მთავარი,სიახლეები

ჩერნობილს დენის მიწოდება შეუწყდა, არის რადიაციული გაჟონვის საფრთხე – რა თქვა ზახაროვამ

09.03.2022
ჩერნობილს დენის მიწოდება შეუწყდა, არის რადიაციული გაჟონვის საფრთხე – რა თქვა ზახაროვამ

რუსეთის თავდასხმის შედეგად დღეს, 9 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს მთლიანად შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორი “უკრენერგო” ავრცელებს.

„დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომლებიც ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ. ჩერნობილის ატომურმა სადგურმა დაკარგა ელექტრომომარაგება. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეს საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე.

„სარეზერვო დიზელის გენერატორები გათვლილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის 48-საათიან მუშაობაზე. ამის შემდეგ დახარჯული ბირთვული საწვავის საცავის გამაგრილებელი სისტემები გაჩერდება, რის შემდეგაც რადიაციული გაჟონვა გარდაუვალი გახდება. პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხეში აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!” – წერს კულება.

დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილში მონიტორინგის სისტემასთან კავშირი დაკარგა.

დღეს რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კონტროლი დაამყარეს ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.

„ეს ნაბიჯი გადადგმული იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ დავუშვათ უკრაინის ნაციონალისტური და სხვა ტერორისტული ფორმირებების მიერ, ასევე უცხოეთიდან დაქირავებული პირების მიერ, ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოყენება ბირთვული პროვოკაციების ორგანიზებისთვის. ეს რისკები კი რეალურია.

ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურებზე სიტუაცია კონტროლდება ერთდროულად უკრაინელი სპეციალისტებისა და რუსი სამხედროების მიერ. ორივე სადგურზე რადიაციული ფონი ნორმაშია, დანადგარები ზაპოროჟიეს სადგურზე მუშაობს ნორმალურ ტექნოლოგიურ რეჟიმში. შესაბამისად, მეზობელ რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არ არსებობს რისკები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: