მთავარი,სიახლეები

„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად

11.03.2022 • 1696
„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. მათ შორისაა ელენე შუბლაძე, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

31 წლის ელენე შუბლაძისთვის უკრაინელების დასახმარებლად აქციაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მე თვითონ დევნილი ვარ სოხუმიდან. ომის შესახებ მოსმენილი ისტორიებით გავიზარდე. ომი ჩემი ყოველდღიურობა იყო. ამასთან, ჩემი ოჯახის წევრი უკრაინელია და კიევში ჰყავს ოჯახის წევრები“, – გვითხრა ელენემ.

ორი წელია ელენე კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანების წევრია. იგი გვიყვება, როგორ გაერთიანდნენ კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა დახმარება გაუწიონ უკრაინელ ხალხს.

„საერთაშორისო სტუდენტური ასოციაციაა კიოლნის უნივერსიტეტში, სადაც ბოლო 2 წელია მოხალისე ვარ.

უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანია ომის დაწყების დღიდანვე დავიწყეთ, ამ კამპანიაში მე ჩართული ვარ, როგორც ამ გაერთიანების მმართველი გუნდის წევრი.

სტუდენტები კიოლნის უნივერსიტეტიდან უკრაინაში გასაგზავნად მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნივთებს აგროვებენ

კამპანიის დაწყებისას, პირველ რიგში, სტუდენტებს მივმართეთ. სტუდენტები მოვიდნენ პირველები უკრაინელების დასახმარებლად, საკუთარი სახლებიდან მოიტანეს წამლები. შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაინტერესდა. გვეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, ავრცელებდნენ ინფორმაციას და ა.შ.“, – ამბობს ელენე.

სტუდენტები ჯერ მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნივთებს აგროვებდნენ, შემდეგ კი ფულის შეგროვებაც დაიწყეს. პარალელურად, უკრაინის რამდენიმე საავადმყოფოსთან ჰქონდათ კონსულტაცია, თუ რა მედიკამენტები და ნივთები იყო საჭირო.

„სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, მოქალაქეები რიცხავდნენ ფულს, სამედიცინო კაბინეტებიდანაც მივიღეთ შემოწირულება და შევიძინეთ მედიკამენტები, რაც საავადმყოფოებს სჭირდებოდათ“, – გვიყვება ელენე.

ელენე შუბლაძის ფოტო

ელენეა „საერთაშორისო სტუდენტთა ასოციაცია კიოლნის“ წევრია. ასოციაციაში ამჟამად 21 სტუდენტური გაერთიანებაა, მათ შორის, არის „ქართველ სტუდენტთა გაერთიანება აისი“, რომელიც 2014 წლიდან შეუერთდა ასოციაციას.

ელენეს თქმით, 20-მდე ქართველი სტუდენტია „აისის“ წევრი, მათ შორისაა ელენეც.

ელენეს საქმე უკრაინის მხარდასაჭერ კამპანიაში კომუნიკაცია, ორგანიზება და ლოჯისტიკაა.

„მე ამ კამპანიის წევრი მოხალისეების საკონტაქტო ვარ უნივერსიტეტთან, რომელიც აგვარებს ყველა საკითხს, რაც ეხება ფართობის მოძიებას, ტვირთის გადაზიდვას, გადმოზიდვას, მანქანების პოვნას და ა.შ.

დროდადრო გვიერთდებიან ქართული ასოციაციიდანაც მოხალისეები. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტი მოდის, მათ შორის, რუსებიც და მაქსიმალურ დახმარებას გვიწევენ ფიზიკურად თუ შემოწირულობით,“ – ამბობს ელენე.

იგი გვეუბნება, რომ უკრაინელი სტუდენტები ოჯახის წევრებისგან მოსმენილ ამბებს ყოველდღიურად უზიარებენ მოხალისეებს.

„როცა ვიკრიბებით, უკრაინელი სტუდენტები გვიყვებიან, თუ სად არიან მათი მშობლები, როგორ გამოვიდნენ უკრაინიდან და სად წავიდნენ ან მიდიან. ვიღაცის დედამ გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს, რადგან მამა ვერ წამოვა და არ ტოვებს მას, ვიღაც ბებიას არ ტოვებს და მთელი ოჯახი უკრაინაში რჩება…

ეს ისტორიებია, თუ ვის რა გადააქვს დღის მანძილზე, რა გაიგეს ახალი. მგონია, რომ ძალიან ბევრ უკრაინელ სტუდენტს ეხმარება თვითონ ის ფაქტი, რომ რაღაცას ვაკეთებთ და მათი ოჯახის წევრების დახმარებას ვცდილობთ,“ – ამბობს ელენე.

ტვირთის ტრანსპორტირებაში სტუდენტებს კიოლნში მდებარე უკრაინის საკონსულო ეხმარება. სტუდენტების მიერ შეგროვებული დახმარება გერმანიიდან პოლონეთში ჩავა, იქიდან კი ოდესაში და შეძლებისდაგვარად სხვა ქალაქებშიც განაწილდება.

„ყველა ძალიან განიცდის უკრაინის მდგომარეობას და ცდილობენ მხარში ამოგვიდგნენ. მაგალითად, ტრანსპორტის პოვნაში დახმარება ვთხოვე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მე კი მას ბინის პოვნაში დავეხმარე, 4 უკრაინელი ჰყავს შეფარებული და კიდევ უკრაინის სამ  მოქალაქეს ელოდებოდა.

გერმანელები მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით გამოხატავენ უკრაინელების მიმართ სოლიდარობას, როგორც შეუძლიათ, საკუთარი სახლებისა და ბინების მათთვის შეთავაზების ჩათვლით“, – ამბობს ელენე.

ელენე გვიყვება, რომ მოხალისეები დილიდან საღამომდე და ხანდახან ღამემდეც კი მუშაობენ, უკრაინაში გასაგზავნი ტვირთის გადანაწილების, დაფასოების, რეგისტრირებისთვის და ა.შ.

24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას დაესხნენ თავს, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გერმანიის არაერთ ქალაქში გაიმართა, მათ შორის, კიოლნში, სადაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

უკრაინის სოლიდარობის აქცია კიოლნში. ელენე შუბლაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: