მთავარი,სიახლეები

რას უყვება მაყურებელს მედია რუსეთში

09.03.2022 • 2745
რას უყვება მაყურებელს მედია რუსეთში

რუსეთში რამდენიმე დღეა დაიხურა მედიაგამოცემები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებდნენ.

ქვეყანაში მედიას აეკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდოს ომი. ვინც ახალ კანონს არ დაემორჩილება, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში არაერთმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მაუწყებლობა, მათ შორისაა „დოჟდი“ და „ეხო მასკვი“.

ახლა რუსეთში მაყურებლები მხოლოდ იმ ტელევიზიებს უყურებენ, რომლებიც მხარს ღიად უჭერენ კრემლის პოლიტიკას. თოქშოუებში მხარეები, ფაქტობრივად აღარ არიან, ყველა „მხარე“ პუტინის პოლიტიკას იწონებს.

რას უყვებიან ახლა რუსეთის მოქალაქეებს, როცა ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ყოველდღე ბომბავენ?

  • რაც ახლა უკრაინაში ხდება „ამერიკელების ოცნებაა“

კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სალავიოვმა 8 მარტის თოქ-შოუში, საკუთარ გადაცემაში ისაუბრა მიმდინარე ამბებზე.

სალავიოვი ამბობს, რომ აშშ ახლა იმ ქვეყნებიდან ცდილობს ნავთობის ყიდვას, რომლებსაც აქამდე „ლაფში სვრიდა“, კერძოდ ვენესუელიდან და ირანიდან.

„ჩვენ [რუსეთი] მთავარი ბოროტება ვართ მათთვის [დასავლეთისთვის]და ჩვენს გასანადგურებლად ურიგდებიან ვენესუელასა და ირანსაც. თუ ეს გამოუვათ, რომ გაგვანადგურონ, მერე მისდგებიან ამერიკელების აზრით არც ისე სერიოზულ მტრებს: ვენესუელას, ირანს და მერე მოვა ჩინეთის რიგიც.

უკრაინა გადავიდა სამხედრო მოქმედებებზე, რისთვისაც მათ დიდი ხანია ამზადებდნენ – არმიით, ბინძური ბომბების და ბიოლოგიური იარაღის მომარაგებით.

ჩვენ მარტივი არჩევანის წინაშე დავდექით, ან უნდა დაგვეშვა 22 ივნისის დილის 4 საათი [სალავიოვი გულისხმობს 1941 წლის 22 ივნისს] ან უნდა განგვეხორციელებინა გამაფრთხილებელი დარტყმა, რომ დაგვესრულებინა 8-წლიანი ომი დონბასში“, -ამბობს გადაცემის დასაწყისში სალავიოვი.

მისი თქმით, ამერიკა ხედავს ჩინეთის იმპერიის აღმასვლას და აცნობიერებს, რომ თუ ახლა არ გაუსწორდებიან რუსეთს, მერე დრო აღარ ექნებათ ჩინეთთან გასამკლავებლად და ამიტომ სწრაფ და გადამწყვეტ ქმედებებზე გადადიან.

„ისინი ამ ოპერაციისთვის, რა თქმა უნდა, 1, 2 და 3 წელი არ ემზადებოდნენ“, – ამბობს სალავიოვი.

მისი თქმით, რაც ახლა უკრაინაში ხდება „ამერიკელების ოცნებაა“.

„მათ გამოზარდეს „ანტირუსეთი“, გადაკიდეს რუსეთს და ახლა აკვირდებიან სლავები როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მათთვის ეს არის გეგმა, რომელიც განახორციელეს“.

  • „90-იანებში გვეუბნებოდნენ, რომ გავყიდდით ნავთობს და ვიყიდით ყველაფერს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ რამე რომ ვიყიდოთ, ჯერ საჭიროა, რომ უნდა უნდოდეთ ჩვენგან ყიდვა”

სალავიოვი ღიად აცხადებს ასევე, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ბაზები რუსეთის წინა მთავრობებს არ უნდა გაეყვანა:

„სამწუხაროდ, ამერიკის ამ გეგმის ამოცნობა, ჩვენი წინა მთავრობების ხელმძღვანელებმა, გორბაჩოვმა და ელცინმა, ვერ შეძლეს და პრინციპული შეცდომები დაუშვეს. სამხედრო ბაზებზე უარი და ბაზების გამოყვანა შეიძლება ითქვას, რომ იყო შიდა პოლიტიკის მთავარი მაცხი. ეს უკვე ცხადია.

ომს მოჰყვება ეკონომიკური სირთულეები, ჩვენ კი 90-იანებში გვეუბნებოდნენ, რომ გავყიდდით ნავთობს და ვიყიდით ყველაფერს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ რამე რომ ვიყიდოთ, ჯერ საჭიროა, რომ უნდა უნდოდეთ ჩვენგან ყიდვა [ნავთობის].

დასავლეთი სერიოზულია, მზადაა გაიღოს მსხვერპლი. ნუ გვექნება ილუზია, რომ მუხლებზე დავარდება დასავლეთი და გაზს და ნავთობს გვთხოვს.

მათ აქვთ ათასწლოვანი ამოცანა, რომ გაანადგურონ ალტერნატიული ევროპა, ალტერნატიული შეხედულებები.

ანტირუსული შეხედულების გამო კოტრდება ევროპული ბანკები, ფასები ცამდეა გაზრდილი, მაგრამ ისინი მაინც აწესებენ ახალ სანქციებს. უშედეგოა მათ აუხსნათ სინამდვილეში რა ხდება უკრაინაში. ისინი აჩვენებენ „ნაცისტების“ დანაშაულებს და სინამდვილეში არაფრის დანახვა არ უნდათ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოევიკებმა ხარკოვში დანაღმეს ექსპერიმენტული ბირთვული დანადგარები, მარიუპოლის ერთ სკოლაში კი განათავსეს საბრძოლო შეიარაღება და ტექნიკა, ხარკოვსა და სუმში მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტენ და რუსეთს აბრალებენ“, – ამბობს კრემლის პროპაგანდისტი.

„მესტა ვსტრეჩი“ – ასე ჰქვია ტელეკომპანია НТВ-ს პოლიტიკურ თოქ-შოუს, რომელიც შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე გადის ამ არხზე.

თოქ-შოუს ბოლო გადაცემა ამ არხზე წამყვანის მცირეხნიანი შესავლის შემდეგ პუტინის ჩართვით დაიწყო, სადაც ის ამბობს, რომ სპეციალური საომარი ოპერაციები მკაცრად განსაზღვრული გეგმის შესაბამისად გრძელდება და ყველა დასახული მიზანი წარმატებით სრულდება.

  • „რუსეთი სთხოვს უკრაინის ხელისუფლებას მათივე მოსახლეობის მშვიდობიანად გაყვანას და ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობას”

„ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა უზრუნველყვეს ყველგან ტრანსპორტი, რომ მშვიდობიან მოსახლეობას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესძლებოდათ უსაფრთხო ადგილას წასვლა, მაგრამ „ნაციონალისტები“ მათ არ აძლევენ ამის საშუალებას“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

წამყვანი ანდრეი ნორკინი „ნაცბოტებს“ უწოდებს უკრაინის არმიას. ასევე მოიხსენიებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ფიოდოროვი.

„ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა ომის დროს ყველაზე მარტივი საქმეა, მაგრამ მისცემენ კი ამის შესაძლებლობას რუსებს უკრაინელი ნაცბოტები?“ – აცხადებს გადაცემაში ანდრეი ფიოდოროვი.

საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ წარმომადგენელი, მაქსიმ იუსინი კი უხსნის მსმენელს, რომ „ნაცბოტები“ ყველგან არ არიან:

„არიან მარიუპოლში და ეს კოლოსალური პრობლემაა, ხარკოვშიც დიდი წინააღმდეგობაა. ხარკოვი უკრაინის ყველაზე რუსული ქალაქია და ყველაზე ახლოსაა ჩვენთან“, – ამბობს მაქსიმ იუსინი.

გადაცემის სტუმრები ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსული მხარის სურვილია უკრაინის „საფრთხისშემცველი ქალაქებიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კორიდორით გაყვანა, რაშიც მათ ხელს თითქოს უკრაინის ხელისუფლება უშლით.

  • „უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი არანორმალურივით გამოიყურება. უკრაინის მთავრობას დატყვევებული ჰყავს საკუთარი მოსახლეობა”

წამყვანი ანდრეი ნორკინი სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 მარტის ვიდეოს უჩვენებს, სადაც ის ამბობს, რომ ითხოვს რუსეთის არმია მისი მიწიდან წავიდეს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. „ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, არ ვიკბინები, ჩვეულებრივი კაცი ვარ“, – ამბობს ამ ვიდეოში ზელენსკი.

გადაცემის წამყვანი ზელენსკის გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არანორმალურივით გამოიყურება, როცა ამბობს, რომ რუსები მისი მიწიდან უნდა წავიდნენ. მას სტუმრებიც ეთანხმებიან და არც კი განიხილავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობს რუს ოკუპანტებს.

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი პოლიტოლოგი ანტონ ხაშენკოა:

„რუსეთს უწევს მოლაპარაკებების წარმოება უკრაინასთან იმისთვის, რომ მათ თავიანთი მოსახლეობა გამოუშვან მშვიდობიანად ქალაქებიდან. წარმოგიდგენიათ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? და ჩვენ გვიყვებიან, რომ რუსეთია კიდევ აგრესორი.

უკრაინის ხელისუფლებას დატყვევებული ჰყავს საკუთარი მოსახლეობა. ზელენსკის და მის გუნდს დრო გაჰყავთ, რომ ამ დროის განმავლობაში დაწესდეს კიდევ ახალი სანქციები, რომ უკრაინაში ჩავიდნენ უცხოელი ლეგიონერები, რომ მიიღონ ათასობით სტინგერი, აი, ამიტომ აჭიანურებენ დროს“, – ამბობს რუსი პოლიტოლოგი.

ანტონ ხაჩენკოს მოსაზრების შემდეგ წამყვანი ისევ პუტინის ვიდეომიმართვას რთავს, რომელშიც ის ამბობს, რომ „ნაციონალისტური“ და „ნეონაცისტური“ ძალები, ასევე დაქირავებული უცხოელები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან, მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. ამის დასტურად კი პუტინის სიტყვებით, არსებობს ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ  განათავსებენ ისინი მძიმე საომარ ტექნიკას დასახლებულ პუნქტებში.

ნახეთ, რას ამბობენ რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში მიმდინარე ომზე: 

დიმიტრი მურატოვი, წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდის გამო რუსეთში ბევრს ეგონა, რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ყვავილებით დახვდებოდნენ:

„ჩვენი ხელისუფლება საკუთარ ტელევიზიებს უკვეთავს პროპაგანდას მოსახლეობისთვის და აკვირდება, როგორ ართმევენ თავს დასახულ ამოცანებს და თანდათან თავად იწყებს იმის დაჯერებას, რაც თავად მოიგონა და ხალხს უჩვენეს. ფსიქოლოგებს ტერმინი აქვთ საამისოდ – თვითინდუქცია. მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდით გაძღა და ვერ მოინელა“ – ამბობს მურატოვი. 

2022 წლის იანვარში, სანამ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი – „რუსული დეზინფორმაციის ხუთი ყველაზე შეუპოვარი ნარატავი“, სადაც ვკითხულობთ:

„კრემლი ხშირად ცდილობს, რამდენიმე ყალბი რეალობა შექმნას და დათესოს დაბნეულობა საინფორმაციო გარემოში, როცა სიმართლე მის ინტერესებს არ შეესაბამება.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ხშირად განზრახ არის დამაბნეველი – ასე ისინი ცდილობენ გადაიტანონ ბრალი რუსეთის ხელისუფლებიდან [სხვა მხარეზე], მაშინაც კი, როცა ზოგიერთი ნარატივი ერთმანეთსვე ეწინააღმდეგება.

დროთა განმავლობაში, რამდენიმე წინააღმდეგობრივი ნარატივი ხდება ტექნიკა, რომლის მიზანიც დაბნეულობის დათესვაა. რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სხვა ელემენტები, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული მედია და იარაღად ქცეული სოცმედია, ხელს უწყობს ყალბი ნარატივების გავრცელებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: