მთავარი,სიახლეები

დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

11.03.2022 • 5379
დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

სტატია გამოქვეყნებულია „ვაშინგტონ პოსტში“, ენტონი ფაიოლა და ლესლი როუტონი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობამ თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან და მას მოსკოვსა და ნატოს შორის დაპირისპირება უწოდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ მისი ერი „არ დაიჭერს მხარეს“ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კნინობითად „კომიკოსი“ უწოდა. სამხრეთ აფრიკის მაღალი თანამდებობის პირი რუსეთს კვლავ უწოდებს „მეგობარს ყოველთვის და ყველაფერში“.

დასავლეთის გადმოსახედიდან ადვილია დაინახო მსოფლიო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაა. მას შემდეგ, რაც რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს სასტიკ ალყაში აქცევენ, ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქების ლიდერები მოსკოვს სანქციებით უტევენ. დასავლეთის ქვეყნებში პუტინი უკვე აღიქმება, როგორც „ბონდის“ ბოროტმოქმედის კარიკატურა და გმირი, საყვარელი ზელენსკის ანტაგონისტი. „მაკდონალდსმაც“ კი შეაჩერა ფუნქციონირება რუსეთში. რა თქმა უნდა, Big Mac-ს თუ ვერ ყიდულობთ, იზოლირებული ხართ.

ეჭვგარეშეა, რომ პუტინმა საკუთარ თავსა და ერს სახიფათო ორმო გაუთხარა. რუსულმა პროპაგანდამ და ცენზურამ თავისი ხალხი რეალობას მოწყვიტა. სანქციებით დაჩაგრული და გლობალური ფინანსური სისტემის მასიური ნაწილისგან მოწყვეტილი რუსული ეკონომიკა ინგრევა. ამ კვირაში დასავლეთის ქვეყნებმა დაარტყეს მოსკოვის სასიცოცხლო – ენერგეტიკულ სექტორს. რუბლი ჩამოიშალა.

მიუხედავად ამისა, თუ კარგად დააკვირდებით, შესაძლოა დაინახოთ, რომ პუტინის იზოლირებულობაზე წარმოდგენა ჯერ კიდევ მხოლოდ დასავლური მიკერძოებაა – დაშენებული დაშვებაზე, რომ „მსოფლიო“ წარმოადგენს პრივილეგირებულთა ადგილს, უმეტესად აშშ-ს, ევროპას, კანადას, ავსტრალიასა და იაპონიას. გაეროს 193 წევრიდან 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი მოსკოვის მიერ მეზობელზე გაუმართლებელი თავდასხმის დაგმობას. მაგრამ ხმათა ეს უმრავლესობა არ აჩვენებს უფრო დეტალურ ისტორიას.

„არსებობს განცდა, რომ ამ რეზოლუციისადმი ბევრი არადასავლური ქვეყნის მხარდაჭერის დონე საკმაოდ სუსტი იყო“, – თქვა რიჩარდ გოუანმა, გაეროს საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის დირექტორმა.

განვითარებადი სამყაროს მრავალი ქვეყანა, მათ შორის რუსეთის ზოგიერთი უახლოესი მოკავშირე, არ ეთანხმება პუტინის მიერ უკრაინის სუვერენიტეტში ჩარევას. მიუხედავად ამისა, გლობალური სამხრეთის გიგანტები – მათ შორის, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა – აზღვევენ თავიანთ ფსონებს, სანამ ჩინეთი კვლავ საჯაროდ უჭერს მხარს პუტინს. ნატოს წევრი თურქეთიც კი თავშეკავებულად იქცევა და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვას არა მხოლოდ რუსული, არამედ ყველა სამხედრო ხომალდისთვის ცდილობს.

ზუსტად ისე, როგორც დასავლელი მაყურებელი მხრებს იჩეჩავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისას, განვითარებადი ქვეყნების ზოგი მოქალაქე უყურებს უკრაინას და ხედავს, რომ არ აქვს ინტერესები ამ კონფლიქტში, მათი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებში კი არ შედის რუსეთის გადამტერება.

განვითარებადი სამყაროს დიდ ნაწილში კრემლის საკითხები აღწევს მთავარ სიახლეებსა და სოციალურ მედიაში. მაგრამ კიდევ უფრო მოზომილი შეფასებები ასახავს უკრაინას, როგორც არა სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის ველს, როგორც დასავლეთი ხედავს, არამედ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაკიაველისეულ საჯილდაო ქვას.

ჩვენ „თანაბარი დისტანცია უნდა დავიცვათ ორივე იმპერიული ძალისგან”, – წერს მიმომხილველი ფუატ ბოლი თურქულ Hürriyet-ში.

პუტინის გარშემო გადაჯგუფება ცივი ომის დროინდელი მიუმხრობლობის მოძრაობის გამოძახილია იმ ქვეყნებისა, რომლებიც სუპერძალაუფლების მქონეთა დუელის შუა გზაზე აღმოჩნდნენ. დასავლეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის უფსკრული ასევე შეიძლება გაუარესდეს პანდემიისა და კლიმატის ცვლილების ეპოქაში, რადგან განვითარებადი ქვეყნები სულ უფრო უკმაყოფილო არიან საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირებული ამერიკის შეერთებული შტატებითა და ევროპით.

„იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან ახლო თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან და დასავლეთის მხარდაჭერის საჭიროება უდგათ კიდევაც. მათ სურთ განაცხადონ, რომ არ მოსწონთ ჩარჩოში მოქცევისა და მხარის არჩევის ვალდებულების იდეა“, – ამბობს იოჰანესბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი კრის ლანდსბერგი.

პუტინის დაგმობის სურვილის არქონა აუცილებლად არ ნიშნავს მისი დახმარების სურვილს. გასულ კვირას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს, შეაჩერა ყოველგვარი საქმიანობა რუსეთთან. ახალი განვითარების ბანკმა, მრავალმხრივმა კრედიტორმა, რომელიც შექმნეს BRICS ქვეყნებმა – ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკამ, „მზარდი გაურკვევლობისა და შეზღუდვების ფონზე“ რუსეთთან ახალი ტრანზაქციები შეაჩერეს.

რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის მხარდაჭერა პუტინისადმი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბეიჯინგში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე თითქმის სამი კვირით ადრე შეხვდა, ჯერ კიდევ დაუკონკრეტებელია და არ ვიცით, რაში შეიძლება გამოიხატოს. იმ შედეგების ფონზე, რომლებიც ჩინეთს ნამდვილად არ სურდა – უფრო მტკიცე იაპონია და შერყეული გლობალური ეკონომიკა – მოსკოვთან ერთად ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის იდეისადმი სი ძინპინის მხარდაჭერა გადაიქცა ბალანსის პოვნის მხარდაჭერად.

მაგრამ პეკინი მაინც ცდილობს გარკვეული პრორუსული განწყობის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით. ჩინური სოციალური მედიასაიტი – Weibo, სადაც ფრაზა „რუსეთის შეჭრა“ აკრძალულია, იტყობინება, რომ ჰეშთეგების – „პუტინი“ და „იმპერატორი პუტინი“ გამოყენება გახშირდა დათვზე ამხედრებული პუტინის MEME-ბთან ერთად.

ინდოეთმა უარი თქვა გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერაზე, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რითაც დაეთანხმა ცივი ომისდროინდელ სტრატეგიულ ურთიერთობას. ნიუ დელი მოსკოვს ჩინეთის საპირწონე დამაბალანსებლად მიიჩნევს – ინდოეთის შეიარაღების 60 პროცენტზე მეტი რუსეთზე მოდის. ინდოეთმა 2018 წელს გააფორმა 5,43 მილიარდი დოლარის გარიგება მოსკოვთან S-400 სარაკეტო სისტემებზე.

„რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იარაღით მოვაჭრეა“, – თქვა დენ რუნდმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა. მისი თქმით, „აშშ ყიდის კადილაკებს იარაღის კონტექსტში, ხოლო რუსეთი – შევროლეებს“.

ნარენდრა მოდის მმართველობის პირობებში, „ინდოეთმა (უკრაინაში) შეჭრას შეუვალი რეალიზმით უპასუხა. უპასუხა მზარდი, მიზანდასახული ძალის სახით, რომელსაც არ სურს რუსეთსა და, როგორც მოდი უწოდებს, „ნატოს ჯგუფს“ შორის მოხვედრა“, – ნათქვამია საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ახალ ანგარიშში.

სამხრეთ აფრიკა იყო ერთ-ერთი აფრიკის 17 ქვეყანათაგან, რომელმაც თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციისგან, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. სამხრეთ აფრიკის ორმა პოსტაპარტეიდის პრეზიდენტმა, თაბო მბეკიმ და იაკობ ზუმამ სამხედრო მომზადება საბჭოთა კავშირში გაიარეს.

ორშაბათს ზუმამ მისი ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პუტინს „მშვიდობის კაცი“ უწოდა.

„რუსეთი ჩვენი მეგობარია ყოველთვის და ყველაფერში“, განუცხადა New York Times-ს ლინდივე ზულუმ, სამხრეთ აფრიკის სოციალური განვითარების მინისტრმა, რომელიც აპარტეიდის წლებში მოსკოვში სწავლობდა. „ჩვენ არ ვაპირებთ დავგმოთ ის ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა.“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ არც უკრაინაზე და არც რუსეთზე“.

იმავდროულად, თურქულმა პრესამ და საზოგადოებამ გაიმეორა კრემლის ცრუ ნარატივი უკრაინაზე, როგორც ნეო-ნაცისტების ბუნაგზე და ცინიკურად ადევნებდა თვალს ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თბილად მიღებას, განსხვავებით სირიელი და ავღანელი დევნილებისგან, რომლებსაც ევროკავშირში შესვლაზე უარი უთხრეს – ისინი იძულებული გახდნენ თავშესაფარი თურქეთში მოეძებნათ.

„უკრაინის მმართველებმა უარყვეს საკუთარი ისტორია და გახდნენ ნატოს მარიონეტები“, – განუცხადა რუსულ პრესას ბიზნესმენმა და ერდოღანის ახლო მოკავშირემ ეთემ სანჩაკმა.

ასლი აიდინთასბასმა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს უფროსმა თანამშრომელმა, The Washington Post-ში დაწერა: „როგორც ჩანს, სტრატეგიული გაურკვევლობის გრძნობა არის თურქეთის დაბალანსების აქტის საფუძველი რუსეთთან. თურქეთს არ სურს დაუპირისპირდეს პუტინს – ყოველ შემთხვევაში, არა დასავლეთის მტკიცე შეთავაზების გარეშე.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: