იშვიათად აკითხავს და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. დადის სამსახურში, კითხულობს ლექციებს.
ვახტანგ თავბერიძე
„დღემდე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდა 25 მოქალაქეს. სიახლეა აღნიშნული მიმართულებით მომავალი წლიდან გაიზრდება ძვლის ტვინი ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფინანსება – 160 000 ლარამდე და დაიწყება ძვლის ტვინი ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება – 1800 ლარით,“- აცხადებს მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე.
მარი ზანაქიძე
მიმდინარე წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე 200 000 ლარით. დაფინანსებით უკვე ისარგებლა ორმა პაციენტმა, პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.გ. ბათუმში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით.
შსს-ს ცნობით, ზ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, იმავე ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს 1986 წელს დაბადებული გ.წ.-ს.
„დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი გ.წ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა,“ – წერს შსს.
შს სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯამში დაკავებულია 10 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ინვესტორებს უფლება აქვთ 2022 წლის 30 ივნისამდე მიმართონ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
თუ ინვესტორები უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას [სპეციალური წესის შესაბამისად], სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების [გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა] შესასრულებლად მიეცემათ შემდეგი ვადები:
[checklist]
„ინვესტორებს, ვისაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან წარმოეშვათ/წარმოეშობათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, მიეცემათ დამატებით 30 (ოცდაათი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1-ლი მარტიდან და 2020 წლის 1-ლი ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც ეს ვალდებულება წარმოეშობათ 2020 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, რომლებსაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობათ 2020 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან);
ინვესტორებს, ვისთანაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 18 (თვრამეტი) თვის ვადა;
ინვესტორებს, ვისთანაც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 12 (თორმეტი) თვის ვადა;
ინვესტორები ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში სრულად გათავისუფლდებიან დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან, არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება [ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის არსებობისას მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ვადით] და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია“.
[/checklist]
ამასთან,
[crosslist]
აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.
[/crosslist]
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილება აჭარის მთავრობამ 2020 წლის ივლისში მიიღო და მასში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა.
აჭარის მთავრობის მიერ დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით:
„ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან წარმოეშობათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, რომლებსაც წარმოეშობათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსაგან.
ამასთან, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროსადმი მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე სარგებლობის საფასურის და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან შესაბამისი აქტის გაფორმების საფუძველზე.
ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი თავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში.
მოსარგებლეებს არსებული დავალიანებების (სარგებლობის საფასური/დარიცხული პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად მიეცემათ ვადა 2021 წლის 1-ელ ივლისამდე.
ამასთან, გადახდილი სარგებლობის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და გათავისუფლებას, თუკი გასულია იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კომპანიები, რომლებსაც აჭარის მთავრობასთან აქვთ ხელშეკრულება, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. ასევე, ერთი წლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან მოიჯარეები.
ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 30 ნოემბერს, განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით.
ეს გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც, როგორც ქვეყანაში, ასევე გლობალურად, ჯერ კიდევ რჩება აქტუალური.
ასევე, დამატებით, ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან მოხდება გათავისუფლება შესაბამისი მოიჯარეების,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსალოდნელია თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა, 4-5 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, 2 დეკემბერს, ღამით შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა. დღისით და მომდევნო 2 დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია.
პირველ დეკემბერს, საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტის“ მოეთხოვება 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
სად გჭირდებათ „მწვანე პასპორტის“ წარდგენა:
კვების ობიექტებში
რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში
კინოთეატრებში
თეატრებში
ოპერაში
საკონცერტო დარბაზებში
გასართობ ცენტრებში
სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
სპაცენტრებში
ფიტნესდარბაზებში
სასტუმროებში
სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტი“ აქ საჭიროა მხოლოდ 18 წელს გადაცილებული ასაკის მოქალაქეებისთვის.
ასევე, პირველი დეკემბრიდან უქმდება რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა. რესტორნები და კაფე-ბარები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.
პირველი დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება.
„მწვანე პასპორტი“ გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც კეთდება ტესტირება და აცრა. საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობითაც – covidpass.moh.gov.ge.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 240 ადამიანს, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 30 ნოემბრის მდგომარეობით მკურნალობას გადის 1817 ადამიანი, მათ შორის, კოვიდკლინიკებშია 507 პაციენტი.
30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა.
30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 80 პაციენტი.
აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 240 ადამიანს, თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, იმერეთში – 865, ქვემო ქართლში – 293, შიდა ქართლში –482, გურიაში – 160, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 475, კახეთში – 317, მცხეთა-მთიანეთში – 172, სამცხე-ჯავახეთში –156, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –69.
ამ ეტაპზე 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისში – 2 600, აჭარაში – 510, იმერეთში – 1 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 121, იმერეთში – 504.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361პირი, მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 38, იმერეთში – 35.
29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პანორმული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა 20%-იანი ფასდაკლებით მიმდინარეობს.
კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.
თითოეულ ლოტზე წლიური საწყისი სარგებლობის საფასური 20%-ით არის შემცირებული.
აუქციონებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
გასულ კვირას, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ შპს „ორბი ჯგუფს“ ფიროსმანის #14- ში განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა. ორი საკადასტრო ერთეული ჯამში ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს და ბათუმის სასპორტო სკოლა „ბასკოს“ შენობას მოიცავს. აქ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს და დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვს.
მერია დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე. სანაცვლოდ კი მოითხოვა, რომ კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდით დამატებული ფართობის 5 პროცენტი ბინების სახით მას გადასცეს.
ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და მიწის ნაკვეთი მის მიმდებარედ, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი. ბიჯი 500 ათასი ლარი იყო.
იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ ე.წ ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება.
თურქული მედიის ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 19 დაშავდა დღეს, 29 ნოემბერს ძლიერი ქარიშხლის შედეგად.
თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (TSMS) ინფორმაციით, მარმარილოს, ეგეოსის და დასავლეთ შავი ზღვის რაიონებში და ცენტრალური ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთით კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი.
დღეს შტორმის გამო სტამბოლში ტალახიანი წვიმა დაფიქსირდა.
ძლიერი ქარია ბურსაშიც, სადაც ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა. ქარიშხლის შედეგად სახლიდან მოგლეჯილი სახურავის ქვეშ მოექცა ქალაქის ტრამვაი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი დღეს კვლავ მოსალოდნელია შავი ზღვის დასავლეთ რეგიონში.
26 ნოემბერს, ბათუმის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს გახმაურებულ სხდომაზე, როცა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. თუმცა ამ საკითხებისთვის მაშინ არავის ეცალა.
იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა. ცვლილების მიხედვით, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ე.წ. ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება.
ცვლილების თანახმად, საერთო ჯამში, კომპანია ათასობით კვადრატულ მეტრ ფართობს დაიმატებს, რაც მომავალში გაზრდილ მოგებასაც გულისხმობს.
პროექტი ითვალისწინებს 18 815 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სამი ბლოკის მშენებლობას, რომლითაც ერთი დაბალი შენობა აერთიანებს.
ცვლილების მიხედვით, პროექტის კ2 კოეფიციენტი – 15.0-დან გაიზარდა 18.0-მდე. შედეგად, ყველაზე მაღალი „ბ“ ბლოკი, რომლის სიმაღლეც კოეფიციენტის გაზრდამდე 184,50 მეტრი უნდა ყოფილიყო, სიმაღლეში 14 მეტრით გაიზარდა და 198.30 მეტრი იქნება. „ა“ და „ც“ ბლოკის სიმაღლე კი 174,70-დან 180.30-მე გაიზრდება. გამწვანების კოეფიციენტი უცვლელი დარჩა და ის 1,0. იქნება.
ალიანსი“ რუსთაველის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს კიდევ 2 თაუერს აშენებს, კომპანიის თანამესაკუთრეები „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.
„ომიკრონის“ შტამის გამო გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი ღელავს და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
ბერლინის Charité- ს ხელმძღვანელი, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი მედიასთან ამბობს, რომ საქმე გვაქვს „იმუნური გაქცევის ვარიანტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ომიკრონს შეუძლია სხვა sars-CoV-2 ვარიანტების იმუნური დაცვის ბარიერს გვერდი აუაროს“.
ამ დროისთვის ომიკრონის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ჯერჯერობით მონაცემები მხოლოდ 1000 დადასტურებული მსუბუქი შემთხვევა არსებობს და ეს მონაცემები არ არის საკმარისი დასკვნების გამოსატანად – განაცხადა კრისტიან დროსტენმა.
„ერთადერთი, რისი თქმაც დაზუსტებით შეგვიძლია, უკეთესია ადამიანი აცრილი იყოს, კიდევ უფრო კარგია, თუ დაბუსტულია“, – აცხადებს დროსტენი.
დროსტენის თქმით, ჯერჯერობით ნაკლებად შესაძლებელია მონაცემების მოდელირება (პროგნოზირება), ამიტომ პოლიტიკოსებმა მკაცრ წესებზე უნდა გააკეთონ გათვლა.
„ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა წილი, რომლებსაც ვენტილაცია სჭირდებათ, იკლებს, კარგი ამბავია“, – თქვა დროსტენმა. – „ეს აჩვენებს, რომ ბუსტერ ვაქცინაციები მოქმედებას იწყებენ, მაგრამ პროცესი ნელია. ხალხი აგრძელებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოსვლას “და ეს საშინელებაა”.
შემდეგი ორი-სამი კვირა აჩვენებს, უნდა შეიცვალოს თუ არა ვაქცინაცია ახალი ვირუსის მუტანტის გამო? „ეს ტექნიკურად შედარებით ადვილი იქნება. მაგრამ აქ თვეებზეა საუბარი”, – თქვა დროსტენმა.
ვაქცინის მწარმოებლებმა – BioNTech-მა და Pfizer-მა ისევე, როგორც Moderna-მ უკვე განაცხადეს, რომ გადახედავენ თავიანთი ვაქცინების ეფექტიანობას Omicron-ის წინააღმდეგ და შეიტანენ კორექტირებას.
ახალი ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკიდან ხუთშაბათს გავრცელდა. მას შემდეგ Omicron-ის შემთხვევები რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში გამოვლინდა.
დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქციაზე 15 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავება მოხდა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
დაპირისპირებისას პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.
__________
ფოტოზე: აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნინო ჩიჩუა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა.
წელს ქართული ხურმისა და კარალიოკის მთავარი ბაზარი სომხეთია, სადაც 4 165 ტონა გაიტანეს, შემდეგ მოდის რუსეთი – 3 501 ტონა, უკრაინა – 2 230 ტონა, თურქეთი – 108 ტონა, ყაზახეთი – 62 ტონა და მოლდოვა – 39 ტონა.
2021 წლის 28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? – საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ.
პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები ნიკა რურუასთან, 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა, თუ ადამიანს არ ექნება განცდა, რომ ის სამართალს იპოვის და დამარცხდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია.
ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გამოიცნო.
ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემ თანამემამულეს, ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი, ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ.
ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული – მეორე“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს, 29 ნოემბერს, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. იგი პროცესს ესწრება.
საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველო, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს – “გავიღიმოთ“ იწყებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რე ბანკი.
პროექტის მიზანი საქართველოს სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევების სწავლებაა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ- პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა. 2021 წლის თებერვალში BBSA-Georgia-ს მკვლევართა გუნდი საერთაშორისო შედარებით კვლევაში ჩაერთო, რომელიც ადასტურებს, რომ პანდემიამ მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
„ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების 50% საწყისს იღებს მოზარდობის ასაკში.სკოლა და მასწავლებლები წამყვან როლს თამაშობენ მოზარდთა ჰარმონიული განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, არსებული სასწავლო პროგრამები ამ ამოცანას თავს ვერ ართმევენ. ჩვენი ინიციატივის მიზანია, საქართველოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების სასკოლო პროგრამებში მოქმედი პრაქტიკა, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს, რაც მოზარდებს დაეხმარება გაცნობიერებულად მართონ სოციალურ-ემოციური პროცესები“, – სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი.
„განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა უკვე მესამე ათწლეულია თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის სასიხარულოა განათლების სფეროში ისეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სასკოლო პროგრამებში განვითარებული ევროპული ქვეყნების სასარგებლო პრაქტიკას დაამკვიდრებს და მოზარდებს ასწავლის ემოციების მართვას, სოციალური ურთიერთობების ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე“, – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელი.
„გავიღიმოთ“ ჩეხეთის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება. პროექტის განხორციელების პროცესში დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები არიან ჩართულები, მათ შორის სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი; პეტრ ვინკლერი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (პრაღა) წარმომადგენელი; პროფესორი თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance – Georgia თავმჯდომარე, “ღიას” დამფუძნებელი და სხვა მოწვეული სპეციალისტები.
პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 29 ნოემბერს, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ექსპრეზიდენტის ციტატას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომელიც ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც დღეს პროცესს ესწრება. სხვა ჟურნალისტებს არათუ სასამართლოს შენობაში, არამედ მის ეზოშიც არ უშვებენ.
სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის ჰოსპიტლიდან, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომანქანას თან მოჰყვებოდა პოლიციის ესკორტი.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება მისცეს.
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სათამაშო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ზღვარი წესდება.
ამის შესახებ დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
„აღნიშნული რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი, ეს გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის ოპერატორებზე.
ასაკობრივი ზღვარი არ განისაზღვრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, ამის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ:
სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან
საჯარო მოხელეებს
პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით
ასევე, გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებით პირები
ჯამში 1 მილიონამდე სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ასევე იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა ძალაში რჩება სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.
29 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1 954 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 20 068 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 47 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარაში – 105, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 106, კახეთში – 84, მცხეთა-მთიანეთში – 46, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 44 606 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, პირველ და 2 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, აჭარის მაღალ მთაში კი – თოვა.
დღეს, 28 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „დინამო“ ბათუმი საქართველოს ჩემპიონია ფეხბურთში. ეს ისტორიული ფაქტია, რადგან აქამდე ბათუმური კლუბი ჩემპიონი არასდროს ყოფილა.
სწორედ ამ წუთებში [20:00] ბათუმური კლუბის გულშემატკივარი ევროპის მოედანზეა შეკრებილი – მათ საყვარელი კლუბის გამარჯვება ფეიერვერკით აღნიშნეს.
___
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. ფანები გამარჯვებას ევროპის მოედანზე აღნიშნავენბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. ფანები გამარჯვებას ევროპის მოედანზე აღნიშნავენბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. ფანები გამარჯვებას ევროპის მოედანზე აღნიშნავენბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. ფანები გამარჯვებას ევროპის მოედანზე აღნიშნავენ
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბოლოსწინა მატჩზე თბილისის „დინამომ“ „სამტრედიასთან“ თამაში ფრედ – 0:0 დაასრულა.
დღევანდელი მონაცემებით, „დინამო“ ბათუმის 34 თამაში და 71 ქულა აქვს – შესაბამისად, ის სატურნირო ცხრილში ლიდერია. სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ კი, 35 თამაშიდან 67 ქულა აქვს მოგროვებული. შესაბამისად, თბილისურმა გუნდმა დარჩენილი თამაში, რომც მოიგოს, ის „დინამო“ ბათუმს ქულათა რაოდენობით ვეღარ გადაუსწრებს.