ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის

10.03.2022
პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის

შუახევის სოფლებში, ჭვანასა და ნენიაში, პროექტში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ჩართული ახალგაზრდები თანატოლებს შეხვდნენ და მათ თვითმმართველობის კომპეტენციასა და სამოქალაქო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტში შეძენილი ცოდნის გაზიარებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული კედლის კალენდრებიც გადასცეს, რომლებზეც დამატებითი ინფორმაციის სახით, თვითმმართველობის კომპეტენციაა დატანილი.

შეხვედრა შუახევის სოფელ ნენიაში

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

პროექტი გულისხმობს ქალებისა და ახალგაზრდების უკეთ გარკვევას თვითმმართველობის კომპეტენციებში, ჩართულობის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას მერიასთან თუ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დროს. ასევე, პროექტების, პეტიციების შედგენასა და წარდგენას შესაბამის ორგანიზაციებში.

„პროექტის ფარგლებში 20-მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე, პეტიციების შედგენაზე, პროექტების წერაზე. მათ ისწავლეს თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორ დაგეგმონ საინფორმაციო კამპანია, თუ საჯარო აქცია. ტრენინგების დასრულების შემდეგ კი, თანატოლებში ზუმ პლატფორმის მეშვეობით თავადაც ჩაატარეს ურთიერთსაგანმანთლებლო ტრენინგი. ეს ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში წარდგენილ პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვების პროცესშიც“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

შეხვედრა შუახევის სოფელ ჭვანაში

თაკო მიქელაძე პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ამბობს, რომ ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობა, რომ მიეღო ცოდნა და გაეზიარებინა მისი თანატოლებისა და უფროსი თაობისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს – შუახევის მერიას, გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციას, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, მიგვეღო განსაკუთრებული ცოდნა თვითმმართველობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის, საჯარო აქციების შესახებ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა ჩამომაყალიბა წარმატებულ ადამიანად. ახალგაზრდებს და ასევე, უფროს თაობასაც, მინდა ვურჩიო, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში“.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჭვანაში

„პროექტის ფარგლებში მივიღე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, დეტალურად შევისწავლეთ პროექტის წერა, ასევე განვიხილეთ ბიუჯეტისა და პეტიციის შედგენა სხვადასხვა წესით. პროექტის განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა  შუახევში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებას სხვადასხვა კუთხით“, – ამბობს პროექტის მონაწილე მარიკა ქათამაძე.

მარიკა დარწმუნებულია, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ დონორებთან და შუახევის მერიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობაში დაეხმარება: „პროექტის მონაწილეები კი ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროექტები კიდევ გაგრძელდება და სიამოვნებით მივიღებთ მასში მონაწილეობას“.

შეხვედრა შუახევის სოფელ ნენიაში

„არ ვიცოდი, პეტიცია როგორ უნდა შემეტანა სხვადასხვა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთან, რომ შემდეგში ეს ჩემი მოთხოვნა განეხილათ“; „საჯარო აქციასთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობასთან, ამ დრომდე არ მქონდა გამყარებული ცოდნა, რომ ეს შემდეგ გამეზიარებინა ჩემი თანატოლებისთვის“; „ბევრი ვისწავლე ამ ყველაფრიდან, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად ჩაერთოთ, მიიღოთ მონაწილეობა, ძალიან ბევრ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებთ“, – ამბობენ პროექტის სხვა მონაწილეები.

„ამ პროექტმა მომცა იმის საშუალება, რომ მესწავლა – საჯარო გამოსვლა, როგორ უნდა ჩამეტარებინა საჯარო აქცია, ასევე მივიღე ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის, პეტიციის შესახებ. ამ თვეებში ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის და ამ პროექტის ბევრი მონაწილისთვის. კმაყოფილი ვარ ტრენერებით, რადგან ბევრი ინფორმაცია მივიღე თითოეული მათგანისგან“, – ამბობს მილენა მიქელაძე, პროექტის მონაწილე.

შეხვედრა შუახევის სოფელ ნენიაში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მოვალეობის შემსრულებელი თამარ ხიმშიაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერება ამ კუთხით. მათი ხმა უფრო მეტად უნდა ისმოდეს თვითმმართველობის დონეზე – სოფლებში, თემებში, ისინი მეტად უნდა ჩაერთონ ადგილებზე პრობლემების გადაჭრაში.

თამარ ხიმშიაშვილი თავადაც მონაწილეობდა აღნიშნულ შეხვედრებში.

„მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, გაძლიერება და სწორედ ეს პროექტი უწყობს ხელს ახალგაზრდების გააქტიურებას, დაიწყონ ადვოკატირების კამპანია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შემდეგში ხომ მათ უნდა მართონ მუნიციპალიტეტი და განკარგონ ადგილობრივი ბიუჯეტი. მე მჯერა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოიტანს და ჩვენს ახალგაზრდებს მეტად გაააქტიურებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, – ამბობს თამარ ხიმშიაშვილი.


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: