მთავარი,სიახლეები

პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან

10.03.2022 • 34714
პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან

36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია.

შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად.

საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს.

ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, როცა გაზეთში ქართველ ტანკისტ ქალებზე ნახა სტატია მათივე ფოტოებით. მაშინვე დაიწყო ძებნა რა სამხედრო სპეციალობების შესწავლას შეძლებდა საქართველოში. საზღვაო, საქვეითო და საავიაციო მიმართულების მწირ ჩამონათვალს წააწყდა:

მინდოდა გავმხდარიყავი არა უბრალოდ მფრინავი, არამედ სამხედრო მფრინავი. ასე აღმოვაჩინე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, მაგრამ იმ პერიოდში, 2003 წელს, მფრინავებად გოგოებს იქ არ იღებდნენ.

მითხრეს, რომ რახან ასე მინდოდა სამხედრო მფრინაობა, შემეძლო მისაღები გამოცდებით ჩამებარებინა საინჟინროზე, კერძოდ, საავიაციო ხელსაწყოების მიმართულებაზე და ამის შემდეგ ერთი ნაბიჯიღა დამრჩებოდა მფრინაობამდე.

რა თქმა უნდა, ჩავაბარე. ძალიან რთული სპეციალობა აღმოჩნდა.

არამხოლოდ სასწავლო მასალებს, რამდენიმე უცხო ენასაც ვსწავლობდი ერთდროულად, ჩემი ინიციატივით. ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი დამატებით, რეპეტიტორების გარეშე. ვიყავი ძალიან კარგი სტუდენტი, თითით საჩვენებელი, და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემს ერთადერთ ნაკლად ჩემი სქესი განიხილებოდა – გოგო ვიყავი.

ძალიან კარგად სწავლობ, განათლებული ხარ, საინტერესო, ბევრი რამ იცი, მაგრამ გოგო ხარ – ასეთი დამოკიდებულება იყო ჩემ მიმართ უნივერსიტეტში და მეც ვფიქრობდი, რომ „ნაკლის“ გადაფარვა ერთადერთი რამით შემეძლო – განათლებით. წლები ვმუშაობდი, რომ ჩემი მთავარი ძლიერება განათლება ყოფილიყო“ – ამბობს ეკა.

ეკატერინე ქვლივიძე

სტუდენტობის პირველსავე წელს ეკამ „ბოინგის სტიპენდია“ მოიპოვა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემოდა, თუ ყველა საგანში 100 ქულას დააგროვებდა სტუდენტი.

საინჟინრო ფაკულტეტზე სულ 46 სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის, გოგო მხოლოდ ეკა იყო. ქართულად არ არსებობდა ლიტერატურა ავიაციის შესახებ. ტექნიკური რუსული კი ეკასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მთელი ღამეები ელექტროსქემების რუსულ წიგნებს ჩასცქეროდა, ჯერ თარგმნიდა, რომ გაეგო რას ეხებოდა თემა, მერე კი შეგნებული და გააზრებული დამახსოვრების დრო დგებოდა.

უნივერსიტეტის რექტორმა დამიბარა და მითხრა, მობილობით გადაგიყვან, სადაც გსურს იმ ფაკულტეტზეო. მფრინავის ფაკულტეტზე მინდა-მეთქი, ვუთხარი. ოღონდ მაგის გარდა, რამე სხვა აარჩიეო – მიპასუხა. მიზეზი ამ დროსაც ეს იყო: გოგო ვიყავი. დიდხანს ვებრძოდი ამ კლდეს.“ – ამბობს ეკა.

2007 წლიდან, როცა ეკა საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებდა, თავდაცვის სამინისტრომ ინტენსიურად დაიწყო სამხედრო ავიაციის განვითარება და ინჟინრების, მფრინავების მიღება გამოაცხადა.

„მე და ჩემმა კურსელმა ბიჭებმა შევიტანეთ საბუთები. არასდროს დამავიწყდება, 11 თებერვალი იყო, სამხედრო ავიაციის სარდალმა რომ დამირეკა. ჩავნიშნეთ შეხვედრა გასაუბრებისთვის და ასე მოვხვდი შეიარაღებულ ძალებში.

გოგოებისთვის მაშინ ცალკე ყაზარმა და საშხაპეც არ იყო გათვალისწინებული. ჩემ შემდეგ კიდევ აიყვანეს ორი გოგო და 2007 წლიდან უკვე სამმა გოგომ დავიწყეთ სამხედრო ავიაციაში ბედის ცდა.

სამხედრო მფრინავად თითქმის 12 წელი ვიმსახურე. ეს ჩემი ცხოვრების უძვირფასესი წლები იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და გავიზარდე როგორც ადამიანი. გავიარე ბევრი რთული და საინტერესო ქარტეხილი“ – ამბობს სამხედრო მფრინავი.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე ახლა უკვე ყოველ წელს 5-ზე მეტი მომავალი მფრინავი გოგო აბარებს.

როგორც ეკა გვეუბნება, ბევრ კომპანიაში მუშაობენ ახლა საავიაციო უნივერიტეტის კურსდამთავრებული მფრინავი გოგოები. ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზეც გოგოების სწავლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

2017 წელს, ხანგრძილივი სამხედრო მფრინაობის შემდეგ, როცა ეკა კვალიფიციურ პროფესიონალად იქცა, აშშ-ში გაგზავნეს ერთწლიან კურსზე, რომლის მიზანიც დასავლური სამხედრო სისტემებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვა იყო.

„ეს იმისთვის ხდებოდა, რომ რაც შეიძლება მობილიზებულები ვყოფილიყავით ნატოსთან ინტეგრაციისას – სამომავლოდ ერთმანეთის სამხედრო ენა რომ გაგვეგო წვრთნებისას“ – იხსენებს ეკა.

ეკატერინე ქვლივიძე

ამერიკიდან რომ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალ პოზიციამდე ჩამოაქვეითეს და ფრენებიდან „მოხსნეს“ იმ მიზეზით, რომ საფრენი საშუალებების მცირე რესურსი ჰქონდათ დარჩენილი, კერძოდ, ამერიკული შვეულმფრენი ე.წ. იროკეზები, რომლითაც ეკა ამერიკაში წასვლამდე დაფრინავდა.

„ჩამოსვლის მერე უნდა დავბრუნებოდი სასწავლო ფრენებს, რომ სრულფასოვან, დამოუკიდებელ მფრინავად შევმდგარიყავი. აღარ გამიგრძელეს ეს სასწავლო ფრენები, რესურსი ცოტა აქვს ტექნიკას და გოგოებზე ამას არ დავხარჯავთო. 12 წლის სამხედრო სამსახურის შემდეგ მითხრა ეს ჩვენმა ახალმა მეთაურმა“ – ამბობს ეკა.

გააპროტესტა ეს ყველაფერი, იმ დროს პარალელურად GIPA-ში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში, აკადემიური ჰქონდა აღებული და ითხოვა სამხედრო სამსახურისგან, მაგისტრატურის დასრულების საშუალება მიეცათ.

აღარ დაფრინავდა, აღარც თანამდებობა ჰქონდა და ამისთის დრო ჰქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს. „არადა, კანონით ყველა მეთაური ვალდებულია ხელი შეუწყოს სამხედრო პირს სამოქალაქო განათლების მიღებაში, ცხადია არა სამხედრო ბაზის საქმის დაკნინების ხარჯზე.

ბაზაზე კომპიუტერის შეტანა არ შეიძლებოდა, არ მქონდა ინტერნეტი, პრეზენტაციებს ვერ ვამზადებდი, ელექტრონულ წიგნებს ვერ ვკითხულობდი, სრულიად იზოლირებული ვიყავი, იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი. როცა სისტემაში ხარ, პროტესტს ვერ გამოთქვამ, არ გაქვს ამის უფლება.“ – ამბობს ეკა.

რაღაც პერიოდი უმუშევარი იყო, მერე 2 წელი ლექციებს კითხულობდა საავიაციო უნივერსიტეტში. იყო რექტორის მოადგილე საფრენოსნო მიმართულებით, პარალელურად თელავის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი იყო, თუმცა მთავარი ოცნება – სამხედრო ავიაცია ოცნებად დარჩა. დიდი ხანია აღარ უფრენია. თავდაცვის სამინისტროში, როგორც თავად ამბობს, შეუძლებელია ვინმე იყოს ოპოზიციური პარტიიდან დღევანდელ საქართველოში – ეკა ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრია.

ეკატერინე ქვლივიძე

„დღემდე მენატრება სამხედრო მუნდირი, ვერ აგიხსნით, რა ემოცია იყო ჩემთვის, როცა მუნდირის ბოლო ღილს ვიკრავდი და მხრებს ვშლიდი. მართლა მჯეროდა, რომ დიდ საქმეებს გავაკეთებდი.

სამხედრო მოსამსახურება პრესტიჟული, საამაყო საქმე უნდა იყოს. საქართველოში ასე არ არის. არც სისტემა ვითარდება სწორად, მით უფრო, როცა ქვეყნის 20 % -ზე მეტია ოკუპირებული და საქართველოს შუაგულში რუსეთის ჯარი დგას.

ამ ფონზე სერიოზული ძალები უნდა გვგყავდეს მობილიზებული,“ – ამბობს ეკა ქვლივიძე და დასძენს, რომ ოდესმე ისევ ასწავლის ახალგაზრდებს სამხედრო საავიაციო საქმეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: