დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

სტატია გამოქვეყნებულია „ვაშინგტონ პოსტში“, ენტონი ფაიოლა და ლესლი როუტონი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობამ თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან და მას მოსკოვსა და ნატოს შორის დაპირისპირება უწოდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ მისი ერი „არ დაიჭერს მხარეს“ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კნინობითად „კომიკოსი“ უწოდა. სამხრეთ აფრიკის მაღალი თანამდებობის პირი რუსეთს კვლავ უწოდებს „მეგობარს ყოველთვის და ყველაფერში“.

დასავლეთის გადმოსახედიდან ადვილია დაინახო მსოფლიო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაა. მას შემდეგ, რაც რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს სასტიკ ალყაში აქცევენ, ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქების ლიდერები მოსკოვს სანქციებით უტევენ. დასავლეთის ქვეყნებში პუტინი უკვე აღიქმება, როგორც „ბონდის“ ბოროტმოქმედის კარიკატურა და გმირი, საყვარელი ზელენსკის ანტაგონისტი. „მაკდონალდსმაც“ კი შეაჩერა ფუნქციონირება რუსეთში. რა თქმა უნდა, Big Mac-ს თუ ვერ ყიდულობთ, იზოლირებული ხართ.

ეჭვგარეშეა, რომ პუტინმა საკუთარ თავსა და ერს სახიფათო ორმო გაუთხარა. რუსულმა პროპაგანდამ და ცენზურამ თავისი ხალხი რეალობას მოწყვიტა. სანქციებით დაჩაგრული და გლობალური ფინანსური სისტემის მასიური ნაწილისგან მოწყვეტილი რუსული ეკონომიკა ინგრევა. ამ კვირაში დასავლეთის ქვეყნებმა დაარტყეს მოსკოვის სასიცოცხლო – ენერგეტიკულ სექტორს. რუბლი ჩამოიშალა.

მიუხედავად ამისა, თუ კარგად დააკვირდებით, შესაძლოა დაინახოთ, რომ პუტინის იზოლირებულობაზე წარმოდგენა ჯერ კიდევ მხოლოდ დასავლური მიკერძოებაა – დაშენებული დაშვებაზე, რომ „მსოფლიო“ წარმოადგენს პრივილეგირებულთა ადგილს, უმეტესად აშშ-ს, ევროპას, კანადას, ავსტრალიასა და იაპონიას. გაეროს 193 წევრიდან 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი მოსკოვის მიერ მეზობელზე გაუმართლებელი თავდასხმის დაგმობას. მაგრამ ხმათა ეს უმრავლესობა არ აჩვენებს უფრო დეტალურ ისტორიას.

„არსებობს განცდა, რომ ამ რეზოლუციისადმი ბევრი არადასავლური ქვეყნის მხარდაჭერის დონე საკმაოდ სუსტი იყო“, – თქვა რიჩარდ გოუანმა, გაეროს საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის დირექტორმა.

განვითარებადი სამყაროს მრავალი ქვეყანა, მათ შორის რუსეთის ზოგიერთი უახლოესი მოკავშირე, არ ეთანხმება პუტინის მიერ უკრაინის სუვერენიტეტში ჩარევას. მიუხედავად ამისა, გლობალური სამხრეთის გიგანტები – მათ შორის, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა – აზღვევენ თავიანთ ფსონებს, სანამ ჩინეთი კვლავ საჯაროდ უჭერს მხარს პუტინს. ნატოს წევრი თურქეთიც კი თავშეკავებულად იქცევა და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვას არა მხოლოდ რუსული, არამედ ყველა სამხედრო ხომალდისთვის ცდილობს.

ზუსტად ისე, როგორც დასავლელი მაყურებელი მხრებს იჩეჩავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისას, განვითარებადი ქვეყნების ზოგი მოქალაქე უყურებს უკრაინას და ხედავს, რომ არ აქვს ინტერესები ამ კონფლიქტში, მათი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებში კი არ შედის რუსეთის გადამტერება.

განვითარებადი სამყაროს დიდ ნაწილში კრემლის საკითხები აღწევს მთავარ სიახლეებსა და სოციალურ მედიაში. მაგრამ კიდევ უფრო მოზომილი შეფასებები ასახავს უკრაინას, როგორც არა სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის ველს, როგორც დასავლეთი ხედავს, არამედ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაკიაველისეულ საჯილდაო ქვას.

ჩვენ „თანაბარი დისტანცია უნდა დავიცვათ ორივე იმპერიული ძალისგან”, – წერს მიმომხილველი ფუატ ბოლი თურქულ Hürriyet-ში.

პუტინის გარშემო გადაჯგუფება ცივი ომის დროინდელი მიუმხრობლობის მოძრაობის გამოძახილია იმ ქვეყნებისა, რომლებიც სუპერძალაუფლების მქონეთა დუელის შუა გზაზე აღმოჩნდნენ. დასავლეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის უფსკრული ასევე შეიძლება გაუარესდეს პანდემიისა და კლიმატის ცვლილების ეპოქაში, რადგან განვითარებადი ქვეყნები სულ უფრო უკმაყოფილო არიან საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირებული ამერიკის შეერთებული შტატებითა და ევროპით.

„იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან ახლო თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან და დასავლეთის მხარდაჭერის საჭიროება უდგათ კიდევაც. მათ სურთ განაცხადონ, რომ არ მოსწონთ ჩარჩოში მოქცევისა და მხარის არჩევის ვალდებულების იდეა“, – ამბობს იოჰანესბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი კრის ლანდსბერგი.

პუტინის დაგმობის სურვილის არქონა აუცილებლად არ ნიშნავს მისი დახმარების სურვილს. გასულ კვირას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს, შეაჩერა ყოველგვარი საქმიანობა რუსეთთან. ახალი განვითარების ბანკმა, მრავალმხრივმა კრედიტორმა, რომელიც შექმნეს BRICS ქვეყნებმა – ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკამ, „მზარდი გაურკვევლობისა და შეზღუდვების ფონზე“ რუსეთთან ახალი ტრანზაქციები შეაჩერეს.

რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის მხარდაჭერა პუტინისადმი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბეიჯინგში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე თითქმის სამი კვირით ადრე შეხვდა, ჯერ კიდევ დაუკონკრეტებელია და არ ვიცით, რაში შეიძლება გამოიხატოს. იმ შედეგების ფონზე, რომლებიც ჩინეთს ნამდვილად არ სურდა – უფრო მტკიცე იაპონია და შერყეული გლობალური ეკონომიკა – მოსკოვთან ერთად ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის იდეისადმი სი ძინპინის მხარდაჭერა გადაიქცა ბალანსის პოვნის მხარდაჭერად.

მაგრამ პეკინი მაინც ცდილობს გარკვეული პრორუსული განწყობის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით. ჩინური სოციალური მედიასაიტი – Weibo, სადაც ფრაზა „რუსეთის შეჭრა“ აკრძალულია, იტყობინება, რომ ჰეშთეგების – „პუტინი“ და „იმპერატორი პუტინი“ გამოყენება გახშირდა დათვზე ამხედრებული პუტინის MEME-ბთან ერთად.

ინდოეთმა უარი თქვა გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერაზე, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რითაც დაეთანხმა ცივი ომისდროინდელ სტრატეგიულ ურთიერთობას. ნიუ დელი მოსკოვს ჩინეთის საპირწონე დამაბალანსებლად მიიჩნევს – ინდოეთის შეიარაღების 60 პროცენტზე მეტი რუსეთზე მოდის. ინდოეთმა 2018 წელს გააფორმა 5,43 მილიარდი დოლარის გარიგება მოსკოვთან S-400 სარაკეტო სისტემებზე.

„რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იარაღით მოვაჭრეა“, – თქვა დენ რუნდმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა. მისი თქმით, „აშშ ყიდის კადილაკებს იარაღის კონტექსტში, ხოლო რუსეთი – შევროლეებს“.

ნარენდრა მოდის მმართველობის პირობებში, „ინდოეთმა (უკრაინაში) შეჭრას შეუვალი რეალიზმით უპასუხა. უპასუხა მზარდი, მიზანდასახული ძალის სახით, რომელსაც არ სურს რუსეთსა და, როგორც მოდი უწოდებს, „ნატოს ჯგუფს“ შორის მოხვედრა“, – ნათქვამია საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ახალ ანგარიშში.

სამხრეთ აფრიკა იყო ერთ-ერთი აფრიკის 17 ქვეყანათაგან, რომელმაც თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციისგან, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. სამხრეთ აფრიკის ორმა პოსტაპარტეიდის პრეზიდენტმა, თაბო მბეკიმ და იაკობ ზუმამ სამხედრო მომზადება საბჭოთა კავშირში გაიარეს.

ორშაბათს ზუმამ მისი ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პუტინს „მშვიდობის კაცი“ უწოდა.

„რუსეთი ჩვენი მეგობარია ყოველთვის და ყველაფერში“, განუცხადა New York Times-ს ლინდივე ზულუმ, სამხრეთ აფრიკის სოციალური განვითარების მინისტრმა, რომელიც აპარტეიდის წლებში მოსკოვში სწავლობდა. „ჩვენ არ ვაპირებთ დავგმოთ ის ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა.“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ არც უკრაინაზე და არც რუსეთზე“.

იმავდროულად, თურქულმა პრესამ და საზოგადოებამ გაიმეორა კრემლის ცრუ ნარატივი უკრაინაზე, როგორც ნეო-ნაცისტების ბუნაგზე და ცინიკურად ადევნებდა თვალს ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თბილად მიღებას, განსხვავებით სირიელი და ავღანელი დევნილებისგან, რომლებსაც ევროკავშირში შესვლაზე უარი უთხრეს – ისინი იძულებული გახდნენ თავშესაფარი თურქეთში მოეძებნათ.

„უკრაინის მმართველებმა უარყვეს საკუთარი ისტორია და გახდნენ ნატოს მარიონეტები“, – განუცხადა რუსულ პრესას ბიზნესმენმა და ერდოღანის ახლო მოკავშირემ ეთემ სანჩაკმა.

ასლი აიდინთასბასმა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს უფროსმა თანამშრომელმა, The Washington Post-ში დაწერა: „როგორც ჩანს, სტრატეგიული გაურკვევლობის გრძნობა არის თურქეთის დაბალანსების აქტის საფუძველი რუსეთთან. თურქეთს არ სურს დაუპირისპირდეს პუტინს – ყოველ შემთხვევაში, არა დასავლეთის მტკიცე შეთავაზების გარეშე.“

 ფეისბუქში რუსი სამხედროებისა და პუტინის მიმართ სიძულვილის ენა ომის გამო დასაშვები გახდა

პლატფორმა „მეტა“, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელებს ფეისბუქსა და ინსტაგრამს დროებით დასაშვებს ხდის სიძულვილის ენის გამოყენებას რუსი სამხედროების, პუტინის და ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მისამართით.

ამ ინფორმაციას როიტერსი, სოციალური ქსელის მოდერატორების შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როიტერსი წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „მეტა“ დროებით უშვებს პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომელიც ჩვეულებრივ არღვევს წესებს. მაგალითად, დასაშვები ხდება ისეთი გამონათქვამი, როგორიცაა „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“. თუმცა „მეტა“ არ უშვებს ძალადობის ენას რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.

ცვლილება ეხება უკრაინას, საქართველოს, სლოვაკეთს, ლიეტუვას, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, ლატვიას, ესტონეთს, უნგრეთს, პოლონეთსა და რუმინეთს.

„მეტა“ ასევე დასაშვებს ხდის სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გააკეთონ მოწოდებები და სიკვდილი უსურვონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს.

“მეტას” ახალ წესებს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც აშშ-ს ხელისუფლებას სოციალური ქსელის მფლობელი კომპანიის “ექსტრემისტული საქმიანობის” აღკვეთა სთხოვა.

20 გარდაცვლილი და კოვიდის 1543 შემთხვევა – 11 მარტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1543 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა 13 873 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 859, PCR ტესტი – 3 014. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1 695 ადამიანი. 

 

„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. მათ შორისაა ელენე შუბლაძე, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

31 წლის ელენე შუბლაძისთვის უკრაინელების დასახმარებლად აქციაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მე თვითონ დევნილი ვარ სოხუმიდან. ომის შესახებ მოსმენილი ისტორიებით გავიზარდე. ომი ჩემი ყოველდღიურობა იყო. ამასთან, ჩემი ოჯახის წევრი უკრაინელია და კიევში ჰყავს ოჯახის წევრები“, – გვითხრა ელენემ.

ორი წელია ელენე კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანების წევრია. იგი გვიყვება, როგორ გაერთიანდნენ კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა დახმარება გაუწიონ უკრაინელ ხალხს.

„საერთაშორისო სტუდენტური ასოციაციაა კიოლნის უნივერსიტეტში, სადაც ბოლო 2 წელია მოხალისე ვარ.

უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანია ომის დაწყების დღიდანვე დავიწყეთ, ამ კამპანიაში მე ჩართული ვარ, როგორც ამ გაერთიანების მმართველი გუნდის წევრი.

სტუდენტები კიოლნის უნივერსიტეტიდან უკრაინაში გასაგზავნად მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნივთებს აგროვებენ

კამპანიის დაწყებისას, პირველ რიგში, სტუდენტებს მივმართეთ. სტუდენტები მოვიდნენ პირველები უკრაინელების დასახმარებლად, საკუთარი სახლებიდან მოიტანეს წამლები. შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაინტერესდა. გვეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, ავრცელებდნენ ინფორმაციას და ა.შ.“, – ამბობს ელენე.

სტუდენტები ჯერ მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნივთებს აგროვებდნენ, შემდეგ კი ფულის შეგროვებაც დაიწყეს. პარალელურად, უკრაინის რამდენიმე საავადმყოფოსთან ჰქონდათ კონსულტაცია, თუ რა მედიკამენტები და ნივთები იყო საჭირო.

„სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, მოქალაქეები რიცხავდნენ ფულს, სამედიცინო კაბინეტებიდანაც მივიღეთ შემოწირულება და შევიძინეთ მედიკამენტები, რაც საავადმყოფოებს სჭირდებოდათ“, – გვიყვება ელენე.

ელენე შუბლაძის ფოტო

ელენეა „საერთაშორისო სტუდენტთა ასოციაცია კიოლნის“ წევრია. ასოციაციაში ამჟამად 21 სტუდენტური გაერთიანებაა, მათ შორის, არის „ქართველ სტუდენტთა გაერთიანება აისი“, რომელიც 2014 წლიდან შეუერთდა ასოციაციას.

ელენეს თქმით, 20-მდე ქართველი სტუდენტია „აისის“ წევრი, მათ შორისაა ელენეც.

ელენეს საქმე უკრაინის მხარდასაჭერ კამპანიაში კომუნიკაცია, ორგანიზება და ლოჯისტიკაა.

„მე ამ კამპანიის წევრი მოხალისეების საკონტაქტო ვარ უნივერსიტეტთან, რომელიც აგვარებს ყველა საკითხს, რაც ეხება ფართობის მოძიებას, ტვირთის გადაზიდვას, გადმოზიდვას, მანქანების პოვნას და ა.შ.

დროდადრო გვიერთდებიან ქართული ასოციაციიდანაც მოხალისეები. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტი მოდის, მათ შორის, რუსებიც და მაქსიმალურ დახმარებას გვიწევენ ფიზიკურად თუ შემოწირულობით,“ – ამბობს ელენე.

იგი გვეუბნება, რომ უკრაინელი სტუდენტები ოჯახის წევრებისგან მოსმენილ ამბებს ყოველდღიურად უზიარებენ მოხალისეებს.

„როცა ვიკრიბებით, უკრაინელი სტუდენტები გვიყვებიან, თუ სად არიან მათი მშობლები, როგორ გამოვიდნენ უკრაინიდან და სად წავიდნენ ან მიდიან. ვიღაცის დედამ გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს, რადგან მამა ვერ წამოვა და არ ტოვებს მას, ვიღაც ბებიას არ ტოვებს და მთელი ოჯახი უკრაინაში რჩება…

ეს ისტორიებია, თუ ვის რა გადააქვს დღის მანძილზე, რა გაიგეს ახალი. მგონია, რომ ძალიან ბევრ უკრაინელ სტუდენტს ეხმარება თვითონ ის ფაქტი, რომ რაღაცას ვაკეთებთ და მათი ოჯახის წევრების დახმარებას ვცდილობთ,“ – ამბობს ელენე.

ტვირთის ტრანსპორტირებაში სტუდენტებს კიოლნში მდებარე უკრაინის საკონსულო ეხმარება. სტუდენტების მიერ შეგროვებული დახმარება გერმანიიდან პოლონეთში ჩავა, იქიდან კი ოდესაში და შეძლებისდაგვარად სხვა ქალაქებშიც განაწილდება.

„ყველა ძალიან განიცდის უკრაინის მდგომარეობას და ცდილობენ მხარში ამოგვიდგნენ. მაგალითად, ტრანსპორტის პოვნაში დახმარება ვთხოვე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მე კი მას ბინის პოვნაში დავეხმარე, 4 უკრაინელი ჰყავს შეფარებული და კიდევ უკრაინის სამ  მოქალაქეს ელოდებოდა.

გერმანელები მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით გამოხატავენ უკრაინელების მიმართ სოლიდარობას, როგორც შეუძლიათ, საკუთარი სახლებისა და ბინების მათთვის შეთავაზების ჩათვლით“, – ამბობს ელენე.

ელენე გვიყვება, რომ მოხალისეები დილიდან საღამომდე და ხანდახან ღამემდეც კი მუშაობენ, უკრაინაში გასაგზავნი ტვირთის გადანაწილების, დაფასოების, რეგისტრირებისთვის და ა.შ.

24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას დაესხნენ თავს, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გერმანიის არაერთ ქალაქში გაიმართა, მათ შორის, კიოლნში, სადაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

უკრაინის სოლიდარობის აქცია კიოლნში. ელენე შუბლაძის ფოტო

აჭარაში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი შუახევია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მარტს,  თბილისის დროით 23:55 საათზე, დაბა შუახევთან მიწისძვრა მოხდა

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სოფელ მოფრინეთთან მოხდა.

 

სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.

ხულოს სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და სკოლის მასწავლებლებს უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანიის წამოწყების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გაუჩნდათ.

მისი თქმით, კამპანიის წამოწყების ინიციატივა მათ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ჯგუფის აქტიურობამ გაუჩინა.

„უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების კამპანიაში ხულოს საჯარო სკოლის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთნენ. ვისაც რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, ის მოჰქონდა სახლიდან, ეს იქნებოდა ტანსაცმელი თუ სხვა რამ, ვიღებდით ფულად შემოწირულობასაც.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად

სხვადასხვა სოფლის სკოლაში შეგროვებულ ტვირთს დირექტორებმა მოვუყარეთ თავი და ჩვენი ხარჯით და ტრანსპორტით ჩავიტანეთ ბათუმში, სადაც შეგროვებული თანხით ერთგვარად შევავსეთ ეს ტვირთი, შევიძინეთ მშრალი საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვის საკვები პროდუქტები და სხვა ნივთები“, – ამბობს ილია ბოლქვაძე.

მისი თქმით, როცა ამ კამპანიის შესახებ გაიგეს, ხულოს სოფლებში სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და ადგილობრივებმაც გამოთქვეს დახმარების სურვილი.

„ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების კამპანიის ინიციატივა ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებისგან წამოვიდა. მათ თავად გაუწიეს ორგანიზება. შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ახალგაზრდობის რეგიონურ ცენტრს გადავეცით უკრაინაში გასაგზავნად,“ – ამბობს გენადი აბაშიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, დღეს, 10 მარტს, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში 8 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

„სახლი სულ დაიწვა, გარეთ ვართ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ფულიც დამეწვა დაახლოებით 8 ათასი ლარი,“ – ამბობს კაკო შავაძე, ვისი სახლიც დაიწვა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი ფულს საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახს დღეს მეზობლები შეიფარებენ, ხვალიდან კი, სპეციალური კომისია შეისწავლის ხანძრით მიყენებულ ზარალს. მანამდე ოჯახს ქობულეთის მერია საცხოვრებელს დაუქირავებს.

15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე

46 წლის თეა შენგელია ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ცხოვრობს. თეა უკრაინიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს. თეა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 15-20 ადამიანის მიღება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინელ დევნილებს მანამდე შეუძლიათ მის სახლში ცხოვრება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ წასვლას.

„დიდი სახლი მაქვს, სადაც ძირითადად ჩემი მეათეკლასელი შვილი და დედა ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე ექვსი წელია თურქეთში ვართ და ხშირად ვართ იქეთ, ახლაც თურქეთში ვაპირებთ გამგზავრებას.

გერასუნის რაიონში დიდი სახლი და სოფლის მეურნეობა გვაქვს. გვყავს მწყერი, ცხვარი და საქონელი. თხილის ბაღებიც გვაქვს. ასე, რომ ლტოლვილების მიღება თურქეთშიც შეგვიძლია, თუკი ისურვებენ.

უკრაინელ ხალხს ძალიან ვგულშემატკივრობთ მთელი ოჯახი, მათი მხარდამჭერი აქციებიც გვქონდა თურქეთში“, – გვეუბნება თეა შენგელია.

თეა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკრაინაში საქართველოსთვისაც იბრძვიან და უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა.

„თუ უკრაინა აიღო, ხვალ-ზეგ რომ ჩვენ მოგვადგებიან სახლში, ეს გარანტირებულია. საქართველოს მთავრობა კი ვხედავთ რასაც აკეთებს. უკრაინაა ახლა მთავარი, თორემ საქართველო უკვე აღებულიც აქვს, ჩვენ ვერ ვგრძნობთ თორემ, ამათ უკვე ჩაბარებული აქვთ საქართველო“, – ამბობს თეა.

მისი თქმით, ახლა უკრაინის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მან ამ ომში უნდა გაიმარჯვოს.

ტურისტი, რომელიც უკრაინაში ვეღარ ბრუნდება: ჩემი მეგობრები ომობენ, მშობლები ნიკოლაევში არიან

32 წლის უკრაინელი მარკეტოლოგი ირინა დუდკო კიევიდან საქართველოში დასასვენებლად 19 თებერვალს ჩამოვიდა და 26 თებერვალს სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ირინა სამშობლოში ვეღარ ბრუნდება. 

„19 თებერვალს ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, ბათუმიდან წავედით სვანეთში სასრიალოდ. 26 თებერვალს უკრაინაში ვაპირებდით გამგზავრებას.

საქართველოსა და უკრაინის დროს შორის ორი საათია სხვაობა. 24 თებერვალს, ღამით, ცუდად მეძინა. მეგობარმა მითხრა – „დაიწყო“. იმ წუთსვე გამოვფხიზლდი და დავიწყე ინფორმაციის ძებნა. პირველ რიგში, დავურეკე მშობლებს ნიკოლაევში. მათ არაფერი იცოდნენ, იქ დილის 5 საათი იყო, ნიკოლაევში იმ დროს სიმშვიდე იყო. 

ომი დაიწყო თუ არა უკრაინაში,  ბევრი დასავლეთ უკრაინაში გაემგზავრა, ვიღაცები – საზღვარგარეთ, ვიღაცები სარდაფებში იმალებოდნენ…

ყველას იმედი გვქონდა, რომ ეს არ მოხდებოდა. მეც მეგონა, რომ 1 კვირით წავიდოდი დასასვენებლად, ამ დროში პოლიტიკოსები მოილაპარაკებდნენ და საომარი მოქმედებები არ იქნებოდა. ყველას გვეგონა, ეს იქნებოდა ინფორმაციული დაშინება და რამდენიმე ტერაქტი, მაგრამ არ გვეგონა, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა,“ – გვითხრა ირინამ.

მან გვიამბო, რომ ომის პირველ დღეებში სვანეთში დარჩა, მესტიის გესთჰაუსში „როზასთან“, სადაც სთხოვდნენ, კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ ირინამ მეგობრებთან ერთად ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა.

„ქალაქებში უფრო მარტივია, დიასპორაც უფრო დიდია, რაიმე სამსახურის ნახვაც არის შესაძლებელი… ზოგი თბილისში გაემგზავრა. მე და ჩემი მეგობარი ბათუმში ჩამოვედით და აქ ვარ უკვე მეორე კვირაა. მოხალისეები და ნაცნობები დაგვეხმარნენ, ახლა სასტუმროში უფასოდ ვცხოვრობთ. დიდი ალბათობით, კიდევ 1 კვირა ვიცხოვრებ და მერე მოვძებნი რაიმე ბინას, შედარებით იაფს, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება ომი. 

კიევში, კომპანია „პეჟოში“, მარკეტოლოგად ვმუშაობდი. ვფიქრობ, აქაურ ბაზარზე ჩემი კვალიფიკაცია გამომადგება და ვიპოვი სამსახურს.“ – ამბობს ირინა.

ნიკოლაევთან, სადაც ირინას მშობლები ცხოვრობენ, ბრძოლები მიმდინარეობს. ირინა დღეში რამდენჯერმე უკავშირდება მშობლებს.

„უკვე ითხოვენ, რომ აღარ მივწეროთ – ყოველ საათში გვეკითხებიან, როგორ ვართო.

დედაჩემი მეუბნება – „ირა, ყველაფერი კარგად არის, დაძინებას ვაპირებთ, მაგრამ ყველა ნათესავი გვწერს – „როგორ ხართ?“ და ვეღარ ვიძინებთ, ვაიბერზე გაუჩერებლად მოგვდის შეტყობინებები“. 

მარიუპოლშიც მსგავსი სიტუაციაა. ჩემი მეგობრის ოჯახი ცხოვრობს იქ – მშობლები და მისი უმცროსი და. თავშესაფარში არიან. მეგობრის დას დიაბეტი აქვს და, გარდა იმისა, რომ გაუგებარ სიტუაციაში არიან, მათ შეიძლება პრეპარატები გაუთავდეთ, ინსულინია აუცილებელი და მწვანე კორიდორს არ აძლევენ,“ – გვიამბობს ირინა. 

ირინა ყვება, რომ ომი უკრაინაში ყველა მის ნაცნობს შეეხო და ამ რთულ სიტუაციაში ადამიანებმა ყველა ნაცნობის ძებნა დაიწყეს, რომ გაიგონ მათი მდგომარეობის შესახებ.

ჩემი მეგობრები ომობენ. ერთი ნიკოლაევშია, ერთი – კიევში. 

ყველა კონტაქტი, რომელიც სკოლაში გქონდა, გაცოცხლდა. ახლა ყველა ერთმანეთს წერს და კითხულობს. ყოველი დღე იწყება კითხვებით: „როგორ ხარ? სად ხარ?“ ასე ვცხოვრობთ.

კიევში ჯოჯოხეთია. შემოგარენის დაპყრობას ცდილობენ, ზოგიერთ რაიონში ხალხის გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.

ერთი მეგობარი ირპენში მყავდა. გააღწიეს ქალაქიდან და ახლა გერმანიაში არიან. მათი სახლი ააფეთქეს, სარდაფებში იმალებოდნენ. მეუბნება – გერმანიაში ვარ, სახლში, უსაფრთხოდ, მაგრამ ყურებში ჯერ კიდევ თვითმფრინავების წუილი მესმისო.

ვინც უკრაინაშია, ძალიან ცუდად გრძნობენ თავს და გვთხოვენ, მოვუყვეთ, რა ხდება ბათუმში, რა გვაქვს აქ გემრიელი, როგორი ამინდია… იმიტომ, რომ 2 კვირა ამ სიტუაციაში არიან და აინტერესებთ, როგორია ნორმალური ცხოვრება. 

როგორც კი უკრაინაში ჩავალ, პირველ რიგში, მივალ ჩემს სახლთან კიევში, რომ ვნახო, ადგილზეა თუ არა, ხელს დავუქნევ და გავემგზავრები ჩემს მშობლებთან ნიკოლაევში. მეშინია მათ გამო, არსად წასვლა არ უნდათ, არც საზღვარგარეთ, არც დასავლეთ უკრაინაში.“ – ამბობს ირინა. 

ირინა ახლა ბათუმიდან ცდილობს დაეხმაროს სამშობლოს. აგროვებს ჰუმანიტარულ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად, დადის ბათუმში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გამართულ აქციებზე:

„ახლა მაქვს ასეთი სინდრომი – მგონია, რომ აქ არაფერს ვაკეთებ და იქ დახმარების გაწევას შევძლებდი, მაგრამ ობიექტურად რომ განვსჯი, ვიცი, რომ იქ დიდად ვერავის დავეხმარებოდი – არც ექიმი ვარ და არც სამხედრო.

აქ ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელ შტაბს ვეხმარები. ის, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს, წამლებს ანაწილებს, ვისაც არ აქვს – ისინი ყუთებს აწებებენ. ჩვენ, უკრაინელებს, გამოგვიყვეს აფთიაქების სერტიფიკატები და მათი საშუალებით ვყიდულობთ უკრაინაში გასაგზავნ მედიკამენტებს.

დავდივარ მიტინგებზე, უკრაინაში მყოფ ყველა მეგობარს ვეკონტაქტები და ფსიქოლოგიურად ვუდგავარ მხარში. ძალიან მეშინია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ“.

ირინას თქმით, საქართველო უკრაინელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ამ სიტუაციაში მოხვედრა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა, რაც ყველაზე მეტად უნდა, ომის დასრულება, სამშობლოში დაბრუნება და მშობლების ნახვაა. 

ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას

სმარტფონების მსხვილი ჩინური მწარმოებლები, პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი ზეწოლის მიუხედავად, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ამცირებენ რუსეთის მომარაგებას.

ყველაზე მეტად მიწოდება შეამცირა Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ კომპანიების მიწოდების მოცულობა სულ მცირე განახევრდა, წერს გაზეთი Financial Times. ინფორმაცია ტვირთის მოცულობის შესახებ ფიზიკური ან ფულადი თვალსაზრისით არ არის მოწოდებული, მაგრამ აღნიშნულია, რომ ჩინური ბრენდები შეადგენენ სმარტფონების რუსული ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტს.

„პოლიტიკურად სენსიტიურია ღიად განაცხადო რუსულ ბაზარზე გაყიდვების შეჩერების შესახებ, ისე როგორც ეს Apple-მა და Samsung-მა გააკეთა“, – თქვა Xiaomi-ს ერთ-ერთმა ყოფილმა აღმასრულებელმა, რომელიც გულისხმობდა პეკინის მხარდაჭერას მოსკოვის მიმართ. „მაგრამ ბიზნესის პერსპექტივიდან, მართებულია გვერდში იდგე და უყურო, რა მოხდება შემდეგ“.

ომისადმი ძლიერი საერთაშორისო წინააღმდეგობის მიუხედავად, პეკინმა უარი თქვა დაგმოს პუტინის ომი. სამაგიეროდ, ჩინეთმა რუსეთთან „ნორმალური“ ბიზნეს და სავაჭრო კავშირების პირობა დადო – ჩინურმა ბრენდებმა რუსეთი მასობრივად არ დატოვეს.

გარდა ამისა, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები ხელს უშლის ჩინურ კომპანიებს ისარგებლონ რუსეთიდან დასავლური ფირმების მასიური გასვლით, წერს FT.

ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ უკვე იგრძნო გარკვეული უარყოფითი შედეგები. მაგალითად, Huawei-მ დაადასტურა ინფორმაცია მისი ბრიტანული განყოფილების დირექტორთა საბჭოს ორი წევრის გადადგომის შესახებ. Huawei-მ დაადასტურა, რომ წყვილმა იმის გამო დატოვა თანამდებობა, რომ ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა ვერ შეძლო საჯაროდ გაეკრიტიკებინა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს – 146 მილიარდ დოლარს მიაღწია, ჩინეთმა შეადგინა რუსული იმპორტის დაახლოებით 14 პროცენტი, მათ შორის თითქმის ყველა ელექტრონული საქონელია.


ფოტო: EPA-EFE/ANDRE COELHO

პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან

36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია.

შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად.

საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს.

ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, როცა გაზეთში ქართველ ტანკისტ ქალებზე ნახა სტატია მათივე ფოტოებით. მაშინვე დაიწყო ძებნა რა სამხედრო სპეციალობების შესწავლას შეძლებდა საქართველოში. საზღვაო, საქვეითო და საავიაციო მიმართულების მწირ ჩამონათვალს წააწყდა:

მინდოდა გავმხდარიყავი არა უბრალოდ მფრინავი, არამედ სამხედრო მფრინავი. ასე აღმოვაჩინე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, მაგრამ იმ პერიოდში, 2003 წელს, მფრინავებად გოგოებს იქ არ იღებდნენ.

მითხრეს, რომ რახან ასე მინდოდა სამხედრო მფრინაობა, შემეძლო მისაღები გამოცდებით ჩამებარებინა საინჟინროზე, კერძოდ, საავიაციო ხელსაწყოების მიმართულებაზე და ამის შემდეგ ერთი ნაბიჯიღა დამრჩებოდა მფრინაობამდე.

რა თქმა უნდა, ჩავაბარე. ძალიან რთული სპეციალობა აღმოჩნდა.

არამხოლოდ სასწავლო მასალებს, რამდენიმე უცხო ენასაც ვსწავლობდი ერთდროულად, ჩემი ინიციატივით. ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი დამატებით, რეპეტიტორების გარეშე. ვიყავი ძალიან კარგი სტუდენტი, თითით საჩვენებელი, და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემს ერთადერთ ნაკლად ჩემი სქესი განიხილებოდა – გოგო ვიყავი.

ძალიან კარგად სწავლობ, განათლებული ხარ, საინტერესო, ბევრი რამ იცი, მაგრამ გოგო ხარ – ასეთი დამოკიდებულება იყო ჩემ მიმართ უნივერსიტეტში და მეც ვფიქრობდი, რომ „ნაკლის“ გადაფარვა ერთადერთი რამით შემეძლო – განათლებით. წლები ვმუშაობდი, რომ ჩემი მთავარი ძლიერება განათლება ყოფილიყო“ – ამბობს ეკა.

ეკატერინე ქვლივიძე

სტუდენტობის პირველსავე წელს ეკამ „ბოინგის სტიპენდია“ მოიპოვა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემოდა, თუ ყველა საგანში 100 ქულას დააგროვებდა სტუდენტი.

საინჟინრო ფაკულტეტზე სულ 46 სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის, გოგო მხოლოდ ეკა იყო. ქართულად არ არსებობდა ლიტერატურა ავიაციის შესახებ. ტექნიკური რუსული კი ეკასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მთელი ღამეები ელექტროსქემების რუსულ წიგნებს ჩასცქეროდა, ჯერ თარგმნიდა, რომ გაეგო რას ეხებოდა თემა, მერე კი შეგნებული და გააზრებული დამახსოვრების დრო დგებოდა.

უნივერსიტეტის რექტორმა დამიბარა და მითხრა, მობილობით გადაგიყვან, სადაც გსურს იმ ფაკულტეტზეო. მფრინავის ფაკულტეტზე მინდა-მეთქი, ვუთხარი. ოღონდ მაგის გარდა, რამე სხვა აარჩიეო – მიპასუხა. მიზეზი ამ დროსაც ეს იყო: გოგო ვიყავი. დიდხანს ვებრძოდი ამ კლდეს.“ – ამბობს ეკა.

2007 წლიდან, როცა ეკა საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებდა, თავდაცვის სამინისტრომ ინტენსიურად დაიწყო სამხედრო ავიაციის განვითარება და ინჟინრების, მფრინავების მიღება გამოაცხადა.

„მე და ჩემმა კურსელმა ბიჭებმა შევიტანეთ საბუთები. არასდროს დამავიწყდება, 11 თებერვალი იყო, სამხედრო ავიაციის სარდალმა რომ დამირეკა. ჩავნიშნეთ შეხვედრა გასაუბრებისთვის და ასე მოვხვდი შეიარაღებულ ძალებში.

გოგოებისთვის მაშინ ცალკე ყაზარმა და საშხაპეც არ იყო გათვალისწინებული. ჩემ შემდეგ კიდევ აიყვანეს ორი გოგო და 2007 წლიდან უკვე სამმა გოგომ დავიწყეთ სამხედრო ავიაციაში ბედის ცდა.

სამხედრო მფრინავად თითქმის 12 წელი ვიმსახურე. ეს ჩემი ცხოვრების უძვირფასესი წლები იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და გავიზარდე როგორც ადამიანი. გავიარე ბევრი რთული და საინტერესო ქარტეხილი“ – ამბობს სამხედრო მფრინავი.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე ახლა უკვე ყოველ წელს 5-ზე მეტი მომავალი მფრინავი გოგო აბარებს.

როგორც ეკა გვეუბნება, ბევრ კომპანიაში მუშაობენ ახლა საავიაციო უნივერიტეტის კურსდამთავრებული მფრინავი გოგოები. ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზეც გოგოების სწავლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

2017 წელს, ხანგრძილივი სამხედრო მფრინაობის შემდეგ, როცა ეკა კვალიფიციურ პროფესიონალად იქცა, აშშ-ში გაგზავნეს ერთწლიან კურსზე, რომლის მიზანიც დასავლური სამხედრო სისტემებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვა იყო.

„ეს იმისთვის ხდებოდა, რომ რაც შეიძლება მობილიზებულები ვყოფილიყავით ნატოსთან ინტეგრაციისას – სამომავლოდ ერთმანეთის სამხედრო ენა რომ გაგვეგო წვრთნებისას“ – იხსენებს ეკა.

ეკატერინე ქვლივიძე

ამერიკიდან რომ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალ პოზიციამდე ჩამოაქვეითეს და ფრენებიდან „მოხსნეს“ იმ მიზეზით, რომ საფრენი საშუალებების მცირე რესურსი ჰქონდათ დარჩენილი, კერძოდ, ამერიკული შვეულმფრენი ე.წ. იროკეზები, რომლითაც ეკა ამერიკაში წასვლამდე დაფრინავდა.

„ჩამოსვლის მერე უნდა დავბრუნებოდი სასწავლო ფრენებს, რომ სრულფასოვან, დამოუკიდებელ მფრინავად შევმდგარიყავი. აღარ გამიგრძელეს ეს სასწავლო ფრენები, რესურსი ცოტა აქვს ტექნიკას და გოგოებზე ამას არ დავხარჯავთო. 12 წლის სამხედრო სამსახურის შემდეგ მითხრა ეს ჩვენმა ახალმა მეთაურმა“ – ამბობს ეკა.

გააპროტესტა ეს ყველაფერი, იმ დროს პარალელურად GIPA-ში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში, აკადემიური ჰქონდა აღებული და ითხოვა სამხედრო სამსახურისგან, მაგისტრატურის დასრულების საშუალება მიეცათ.

აღარ დაფრინავდა, აღარც თანამდებობა ჰქონდა და ამისთის დრო ჰქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს. „არადა, კანონით ყველა მეთაური ვალდებულია ხელი შეუწყოს სამხედრო პირს სამოქალაქო განათლების მიღებაში, ცხადია არა სამხედრო ბაზის საქმის დაკნინების ხარჯზე.

ბაზაზე კომპიუტერის შეტანა არ შეიძლებოდა, არ მქონდა ინტერნეტი, პრეზენტაციებს ვერ ვამზადებდი, ელექტრონულ წიგნებს ვერ ვკითხულობდი, სრულიად იზოლირებული ვიყავი, იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი. როცა სისტემაში ხარ, პროტესტს ვერ გამოთქვამ, არ გაქვს ამის უფლება.“ – ამბობს ეკა.

რაღაც პერიოდი უმუშევარი იყო, მერე 2 წელი ლექციებს კითხულობდა საავიაციო უნივერსიტეტში. იყო რექტორის მოადგილე საფრენოსნო მიმართულებით, პარალელურად თელავის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი იყო, თუმცა მთავარი ოცნება – სამხედრო ავიაცია ოცნებად დარჩა. დიდი ხანია აღარ უფრენია. თავდაცვის სამინისტროში, როგორც თავად ამბობს, შეუძლებელია ვინმე იყოს ოპოზიციური პარტიიდან დღევანდელ საქართველოში – ეკა ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრია.

ეკატერინე ქვლივიძე

„დღემდე მენატრება სამხედრო მუნდირი, ვერ აგიხსნით, რა ემოცია იყო ჩემთვის, როცა მუნდირის ბოლო ღილს ვიკრავდი და მხრებს ვშლიდი. მართლა მჯეროდა, რომ დიდ საქმეებს გავაკეთებდი.

სამხედრო მოსამსახურება პრესტიჟული, საამაყო საქმე უნდა იყოს. საქართველოში ასე არ არის. არც სისტემა ვითარდება სწორად, მით უფრო, როცა ქვეყნის 20 % -ზე მეტია ოკუპირებული და საქართველოს შუაგულში რუსეთის ჯარი დგას.

ამ ფონზე სერიოზული ძალები უნდა გვგყავდეს მობილიზებული,“ – ამბობს ეკა ქვლივიძე და დასძენს, რომ ოდესმე ისევ ასწავლის ახალგაზრდებს სამხედრო საავიაციო საქმეს.

ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ვალერი კუდინოვმა, „როსავიაციის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთი თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებისთვის შესაძლებლობების მოძიებას თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-იც, თუმცა ჩინური მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რუსული ავიაკომპანიები რთულ ვითარებაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს გამოცხადებული სანქციები კრძალავს რუსეთისთვის სამოქალაქო თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, ასევე, მათ ტექნიკურ მომსახურებას და დაზღვევას. გარდა ამისა, სანქციები ავალდებულებს მეიჯარეებს მარტის ბოლომდე შეწყვიტონ ავიაკომპანიებთან არსებული კონტრაქტები.

Reuters-ის ცნობით, 9 მარტს გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ადგილობრივი ავიახაზები დაავალდებულოს, იჯარით აღებული თვითმფრინავების ღირებულება რუბლში გადაიხადონ და ასევე, შეუძლია აკრძალოს თვითმფრინავების უცხოური კომპანიებისთვის დაბრუნება იჯარის შეწყვეტის შემთხვევაში.

______________

ფოტოზე: აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს

ხულოს შემდეგ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი შუახევშიც დახურეს.

„3 დღის წინ იქირავეს ჩემი საკუთრება. მე მეგონა ძიძიგურის პარტია, კონსევრატორები ვართო, ასე მითხრეს და მერე გავიგე, რომ თურმე სხვა პარტია ყოფილა… 600 ლარი უნდა გადაეხადათ, ასე შევთანხმდით ზეპირად, ხელშეკრულება არ დაგვიდია. არ მომწონს ის, როგორც მოიხსენებენ ისინი მუსლიმებს, მე ეს გადმომცეს და ვნახე… მოვთხოვე დაცლა და დღეს დილით წავიდნენ,“ – გვითხრა დავით დავითაძემ, ვის საკუთრებაშიც „კონსერვატიულ მოძრაობას“ პარტიის ოფისი ჰქონდა გახსნილი.

„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს „კონსერვატიულ მოძრაობას“.

ხულოში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი 8 მარტს დახურეს. აქ მესაკუთრემ პარტიას მისი პოლიტიკური იდეოლოგიის გამო უარი უთხრა ფართობის მიქირავებაზე.

„ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

მოქალაქეთა ჯგუფმა ამბროლაურში „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს ამბროლაურშიც.

მთავარი ფოტო: „კონსერვატიული მოძრაობის“ ყოფილი ოფისი შუახევში

ბსუ-ში სწავლა 21 მარტს განახლდება, ლექციები კვლავ დისტანციური იქნება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 21 მარტს განახლდება.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ტიპის პრაქტიკული, ჯგუფური და ლაბორატორიული მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში განახლდება და მხოლოდ სალექციო პროცესი დარჩება დისტანციურ რეჟიმში.

სწავლების ეს მოდელი შეეხება ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებს.

ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრი 14 მარტს იწყებოდა, თუმცა ერთი კვირით გადაიდო. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ამის რამდენიმე მიზეზი იყო და გაზაფხულის სემესტრის ერთი კვირით გადადება ხელს  შეუწყობს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზებულ განახლებას.

ომის დანაშაულზე თქვენც აგებთ პასუხს – ზელენსკიმ კრემლის პროპაგანდისტები გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვისას პროპაგანდისტებზე ისაუბრა და თქვა, რომ საომარი დანაშაულები შეუძლებელი იქნებოდა პროპაგანდისტების მხრიდან ხელის დაფარების გარეშე.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი (ქალი, ბავშვი, ექიმი) დაშავდა, სამი კი დაიღუპა (მათ შორის, ერთი ბავშვი, გოგონაა).

ზელენსკის თქმით, ამ თემაზე ისაუბრეს რუსულ ტელევიზიაშიც. „ეს თემა იყო მათ თოქ-შოუში, მაგრამ არც ერთი მართალი სიტყვა არ თქვეს, რუსები მოატყუეს, რომ თითქოს საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ იყო, სამშობიაროში კი – არც ქალი და არც ბავშვი. რუსები მოატყუეს, რომ თითქოს იქ დაბანაკებულები იყვნენ ნაციონალისტები… ისინი, როგორც ყოველთვის, დარწმუნებით იტყუებიან“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მინდა მათ ერთი რამ ვუთხრა: თქვენ პასუხს აგებთ ისევე, როგორც ყველა, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების და მათთან დაკავშირებულ პირთა მთელ ქონებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ჩამოერთვას მათ ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. თქვენ ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? თქვენ ეს აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია”, – დასძინა მან.

ზელენსკის თქმით, პროპაგანდისტები აუცილებლად აგებენ პასუხს ომის დანაშაულში თანამონაწილეობისთვის.

„ეს აუცილებლად მოხდება, რუსეთის მოქალაქეებს შესძულდებით. ყველას, ვისაც ახლა ატყუებთ ყოველდღე და მრავალი წლის განმავლობაში. როდესაც ისინი იგრძნობენ თქვენი ტყუილის შედეგებს, იგრძნობენ საკუთარ საფულეებზე, შესაძლებლობებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო მცირდება, იგრძნობენ რუსი ბავშვებისთვის მოპარული მომავლით“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი არასოდეს არის იზოლირებული, მაგრამ ყოველთვის ურტყამს მსხვერპლსაც და აგრესორსაც.

„აგრესორი, უბრალოდ, ამას მოგვიანებით ხვდება, მაგრამ ყოველთვის იტანჯება“, – თქვა მან.

რა არის ბაირაქტარი, რომელსაც უკრაინის „იმედის იარაღს“ უწოდებენ

„შემოდის ძლიერი რაკეტები და ტექნიკა. ჩვენ ამ ყველაფერზე ერთი პასუხი გვაქვს – ბაირაქტარი. ძალით უნდოდათ ჩვენი გაძევება და ჩვენ გავბრაზდით ამ ორკებზე, რუს ბანდიტებს მოჩვენებებად აქცევს ბაირაქტარი“ – ეს ციტატაა უკრაინული სიმღერიდან, რომელიც უკრაინელებმა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ს, დარტყმის უპილოტო საფრენ აპარატს მიუძღვნეს, იარაღს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ომში დღემდე აქტიურად იყენებენ.

გერმანული გამოცემა Bild-ი მაღალ შეფასებებს აძლევს ბაირაქტარის შესაძლებლობებს.

გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უკრაინის თავდაცვა ენდობა თურქულ ტექნოლოგიას. იმედის იარაღი ბაირაქტარია“.

„ბაირაქტარის უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა რუსული წარმოების Панцирь С-1 სარაკეტო და იარაღის სისტემები სირიაში, სომხეთსა და ლიბიაში, ასევე გაანადგურა  დიდი რაოდენობით რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკა უკრაინაში“ – წერს გაზეთი.

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაირაქტარის უპილოტო საფრენი აპარატის გავლენა უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგზე ჯერ არ არის დადგენილი.

Ukrainian Bayraktar TB2 War song #RussiaInvadedUkraine

გამოცემაში მოცემულია ინფორმაცია თურქული წარმოების დამრტყმელი თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლების შესახებაც.

კერძოდ, ბაირაქტარს, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება, შეუძლია ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა – 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე.

ბაირაქტარის დრონებს შეუძლიათ მიზანში სროლა 7 კილომეტრის სიმაღლიდან.

უკრაინამ ბაირაქტარის დრონები თურქეთიდან ჯერ კიდევ 2021 წელს შეიძინა. 2022 წლის თებერვალში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში Bayraktar-ების ქარხანა აშენდება სამხედრო დრონების შესაქმნელად.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინას შეუტია. დღემდე იბომბება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა.

6 მარტს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის ზოოპარკში დაიბადა ლემური, რომელსაც ბაირაქტარი დაარქვეს.

ვწყვეტ შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, 14:37 საათზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. როგორც სააკაშვილი წერს, ის მე-20 დღეა, რაც შიმშილობდა.

„მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ“, – წერს სააკაშვილი.

გუშინ, 9 მარტს, უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს მთავრობას მიმართა. იასკო საქართველოს სთხოვს სააკაშვილი უკრაინაში დააბრუნონ.

„მისი ადგილი ახლა ნამდვილად უკრაინელ ხალხთან არის. ამ ბრძოლაში ჩვენ ის ნამდვილად გვაკლია“, – წერს ლიზა იასკო ფეისბუკზე.

ჩაირთე სილქნეტის ახალი პაკეტი და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით მთელი თვე

სილქნეტის ულიმიტო კატეგორიის პაკეტებს ახალი შეთავაზება დაემატა: 

30 დღით 30 ლარად, მომხმარებელი, კოდით *019*2*3#  შეძლებს გაიაქტიუროს ულიმიტო პირობა და შეუზღუდავად ისარგებლოს ინტერნეტით. 

პაკეტი განსხვავდება სხვა ულიმიტო, ერთჯერადი შეთავაზებისგან – მისი ჩართვა შესაძლებელია სასურველ დროს და ის  ავტომატურად განახლდება, ანგარიშზე ბალანსის არსებობის შემთხვევაში.

კომპანია ასევე სთავაზობს აბონენტებს სხვა ულიმიტო პაკეტებსაც: 1 დღიანს, 5 დღიანს, ღამის საათებში -30 დღიანს. გაიგე მეტი.

სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფას ითვალისწინებს მე-10 და მე-12 კლასებში.

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მოდებაძის განმარტებით, „დღევანდელი მდგომარეობით, საგანი ისტორია ისწავლება მე-7 კლასიდან მე-12 ჩათვლით, ოღონდ საქართველო და მსოფლიო ისტორია ერთად“.

მოდებაძის თქმით, მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები ახალია, თუმცა მასაც „საქართველო და მსოფლიო ისტორია“ აწერია.

„თუ ცალკე საგნად გამოიყოფა ეს ძალიან კარგი იქნება – ადრეც გვინდოდა, რომ ქვეყნის ისტორია ბავშვებს უფრო ღრმად ესწავლათ. მე-12 კლასში სულ 8 საგანს სწავლობენ და ერთიც რომ დაემატოს, არა მგონია, ამან გამოიწვის დიდი საათობრივი დატვირთვა“, – გვითხრა ნინო მოდებაძემ.

საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფა, სავარაუდოდ, გაზრდის საათებს სკოლაში. „არ ვიცი, ამას რის ხარჯზე გააკეთებენ, შეიძლება რომელიმე საგნობრივი საათი შეამცირონ ან ინტეგრირება მოახდინონ, ზუსტად ვერ გეტყვით როგორ იქნება. ჯერ არ გვაქვს მითითებები“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

ბრძანების მიხედვით:

„მე და საზოგადოება“ ისწავლება III-IV კლასებში

„ჩვენი საქართველო“ – V-VI კლასებში

ისტორია მოიცავს საგანს „ისტორია“ – ისწავლება VII-XII კლასებში

საგანი „საქართველოს ისტორია“ ისწავლება X-XII კლასებში.

გეოგრაფია მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში.

ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება

ოპოზიცია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

„კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა,”- აღნიშნულია ოპოზიციური ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს, 10 მარტს, ხელი მოაწერეს თორნიკე რიჟვაძის იმპიჩმენტის დაწყების მოთხოვნაზე განცხადებას, თუმცა ოპოზიციის აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 6 წევრი ჰყავს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას კი 7 ხელმოწერა სჭირდება.

„არ გამოვრიცხავთ, რომ მეშვიდე ხელმომწერი ირაკლი ჩავლეიშვილი იყოს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ენმ-ის წევრი აჭარაში.

თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატია, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს თორნიკე რიჟვაძის იმპიჩმენტს.

„ამ წუთას არ არის ამის დრო, სალომე ზურაბიშვილიც იყო მტერი, მაგრამ ახლა მოკეთე გახდა… დღეს სამყარო დგას მსოფლიო კატასტროფის წინაშე, არა მგონია, ეს ის დრო იყოს, ჩვენ ერთმანეთში ვეძებოთ მტრები. პარტიული ინტერესები არ უნდა დავაყენოთ წინ, არ უნდა გავთითოკაცდეთ,“ – გვითხრა ირაკლი ჩავლეიშვლმა.

უმაღლესი საბჭოს გარდა ოპოზიცია მანიფესტით იწყებს საზოგადოებაში ხელმოწერების შეგროვებას.

„იმპიჩმენტის არანაირი საფუძველი არ არსებობს,”- უპასუხა დღესვე ოპოზიციას ბრიფინგით ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„ჩვენ ყველგან ვამბობთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში,”- უთხრა ჟურნალისტებს ტიტე აროშიძემ, როცა მას ვკითხეთ, რამდენად მოეწონა თავად მას თორნიკე რიჟვაძის პასუხი.

ოპოზიციის ბრიფინგი აჭარის უმაღლეს საბჭოში, 10 მარტი, 2022

რუსეთმა ომი წააგო, ის ახლა აალებული დრაკონია, რომელიც კუდს ურტყამს ყველაფერს – რუსი მწერალი

რუსეთიდან ემიგრირებული მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი, Настоящее Время-სთან ამბობს, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი წააგო, რუსეთში იმპერიალიზმის დაშლა დაიწყო, თუმცა წუხს, რომ საამისოდ უკრაინას დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია და არავინ იცის, კიდევ რამდენი სისხლის დაღვრა მოუწევს.

„პუტინი უკვე დამარცხდა ომში, რუსეთმა წააგო ომში, რუსეთმა მომავალი, ყველაფერი წააგო, მათ (ხელისუფლებამ) ყველაფერი გადაწვეს მომდევნო რამდენიმე ათწლეულით წინსწრებით. რუსეთის სახელმწიფო აღარ არსებობს – რასაც ვუყურებთ, ეს არის აალებული დრაკონი, რომელიც თათებსა და კუდს ურტყამს ყველაფერს, რასაც მოხვდება, ამ დრაკონს ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია და საქმე სწორედ ამ ზიანის მოცულობას ეხება, კიდევ რამდენი მსხვერპლი, კიდევ რამდენი გადამწვარი ქალაქით დასრულდება ეს ყველაფერი უკრაინისთვის, მაგრამ სტრატეგოსობა არ გჭირდება იმის მისახვედრად, რომ პუტინმა ომი წააგო.

მას (სამხრეთ) ოსეთის ვარიანტის იმედი ჰქონდა – უცებ დაარტყამდა და მერე იტყოდა, ასე მოხდა და ასე იყო. მსოფლიოც მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა, ჰო, ნუ, რას ვიზამთ, ეს ახლა ასეა…

რა თქმა უნდა, რუსეთი ვერასდროს დაიკავებს უკრაინულ ქალაქებს, მას შეუძლია მტვრად აქციოს ისინი, კიდევ მეტი ადამიანი მოკლას, მეტი სისხლი დაღვაროს, მაგრამ ვერასდროს დაიკავებენ უკრაინას.

კიევი თუნდაც აიღონ, რა უნდა აკეთონ იქ, მათ ფეხქვეშ მიწას ცეცხლი მოეკიდება და ამ ვითარებაში, როცა ყველაფერი ნათელი გახდა, ისინი ცვლიან რიტორიკას, ვნახოთ, რას იზამ.

ცხადია, ძალიან მინდა, დასავლეთი მარაზმში არ გადაეშვას და პუტინთან, როგორც პარტნიორთან, არ დაიწყოს დიალოგი. ვფიქრობ, რომ დასავლეთი, ჩვენ, უპირველესად, უკრაინა, უკვე ძალიან ბევრს ვიხდით ამ კოლექტიური ჩემბერლენის გამო.

პუტინის შურისძიებაა, რაც უკრაინაში ხდება. „არ უნდა ერგო არავის, თუ ჩემი არ იქნები. ჩემი თუ არ იქნები, სულაც ნუ იარსებებ“ – სულ ეს არის მისი ლოგიკა. ეს არის შურისძიება.

ერთადერთი, რაც პუტინს შეუძლია, ხარკოვისა და კიევის მიწასთან გასწორებაა, რადგან მას ატომური იარაღი აქვს და დასავლეთს ეშინია რუსეთის არმიის განადგურების, რაც ნატოს ძალებს ადვილად შეუძლიათ.

ამიტომ ბირთვული იარაღის გამოყენების შანტაჟით პუტინი ახლა უკრაინულ ქალაქებს გაანადგურებს.

არ ვიცი, რას ფიქრობენ და რით ფიქრობენ ის გენერლები, ვინც ამას აკეთებენ, ჩვეულებრივი შეშლილები არიან. უკაცრავად გამოთქმისთვის და სახელისუფლებო ელიტა კი, რომელიც უშიშროების სხდომაზე აცახცახებულები ვნახეთ, ჩვეულებრივი პარალიზებული ზომბია. ეს უკვე არავითარი ელიტა არაა, ეს „ტრუხაა“, რომელსაც შეუძლია ისე მოექცეს, როგორც მოესურვება.

ვინმეს თუ შეეძლო პუტინისთვის რამეზე წინააღმდეგობის გაწევა, მრავალი წელია, სასაუბრო მანძილზეც კი ვერ უახლოვდებიან, ამიტომ, თუ ვინმე რამეს ხვდება, ეს პუტინამდე ვერ აღწევს.

ნუ ვითვალთმაქცებთ – ტირანის სიკვდილი ისტორიის კეთილი დასასრულია. თვალთმაქცობაა ახლა ვისაუბროთ ლეგიტიმურობაზე, ადამიანის სიცოცხლის ფასზე – ტირანის სიკვდილი ყოველთვის საზეიმოა. ბანაკგამოვლილებთან ვმეგობრობდი – 5 მარტის [სტალინის გარდაცვალების დღე] აღნიშვნას მათთან შევეჩვიე. ტირანის გარდაცვალება უამრავ ადამიანს იხსნის სიკვდილისგან, პუტინის სიკვდილი უამრავ ადამიანს იხსნის და მოდით, სისულელეს შევეშვათ, ეს იქნება კარგი დასასრული – დღეს მისი სიკვდილი ყველასთვის კარგი იქნებოდა, ყველასთვის საჩუქარი იქნებოდა. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.

იმედი მაქვს, რომ მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ პუტინის რუსეთი წარსულს ჩაბარდება და ასევე იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც პუტინის რუსეთის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, გასამართლდება. მოვლენებს ფართო ხედით რომ შევხედოთ, დავინახავთ რუსეთის იმპერიის გადადებულ დასასრულს, თან ძალიან კლასიკური გზით: ომები პროვინციაში, დაშლა, იდეოლოგიის არარსებობა, იულიუს კეისრის ადგილას ვიღაცები მოეთრნენ, როგორც სუსლოვ-ანდროპოვის ადგილას მოეთრა პუტინი.

თუ პუტინი გაიმარჯვებს (პუტინზე მაქვს საუბარი, თორემ რუსეთი უკვე დამარცხებულია), ის იჯდება თავის ტახტზე და არა სასამართლოში ბრალდებულის სკამზე და გვექნება ახალი ტიპის თურქმენეთი, რკინის ფარდა. რადგან ატომური იარაღი გვაქვს, მას ჰუსეინივით და მილოშევიჩივით არ ჩამოაგდებენ და ვიქნებით რაღაც ტერიტორია, რომელიც აღარავის აღარ დააინტერესებს…

თუ სამეფო კარზე რაღაც გადატრიალება მოხდა, მოვა ვიღაც ახალგამოჩეკილი ფიგურა, მიუბრუნდება დასავლეთს და შეეხვეწება საჭმელს, სამაგიეროდ შეცვლის პოლიტიკას და ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს, დონეცკს, ლუჰანკს, საჭმლისა და ინვესტიციების გამო.

პუტინის გარემოცვამ ძალიან კარგად იცის, რომ ომი უკრაინაში წაგებულია და ამ გამოუვალი ვითარებიდან თავის დაძვრენას, უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის სულ უფრო მეტი ზიანის მიყენებას ცდილობენ. ლავროვმა ძალიან კარგად იცის, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინა, ის ამ ყველაფრის მონაწილეა და შეგახსენებთ, რიბენტროპი სიკვდილით დასაჯეს… ცდილობენ, როგორმე დაუსხლტნენ ამ გამოუვალ ვითარებას. ომი, ყველაფერი დამთავრდება, როცა დეფოლტი დადგება და ამოიწურება რაკეტების რაოდენობა. სულ ეს არის.

აი, უკრაინაში კი ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ომის დასრულების შემდეგ რიგები დადგება ინვესტორების და იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის აღდგენაში ჩაერთვებიან.

დაგვჭირდება ათწლეულები, რომ ახალი ელიტა გამოიზარდოს, რომელიც გააცნობიერებს, თუ რა კოშმარი დავატრიალეთ სამყაროში და გულწრფელად მოინანიებს. აქ უკვე გერმანიის ანალოგი უნდა იყოს – გულწრფელი, გაცნობიერებული მონანიება. მოიძებნება ჩვენში ჰერმან ჰესსე, გიუნტერ გრასი, ჰაინრიხ ბიოლი, მოიძებნებიან, მაგრამ ამას დრო, ათწლეულები დასჭირდება“.

3 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად – მედია

9 მარტს ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ და უკრაინული მედია ავრცელებენ მარიუპოლის საკრებულოს ტელეგრამის არხზე დაყრდნობით.

ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო წუხელ დაბომბეს. შემთხვევის ადგილიდან არაერთი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა.

335 ტანკი, 12 000-ზე მეტი ადამიანი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით, 10 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ამ დროისთვის ასეთია:

  • პერსონალი – 12 000-ზე მეტი ადამიანი
  • ტანკი – 335 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1105 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 123 ერთეული
  • MLRS  – 56 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 29 ერთეული
  • თვითმფრინავი – 49 ერთეული
  • ვერტმფრენი – 81 ერთეული
  • ავტოტრანსპორტი /საავტომობილო ტექნიკა – 526 ერთეულ,
  • გემი / ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.


მე-15 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს ქალაქებსაც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 474 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინის შეიარაღბეული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის არმიის შეტევის შეკავებას დონეცკში, სლობოჟანსკში და ტავრიის ოპერატიული ტერიტორიების ნაწილებში, იცავენ ხარკოვს და ოხტირკას.

ამავე თემაზე:

კანადა უკრაინას 50 მლნ დოლარის იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

 

კანადა უკრაინას 50 მლნ დოლარის იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი აცხადებს, რომ კანადა უკრაინას 50 მლნ დოლარის იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, მათ შორის, კანადურ კამერებს, რომლებიც სამხედრო დრონებისთვის გამოიყენება.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, გუშინ, 9 მარტს,  განაცხადა, რომ კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნიდა.

გუშინ ტრუდო გერმანიაში, ბერლინში იმყოფებოდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ტრუდომ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ.

„პუტინმა ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი გამბედაობა, ისევე როგორც მოკავშირეების სოლიდარობა,“ – მოჰყავს კანადის პრემიერ-მინისტრის ციტატა გამოცემას. ტრუდომ ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი წააგებს მაშინაც კი, თუ რუსული არმია შეძლებს უკრაინის ოკუპაციას, რადგან მკაცრი სანქციები უზარმაზარ ზიანს მიაყენებს რუსეთს.

როდის განახლდება სამგზავრო მატარებლების მოძრაობა თბილისის მიმართულებით

რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მეწყერი 7 მარტს ჩამოწვა, რის გამოც სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია.

დღეს, 10 მარტს, „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „საქართველოს რკინიგზას“ ჰკითხა, რა სამუშაოები შესრულდა პრობლემის აღმოსაფხვრელად და როდის განახლდება მოძრაობა რკინიგზაზე.

„გაწმენდის სამუშაოები ჩავატარეთ, გუშინ საღამოს უკვე გაწმენდილი იყო ხიდის ნარჩენებისგან გზა. როგორ ვიცი, დარჩენილი იყო ელექტროსისტემასთან დაკავშირებული სამუშაოები. ავტოტრანსპორტს მოძრაობის მხრივ შეფერხება არ შექმნია,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

რაც შეეხება მატარებლებს, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განახლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

„ჩვენი მხრიდან, გუშინ ყველანაირი აღდგენითი და განახლებითი სამუშაოები დასრულდა. თუმცა ეს ტერიტორია გეოლოგების დაკვირვების ქვეშაა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს მეწყრის ხელმეორედ დაძვრის საფრთხე. ამიტომ ველოდებით გეოლოგების დასკვნას.

ტარდება მონიტორინგი და მას შემდეგ, რაც დასკვნების მიხედვით გვეცოდინება, რომ მეწყრის საშიშროება აღარ არის, ამის შემდეგ გავუშვებთ სამგზავრო მიმართულებას,“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“.

დაახლოებით რამდენ დღეში უნდა წარმოადგინონ გეოლოგებმა დასკვნა, ზუსტი ინფორმაცია რკინიგზაში არ აქვთ. „დღეს და ხვალ რომ არ განახლდება სამგზავრო მიმართულება, ეს ვიცით“ – გვითხრეს რკინიგზაში.

კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 მარტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 240, PCR ტესტით – 2 405. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1 889 პაციენტი.

პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის

შუახევის სოფლებში, ჭვანასა და ნენიაში, პროექტში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ჩართული ახალგაზრდები თანატოლებს შეხვდნენ და მათ თვითმმართველობის კომპეტენციასა და სამოქალაქო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტში შეძენილი ცოდნის გაზიარებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული კედლის კალენდრებიც გადასცეს, რომლებზეც დამატებითი ინფორმაციის სახით, თვითმმართველობის კომპეტენციაა დატანილი.

შეხვედრა შუახევის სოფელ ნენიაში

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

პროექტი გულისხმობს ქალებისა და ახალგაზრდების უკეთ გარკვევას თვითმმართველობის კომპეტენციებში, ჩართულობის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას მერიასთან თუ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დროს. ასევე, პროექტების, პეტიციების შედგენასა და წარდგენას შესაბამის ორგანიზაციებში.

„პროექტის ფარგლებში 20-მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე, პეტიციების შედგენაზე, პროექტების წერაზე. მათ ისწავლეს თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორ დაგეგმონ საინფორმაციო კამპანია, თუ საჯარო აქცია. ტრენინგების დასრულების შემდეგ კი, თანატოლებში ზუმ პლატფორმის მეშვეობით თავადაც ჩაატარეს ურთიერთსაგანმანთლებლო ტრენინგი. ეს ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში წარდგენილ პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვების პროცესშიც“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

შეხვედრა შუახევის სოფელ ჭვანაში

თაკო მიქელაძე პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ამბობს, რომ ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობა, რომ მიეღო ცოდნა და გაეზიარებინა მისი თანატოლებისა და უფროსი თაობისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს – შუახევის მერიას, გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციას, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, მიგვეღო განსაკუთრებული ცოდნა თვითმმართველობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის, საჯარო აქციების შესახებ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა ჩამომაყალიბა წარმატებულ ადამიანად. ახალგაზრდებს და ასევე, უფროს თაობასაც, მინდა ვურჩიო, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში“.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჭვანაში

„პროექტის ფარგლებში მივიღე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, დეტალურად შევისწავლეთ პროექტის წერა, ასევე განვიხილეთ ბიუჯეტისა და პეტიციის შედგენა სხვადასხვა წესით. პროექტის განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა  შუახევში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებას სხვადასხვა კუთხით“, – ამბობს პროექტის მონაწილე მარიკა ქათამაძე.

მარიკა დარწმუნებულია, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ დონორებთან და შუახევის მერიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობაში დაეხმარება: „პროექტის მონაწილეები კი ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროექტები კიდევ გაგრძელდება და სიამოვნებით მივიღებთ მასში მონაწილეობას“.

შეხვედრა შუახევის სოფელ ნენიაში

„არ ვიცოდი, პეტიცია როგორ უნდა შემეტანა სხვადასხვა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთან, რომ შემდეგში ეს ჩემი მოთხოვნა განეხილათ“; „საჯარო აქციასთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობასთან, ამ დრომდე არ მქონდა გამყარებული ცოდნა, რომ ეს შემდეგ გამეზიარებინა ჩემი თანატოლებისთვის“; „ბევრი ვისწავლე ამ ყველაფრიდან, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად ჩაერთოთ, მიიღოთ მონაწილეობა, ძალიან ბევრ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებთ“, – ამბობენ პროექტის სხვა მონაწილეები.

„ამ პროექტმა მომცა იმის საშუალება, რომ მესწავლა – საჯარო გამოსვლა, როგორ უნდა ჩამეტარებინა საჯარო აქცია, ასევე მივიღე ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის, პეტიციის შესახებ. ამ თვეებში ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის და ამ პროექტის ბევრი მონაწილისთვის. კმაყოფილი ვარ ტრენერებით, რადგან ბევრი ინფორმაცია მივიღე თითოეული მათგანისგან“, – ამბობს მილენა მიქელაძე, პროექტის მონაწილე.

შეხვედრა შუახევის სოფელ ნენიაში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მოვალეობის შემსრულებელი თამარ ხიმშიაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერება ამ კუთხით. მათი ხმა უფრო მეტად უნდა ისმოდეს თვითმმართველობის დონეზე – სოფლებში, თემებში, ისინი მეტად უნდა ჩაერთონ ადგილებზე პრობლემების გადაჭრაში.

თამარ ხიმშიაშვილი თავადაც მონაწილეობდა აღნიშნულ შეხვედრებში.

„მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, გაძლიერება და სწორედ ეს პროექტი უწყობს ხელს ახალგაზრდების გააქტიურებას, დაიწყონ ადვოკატირების კამპანია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შემდეგში ხომ მათ უნდა მართონ მუნიციპალიტეტი და განკარგონ ადგილობრივი ბიუჯეტი. მე მჯერა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოიტანს და ჩვენს ახალგაზრდებს მეტად გაააქტიურებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, – ამბობს თამარ ხიმშიაშვილი.


15-წლიანი ან უვადო პატიმრობა – ღალატისა და მაროდიორობისთვის უკრაინამ კანონი გაამკაცრა

უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება.

საომარი მდგომარეობის დროს ღალატისა და საბოტაჟისთვის პირი დაისჯება 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით.

ეს კანონი დაარეგულირებს ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გადაცემისა და დაბრუნების პროცედურას.

ახალი კანონით, ოკუპანტების წინააღმდეგ მოსახლეობამ ასევე შეიძლება გამოიყენოს სპორტული იარაღი, სანადირო თოფი ან კომბინირებული იარაღი.

კანონი გამკაცრდა ასევე მაროდიორობისთვისაც, კერძოდ: ბრძოლის ველზე სხვისი ქონების მითვისების ან გაფლანგვისთვის, ტრაგიკული გარემოებების პირადი სარგებლობისთვის, ასევე, ნაცემი და დაჭრილი ადამიანების ძარცვისას მაროდიორობა დაისჯება 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან

„ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ თვითორგანიზებულ აქციას მოაწყობენ ჩეჩნეთში დედები,“ – ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა ხდება ახლა კავკასიაში? რამდენად შეცვლის კავკასიას რუსეთ-უკრაინის ომი?

კავკასიოლოგის დაკვირვებით, ომში ჩართული ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია უკიდურესად დაბალია და ამის გამოხატულებაა დედების აქციაც. ექსპერტის აზრით, განსხვავებულია, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიზნები, ხოლო კავკასიაში რეალობის შეცვლა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, რუსეთს ომის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიისკენ გამოხედვის თავი ექნება თუ არა.

„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ლონდონში ჩაწერა. ის ამჟამად ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

  • ბატონო ალექსანდრე, რამზან კადიროვით დავიწყოთ, რომელიც ერთ-ერთი ფიგურანტია რუსეთ-უკრაინის ომში. რა არის მისი და ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია ამ ომში? 

დავიწყოთ იმით, რომ კადიროვის გარემოცვაში სერიოზული უკმაყოფილებაა რუსეთის მმართველობის ზოგიერთი რგოლის წინააღმდეგ, კონკრეტულად ФCБ-ს და განსაკუთრებით – გენშტაბის. თავიდან დაგეგმილი იყო უკრაინაში „ბლიცკრიგით“ შესვლა, მაგრამ სინამდვილეში კადიროველებმა მიიღეს ძალიან დიდი დანაკარგი. კადიროვის გარემოცვაში გავრცელდა ხმები, რომ სწორედ  ФCБ-მ მიაწოდა უკრაინულ მხარეს მათი კოორდინატორები და არტილერიით გაანადგურეს კადიროვის დანაყოფი.

ეს ამსხვრევს მითს კადიროვის უძლეველობის შესახებ – როცა კადიროვის რეჟიმის ქვეშ მოექცა ჩეჩნეთი, მან შეიქმნა დაუმარცხებელი, სუპერმენის იმიჯი. ეს იმიჯი დღეს იმსხვრევა ჩეჩნეთში. ეს ფაქტორი გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩრდილოეთ კავკასიაზე.

აქ არის მეორე ფაქტორიც – ჩრდილოეთ კავკასიიდან გაწვეული ჯარისკაცების მოტივაცია არის ძალიან დაბალი. ეთნიკურ რუსებში შედარებით არსებობს ეს „ველიკოდერჟავული“, რუსული სამყაროს დაცვის იდეოლოგია, მაგრამ ამ იდეოლოგიისგან დაცლილები არიან ჩრდილოეთ კავკასიელები. ისინი მასობრივად უარს აცხადებენ ცხელ წერტილებში წასვლაზე. აქ უფრო არიან კონტრაქტით გაწვეული ჯარისკაცები, რადგან სამხედრო კარიერა ერთ-ერთი გზაა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ სიღარიბეს დააღწიო თავი, მაგრამ სასაკლაოზე წასვლა არავის უნდა.

როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში ჩეჩნეთში იგეგმება დედების მიტინგი კომისარიატთან, რათა გააპროტესტონ ჩეჩნების გაწვევა ომში. ეს 20 წლის მანძილზე პირველი თვითორგანიზებული მიტინგი იქნება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ეს აჩვენებს იმას, რომ სერიოზული ძვრები წავა კავკასიის რეგიონში.

  • როგორც ცნობილია, სიღარიბეა მთავარი ფაქტორი ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც მათ დამოკიდებულებას განსაზღვრავს რუსეთის მიმართ. ისინი მუდმივად იღებენ დოტაციას რუსეთისგან. 

დიახ, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს არ აქვთ დამოუკიდებლად არსებობის რესურსი, აქ არ არის თვითმყოფადი ეკონომიკა, მხოლოდ გადასახადებით და დღგ-ით საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ ხელფასს, ვერც პენსია გაიცემა, ვერც მასწავლებელი აიღებს ხელფასს. იმ დოტაციის დიდი ნაწილი კი, რასაც რუსეთისგან იღებენ,  მიდის ადგილობრივ კორუფციულ სქემებში.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში. იმ დანაკარგების მიხედვით, რაც უკვე აქვს რუსეთს, არაა გამორიცხული დეფოლტი გამოცხადდეს და დაიწყოს საბიუჯეტო კრიზისი, რაც თავისთავად იქონიებს გავლენას დოტაციებსა და ტრანშებზე. თუ ეს ფინანსური რესურსი არ ექნება რუსეთს დოტაციისთვის, არ არის გამორიცხული, ვითარება დაიძაბოს ჩრდილოეთ კავკასიაში, გაიზარდოს წინააღმდეგობა რეგიონსა და ფედერაციულ ცენტრს შორის.

თუმცა გააჩნია, როგორ შეფუთავს ბაზარზე საკუთარ დამარცხებას რუსეთი. თუ რუსეთს ისევ ექნება ჩრდილოეთ კავკასიის გამოკვების რესურსი, შესაძლოა, სტატუს კვო შეინარჩუნონ. თუ ეს რესურსი არ იქნება, შესაძლებელია გარკვეული ძვრები დაიწყოს. რთულია ამის პროგნოზირება, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვითარება დაიძაბოს.

  • კადიროვი რა სარგებელს ელის ამ ომისგან? 

კადიროვი სხვა ფენომენია. მისი ამბიცია არსებითად შემოიფარგლება მხოლოდ ჩეჩნეთით. მისი ამოცანაა ახლა პოზიციები გაიმყაროს რუსულ ძალოვან ბლოკში, ცენტრალურ დონეზე. მისი მფარველი პუტინის გარდა არის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალი ზოლოტოვი. ამ მოცემულობაში, როცა რუსეთის გაპიარებული ჯარი ჩავარდა, კრახი განიცადა, კადიროვს სურს დაუმტკიცოს ზოლოტოვს და პუტინს, რომ რეალურად საქმის გამკეთებელია. კადიროვს თავის გამოჩენა სურს.

ერთი რამ ცხადია: ჩრდილოეთ კავკასიაში აღარ იქნება ისეთი ცხოვრება, როგორიც იყო ომამდე, აუცილებლად დაიწყება ქვედა დინებები და გაიზრდება იმ ადამიანების პოზიციები, ვისაც სურთ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების რუსეთისგან გამოყოფა. ვფიქრობ, განახლდება შეიარაღებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა და მინიმუმ შეირყევა რუსეთის პოზიციები რეგიონში. რუსეთს ახლაც ძალიან დიდ ფასად უჯდება იქ სტაბილურობის შენარჩუნება.

  • „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობდით სამი წლის წინ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვი გარე მმართველობის შემოღებას ცდილობს, რაც ზრდის ფედერალური ცენტრის ფუნქციას. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, თუ შესუსტდა?

ეს პროცესი გრძელდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც წლების წინ იყო. მაგალითად, დაღესტანში რუსებმა უკან დაიხიეს და ეთნიკურად რუსი ვასილევის ნაცვლად დაღესტნელი, ეთნიკური ლეზგი მელიქოვი დანიშნეს რესპუბლიკის მეთაურად. ეს მოხდა იმიტომ, რომ ვასილევს ძალიან გაუჭირდა ადგილობრივ კლანებთან საერთო ენის გამონახვა და ვერ შეძლო დაღესტანში მყარი მმართველობის შენარჩუნება. რუსეთმა არჩევანი სამხედრო ფესვების მქონე მელიქოვზე გააკეთა.

ასეთი მაგალითიც შეიქმნა, თუმცა მას არ მიუღია ფართო მასშტაბი. არსებითად ისევ გარე მმართველობის მოდელია ამ ტერიტორიებზე.

  • ამ ვითარებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის უკრაინის ომში ჩართვამ რამდენად შეიძლება შეცვალოს მათი პოზიციები, მათ შორის, საქართველოს მიმართ?  

გარდაუვალი იქნება აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინის ომში, მით უმეტეს, როცა არსებობს ორმხრივი სამხედრო შეთანხმება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, აფხაზეთს შორის. ისინი ერთიანი სარდლობის ქვეშ არიან მოქცეულები. სწორედ ამ ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ფარგლებში არ არის გამორიცხული, გადაისროლონ ოსური და აფხაზური ფორმირებები უკრაინაში.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოსახლეობა ემხრობა უკრაინის დანაწევრებას და სეპარატიზმს, რადგან მათ, როგორც მოკავშირეს, ისე უყურებენ. მაგრამ როცა უკვე რეალურ საბრძოლო მოქმედებაში ჩართვაზეა საუბარი, ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს დანაკარგებს, დანაკარგებს ცოცხალ ძალაში. თუ გადაისვრიან, მათ ზურგში არავინ დააყენებს, წინა ხაზზე გაუშვებენ. მოგეხსენებათ, რომ ოსებისა და აფხაზების იდეოლოგიის საყრდენი არის ის, რომ მცირე ერი ვართ და რუსეთი არის გარანტი, დაგვიცვას ქართული ოკუპაციისგან, ჩვენს გენოფონდს დაიცავსო. ამ დროს, როცა მათ ცხელ წერტილებში გადაისვრიან და გაჩნდება ინფორმაცია პირველი დაღუპულების შესახებ, ამან შესაძლოა სერიოზული საზოგადოებრივი ძვრები გამოიწვიოს.

ისინი უარს ვერ ეტყვიან რუსებს უკრაინის ომში მონაწილეობაზე. გახსოვთ ალბათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო ანატოლი ხრულოვი, რომელიც შემდეგ შემოვიდა ცხინვალში საქართველოს ოკუპაციისთვის.

  • თუ რუსეთი წააგებს ომს უკრაინაში, როგორც ამას ელის არაერთი ანალიტიკოსი, რა არჩევანი რჩებათ აფხაზებსა და ოსებს? 

რუსეთის დასუსტება არ ნიშნავს მის ჩამოშლას. გახსოვთ ალბათ ირანის მაგალითი, რომელიც სანქციების პირობებში ფუნქციონირებს. რუსეთიც დიდი ალბათობით ასეთ გადარჩენის რეჟიმზე გადაერთვება.

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ოკუპირებულ სოხუმსა თუ ცხინვალში საქართველოზე დაიწყებენ ფიქრს, თუმცა გარკვეული აფხაზი მაღალჩინოსნები იმ ფონზე, როცა დაზარალდნენ სანქციებით, შეეცდებიან ოფიციალურ თბილისთან გარკვეული ენის მონახვას, რათა სანქციებს თავი აარიდონ და თავიანთი ფინანსური აქტივები დაიცვან საქართველოს გავლით. ისინი გამოიყენებენ გარკვეულ პრეფერენციებს, რასაც მათ აძლევს საქართველო. იგივე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში, ინტერნეტის გამოყენება და ასე შემდეგ.

სანამ სოხუმსა და ცხინვალში რუსული რეჟიმია, მკვეთრ შემოტრიალებას საქართველოსკენ არ უნდა ველოდეთ.

  • 2018 წელს ინგუშეთში იყო მასობრივი საპროტესტო აქციები საზღვრების გამო, თუმცა საბოლოოდ მორიგდნენ. ახლა რამდენად იქმნება ახალი კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, ზუსტი პროგნოზირება რთულია რა ტრაექტორიით წავა ესა თუ ის ეთნიკური დაპირისპირება, მაგრამ ყველაფერი, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, აისახება საქართველოზე.

იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მიზანს მიაღწევს უკრაინაში, პუტინის შემდეგი ნაბიჯი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ულტიმატუმის წაყენება და როგორც თავად პუტინი ამბობს: „შემდეგი სამხედრო ტექნიკური ქმედება“. რა იქნება ამ ულტიმატუმის შინაარსი, ეს ჯერ არავინ იცის, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი, ან მინიმუმ არ მიაღწევინოს რუსეთს ის, რაც მას დაგეგმილი აქვს.

თუ რუსეთმა მთლიანად დაიკავა უკრაინა, რაც ძალიან რთული წარმოსადგენია, დიდი ალბათობით, პირველ რიგში, შემდეგი ულტიმატუმი საქართველოს მიმართ ექნება პუტინს. დანაკარგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც უკვე აქვთ რუსებს უკრაინაში, მათ არ ექნებათ შესაძლებლობა ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის მოემზადონ სამხრეთ კავკასიაში, თუმცა რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ჩემი მოლოდინი ისაა, რომ საქართველოში შესაძლოა ბევრი ჩრდილოკავკასიელი შემოვიდეს, რადგან ადამიანის ბუნება ისწრაფვის ისეთი გარემოსკენ, სადაც არის მეტი სტაბილურობა. ეს ტენდენცია დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, როცა ფინანსურად შეძლებულმა ჩრდილოკავკასიელებმა ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან ბინების ყიდვა დაიწყეს თბილისსა და ბათუმში. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ თუკი არასტაბილური ვითარება შეიქმნება, ოჯახები გამოხიზნონ საქართველოში. არაა გამორიცხული, კიდევ მეტი ადამიანი წამოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში.

რას უყვება მაყურებელს მედია რუსეთში

რუსეთში რამდენიმე დღეა დაიხურა მედიაგამოცემები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებდნენ.

ქვეყანაში მედიას აეკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდოს ომი. ვინც ახალ კანონს არ დაემორჩილება, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში არაერთმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მაუწყებლობა, მათ შორისაა „დოჟდი“ და „ეხო მასკვი“.

ახლა რუსეთში მაყურებლები მხოლოდ იმ ტელევიზიებს უყურებენ, რომლებიც მხარს ღიად უჭერენ კრემლის პოლიტიკას. თოქშოუებში მხარეები, ფაქტობრივად აღარ არიან, ყველა „მხარე“ პუტინის პოლიტიკას იწონებს.

რას უყვებიან ახლა რუსეთის მოქალაქეებს, როცა ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ყოველდღე ბომბავენ?

  • რაც ახლა უკრაინაში ხდება „ამერიკელების ოცნებაა“

კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სალავიოვმა 8 მარტის თოქ-შოუში, საკუთარ გადაცემაში ისაუბრა მიმდინარე ამბებზე.

სალავიოვი ამბობს, რომ აშშ ახლა იმ ქვეყნებიდან ცდილობს ნავთობის ყიდვას, რომლებსაც აქამდე „ლაფში სვრიდა“, კერძოდ ვენესუელიდან და ირანიდან.

„ჩვენ [რუსეთი] მთავარი ბოროტება ვართ მათთვის [დასავლეთისთვის]და ჩვენს გასანადგურებლად ურიგდებიან ვენესუელასა და ირანსაც. თუ ეს გამოუვათ, რომ გაგვანადგურონ, მერე მისდგებიან ამერიკელების აზრით არც ისე სერიოზულ მტრებს: ვენესუელას, ირანს და მერე მოვა ჩინეთის რიგიც.

უკრაინა გადავიდა სამხედრო მოქმედებებზე, რისთვისაც მათ დიდი ხანია ამზადებდნენ – არმიით, ბინძური ბომბების და ბიოლოგიური იარაღის მომარაგებით.

ჩვენ მარტივი არჩევანის წინაშე დავდექით, ან უნდა დაგვეშვა 22 ივნისის დილის 4 საათი [სალავიოვი გულისხმობს 1941 წლის 22 ივნისს] ან უნდა განგვეხორციელებინა გამაფრთხილებელი დარტყმა, რომ დაგვესრულებინა 8-წლიანი ომი დონბასში“, -ამბობს გადაცემის დასაწყისში სალავიოვი.

მისი თქმით, ამერიკა ხედავს ჩინეთის იმპერიის აღმასვლას და აცნობიერებს, რომ თუ ახლა არ გაუსწორდებიან რუსეთს, მერე დრო აღარ ექნებათ ჩინეთთან გასამკლავებლად და ამიტომ სწრაფ და გადამწყვეტ ქმედებებზე გადადიან.

„ისინი ამ ოპერაციისთვის, რა თქმა უნდა, 1, 2 და 3 წელი არ ემზადებოდნენ“, – ამბობს სალავიოვი.

მისი თქმით, რაც ახლა უკრაინაში ხდება „ამერიკელების ოცნებაა“.

„მათ გამოზარდეს „ანტირუსეთი“, გადაკიდეს რუსეთს და ახლა აკვირდებიან სლავები როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მათთვის ეს არის გეგმა, რომელიც განახორციელეს“.

  • „90-იანებში გვეუბნებოდნენ, რომ გავყიდდით ნავთობს და ვიყიდით ყველაფერს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ რამე რომ ვიყიდოთ, ჯერ საჭიროა, რომ უნდა უნდოდეთ ჩვენგან ყიდვა”

სალავიოვი ღიად აცხადებს ასევე, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ბაზები რუსეთის წინა მთავრობებს არ უნდა გაეყვანა:

„სამწუხაროდ, ამერიკის ამ გეგმის ამოცნობა, ჩვენი წინა მთავრობების ხელმძღვანელებმა, გორბაჩოვმა და ელცინმა, ვერ შეძლეს და პრინციპული შეცდომები დაუშვეს. სამხედრო ბაზებზე უარი და ბაზების გამოყვანა შეიძლება ითქვას, რომ იყო შიდა პოლიტიკის მთავარი მაცხი. ეს უკვე ცხადია.

ომს მოჰყვება ეკონომიკური სირთულეები, ჩვენ კი 90-იანებში გვეუბნებოდნენ, რომ გავყიდდით ნავთობს და ვიყიდით ყველაფერს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ რამე რომ ვიყიდოთ, ჯერ საჭიროა, რომ უნდა უნდოდეთ ჩვენგან ყიდვა [ნავთობის].

დასავლეთი სერიოზულია, მზადაა გაიღოს მსხვერპლი. ნუ გვექნება ილუზია, რომ მუხლებზე დავარდება დასავლეთი და გაზს და ნავთობს გვთხოვს.

მათ აქვთ ათასწლოვანი ამოცანა, რომ გაანადგურონ ალტერნატიული ევროპა, ალტერნატიული შეხედულებები.

ანტირუსული შეხედულების გამო კოტრდება ევროპული ბანკები, ფასები ცამდეა გაზრდილი, მაგრამ ისინი მაინც აწესებენ ახალ სანქციებს. უშედეგოა მათ აუხსნათ სინამდვილეში რა ხდება უკრაინაში. ისინი აჩვენებენ „ნაცისტების“ დანაშაულებს და სინამდვილეში არაფრის დანახვა არ უნდათ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოევიკებმა ხარკოვში დანაღმეს ექსპერიმენტული ბირთვული დანადგარები, მარიუპოლის ერთ სკოლაში კი განათავსეს საბრძოლო შეიარაღება და ტექნიკა, ხარკოვსა და სუმში მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტენ და რუსეთს აბრალებენ“, – ამბობს კრემლის პროპაგანდისტი.

„მესტა ვსტრეჩი“ – ასე ჰქვია ტელეკომპანია НТВ-ს პოლიტიკურ თოქ-შოუს, რომელიც შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე გადის ამ არხზე.

თოქ-შოუს ბოლო გადაცემა ამ არხზე წამყვანის მცირეხნიანი შესავლის შემდეგ პუტინის ჩართვით დაიწყო, სადაც ის ამბობს, რომ სპეციალური საომარი ოპერაციები მკაცრად განსაზღვრული გეგმის შესაბამისად გრძელდება და ყველა დასახული მიზანი წარმატებით სრულდება.

  • „რუსეთი სთხოვს უკრაინის ხელისუფლებას მათივე მოსახლეობის მშვიდობიანად გაყვანას და ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობას”

„ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა უზრუნველყვეს ყველგან ტრანსპორტი, რომ მშვიდობიან მოსახლეობას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესძლებოდათ უსაფრთხო ადგილას წასვლა, მაგრამ „ნაციონალისტები“ მათ არ აძლევენ ამის საშუალებას“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

წამყვანი ანდრეი ნორკინი „ნაცბოტებს“ უწოდებს უკრაინის არმიას. ასევე მოიხსენიებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ფიოდოროვი.

„ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა ომის დროს ყველაზე მარტივი საქმეა, მაგრამ მისცემენ კი ამის შესაძლებლობას რუსებს უკრაინელი ნაცბოტები?“ – აცხადებს გადაცემაში ანდრეი ფიოდოროვი.

საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ წარმომადგენელი, მაქსიმ იუსინი კი უხსნის მსმენელს, რომ „ნაცბოტები“ ყველგან არ არიან:

„არიან მარიუპოლში და ეს კოლოსალური პრობლემაა, ხარკოვშიც დიდი წინააღმდეგობაა. ხარკოვი უკრაინის ყველაზე რუსული ქალაქია და ყველაზე ახლოსაა ჩვენთან“, – ამბობს მაქსიმ იუსინი.

გადაცემის სტუმრები ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსული მხარის სურვილია უკრაინის „საფრთხისშემცველი ქალაქებიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კორიდორით გაყვანა, რაშიც მათ ხელს თითქოს უკრაინის ხელისუფლება უშლით.

  • „უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი არანორმალურივით გამოიყურება. უკრაინის მთავრობას დატყვევებული ჰყავს საკუთარი მოსახლეობა”

წამყვანი ანდრეი ნორკინი სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 მარტის ვიდეოს უჩვენებს, სადაც ის ამბობს, რომ ითხოვს რუსეთის არმია მისი მიწიდან წავიდეს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. „ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, არ ვიკბინები, ჩვეულებრივი კაცი ვარ“, – ამბობს ამ ვიდეოში ზელენსკი.

გადაცემის წამყვანი ზელენსკის გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არანორმალურივით გამოიყურება, როცა ამბობს, რომ რუსები მისი მიწიდან უნდა წავიდნენ. მას სტუმრებიც ეთანხმებიან და არც კი განიხილავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობს რუს ოკუპანტებს.

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი პოლიტოლოგი ანტონ ხაშენკოა:

„რუსეთს უწევს მოლაპარაკებების წარმოება უკრაინასთან იმისთვის, რომ მათ თავიანთი მოსახლეობა გამოუშვან მშვიდობიანად ქალაქებიდან. წარმოგიდგენიათ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? და ჩვენ გვიყვებიან, რომ რუსეთია კიდევ აგრესორი.

უკრაინის ხელისუფლებას დატყვევებული ჰყავს საკუთარი მოსახლეობა. ზელენსკის და მის გუნდს დრო გაჰყავთ, რომ ამ დროის განმავლობაში დაწესდეს კიდევ ახალი სანქციები, რომ უკრაინაში ჩავიდნენ უცხოელი ლეგიონერები, რომ მიიღონ ათასობით სტინგერი, აი, ამიტომ აჭიანურებენ დროს“, – ამბობს რუსი პოლიტოლოგი.

ანტონ ხაჩენკოს მოსაზრების შემდეგ წამყვანი ისევ პუტინის ვიდეომიმართვას რთავს, რომელშიც ის ამბობს, რომ „ნაციონალისტური“ და „ნეონაცისტური“ ძალები, ასევე დაქირავებული უცხოელები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან, მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. ამის დასტურად კი პუტინის სიტყვებით, არსებობს ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ  განათავსებენ ისინი მძიმე საომარ ტექნიკას დასახლებულ პუნქტებში.

ნახეთ, რას ამბობენ რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში მიმდინარე ომზე: 

დიმიტრი მურატოვი, წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდის გამო რუსეთში ბევრს ეგონა, რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ყვავილებით დახვდებოდნენ:

„ჩვენი ხელისუფლება საკუთარ ტელევიზიებს უკვეთავს პროპაგანდას მოსახლეობისთვის და აკვირდება, როგორ ართმევენ თავს დასახულ ამოცანებს და თანდათან თავად იწყებს იმის დაჯერებას, რაც თავად მოიგონა და ხალხს უჩვენეს. ფსიქოლოგებს ტერმინი აქვთ საამისოდ – თვითინდუქცია. მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდით გაძღა და ვერ მოინელა“ – ამბობს მურატოვი. 

2022 წლის იანვარში, სანამ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი – „რუსული დეზინფორმაციის ხუთი ყველაზე შეუპოვარი ნარატავი“, სადაც ვკითხულობთ:

„კრემლი ხშირად ცდილობს, რამდენიმე ყალბი რეალობა შექმნას და დათესოს დაბნეულობა საინფორმაციო გარემოში, როცა სიმართლე მის ინტერესებს არ შეესაბამება.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ხშირად განზრახ არის დამაბნეველი – ასე ისინი ცდილობენ გადაიტანონ ბრალი რუსეთის ხელისუფლებიდან [სხვა მხარეზე], მაშინაც კი, როცა ზოგიერთი ნარატივი ერთმანეთსვე ეწინააღმდეგება.

დროთა განმავლობაში, რამდენიმე წინააღმდეგობრივი ნარატივი ხდება ტექნიკა, რომლის მიზანიც დაბნეულობის დათესვაა. რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სხვა ელემენტები, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული მედია და იარაღად ქცეული სოცმედია, ხელს უწყობს ყალბი ნარატივების გავრცელებას“.

„რუსეთს მე მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ“ – უკრაინის პირველი ლედის ღია წერილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილს ავრცელებს. 8 მარტით დათარიღებული წერილით ზელენსკა მიმართავს მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას.

„ბოლო დროს ინტერვიუს თხოვნით მთელი მსოფლიოდან უამრავმა მედიასაშუალებამ მომმართა. ეს წერილი არის  პასუხი ამ თხოვნებზე და ჩემი ჩვენება უკრაინიდან“ – წერს ოლენა ზელენსკა. იგი ამბობს, რომ შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც მოხდა უკრაინაში.

„რეალურად ეს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობაა.

ალბათ, ყველაზე საშინელი და დამთრგუნველი ამ შემოჭრაში ბავშვების მსხვერპლია. 8 წლის ალისა, რომელიც ოხტირკას ქუჩებში მოკვდა, როდესაც ბაბუამისი მის დაცვას ცდილობდა… ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვას ემსხვერპლა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევები მოხვდა და სროლების გამო სასწრაფო დახმარებამ დროულად მისვლა ვერ შეძლო.

როდესაც რუსეთი ამბობს, რომ „არ აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, მე ამ მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ბუნკერებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ ნახეთ კიევისა და ხარკოვის მეტროსადგურის სურათები, სადაც ხალხი ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად იატაკზე წვანან – გაჭედილები არიან ქვემოთ. ზოგისთვის ეს მხოლოდ ომის შედეგებია, უკრაინისთვის კი საშინელი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა ოჯახები ბუნკერებიდან გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მუდმივად ბომბავენ.

პირველი, რაც ომში დაბადებულმა ჩვილებმა ნახეს, სარდაფის ჭერი იყო, პირველად მიწისქვეშა ჰაერი ჩაისუნთქეს და მათ გამომწყვდეული, დატერორებული საზოგადოება მიესალმა. ამ დროისთვის, ათობით ბავშვია, რომელსაც მშვიდობა არასდროს უნახავს.

ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არ არის მხოლოდ დაბომბვა.

ზოგიერთი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობასა და მკურნალობას, ამის მიღება კი ახლა არ შეუძლიათ. რამდენად მარტივია სარდაფში ინსულინის ინექციის გაკეთება? ან ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მიღება ძლიერი ცეცხლისას? რომ არ ვახსენო სიმსივნით დაავადებული ათასობით პაციენტი, რომელთა ქიმიოთერაპია და სხივური მკურნალობა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

გზები სავსეა დევნილებით. თვალებში ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებსა და ბავშვებს. ისინი თან ატარებენ საყვარელი ადამიანებისა და ომამდე არსებული ცხოვრების მიტოვებით გამოწვეულ ტკივილს.

კაცები, რომლებიც მათ საზღვრებთან აცილებენ, ცრემლად იღვრებიან, რადგან ოჯახების დატოვება უწევთ. თუმცა მამაცად ბრუნდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის საბრძოლველად. ამ ყველაფრის შემდეგ, მიუხედავად ამ საშინელებისა, უკრაინელები არ ნებდებიან“ – წერს ოლენა ზელენსკა.

იგი ღია წერილში მედიას მიმართავს:

„ძვირფასო მედია, თქვენ მოგმართავთ: გააგრძელეთ იმის ჩვენება, რაც აქ ხდება. გააგრძელეთ სიმართლის ჩვენება. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში ყველა მტკიცებულება გადამწყვეტია.

და ამ წერილით მე ვამოწმებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის „ომი სადღაც იქ“. ეს არის ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრების მიმდებარედ. უკრაინა აკავებს ძალას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით ხვალ შეიძლება თქვენს ქალაქებში შემოიჭრას“ – წერს უკრაინის პირველი ლედი.

რა მოხდა ბათუმში 9 მარტს, ზუსტად 120 წლის წინ

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

___________________

1902 წელს, ამ დღეს, ბათუმელი მუშები მღეროდნენ ინტერნაციონალს და შიშველი ხელებით დაანგრიეს ციხის კედლები, უსამართლოდ დაპატიმრებულების გასათავისუფლებლად. რუსეთის იმპერიის ჯარმა, გენერალ გუბერნატორის ბრძანებით, მათ ცეცხლი გაუხსნა. ბრძანებას არ დაემორჩილა დავით კლდიაშვილი, რომელიც იმ დროს ბათუმში მსახურობდა.

კლდიაშვილმა სამხედრო სასწავლებელი 1882 წელს დაასრულა და ბათუმში გაემგზავრა. ბათუმი ამ დროისთვის პორტო-ფრანკო იყო. ნამდვილი ქალაქი პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ დაიბადა და ის მუშებმა შექმნეს.

კლდიაშვილი იხსენებს, რომ ბათუმი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ ქარხნის მუშები. ისინი ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებულ გარადოკში და როტშილდის ქარხნის გადაღმა, ბარცხანაში.

მუშებმა მოაწყვეს საჯარო ბიბლიოთეკა და სამკითხველო. შეაგროვეს წიგნები და გაზეთები. სამკითხველო მუდამ სავსე იყო. მალე გაიხსნა საკვირაო სკოლა ბარცხანაში.

კლდიაშვილი ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს: „სკოლაში აუარებელი ხალხი დადიოდა. სწავლის გათავების შემდეგ იმართებოდა ერთგვარი საუბრები. რამდენჯერ ვყოფილვარ ამ სკოლაში და ყოველთვის გაოცებული ვრჩებოდი, როცა ვხედავდი რა ხალისით, რა გატაცებით ეკიდებოდა, ევლებოდა ამ სკოლას ეს ხალხი, რომელიც საღამომდე ქარხანაში მუშაობდა, საღამოს კი, დაუსვენებელი მორბოდა სკოლაში. საკვირაო ერქვა სკოლას, მაგრამ მეცადინეობა კვირა დღეების გარდაც იყო…“

მუშები თავს აღარ უხრიდნენ მესაკუთრეს და გაფიცვა გამოაცხადეს. მათ დასაშინებლად როტშილდის ქარხნის მმართველობამ თქვა, რომ ქარხნის გადატანას აპირებდა ავსტრიაში, რადგან საქმე მოგებიანი აღარ იყო.

ხალხი არ მოტყუვდა და ბრძოლას აგრძელებდა. გენერალმა დრიაგინმა დააპატიმრა გაფიცულთა წარმომადგენლები, ხოლო დანარჩენებს უბრძანა, სამუშაოს დაბრუნებოდნენ. საპასუხოდ, რამდენიმე ასეული ადამიანი ბათუმის ციხესთან მიიჭრა და დაპატიმრებულების გათავისუფლება მოითხოვა.

გუბერნატორმა დამატებითი რაზმები მოითხოვა. ადგილზე გამოცხადდა კაპიტანი ესტატე ანთაძე თავისი ჯარისკაცებით. გუბერნატორმა მუშებს უბრძანა, რომ დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. ხალხი ფეხს არ იცვლიდა. ჯარისკაცებმა 400-ზე მეტი კაცი დააპატიმრეს.

კლდიაშვილი იხსენებს, რომ ანთაძის რაზმი იმ დღეს სწორედ მისმა რაზმმა ჩაანაცვლა. მან პატიმრების ერთ ჯგუფს უფლება მისცა ღამით სახლში წასულიყო, ოღონდ ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ დილით ისევ უკან დაბრუნდებოდნენ. პირობა ყველამ შეასრულა. მარტის ცივ ღამეს მუშები მღეროდნენ და არაფრის ეშინოდათ. მღეროდნენ ფრანგულად, რადგან ინტერნაციონალის ტექსტი რუსულად ითარგმნა სწორედ 1902 წელს, ხოლო ქართულად – 1905 წელს.

დილით დაპატიმრებულების საშველად ოდესის ქუჩისკენ სხვა მუშები დაიძრნენ. მწერალი მთელი სიცხადით აცოცხლებს იქ გამართულ დიალოგს:

– გაათავისუფლეთ ჩვენი დაკავებული ამხანაგები, თუ არა და ჩვენც შეგვყარეთ მათთან ერთად ამ ყაზარმაში! – მიმართა გენერალს შავჩოხიანმა მუშამ.

– ილაპარაკეთ რუსულად! – უბრძანა გუბერნატორმა.

– სად ვეძიო მე რუსული სიტყვები ჩემი ცეცხლის გამოსათქმელად! – უპასუხა მუშამ.

გუბერნატორი არაფრის დათმობას არ აპირებდა. არც მუშები ტყდებოდნენ და ძალით სცადეს პატიმრების გათავისუფლება. სავალდებულო გამაფრთხილებელი სიგნალის გარეშე ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ესტატე ანთაძეს, რომლის რაზმმაც მუშები დახოცა, ანას ჯვარი მისცეს. საპატიო ჯილდომ კიდევ უფრო დაამძიმა მისი ბედი. ქუჩაში ხალხი უყვიროდა, აგინებდა. ის კი თავს იმართლებდა, რომ პირველად მუშებმა გაისროლეს და სხვა გზა არ ჰქონდა. დაღუპული მუშების ამხანაგებმა არ აპატიეს და ანთაძის სახლი ოზურგეთში გადაწვეს.

სტალინი ინტერნაციონალის წინააღმდეგ

ბათუმის 9 მარტი თითქმის ყველამ დაივიწყა. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ყველაფერი სტალინის სახელს დაუკავშირა. ახლა ზუსტად არავინ იცის, რა გავლენა ჰქონდა მაშინ სტალინს. ერთი ცხადია, რომ ბათუმში შეგირდი იყო. თვითონაც ამბობდა, რომ ოსტატი ბაქოში გახდა. მიხეილ ბულგაკოვმა სცადა, ბელადის ბათუმში მოღვაწეობა განედიდებინა, მაგრამ ამ პიესიდან არაფერი გამოვიდა. ბათუმის 9 მარტი ჩვენი მეხსიერებიდან გააქრო თბილისის 9 მარტმა. 1956 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საშინელი სისასტიკით დახოცა მომიტინგეები, რომლებიც სტალინის სახელს იცავდნენ.

სტალინმა კი ყველას უღალატა, ვინც თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის იბრძოდა. პირველ რიგში ბათუმელ მუშებს, რომლებიც ინტერნაციონალს მღეროდნენ.

სტალინურმა კონტრრევოლუციამ უპირველეს მიზნად დაისახა ინტერნაციონალის განადგურება, რადგან ევროპის კომუნისტური პარტიები ეწინააღმდეგებოდნენ გარიგებას, რომელიც ჰიტლერთან უნდა დადებულიყო. შემდგომ ინტერნაციონალის განადგურების საფუძველი გახდა მოკავშირე ქვეყნების პირობა სტალინთან თანამშრომლობისთვის. ინტერნაციონალის განადგურება დაიწყო მსოფლიო რევოლუციაზე უარის თქმით, როცა რუსეთში სტალინური კონტრრევოლუცია მძვინვარებდა.

1930 წელს პარიზში ჩატარდა პოლონეთის კომუნისტური პარტიის შეხვედრა, მონაწილეები მოსკოვში დაიბარეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს. მომდევნო წლებში დახოცეს ათასობით პოლონელი და გერმანელი კომუნისტი, რომლებიც საბჭოთა კავშირს აფარებდნენ თავს.

კომუნისტური ინტერნაციონალის ოფიციალური აპარატის მოწვევით ჩავიდნენ რუსეთში პრაღიდან და ვარშავიდან, ყველანი საშინლად მოატყუეს და დახვრიტეს. ასეთი ბედი გაიზიარეს ესპანელებმა და საერთაშორისო ბრიგადების წევრებმა, რომლებიც ფრანკოს ებრძოდნენ.

1937 წლისთვის მთლიანად განადგურდა გერმანიის კომუნისტური პარტია, მათი ნაწილი ენკავედემ დახოცა, დანარჩენი – გესტაპომ. 1939 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ, სტალინმა გესტაპოს გადასცა პატიმრები თავიანთ ოჯახებთან ერთად. დახვრიტეს საბერძნეთის, მექსიკის, ირანის, ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები.

შვეიცარიელი ფრიც პლატენი იყო ინტერნაციონალის ერთ-ერთი დამაარსებელი. რომელიც დააპატიმრეს, აწამეს და სასჯელის მოხდის შემდეგ, 1942 წელს, დახვრიტეს ციხის ეზოში, 22 აპრილს.

კომუნისტური ინტერნაციონალის ნაცვლად შეიქმნა სტალინისტური ორგანიზაციები. ეს იყო საზარელი კარიკატურა. გერმანელი კომუნისტი ქალი იტყვის, რომ სტალინის კომუნისტური ორგანიზაციები დაემსგავსა პიკვიკის კლუბს. თანამედროვე დასავლელი და რუსი სოციალისტები მათი ექოები არიან.

სტალინს არც ბათუმელი მუშების ნამღერი ესმოდა და ინტერნაციონალი „დიადი რუსეთის“ ჰიმნზე გაცვალა.

ზელენსკის თქმით, მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს და „ბავშვები არიან ნანგრევებში“ | VIDEO

Walla News-ის საგარეო საკითხთა განყოფილების რედაქტორი, გაი ელსტერი წერს, რომ ქალაქ მარიუპოლის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ბომბდამშენებით დაბომბვის შედეგად, მთლიანად განადგურდა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო სახლი – რამდენიმე კორპუსი.

დაბომბილი საავადმყოფოს ვიდეო ვრცელდება Украина Online-ის ტელეგრამის არხზეც.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ „უამრავი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში“.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი:

„მარიუპოლი! რუსი სამხედროების პირდაპირი შეტევა სამშობიარო საავადმყოფოზე. ადამიანები, ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. ბოროტმოქმედება! როდემდე იქნება სამყარო ამის თანამონაწილე ტერორის დაიგნორებით? ახლავე დახურეთ ცა! შეწყვიტეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალაუფლება, მაგრამ თითქოს კარგავთ ადამიანობას!“

მოგვიანებით, მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა:„ცოტა რამ არის დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური.“

 

 

50 და მეტი წლის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ, თუ 31 მარტამდე აიცრებიან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

მოქალაქეებისთვის თანხის ჩარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

„რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში მათ ანგარიშებს თავად გაუხსნის,“ – აცხადებს სამინისტრო.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე , თუმცა აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

ჩერნობილს დენის მიწოდება შეუწყდა, არის რადიაციული გაჟონვის საფრთხე – რა თქვა ზახაროვამ

რუსეთის თავდასხმის შედეგად დღეს, 9 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს მთლიანად შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორი “უკრენერგო” ავრცელებს.

„დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომლებიც ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ. ჩერნობილის ატომურმა სადგურმა დაკარგა ელექტრომომარაგება. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეს საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე.

„სარეზერვო დიზელის გენერატორები გათვლილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის 48-საათიან მუშაობაზე. ამის შემდეგ დახარჯული ბირთვული საწვავის საცავის გამაგრილებელი სისტემები გაჩერდება, რის შემდეგაც რადიაციული გაჟონვა გარდაუვალი გახდება. პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხეში აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!” – წერს კულება.

დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილში მონიტორინგის სისტემასთან კავშირი დაკარგა.

დღეს რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კონტროლი დაამყარეს ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.

„ეს ნაბიჯი გადადგმული იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ დავუშვათ უკრაინის ნაციონალისტური და სხვა ტერორისტული ფორმირებების მიერ, ასევე უცხოეთიდან დაქირავებული პირების მიერ, ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოყენება ბირთვული პროვოკაციების ორგანიზებისთვის. ეს რისკები კი რეალურია.

ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურებზე სიტუაცია კონტროლდება ერთდროულად უკრაინელი სპეციალისტებისა და რუსი სამხედროების მიერ. ორივე სადგურზე რადიაციული ფონი ნორმაშია, დანადგარები ზაპოროჟიეს სადგურზე მუშაობს ნორმალურ ტექნოლოგიურ რეჟიმში. შესაბამისად, მეზობელ რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არ არსებობს რისკები.

ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?

„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები“, – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც დღეს, 9 მარტს, ვიკითხეთ: რა გადაწყვიტა მერიამ ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების კუთხით?

გუშინ, 8 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ისევ ჩავარდა და ტრაქტორიც ჩაიყოლა. ამ ტრაქტორით ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხის გაწმენდას გეგმავდა „ბათუმის წყალი“.

პრომინადის ნაწილი წაიღო და პლაჟის ინფრასტრუქტურა დააზიანა ზღვამ შტორმის დროს, 7 თებერვალს. იმ დღეს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თქვა, რომ ექსპერტებთან ერთად სწავლობენ სანაპირო ზოლს და გადაწყდება, როგორ უნდა აღადგინონ-გაამაგრონ სანაპირო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ განაცხადებიდან ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა და პრომინადის ჩამოშლის პროცესი გრძელდება, ამ დრომდე ბათუმის მერიაში გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართულნი არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. აქ ვერ გვითხრეს ამ „სამუშაო შეხვედრებში“ რას განიხილავენ და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე გადაწყვეტილების მიღება.

სპეციალისტების თქმით კი, აუცილებელია ზღვის ხელოვნური კვება, ინერტული მასალის კონკრეტულ ადგილებზე შეტანა იმისთვის, რომ ზღვისგან ნაპირის მიტაცების პროცესი შეწყდეს. მაგალითად, გეოლოგი ტარიელ ტუსკია ამბობს, რომ 2009 წელს, როცა ნაპირის გამაგრება ხელოვნურად სცადეს, ამან კონკრეტული შედეგი გამოიღო.

Exit mobile version