ავტორი: ცოტნე ცხვედიანი
___________________
1902 წელს, ამ დღეს, ბათუმელი მუშები მღეროდნენ ინტერნაციონალს და შიშველი ხელებით დაანგრიეს ციხის კედლები, უსამართლოდ დაპატიმრებულების გასათავისუფლებლად. რუსეთის იმპერიის ჯარმა, გენერალ გუბერნატორის ბრძანებით, მათ ცეცხლი გაუხსნა. ბრძანებას არ დაემორჩილა დავით კლდიაშვილი, რომელიც იმ დროს ბათუმში მსახურობდა.
კლდიაშვილმა სამხედრო სასწავლებელი 1882 წელს დაასრულა და ბათუმში გაემგზავრა. ბათუმი ამ დროისთვის პორტო-ფრანკო იყო. ნამდვილი ქალაქი პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ დაიბადა და ის მუშებმა შექმნეს.
კლდიაშვილი იხსენებს, რომ ბათუმი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ ქარხნის მუშები. ისინი ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებულ გარადოკში და როტშილდის ქარხნის გადაღმა, ბარცხანაში.
მუშებმა მოაწყვეს საჯარო ბიბლიოთეკა და სამკითხველო. შეაგროვეს წიგნები და გაზეთები. სამკითხველო მუდამ სავსე იყო. მალე გაიხსნა საკვირაო სკოლა ბარცხანაში.
კლდიაშვილი ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს: „სკოლაში აუარებელი ხალხი დადიოდა. სწავლის გათავების შემდეგ იმართებოდა ერთგვარი საუბრები. რამდენჯერ ვყოფილვარ ამ სკოლაში და ყოველთვის გაოცებული ვრჩებოდი, როცა ვხედავდი რა ხალისით, რა გატაცებით ეკიდებოდა, ევლებოდა ამ სკოლას ეს ხალხი, რომელიც საღამომდე ქარხანაში მუშაობდა, საღამოს კი, დაუსვენებელი მორბოდა სკოლაში. საკვირაო ერქვა სკოლას, მაგრამ მეცადინეობა კვირა დღეების გარდაც იყო…“
მუშები თავს აღარ უხრიდნენ მესაკუთრეს და გაფიცვა გამოაცხადეს. მათ დასაშინებლად როტშილდის ქარხნის მმართველობამ თქვა, რომ ქარხნის გადატანას აპირებდა ავსტრიაში, რადგან საქმე მოგებიანი აღარ იყო.
ხალხი არ მოტყუვდა და ბრძოლას აგრძელებდა. გენერალმა დრიაგინმა დააპატიმრა გაფიცულთა წარმომადგენლები, ხოლო დანარჩენებს უბრძანა, სამუშაოს დაბრუნებოდნენ. საპასუხოდ, რამდენიმე ასეული ადამიანი ბათუმის ციხესთან მიიჭრა და დაპატიმრებულების გათავისუფლება მოითხოვა.
გუბერნატორმა დამატებითი რაზმები მოითხოვა. ადგილზე გამოცხადდა კაპიტანი ესტატე ანთაძე თავისი ჯარისკაცებით. გუბერნატორმა მუშებს უბრძანა, რომ დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. ხალხი ფეხს არ იცვლიდა. ჯარისკაცებმა 400-ზე მეტი კაცი დააპატიმრეს.
კლდიაშვილი იხსენებს, რომ ანთაძის რაზმი იმ დღეს სწორედ მისმა რაზმმა ჩაანაცვლა. მან პატიმრების ერთ ჯგუფს უფლება მისცა ღამით სახლში წასულიყო, ოღონდ ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ დილით ისევ უკან დაბრუნდებოდნენ. პირობა ყველამ შეასრულა. მარტის ცივ ღამეს მუშები მღეროდნენ და არაფრის ეშინოდათ. მღეროდნენ ფრანგულად, რადგან ინტერნაციონალის ტექსტი რუსულად ითარგმნა სწორედ 1902 წელს, ხოლო ქართულად – 1905 წელს.
დილით დაპატიმრებულების საშველად ოდესის ქუჩისკენ სხვა მუშები დაიძრნენ. მწერალი მთელი სიცხადით აცოცხლებს იქ გამართულ დიალოგს:
– გაათავისუფლეთ ჩვენი დაკავებული ამხანაგები, თუ არა და ჩვენც შეგვყარეთ მათთან ერთად ამ ყაზარმაში! – მიმართა გენერალს შავჩოხიანმა მუშამ.
– ილაპარაკეთ რუსულად! – უბრძანა გუბერნატორმა.
– სად ვეძიო მე რუსული სიტყვები ჩემი ცეცხლის გამოსათქმელად! – უპასუხა მუშამ.
გუბერნატორი არაფრის დათმობას არ აპირებდა. არც მუშები ტყდებოდნენ და ძალით სცადეს პატიმრების გათავისუფლება. სავალდებულო გამაფრთხილებელი სიგნალის გარეშე ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ესტატე ანთაძეს, რომლის რაზმმაც მუშები დახოცა, ანას ჯვარი მისცეს. საპატიო ჯილდომ კიდევ უფრო დაამძიმა მისი ბედი. ქუჩაში ხალხი უყვიროდა, აგინებდა. ის კი თავს იმართლებდა, რომ პირველად მუშებმა გაისროლეს და სხვა გზა არ ჰქონდა. დაღუპული მუშების ამხანაგებმა არ აპატიეს და ანთაძის სახლი ოზურგეთში გადაწვეს.
სტალინი ინტერნაციონალის წინააღმდეგ
ბათუმის 9 მარტი თითქმის ყველამ დაივიწყა. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ყველაფერი სტალინის სახელს დაუკავშირა. ახლა ზუსტად არავინ იცის, რა გავლენა ჰქონდა მაშინ სტალინს. ერთი ცხადია, რომ ბათუმში შეგირდი იყო. თვითონაც ამბობდა, რომ ოსტატი ბაქოში გახდა. მიხეილ ბულგაკოვმა სცადა, ბელადის ბათუმში მოღვაწეობა განედიდებინა, მაგრამ ამ პიესიდან არაფერი გამოვიდა. ბათუმის 9 მარტი ჩვენი მეხსიერებიდან გააქრო თბილისის 9 მარტმა. 1956 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საშინელი სისასტიკით დახოცა მომიტინგეები, რომლებიც სტალინის სახელს იცავდნენ.
სტალინმა კი ყველას უღალატა, ვინც თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის იბრძოდა. პირველ რიგში ბათუმელ მუშებს, რომლებიც ინტერნაციონალს მღეროდნენ.
სტალინურმა კონტრრევოლუციამ უპირველეს მიზნად დაისახა ინტერნაციონალის განადგურება, რადგან ევროპის კომუნისტური პარტიები ეწინააღმდეგებოდნენ გარიგებას, რომელიც ჰიტლერთან უნდა დადებულიყო. შემდგომ ინტერნაციონალის განადგურების საფუძველი გახდა მოკავშირე ქვეყნების პირობა სტალინთან თანამშრომლობისთვის. ინტერნაციონალის განადგურება დაიწყო მსოფლიო რევოლუციაზე უარის თქმით, როცა რუსეთში სტალინური კონტრრევოლუცია მძვინვარებდა.
1930 წელს პარიზში ჩატარდა პოლონეთის კომუნისტური პარტიის შეხვედრა, მონაწილეები მოსკოვში დაიბარეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს. მომდევნო წლებში დახოცეს ათასობით პოლონელი და გერმანელი კომუნისტი, რომლებიც საბჭოთა კავშირს აფარებდნენ თავს.
კომუნისტური ინტერნაციონალის ოფიციალური აპარატის მოწვევით ჩავიდნენ რუსეთში პრაღიდან და ვარშავიდან, ყველანი საშინლად მოატყუეს და დახვრიტეს. ასეთი ბედი გაიზიარეს ესპანელებმა და საერთაშორისო ბრიგადების წევრებმა, რომლებიც ფრანკოს ებრძოდნენ.
1937 წლისთვის მთლიანად განადგურდა გერმანიის კომუნისტური პარტია, მათი ნაწილი ენკავედემ დახოცა, დანარჩენი – გესტაპომ. 1939 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ, სტალინმა გესტაპოს გადასცა პატიმრები თავიანთ ოჯახებთან ერთად. დახვრიტეს საბერძნეთის, მექსიკის, ირანის, ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები.
შვეიცარიელი ფრიც პლატენი იყო ინტერნაციონალის ერთ-ერთი დამაარსებელი. რომელიც დააპატიმრეს, აწამეს და სასჯელის მოხდის შემდეგ, 1942 წელს, დახვრიტეს ციხის ეზოში, 22 აპრილს.
კომუნისტური ინტერნაციონალის ნაცვლად შეიქმნა სტალინისტური ორგანიზაციები. ეს იყო საზარელი კარიკატურა. გერმანელი კომუნისტი ქალი იტყვის, რომ სტალინის კომუნისტური ორგანიზაციები დაემსგავსა პიკვიკის კლუბს. თანამედროვე დასავლელი და რუსი სოციალისტები მათი ექოები არიან.
სტალინს არც ბათუმელი მუშების ნამღერი ესმოდა და ინტერნაციონალი „დიადი რუსეთის“ ჰიმნზე გაცვალა.