განათლება,მთავარი,სიახლეები

24 წლის ბათუმელ ქალს 3 შვილი ჰყავს, მისი ბავშვები სკოლასა და ბაღში ვერ დადიან

16.02.2022 • 7068
24 წლის ბათუმელ ქალს 3 შვილი ჰყავს, მისი ბავშვები სკოლასა და ბაღში ვერ დადიან

თეონა 24 წლისაა და 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ პირველი შვილი 15 წლის ასაკში გააჩინა. ახლა სამივე შვილს მარტო ზრდის. საბავშვო ბაღსა და სკოლაში არასდროს უვლია. თეონამ არც წერა-კითხვა იცის სრულყოფილად. ამბობს, რომ წიგნი არასდროს წაუკითხავს და არც კი იცის ეს რა განცდაა. ანბანიც სულ რამდენიმე წელია, რაც ისწავლა.

„როცა მარშრუტკაში გინდა ასვლა, ციფრები ხომ უნდა წაიკითხო, სად მიდიხარ, რა აწერია აბრას. ასოები ნელ-ნელა, ძლივს ვისწავლე. მადლობა ღმერთს, რომ იმას მაინც ვკითხულობ, რაც ტრაფარეტზე წერია.

ციფრებს ცალ-ცალკე ვცნობ, მაგრამ ერთად ვერ ვკითხულობ. ცოტა ხნის წინ უცხოელი მოხალისეები გავიცანი და წერა-კითხვის სწავლაში ისინი დამეხმარნენ“, – ამბობს თეონა.

ვკითხე, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, რა პროფესიას აირჩევდა, რისი გაკეთება სურდა ყველაზე მეტად. ამბობს, რომ სცადა ცხოვრების შეცვლა, თუმცა ვერ შეძლო, ახალი იმედგაცრუებების კი ეშინია.

„კარგია, როცა რაიმე ხელობა იცი, მაგრამ მე არაფერი ვიცი საერთოდ. არ ვიცი, როგორი გრძნობაა კითხვა, არც ლექსი წამიკითხავს, არც მოთხრობა… ალბათ მთელი ცხოვრებაა მაგ პატარა წიგნებში…

მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, მაგრამ როგორ? ვცდილობდი, მაგრამ არ გამოდიოდა. როცა არაფერი იცვლება, მწყინს ძალიან. არ მინდა ჩემი შვილებიც იმავეს განიცდიდნენ“, – გვეუბნება ის.

თეონა ბათუმში, პატარა, ნაქირავებ ბინაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. თავის სარჩენად კი ბავშვებთან ერთად მოწყალებას ითხოვს ქუჩაში.

„შვილები რომ გამოკვებო, ქირის ფული იშოვო, გადასახადები გადაიხადო, მთელი დღე უნდა იმუშაო ამისთვის. ბავშვების მამა იშვიათად შემოივლის ხოლმე. ვერ გვეხმარება. იძულებული ვარ მოწყალება ვითხოვო“, – ამბობს ის.

განათლების გარეშე დარჩენილ ქალები და ბავშვები – იმისთვის, რომ იარსებონ, ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ

სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ თეონასთვის განათლება ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ახლა ამ საშიშროების წინაშე დგანან თეონას შვილებიც.

ორი შვილი სახლში გააჩინა, ამის გამო ბავშვები ოფიციალურად რეგისტრირებული არ არიან და პირადობის მოწმობა არ აქვთ. მხოლოდ მესამე შვილი დაიბადა სამშობიაროში. თეონას იმედი აქვს, რომ იქნებ ამის მერე მაინც შეძლოს უფროსი ბავშვების რეგისტრაციაც, მათი ბაღში, შემდეგ კი სკოლაში მიყვანა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, მის მდგომარეობაში მყოფი ქალები სამშობიაროში მისვლას თავს არიდებენ, რადგან პოლიცია ერთვება საქმეში. თუ ქალს საკეისრო კვეთა არ სჭირდება და სახლში მშობიარობენ.

„მეც სახლში გავაჩინე ორი შვილი, – ამბობს თეონა. – მაგრამ თუ ოპერაციაა საჭირო, ასი პოლიციელიც რომ მოვიდეს, მაინც უნდა წახვიდე კლინიკაში. ქალებმა თვითონ ვისწავლეთ ყველაფერი და სახლში მშობიარობისას ერთმანეთს ვეხმარებით“, – გვეუბნება ის.

ახალგაზრდა ქალის თქმით, თავის დროზე ვინმე რომ დაინტერესებულიყო მისი ბედით, დღეს არც მას და არც მის შვილებს ქუჩაში მოწყალების თხოვნა არ მოუწევდათ.

„რომელ დედას უნდა შვილი ქუჩაში ჰყავდეს? გარეთ რომ არ გავიდეს, მაშინ სახლში უნდა ჰქონდეს საკვები. ბინის ქირა ვინ გადაიხადოს?!

მე როგორც ვიყავი, ისე აღარ მინდა, რომ იყვნენ ჩემი შვილები. ძალიან მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა განათლება მიიღონ. როცა გაიზრდებიან, არ მინდა თქვან, რომ დედამ არაფერი გააკეთა მათთვის“, – გვეუბნება თეონა.

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები

თეონა ეთნიკურად ქურთია, თუმცა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. როგორც გვეუბნება, სახლის პირობებში არაერთი ქალი მშობიარობს, შესაბამისად, შეუძლებელია ამ ბავშვების, როგორც საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება. ზოგიერთმა ბავშვმა საკუთარი ასაკიც კი არ იცის.

„იცით, რამდენი ქალია კიდევ ჩემ მდგომარეობაში? – ძალიან ბევრი. ზოგი საქართველოშია დაბადებული, მაგრამ მაინც არ აქვთ პირადობის მოწმობა, ზოგს აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვს და მათი არც ერთი შვილი არ დადის სკოლაში. თითქმის ყველას 5-6 ან 7 შვილი ჰყავს და ყველა მათგანი სკოლის გარეთაა. წერა-კითხვა ჩემსავით არ იციან“- გვეუბნება თეონა.

კითხვაზე, რატომ არ მიმართავენ მშობლები სახელმწიფო უწყებებს დახმარებისთვის, თეონა ამბობს, რომ ეშინიათ.

„შიში აქვთ, რომ სოციალური მუშაკები ბავშვებს წაართმევენ, რადგან ისინი ბავშვებს ქუჩაში ამუშავებენ. თბილისში იყო შემთხვევა, წაართვეს ბავშვები და სასამართლოთი დაიბრუნა დედამ. მეც მეშინია, რომ შეიძლება წამართვან, რადგან მოწყალებას ქუჩაში ვითხოვთ“, – გვეუბნება თეონა.

ამ ბავშვებს სკოლაში არასდროს უვლიათ, ისინი მოწყალებით ირჩენენ თავს.

ბათუმში, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მყოფი ბავშვების აღრიცხვას ფონდი „იალქანი“ ცდილობს. ფონდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუჩაში მყოფი 11 არასრულწლოვნის იდენტიფიცირება და მათი დღის ცენტრში ჩართვა მოახერხეს, თუმცა ამ ბავშვების უკან არიან მათი არასრულწლოვანი და-ძმები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დადიან სკოლაში.

„ამ 11 ბავშვიდან ზოგს 5 და-ძმა ჰყავს სახლში, ზოგს 6 და 7. ჩვენ ოჯახიდან თითო ბავშვის ჩარიცხვა მოვახერხეთ ჯერჯერობით. დაახლოებით 70 ბავშვია სკოლის ასაკის, რომლებსაც არასდროს უვლიათ სკოლაში და საჭიროა მათზე ზრუნვა“, – ამბობს „იალქანის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე.

მისი თქმით, ამ ბავშვების მშობლების ნაწილი საქართველოში წლებია ცხოვრობს, ნაწილი კი ოთხი-ხუთი წელია, რაც ქვეყანაში შემოვიდა.

„უმეტესობა, პასპორტების მიხედვით, აზერბაიჯანის მოქალაქეა, თუმცა 19-20 წელია საქართველოში ცხოვრობენ და წესით, არ უნდა გაუჭირდეთ მოქალაქეობის მიღება, თუმცა მათ უმრავლესობას არ აქვს სათანადო განათლება და ასევე, აქვთ მცდარი ინფორმაცია ბავშვების ჩამორთმევაზეც.

ყველა შიშობს, რომ თუ ბავშვებს სკოლაში შეიყვანენ, შემდეგ მათ სოციალური სააგენტო გააკონტროლებს და ქუჩაში მოწყალების თხოვნის გამო ბავშვებს წაართმევს. ვფიქრობ, ბევრია სამუშაო სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით“, – ამბობს თეონა აბაშიძე.

„ბათუმელები“ ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციისთვის. სააგენტოს ამ საკითხზე  კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: