მთავარი,სიახლეები

„რუსეთს მე მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ“ – უკრაინის პირველი ლედის ღია წერილი

09.03.2022 • 4397
„რუსეთს მე მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ“ – უკრაინის პირველი ლედის ღია წერილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილს ავრცელებს. 8 მარტით დათარიღებული წერილით ზელენსკა მიმართავს მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას.

„ბოლო დროს ინტერვიუს თხოვნით მთელი მსოფლიოდან უამრავმა მედიასაშუალებამ მომმართა. ეს წერილი არის  პასუხი ამ თხოვნებზე და ჩემი ჩვენება უკრაინიდან“ – წერს ოლენა ზელენსკა. იგი ამბობს, რომ შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც მოხდა უკრაინაში.

„რეალურად ეს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობაა.

ალბათ, ყველაზე საშინელი და დამთრგუნველი ამ შემოჭრაში ბავშვების მსხვერპლია. 8 წლის ალისა, რომელიც ოხტირკას ქუჩებში მოკვდა, როდესაც ბაბუამისი მის დაცვას ცდილობდა… ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვას ემსხვერპლა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევები მოხვდა და სროლების გამო სასწრაფო დახმარებამ დროულად მისვლა ვერ შეძლო.

როდესაც რუსეთი ამბობს, რომ „არ აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, მე ამ მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ბუნკერებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ ნახეთ კიევისა და ხარკოვის მეტროსადგურის სურათები, სადაც ხალხი ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად იატაკზე წვანან – გაჭედილები არიან ქვემოთ. ზოგისთვის ეს მხოლოდ ომის შედეგებია, უკრაინისთვის კი საშინელი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა ოჯახები ბუნკერებიდან გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მუდმივად ბომბავენ.

პირველი, რაც ომში დაბადებულმა ჩვილებმა ნახეს, სარდაფის ჭერი იყო, პირველად მიწისქვეშა ჰაერი ჩაისუნთქეს და მათ გამომწყვდეული, დატერორებული საზოგადოება მიესალმა. ამ დროისთვის, ათობით ბავშვია, რომელსაც მშვიდობა არასდროს უნახავს.

ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არ არის მხოლოდ დაბომბვა.

ზოგიერთი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობასა და მკურნალობას, ამის მიღება კი ახლა არ შეუძლიათ. რამდენად მარტივია სარდაფში ინსულინის ინექციის გაკეთება? ან ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მიღება ძლიერი ცეცხლისას? რომ არ ვახსენო სიმსივნით დაავადებული ათასობით პაციენტი, რომელთა ქიმიოთერაპია და სხივური მკურნალობა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

გზები სავსეა დევნილებით. თვალებში ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებსა და ბავშვებს. ისინი თან ატარებენ საყვარელი ადამიანებისა და ომამდე არსებული ცხოვრების მიტოვებით გამოწვეულ ტკივილს.

კაცები, რომლებიც მათ საზღვრებთან აცილებენ, ცრემლად იღვრებიან, რადგან ოჯახების დატოვება უწევთ. თუმცა მამაცად ბრუნდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის საბრძოლველად. ამ ყველაფრის შემდეგ, მიუხედავად ამ საშინელებისა, უკრაინელები არ ნებდებიან“ – წერს ოლენა ზელენსკა.

იგი ღია წერილში მედიას მიმართავს:

„ძვირფასო მედია, თქვენ მოგმართავთ: გააგრძელეთ იმის ჩვენება, რაც აქ ხდება. გააგრძელეთ სიმართლის ჩვენება. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში ყველა მტკიცებულება გადამწყვეტია.

და ამ წერილით მე ვამოწმებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის „ომი სადღაც იქ“. ეს არის ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრების მიმდებარედ. უკრაინა აკავებს ძალას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით ხვალ შეიძლება თქვენს ქალაქებში შემოიჭრას“ – წერს უკრაინის პირველი ლედი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: