მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ომი წააგო, ის ახლა აალებული დრაკონია, რომელიც კუდს ურტყამს ყველაფერს – რუსი მწერალი

10.03.2022 • 35745
რუსეთმა ომი წააგო, ის ახლა აალებული დრაკონია, რომელიც კუდს ურტყამს ყველაფერს – რუსი მწერალი

რუსეთიდან ემიგრირებული მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი, Настоящее Время-სთან ამბობს, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი წააგო, რუსეთში იმპერიალიზმის დაშლა დაიწყო, თუმცა წუხს, რომ საამისოდ უკრაინას დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია და არავინ იცის, კიდევ რამდენი სისხლის დაღვრა მოუწევს.

„პუტინი უკვე დამარცხდა ომში, რუსეთმა წააგო ომში, რუსეთმა მომავალი, ყველაფერი წააგო, მათ (ხელისუფლებამ) ყველაფერი გადაწვეს მომდევნო რამდენიმე ათწლეულით წინსწრებით. რუსეთის სახელმწიფო აღარ არსებობს – რასაც ვუყურებთ, ეს არის აალებული დრაკონი, რომელიც თათებსა და კუდს ურტყამს ყველაფერს, რასაც მოხვდება, ამ დრაკონს ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია და საქმე სწორედ ამ ზიანის მოცულობას ეხება, კიდევ რამდენი მსხვერპლი, კიდევ რამდენი გადამწვარი ქალაქით დასრულდება ეს ყველაფერი უკრაინისთვის, მაგრამ სტრატეგოსობა არ გჭირდება იმის მისახვედრად, რომ პუტინმა ომი წააგო.

მას (სამხრეთ) ოსეთის ვარიანტის იმედი ჰქონდა – უცებ დაარტყამდა და მერე იტყოდა, ასე მოხდა და ასე იყო. მსოფლიოც მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა, ჰო, ნუ, რას ვიზამთ, ეს ახლა ასეა…

რა თქმა უნდა, რუსეთი ვერასდროს დაიკავებს უკრაინულ ქალაქებს, მას შეუძლია მტვრად აქციოს ისინი, კიდევ მეტი ადამიანი მოკლას, მეტი სისხლი დაღვაროს, მაგრამ ვერასდროს დაიკავებენ უკრაინას.

კიევი თუნდაც აიღონ, რა უნდა აკეთონ იქ, მათ ფეხქვეშ მიწას ცეცხლი მოეკიდება და ამ ვითარებაში, როცა ყველაფერი ნათელი გახდა, ისინი ცვლიან რიტორიკას, ვნახოთ, რას იზამ.

ცხადია, ძალიან მინდა, დასავლეთი მარაზმში არ გადაეშვას და პუტინთან, როგორც პარტნიორთან, არ დაიწყოს დიალოგი. ვფიქრობ, რომ დასავლეთი, ჩვენ, უპირველესად, უკრაინა, უკვე ძალიან ბევრს ვიხდით ამ კოლექტიური ჩემბერლენის გამო.

პუტინის შურისძიებაა, რაც უკრაინაში ხდება. „არ უნდა ერგო არავის, თუ ჩემი არ იქნები. ჩემი თუ არ იქნები, სულაც ნუ იარსებებ“ – სულ ეს არის მისი ლოგიკა. ეს არის შურისძიება.

ერთადერთი, რაც პუტინს შეუძლია, ხარკოვისა და კიევის მიწასთან გასწორებაა, რადგან მას ატომური იარაღი აქვს და დასავლეთს ეშინია რუსეთის არმიის განადგურების, რაც ნატოს ძალებს ადვილად შეუძლიათ.

ამიტომ ბირთვული იარაღის გამოყენების შანტაჟით პუტინი ახლა უკრაინულ ქალაქებს გაანადგურებს.

არ ვიცი, რას ფიქრობენ და რით ფიქრობენ ის გენერლები, ვინც ამას აკეთებენ, ჩვეულებრივი შეშლილები არიან. უკაცრავად გამოთქმისთვის და სახელისუფლებო ელიტა კი, რომელიც უშიშროების სხდომაზე აცახცახებულები ვნახეთ, ჩვეულებრივი პარალიზებული ზომბია. ეს უკვე არავითარი ელიტა არაა, ეს „ტრუხაა“, რომელსაც შეუძლია ისე მოექცეს, როგორც მოესურვება.

ვინმეს თუ შეეძლო პუტინისთვის რამეზე წინააღმდეგობის გაწევა, მრავალი წელია, სასაუბრო მანძილზეც კი ვერ უახლოვდებიან, ამიტომ, თუ ვინმე რამეს ხვდება, ეს პუტინამდე ვერ აღწევს.

ნუ ვითვალთმაქცებთ – ტირანის სიკვდილი ისტორიის კეთილი დასასრულია. თვალთმაქცობაა ახლა ვისაუბროთ ლეგიტიმურობაზე, ადამიანის სიცოცხლის ფასზე – ტირანის სიკვდილი ყოველთვის საზეიმოა. ბანაკგამოვლილებთან ვმეგობრობდი – 5 მარტის [სტალინის გარდაცვალების დღე] აღნიშვნას მათთან შევეჩვიე. ტირანის გარდაცვალება უამრავ ადამიანს იხსნის სიკვდილისგან, პუტინის სიკვდილი უამრავ ადამიანს იხსნის და მოდით, სისულელეს შევეშვათ, ეს იქნება კარგი დასასრული – დღეს მისი სიკვდილი ყველასთვის კარგი იქნებოდა, ყველასთვის საჩუქარი იქნებოდა. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.

იმედი მაქვს, რომ მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ პუტინის რუსეთი წარსულს ჩაბარდება და ასევე იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც პუტინის რუსეთის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, გასამართლდება. მოვლენებს ფართო ხედით რომ შევხედოთ, დავინახავთ რუსეთის იმპერიის გადადებულ დასასრულს, თან ძალიან კლასიკური გზით: ომები პროვინციაში, დაშლა, იდეოლოგიის არარსებობა, იულიუს კეისრის ადგილას ვიღაცები მოეთრნენ, როგორც სუსლოვ-ანდროპოვის ადგილას მოეთრა პუტინი.

თუ პუტინი გაიმარჯვებს (პუტინზე მაქვს საუბარი, თორემ რუსეთი უკვე დამარცხებულია), ის იჯდება თავის ტახტზე და არა სასამართლოში ბრალდებულის სკამზე და გვექნება ახალი ტიპის თურქმენეთი, რკინის ფარდა. რადგან ატომური იარაღი გვაქვს, მას ჰუსეინივით და მილოშევიჩივით არ ჩამოაგდებენ და ვიქნებით რაღაც ტერიტორია, რომელიც აღარავის აღარ დააინტერესებს…

თუ სამეფო კარზე რაღაც გადატრიალება მოხდა, მოვა ვიღაც ახალგამოჩეკილი ფიგურა, მიუბრუნდება დასავლეთს და შეეხვეწება საჭმელს, სამაგიეროდ შეცვლის პოლიტიკას და ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს, დონეცკს, ლუჰანკს, საჭმლისა და ინვესტიციების გამო.

პუტინის გარემოცვამ ძალიან კარგად იცის, რომ ომი უკრაინაში წაგებულია და ამ გამოუვალი ვითარებიდან თავის დაძვრენას, უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის სულ უფრო მეტი ზიანის მიყენებას ცდილობენ. ლავროვმა ძალიან კარგად იცის, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინა, ის ამ ყველაფრის მონაწილეა და შეგახსენებთ, რიბენტროპი სიკვდილით დასაჯეს… ცდილობენ, როგორმე დაუსხლტნენ ამ გამოუვალ ვითარებას. ომი, ყველაფერი დამთავრდება, როცა დეფოლტი დადგება და ამოიწურება რაკეტების რაოდენობა. სულ ეს არის.

აი, უკრაინაში კი ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ომის დასრულების შემდეგ რიგები დადგება ინვესტორების და იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის აღდგენაში ჩაერთვებიან.

დაგვჭირდება ათწლეულები, რომ ახალი ელიტა გამოიზარდოს, რომელიც გააცნობიერებს, თუ რა კოშმარი დავატრიალეთ სამყაროში და გულწრფელად მოინანიებს. აქ უკვე გერმანიის ანალოგი უნდა იყოს – გულწრფელი, გაცნობიერებული მონანიება. მოიძებნება ჩვენში ჰერმან ჰესსე, გიუნტერ გრასი, ჰაინრიხ ბიოლი, მოიძებნებიან, მაგრამ ამას დრო, ათწლეულები დასჭირდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: