მთავარი,სიახლეები

ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას არ უპასუხა

07.03.2022 • 3894
ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას არ უპასუხა

დღეს, 7 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.

რიჟვაძემ  ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ადასტურებს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას, თუმცა არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის აგრესია უკრაინაში.

„მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის, ამ ტრაგედიის ძალიან მალე დასრულება. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკას, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის, საერთაშორისო არენაზეც, რომ სრული პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას.

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას ამ საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური პრობლემიდან.

საგარეო კურსი არის შეუქცევადი და ჩვენი დეკლარირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ამას მოწმობს.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა?“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ეს კითხვა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა.

„ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს“ – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას.

ჟურნალისტმა რიჟვაძეს უთხრა, რომ კითხვას მას უსვამდა, როგორც „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრსა და მაღალი თანამდებობის პირს, თუმცა რიჟვაძემ მეორედაც აარიდა თავი პასუხს:

„მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას“ – თქვა მან.

„ვინ დაიწყო ომი ახლა? რუსეთმა თუ უკრაინამ?“ – კიდევ ერთხელ გაუმეორა მას შეკითხვა ჟურნალისტმა.

„საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ“ – ასე უპასუხა მას თორნიკე რიჟვაძემ და ტერიტორია დატოვა.

უკრაინაში რუსეთის  შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ორჯერ გამოეხმაურა ფეისბუქზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. 25 თებერვალს მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, 28 თებერვალს კი ფეისბუქზე დაწერა, რომ აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებსა და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

არც ერთ პოსტში თორნიკე რიჟვაძეს არ უხსენებია რუსეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: