მთავარი,სიახლეები

ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას

10.03.2022
ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას

სმარტფონების მსხვილი ჩინური მწარმოებლები, პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი ზეწოლის მიუხედავად, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ამცირებენ რუსეთის მომარაგებას.

ყველაზე მეტად მიწოდება შეამცირა Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ კომპანიების მიწოდების მოცულობა სულ მცირე განახევრდა, წერს გაზეთი Financial Times. ინფორმაცია ტვირთის მოცულობის შესახებ ფიზიკური ან ფულადი თვალსაზრისით არ არის მოწოდებული, მაგრამ აღნიშნულია, რომ ჩინური ბრენდები შეადგენენ სმარტფონების რუსული ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტს.

„პოლიტიკურად სენსიტიურია ღიად განაცხადო რუსულ ბაზარზე გაყიდვების შეჩერების შესახებ, ისე როგორც ეს Apple-მა და Samsung-მა გააკეთა“, – თქვა Xiaomi-ს ერთ-ერთმა ყოფილმა აღმასრულებელმა, რომელიც გულისხმობდა პეკინის მხარდაჭერას მოსკოვის მიმართ. „მაგრამ ბიზნესის პერსპექტივიდან, მართებულია გვერდში იდგე და უყურო, რა მოხდება შემდეგ“.

ომისადმი ძლიერი საერთაშორისო წინააღმდეგობის მიუხედავად, პეკინმა უარი თქვა დაგმოს პუტინის ომი. სამაგიეროდ, ჩინეთმა რუსეთთან „ნორმალური“ ბიზნეს და სავაჭრო კავშირების პირობა დადო – ჩინურმა ბრენდებმა რუსეთი მასობრივად არ დატოვეს.

გარდა ამისა, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები ხელს უშლის ჩინურ კომპანიებს ისარგებლონ რუსეთიდან დასავლური ფირმების მასიური გასვლით, წერს FT.

ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ უკვე იგრძნო გარკვეული უარყოფითი შედეგები. მაგალითად, Huawei-მ დაადასტურა ინფორმაცია მისი ბრიტანული განყოფილების დირექტორთა საბჭოს ორი წევრის გადადგომის შესახებ. Huawei-მ დაადასტურა, რომ წყვილმა იმის გამო დატოვა თანამდებობა, რომ ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა ვერ შეძლო საჯაროდ გაეკრიტიკებინა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ შარშან რეკორდულ მაჩვენებელს – 146 მილიარდ დოლარს მიაღწია, ჩინეთმა შეადგინა რუსული იმპორტის დაახლოებით 14 პროცენტი, მათ შორის თითქმის ყველა ელექტრონული საქონელია.


ფოტო: EPA-EFE/ANDRE COELHO

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: