მთავარი,სიახლეები

რატომ გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში – 3 ამბავი

16.02.2022 • 9282
რატომ გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში – 3 ამბავი

თათა ბერიამ, თინა სამადალაშვილმა  და თეკლა კობახიძემ ბათუმში საცხოვრებლად ჩამოსვლა თბილისიდან სხვადასხვა დროს გადაწყვიტეს, თუმცა მიზეზი ერთი –  ბათუმის  სიყვარული და როგორც თავად ამბობენ, ამ ქალაქთან მიჯაჭვულობა იყო.

  • „მე და ბათუმს ჯერ თაფლობის თვე გვაქვს“  – თათას ამბავი 

თათა ბერია

30 წლისაა. ბავშვობაში ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში დეიდასთან. ახსოვს, როგორ უყურებდა დეიდაშვილთან ერთად მაღალი კორპუსის აივნიდან სტადიონზე გამართულ კონცერტებს. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და თათა ბათუმში უკვე მაშინ ჩამოვიდა, როცა პანდემია დაიწყო და იზოლაციის წესები გამკაცრდა. 

„ონლაინ მუშაობაზე რომ გადავედით, თბილისს კულტურული და სოციალური დატვირთვაც აღარ ჰქონდა და ძალიან გაუსაძლისი ქალაქი გახდა.

ბათუმში ცოტა ხნით ჩამოვედი, განსატვირთად და იმ პერიოდში ძალიან მომეწონა აქ ყოფნა. ზაფხულში არ მომწონს ბათუმში, გადაივსო ხალხით და ისევ თბილისში დავბრუნდი, მაგრამ ვერ მოვისვენე, აქეთ მოვიწევდი მაინც და დავიწყე ისევ ბინების ძებნა, რომ მექირავებინა. ერთხელაც საიტზე ქირის ნაცვლად ყიდვა მოვნიშნე და ასე შევიძინე აქ ბინა.

ვაცნობიერებ, რომ ბათუმის ეკონომიკის ნაწილი ჯერ  არ ვარ ბოლომდე, ონლაინ ვმუშაობ, ბათუმში დასაქმება  გამიჭირდება ალბათ, რადგან სამუშაო ადგილების ნაკლებობაა“, – ამბობს თათა. 

თათას ძალიან უყვარს ველოსიპედით სეირნობა, ამბობს, რომ ბათუმი იდეალური ქალაქია ველოსიპედით გადაადგილებისთვის და რაც ჩამოვიდა, ერთხელაც არ გამოუძახებია ტაქსი, ყველგან ველოსიპედით ან ფეხით მიდის.

განსაკუთრებით უყვარს ნავსადგური და იქ სეირნობა.

„სულ რომ ყველაფერი ცარიელი იყოს,  პორტში მეთევზეები მაინც არიან. პორტი მახსენებს, რომ ბათუმი არ არის მხოლოდ ტურისტული ქალაქი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იქამდე და ახლაც, როცა ტურისტული მიმართულებით განვითარდა. 

საპორტო ქალაქის სუნი აქვს ამ ქალაქს.

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო,  რომ მხოლოდ ბულვარის გადაკვეთა  გჭირდება  და ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. ზღვაზე დღეში 1 საათი მაინც ვსეირნობ, ვრჩები ჩემ თავთან მარტო და ვმედიტირებ“, – ამბობს თათა.

თათა გვიყვება, რომ თავიდან არავის სჯეროდა, რომ ბათუმში  საცხოვრებლად გადმოდიოდა, მაგრამ ახლა ყველა შეეჩვია და სახლში შაბათ-კვირას სულ სტუმრები ჰყავს, თბილისელი მეგობრები ხშირად აკითხავენ.

მალე ერთი წელი გახდება, რაც თათა ბათუმში ცხოვრობს. მისი  თქმით, პირველად აქვს შეგრძნება, რომ სახლი აქვს. 

თათას მოსწონს ყავის სმისა და ზღვის პირას სეირნობის კულტურა ამ ქალაქში და აქვე დასძენს, რომ ბევრ პრობლემასაც ამჩნევს. თათას თქმით, მისთვის ტრაგედია იყო ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამების დადგმა.

„ვხედავ, თუ როგორ შეიძლება ქალაქი დაამახინჯო ძალიან მოკლე დროში, ეკონომიკური ზრდის სახელით, რაც ძალიან სამწუხაროა.

ვერ ვიტყვი, რომ ბათუმი ასოცირდება მხოლოდ ზღვასთან და მაგნოლიებთან, ბევრი უკანონო მშენებლობა და არაეფექტური მმართველობაა, „ყველაფერი კარგადაა და ტაში“ – არ არის ასე.  

ბათუმთან ასოცირდება ჩემთვის ძალიან სამწუხარო ბევრი ურბანული სიმახინჯე, რომელიც ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო. 

ბევრი პრობლემაა და  რაც უფრო მეტად შემოვა ბათუმი ჩემს ცხოვრებაში, მით უფრო მეტად პრობლემურ სახეს მიიღებს ჩემთვისაც ეს ყველაფერი, რისთვისაც მზად ვარ.

ჯერჯერობით უპრობლემო, თაფლობის თვე გვაქვს მე და ბათუმს“, – ამბობს თათა. 

თათას თქმით ბათუმმა წვიმაც შეაყვარა. კარგი საწვიმარი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და ქოლგაც აქვს – პირველად მის ცხოვრებაში. ამიტომაც საერთოდ არ აწუხებს წვიმა და როცა თოვლ-ჭყაპმა შეაწუხა, მიხვდა, რომ ამ ქალაქში რეზინის ფეხსაცმელი აუცილებლად სჭირდება.

  • „ამ ქალაქმა მიმახვედრა, რომ არსად მეჩქარება“ – თინას ამბავი 

„პირველად რომ ბათუმში ჩამოვედი, ძალიან პატარა ვიყავი, სულ 10 დღე ვიყავი აქ და 9 დღე წვიმდა. თავბედიც ვიწყევლე და ბათუმიც ვწყევლე, პირველი ჩამოსვლა ძალიან ცუდად მახსოვს“ –  იხსენებს 28 წლის თინა სამადალაშვილი, იცინის და საუბარს აგრძელებს. 

ამბობს, რომ ახლა წვიმა ძალიან უყვარს.

თინა სამადალაშვილი

თინას თქმით, ბათუმზე ბევრი ეუბნებოდა, რომ ძალიან მელანქოლიური ქალაქია, მაგრამ ამას მის არჩევანზე გავლენა არ მოუხდენია და  ზაფხულში, დასასვენებლად ჩამოსვლის შემდეგ, მტკიცედ გადაწყვიტა ამ ქალაქში ეცხოვრა, დაბრუნდა თბილისში,  წამოიღო თბილი ტანსაცმელი და უკვე 7 თვეა, რაც თინა ბათუმში ცხოვრობს.

„ამ ქალაქმა სიმშვიდე მაპოვნინა, ბათუმი ურთიერთობაა, დავდივარ და ყველაფერს ვეფერები. ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმის ცენტრალური პარკია.

პარკში სკამები რომ გამოცვალეს, ისე გავბრაზდი… რკინის სკამებს რა უნდა ასეთ ჯანსაღ ადგილზე. ყველაფერს ისე ვუფრთხილდები, რომ საკუთარი მგონია და ამავდროულად თავი ტურისტიც მგონია. მინდა იმდენი ბათუმელი გავიცნო, რომ თავი მეც ბათუმელად ვიგრძნო.

ძალიან ვეწინააღმდეგები ამ ჯოჯოხეთურ შენობებს, ადამიანები იმიტომ გამორბიან, რომ დაისვენონ, ამ შენობებს გაურბიან. ეს შენობები რომ დაგყურებს, რაღაცნაირად უსუსურობის განცდა გეუფლება. 

ბათუმში სივრცე გაშლილია და თითქოს ყველა ცუდი ფიქრიც იშლება. ზღვაზე რომ გახვალ ადამიანი, ყველაფერ ნეგატიურისგან თავისუფლდები“, – ამბობს თინა.

თინას თქმით, როცა ზღვას უყურებს, ადამიანების შესაძლებლობების უსაზღვროებაში რწმუნდება. 

თინა ამბობს, რომ ბათუმის სიმარტივე უყვარს, შეუძლია ყველგან ფეხით მივიდეს, სადაც მოესურვება და ამას უდიდეს ფუფუნებას უწოდებს. მისი თქმით, ამ ქალაქმა მიახვედრა, რომ არსად ეჩქარება და სურს ცხოვრების დინებას მიჰყვეს.

როგორც თინა ამბობს, ქალაქიდან პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა ბათუმელები მიდიან, რაც გულს სწყვეტს.

თინას სურვილი ახლა ბათუმური გაზაფხულის ნახვაა:

„მოუთმენლად ველოდები გაზაფხულს, მინდა დავაკვირდე ყვავილების გაშლას, კლიმატის შეცვლას, არასდროს ვყოფილვარ გაზაფხულზე ბათუმში, უთენია გამოვალ სახლიდან სასეირნოდ.

ბათუმი იმიტომაც შემიყვარდა, რომ დავიწყე ჯანსაღი ცხოვრება, ბულვარში რომ გადიხარ დილით, შვიდ საათზე, ფილტვების გასაწმენდად, ხელახლა იბადები“, – ამბობს თინა.

  • „ყველა ჩემი გეგმა ამ ქალაქს უკავშირდება“ – თეკლას ამბავი 

25 წლისაა. პროფესიით ფსიქოლოგია. თბილისიდან ბათუმში საცხოვრებლად გასული წლის აგვისტოში ჩამოვიდა. თეკლა პირველად ბათუმში 2012 წელს, ერთი დღით იყო და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დარჩა – „აჟიტირებული ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი ბათუმში. ყველაფერს ვედებოდი, ყველაფერი ძალიან მომწონდა“, – ამბობს თეკლა. 

თეკლას თქმით, 2012 წლიდან ბათუმში თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა და ფიქრობდა, რომ ეს იყო ის ქალაქი, სადაც უნდა ეცხოვრა.

თეკლა კობახიძე

გასულ წელს თეკლა ბათუმში ჩამოვიდა და სამსახურის ძებნა დაიწყო, რათა საცხოვრებლად დარჩენა შესძლებოდა.

თეკლა ამბობს, რომ ცდილობს დღე ისე დაგეგმოს, რომ  სეირნობა აუცილებლად მოასწროს ბულვარში ან პარკში, განსაკუთრებით უყვარს ზღვა და კვირაში ერთხელ მაინც გადის პლაჟზე ზღვის მოსასმენად.

„ბათუმში ცხოვრება ხუთი წლის განმავლობაში მინდოდა. ბოლოს, როცა მეგობრებთან ერთად ჩამოვედი 10 დღით, წასვლა არ მინდოდა. ყოველი დამშვიდობება ბათუმთან უფრო და უფრო მიმძიმდა და ვხვდებოდი, რომ არსად  არ უნდა  წავსულიყავი. ბათუმი ის ადგილია, სადაც მინდა, რომ ვიცხოვრო.  

ამ ქალაქში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, რაც  განსაკუთრებულს ხდის მას.

ბათუმი სწორ ადგილასაა გაშენებული, რაც ამარტივებს ურთიერთობებს, მოძრაობას, აქ ვერ დაგეზარება სადმე წასვლა. აქ განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, ბათუმელმა მეგობრებმა  ბევრი სირთულე, გაჭირვება გადამალახვინეს“, – ამბობს თეკლა

თეკლამ უფრო ადრე გაიჩინა ბათუმში მეგობრები, ვიდრე საცხოვრებლად გადმოვიდოდა და როგორც თვითონ ამბობს, მასა და მის ბათუმელ მეგობრებს შორის უწყვეტი ბმა იყო. 

თეკლა ამბობს, რომ მის  გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების განსხვავებული დამოკიდებულება მოჰყვა: 

„დედაჩემმა მარტივად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება, მამაჩემი კი დღემდე დარწმუნებულია, რომ მალე დავბრუნდები უკან.

ბათუმზე მიჯაჭვული ვარ,  არ ვიცი დანამდვილებით რა მოხდება, მაგრამ ყველა ჩემი გეგმა ამ ქალაქს უკავშირდება, მინდა, რომ აქ ვიცხოვრო, ბინა შევიძინო, კარიერა აქ გავიკეთო და ა.შ.

არ მიკვირს მათი, ვინც ბათუმიდან წავა. მეც თბილისიდან გამოვიქეცი. სადაც ბავშვობას ატარებ, იქ მეტად ხარ გათქვეფილი და იმ ქალაქის მინუსები შენ უფრო მეტად გაწუხებს, ვიდრე სხვა ქალაქიდან ჩამოსულებს, ამიტომ ვუგებ ბათუმელებს, რომლებმაც დატოვეს ქალაქი“, – ამბობს თეკლა.

თეკლა ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს, დისტანციურად ასწავლის ესპანურს და თავისუფალ დროს ლათინო-ამერიკულ ცეკვებს ცეკვავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: