მთავარი,სიახლეები

„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან

09.03.2022 • 19567
„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან

„ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ თვითორგანიზებულ აქციას მოაწყობენ ჩეჩნეთში დედები,“ – ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა ხდება ახლა კავკასიაში? რამდენად შეცვლის კავკასიას რუსეთ-უკრაინის ომი?

კავკასიოლოგის დაკვირვებით, ომში ჩართული ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია უკიდურესად დაბალია და ამის გამოხატულებაა დედების აქციაც. ექსპერტის აზრით, განსხვავებულია, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიზნები, ხოლო კავკასიაში რეალობის შეცვლა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, რუსეთს ომის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიისკენ გამოხედვის თავი ექნება თუ არა.

„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ლონდონში ჩაწერა. ის ამჟამად ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

  • ბატონო ალექსანდრე, რამზან კადიროვით დავიწყოთ, რომელიც ერთ-ერთი ფიგურანტია რუსეთ-უკრაინის ომში. რა არის მისი და ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია ამ ომში? 

დავიწყოთ იმით, რომ კადიროვის გარემოცვაში სერიოზული უკმაყოფილებაა რუსეთის მმართველობის ზოგიერთი რგოლის წინააღმდეგ, კონკრეტულად ФCБ-ს და განსაკუთრებით – გენშტაბის. თავიდან დაგეგმილი იყო უკრაინაში „ბლიცკრიგით“ შესვლა, მაგრამ სინამდვილეში კადიროველებმა მიიღეს ძალიან დიდი დანაკარგი. კადიროვის გარემოცვაში გავრცელდა ხმები, რომ სწორედ  ФCБ-მ მიაწოდა უკრაინულ მხარეს მათი კოორდინატორები და არტილერიით გაანადგურეს კადიროვის დანაყოფი.

ეს ამსხვრევს მითს კადიროვის უძლეველობის შესახებ – როცა კადიროვის რეჟიმის ქვეშ მოექცა ჩეჩნეთი, მან შეიქმნა დაუმარცხებელი, სუპერმენის იმიჯი. ეს იმიჯი დღეს იმსხვრევა ჩეჩნეთში. ეს ფაქტორი გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩრდილოეთ კავკასიაზე.

აქ არის მეორე ფაქტორიც – ჩრდილოეთ კავკასიიდან გაწვეული ჯარისკაცების მოტივაცია არის ძალიან დაბალი. ეთნიკურ რუსებში შედარებით არსებობს ეს „ველიკოდერჟავული“, რუსული სამყაროს დაცვის იდეოლოგია, მაგრამ ამ იდეოლოგიისგან დაცლილები არიან ჩრდილოეთ კავკასიელები. ისინი მასობრივად უარს აცხადებენ ცხელ წერტილებში წასვლაზე. აქ უფრო არიან კონტრაქტით გაწვეული ჯარისკაცები, რადგან სამხედრო კარიერა ერთ-ერთი გზაა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ სიღარიბეს დააღწიო თავი, მაგრამ სასაკლაოზე წასვლა არავის უნდა.

როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში ჩეჩნეთში იგეგმება დედების მიტინგი კომისარიატთან, რათა გააპროტესტონ ჩეჩნების გაწვევა ომში. ეს 20 წლის მანძილზე პირველი თვითორგანიზებული მიტინგი იქნება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ეს აჩვენებს იმას, რომ სერიოზული ძვრები წავა კავკასიის რეგიონში.

  • როგორც ცნობილია, სიღარიბეა მთავარი ფაქტორი ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც მათ დამოკიდებულებას განსაზღვრავს რუსეთის მიმართ. ისინი მუდმივად იღებენ დოტაციას რუსეთისგან. 

დიახ, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს არ აქვთ დამოუკიდებლად არსებობის რესურსი, აქ არ არის თვითმყოფადი ეკონომიკა, მხოლოდ გადასახადებით და დღგ-ით საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ ხელფასს, ვერც პენსია გაიცემა, ვერც მასწავლებელი აიღებს ხელფასს. იმ დოტაციის დიდი ნაწილი კი, რასაც რუსეთისგან იღებენ,  მიდის ადგილობრივ კორუფციულ სქემებში.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში. იმ დანაკარგების მიხედვით, რაც უკვე აქვს რუსეთს, არაა გამორიცხული დეფოლტი გამოცხადდეს და დაიწყოს საბიუჯეტო კრიზისი, რაც თავისთავად იქონიებს გავლენას დოტაციებსა და ტრანშებზე. თუ ეს ფინანსური რესურსი არ ექნება რუსეთს დოტაციისთვის, არ არის გამორიცხული, ვითარება დაიძაბოს ჩრდილოეთ კავკასიაში, გაიზარდოს წინააღმდეგობა რეგიონსა და ფედერაციულ ცენტრს შორის.

თუმცა გააჩნია, როგორ შეფუთავს ბაზარზე საკუთარ დამარცხებას რუსეთი. თუ რუსეთს ისევ ექნება ჩრდილოეთ კავკასიის გამოკვების რესურსი, შესაძლოა, სტატუს კვო შეინარჩუნონ. თუ ეს რესურსი არ იქნება, შესაძლებელია გარკვეული ძვრები დაიწყოს. რთულია ამის პროგნოზირება, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვითარება დაიძაბოს.

  • კადიროვი რა სარგებელს ელის ამ ომისგან? 

კადიროვი სხვა ფენომენია. მისი ამბიცია არსებითად შემოიფარგლება მხოლოდ ჩეჩნეთით. მისი ამოცანაა ახლა პოზიციები გაიმყაროს რუსულ ძალოვან ბლოკში, ცენტრალურ დონეზე. მისი მფარველი პუტინის გარდა არის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალი ზოლოტოვი. ამ მოცემულობაში, როცა რუსეთის გაპიარებული ჯარი ჩავარდა, კრახი განიცადა, კადიროვს სურს დაუმტკიცოს ზოლოტოვს და პუტინს, რომ რეალურად საქმის გამკეთებელია. კადიროვს თავის გამოჩენა სურს.

ერთი რამ ცხადია: ჩრდილოეთ კავკასიაში აღარ იქნება ისეთი ცხოვრება, როგორიც იყო ომამდე, აუცილებლად დაიწყება ქვედა დინებები და გაიზრდება იმ ადამიანების პოზიციები, ვისაც სურთ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების რუსეთისგან გამოყოფა. ვფიქრობ, განახლდება შეიარაღებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა და მინიმუმ შეირყევა რუსეთის პოზიციები რეგიონში. რუსეთს ახლაც ძალიან დიდ ფასად უჯდება იქ სტაბილურობის შენარჩუნება.

  • „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობდით სამი წლის წინ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვი გარე მმართველობის შემოღებას ცდილობს, რაც ზრდის ფედერალური ცენტრის ფუნქციას. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, თუ შესუსტდა?

ეს პროცესი გრძელდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც წლების წინ იყო. მაგალითად, დაღესტანში რუსებმა უკან დაიხიეს და ეთნიკურად რუსი ვასილევის ნაცვლად დაღესტნელი, ეთნიკური ლეზგი მელიქოვი დანიშნეს რესპუბლიკის მეთაურად. ეს მოხდა იმიტომ, რომ ვასილევს ძალიან გაუჭირდა ადგილობრივ კლანებთან საერთო ენის გამონახვა და ვერ შეძლო დაღესტანში მყარი მმართველობის შენარჩუნება. რუსეთმა არჩევანი სამხედრო ფესვების მქონე მელიქოვზე გააკეთა.

ასეთი მაგალითიც შეიქმნა, თუმცა მას არ მიუღია ფართო მასშტაბი. არსებითად ისევ გარე მმართველობის მოდელია ამ ტერიტორიებზე.

  • ამ ვითარებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის უკრაინის ომში ჩართვამ რამდენად შეიძლება შეცვალოს მათი პოზიციები, მათ შორის, საქართველოს მიმართ?  

გარდაუვალი იქნება აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინის ომში, მით უმეტეს, როცა არსებობს ორმხრივი სამხედრო შეთანხმება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, აფხაზეთს შორის. ისინი ერთიანი სარდლობის ქვეშ არიან მოქცეულები. სწორედ ამ ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ფარგლებში არ არის გამორიცხული, გადაისროლონ ოსური და აფხაზური ფორმირებები უკრაინაში.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოსახლეობა ემხრობა უკრაინის დანაწევრებას და სეპარატიზმს, რადგან მათ, როგორც მოკავშირეს, ისე უყურებენ. მაგრამ როცა უკვე რეალურ საბრძოლო მოქმედებაში ჩართვაზეა საუბარი, ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს დანაკარგებს, დანაკარგებს ცოცხალ ძალაში. თუ გადაისვრიან, მათ ზურგში არავინ დააყენებს, წინა ხაზზე გაუშვებენ. მოგეხსენებათ, რომ ოსებისა და აფხაზების იდეოლოგიის საყრდენი არის ის, რომ მცირე ერი ვართ და რუსეთი არის გარანტი, დაგვიცვას ქართული ოკუპაციისგან, ჩვენს გენოფონდს დაიცავსო. ამ დროს, როცა მათ ცხელ წერტილებში გადაისვრიან და გაჩნდება ინფორმაცია პირველი დაღუპულების შესახებ, ამან შესაძლოა სერიოზული საზოგადოებრივი ძვრები გამოიწვიოს.

ისინი უარს ვერ ეტყვიან რუსებს უკრაინის ომში მონაწილეობაზე. გახსოვთ ალბათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო ანატოლი ხრულოვი, რომელიც შემდეგ შემოვიდა ცხინვალში საქართველოს ოკუპაციისთვის.

  • თუ რუსეთი წააგებს ომს უკრაინაში, როგორც ამას ელის არაერთი ანალიტიკოსი, რა არჩევანი რჩებათ აფხაზებსა და ოსებს? 

რუსეთის დასუსტება არ ნიშნავს მის ჩამოშლას. გახსოვთ ალბათ ირანის მაგალითი, რომელიც სანქციების პირობებში ფუნქციონირებს. რუსეთიც დიდი ალბათობით ასეთ გადარჩენის რეჟიმზე გადაერთვება.

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ოკუპირებულ სოხუმსა თუ ცხინვალში საქართველოზე დაიწყებენ ფიქრს, თუმცა გარკვეული აფხაზი მაღალჩინოსნები იმ ფონზე, როცა დაზარალდნენ სანქციებით, შეეცდებიან ოფიციალურ თბილისთან გარკვეული ენის მონახვას, რათა სანქციებს თავი აარიდონ და თავიანთი ფინანსური აქტივები დაიცვან საქართველოს გავლით. ისინი გამოიყენებენ გარკვეულ პრეფერენციებს, რასაც მათ აძლევს საქართველო. იგივე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში, ინტერნეტის გამოყენება და ასე შემდეგ.

სანამ სოხუმსა და ცხინვალში რუსული რეჟიმია, მკვეთრ შემოტრიალებას საქართველოსკენ არ უნდა ველოდეთ.

  • 2018 წელს ინგუშეთში იყო მასობრივი საპროტესტო აქციები საზღვრების გამო, თუმცა საბოლოოდ მორიგდნენ. ახლა რამდენად იქმნება ახალი კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, ზუსტი პროგნოზირება რთულია რა ტრაექტორიით წავა ესა თუ ის ეთნიკური დაპირისპირება, მაგრამ ყველაფერი, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, აისახება საქართველოზე.

იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მიზანს მიაღწევს უკრაინაში, პუტინის შემდეგი ნაბიჯი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ულტიმატუმის წაყენება და როგორც თავად პუტინი ამბობს: „შემდეგი სამხედრო ტექნიკური ქმედება“. რა იქნება ამ ულტიმატუმის შინაარსი, ეს ჯერ არავინ იცის, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი, ან მინიმუმ არ მიაღწევინოს რუსეთს ის, რაც მას დაგეგმილი აქვს.

თუ რუსეთმა მთლიანად დაიკავა უკრაინა, რაც ძალიან რთული წარმოსადგენია, დიდი ალბათობით, პირველ რიგში, შემდეგი ულტიმატუმი საქართველოს მიმართ ექნება პუტინს. დანაკარგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც უკვე აქვთ რუსებს უკრაინაში, მათ არ ექნებათ შესაძლებლობა ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის მოემზადონ სამხრეთ კავკასიაში, თუმცა რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ჩემი მოლოდინი ისაა, რომ საქართველოში შესაძლოა ბევრი ჩრდილოკავკასიელი შემოვიდეს, რადგან ადამიანის ბუნება ისწრაფვის ისეთი გარემოსკენ, სადაც არის მეტი სტაბილურობა. ეს ტენდენცია დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, როცა ფინანსურად შეძლებულმა ჩრდილოკავკასიელებმა ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან ბინების ყიდვა დაიწყეს თბილისსა და ბათუმში. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ თუკი არასტაბილური ვითარება შეიქმნება, ოჯახები გამოხიზნონ საქართველოში. არაა გამორიცხული, კიდევ მეტი ადამიანი წამოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: