ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

24.11.2019 • 2196
ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

„ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ედავება კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის ახალი გზა უნდა ააშენოს. დავა ეხება კომპანია „ტოდინთან“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს 21 ნოემბერს მიმართა და ითხოვა მისცეს უფლება ამ და სხვა დავის წარმოებისთვის დაიქირავოს საერთშორისო იურიდიული კომპანია. დეპარტამენტის ინფორმაციით, იურიდიული კომპანიის მომსახურების შესყიდვისთვის თითქმის 5 მილიონი ლარი სჭირდება.

დეპარტამენტი არ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რასაც კომპანიას ედავება. რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს ამ ხელშეკრულების შეწყვეტით და რა ოდენობის თანხის ანაზღაურებას ითხოვს სახელმწიფო „ტოდინისგან“? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ დეპარტამენტს ოფიციალური წერილითაც მიმართა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„… საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე სახის ინფორმაცია ვერ გაიცემა“, – მოგვწერეს მიმდინარე წლის აგვისტოში დეპარტამენტიდან.

„კონტრაქტორ ტოდინს დეპარტამენტი ედავება ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა ეხება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტას, საკითხის განხილვა დავების განმხილველ საბჭოში უნდა მოხდეს საერთაშორისო არბიტრაჟის (ICC) თავისებურებების გათვალისწინებით, რომ შემდგომში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს საერთაშორისო არბიტრაჟში. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დავა აწარმოოს საერთშორისო იურიდიულმა კომპანიამ, საერთშორისო არბიტრაჟში დავის პარალელურად. დავის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ვინდაინ დეპარტამენტს არ გააჩნია გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის წარმოების, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული დავა აწარმოოს დამოუკიდებლად“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ამ და სხვა დავების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წლისთვის იურიდიული მომსახურებ(ებ)ის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც 4 მილიონ 720 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობისთვის, როგორც აღვნიშნეთ, უკვე მიმართა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აქვს რამდენიმე სამართლებრივი დავა, რომელიც მიმდინარეობს უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და დავების განმხილველ საბჭოში. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი თვლის, რომ შესაბამისი იურდიული მომსახურებები უნდა შეისყიდოს ისეთი იურდიული კომპანიებისგან, რომელთაც აქვთ დავების განმხილველ საბჭოში და საერათშორისო არბიტრაჟში წარმომადგენლობის გამოცდილება.

დეპარტამენტი სასამართლო დავას აწარმოებს ასევე ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. სწორედ ამ ბანკისგან ჰქონდა წარმოდგენილი გარანტიები „ტოდინს“ სამტრედია-გრიგოლეთის ხელშეკრულების ფარგლებში. [ინფორმაციისთვის – „ტოდინს“ ხულო-ზარზმის ორთავე ლოტზეც ასევე ყაზახური, ოღონდ სხვა ბანკის [TENGRI BANK JSC] მიერ გაცემული გარანტიები აქვს წარდგენილი].

„დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს [„ტოდინი“] შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების [ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ] ფარგლებში, ტოდინის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიები სს „ასტანის ბანკიდან“. სს „ასტანის ბანკის“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნული დავა სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. დავა მიმდინარეობს ყაზახეთში, ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი მისი რესურსის კომპეტენციის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტში, „დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს ადრე დეპარტამენტიდან.

კიდევ ერთი დავების შესახებ გზების დეპარტამენტის განაცხადიდან:

[checklist]

  • „დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს [შემდგომში – ალტკომი] შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (სამტრედია – გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობა) ალტკომის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (ხელშეკრულების უზრუნველყოფის) საბანკო გარანტია და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (გამცემი ბანკი: Public Stock Company “Joint Stock Commercial Industrial & Investment Bank” (პრომინვესტბანკი)). აღნიშნული გარანტიების ფარგლებში ამჟამად მიმდინარეიობს დავა უკრაინის სასამართლოში. უკრაინაში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე და ასევე გამოსაყენებელი სამართალი არის უკრაინული. შესაბამისად, დეპარტამენტი, ვინაიდან არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, მისი რესურსით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა“.

[/checklist]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ „დეპარტამენტი ახორციელებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას. აღნიშნული მშენებლობის ფარგლებში გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები, რომელთა მართვაც ხასიათდება თავისებურებებით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში დავის გადაწყვეტის მექანიზმია დავების განმხილველი საბჭოები და საერთშორისო არბიტრაჟები.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დეპარტამენტის დღის წესრიგში დგება დავასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა, რომელშიც გამოცდილების არ არსებობის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში დეპარტამენტი საჭიროებს საერთაშორისო იურდიული კომპანიებისაგან იურიდიულ კონსულტაციას, იმისთვის, რომ შემდგომში საერთაშორისო არბიტრაჟში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო არ დადგეს გამოუვალი სიტუაციის წინაშე“.

დეპარტამენტი აცხადებს ასევე, რომ ძნელია წინასწარ სრულად განსაზღვრო – გამოავლინო ყველა საკვანძო და ტექნიკური დეტალების შემცველი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით, საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის აუცილებლობას. „ასევე შეუძლებელია ასეთი გამოცდილების და რანგის კონსულტანტების ტენდერში მონაწილეობაზე დაყოლიება“.

„დავები ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებს და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამდენად, დავის კვალიფიციურად წარმოება წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ვინაიდან ზოგიერთი დავა უკვე დასრულდა, ხოლო დავა გრძელდება უკრაინაში, ყაზახეთში და ტოდინთან, რომელიც გადაინაცვლებს შემდგომში არბიტრაჟში და შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელად დადგეს სხვა ხელშეკრულების ფარგლებში იურიდიული მომსახურების შესყიდვის აუცილებლობა. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ამ პროცესში არსებული პროცედურული ხასიათის ბარიერები და ასეთი იურიდიული მომსახურების შესყიდვები მიზანშეწონილია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

– – –

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საბოლოოდ გააფრთხილა. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია აქტიურ სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოები კი „ტოდინს“ 2019 წლის გაზაფხულიდან უნდა დაეწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. „ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი“, – აცხადებს დეპარტამენტი.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: