საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და უკრაინელ მწერლებს სოლიდარობას უცხადებს
„ძვირფასო უკრაინელო მწერლებო, პენ უკრაინის წევრებო, ჩვენ თქვენთან ვართ ამ მძიმე პერიოდში.
უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ქვეყნების ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და უზღუდავს მეზობელ ქვეყნებს გამოხატვისა და გეოპოლიტიკური არჩევანის თავისუფლებას, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს, წირავს უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს იმპერიალისტური ამბიციებისთვის. რუსეთის თავდასხმა საქართველომაც გამოსცადა 2008 წელს.
ჩვენ ვიცით, რას გრძნობთ და განიცდით ახლა, ამიტომაც ჩვენც, ქართველი მწერლებიც და ჩვენი მკითხველებიც, დღეს თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, რომ ანტიადამიანური ძალა დამარცხდება და უკრაინელ ხალხს მალე მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა“ – წერია პენ-ცენტრის განცხადებაში.
დღეს 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა.
ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე.
„ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული ვიყავით სამხედრო პოზიციებზე,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი. მისი თქმით, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს შორის ამ დრომდე არავინ დაშავებულა.
„ყველა ვართ სხვადასხვა საბრძოლო პოზიციაზე, ვიგერიებთ მტერს,“ – აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა „ბათუმელებთან“.
————————
24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა მიუღებელია.
სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ – აცხადებს ღარიბაშვილი.
დღეს რუსულ აგრესიას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი შოკირებულია ამ აგრესიით.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
„ქართველი ხალხი შოკირებულია რუსეთის აგრესიის გამო უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას. ომის დაწყებას ტვიტერზე გამოეხმაურასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის ორი აქცია გაიმართება. აქცია 17 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება.
ბათუმში 19 საათზე უკრაინის სოლიდარობის აქცია დაანონსებულია ასევე ევროპის მოედანზე.
დღესვე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. ეს აქცია სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და პარტიის ორგანიზებით დაიგეგმა. მათ შორის არიან: „დროა“, „სირცხვილია“, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა – „შეცვალე“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დღეს, 24 თებერვალს, დილით დაიწყო. რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა.
ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ანტიპუტინური კოალიციის შექმნა! სასწრაფო სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის! დაკეტეთ საჰაერო სივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს“
10:06 წუთზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა მეგობარ ქვეყნებს და მოუწოდა, რომ შეაჩერონ პუტინი. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია და დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე თავდაცვის კუთხით მხარდაჭერა.
08:33 საათზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა და დასძინა, რომ „მხოლოდ მოსკოვია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს შეტევა მოიტანს. მისი თქმით, „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“.
9:06 საათზე კი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით „სისხლისღვრისა და ნგრევის“ გზა აირჩია.
მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვი სამჯერ გაიზრდება – დღევანდელი მაჩვენებლიდან, რომელიც 57 მილიონ ადამიანს მოიცავს, 2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რიცხვი 152 მილიონამდე გაიზრდება, ნათქვამია ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.
დემენციის განვითარების მრავალ რისკფაქტორს მეცნიერები აღწერენ, როგორც „მოდიფიცირებადს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქცევის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დემენციის განვითარების შანსებზე.
ახალი პროგნოზის ფონზე, სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დემენციის ისეთი რისკფაქტორების ცოდნის მნიშვნელობაზე, რომელთა თავიდან არიდებაც პირადი თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებით შესაძლებელია.
„ამ ფაქტორების განხილვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების საშუალებით არის გზა დაავადების გავრცელების შემცირებისკენ” – ვკითხულობთ კვლევაში.
ცნობები დემენციის განვითარების 12 მოდიფიცირებადი რისკფაქტორის შესახებ მოყვანილია სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ დემენციის შესახებ ანგარიშში, რომელიც 2020 წელს განახლდა. დემენციის რისკფაქტორებია:
ნაკლები განათლება
ჰიპერტენზია
სმენის დაქვეითება
მოწევა
სიმსუქნე
დეპრესია
ფიზიკური უმოქმედობა
დიაბეტი
მცირე სოციალური კონტაქტი
ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
ჰაერის დაბინძურება
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს 12 მოდიფიცირებადი რისკფაქტორი მსოფლიოში დემენციის შემთხვევების დაახლოებით 40%-ს ითვლის.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ რეგულარულ ვარჯიშსა და ჯანსაღ დიეტას, რომელშიც შემცირებულია შაქარი და გაჯერებული ცხიმები, მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე თავის დანებებას შეუძლია შეამციროს დიაბეტის, ჰიპერტენზიის, მაღალი წნევის და დეპრესიის რისკები.
მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორიც. გამოცემის ცნობით, 2021 წელს გამოქვეყნებულმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ 50-60 წლის ადამიანებში, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ, მეტია ალბათობა, რომ უფრო ხნიერ ასაკში, შესაძლოა, ისინი დაავადდნენ დემენციით.
გარდა ამისა, New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელშიც 75 წელზე მეტი ასაკის 469 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ცეკვა არის ერთადერთი ფიზიკური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია დემენციის რისკის შემცირებასთან.
მიუხედავად დემენციით დაავადებული ადამიანების პროგნოზირებული რაოდენობის ზრდისა, ასაკობრივი მაჩვენებელი სტაბილური დარჩა 2019-დან 2050 წლამდე. „გლობალურად 2019 წელს დემენციით უფრო მეტი ქალი იყო დაავადებული, ვიდრე კაცი და ჩვენ მოველით, რომ ეს გაგრძელდება 2050 წლამდე.“ – წერენ სპეციალისტები.
ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარესაერთოსაფლავსხშირადუწოდებენ „ქართველიიუნკრებისსაფლავს“, თუმცააქარა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედგენერალგიორგიმაზნიაშვილისრაზმის წევრებიარიანდაკრძალული.
ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ამ ადგილას დაკრძალეს.
მაშინ აღმოვაჩინეთ მაზნიაშვილის ჯარის წევრების ნეშტები, ასფალტის ქვეშ იყო მოქცეული. 84 გარდაცვლილიდან ზოგი გადაასვენეს ჭირისუფლებმა, დანარჩენი 50 დავკრძალეთ“ – იხსენებსირაკლიჩავლეიშვილი.
მასვკითხეთისიც, თუროგორგაჩნდაინფორმაციაიმისშესახებ, რომ გმირთა სკვერში ქართველიიუნკრებიარიანდაკრძალული. შოთაამბობს, რომესმედიისბრალია, რომელიც ხშირად მოიხსენიებს ამ ადგილს, როგორც ქართველი იუნკრების საფლავს.
„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება ან მცირდება ახლა იმის შანსი, რომ უკრაინასთან ერთად ნატოში მიგვიღონ?
ქალბატონო თინა, თქვენი დაკვირვებით, როგორ აღიქვეს რუსეთში სანქციები და თქვენი მოლოდინი როგორია – რომელმა სანქციამ შეიძლება შეცვალოს რუსეთის მიდგომა?
იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტ სანქციას ვნახავთ, მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური და სურათის შემცვლელი შესაძლოა აღმოჩნდეს სუვერენულ ვალთან დაკავშირებული სანქცია. მოგეხსენებათ, რუსეთს 500 მილიარდამდე საგარეო ვალი აქვს და რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობა სწორედაც დამოკიდებულია დასავლეთის ფულზე. სრულფასოვანი მიდგომა თუ განხორციელდა ამ მიმართულებით, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრემლს და პუტინის რეჟიმს.
ასევე, პუტინის პირადი გარემოცვის დასანქცირება, რომლებიც უშუალოდ არიან პუტინთან დაკავშირებულები, გამოიწვევს შიდა პრობლემებს კრემლში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს აღმოაჩნდეთ გეგმა B, რომლის მიხედვითაც პუტინის გარეშე მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, რომ უარეს პანიკაში არ ჩავარდნენ.
რაზეა დამოკიდებული ამ სანქციების ეფექტურობა?
აქ საუბარია, რამდენად ერთმნიშვნელოვნად შეფასდება ეს სანქციები რუსეთში. საუბარია ასევე რუსეთის გათიშვაზე საერთაშორისო საფინანსო ქსელებიდან, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ თუ მოსკოვში დაიჯერებენ, რომ ნამდვილად აღარაფერზე უკან აღარ დაიხევს დასავლეთი, მაშინ ჩვენც უნდა მოველოდეთ იმას, რომ გარკვეული ცვლილებები დაიწყება.
მაგალითად, „ნორდ სტრიმ 2-ის“ შეჩერება არის კარგი მაგალითი, რომ ის კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა. გააჩნია, როგორ იფიქრებენ ახლა რუსეთში, ეს შეჩერება შესაძლოა შეწყვეტით დასრულდეს, თუ რაღაც პერიოდს გადააგორებენ და შემდეგ განახლდეს.
ახლა მთავარია, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება დასავლეთის ერთიანობა და ამ პროცესის უწყვეტობა კრემლისთვის. თუ ეს ორი ფაქტორი სახეზეა და კრემლმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობის მუდმივობა, რომ, მაგალითად, სანქცირების რეჟიმი უწყვეტია და ეს გაგრძელდება საბოლოო შედეგების დადგომამდე, ანუ აღიარების უკან წაღებაზე, ჯარის გაყვანაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, სრულიად სხვანაირად დაიწყებს კრემლი მოქმედებას და ამასობაში, პუტინს ძალაუფლებაც შემოეცლება.
ფეისბუქში წერდით, რომ „პუტინი წააგებს ამ ომს, ის მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის ზღვარი?“. საინტერესოა, სად არის ზღვარი ამ პროცესში?
რა თქმა უნდა, საფიქრალია, რა იქნება მსხვერპლი, რასაც კრემლი მოითხოვს. მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ შეჩერდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგი ფაზა, რაც ჯერჯერობით სახეზეა. მაგრამ სანქციების სიმკაცრესა და დასავლეთის ერთობაზე იქნება ეს დამოკიდებული. არანაირი ბზარი ამ ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე.
რამდენად გართულდება პუტინის უკან დახევა ახლა – დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემდეგ?
რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები აქვს პუტინს მისაღები. 2008 წელსაც ამას განვიხილავდით, რომ ყველაზე მძიმე იყო ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არა თავად ამ ფაქტის გამო, რომ აღიარება მოხდა, არამედ იმის გამო, რომ ასეთი ფაქტის უკან წაღებაა ყველაზე რთული, განსაკუთრებით იმ ტიპის მმართველისთვის, როგორიც პუტინია. ძალიან სერიოზული მიზეზები სჭირდება ახლა პუტინს იმისთვის, რომ ეს აღიარებები უკან წაიღოს. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სამხედრო შენაერთების გაყვანა იქიდან, აღიარების უკან წაღება იქნება ბევრად უფრო მძიმე პუტინისთვის პოლიტიკურად, ვიდრე ჯარის გაყვანა. მას ყველა საბაბი უნდა მისცეს დასავლეთმა ამისთვის, რომ უფრო მეტი საფრთხე დაინახოს, ვიდრე ეს არის რეპუტაციის შელახვა.
რამდენად შეიძლება შეიცვალოს ევროკავშირის და ნატოს მიდგომა – ზელენსკიმ მიუნხენის სამიტზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ღია კარზე უფრო მნიშვნელოვანი კონკრეტული გადაწყვეტილებებია.
მე არ ველოდები მადრიდის სამიტზე, ნატოს შესასვლელში, წითელი ხალიჩის დაგებას, თუმცა ახლა ვითარება სწორედ იმ დინამიკაშია, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზუსტად ისე, როგორც 2001 წელს, როცა არავინ ელოდა ნატოს ფართომასშტაბიან გაფართოებას, მაგრამ შემდეგ იყო 11 სექტემბერი და უცებ ამდენი სახელმწიფო მიიღეს ნატოში.
ასე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ საქმეში ყველაზე დიდი მოკავშირე ჩვენთვის არის პუტინი, მის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ექსტრემალურ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ნატოს შემდგომი გაფართოება. მე არ გამოვრიცხავ ამას მადრიდის სამიტზე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ეს ერთობა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.
რა შეიძლება მოხდეს, მათ შორის, საქართველოში, თუ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინაში ვერ შეაჩერებს დასავლეთის სანქციები?
უკრაინა თუ დამარცხდა ამ ომში, აი, გამოთქმა არსებობს: „ქათამმა თქვა, ძროხა დაკლეს და მეც დამაკლესო“, ჩვენც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მაგრამ ეს არ არის ის სცენარი, რომელიც დღეს ლეგიტიმურია განსახილველად.
მთავარი სხვაობა, რაც ახლა 2008 წელთან არის – დასავლეთმა დაიჯერა და საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინის მარცხი მათი მარცხია. მათ დაიჯერეს და საუბრობენ ამაზეც, რომ მოსკოვი კიევში სინამდვილეში ომობს ვაშინგტონთან, ბრიუსელთან, ლონდონთან და არა კიევთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალია რისკები მათთვის და ეს რისკები გაცნობიერებულია. ეს რისკები კი, კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის მარცხის ალბათობას.
იზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველო არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსეთმა წააგო საინფორმაციო ომი? თუ ეს ასეა, რას აჩვენებს საქართველოს პოზიციები დღეს – ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პოზიციონირებას.
რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან 2008 წლის გაკვეთილი, სამწუხაროდ, დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ ახლა ისწავლა დასავლეთმა.
ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშიც კია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ ფუნდამენტური სიგიჟე, ძალიან დიდი შეცდომა არ ჩაიდინოს კობახიძის იდეოლოგიით ქვეყნის პრემიერმა. ამასობაში, იმედია, არჩევნებიც მოგვისწრებს და იმედია, გვეშველება.
რა შეიძლება იყოს ეს „ძალიან დიდი შეცდომა“?
უკიდურეს სიტუაციაში ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის ნეიტრალიტეტზე პოზიციონირებით, ნატოზე უარის თქმა და სხვა ტიპის პოზიციონირება. ეს არის მაქსიმალური პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენ უახლოეს მომავალში დაგვიდგეს. ამაზე დღეს საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, თუმცა კარგად ვიცით, ვინ დგას მათ უკან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თურქეთის შემდეგ რუსეთი მეორე ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა საქართველოში.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია 85 მილიონ 929 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მილიონ 684 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია.
წინა, 2021 წლის იანვართან შედარებით კი, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან იმპორტი 30,2 მილიონი დოლარითაა გაზრდილი, მაშინ, როცა ექსპორტი რუსეთში გაზრდილია მხოლოდ 19,9 მილიონი დოლარით.
მთლიანობაში კი რუსეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში 43 მილიონი დოლარით მეტი პროდუქციაა შემოტანილი, ვიდრე გატანილია [ეს მაჩვენებელი გასული წლის იანვარში 33 მილიონი დოლარი იყო].
2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია:
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 12,5 მილიონი დოლარის
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 8,5 მილიონი დოლარის
სატელეფონო აპარატები – 3,7 მილიონზე მეტი დოლარის
ხორბალი და მესლინი – 3,5 მილონი დოლარის
მარგარინი – 3,3 მილიონი დოლარის
დანარჩენი საქონელი – 54,1 მილიონი დოლარის
2022 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში გატანილია:
ფეროშენადნობები – 13,2 მილიონი დოლარის
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 8,7 მილიონი დოლარის
მინერალური და მტკნარი წყლები – 4,7 მილიონი დოლარის
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან – 2,9 მილიონი დოლარის
ციტრუსის ნაყოფი- ახალი და გამხმარი – 2 მილიონი დოლარის.
დანარჩენი საქონელი – 11 მილიონი დოლარის.
ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის [2022 წლის იანვრის მონაცემებით], თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდიან: ჩინეთი, უკრაინა, ბულგარეთი, აშშ, იაპონია, გერმანია და სომხეთი.
რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ თურქეთს. თურქეთიდან საქართველოში გასულ წელს 93,3 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, საქართველოდან კი – 21,4 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა.
ტყეებში ხანძრის შემთხვევები 21-ე საუკუნის ბოლოს 50%-ით უფრო ხშირი მოვლენა იქნება – ნათქვამია გაეროს უახლეს ანგარიშში.
გაერო გვაფრთხილებს ტყეების უკონტროლო ხანძრის შესახებ, რომელიც ემუქრება პლანეტის იმ ადგილებს, რომელთაც აქამდე ხანძარი საერთოდ არ შეხებია. ნაირობიში გამართული გარემოსდაცვითი ასამბლეის წინ გაეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ არქტიკაც კი, რომელიც მანამდე ამ მხრივ იმუნური იყო, ახლა დგას ტყეებში ხანძრის მზარდი რისკის წინაშე.
„ისეთ ადგილას, როგორიცაა არქტიკა, დიდი ალბათობით, საუკუნის ბოლოსთვის ხანძრის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, იმატებს ხანძარი ინდონეზიისა და სამხრეთ ამაზონის ტროპიკული ტყეების ტერიტორიებზე, თუ სათბურის გაზების გამონაბოლქვი არსებული ტემპით გაგრძელდება“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
კლიმატის მზარდი კრიზისი და მიწის გამოყენების ცვლილებები იწვევს ტყეებში ხანძრის გლობალურ ზრდას. 2030 წლისთვის [2010-2020 წლებში დაფიქსირებული ხანძრის შემთხვევების რაოდენობასთან შედარებით] მოსალოდნელია – 14%-იანი, 2050 წლისთვის კი 30%-იანი ზრდა – ნათქვამია გაეროს ანგარიშში, რომლის მომზადებაში 50-ზე მეტი საერთაშორისო მკვლევარი მონაწილეობდა.
მკვლევრები მოუწოდებენ მთავრობებს, რომ ტყეებში ხანძართან საბრძოლველად შეიტანონ რადიკალური ცვლილებები სახელმწიფო ხარჯებში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობები ფულს არასწორ ადგილას დებენ საგანგებო სამსახურების მუშაობაზე ფოკუსირებით, როცა ხანძრის თავიდან აცილება უფრო ეფექტური მიდგომა იქნებოდა.
ტყეებში ხანძარზე პირდაპირი რეაგირება ახლა იღებს დაფინანსების 50%-ზე მეტს, ხოლო დაგეგმვა და პრევენცია – 1%-ზე ნაკლებს. ანგარიშის ავტორები ითხოვენ „ცეცხლისთვის მზა ფორმულას“ ინვესტიციების ისეთი დაბალანსებით, სადაც ნახევარი დაიხარჯება დაგეგმვაზე, პრევენციასა და მომზადებაზე, დაახლოებით მესამედი – რეაგირებაზე და 20% – აღდგენაზე.
„გარდიანი“ ანგარიშის ავტორებზე დაყრდნობით წერს, რომ არსებობს მრავალი ბუნებრივი გამოსავალი, მათ შორის, ლანდშაფტების მართვა მათი საძოვრებად გამოყენებით, რათა შემცირდეს აალებადი მასალების რაოდენობა ლანდშაფტში, ასევე, ადამიანების სახლებთან ძალიან ახლოს მდგომი ხეები და ა.შ.
„ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ თუ მსოფლიო გასცემს ფულს ხანძრის პროაქტიული მართვისთვის, ექსტრემალური ხანძრის შემთხვევები აღარ იქნება, რადგან ეს გამოწვეულია გლობალური კლიმატის ცვლილებით, თუმცა ეს ნამდვილად დაგვეხმარება ზემოქმედებისა და ზიანის მინიმუმამდე დაყვანაში“ – ამბობს „გარდიანთან“ საუბრისას პროფესორი სალი არჩიბალდი, იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის ეკოლოგი, რომელიც ჩართული იყო ანგარიშის მომზადებაში.
65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა.
ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება.
„ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების დახმარებით შემეძლო სიარული, ახლა აღარ შემიძლია.
როცა ჩემი ძმა აქეთ იყო, ყურადღებას მაქცევდა, მაგრამ მას და მის ცოლსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და წასული არიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. უკვე 4 თვეა, რაც სრულიად მარტო ვარ“, – ამბობს ეთერი.
ეთერის შემოსავალი პენსიაა. მან გვითხრა, რომ პენსია წამლებისთვისაც კი არ არის საკმარისი და ხანდახან თავად ექიმები ეხმარებიან წამლების შეძენაში.
„პენსიაზე ვარ დამოკიდებული, ისეთი შემთხვევებიც მქონია, ექიმი რომ წამლებს გამომიწერს, შევეცოდები და ფულსაც მაძლევს მათ შესაძენად, 15-20 ლარს.
წამლებზე 200-ლარიანი ვაუჩერი გვაქვს წელიწადში, 200 ლარი ერთ თვეში გაიხარჯება და შემდეგ რა უნდა ვქნათ?! შეიძლება უჭმელობა მოითმინო, მაგრამ წამლის, გამაყუჩებლების გარეშე ვერ გაძლებ“.
ქალი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მან გვითხრა, რომ მალე შეშაც გაუთავდება და ხულოს ცივ ზამთარში გათბობის გარეშე დარჩება.
„ამ თვის ბოლომდეც არ მეყოფა ალბათ შეშა, რაც მორჩენილი მაქვს და შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი.
მქონია დღეები, როცა შეშის უქონლობის გამო გათბობა საერთოდ არ მქონდა. ასეთ დღეებში ვცდილობ, რომ საწოლიდან საერთოდ არ ავდგე, მაგრამ გშივდება ადამიანს, ხომ უნდა ჭამო, ილოცო, რამდენ ხანს შეიძლება იწვე“, – ამბობს ეთერი.
მისი თქმით, ადრე კერვა და ქარგვა შეეძლო, მაგრამ ახლა აღარ შეუძლია, რადგან მუდმივად აწუხებს ხელების ტკივილი და უღონობა.
„მეზობლები მიდგანან გვერდში. ამ სახლში ჩემმა ძმამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ როგორმე ჩემით საჭმელი მოვიმზადო. ადრე შემეძლო ხელსაქმე, ახლა აღარ შემიძლია, ხელებიც მტკივა და ამიტომ მიჭირს“, – გვითხრა მან.
ეთერის თქმით, გარეთ შემოდგომის შემდეგ არ ყოფილა, რადგან ხულოში წელს დიდთოვლიანი ზამთარია, ეთერი კი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. ამასთან, ხულოს ინფრასტრუქტურა მოხერხებული არ არის ეტლით მოსარგებლეებისთვის.
„მხოლოდ ერთი მეზობელი მყავს, ვისთანაც შემიძლია მივიდე, პანდუსი აქვს, სხვაგან ვერსად მივდივარ. ეტლის გარეშე მე ვერ წავალ, ეტლი არ მიდის ადამიანებთან.
შემოდგომის შემდეგ არ ვყოფილვარ გარეთ. ელექტროეტლი რამდენიმე წელია რაც მაქვს, თუ მეზობლები არიან ახლოს, ისინი მეხმარებიან, თუ არავინაა, ჩემით გადავჯდები ხოლმე, მიჭირს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ“, – ამბობს ეთერი.
ეთერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეტლით მოსარგებლეებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ხულოში და მით უმეტეს მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში, ცხოვრება ხანგრძლივ და ცივ ზამთარში რთულია – მათ ხშირად სჭირდებათ ექიმების დახმარება, ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გადაადგილება არამხოლოდ ზამთარში, ზაფხულშიც ძალიან რთულია.
ქალის თქმით, გასულ წელს 4-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში, გადაიტანა კოვიდიც.
„ხშირად ვხვდები ავად და ექიმები ხანდახან თვითონ მოდიან ჩემთან. მე თაგოდან ვარ, ხულოში ბინა მქონდა, რომელიც დამეწვა. გამგეობაში მეუბნებოდნენ, წადი და სოფელში დაჯექიო, მაგრამ ყოველთვის, მაგალითად, ზამთარში, როცა მაღალია თოვლის საფარი, ექიმი მოვა და დახმარებას გამიწევს? ექიმებთან ახლოს უნდა ვიყო, რადგან სულ მჭირდება მათი დახმარება.
ჩვენი საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრება სოფლებში ძალიან რთულია. ჩვენ არ შეგვიძლია შორს წასვლა, ამიტომ აუცილებელია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს ხულოში. ხელში უნდა ამიყვანონ, რომ მანქანაში გადამიყვანონ და სადმე წავიდე.
ადრე, როცა ექიმთან ვიყავი წასასვლელი, ჩემს ძმას ავყავდი ხელში, მსვამდა მანქანაში და ასე მივყავდი საავადმყოფოში, ახლა მარტო ვარ დარჩენილი“, – ამბობს ეთერი.
ეთერი ამბობს, რომ ხულოში ბინა მამისგან დარჩა, რომელიც გაიფორმა კიდეც, მაგრამ შენობა დაიწვა და მის ნასახლარზე იუსტიციის სახლი ააშენეს, თვითონ წინააღმდეგი იყო და ბინით დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ.
„ჩემს ნასახლარზე უკვე ააშენეს სხვა შენობა. ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი აჭარიდან] შემპირდა, ამ შენობას მე ვაშენებ და ბინით დაგაკმაყოფილებო. ახლა მეუბნებიან, შენ ბინა გქონდა გაფორმებული და არა მიწაო“, – ამბობს ეთერი.
დღეს, 23 თებერვალს, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 156 მძღოლი დააჯარიმა, მათგან 27 ტროტუარზე დგომის გამო.
პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დააჯარიმეს 111 ადამიანი, 5 – ნიშანში დგომისთვის, 9 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მათგან 2 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 1 – შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე, 1 კი – ველობილიკზე.
ეს ფოტოები ბოლო ორი დღის განმავლობაში, 22-23 თებერვალსაა გადაღებული.
დღეს, 23 თებერვალს, ოკუპაციიდან 101-ე წელს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან შეიკრიბნენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, მოქალაქეები უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთი კვლავაც იტაცებს მცოცავი ოკუპაციით, ასევე უკრაინასა და ბელარუსს, სადაც მიმდინარე პროცესები რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.
მემორიალთან შეკრებილებმა დღეს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ იუნკრების მემორიალი მისთვის სიმბოლური ადგილია, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები.
„ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც ვიბრძვით ჩვენთანაც, უკრაინაშიც და ბელარუსშიც. თავისუფლებისთვის ბრძოლას არ აქვს საზღვრები. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ბელარუსს და პატივს მივაგებთ ჩვენს გარდაცვლილ იუნკრებს, რომლებიც შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისუფლების ანტონიმად იქცა თანამედროვე მსოფლიოში”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ბელარუსიის მოქალაქე აქციაზე ბათუმში
ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან იმყოფებოდა დღეს ბელარუსიდან გამოქცეული სერგეი კრუჩკოვიც ბელარუსის სხვა მოქალაქეებთან ერთად.
„ჩემს ქვეყანაში ახლა ათი ათასამდე რუსი ჯარისკაცი დგას. მინდა წავიდნენ ჩემი ქვეყნიდან. პუტინს მიაჩნია, რომ ქვეყნები „ცუდად” გრძნობენ თავს რუსეთის გარეშე. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მადლობა, მაგრამ არ სჭირდებათ ჩვენს ქვეყნებს რუსეთის მოტანილი „სიკეთეები“, მიხედონ საკუთარ ქვეყანას. ჩემი აქ დგომით მინდა პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას და მხარი დავუჭირო უკრაინას ამ მისთვის რთულ დროს.
მინდა ასევე ვისურვო, რომ ჩემი სამშობლო, ბელარუსი, სადაც აღარ ჩამესვლება, მალე იქცეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩემს ბელარუს ხალხს, ვისაც პუტინის მიერ მხარდაჭერილ, დიქტატორ ლუკაშენკოს რეჟიმში უწევს ცხოვრება“, – ამბობს ბელარუსის მოქალაქე სერგეი კრუჩკოვი.
სერგეი კრუჩკოვი
საქართველოში დღეს 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში რუსეთის წინააღმდეგ, დაიღუპნენ 20-25 წლის იუნკრები თბილისის სამხედრო სკოლიდან.
იუნკრების ხსოვნის დღე, 23 თებერვალი, 2010 წლიდან აღინიშნება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
აჭარაში ბევრი სოფელია, რომელთა სახელწოდებაშიც გვარი გვხვდება. მაგალითად: ქოქოლაძეები, ირემაძეები, ხაბელაშვილები და მრავალი სხვა. სოფლების ამგვარი სახელდების ისტორია დღემდე კვლევის საგანია. როგორ და რატომ დაარქვეს სოფლებს გვარი? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს – მამია ფაღავასა და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ.
ბსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის გვარით სახელდების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ტოპონიმიკას უკავშირდებოდეს.
„როცა ტოპონიმიკაზე ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ერთ ცნობილ გამონათქვამს, რომ ტოპონიმიკა არის მიწის ენა. მიწას ყოველთვის ეტყობა იქ მცხოვრები ხალხის ნაკვალევი, იქაური ფლორა-ფაუნა და ზოგადად, ყველაფერი აისახება ტოპონიმებში.
სახელდების ნიშანი შეიძლება გაქრეს, მაგრამ ისტორია ტოპონიმში განაგრძობს არსებობას, ამიტომაც ტოპონიმიკის კვლევას აქვს ძალიან დიდი ლინგვისტური და ისტორიული მნიშვნელობა.
კონკრეტული მაგალითი რომ გითხრათ – როდესაც სახელმდებელმა ამ ტერიტორიას დაარქვა „ბათუმი“, მან საამისოდ რაღაც ნიშანი აიღო. დრო გავიდა და ეს ნიშანი დავიწყებას მიეცა, მაგრამ „ბათუმი“ დარჩა. საუკუნეებს ითვლის ეს სახელწოდება“ – ამბობს მამია ფაღავა.
როგორც ის აღნიშნავს, კონკრეტული გვარით სოფლის სახელწოდების მიზეზი ამ ადგილას მცხოვრები, დომინანტი გვარის არსებობით აიხსნება:
„გვარი, დღევანდელი გაგებით, ქართულ (და არა მარტო) კულტურაში შედარებით გვიანი წარმონაქმნია. თავდაპირველად უნდა გვქონოდა ოჯახის (ქოხის – სახლის მნიშვნელობით) სახელწოდება, რომელთაგან ბევრი მომავალში საფუძვლად დაედო გვარ-სახელს, რითაც აღინიშნა ამ ოჯახის საცხოვრისიც.
სოფელში ოჯახები ქმნიდნენ უბნებს და თავდაპირველად იყო ერთი დიდი უბანი, ზოგჯერ – სოფელიც, პატრიარქალური ოჯახის საცხოვრისად გამოყოფილი. აქედან იწყება ასეთი გეოგრაფიული სახელების წარმოქმნა.
შემდეგ, როდესაც გაჩნდა ძე-ზე, შვილზე, იან-ზე, ვა-ზე და ა.შ. დაბოლოებული გვარები, ბუნებრივია, ესეც აისახა სოფლების სახელწოდებებზე.
მაგალითად, ირემაძეები – ამ სოფელში შეიძლება სხვა გვარებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ დომინანტი გვარი ეს იყო და დაერქვა მისი სახელწოდება. აქვე შეიძლება დავასახელოთ: გოგაძე/გოგაძეები და ხაბელაშვილები.
სოფელი ირემაძეები, ხულო
უფრო ძველი არის -იან და –ეთ სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელები, რომლებიც პატრიარქალური ოჯახის სამოსახლოს აღნიშნავენ სოფელში და ქმნიან უბანს. სხვაზე კარგად ისინი შემოინახა მაჭახელმა. აქ გვხდება ასეთი გეოგრაფიული სახელები: ძნელიეთი – ძნელას ოჯახის საცხოვრისი, სოფლის უბანი (ძნელა ადამიანის საკუთარი სახელია, რაც მოგვიანებით დაედო საფუძვლად გვარს ძნელაძე – ძნელასძე); კახიეთი – კახის ოჯახის საცხოვრისი; ქოქლიეთი – ქოქოლას ოჯახის საცხოვრებელი ადგილი; მოსლიეთი – მოსულას სამოსახლო და მრავალი სხვა.
რაც შეეხება -იან სუფიქსიან ტოპონიმებს, ასეთი გვხვდება ისტორიულ ტაოში: ბასლიანი (ბასილიანი – ბასილეთი), ნაბიანი, თოფლიანნი, ხოჯიანი… ჩამოთვლილ გეოგრაფიულ სახელებს ზოგს ადამიანის საკუთარი სახელი უდევს ფუძედ, ზოგსაც – მეტსახელი.
სხვათა შორის, ჭოროხის ხეობაში დასახლების ერთ-ერთი პრინციპი იყო ოჯახების მიხედვით განაწილება, ე.წ. „ქოხის სახელების“ ასახვა სოფლის უბნებში.
ეს პრინციპი საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება, თუმცა აქ განსაკუთრებით შეიმჩნევა.
აი, ჩემს სოფელს რომ ვუყურებ, ორთაბათუმს ვგულისხმობ, იქაც ასე ჩანს დასახლების პრინციპი – ერთი გვარი და ნათესაობა სოფელში ერთ უბანშია თავმოყრილი – ბრუნჯაძეები, გურგენიძეები, ფაღავები და მერე ფაღავების შტო განსხვავებულ ადგილებზე. დანაწილების ეს პრინციპი, როგორც ჩანს, ყველგან არის დაცული“.
ტოპონიმიკის ვერსიასა და საკუთარ სახელთაგან წარმოშობილი გვარებით სოფლების სახელდებას ეთანხმება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ხალვაშიც.
რამაზ ხალვაში
„როგორც წესი, გვარ-სახელში აისახება წინაპრის სახელი ან ზედმეტსახელი. ასეთია, მაგალითად, სოფელი ქოქოლაძეები ან ჭინკაძეები ქედაში. შესაძლოა, ქოქოლა იყო სახელი ან ზედმეტსახელი, ჭინკაც ასევე, მერე ფორმირდა გვარად და სოფელსაც შესაბამისად ეწოდა სახელი.
აი, მაგალითად, აჭარაში დასახლებას ჰქვია ხელვაჩაური. ჩემთვის სარწმუნო ვერსიით, ხელვაჩაური არის ხალვაშაური, ხალვაშების გვარს უკავშირდება ამ ტოპონიმის წარმოშობა. აჭარული დიალექტისთვის ნიშანდობლივი მოვლენით -შ შეიცვალა -ჩ ბგერით და ასე გახდა ხალვაშაური ჯერ ხალვაჩაური, საბოლოოდ, ხელვაჩაური“ – ამბობს რამაზ ხალვაში.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა გვარებად წოდებული სოფლებიდან იმ გვარის მქონე მოსახლეობა მთელ საქართველოში გაფანტულა, თუმცა სახელწოდება ადგილს მაინც შეუნარჩუნებია:
„სოფელი სიხალიძეები მდებარეობს ქედაში, მერისის თემში. სახელწოდება მომდინარეობს სიხარულიძეების გვარიდან, ოღონდ ქედის რაიონისთვის დამახასიათებელი ფონეტიკური ცვლილება განუცდია, ამოვარდნილა ბგერა -რ და შეერქვა სიხალიძეები.
სავარაუდოდ, სიხარულიძეები ოსმალების შემოსევის დროს გადასახლებულან გურიაში და ამ გვარის არცერთი წარმომადგენელი აღარ ცხოვრობს სიხალიძეებში.
აი, თუნდაც ოქრუაშვილები. ისინი ქართლში ცხოვრობენ, სავარაუდოდ, ხულოს რაიონიდან უნდა იყვნენ წარმოშობით, სოფელ ოქრუაშვილებიდან, სადაც ერთი ოქრუაშვილიც აღარ ცხოვრობს“.
მსგავს შემთხვევაზე საუბრობს მამია ფაღავაც:
„ბუნებრივია, გეოგრაფიულ სახელში აქ მცხოვრები გვარების თუ ოჯახების სახელებიც გვხვდება და თან ძალიან ხშირად.
საინტერესოა გვართა მიგრაციის თვალსაზრისით ამის შესწავლა.
მაგალითად: ზემო აჭარაში არის სოფელი ხაბელაშვილები, დღეს არც ერთი ხაბელაშვილი იმ სოფელში აღარ ცხოვრობს, მაგრამ მიწამ, გეოგრაფიულმა სახელმა, შეგვინახა ინფორმაცია, რომ იქ ოდესღაც ხაბელაშვილები სახლობდნენ.
ასეთი მრავალი შემთხვევის დასახელება შეიძლება: პაპოშვილები – აღარცერთი პაპოშვილი იქ აღარ სახლობს; კავკასიძეები – ისინი ქართლში გადასახლდნენ; ციციშვილები ფანასკერტიდან არიან მოსული; უზნაძეები, მუხაძეები და კიდევ მრავალი სხვა, ვინც გადასახლდა (ალბათ, კუთხის ოსმალების დაპყრობის შემდეგ) და აღმოსავლეთ საქართველოში დაიდო ბინა“.
მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის სახელწოდება ინახავს ისტორიას და არის შემთხვევები, როცა სოფელი ძველ სახელწოდებას იბრუნებს:
„დავუშვათ, ერქვა სოფელს კონკრეტული სახელი, საბჭოთა პერიოდში შეუცვალეს სახელი, შემდეგ კი მოსახლეობამ დაუბრუნა სოფელს პირვანდელი სახელწოდება. ძველ ორთაბათუმს კომუნისტების დროს, საბჭოთა პერიოდში, ჩაისუბანი უწოდეს, მოგვიანებით, არცთუ დიდი ხნის წინ, სოფელმა დაიბრუნა ძველი სახელი, – ორთაბათუმი.
მისი თქმით, გვარების მიხედვით განსახლების პრინციპი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზეც არის შენარჩუნებული:
„ისტორიულ ტაოში, ნაწილობრივ კლარჯეთშიც გვხვდება კარ-ფუძიანი ანთროპონიმული წარმოშობის გეოგრაფიული სახელები: დოლენჯიანკარი, ვაჩეკარი, ცუცეკარი, წითლევკარი, კრაეკარი, ხუცეკარი, ომერიანკარი და ა.შ.“ კარი ამ შემთხვევაში ეზოს, კარ-მიდამოს აღნიშნავს.
დღეს, 23 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები ტრანსპარანტებს მიღმა ყველაზე ხშირად სიტყვა „ისტორიულს“ ახსენებდნენ – „საკონსტიტუციო სასამართლოს 3 დღე დარჩა, რომ დემოკრატია დაიცვას, ეს ისტორიული მომენტია,“ – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.
სამოქალაქო ორგანიზაციები – „არ გადადო“, „სირცხვილია“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლეებს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის განხილვა მოსთხოვეს.
საქმე უნდა განიხილოს პირველმა კოლეგიამ, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ვასილ როინიშვილია. კოლეგიაში შედიან ასევე: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.
აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას ითხოვენ
უფლებადამცველების აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არაკონსტიტუციურია და ეს ამ უწყების მიერ მიღებულ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო თოლორაიას შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და სადავო ნორმას არ შეაჩერებს, დავის საბოლოოდ მოგების შემთხვევაშიც კი, ვეღარაფერი შეიცვლება.
„ყველას ახსოვს ხომ ბოლო სცენა, რაც პუტინმა დადგა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. იქ ხომ ცალსახად ჩანდა, რომ ზედმეტია საუბარი დამოუკიდებელ უწყებებზე, ასე მოხდება ჩვენთანაც, თუ ინსტიტუციური დემოკრატია არ იარსებებს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. საია ლონდა თოლორაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს.
პაატა დიასამიძე ხაზს უსვამს იმას, რომ შეუძლებელი იქნება დემოკრატიის განვითარება, თუკი სახელმწიფო უწყებებს ექნებათ განცდა, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ პარლამენტი გააუქმებს.
„პრაქტიკა იქნება უკვე ეგ, დაცვის მექანიზმი აღარ იარსებებს, თუ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაიცავს დემოკრატიას… დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება მუდმივად საფრთხის ქვეშ, ვინც არ უნდა დანიშნონ რომელიმე პოზიციაზე, რადგან ყველას ეცოდინება, რომ ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტი გააუქმებს. ერთადერთი მექანიზმი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოა, რომ ასე არ მოხდეს,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.
„მაქვს იმედი, რომ თუკი მოსამართლეებს აქვთ ოდნავი ღირსება, ამ მნიშვნელოვან მომენტში ისტორიული პოზიცია უნდა დააფიქსირონ, არ დაუშვან ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია. ამის იმედი დღეს მცირეა, მაგრამ მაინც ვეჭიდებით,“ – აღნიშნა ნიაზ ჩიტიძემ, მოძრაობიდან „არ გადადო“.
ამავე მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი ნაგერვაძე აქციაზე მოსამართლის ლურჯი მანტიით მივიდა ძაღლთან ერთად.
„ძაღლი ყველას გახსენებთ მოსამართლე სიჭინავას, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმისთვის ვერ მოიცალა და ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა. ლურჯი ფერის მანტიაც, ცხადია, „ქართულ ოცნებას“ ეძღვნება… ახლა, როცა პრეზიდენტმაც ამ საქმეზე ვერ გაბედა ვეტოს გამოყენება, ერთადერთი ინსტიტუტი რჩება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით,“ – აღნიშნა გიორგი ნაგერვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ მარტამდე უნდა იმსჯელოს ამ შუამდგომლობაზე. „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მიიღო პასუხი, იმსჯელებს თუ არა ამ ვადაში სასამართლო განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე შუამდგომლობაზე, ან რატომ არ ატარებენ სხდომას მოსამართლეები, როცა ისინი პრესცენტრის ინფორმაციითაც სამსახურში ჩვეულებრივად დადიან.
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
__
მთავარი ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე
ავტორები: ელისაბედ მამულაძე, მარიამ ჩხაიძე, „არ გადადოს“ აქტივისტები
_________________________________
ბათუმში ცხოვრებისას ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით – იქნება ეს გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დატბორილი ქუჩები, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები, გაუმართავი შუქნიშნები, არასათანადოდ აღჭურვილი ავტობუსის გაჩერებები თუ სხვა. ამ სტატიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ.
ბათუმის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის გამართვაზე და გაუმჯობესებაზე წლებია მუშაობს, თუმცა, რეალურად, ბათუმში არსებული გაჩერებების უმეტესობას არც კი ეტყობა, რომ მათზე ვინმე ზრუნავს – გაჩერებები არ არის მორგებული ადამიანის საჭიროებებს. თუ გადაწყვეტთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ, გზად ბევრ პრობლემას და უხერხულობას შეეჩეხებით.
თუ თქვენ გაგიმართლათ და თქვენს ქუჩაზე არსებული გაჩერება გადახურულია და დამონტაჟებულია ელექტრონული ტაბლო, მაშინ გილოცავთ, თქვენ პრივილეგირებული აღმოჩნდით, რადგან ელექტრონული ტაბლო ბათუმში, ძირითადად, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე გვაქვს. შესაბამისად, თუ ავტობუსს ცენტრში ელოდებით, გაჩერებაზე, შესაძლოა, არამარტო არ გაწვიმდეთ, არამედ ისიც კი იცოდეთ, თქვენთვის სასურველ ავტობუსს რამდენი წუთი უნდა ელოდოთ. მაგრამ რაც უფრო შორდებით ცენტრს, ასეთი, გადახურულ-ტაბლოიანი გაჩერებების რაოდენობა სულ უფრო მცირდება (განსაზღვრულ უბნებში ნულსაც კი უტოლდება).
სტატიაზე მუშაობისას დავინტერესდით, რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი პირადი გამოცდილება ოფიციალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციისთვის მივაკითხეთ მერიას, ვიკითხეთ, რამდენი გაჩერებაა ქალაქში, მათგან რამდენია აღჭურვილი, ანუ რამდენი გაჩერება არის გადახურული და რამდენ მათგანზე არის ელექტრონული ტაბლო. განცხადება დავარეგისტრირეთ 17 ნოემბერს, თუმცა ინფორმაცია დღემდე არ მოუწოდებიათ. საჯარო ინფორმაცია არ არის ატვირთული ონლაინ სივრცეში.
ოფიციალურ ინფორმაციას არ გვაწვდიან, ამიტომაც მოგიყვებით ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ – ავტობუსების გაჩერებების უმეტესობა არ არის აღჭურვილი, ელექტრონული ტაბლო არ არის, გაჩერებაზე დამონტაჟებული USB დამტენი, ფაქტობრივად, არასოდეს მუშაობს.
გადაუხურავ გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინი თითქმის შეუძლებელია, რადგან ქალაქში საკმაოდ ხშირია წვიმა, ან ძლიერი ქარი, ან ორივე ერთად. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული გადახურული გაჩერებებიც კი სრულიად შეუსაბამოა ბათუმის ამინდებისთვის.
ავტობუსის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიღება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი: ელექტრონული ტაბლოთი, ცხელი ხაზით, SMS-ის გაგზავნით და აპლიკაციით.
როგორც უკვე გითხარით, გაჩერებების უმრავლესობაზე ელექტრონული ტაბლო დამონტაჟებული არ არის. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? წინასწარ ვერ გეცოდინებათ როდის მოვა სასურველი ნომერი, იქნებ კიდევ 5 წუთიც რომ მოიცადოთ, მოვიდეს ან იქნებ თქვენს მოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაიარა და ახლა კიდევ ნახევარი საათი უნდა ელოდოთ?! აღნიშნული პრობლემის გამო, მოქალაქეს უწევს შედარებით ადრე გავიდეს სახლიდან, რათა სასურველ ავტობუსს „დაემთხვეს“. შესაბამისად, თქვენ დროს კარგავთ, ამ დროში ყავას დალევდით ან შვილთან მეტ ხანს იქნებოდით.
ავტობუსის გაჩერება ტაბლოს გარეშე
რაც შეეხება ინფორმაციის მიღების დარჩენილ რესურსებს, ცხელ ხაზზე, ხშირად, სისტემური ხარვეზი აქვთ, SMS შეტყობინებაზე მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვდის, ხოლო აპლიკაცია, ხშირად, გამართულად არ მუშაობს. შესაბამისად, მგზავრებს ისღა დარჩენიათ, რომ დაიმახსოვრონ დროის მონაკვეთი, როდის შეიძლება ჩამოიაროს მათ გაჩერებაზე ავტობუსმა.
ზემოხსენებული პრობლემების ნამდვილობაში პირადად დავრწმუნდით, როდესაც ლერმონტოვის 115 ნომერში ჩავატარეთ „საგამოძიებო ექსპერიმენტი“. 1 წლის წინ აქ სრულიად აღჭურვილი გაჩერება იყო, თუმცა შემდეგ მოსაცდელი „ჯიხური“ აიღეს. დღეს კი ამ ადგილას შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ გაჩერების მიმანიშნებელი ტაბლო, რომელიც არ არის ელექტრონული.
სასურველი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გავგზავნეთ შეტყობინება, თუმცა არ მიგვიღია პასუხი. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლეს, როგორც გვითხრეს – ხარვეზი ჰქონდათ. სანამ ჩვენ ტაბლოზე მითითებული მარშრუტით მოძრავი ავტობუსების მოსვლის დროს ვარკვევდით, მოვიდა 13 და 14 ნომერი ავტობუსები. ეს მარშრუტები ტაბლოზე მოცემულ ჩამონათვალში საერთოდ არ ეწერა. შესაბამისად, ქუჩის მაცხოვრებლებს უწევთ გაურკვეველ ტრანსპორტს, გაურკვეველი დროით, გადაუხურავ გაჩერებაზე ელოდონ.
ბათუმში, მაიაკოვსკის 3 ნომერში ის სიმბოლური, არაელექტრონული ტაბლოც არ არის სკოლის მიმდებარე გაჩერებაზე, რომელიც არ არის გადახურული, არ დგას აბრა, არც სპეციალური ყვითელი ხაზია გზაზე (რაც მიანიშნებს, რომ კონკრეტულად იქ ავტობუსი ჩერდება). ვინაიდან არ არის აბრა, არც ვიცით, რომ არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, შესაბამისად, ვერც იმას გავიგებთ, სად არის ჩვენთვის სასურველი ავტობუსი და რამდენ ხანში იქნება ჩვენთან. სასოწარკვეთილი მომხმარებელი იღებს ტელეფონს, ყიდულობს ინტერნეტს, რომ აპლიკაციით მაინც შეძლოს რამის გარკვევა, თუმცა არც აპლიკაცია ფუნქციონირებს. ამ ქუჩის პრობლემებზე საუბრობენ მოქალაქეები.
როცა გაურკვეველია, სად შეიძლება იყოს ავტობუსის გაჩერება
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კიდევ უფრო პრობლემურია შშმ პირებისთვის. გაჩერებების უმეტესობა არის არაადაპტირებული. ეს ნიშნავს, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ზოგ შემთხვევებში ტრანსპორტი თითქმის ხელმიუწვდომელია მათთვის. არსად ცხადდება, თუ რა გაჩერებაზეა ავტობუსი, ასევე არსად ჩანს ეს ვიზუალურად და არც ბრაილის შრიფტით გაკეთებული რუკები თუ საინფორმაციო ბროშურებია. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ ავტობუსებში დგას მონიტორები, მაგრამ ისინი ან გათიშულია, ან აჩვენებს მხოლოდ რეკლამას.
შშმ პირისთვის, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ავტობუსით დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ზრდასრულ ადამიანებს უჭირთ ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება, იმუშაონ, მეგობრებს შეხვდნენ და არ იყვნენ დამოკიდებული გამცილებელზე.
ისეც ხდება, რომ მძღოლი არ ჩამოდის ავტობუსიდან და თავს იმართლებს, რომ პანდუსი არ იხსნება, რეალურად კი, შესაძლოა, არც იცოდეს, როგორ გახსნას, ან არ ჰქონდეს სპეციალური გასაღები. აქ იკვეთება როგორც ტექნიკური პრობლემა, ისე – მძღოლების გადამზადების აუცილებლობა. ამის გარეშე, შშმ პირებისთვის შექმნილი სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.
ქალაქში ტრანსპორტირების მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროდ მიგვაჩნია მათი გადაჭრის გზებზე საუბარი.
კერძოდ, რადგანაც ქალაქში ხშირია სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილება, სასურველია, ყველა გაჩერებაზე დამონტაჟდეს ელექტრონული ტაბლო, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ნომერი ავტობუსი ჩერდება კონკრეტულ გაჩერებაზე და როდის.
გასული წლის ბოლოს, 2021 წლის დეკემბერში ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულება – ხელმოწერილია. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვაზე 55 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქში დამატებით 50 ახალი ტაბლო მოეწყობა. ამასთან, ბათუმის ავტოტრანსპორტი GPS მოწყობილობებსაც შეიძენს – ჯამში 180 ერთეულს. თუმცა, რადგანაც არ გვაქვს ინფორმაცია ქალაქის რამდენ გაჩერებაზე არ არის ელექტრონული ტაბლო დამონტაჟებული, შესაბამისად ვერც იმას ვიტყვით, რამდენად საკმარისი იქნება ქალაქისთვის მოცემული შესყიდვა.
გაჩერებებზე დატანილი უნდა იყოს ავტობუსის ხაზის რუკები, რათა ნებისმიერმა შეძლოს გაარკვიოს რა მარშრუტით გადაადგილდება ტრანსპორტი. აუცილებელია ინფორმაციის მიღების რესურსებიდან (ცხელი ხაზი და აპლიკაცია) თუ ყველას არა, ერთ-ერთის მოწესრიგება მაინც, რათა ინფორმაციის მიღების საშუალება გაჩნდეს ელექტრონული ტაბლოების შემოტანამდე.
როგორც ეტლით მოსარგებლეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, უმჯობესია ავტობუსებს პანდუსი ჰქონდეს ან წინ ან შუა ნაწილში. რადგანაც ავტობუსს უკან აქვს პანდუსი, მათთვის უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად ასვლა ტრანსპორტში და მძღოლიც ვერ ახერხებს ხელსაყრელად ავტობუსის გაჩერებას. უსინათლოებისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი რომ გახდეს, საჭიროა აპლიკაცია იყოს მათზე ადაპტირებული (დაემატოს ხმოვანი ფუნქცია) და უშუალოდ ავტობუსშიც ხმამაღლა უნდა აცხადებდნენ გაჩერებებს.
ავტობუსის გაჩერება, სადაც არაფერი არ მუშაობს
საჭიროა არსებობდეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე. სასურველია, თუ მერია ჩართავს შშმ პირებს სატრანსპორტო ცვლილებების შემუშავების დროს და გაითვალისწინებს მათ აზრს, რათა ტრანსპორტი მეტად იყოს მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს.
ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს განვიცდით, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენივე ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს. ის, რასაც ვითხოვთ, შეუძლებელი არ არის. მეტიც, დღევანდელ სამყაროში სრულფასოვანი გადაადგილება, ფაქტობრივად, ბაზისურ მოთხოვნილებამდეც კი დადის. დღეს ეს პრობლემა აქტუალურია, მაგრამ საკმარისი ყურადღება არ ექცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ და გადაჭრის სტრატეგიები ერთად დავსახოთ.
ბიზნესმენსა და სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა – მას შემდეგ, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა 12-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი გადაუხადა და მორიგება შედგა.
ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ 2020 წლის ნოემბერში წერდა. მუშებმა მაშინ თქვეს, რომ მათ კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს.
გონიოში, სასტუმროს მშენებლობაზე, ეს ადამიანები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყვნენ დასაქმებული. სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს კომპანიის ადმინისტრაცია არ უარყოფდა, თუმცა მიუთითებდა, რომ დასაქმებულებს ეს თანხა სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების გამო გაუქვითეს. დასაქმებულების თქმით კი, სამუშაოები გაჭიანურდა, რადგან კომპანია შპს „ლაბაუ გონიო“ დასაქმებულებს დროულად არ აწვდიდა სამშენებლო მასალებს და ინვენტარს.
„ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 თებერვალს, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.
მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში.
„ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის
მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი აქვს, სწავლის საფასურის დარჩენილ 30%-ს კი საქართველოს განათლების სამინისტრო უფინანსებს.
მიხეილი
მიხეილი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრია, ცდილობს აქტიური სტუდენტი იყოს. მისი თქმით, უნივერსიტეტში მისი მთავარი გამოწვევა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზია, რითაც ვერ სარგებლობს. იხსენებს, რომ როცა უნივერსიტეტში გამართულ თამაშებში – „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდა, სააქტო დარბაზში მოხვედრა მისთვის რთული აღმოჩნდა.
„ჩემთვის ბსუ-ში სწავლა ყველაზე მოსახერხებელი იყო, რადგან ბათუმში ვცხოვრობ და სხვა ქალაქში რომ ჩამებარებინა, ვერავინ მიმიყვანდა უნივერსიტეტში ყოველ დღე. ახლა ონლაინ ვსწავლობ, მაგრამ როცა უნივერსიტეტში დავდიოდი, მამას დავყავდი უნივერსიტეტამდე, რადგან ჯერ ელექტროეტლი არ მქონდა, უნივერსიტეტში კი ლიფტს ვიყენებდი. გამიმართლა, უნივერსიტეტში ლიფტი დამხვდა.
პირველ სართულზე ბუფეტია, იქ ვერ ჩავდივარ… შეკრებებისთვის თავისუფალი სივრცეა, ვერც – იქ. ვერ გადავდივარ პირველ კორპუსში, ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში და ა.შ.
ძირითადად ლიფტით ვსარგებლობ, სულ რამდენჯერმე მომიწია სხვებისთვის მეთხოვა დახმარება შენობაში შესასვლელად, როცა ლიფტი არ მუშაობდა“, – ამბობს მიხეილი.
მან გვითხრა, რომ ბსუ-ში სწავლა მოსწონს, თუმცა სწავლის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეიძლება:
„სასურველია, ბსუ-ს სწავლების სისტემაში მეტი მიმართულება და კადრი იყოს, რაც სწავლის ხარისხსაც გააუმჯობესებდა. კომპიუტერული ტექნოლოგიები სულ ვითარდება და მნიშვნელოვანია, ჩვენც ავყვეთ განვითარების ტემპს“.
ბათუმში კორპუსს, სადაც მიხეილი ცხოვრობს, პანდუსი არ აქვს. კიბით სარგებლობა რომ უფრო იოლი ყოფილიყო, მიხეილის მამამ თავისი ძალებით სახელდახელო პანდუსი მოაწყო, რაზეც ეტლს შედარებით უსაფრთხოდ ატარებს. პრობლემაა ლიფტი მის კორპუსში – ძალიან ვიწროა.
21 წლის სტუდენტს უკვე სამსახურიც აქვს, ზაფხულის შემდეგ პროგრამისტად მუშაობს სამშენებლო კომპანია Elt Building- ში. სამსახურში ყოველდღე დადის და ცდილობს მეგობრებსაც ხშირად შეხვდეს, თუმცა შშმ პირებისთვის ბათუმი არც თუ ისე მეგობრული ქალაქია:
„ქუჩები არ არის ადაპტირებული, არც კორპუსები და ახალ მშენებლობებშიც არ არის გათვალისწინებული პანდუსები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა მან.
მიხეილი პენსიას იღებს, როგორც შშმ პირი. „ელექტროეტლი მაქვს, უფასო მასაჟის პროგრამით ვსარგებლობ, წამლებისთვის გამოყოფილი ჩვენი ვაუჩერი უფრო მეტი რომ იყოს, ძალიან დაგვეხმარებოდა და გაგვიმარტივდებოდა მედიკამენტების შეძენა“, – ამბობს მიხეილი.
„შშმ პირებზე მორგებული სამსახურის პოვნა რთულია“ – ანასტასია, 20 წლის
ანასტასია სკამკოჩაიშვილი 20 წლისაა, ის ბათუმში ცხოვრობს და წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიის სპეციალობის I კურსზე. მისი თქმით, დაბადებიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, მარცხენა ხელის ანომალიის დიაგნოზით.
ანასტასია
„20 წელია, რაც შშმ პირის სტატუსი მაქვს, მარცხენა ხელის ანომალია, თითების განუვითარებლობის დიაგნოზით. პენსია მაქვს მხოლოდ, სხვა სერვისებით არ ვსარგებლობ“ – გვითხრა მან.
ანასტასიამ სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა. რეპეტიტორებთან არ უვლია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ მცდელობაზე არ გაუმართლა, მაგრამ ახლა სასურველ სპეციალობაზე სწავლობს.
„უნივერსიტეტში არ ვარ ნამყოფი, რადგან ონლაინ ვსწავლობ. ონლაინ სწავლებით ბევრ რამეში გარკვევა რთულია, ხან კამერა გათიშული აქვს ლექტორს, ხან მე მაქვს გათიშული და ასე ვერ გაიგებ ბევრ რამეს.
მინდა, რომ აუდიტორიებში განახლდეს სწავლება. სწავლების ხარისხიც გაიზრდებოდა. ძალიან აქტიური ვარ, უნივერსიტეტში სანამ ჩავაბარებდი, ბევრ აქტივობაში ვიღებდი მონაწილეობას, ახლა პანდემიამ შემიშალა ხელი“, – ამბობს ანასტასია.
ანასტასიამ გვითხრა, რომ 16 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ადგილას, თუმცა მისთვის სამსახურის პოვნა არც ისე იოლია. ბოლოს ანასტასია ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.
„მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს. ზოგადად, ეს დაბრკოლება მქონდა ძირითადად, რომ შშმ პირის აყვანასთან დაკავშირებით არც თუ ისე მიმღებლები არიან, ამიტომ ხშირად მაქვს დისკომფორტი. შშმ პირებზე მორგებული სამსახურის პოვნა რთულია. მე მინდა, რომ შეზღუდვები არ იყოს ჩვენ მიმართ და სხვებისგან არ გამოვიყოფოდეთ.
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მე ასე მგონია“, – ამბობს ანასტასია.
ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და თავისუფალ დროს ძირითადად ამ საქმეს უთმობს. ასევე, უყვარს ფოტოების გადაღებაც.
„ვიბრძვი, რომ ადაპტირებული ავტობუსი დანიშნონ ჩემს სოფელში“ – ნიკო, 20 წლის
20 წლის ნიკო ქარცივაძეს ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი.
ნიკო ბსუ-ში ფსიქოლოგიას სწავლობს, მესამეკურსელია. უნივერსიტეტში 50-პროცენტიანი გრანტით ჩააბარა, სწავლის საფასურის ნახევარს კი საქართველოს განათლების სამინისტრო უფინანსებს.
ნიკო
ნიკო სოფელ ახალშენში ცხოვრობს. ჩვენთან იგი სხვადასხვა პრობლემასა და გამოწვევაზე საუბრობს.
აუდიტორიაში მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა, შემდეგ კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ის იხსენებს, რომ უნივერსიტეტში ვერ სარგებლობდა ბიბლიოთეკით, ასევე შეხვედრაზე უნდოდა დასწრება, რაშიც ბევრი ადამიანის დახმარება დასჭირდა, რის გამოც თავი არაკომფორტულად იგრძნო.
„უნივერსიტეტში მამას დავყავდი, შენობა მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუნდაც სასადილოში ჩასასვლელის მოწყობა ჩვენთვის“, – გვიყვება ნიკო.
მისი შეფასებით, დისტანციურმა სწავლებამ უარყოფითი გავლენა იქონია სწავლის ხარისხზე – უნდა, რომ სწავლა აუდიტორიებში განახლდეს.
ნიკო დამოუკიდებლად ახერხებს გადაადგილებას ქალაქში, ადაპტირებული ავტობუსის გამოყენებით. მისთვის მნიშვნელოვანია ადაპტირებული ავტობუსი მოძრაობდეს ახალშენი-ბათუმის მიმართულებით, რათა დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება, ქალაქში ჩამოსვლა მეგობრების სანახავად და პირადი საქმეების მოსაგვარებლად.
„ვცდილობ, რომ ჩვენთვის [შშმ პირებისთვის] განკუთვნილი უფასო ვარჯიშების კურსი გამოვიყენო, თუმცა ყოველთვის ვერ ვიყენებ, რადგან ჩემი ტრანსპორტირება ცოტა რთულია, ახალშენიდან კი ადაპტირებული ავტობუსი არ დადის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება შევძლო სოფლიდან. ვიბრძვი, რომ ადაპტირებული ავტობუსი დანიშნონ ჩემს სოფელში.
უნივერსიტეტში მარტივად დავუმეგობრდი სტუდენტებს, ახლაც მაქვს მათთან ონლაინ კონტაქტი, მაგრამ ვერ ვიკრიბებით ხოლმე, რადგან მე ვერ ჩავდივარ ხშირად ბათუმში“, – ამბობს ნიკო.
ნიკოს ფსიქოლოგიის შესწავლა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდა გადაწყვეტილი. იგი თავისუფალ დროს ცდილობს, რომ დამატებით მასალებს გაეცნოს თავისი პროფესიის ირგვლივ. მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებაა.
ფატიჰ მეიდანი, ქართული გვარით ცვარიძე, თურქეთის ართვინის პროვინციიდანაა, ისტორიული შავშეთის იმერხევის ხეობიდან. ფატიჰს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, საქართველოში ხშირად ჩამოდის და მიმდინარე მოვლენებსაც მუდმივად აკვირდება:
„სულ ვადევნებ თვალს საქართველოში რა ხდება, ბევრ რამეს ვერ ვიგებ, რა რატომ ხდება პოლიტიკაში და ვურეკავ მეგობრებს და ვეკითხები ბევრ რამეს – რა იქნა, რა ხდება, რა უნდა პოზიციას და ოპოზიციას ერთმანეთთან-მეთქი.
ყველაფერს ვადევნებ თვალს. ვინ არ იცის, რომ პუტინს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კვლავ ხელში ჩაგდება სურს. ყველამ იცის აქ, რომ პუტინმა ცხინვალი წაართვა საქართველოს და ახლაც, როცა საქართველოში დაიძინებს ადამიანი საზღვრისპირა სოფლებში, შეიძლება გაიღვიძოს დილას და რუსი ჯარისკაცი დაადგეს თავზე. ეს ხომ უსამართლობაა, ყველა თავის საზღვრებში უნდა დაეტიოს“, – ამბობს ფატიჰი.
ფატიჰ მეიდანი ახლა ართვინის პროვინციის სოფელ ხოფაში მუშაობს, სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. 10 წელი სოფელ მურღულში იყო მასწავლებლად, საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდა არჩევით საგნად ბავშვებს.
ფატიჰ მეიდანი/ცვარიძე მოსწავლეებთან ერთად
მისი წინაპრები შავშეთის იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდან არიან.
ხოფა საზღვრისპირა ქალაქია და ფატიჰიც ხშირად ჩამოდის საქართველოში. გვიხსნის, რომ საქართველოში მისი ბაბუაც დადიოდა ხოლმე. საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს: თბილისშიც, ბათუმშიც. როცა მათ თურქეთში აქვთ საქმე, ფატიჰთან რჩებიან, თუ ფატიჰია საქართველოში, მათი სტუმარია.
პირველად საქართველოში თბილისს ესტუმრა 2010 წელს.
„ბედნიერი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ სახლში ვიყავი, ჩემს ქვეყანაში და ყველა ჩემს ენაზე საუბრობდა ირგვლივ“, – იხსენებს ფატიჰი.
თურქეთში მცხოვრები ქართველი გვიხსნის, როგორ მოახერხა ენის შენარჩუნება. გვიყვება, რომ მამა ართვინიდან სტამბოლში წავიდა სამუშაოდ ჯერ კიდევ ფატიჰის ბავშვობაში, როცა ის 5 წლის იყო. ოჯახი სტამბოლში გადასახლდა, ფატიჰიც იქ სწავლობდა სკოლაში, მაგრამ არდადეგებს ყოველთვის ართვინში, მშობლიურ სოფელში ატარებდა და სულ ქართულად უწევდა საუბარი.
„სანამ სტამბოლში გადავსახლდებოდით მხოლოდ ქართული ვიცოდი. მერე ცოტა თურქული ვისწავლე სკოლაში, მაგრამ სახლშიც, მეგობრებთანაც, სულ ქართულად ვლაპარაკობდით. მხოლოდ სკოლაში და უბნის იქით გვიწევდა თურქულად საუბარი. სტამბოლშიც ვცხოვრობდით უბანში, სადაც სულ ართვინიდან წამოსული ქართველები გვყავდნენ მეზობლად. საღამოს ვახშმად ერთმანეთთან ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ჩვენს ენაზე“, – იხსენებს ფატიჰი სტამბოლში ცხოვრების წლებს.
მისი მონათხრობის მიხედვით, ისტორიულ შავშეთში მის ბავშვობაშიც ამზადებდნენ ქართულ კერძებს, აღნიშნავდნენ ტრადიციულ დღესასწაულებს და უფრთხილდებოდნენ ფოლკლორს.
ფატიჰი გვიამბობს, რომ ქართულ ცეკვას: ხორუმს, განდაგანას და სხვებს ბავშვები ქორწილებში აკვირდებოდნენ და ასე სწავლობდნენ ძირითადად.
იხსენებს, რომ მის ბავშვობაში სოფელში ხშირად ამზადებდნენ აჭარულ კერძებს – ხავიწს, სინორს, ჰასუთას, ყველის მოხრაკულს, იგივე ბორანოს, ყორაიას, ბიშს და ზოგადად ცხიმის, რძის პროდუქტებისა და ცომეულისგან მომზადებულ კერძებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აჭარაში დღემდე ამზადებენ.
ფატიჰ მეიდანი/ცვარიძე
„ჩემს ბავშვობაში აღვნიშნავდით შუამთობას და მარიამობას, ალბათ იცით, რომ შუამთობას მთაზე მიდის ხალხი და ზეიმს იქმან.
მარიამობასაც აგვისტოში დიდი ზეიმი იყო, ცეკვავდა, მღეროდა სოფელი. ლხინი გრძელდებოდა ერთ კვირას. მე ბავშვობაში ორ, სამდღიანი მარიამობა მახსოვს, ჩემი წინაპრები კი ერთ კვირასაც ზეიმობდნენ, ვიცი გადმოცემით“, – გვიყვება ფატიჰი.
შავშეთი მაღალმთიანი ხეობაა. ფატიჰის აღწერით ჰგავს სვანეთს და ტყეებიც აქვს ზოგან. აქ მცხოვრებლები მესაქონლეობას ეწევიან, თავს ძირითადად რძის პროდუქტებისა და ხორცის გაყიდვით ირჩენენ. სახნავ-სათესი ადგილები ბევრი არ არ აქვთ, ოჯახებს მხოლოდ თავისთვის საკმარისი ბოსტნეული მოჰყავთ: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა. შავშეთში ჭალა ბევრია, საქონლის გამოსაკვები ზამთრის მარაგისთვის ამ ჭალებში თიბავენ ბალახს.
„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების ხასიათი. მე არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს, ეს მთავრობის პრეროგატივაა,“ – აღნიშნა დღეს, 22 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას აპირებს ევროკავშირი. დღესვე გერმანიამ შეაჩერა პროექტი – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, როგორც სანქცია რუსეთის მიმართ.
სალომე ზურაბიშვილმა სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად აქცენტი ზოგადად სოლიდარობაზე გააკეთა და ოკუპირებულ საზღვრისპირა რეგიონებზე, თუმცა არ დააკონკრეტა, როგორ უნდა „დაბალანსდეს საჭიროება“.
„ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ, სოლიდარული უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, იმიტომ, რომ ორი რეგიონის ოკუპირებული და რეაგირება ხდება ამ სიტუაციაზე. ჩვენი მოქალაქეების თავზე გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ის საჭიროება, რომელიც სრულ სოლიდარობას გულისხმობს. ჩვენ პასუხისმგებლობა სრულად უნდა ვიკისროთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან ერთად არის გასასვლელი,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს რამდენიმე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს შეხვდა.
ბოლო 2 წელია ცხელება, ძირითადად, პანდემიის კონტექსტში გვესმის. სხეულის ტემპერატურის მატება ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თავად ცხელება ზოგადად უვნებელია, ის უფრო დამხმარე მოვლენაა და ჩვეულებრივ არ სჭირდება მკურნალობა.
სხეულის ნორმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს35,8 – 37,0 C-ს შორის, თუმცა იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის ან თქვენი აქტივობის მიხედვით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ სხეულის ტემპერატურის ცვლაზე, რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს მუდმივად 37,0 C ტემპერატურა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – ამ კითხვებზე ექიმი-თერაპევტი თაკო შანთაძე საუბრობს „ბათუმელებთან“.
რა იწვევს ორგანიზმში ტემპერატურის ცვლილებას?
ტემპერატურა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის არსებული ბალანსია. მისი ცვლილება ორგანიზმში სითხის აორთქლებაზეც არის დამოკიდებული. ზოგადად სხეულის ტემპერატურა დღე-ღამეში იცვლება. ტემპერატურის ცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი, წნევა, სუსტი იმუნიტეტი, ჰემოგლობინის დაბალი დონე, ჩიყვის ფუნქციების დარღვევა, ზოგჯერ მედიკამენტების გამოყენების ფონზეც შეიძლება მოხდეს ეს.
ასევე, ალკოჰოლის მომხმარებლებში ხშირია ტემპერატურის ცვალებადობა.
ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: სხეულის ტემპერატურა ეცემა ღამით, მინიმალური მნიშვნელობა გვხდება 5 საათისთვის, შემდეგ იზრდება და აღწევს პიკს 17–18 სთ‐ზე.
ტემპერატურა ჯანმრთელ ადამიანებშიც მატულობს ფიზიკური აქტივობის შედეგად, ფსიქო‐ემოციური დატვირთვისას, ცხელი საკვების და სითხის მიღებისას.
მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ შესაძლოა ერთი გრადუსით მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, რადგან ზოგადად თერმორეგულაცია მიმდინარეობს სხეულის ზედაპირზე ტენიანობის აორთქლებით.
რამდენად საყურადღებოა და რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ხანგრძლივად 37 გრადუსი ტემპერატურა?
37 გრადუსი ტემპერატურა სისტემატურად არ ნიშნავს, რომ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ეს შესაძლოა კონკრეტული ადამიანისთვის იყოს სრულიად ნორმალური, მისი ორგანიზმი ამ ტემპერატურასთან ადაპტირებულია და ეს მისთვის მისაღებია.
თუმცა, საყურადღებოა ხანგრძლივად ასეთი დაბალი, იგივე სუბფებრილური ტემპერატურა, რადგან შესაძლოა ორგანიზმში ანთებით პროცესზე მიანიშნებდეს. ასევე, ეს სიმპტომი ახასიათებს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებასაც. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ლეიშმანიოზის დროს ტემპერატურა არის სუბფებრილური და შემდეგ აიწევს.
ბევრ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხანგრძლივად ასეთი ტემპერატურა. ასევე, ნაწლავური ინფექცია, გასტროენტერიტი, ჰემოგლობინის დაბალი დონეც შეიძლება იყოს მისი გამომწვევი, თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა გამოვლინებებიც აღენიშნება პაციენტს – ზოგადი სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ფაღარათი და ა.შ. ასეთ დროს უნდა მიმართოთ თერაპევტს და ინფექციონისტს.
ბევრ ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩა სუბფებრილური ტემპერატურა – 37.1-37.2, რაც ორი-სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა იცვლებოდეს, მაგრამ შემდეგ რეგულირდება. ამიტომ ვურჩევთ პაციენტებს პათოლოგიის გამოსარიცხად, გამოჯანმრთელებიდან 2-3 კვირის შემდეგ, შეამოწმონ ანთების ღრმა მარკერები, ეს არის ძირითადი ანალიზები – სისხლის საერთო და C რეაქტიული ცილა. თუ მარკერები მომატებული არ არის, ეს არ მიანიშნებს რაიმე პათოლოგიაზე.
ასაკის მიხედვით როგორია სხეულის ტემპერატურა?
ზოგადად, ხანდაზმულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.
როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი?
პაციენტებს სულ ვაფრთხილებთ, რომ 37-დან 38-მდე სხეულის ტემპერატურაზე არანაირი მედიკამენტი არ მიიღონ დასაწევად, ეს სუბფებრილური ტემპერატურაა, ამ ტემპერატურის პერიოდში არ შეიძლება სიცხის დამწევის მიღება, რადგან ეს არის ორგანიზმის იმუნური პასუხი, ცხელება ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.
სიცხის დამწევის მიღება შეიძლება, როცა ტემპერატურა არის 38 და მეტი.
თუ 38 გრადუსამდე ტემპერატურაც აწუხებს ფიზიკურად ადამიანს?
თუ ადამიანს, მაგალითად, 37.5 გრადუსი სიცხე აქვს და ეს მას აწუხებს, ვურჩევთ, რომ მეტად იმოძრაოს, იაქტიუროს და მიიღოს ბევრი სითხე, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია. ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი სიცხის დროს ნახევარი ლიტრი წყალი მიგვიცია პაციენტისთვის და ტემპერატურა ჩამოსულა დაბალ ნიშნულზე.
ნორმაზე დაბალი ტემპერატურა რამეზე მიანიშნებს?
ნორმაზე დაბალი ტემპერატურა შეიძლება აღინიშნებოდეს დაუძლურებული, გამომშრალი ორგანიზმის გამო. ძირითადად მწოლიარე პაციენტებშია ხშირი 35 და უფრო დაბალი ტემპერატურა. კოვიდის შემთხვევაშიც ხშირია 35 და უფრო დაბალი ტემპერატურა, უფრო ასაკოვან ადამიანებში. მათ უფრო გამოხატული აქვთ ძილიანობა, სისუსტე, აპათია, მიალგია ანუ კუნთების, სახსრების ტკივილი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები,“ – მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, სანქციები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მტკივნეული იქნება კონკრეტული და გავლენის მქონე პირებისთვის რუსეთში.
დღეს, 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს, რასაც შესაძლოა პროცესზე გავლენა ჰქონდეს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.
ბატონო ვანო, გერმანიის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება რამდენად ცვლის მოცემულობას და იზიარებთ თუ არა მოსაზრებას იმაზე, რომ გერმანია აიძულეს მიეღო ეს გადაწყვეტილება?
შესაძლებელია, რომ ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, რადგან ვიცით, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე გერმანიაში არ არსებობდა. ამასთან, ცნობილია აშშ-ის და ბაიდენის მიდგომა. ვფიქრობ, რომ გარკვეული კომუნიკაცია შეიძლება ყოფილიყო მათ შორის.
იმდენად განსხვავებული მოლოდინები არსებობდა ამ საკითხზე, გარკვეულწილად სიურპრიზადაც იქცა გერმანიის ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადაწყვეტილება რუსეთის მოქმედების საპასუხოდ. ახლა მოლოდინია, რომ ამას მოჰყვება დამატებითი სანქციები ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან.
რა შეიძლება იყოს ეს სანქციები და რა შემთხვევაში შეიძლება ამან შეცვალოს ან განსაზღვროს რუსეთის მიდგომა?
დღეს დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მიიღებენ სანქციების ახალ პაკეტს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები შეეხება 4 ძირითად მიმართულებას: ინდივიდებს, რომლებიც ჩართული იყვნენ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მეორეა საბანკო ოპერაციები და ის პირები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აფინანსებენ. მესამე ნაწილი შეეხება რუსეთის სახელისუფლებო უწყებების წვდომის შეზღუდვას ევროკავშირის ფინანსურს ბაზრებზე, ეს შესაძლოა შეჩერდეს, ან შეუწყდეთ და მეოთხე: ვაჭრობის შეჩერება იმ ორ რეგიონთან, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები. თუ ეს ისევ დაბალ დონეზე გაჩერდება, ამას, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება მოჰყვება უკრაინის მხრიდან, იმედია, საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ თუ ეს წავიდა ზევით, თუ შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, მაშინ ეს იქნება ადეკვატური ზომა, რასაც ევროკავშირი მიიღებს რუსეთთან მიმართებით იმ მოქმედებების საპასუხოდ, რასაც რუსეთი აკეთებს.
ასე რომ, სანქციები იმუშავებს, თუ ეს იქნება მტკივნეული. თუ რუსეთში ჩათვლიან, რომ ეს სანქციები გადალახვადია, მაშინ არაფერი შეიცვლება. სანქციების ახალი პაკეტის შემდეგ უფრო ცხადი გახდება, რამდენად მტკივნეული იქნება ეს რუსეთისთვის, რამდენად შეიძლება ამან ითამაშოს შემაკავებელი როლი.
გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხაზზე გამოდის ევროპა და მხოლოდ აშშ აღარ არის მთავარი აქტორი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად იცლება ევროკავშირის პოლიტიკა?
კი, ასეა. ევროკავშირმა ახლა უნდა დაანახოს ყველას, რომ ის არის გლობალური მოთამაშე, რომ თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გარკვეული გაკვეთილი იყო.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვსაუბრობთ 27 ქვეყანაზე, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვები, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაზე, განსხვავებული ურთიერთობები რუსეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ახლა ძალიან ძნელია ევროკავშირში გამოჩნდეს ლიდერი, რომელიც, ასე ვთქვათ, ითავებს კონსენსუსის მიღწევას რუსეთთან მიმართებით.
ამ მოცემულობაში რთული სათქმელია, ვინ შეიძლება აიღოს ლიდერობა. ეს კრიზისი გამოავლენს, ვინ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია იგივე რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი ითამაშოს, მაგალითად, როგორ როლსაც ანგელა მერკელი ასრულებდა. დღეს ეს როლი შეიძლება შეასრულოს მაკრონმა, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რომ საფრანგეთში მალე ისევ არჩევნებია… შესაძლოა, გერმანიის ახალმა კანცლერმა შეასრულოს ეს როლი. ამას დრო მალე გვიჩვენებს.
ამ ეტაპზე რა ჩანს – რა არის ევროკავშირისთვის „უკრაინის კრიზისი“ და როგორ ხედავს დასავლეთი რუსეთი პრობლემის მოგვარებას?
ეს კრიზისი ევროპისთვის არის ტესტი, რამდენად მზად არის ის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს იქნება ტესტი იმაზეც, რამდენად არის ევროკავშირში ვინმე ლიდერი, ვინც ამ კრიზისიდან გამოსავალს საკუთარ თავზე აიღებს.
ევროკავშირისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მის უსაფრთხოებას აქვს სერიოზული რისკი. თუ უკრაინის მოვლენებიც ისევე გადაყლაპა ევროკავშირმა, როგორც თავის დროზე გადაყლაპა, მაგალითად, ანა პოლიტკოვსკაის საქმე, ნორდოსტი, ბესლანი, ლიტვინენკოს საქმე, რუსეთ-საქართველოს ომი…
ევროკავშირში ხვდებიან, რომ უკრაინა რუსეთისთვის ბოლო გაჩერება არ არის და საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს ნატოს მეხუთე მუხლის მოკვლა, რაც ეხება კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ვფიქრობ, მოლოდინია იმის, რომ უკრაინაზე სუსტმა რეაქციამ, ან რეაქციის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსეთი უკრაინაზე აღარ გაჩერდეს და უფრო წინ წავიდეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში“.
ასეთ სიას შემოსავლების სამსახური აწარმოებს. ახალი წესის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა:
[checklist]
თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე
პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად
[/checklist]
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა 5 წლის ვადით.
დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
[toggle title=”დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2. ტერმინთაგანმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. დამოკიდებული პირი და დამოკიდებულ პირთა სია
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.
დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.
მუხლი 4. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება
დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა:
ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
ბ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შემოსავლების სამსახურში შეიძლება წარდგენილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მსურველი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ მითითებას).
შემოსავლების სამსახურის მიერ პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხდება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა 5 წლის ვადით.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ:
ა) დამოკიდებული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს დამოკიდებული პირი/ დამოკიდებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით;
ბ) დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შესახებ მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი.
მუხლი 5. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადების წარდგენის, განხილვის, მონაცემების სიაში შეტანისა და სიის გამოყენების წესი
დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს განცხადების წარმდგენი პირის:
ა) სახელს და გვარს;
ბ) პირად ნომერს;
გ) დასტურს იმის შესახებ, რომ სურს მისი მონაცემები შეტანილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი. ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისას, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენს განცხადების წარმდგენი პირის იდენტიფიკაციას.
შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 5 სამუშაო დღის ვადაში ახდენს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.
დამოკიდებულ პირთა სიის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.
[/toggle]
2022 წლის პირველი მარტიდან, კანონით „აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება“.
2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ ასევე: საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს. თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული,“ – ამბობს საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავს.
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსია, თუმცა მისი სამსახური პირველი მარტიდან უქმდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ლონდა თოლორაიამ და ასევე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 25 იანვარს მიმართეს.
საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი განმარტავს, რომ თუკი 4 დღეში საკონსტიტუციო სასამართლო ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას არ განიხილავს, რაც ეხება სადავო ნორმების შეჩერებას პირველ მარტამდე, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და მისი დაკმაყოფილებაც აზრს დაკარგავს.
„თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შემდეგი 4 სამუშაო დღის განმავლობაში არ განიხილავს ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას, მისი უმოქმედობა გახდება მოსარჩელის უფლებების დარღვევის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა სწორედ იმითაა გამართლებული, რომ აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და შეაკავოს ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის საკუთარი დანიშნულების შესრულებაზე და ხელს შეუწყობს ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას, ის თავისი ხელით დაამსხვრევს საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ ნდობას, რომლის გამთელება ურთულეს, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა შეუძლებელ რეალობად იქცეს,“ – წერს ვასილ ჟიჟიაშვილი.
საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივ მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, თუკი სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლო პირველ მარტამდე არ შეაჩერებს, პირველი მარტიდან მუშაობს დაიწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური – სარჩელი რომც დაკმაყოფილდეს, ლონდა თოლორაიას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი გახდება.
„ამგვარად, გასაჩივრებული ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში მოსარჩელე განიცდის შეუქცევად ზიანს, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ გამოსწორდება. სხვა სიტყვებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რაც 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ლონდა თოლორაიას მისცემს ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას,“ – აღნიშნავს საიას იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.
უფლებადამცველების შეფასებით, ლონდა თოლორაია კრიტიკული გადაწყვეტილებების გამო დასაჯეს, მათ შორის, ბოლო გადაწყვეტილება ეს იყო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა.
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.
პანდემიიდან გამომდინარე, აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სკოლებისა და კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა.
დღეს, 22 თებერვალს, მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციომ საბჭომ კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან ყველა რეგულაცია დაიცვან, როგორც მიმდინარე წლის სასწავლო პროცესში, ასევე შემდგომ.
სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინადადება რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ი წერს.
ორშაბათს ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ თქვა, რომ 21 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრი კუსტურიცას შეხვდა.
„საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა კუსტურიცასთან მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას, მის ნიჭს და დიდ შრომას. აღნიშნა კუსტურიცას როლი რუსული კულტურის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში, შოიგუმ შესთავაზა მას რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის დირექტორის თანამდებობა“, – თქვა მარკოვსკაიამ.
„ჩემთვის დიდი პატივია სერგეი შოიგუს შემოთავაზება, გავხდე თეატრის მთავარი რეჟისორი. რუსული არმიის თეატრის სცენას დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ახალ თანამდებობაზე შემოქმედებითი გეგმებია – ცნობილი ფილმების (მაგ. “წეროები მიფრინავენ”, “ცხოვრება სასწაულს ჰგავს” და სხვების) სიუჟეტების სპექტაკლებში გადატანაა”, – ციტირებს მარკოვსკაია კინორეჟისორის სიტყვებს.
მისი თქმით, კუსტურიცამ იმედი გამოთქვა, რომ „ეს იქნება წარმატებული ნამუშევარი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამყაროში, სადაც ღირებულებები ძალიან სწრაფად იცვლება“, ის შეეცდება კლასიკური ღირებულებების შენარჩუნებას.
ემირ კუსტურიცა კანის კინოფესტივალის ორი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი რეჟისორია, იგი რუსეთის პრეზიდენტმა 2016 წელს მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, კუსტურიცა ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა ფილმისთვის მასალების მოსაძიებლად. ამავე წყაროს მიხედვით, მან საქართველოს აგრესორი უწოდა 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში.
„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის,“ – წერს ფეისბუქში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს აღარ უბრუნებს.
„საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
___
გუშინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გარკვეული დოკუმენტები პრეზიდენტმა განსაიდუმლოოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ თქვეს, რომ ეს დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციაში წაიღეს და შემდეგ, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ დააბრუნეს.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქება რა ეხება სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
აღნიშნულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.
„გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid19-ზე სავალდებულო ტესტირება.
როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით“ – აცხადებს სამინისტრო.
დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი სახელმწიფომ მოხსნა.
წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ.
შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.
კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ. წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800 ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ სერიოზული, საგანგაშო მაჩვენებლები“ დაფიქსირდა. კერძოდ, 2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა.
„ჩვენ გვაქვს ამ პროგრამის განხორციელების ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელმაც გვიჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი ორსულ და ლაქტაციაში მყოფ ქალებში იყო საკმაოდ საყურადღებო.
ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ტყვია არის კუმულაციის უნარის მქონე, ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც დაღად აჩნდება ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ მისი კორეგირება შეიძლება.
ეს კვლევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან ჩართული სკრინინგის შემდგომ უკვე მიზეზობრივი კვლევის განხორციელებაში, თუ საიდან, როგორ მოხვდა ტყვია ამ ადამიანების ორგანიზმში” – განაცხადა დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.
2022 წელს კვლევა აჭარაში დაახლოებით 4500 ორსულსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს ჩაუტარდება იმ დაწესებულებაში, სადაც ანტენატალური მომსახურების სერვისს იღებენ.
„ჩვენი დაწესებულება იკვლევს ორსულ ქალებში ტყვიის ექსპოზიციის დონეს. სამწუხაროდ, ძალიან მაღალი სიხშირით ხვდება იგი ორსულ ქალებში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მაგრამ ამ ფაქტის კონსტატაციის გარდა ჩვენ უკვე დავიწყეთ სიღრმისეული კვლევა იმისა, თუ რატომ არის მომატებული ეს მაჩვენებელი.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმართავთ მკურნალობას ორსულობის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე, ტოქსიკური ზეგავლენა ამ ელემენტისა, არამარტო დედაზე, არამედ ნაყოფზე და ვცდილობთ, ნიველირება მოვახდინოთ ამ ელემენტის ზეგავლენისა, ასევე, ვცდილობთ, დავადგინოთ წყარო, თუ საიდან ხდება ტყვიის ექსპოზიციის დონის მომატება ორსულებში.
ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მომატებული დონის შემთხვევაში იმ წყლის გამოკვლევა, რომელსაც ძირითადად მოიხმარს ეს ორსული და ალბათ ცოტა ხნის შემდეგ მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა შედეგს მივიღებთ ამ კვლევით” – ამბობს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე.
2018 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატებოდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი – 85% დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.